კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ აღმოჩნდნენ ქართველი კაცები მზად ქართველი ქალების მიერ მიღწეული თავისუფლების ხარისხისთვის და რატომ უწოდებენ მათ ჩრდილო კავკასიელები „სლაბაკებს“

თუმცა, ზოგადად, ჩრდილო კავკასიელებსა და ჩვენებურ ოს და აფხაზ სეპარატისტებს ვერ დავაბრალებთ ქართველებისადმი კეთილ დამოკიდებულებას, როგორც აღმოჩნდა, მათ შენიშვნები ჩვენ მიმართ ყოფით დონეზეც აქვთ. კერძოდ, მიაჩნიათ, რომ ქართველი ქალები კავკასიაში ყველაზე თავისუფალი ქცევით გამოირჩევიან, რაც, მათი შეფასებით, იმის ბრალია, რომ ქართველი მამაკაცები, როგორც თავადვე ამბობენ, „სლაბაკები“ არიან. საინტერესოა, რომ ამ მოსაზრებას იზიარებენ რუსეთში მცხოვრები (მუდმივად) ქართველებიც. ქართველი ქალების „თავისუფალი“ ქცევა კი გამოიხატება შემდეგში: ისინი მამაკაცების თანდასწრებით სიგარეტს ეწევიან, აცვიათ მოკლე კაბები, ღამის კლუბებში დაიარებიან და მოითხოვენ ქორწინებამდე ურთიერთობების დაკანონებას (მე მათ ნათქვამს ვიმეორებ სიტყვა სიტყვით), რაც, მათი აზრით, ტრადიციების უხეში შეურაცხყოფაა (თუმცა ისიც სათქმელია, ისინი რატომ ზრუნავენ ქართული ტრადიციების გადასარჩენად). თუ ისტორიულ კონტექსტს გავიხსენებთ, ფაქტია, რომ ქართველები, მიუხედავად დანარჩენ კავკასიელებთან უპირობო მსგავსებისა, ყოველთვის გამოირჩეოდნენ მათგან თავისუფლების ხარისხით, რის მიზეზებზეც ფსიქოლოგ გაგა ნიჟარაძესთან ერთად ვისაუბრებთ.

 

– ჩვენ არა მხოლოდ გარეგნულად, მენტალურადაც ვგავართ ჩვენს კავკასიელ მეზობლებს, თუმცა განსხვავებებიც თვალში საცემი იყო და არის. მხოლოდ ზღვაზე გასასვლელია ამის მიზეზი?

– 20-30 წლის წინათ არ მგონია, ეს სხვაობა ყოფილიყო. იმის შემდეგ ბევრი რამ მოხდა და ჩვენ, მართლაც, დავიძარით ევროპისკენ. მაგალითად, ჩემი სტუდენტობის პერიოდში თბილისში იყო ერთადერთი სახინკლე, რომელშიც შეიძლებოდა გოგოსთან ერთად შესვლა.

– სხვა სახინკლეებში არ შეიძლებოდა?

– არა, ამის გამო, მართალია, არ გცემდნენ, მაგრამ არ შეიძლებოდა. ხოლო ქალების მარტო შესვლაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტი იყო ასეთი ტიპის დაწესებულებაში. რესტორანში ორი გოგონა რომ დამსხდარიყო, ეს გამოიწვევდა მათდამი ძალიან სპეციფიკურ ინტერესს და შემხვედრი ინტერესის არარსებობის შემთხვევაში სკანდალს და შეიძლება, ძალადობასაც. მაშინ, როდესაც იმავე დროს რუსეთში კაბებიც უფრო მოკლე ეცვათ და ცეკვებიც უფრო თავისუფალი იყო. ვიცით, რომ საქართველოში ბოლო დრომდე ვერ დამკვიდრდა დისკოთეკები, თუმცა მთელ საბჭოთა კავშირში იყო. აქაც გაიხსნა ერთი-ორი, მაგრამ დაიკეტა, რადგან საჯარო ცეკვები აღვივებდა ეჭვიანობას, რაც საქართველოში, როგორც წესი, ჩხუბით მთავრდება ხოლმე. დღესაც ღამის კლუბებიდან საკაცეებით გამოჰყავთ ვიღაცეები.

რაც შეეხება „სლაბაკებს“, ეს შესაბამისი ტერმინი არ არის, მაგრამ ერთი რამაა, ალბათ, დაჭერილი. ბოლო დროს ჩვენში მომხდარ ქალთა მკვლელობების სერიას მე დავუკავშირებდი იმას, რომ საქართველოში ქალები მართლაც უფრო თავისუფლები აღმოჩნდნენ და მამაკაცები ამისთვის მზად არ არიან. ამდენად, შესაძლებელია, გენდერულ საფუძველზე ძალადობები გაგრძელდეს და მოიმატოს კიდეც, რადგან ეს დამახასიათებელია გარდატეხის ეტაპებისთვის.

– სანამ ბოლომდე არ გავთავისუფლდებით?

– დიახ. რაც შეეხება ჩრდილო კავკასიელებსა და აფხაზებს: მათთვის ცხოვრების პატრიარქალური წესის დაცვა იდენტობის ნაწილია. ამის გარეშე ვერ იქნები, ვთქვათ, ჩერქეზი.

– მაგრამ ძალიან მამალი ქალები ჰყავთ ჩეჩნებს, საერთოდ, ჩრდილო კავკასიელებს?

– მაგრამ ეს არ გადადის ოჯახურ და გენდერულ ურთიერთობებში. მათ ეს ყველაფერი წინ აქვთ, თუ, რა თქმა უნდა, აქვთ, მაგრამ ახლა ეს განსხვავება ჩვენ შორის გამოიყენება, როგორც ჩვენდამი დაპირისპირების საშუალება. ყოველთვის, როდესაც ეთნოსებს შორის არის კონკურენცია ან დაძაბულობა, ერთის რაღაც თვისებას გააბუქებენ დაცინვის ან უარყოფით კონტექსტში წარმოსაჩენად. მაგალითად, ევროპელები ფრანგებს უწოდებენ „ბაყაყიჭამიებს“, იმიტომ რომ ფრანგულ სამზარეულოში არის ასეთი კერძი. მართალია, ყველა ფრანგი ამას არ მიირთმევს, მაგრამ დანარჩენი ევროპელები ამაზე აკეთებენ აქცენტს და დასცინიან. ასევე იქცევიან ქართველები სხვების მიმართ და სხვები –  ქართველების მიმართ. ეს არის ეროვნული სტერეოტიპები. ჩვენთან, ფაქტია, ევროპისკენ სვლა დაიწყო და რაღაც ეტაპი გავლილიცაა ამ გზაზე. შესაბამისად, ტრადიციები ბევრისთვის უკვე აღარ არის იდენტობის ნაწილი.

– ტრადიცია: ქალი –  სამზარეულოში, კაცი –  სანადიროდ?

– დიახ, სამზარეულოში, არ ეწევა, მანქანაზე არ ზის, მაგრამ ამას უკვე მოვერიეთ.

– დიახ, ქალები აქტიურად სხედან მანქანებზე, ისეთებიც, ძირითადად, სამზარეულოში რომ არიან და, თან, „პაპიროზსაც“ ეწევიან.

– დიახ, ანუ იზრდება ინდივიდუალიზმი, მაგრამ არის საზოგადოების მეორე მხარე, რომელშიც ეს, დავარქვათ ამას, ტრადიციებისადმი ერთგულება ნარჩუნდება და ძლიერდება კიდეც. უცხოელების შემთხვევაში კი ისაა საინტერესო, რომ დასავლეთიდან ჩამოსული ყურადღებას აქცევს ტრადიციების ნაწილს, აღმოსავლეთიდან ჩამოსული –  დასავლურ ნაწილს და ამის საფუძველზე ყალიბდება სტერეოტიპები. როდესაც გიკიჟინებენ რამის გამო, ეს ნიშნავს, რომ საკუთარი ცხოვრების წესს განიხილავენ აბსოლუტურ უპირატესობად. ჩვენც ასე ვიქცევით, როდესაც ვამბობთ: ამას რა უნდა ელაპარაკო, ღვინის სმა არ იცის ან სვამს ისე, რომ არაფერს ამბობს. 

– ან ორ ჭიქაში გატიალებულია.

– დიახ, რაც იმისთვის ჩვეულებრივი ამბავია, შენთვის უპირობო მტკიცებულებაა, რომ ჯობიხარ მას.

– მეორე მხრივ, თუ ჩვენი ქალები იქნებიან ზედმეტად თავისუფლები, ჩვენი კაცები  – სუსტები, რაც მათ არ მოსწონთ, თვითონ ხომ უფრო კარგები გამოდიან? ამიტომ ხარდახან მგონია, რომ ამ კრიტიკაში დიდია შურის ნაწილი?

– ცხადია, რომ არის. ამ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში რუსულენოვან მოსახლეობაში, რუსეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, გაჩნდა ანეკდოტები ესტონელებზე, რომლებშიც ისინი აღწერილნი არიან, როგორც ნელები, რაჭველების მსგავსი, თუმცა ის რუსულენოვანი მოსახლეობა, რომელიც ესტონეთში ცხოვრობს, არც აპირებს იქიდან წასვლას, მაგრამ ამით ინარჩუნებენ თავიანთ შურს. მაგალითად, საქართველოში ყველაზე გავრცელებული პლასტიკური ოპერაცია დღემდე არის საქალწულე აპკის აღდგენა, ოღონდ მოხდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია, თბილისიდან და ქალაქებიდან ამან გადაინაცვლა რეგიონებისკენ, ანუ სექსუალური თავისუფლებაც ნამდვილად მატულობს და დღეს საქართველოში ქალიშვილობის ინსტიტუტი აღარ არის ისეთი აქტუალური და ტრაგედიად აღარ მოიაზრება. აი, ამ პროცესში ვართ.

მე არ ვიცი, რა ხდება ჩრდილო კავკასიაში, მაგრამ მგონია, რომ საქართველო ერთგვარად რუსეთის ადგილს იკავებს სოციალურ წარმოდგენებში. კავკასია საბჭოთა დროს ტურიზმის ერთ-ერთი ცენტრი იყო, ჩამოდიოდენ რუსები, მათ შორის, ქალები და არსებობდა სტერეოტიპი, რომ ყველა რუსი ქალი არის ის, რასაც ვფიქრობთ და ყველა რუსი კაცი არის ლოთი, რომელსაც უნდა დაალევინო.

– რომ შემდეგ მის ცოლთან გაისეირნო.

– დიახ, რაც ხდებოდა კიდეც, მაგრამ არა ისე მასობრივად, როგორც ჩვენ გვეგონა. ახლა რუსები აღარ არიან კავკასიაში, თუ არიან, მხოლოდ სამხედროები, მისვლა-მოსვლაც არ არის ინტენსიური: წამსვლელი წავიდა. ამიტომ კონტაქტები უფრო საქართველოსთან აქვთ, ვიდრე რუსეთთან.

– აქ ცოტა რთული არ არის, ქმარს დაალევინო და ამ დროს მის ცოლთან ისეირნო?! არ მგონია, ჩრდილო კავკასიელებმა რუსი ქალები ქართველი ქალებით ჩაანაცვლონ.

– კი, ბატონო, ავიღოთ პოლონეთის მაგალითი. რომელიც გაცილებით უფრო თავისუფალია, ვიდრე შენი ქვეყანა ამ მომენტში და ამიტომ თავდაცვის მიზნით აბუქებ მის უარყოფით თვისებებს, რომ შენი იდენტობა შეინარჩუნო, ეს არის და ეს.

– კიდევ მივაქციე ყურადღება, რომ ჩრდილო კავკასიელებს სოციალურ ქსელებში არ უდევთ ცოლების ფოტოები, ვიკითხე და ამიხსნეს, რომ ეს მათთან მიღებული არ არის.

– ეს ჰარამხანის გადმონაშთია, შენი ცოლი არ უნდა ნახოს სხვამ. გასაგებია, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში მეტია ისლამის გავლენა და მამაკაცების დომინანტური მდგომარეობა. ეს მთელ მსოფლიოში ასე იყო, ბევრგან ახლაც ასეა და ამის საფუძველი იყო მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ მამაკაცი უფრო ძლიერია. შემდეგ მოხდა ამის ინსტიტუციონალიზაცია და ზოგან ქალი საერთოდ არ მიიჩნევა ადამიანად, თუმცა მეცხრამეტე საუკუნიდან დაიწყო ემანსიპაცია.

– ქალის გაადამიანება.

– დიახ და ეს არ არის მეტაფორა, ეს ნამდვილად ასე იყო. მთელი დისპუტი გაიმართა კათოლიკურ პრელატებს შორის თემაზე, აქვს თუ არა ქალს სული და ერთი ხმით გადაწყდა, რომ მაინც აქვს. გერმანული სამი „კ-ს“ ტრიადა: ბავშვები, ეკლესია და სამზარეულო, შემორჩა მეოცე საუკუნეშიც. ეს პროცესია, თუმცა საქართველომ საკმაოდ სწრაფად გაიარა ეს გზა.

– სწრაფი გავლის მიზეზი შეიძლება, იყოს მენტალური მზაობა? მეთორმეტე საუკუნეში გაყრა, ქალების გაგზავნა დიპლომატიური მისიით, სქესთა თანასწორობის აღიარება ქართველების ყველაზე მთავარ წიგნში.

– საერთოდ, ქრისტიანულ ქვეყნებში ქალსა და კაცს შორის დისტანცია ნაკლები იყო. მაგალითად, სიყვარულით ქორწინება ევროპაში გაჩნდა მეცხრამეტე საუკუნეში, რაც დღემდე ინდოეთში ითვლება სირცხვილად, ესე იგი, შენ სუსტი კაცი ხარ, თუ გრძნობებს აჰყევი და შენი მშობლების წინააღმდეგ წახვედი.

– მგონია, რომ პირველი ფემინისტები იყვნენ შეყვარებული კაცები, რომლებსაც უნდოდათ, რომ მათ საყვარელ ქალებს ჰქონოდათ იგივე უფლებები, რაც მათ ჰქონდათ, მიუხედავად წარსულისა და სტერეოტიპებისა.

– სავსებით შესაძლებელია. საბოლოოდ, ეს კაცების დასუსტება კი არა, ქალების გაძლიერებაა და საქართველოში მოხდა ის, რომ ქალი ეკონომიკურად გახდა უფრო შეძლებული, ვიდრე კაცი.

– ეგრეთ წოდებულ ტრადიციონალისტებს აქვთ ასეთი არგუმენტი, თუ ქალი და კაცი თანაბარია, მაშინ რატომ არ მუშაობს ქალი ნიჩბით, რაზეც მარტივია პასუხი: თუ მომცემ თანაბარ პირობებს, მე გამოვიმუშავებ ფულს და ნიჩბის დამჭერსაც დავიქირავებ და მძიმე ჩანთების ამწევსაც.

– და, სადაც საჭიროა, ნიჩბითაც მუშაობენ ქალები. ასე რომ, გლობალური პროცესია, როდესაც გენდერებს შორის უთანასწორობა და დაპირისპირება მცირდება. საქართველოში, ამ მხრივ, უფრო წინ წავიწიეთ, მაგრამ გაცილებით ნაკლებად, ვიდრე ჰოლანდიასა თუ სხვა დასავლურ ქვეყნებში.

– თუმცა იქ, დასავლეთში, მამაკაცებში შეინიშნება ფემინური ნიშნები. დასავლელი კაცების უმეტესობის სქესს ვერც გრძნობ. 

– სწორედ იმიტომ, რომ გული უსკდებათ, თუ რამეს გამოამჟღავნებენ, წაართმევთ ყველაფერს, რაც გააჩნიათ, ამდენად, ყველანაირად რეპრესირებულია მამაკაცური ქცევა, რაც ჯერჯერობით აქ არ არის. თორემ, აბა, ჩადით სამხრეთ იტალიაში ან საფრანგეთში?! მეორე მხრივ, იმის გამო, რომ ასეთი კანონებია შემოღებული, გაჩნდა სექსტურიზმი და მთელი რუსეთი თურქეთში დადის, მთელი ევროპა კი –  ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში.

– ეს მეორე უკიდურესობაა აშკარად.

– ამდენად, თუ ნორმალური ადამიანი ხარ, ყოველთვის იპოვნი შენს ადგილსა და ნიშას, მაგრამ, როდესაც ასეთი კიჟინაა, ბრალდებების სროლა ერთმანეთის მისამართით, ცხადია, ეს რაღაც კომპლექსზე მეტყველებს. ნორმები იცვლება და საკმაოდ სწრაფად.

 

скачать dle 11.3