კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მიხვდა და მოკვდა

რობერტ ბლოხი

 

მაიკ სევიჯს მსოფლიო კრიმინალური სინდიკატის შექმნის იდეა დიდი ხნის განმავლობაში არ ასვენებდა. ამ საქმეში ვერაფერს გახდებოდა ჯო კეინის გარეშე, რომელიც ამერიკის დამნაშავეთა სამყაროს თავად მიაჩნდათ. და აი, ჯო კეინის პირადი თვითმფრინავი საიდუმლო აეროდრომზე დაეშვა. მაიკი პირადად ხვდებოდა საპატიო სტუმარს დაბურულმინებიანი „ლიმუზინით“. როგორც ლონდონში ხშირად ხდება ხოლმე, იმ დღესაც წვიმდა. კეინი პირქუში, სიტყვაძუნწი და საკმაოდ უხეში კაცი აღმოჩნდა, მაგრამ სევიჯი მზად იყო, მისგან ყველანაირი უხეშობა აეტანა, ოღონდ კი თავისი ჩანაფიქრის ხორცშესხმა მოეხერხებინა.

– სიჩქარეს დაუკელი, – უბრძანა სევიჯმა მძღოლს, როცა წვიმის წვეთებმა მანქანის სახურავზე ხმაურს მოუმატა. ჯო კეინმა თავი სავარძლის საზურგეზე გადააგდო და ჩაეძინა. სახის გამომეტყველება ძილშიც კი სასტიკი და ჭკვიანი ჰქონდა. ლონდონში უნდა შეკრებილიყვნენ კრიმინალური სამყაროს „ზვიგენები“ ყველა ქვეყნიდან... ამ კონფერენციაში კეინის მონაწილეობა სევიჯის წამოწყებას წარმატებას მოუტანდა. საერთაშორისო კრიმინალური კომპანიის მეთაური კეინი გახდებოდა, მაგრამ სევიჯი მისი მარჯვენა ხელი და ღერძი იქნებოდა.

– ფრთხილად! – დაუყვირა სევიჯმა მძღოლს, მაგრამ, ვერ მოასწრო – ნისლში გვიან გამოჩნდა შემხვედრი ავტომობილის ანთებული ფარები. მძღოლმა მკვეთრად შემოატრიალა საჭე მარცხნივ. სევიჯმა თავი ვეღარ შეიკავა და საქარე მინას შუბლით შეასკდა. მწვავე ტკივილი იგრძნო და გონება დაკარგა...

ჯო კეინის თავი ერთ დიდ ლაქას ჰგავდა. მთლიანად დაფარული იყო ბინტით და მხოლოდ სამი პატარა ხვრელი ჰქონდა დატოვებული, ორი – თვალებისთვის, ერთიც – პირისთვის. მაიკ სევიჯი თეთრკედლებიან ოთახში, საწოლთან იდგა და მუმიად ქცეულ განგსტერს მიშტერებოდა.

– ესმის, რასაც ველაპარაკები? – მიუბრუნდა ექიმს, უგესტს.

– დიახ, მაგრამ, ჯერ ვერაფერს გეტყვით – ხმის იოგები ძალიან აქვს დაზიანებული, ამის აღდგენას კი დრო დასჭირდება, მაქსიმუმ, რამდენიმე კვირა.

ექიმმა უგესტმა ყველაფერი იცოდა – ოჯახის ექიმობით დაწყებული ურთულესი ქირურგიული და პლასტიკური ოპერაციით დამთავრებული. მაიკ სევიჯმა მას საკუთარ მამულში გაუხსნა კლინიკა. მუდმივად გვერდით ჰყავდა და საკმაოდ დიდ ფულსაც უხდიდა. უგესტი კმაყოფილი იყო თავისი სამედიცინო კარიერის ამ მიმართულებით განვითარებითა და კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტებს მკურნალობდა.

– სერიოზული ავარია იყო. არაფერი ახსოვს, საერთოდ არაფერი.

– მეხსიერების აღდგენაზე რას იტყვით? – ჰკითხა სევიჯმა.

– შეიძლება, ეს ამნეზია დროებითი იყოს, შეიძლება – სამუდამოც. ჯერ დასკვნების გაკეთება მიჭირს. შეხვედრის გადადება მოგიწევთ. შემხვედრი მანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. თქვენ კი იღბლიანი ყოფილხართ, მისტერ სევიჯ, რამდენიმე მსუბუქი ნაკაწრითა და კოპით გადარჩით.

– ჰო, – ჩაიბურტყუნა სევიჯმა, – შეიძლება, ასეც ითქვას. თუმცა, ვინ იცის. ვინმე რიტა ფოული ჩამოვიდა და ჯოს ნახვას ითხოვს. ამბობს, რომ კეინის საცოლეა. როგორ მოვიქცე?

ექიმმა ყურადღებით შეხედა სევიჯს.

– მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. შემოიყვანეთ და აუხსენით სიტუაცია. პრინციპში, შეიძლება, დაგვეხმაროს კიდეც...

– ჯო! – შეძრწუნებით შეჰყვირა რიტამ და ატირდა, – ღმერთო, რა დღეში ყოფილა! ჰილტმა მითხრა, რომ მშვიდობიანად ჩამოფრინდნენ. ჩემს ზარებს რომ არ პასუხობდა, ძალიან შემეშინდა. უფლებას მომცემთ, მასთან ერთად დავრჩე და მოვუარო? ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მეტყვით.

– ჯერჯერობით, როცა ლაპარაკს ისწავლის და შეძლებს, დიდი ბავშვივით იქნება, – უთხრა ექიმმა, – თქვენ მისი დედა უნდა გახდეთ.

– ჯო ჩემი სიცოცხლის აზრია, გვერდიდან არ მოვცილდები, – მტკიცედ თქვა ქალიშვილმა...

***

გავიდა ერთი კვირა... მერე მეორე... კეინმა ჩურჩულით ლაპარაკი შეძლო, თუმცა, მას თავისი სახელიც არ ახსოვდა. რიტა ერთი წუთითაც არ ტოვებდა მას, ელაპარაკებოდა ბევრს და ყველაფერზე – უყვებოდა, რა უყვარდა და რა სძულდა. როცა ჯომ ინვალიდის სავარძელში გადაჯდომა შეძლო, თითქმის მთელი დღე ბაღში ასეირნებდა. ჯოს თავისი წარსულიც არ ახსოვდა. რიტა მოუყვა, როგორ მიაღწია იერარქიული კიბის ზედა საფეხურს; როგორ მოიპოვა რეპუტაცია და ძალაუფლება დამნაშავეთა სამყაროში და როგორ იქცა მის მეფედ... უყვებოდა იმ ჩვევების, საყვარელი ანეკდოტების, ფილმების, წიგნებისა და სიმღერების შესახებ, რომელთა გახსენებაც ჯოს არ შეეძლო... კეინი ნელ-ნელა იკრებდა ძალას, მაგრამ მისი მეხსიერება არ ცოცხლდებოდა, არც რიტას მიმართ იჩენდა ჩვეულ სითბოს და არც მასთან ურთიერთობა ახსოვდა... რიტა იმედს არ კარგავდა, რომ, გამოჯანმრთელებასთან ერთად, მათი სიყვარულიც აღდგებოდა... დადგა სახვევების მოხსნის დღე. რიტა ზურგშექცევით იდგა. როცა ექიმმა ბინტები მთლიანად მოხსნა, ქალიშვილი შემობრუნდა და მოულოდნელობისგან შეჰკივლა – კაცს, რომელიც მის წინ იჯდა და სარკეში იყურებოდა, არაფერი ჰქონდა საერთო ჯო კეინთან. მისი სახის ნაკვთები აბსოლუტურად უცხო იყო ქალიშვილისთვის.

– ძალიან იყო დაშავებული და რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია გავუკეთეთ. სამაგიეროდ, ახლა ძალიან სიმპათიურია, მე ვიტყოდი, ლამაზიც კი.

რიტამ ერთბაშად იგრძნო, რომ მას ატყუებდნენ, ყველაფერს არ ეუბნებოდნენ. ჯოს მხოლოდ გარეგნული ცვლილება არ იყო ის, რაც მას აშფოთებდა... ნელ-ნელა მიეჩვეოდა საყვარელი მამაკაცის ახალ სახეს, მაგრამ, შინაგანი ხმა ჰკარნახობდა, რომ აქ რაღაც ისე არ იყო... 

ექიმს მისი ვიზიტი არ გაჰკვირვებია.

– მე მინდა, სიმართლე ვიცოდე! – მტკიცედ თქვა ქალიშვილმა.

– თქვენი შეყვარებულის ახალი სახე არ მოგწონთ? იცით, ძალიან რთული სამუშაო იყო. მე ხომ არ ვიცოდი, როგორ გამოიყურებოდა ის ავარიამდე. მისტერ სევიჯმაც პირველად ნახა იმ დღეს და, თანაც, მხოლოდ ერთი საათით. რაც შევძელი, ყველაფერი გავაკეთე...

– არა. მე ვიცი, რომ მატყუებთ. ეს ჯო არ არის. ჯოს არასდროს არაფრისთვის უთქვამს ჩემთვის მადლობა. იმიტომ არა, რომ არ ვუყვარდი, უბრალოდ, ეს მისი სტილი არ იყო და მეც არ მწყინდა.

კარი გაიღო და  კაბინეტში მისტერ სევიჯი შემოვიდა ჯო კეინთან ერთად. რიტა ჯოსან მივიდა, მოეხვია და მუდარით სთხოვა:

– ძვირფასო... რიო გახსოვს? ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ჯო შეიჭმუხნა:

– არა, არ მახსოვს. მე ისიც კი არ მახსოვს, როგორ გამოვიყურებოდი ადრე. შენც არ მახსოვხარ, რიტა. მაპატიე... მთელი ეს პერიოდი ვცდილობდი, ჩვენი ურთიერთობის რომელიმე ეპიზოდი გამეხსენებინა, მაგრამ, ვერ შევძელი.

– არ მიკვირს, – თქვა რიტამ, – რიოში ორივე ძალიან დავთვერით. მერე პორტში პატარა ბარში შევედით... მთვრალმა მატროსებმა ტატუს გაკეთება შამოგვთავაზეს და ჩვენც, ორივემ, მარჯვენა მხარზე ერთმანეთის სახელები ამოვისვირინგეთ. მაჩვენე მხარი... ხედავთ? აქ არანაირი ტატუ არ არის... ექიმო, ესეც ავარიის შედეგია?

მისტერ სევიჯმა გაიცინა:

– მეტისმეტად ჭკვიანი ბრძანდებით, ქალბატონო და ზედმეტად მიხვედრილი. ექიმ უგესტს შეუძლია გითხრათ, რომ ავარიისას თავის ქალა ისე დაზიანდა, რომ მისი აღდგენა შეუძლებელი იყო; რომ ჩვენ წავედით რისკზე და გადავწყვიტეთ, ჯო კეინის მთავარი ღირსება – მისი ტვინი გადაგვერჩინა და ის შემხვედრი მანქანის მძღოლის სხეულში გადავიტანეთ, მაგრამ, თქვენ ამ ვერსიასაც არ დაიჯერებთ, ხომ მართალია?

– რა?! – თქვა რიტამ, – ეს ჯო კეინი არ არის?

– დიახ, ასეა, არ არის. მე ვერ დავუშვებდი, ჩემი ამდენი წლის იდეას კრახი განეცადა მაშინ, როცა უკვე თითქმის მივაღწიე მიზანს. ამიტომ, ჯო კეინის დამახინჯებულ გვამს იმ მძღოლის საბუთები ჩავუდეთ. მოკლედ, ქალბატონო, თქვენი ჩამოსვლა ჩვენთვის სერიოზული ხსნა იყო. თქვენი დახმარებით ჯომ ნელ-ნელა „აღიდგინა“ დაკარგული მეხსიერება. ახლა ის ფორმაშია და მზად არის, დაუბრუნდეს იმ დიდ, წაუგებელ თამაშს, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ. ასე არ არის, ჯო?

– ბოლოს და ბოლოს, სპექტაკლი დასრულდა... – თქვა ექიმმა, – მე მივესალმები ამას. ქალბატონო, თქვენთვის ჯოს არ უსწავლებია, რომ ზედმეტი ჭკუა სერიოზულ პრობლემებს ქმნის?

– ერთი კვირის შემდეგ კონფერენცია გაიმართება. ახლა არჩევანი შენზეა, ჯონ კეინ-კოლინზ...

 – მე ეს არჩევანი უკვე გავაკეთე, – თქვა ცრუ ჯო კეინმა, სევიჯთან მივიდა, ქამრიდან პისტოლეტი ამოაცალა და შემობრუნდა.

რიტა ფოული დაფრთხა და თვალებგაფართოებული აეკრა კედელს.

– რის გაკეთებას აპირებ?

– შენ მასწავლე, რომ ჯო კეინი არასდროს ტოვებდა კვალს, – გაიცინა ცრუ კეინმა და პისტოლეტმომარჯვებულმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ქალიშვილისკენ, – მაპატიე, რიტა, ვერ გაგიხსენე... 

სქელმა კედლებმა ჩაახშო გასროლის ხმა...

 

 

скачать dle 11.3