კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა „მაესტროს” წამყვანი ირაკლი ხრიკაძე ალქიმიკოსი და ვისთან ჰქონდა მას „სლუჟებნი რომანი”

გადაცემის „შუადღე მაესტროზე” ერთ-ერთი წამყვანი, ირაკლი ხრიკაძე ტელეკომპანიაში კადრს მიღმაც აქტიურად მუშაობს. ის ვასიკო ოდიშვილის ცნობილი ხუმრობების ერთ-ერთი ავტორია. პროფესიით ეკონომისტი და მსახიობი ირაკლი ძალიან ხალისიანი და გახსნილი ადამიანია. ალბათ, ამიტომაცაა, რომ „შუადღე მაესტროშიც” განსაკუთრებულ ამპლუას ირგებს. როგორ მოხვდა ირაკლი ხრიკაძე ტელესივრცეში და  სად ხვდებოდა ის მისტიკაში ღამღამობით, ამას თავად ჩვენი რესპონდენტისგან შეიტყობთ, რომელიც  კადრს მიღმა დარჩენილ ისტორიებსაც გვიმხელს.   

 

ირაკლი ხრიკაძე:  ხუთი წელია, რაც „მაესტროსთან” ვარ დაკავშირებული. გარდა იმისა, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად მიმყავს გადაცემა „შუადღე მაესტროზე”, საკმაოდ აქტიური ვარ კადრს მიღმაც. ვასიკო ოდიშვილის ყოველდღიური აბების სცენარისტი ვარ, „აბები” ჩვენს „ლაბორატორიაში” იხარშება, ასე რომ, ალქიმიითაც ვარ დაკავებული (იცინის). „შუადღე მაესტროზე” სექტემბრიდან გავიდა ეთერში განახლებული ფორმატით. ერთად ვმუშაობთ სამი წამყვანი და  კვირის დღეებში ორი თანაწამყვანიც გვემატება.  იცით,  რომ წამყვანთა შორის მე ყველაზე მხიარული ტიპი ვარ. შუადღე ხალისიანი უნდა იყოს, მხიარული, ლაღი და  თვალისთვის ლამაზი. მანიკა ასათიანი და ანა კოშაძე რომ გყავს, მეტი სილამაზე რაღად გინდა? (იცინის) ჩემს ხალისიან ნოტს აბალანსებს სანდრო ლორთქიფანიძის რესპექტაბელობა. გადაცემის სერიოზული მხარე მას  აქვს მინდობილი. ყოველკვირა ლუკა, იგივე მზია  შარაშიძე გვიმზადებს გემრიელობებს  ცნობილ შეფ-მზარეულებთან ერთად. მე და სანდრო  ახლო მეგობრები ვართ, მაგრამ განსხვავებულები,  ამით ვავსებთ კიდეც ერთმანეთს.  მე   მიმყავს ჩემი საყვარელი რუბრიკა „იხვის ყიყინები”.  ორშაბათობით  სპორტულ ფორმაში გამოწყობილი ვასწავლი ხალხს, როგორ ვივარჯიშოთ სახლის პირობებში, როგორ მივდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, როგორ ვიკვებოთ. პირდაპირ ეთერში დავდე პირობა, რომ დავიწყებდი ვარჯიშს, დიეტას და აგერ თვენახევარში უკვე 14 კილო დავიკელი, 107 კოლოგრამიდან დავიწყე კლება.  იოლი  არ იყო ეს საქმე (იცინის). 

– რა პროფესიის ხარ?

– ოო, ეს დიდი ისტორიაა, პროფესიული არჩევანი მშობლების ხათრით  გავაკეთე.  ბავშვობიდან მსახიობობაზე ვოცნებობდი, სულ სცენაზე ვიდექი და ყველამ იცოდა, რომ მსახიობობა მინდოდა. სკოლა ხუთებზე მაქვს დამთავრებული. განსაკუთრებით  კარგად ვსწავლობდი ტექნიკურ საგნებს. ყველა ოლიმპიადის  და ტურის მონაწილე  ვიყავი, ალბათ ამიტომაც, როცა დღის წესრიგში დადგა საკითხი: მარტო მსახიობობით რა უნდა გააკეთო, სხვა უფრო „სერიოზული” პროფესიაც ხომ უნდა გქონდესო,  საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთიებების ფაკულტეტი ავირჩიე. ყველამ იცოდა, რომ მოგვიანებით თეატრალურზე უნდა ჩამებარებინა, ასეთი გარიგება მქონდა მშობლებთან. მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა გავიგე, რომ რეზო ჩხეიძეს თეატრალურ ინსტიტუტში აჰყავდა ჯგუფი. სადღა მახსოვდა ბიზნესი და ეკონომიკა? ჩუმად წავედი თეატრალურში, გავიარე კონსულტაციები,  შემდეგ დავიწყე მომზადება და ყველაზე მაღალი ქულებით გავხდი   თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი. 

– ეკონომისტის დიპლომი აიღე?

–   დაუსწრებელზე გადავედი, ავიღე დიპლომი  და  ჩარჩოში ჩასმული ვაჩუქე  მამაჩემს.  თავთან უკიდია  ჩემი დიპლომი, რომელიც პროფესიულ კარიერაში  ერთი დღეც  არ გამომდგომია. თუმცა, მათემატიკის ცოდნა ცხოვრებაში ძალიან გამომადგა.   თეატრალურ ინსტიტუტში საოცარი წლები გავატარე. მყავდა საუკეთესო პედაგოგები – რეზო ჩხეიძე, თემურ ფალავანდიშვილი.  თავით გადავეშვი ჩემს საქმეში. თუ ასე არ მოიქეცი,  მსახიობს  არაფერი გამოგივა. სტუდენტობის დროს იყო როლები, ფილმები, ასე გაგრძელდა სტუდენტობის შემდეგაც. ერთხანს მესხეთის თეატრში ვმუშაობდი, ახალციხეში ვიყავი. თეატრში ვცხოვრობდი, საგრიმიოროში. რთული პერიოდი იყო, მსახიობის მწირი შემოსავლით ქირის გადახდას თეატრში ცხოვრება ვამჯობინე –  უბედნიერესი ადამიანი  ვიყავი. ღამით, თეატრში მარტო დარჩენილი სცენაზე რომ შეიჭყიტები,  ეს არის საოცარი  მისტიკა, სხვა განზომილება.  იმ წლებში აქტიურად ვთანამშრომლობდი „ფორმულა კრეატივთან”. მონაწილეობას ვიღებდი მათ პირველ სერიალებში: „ჩვენი ოფისი“ და „ჩიფსების თაობა“, ვწერდი სკეტჩებს, ვთამაშობდი კიდეც. იმ პერიოდში ვმუშაობდი სცენარზე  ორ ფილმში  „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს”. „ფორმულა კრეატივში” გავატარე ძალიან ნაყოფიერი წლები. იქ შევიძინე ჩემი ახალი პროფესია, რაც დღეს ძალიან მიყვარს.  როდესაც „მაესტრო” იწყებდა ახალ ეტაპს  დარბევების, აფეთქებების შემდეგ, ამ ტელევიზიაში მუშაობის დაწყება რისკიც იყო. თუმცა, მე არასდროს მეშინოდა რისკების და ექსპერიმენტების. მახსოვს, როცა თავიდან შევხვდი  მამუკა ღლონტს, მან მითხრა: არ ვიცი, რა გითხრა, საქმე ასეა – ან გაწყობს აქ, ან არ გაწყობს;  კაცმა არ იცის, როდის დავიხურებით, როდის აგვაფეთქებენ, როდის იქნება ხელფასიო.  მე მაინც დავთანხმდი და ჩვენ ყველამ ერთად დავიწყეთ  წინსვლა „დანაღმულ ველზე” (იცინის). ეს იყო ჩემთვის გამოწვევა, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ პროექტი „ვასიკო ოდიშვილის აბები” – მსგავსი ქართულ  რეალობაში არ არსებობდა.  

– რა ხდება ვასიკო ოდიშვილის  ყოველდღიური „აბების” კადრს მიღმა?   

–   ჩვენს ლაბორატორიაში სულ თუხთუხებს ქიმია და იუმორი (იცინის). მუზას ვერ დაელოდები, მუზა მოდის თუ არა, საღამოს ათი საათისთვის მაყურებელს უნდა შესთავაზო გადაცემა, რომ მან სიამოვენება მიიღოს.  მას  სულ არ აინტერესებს წინა საღამოს მე როგორ ხასიათზე ვიყავი, მძიმე ღამე მქონდა თუ არა. რა ვქნათ, ასეთია ჩვენი შრომა. ჩვენი გუნდი დილიდან იწყებს მუშაობას ნიუსზე. პირდაპირ პოლიტიკურ ნიუსებზე ვართ მიბმული – ვინ რა ქნა, ვინ რა თქვა, ოღონდ ეს ყველაფერი უნდა შეკაზმო კარგი იუმორით და კიდევ სხვა ინგრედიენტებით. აი, აქ შემოდის ჩვენი ალქიმია და სხვადასხვა სარკასტული  სანელებელი. 

– ალბათ,  წიწაკაც, თუმცა ხანდახან ცოტა მწარე გამოდის თქვენი „საკმაზი”.

–  რა ვქნათ, რეიტინგები გვიჩვენებს, რომ ხალხს მოსწონს წიწაკიანი იუმორი. სერიალები „გვეჭიდავება,” თუმცა რეიტინგში მოწინავე პოზიციას მაინც  არ ვთმობთ.  ჩვენი გუნდი შეფასებებსაც დიდი გულდასმით იზიარებს  გადაცემის „ფეისბუქ-გვერდებიდან.” ჩვენ ვმუშაობთ მაყურებლისთვის, რომლის დამოკიდებულება და აზრიც გადამწყვეტია.  რაც არ უნდა საჭირბოროტო და ერთი შეხედვით, პრობლემური იყოს თემა, ის ისეთ ფილტრში უნდა გაატარო, რომლის შედეგადაც მიიღებ იმ  ინტერპრეტაციას, რაც ჩვენს შოუს  სჭირდება. ამისთვის მოქნილი ენა და გონების სისხარტეა საჭირო. მაყურებელს არ სჭირდება დაწყობილი ტექსტები, სიტყვების რახარუხი და  რთული ქვეწყობილი წინადადებები. მარტივი, სხარტად ასატაცებელი უნდა იყოს ჩვენი  სათქმელი.   ზოგჯერ  ვასიკო საკუთარ ინტერპრეტაციებს „გვთავაზობს” ეთერში,  რაც გადაცემას  ძალიან უხდება. ვასიკო ნიჭიერი კაცია და ეს კარგად გამოსდის.    

– ყველაზე მეტად ვისზე ხუმრობა გიყვარს? ვინ გყავს „ამოჩემებული”? 

–  ყველა, ვინც ყველაზე მეტ სისულელეს ამბობს, თუმცა ჩემთვის პროფესიულად ისეთი „საყვარელი” ფიგურა პოლიტიკაში, როგორიც მიხეილ სააკაშვილი იყო, მეორე არ არსებობს.  ის იყო დაუშრეტელი და ამოუწურავი საბადო ხუმრობებისთვის (იცინის). ახლებიც კარგი „საბადოები” არიან, ბიძინადან დაწყებული პატარ-პატარა ბიძინებით დამთავრებული. ყველა კარგი საკბილოა ჩვენთვის.  

– ცხოვრებაშიც ბევრი ახლობელი ხდება შენი „საკბილო”?

– უფ, აბა როგორ?! ხშირად ვხუმრობ იმ ადამიანებზე, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს და ჩემთვის  ძვირფასია.  იმდენი რამ გადამიტანია ჩემი ცხოვრებიდან „აბების” სცენარში. ახლობლებთან ხუმრობებში  წიწაკა ნაკლებია. ჩემს საყვარელ ადამიანებს არ აქვთ იმხელა მოვალეობები საზოგადოების  წინაშე, რაც პოლიტიკოსებს, ამიტომაც მათ იოლად ვინდობ. იუმორის წყალობით, ბევრი რთული სიტუაციაც განმიმუხტავს, ბევრი გამოსავალიც მიპოვია. ენა სულ წინ მისწრებს და ამის გამო, უხერხულობებშიც მოვხვედრილვარ. მაგრამ, ბოროტი ხუმრობები არ ვიცი. 

– კადრს მიღმა როგორია შენი  ცხოვრება? 

–  ტელევიზიაში იმდენ დროს ვატარებ, სად მაქვს კადრს მიღმა ცხოვრების დრო? (იცინის) ეკონომისტი რომ ხარ, სცენარისტი, რეჟისორი, პროდიუსერი – მეტი რაღა უნდა აკეთო? ხო, ყოფილი ბიზნესმენიც ვარ, ეს ლამის დამავიწყდა. ბორჯომპარკში საზაფხულო  ბარს ვაკეთებდი ხოლმე. ბარმენიც ვიყავი და დირექტორიც, მაგრამ ვერ აღმოვჩნდი დიდი კომერსანტი.  უფრო მეტად ხალხის  სიყვარული დავიმსახურე, ვიდრე ფინანსური  მოგება.  სხვანაირად არ შემეძლო. მივხვდი, რომ მე ბიზნესში ვერ ვივარგებ (იცინის). კადრს მიღმა არის ჩემი ოჯახი – მეუღლე, შვილი, მეგობრები. თუმცა, ისინი მიღმა კი არა, ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანები არიან.  მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი „მაესტროში” გავიცანით, „სლუჟებნი რომანი” გვქონდა. კარგია, როცა ცოლი და ქმარი  პროფესიულად ერთმანეთთან ახლოს არიან. უფრო  კარგად ესმით  ერთმანეთის საქმე.  გვყავს  პატარა დაჩი, რომლის ირგვლივაც ტრიალებს მთელი სამყარო. მე და ჩემს მეუღლეს ერთი სული გვაქვს, როდის გავვარდებით სახლში. ჩვენი ყველა თავისუფალი წუთი მას ეკუთვნის, არაფრისთვის აღარ გვრჩება დრო. მე  ძალიან მიყვარს მოტოციკლი და მყავს კიდეც.  

–- მამუკა ღლონტმა ყველა თანამშრომელი ჩაგითრიათ?

– ეს ჩემი სისუსტეც იყო. არ ვიკავებთ ქუჩებს დიდი „ჯიპებით,” პრაქტიკული და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი გვირჩევნია.   გატაცებად დამრჩა მათემატიკის სიყვარულიც. ინტერნეტში მუშაობის დროს, რთულ ამოცანას ან მაგალითებს  რომ გადავაწყდები, სანამ არ ამოვხსნი, თავს არ ვანებებ. ეს ჩემი ჰობიც არის და  ტვინის ვარჯიშიც, რაც ჩვენს დროში განსაკუთრებულად გვჭირდება.    

 

скачать dle 11.3