კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაფიის შვილობილი

პროზექტურაში მისულ მილიციელებს, პოლკოვნიკი ბასკოვი და ერთი ოცეული დახვდათ.

– თქვენ გელოდებოდით, მერაბ კონსტანტინოვიჩ, – პოლკოვნიკმა ხელი ჩამოართვა მაიორს, – თქვენი გაქცეულები ლეიტენანტ პროხოროვის ჯგუფმა აღმოაჩინა სამხრეთ ტყის ზოლში. მთის წვერიდან ორი კილომეტრით ქვემოთ. იქ ერთი ქოხია და იმის წინ ეყარნენ. მგლები დასეოდნენ და შუაზე გლეჯდნენ. როგორც ეტყობა, ხროვა თავს დაესხა მათ. ქალია და კაცი. როგორც კი შემატყობინეს, მივედით და წამოვიყანეთ. დანარჩენი ორი ოცეული და მესამის ნაწილი მაინც განაგრძობს ძებნას.

– რომელ საათზე აღმოაჩინეს?

– პირველის ნახევარზე, ამხანაგო მაიორო. მაგრამ მათ ჩამოყვანაში დაგვეხარჯა დიდი დრო. ფეხით  ვატარეთ და ამიტომ.

– ამხანაგო პოლკოვნიკო, შეგიძლიათ, მაქსიმუმ ნახევარი საათი დამელოდოთ? – ჰკითხა მერაბმა ბასკოვს.

– რა თქმა უნდა.

– კარგი. ჩემს მანქანაში ჩასხედით და მოვალ.

– ჩვენს მანქანაში დაგელოდებით, – ბასკოვმა სამხედრო „ურალისკენ“ გაიშვირა ხელი, – გაგრიფშში რომ სამხედრო ნაწილია, იქიდან წამოვიყვანეთ და იქ ვიჯდები.

პროზექტურაში შესულმა გამრეკელმა სანიტარ „შოპენას“ მოჰკრა თვალი, რომელიც სიგარეტს ეწეოდა, თან ჰერცოგის არიის მელოდიას უსტვენდა ოპერა „რიგოლეტოდან“...

– ვიზიარებ თქვენს მწუხარებას, ბატონო მერაბ, – მიუსამძიმრა გამრეკელს პათანატომმა და დაამატა, – ასთამურ შამბას გაკვეთის დასკვნა უკვე მზად მაქვს და მოგცემთ.

– ეგ მერე. გვამების ნახვა მინდა, სამხედროებმა რომ მოიტანეს წეღან, – უთხრა მერაბმა.

პათანატომმა, მერაბი გვამების ოთახში შეიყვანა და გვერდიგვერდ დაწყობილი ქალისა და მამაკაცის გვამები უჩვენა, თან დააყოლა:

 – ესენია.

გვამებს მუქი ფერის „ტელეგრეიკები“ ეცვათ, რომლებიც მგლებს დაეგლიჯათ და სხეულის მნიშვნელოვანი ნაწილიც შეჭმული ჰქონდათ. ორივე მათგანის გარეგნობა და ჩაცმულობა ზუსტად ემთხვეოდა დინარა მჟავიას აღწერილობას და მაიორი მიხვდა, რომ მის წინ მისი მამობილის მკვლელების ცხედრები ესვენა.

– სასწრაფოდ გაკვეთეთ. დაწვრილებით გამოიკვლიეთ ყველაფერი და რაც შეიძლება, მალე მომაწოდეთ დასკვნა, – მოკლედ უთხრა მერაბმა პათანატომს.

– ბატონო მერაბ, გვამებს ძალიან საეჭვო სილურჯე დაჰკრავთ სხეულზე. ერთი შეხედვით ეს გაყინვის შედაგად წარმოქმნილი კვალია. მაგრამ ყავისფერი ლაქები მაეჭვებს.

– რას ფიქრობთ?

– ვფიქრობ, ისინი მოწამლულები უნდა იყვნენ. ასეთ ლაქებს კალიუმციანიდი ტოვებს.

– გასაგებია. სასწრაფოდ შეუდექით საქმეს და დასკვნა მომაწოდეთ. ბიოლოგიური ექსპერტიზისთვის განკუთვნილი მასალა კი გულბათ მარგიანს გადაეცით და ის თბილისში წაიღებს.

– კი ბატონო. ახლავე გავკვეთავ ორივეს. ასთამურ შამბას გაკვეთის დასკვნას მოგცემთ და დავიწყებ. გნებავთ გვამის დათვალიერება?

– არა. არ შემიძლია, – თავი გააქნია მერაბმა, – გარეთ გავალ და იქ გამომიტანეთ.

ასთამურ შამბას გაკვეთის დასკვნა შოპენამ მიუტანა მერაბს და უკან შებრუნდა. გამრეკელმა კი ის ჯიბეში ჩაიდო და გულბათს უთხრა:

– პათანატომი საექსპერტიზო მასალებს მოგცემს და ეგრევე თბილისში გაემგზავრე, ლაბორატორიაში მიიტანე. თან, ერთი ოპერიც გაიყოლე. აი, ასი მანეთი გამომართვი. მეტი არ მაქვს და იმყოფინეთ. თუ ბონდო გვალიას ნახავ, ერთად წამოდით. მე ახლა განყოფილებაში მივდივარ და შენს „ვოლგას“ გამოვუშვებ. შენებთანაც მე შევივლი და შევატყობინებ.

– არ გინდა. დავრეკავ სახლში. ასი მანეთი კი მეც მაქვს და არც ფული მინდა, – მიუგო გულბათმა.

მერაბმა ფული ჯიბეში ჩაუდო მარგიანს. შემდეგ „ურალში“ მჯდომ ბასკოვთან მივიდა და უთხრა:

– ყველაფრისთვის დიდი მადლობა, პოლკოვნიკო. შეგიძლიათ, შეწყვიტოთ ძებნა. ერთი პროცედურა დარჩა და თავისუფლები ხართ.

– გისმენთ, მერაბ კონსტანტინოვიჩ.

– ლეიტენანტი პროხოროვი გამომაყოლეთ მილიციის განყოფილებაში, რომ ჩვენება მოგვცეს და აღწეროს, თუ როგორ და სად აღმოაჩინეს გვამები. კარგი?

– კეთილი. მეც წამოვყვები და სხვა ჯარისკაცებიც მოგცემენ ჩვენებას, თუ საჭიროა, – მიუგო მერაბს ბასკოვმა.

სამხედროებმა რომ ჩვენებები დაწერეს, დილის ექვსი საათი შესრულდა. მერაბმა სათითაოდ გადაუხადა მათ მადლობა. ბასკოვი კი გვერდზე გაიხმო და უთხრა:

– პოლკოვნიკო, თქვენთან ვალში ვარ. ახლა ისეთ მდგომარეობაში ვიმყოფები, ყურადღებას ვერ გაქცევთ. ბოდიშს გიხდით. მაგრამ, აუცილებლად შევხვდებით და მერე მე ვიცი.

  – მითხრეს უკვე. თქვენი მამობილი მოუკლავთ და ძალიან ვწუხვარ. მიხედეთ საქმეს. ჩვენ კი აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს, – პოლკოვნიკმა ბასკოვმა ხელი ჩამოართვა გამრეკელს და გამოემშვიდობა. შემდეგ თავისი ხელქვეითები „ურალში“ ჩასხა და გაგრის მილიციის განყოფილებიდან გუდაუთისკენ გაემგზავრა.

შვიდის ნახევარზე მერაბ გამრეკელს უკვე მკვლელების გაკვეთის პირველადი დასკვნა მიუტანეს. მასში პათანატომი ვარაუდს გამოთქვამდა, რომ ცხედრები მოწამლული იყო. ნახევრად შეჭმულ გვამებს მხოლოდ ცხოველების, სავარაუდოდ მგლების, კბილებით მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა. სამხედროების ჩვენებებში კი ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ გვამებს თან არანაირი ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი არ აღმოაჩნდათ და გამრეკელმა გაიფიქრა: „მკვლელები ვიღაც მესამემ წაიყვანა მთაში და როგორც ეტყობა, სასმელში გარეული საწამლავით მოკლა. თავად კი მიიმალა და მკვლელობის იარაღიც გააქრო. როგორც ეტყობა, უბედური შემთხვევის ინსცენირება უნდოდა. ნაცნობი ხელწერაა. ვასო დუმბაძეც ხომ, დაახლოებით ასე დაიღუპა“.

დილის რვა საათი რომ შესრულდა, მხოლოდ მაშინღა გაახსენდა მერაბ გამრეკელს თამარი და მართა. გაგრის მილიციის უფროსი გააფრთხილა, სახლში მივდივარო და ანჩაბაძეებთან გაემგზავრა.

მერაბი ფეხაკრეფით შევიდა სახლში. ირგვლივ ავისმომასწავებელი სიჩუმე იდგა. მაიორს თამბაქოს სუნი ეცა და ლამის გული გაუჩერდა. მილიციის მორიგე ოპერჯგუფი მთელ პარამეტრს აკონტროლებდა და გამორიცხული იყო, რომ ანჩაბაძეებთან უცხო ადამიანი შესულიყო. ამის გაფიქრებამ მერაბი ოდნავ დაამშვიდა. თუმცა, გადატენილი ტაბელური იარაღი არ შეუნახავს და თამარის საძინებელში ფრთხილად შეიხედა. თამარს მშვიდად ეძინა. მაიორი სამზარეულოში შევიდა და შეცბა... მართა მაგიდასთან იჯდა და პაპიროსს აბოლებდა. უზარმაზარი საფერფლე ნამწვავებით იყო სავსე. მაიორმა პისტოლეტი შეინახა და სიდედრს მიესალმა:

– დილა მშვიდობისა, ქალბატონო მართა. როგორ ხართ?

– დაჯექი, მერაბ. დაღლილი იქნები და დაისვენე, – მიუგო მართამ და პაპიროსი საფერფლეში ჩაასრისა, – რაც ჩემი მეუღლე გარდაიცვალა, იმის მერე დავიწყე მოწევა და შენ პირველი ხარ, ვინც ეს შეიტყო.

– ქალბატონო მართა, დაიძინეთ. გეტყობათ, რომ მთელი ღამე გაგითენებიათ.

– არა, შვილო, რა დამაძინებს. დაჯექი, რაღაც უნდა გითხრა.

– გისმენთ, – თქვა მერაბმა და სკამზე ჩამოჯდა.

მართამ თვალი თვალში გაუყარა სიძეს და გაფითრებული სახით უთხრა:

– შენ რომ წახვედი, თამარი დავაძინე და მილიციაში დავრეკე. იქ კი ასთამურის ამბავი მითხრეს.

– ესე იგი, ყველაფერი იცით? – გაფითრდა მერაბიც.

– ჩუმად. თამარმა არ გაიგოს. როგორმე თბილისში უნდა გავიტყუოთ. მეშინია, რამე არ დაემართოს, – თქვა მართამ. მერაბი ძალიან გააოცა სიდედრის ასეთმა სიმტკიცემ.

– დიახ, მართალი ხართ, – მიუგო მერაბმა და თვალზე ცრემლი მოადგა...

– ამხანაგო გენერალო! ვაჟა ზვიადაური მოვიდა და შემოვუშვა? – მოესმა სელექტორიდან თანაშემწის ხმა მერაბ გამრეკელს და წარსულის მოგონებებიდან გამოერკვა.

***

– შემოვიდეს, – თქვა გენერალ-ლეიტენანტმა მერაბ გამრეკელმა. სელექტორი გათიშა. წითელი საქაღალდე დახურა და სავარძელში გაიზმორა.

 – შეიძლება, ამხანაგო მინისტრო? – იკითხა პოდპოლკოვნიკმა ვაჟა ზვიადაურმა და კაბინეტის კარი მიხურა.

– შემოდი. დაჯექი, – გამრეკელმა დაბალ სავარძელზე მიუთითა ზვიადაურს. წითელ საქაღალდეს დასწვდა, მაგიდას შემოუარა. ახალმოსულს ხელი ჩამოართვა, მის წინ მოკალათდა სავარძელში, საქაღალდე დაბალ მაგიდაზე დადო და ჰკითხა, – როგორ ხარ?

– გმადლობთ, არა მიშავს. თქვენ როგორ გიკითხოთ?

– ამ ბოლო დროს ძალიან ვიღლები. ღამისთევა მიჭირს. არა და იმდენი საქმეა, რომ კვირაში ორი-სამი ღამის გათენება მიწევს.

– დეიდა მერი როგორაა?

– ბერდება დედაჩემი. მაგრამ გულს არ იტეხს და სახლში ფუსფუსებს.

– თქვენი სიდედრი?

– მართაც ძალიან მოტყდა. ამ ბოლო დროს ხშირად ავადმყოფობს. ვეხვეწებით, ჩვენთან გადმოვიდეს საცხოვრებლად, მაგრამ არ შვრება. გაგრა არ ეთმობა. ასე ამბობს, ჩემი ქმრის, სერგისა და ასთამურის საფლავებს ვერ მივატოვებო. ამიტომ, თამარი თბილისსა და გაგრას შორისაა გაბმული და ხშირად აკითხავს დედამისს.

– ქალბატონი თამარი და ბავშვები ხომ კარგად არიან?

– თამარი, მე მგონი, ჩემზე უფრო გადატვირთულია. თუ გაგრაში არაა და მძიმე ავადმყოფი ჰყავს, ორ-სამ ღამეს საავადმყოფოში ათევს. ზოგჯერ ისე გადის ერთი კვირა, ერთმანეთს ვერც ვხვდებით და ტელეფონით ვლაპარაკობთ, – თქვა გამრეკელმა და გაეღიმა, – კოტე პირველ კურსს ხურავს იურიდიულზე. მერი და მართა სკოლას ამთავრებენ გაისად. გიორგი კი მომავალ წელს სკოლაში შედის.

– ბედნიერი კაცი ხართ. ბევრი შვილი კარგია, – თქვა ზვიადაურმა.

– მერე, რას უყურებ? მოიყვანე ცოლი და ამრავლე ქართველები. ქრისტეს ასაკში ხარ და დროა, ოჯახს მოეკიდო.

– დრო კი არის, მაგრამ იმდენი საქმე მაქვს,  ცოლის მოსაყვანად ვერ ვიცლი.

– უნდა მოიცალო. ერთი კარგი გოგო ნახე და მოიყვანე ცოლად. ნუთუ, არავინ გყავს შეთვალიერებული?

– მყავს, – გაეღიმა ზვიადაურს.

– ჰო და მიდი. ერთი კარგი ქორწილი გადავიხადოთ და თამადა მე ვიქნები.

– თანახმა ვარ.

– კარგი. ახლა საქმეზე გადავიდეთ. რა ჰქენი, მოიფიქრე რამე?

– დიახ. ოპერაციის გეგმა მზად მაქვს. ჩოჩიანის ბანდაში გამოცდილ ოპერმუშაკს ჩავნერგავთ. ის ინფორმაციებსა და სამხილებს მოიპოვებს და ვერსად წაგვივლენ. ვფიქრობ, ამჯერად ყველაფერი გამოგვივა და ბოროტმოქმედებს საბრალდებო სკამზე დავსვამთ. ჩემი აზრით, მაქსიმუმ ერთ წელიწადში ამ ბანდას წერტილს დავუსვამთ.

ვაჟა ზვიადაურის სიტყვებმა მერაბ გამრეკელს საკუთარი თავი გაახსენა და გაეცინა. მრავალი წლის წინ, მაიორი მერაბ გამრეკელი, ამ კაბინეტში თითქმის იმავეს უმტკიცებდა გენერალ კოტე თავართქილაძეს ფანტომის ბანდის თაობაზე და იმედოვნებდა, რომ ძალიან მალე მოახერხებდა ბანდის სრულ ლიკვიდაციას. გენერალ-ლეიტენანტმა სიგარეტი გააბოლა და ზვიადაურს უთხრა:

– ამის გაკეთება არცთუ ისე ადვილია. ოპერაციის კონკრეტული დეტალები განვიხილოთ. გისმენ.

– ზორბეგ შილბანი გახსოვთ?

– რა თქმა უნდა, – გაეცინა გენერალს, – ჯერ კიდევ კაპიტანი არ ვიყავი, ეგ და „ნუცაია“, რომ კბილის ტექნიკოსის ძარცვის საქმეზე იყვნენ ძებნილები და ანანურიდან „ვოლგის“ „ბაგაჟნიკით“ ჩამოიყვანე თბილისში?!

– დიახ, – გაეცინა ზვიადაურსაც, – მაშინ მათ ათ-ათი წელი მიუსაჯეს. „ნუცაია“ მორდოვიის ერთ-ერთი „ზონის“ საქათმეში მოკლეს კოლეგებმა. შილბანი კი ოთხ წელიწადში გამოვიდა და რუსეთში დარჩა. ახლა ლენინგრადში ცხოვრობს და თავისი ბანდა ჰყავს. მისი „გალავარეზები“ ნახევარ ქალაქს აკონტროლებენ. თავიანთ ტერიტორიაზე არავის აჭაჭანებენ და დიდ ფულს შოულობენ. თავად შილბანი ოფიციალურად არაფერშია გარეული. ამიტომ მილიცია ვერ ეხება. მის რომელიმე „პეშკას“ თუ ჩაავლებენ, ხმას არავინ იღებს. ვინც ჩვენების მიცემას დააპირებს, კლავენ. ასეთი სამი კაცი ჰყავთ უკვე მოშორებული. ერთი სიტყვით, კარგად ორგანიზებული დაჯგუფებაა და ყველაზე მთავარი ისაა, რომ ეგ ზორბეგ შილბანი რუზგენ ჩოჩიანის მარჯვენა ხელი და მისი წარმომადგენელია ლენინგრადში. წყალი არ გაუვა იმ ფაქტს, რომ იქაური შავ-ბნელი საქმეებიდან შემოსული ფულის დიდი ნაწილი აქ, თბილისში ჩამოდის ჩოჩიანთან. ერთი სიტყვით, რუზგენი ზორბეგს ენდობა და სწორედ შილბანის მეშვეობით ვაპირებთ ოპერმუშაკის ჩანერგვას რუზგან ჩოჩიანის ახლო გარემოცვაში.

– ესე იგი, ზორბეგ შილბანი კარგად იცნობს ჩვენს კოლეგას და ენდობა.

– არა. ზორბეგი საერთოდ არ იცნობს მას.

– მაშინ, როგორ აპირებ ამის განხორციელებას?

– ლენინგრადის „კრესტებში“ თხუთმეტწლიან სასჯელს იხდის ვინმე სევა ბაშაროვი, მეტსახელად „კნუტი“, ანუ მათრახი. ბაშაროვი და შილბანი ქვისლები არიან და დები ჰყავთ ცოლებად. თუმცა, ერთმანეთი უფრო ადრე გაიცნეს, ციმბირში, როდესაც ძარცვის საქმეზე იჯდა. „კნუტი“ ქურდი არაა, მაგრამ დიდი ავტორიტეტია და ქურდებზე არანაკლებ პატივს სცემენ შავ სამყაროში. „კნუტი“ კარგად იცნობს ჩვენს ოპერმუშაკს. მე ჯერ კიდევ მოსკოვში ვმუშაობდი, როცა ერთი ოპერაცია ჩავატარეთ. სწორედ მაშინ გაიცნო ჩვენმა კოლეგამ „კნუტი“ და მისი მეშვეობით გავხსენით ერთი ჩახლართული საქმე. ბაშაროვს ჩვენი ოპერმუშაკი თავზე ხელაღებული ბოროტმოქმედი ჰგონია. ამიტომ, ის ზორბეგ შილბანთან გაუწევს მას რეკომენდაციას. შილბანის მეშვეობით კი, მას უკვე რუზგენ ჩოჩიანის ახლო გარემოცვაში ჩავნერგავთ.

– ჩვენი კოლეგა და „კნუტი“ სად შეხვდებიან ერთმანეთს?

– „კრესტებში“.

– „კრესტებში“ – როგორ?

– ლეგენდის მიხედვით, ჩვენი ოპერმუშაკი ახლა სასჯელს იხდის ციმბირში და ექვს თვეში უნდა გათავისუფლდეს. მას ჩვენ ლენინგრადში „გადმოვიყვანთ“. „კრესტებში“ და ბაშაროვს იქ შეხვდება. ჩვენი კოლეგა ისე მოაწყობს ყველაფერს, რომ „კნუტი“ თავადვე შესთავაზებს შილბანის გაცნობას.

– შილბანისგან ჩოჩიანთან როგორღა მოხვდება? რუზგენი იოლად არავის იკარებს ახლოს. ასე რომ მოხდეს, საამისოდ ძალიან სერიოზული მიზეზი უნდა არსებობდეს.

– დიდი ფული, ბატონო მერაბ. როგორც კი ჩოჩიანი დარწმუნდება, რომ დიდ მოგებას მიიღებს, ჩვენს კოლეგას დაიახლოებს და ჩვენს თამაშს ვათამაშებთ. ბოლოს კი ყველას ერთად გავაბამთ მახეში.

– კონკრეტულად როგორ აპირებ ამის გაკეთებას.

– ნარკოტიკებზე უნდა წამოვიკიდოთ. ჩვენი კაცი შილბანს შესთავაზებს ავღანური ჰეროინის ტრანსპორტირებას ტაჯიკეთიდან თბილისში. შილბანი კი ამას ჩოჩიანის გარეშე არ გააკეთებს და ჯერ რუზგენს თავად დაელაპარაკება, შემდეგ კი ჩვენს ოპერმუშაკს შეახვედრებს მას. თავად თუ არ დაელაპარაკება რუზგენ ჩოჩიანი ჩვენს კოლეგას, მაშინ თავის ნდობით აღჭურვილ პირს გაგზავნის და მოვლენების განვითარებას გვერდიდან დააკვირდება. როცა დარწმუნდება, რომ შილბანის მიერ რეკომენდებული კაცი „სუფთაა“, უკვე პირადად შეხვდება მას. დანარჩენი კი ჩვენმა კოლეგამ იცის. ის ნდობაში შევა ჩოჩიანთან. დაუახლოვდება და ბოლოს გააბამს.

– ტაჯიკეთიდან ავღანურ ჰეროინს ვინ მოგაწვდით?

– გვაქვს არხი. ქალაქ დუშანბეში ვინმე ნიაზ მუჰამედოვი ცხოვრობს. სამხედროა და პოლკოვნიკის ჩინს ატარებს. არ ვიცი, როგორ ახერხებს ამის გაკეთებას, მაგრამ მას შემოაქვს ავღანური ჰეროინი ტაჯიკეთში. ფულს გადაუხდი და გამოგატანს. ჩვენი კოლეგა მას კარგად იცნობს. ერთ-ერთი ოპერაციის ჩატარების დროს დაუახლოვდა და მუჰამედოვს ჩვენი კოლეგა ბოროტმოქმედი ჰგონია. ჰეროინს მისგან წამოვიღებთ.

– როგორც ეტყობა, ეგ მუჰამედოვი მესაზღვრეებთანაა შეკრული. ფულს უხდის მათ და ნარკოტიკებს დაუბრკოლებლად ატარებენ საზღვარზე. თავად ტაჯიკეთში კი მილიციის მაღალჩინოსნები ეყოლება მოსყიდული და ამიტომ არ ახლებენ ხელს.

– დიახ. მასე იქნება. ფული ჯოჯოხეთს ანათებსო, ხომ გაგიგონიათ. რაც შუა აზიაში ხდება, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და მოსკოვიც კი უძლურია იქ. ცენტრში ეყოლება დიდი მფარველი და ამიტომ.

– სამწუხაროდ, ალბათ, მასეა. მაგრამ ჩვენს საქმეს დავუბრუნდეთ. მუჰამედოვს ჰეროინის ფულს ვინ გადაუხდის, ჩოჩიანი?

– თავიდან რუზგენ ჩოჩიანი ამას არ იზამს და ჩემი გეგმით, ეს არცაა გათვალისწინებული. სამ-ოთხჯერ ჩვენ უნდა განვახორციელოთ საკონტროლო შესყიდვები. ჩოჩიანის ხალხი კი მხოლოდ ტრანსპორტირებას განახორციელებენ. როდესაც ჩოჩიანი დარწმუნდება, რომ ნარკოარხი აეწყო და დიდ ფულს იშოვის, უკვე თავადვე მოინდომებს ამ საქმის ხელში ჩაგდებას. სწორედ აქ დაუშვებს შეცდომას და პირველივე მსხვილი პარტიის ჩამოტანისთანავე, ჩავავლებთ მთელ მის ბანდას მისივე თამადობით.

– ნარკოტიკების მიმღებიც, ალბათ, ჩვენი კაცი უნდა იყოს, ხომ?

– ჩვენი, მაგრამ არა ოპერმუშაკი.

– მაინც ვინ?

– „მორფინა“.

– ზაურ ხრიკული, მეიდნელი ბარიგა?

– დიახ. სწორედ ის. მორფინამ სასჯელი მოიხადა და ახლა სოჩაში ცხოვრობს.

– ისევ ბარიგობს?

– არა. რაში სჭირდება. ბარიგობით ნაშოვნი ფულით კარ-მიდამო იყიდა ზღვის პირას. კოოპერატივი გახსნა და ბაირამობს. არადა, მისმა წამალმა რამდენი ადამიანი გააუბედურა.

– თუ სოჩაში ცხოვრობს, თანაც აღარ ბარიგობს, მაშინ როგორ დაითანხმებ ამ საქმეში მონაწილეობაზე?

– კომპრომატით, ამხანაგო გენერალო.

– ისეთი რა კომპრომატი გაქვს?

– კანონიერი ქურდის ცოლი მისი საყვარელი იყო, როდესაც ის ციხეში იჯდა. ქურდი ახლა გარეთაა და ცოლთან ერთად ცხოვრობს. მე მაქვს მათი ინტიმური ურთიერთობების ვიდეოკადრები და ამის მეშვეობით დავითანხმებ ჩვენთან თანამშრომლობაზე.

– ეს კადრები საიდან მოიპოვე?

– სრულიად შემთხვევით. მოსკოვის ერთ-ერთ სასტუმროში „ობიექტს“ ვუთვალთვალებდით და ნომერ ლუქსში ჩამწერი აპარატურა დავაყენეთ. ისე მოხდა, რომ აპარატურა გვიან მოხსნეს ჩვენმა ბიჭებმა და მასალას რომ ვშიფრავდით, სანამ ზედმეტ კადრებს წაშლიდნენ, გადმოვიწერე და შევინახე. სასტუმროს ის ნომერი ბორდელის ფუნქციას ასრულებდა და მორფინას სწორედ იქ დაჰყავდა თავისი საყვარელი.

– გასაგებია. ესე იგი, მე ჩვენი სპეცფონდიდან ფული უნდა გამოვყო ამ ოპერაციაზე.

– დიახ.

– რა თანხაზეა საუბარი?

– ჩემი გათვლებით, ორი მილიონი მანეთი ეყოფა მთელ ამ ოპერაციას. რა თქმა უნდა, მთელ თანხას უკანვე დავიბრუნებთ, როდესაც ოპერაცია დასრულდება და ჩოჩიანსა და მის დამქაშებს დავაპატიმრებთ. მათ ქონებას კი კონფისკაციას გავუკეთებთ.

– ორი მილიონი მანეთი ძალიან დიდი ფულია, მაგრამ ჩიტი ბდღვნად ღირს. თუმცა, იმის სრული გარანტია არ გვაქვს, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდება.

– ოპერაციის გეგმა არ მოგწონთ?

– პირიქით. ძალიან დახვეწილი და მრავალსვლიანი კომბინაციაა.

– მაშინ, რა პრობლემაა, ბატონო მერაბ?

– არა, ჩანერგვის გეგმა ნამდვილად ძალიან კარგია, შეიძლება ითქვას, იდეალური. მთლიანად ოპერაციაც მშვენივრადაა მოფიქრებული და წესით, ჩვენთვის სასურველი შედეგი უნდა მივიღოთ. მე უფრო სუბიექტური ფაქტორები მაფიქრებს.

– სუბიექტური? – გაიმეორა ვაჟა ზვიადაურმა და მერაბ გამრეკელს უთხრა, – ბოდიშს გიხდით ამხანაგო გენერალო, მაგრამ ვერ ვხვდები, სუბიექტურ ფაქტორებში რას გულისხმობთ?

– თუნდაც შემთხვევითობას.

– მაინც, რას, კონკრეტულად, ბატონო მერაბ?

– ჩვენი ჩანერგილი კოლეგისა და მორფინას გამჟღავნებას. ხომ შეიძლება, ჩვენი თანამშრომელი ვინმემ იცნოს? ან, მორფინამ საკუთარი თავი გაამჟღავნოს?

– გამორიცხულია, ბატონო მერაბ... მორფინას ისე ძლიერ უყვარს თავი და ისეთი არტისტია, არავითარ შემთხვევაში არ დაიწვება, უმაღლეს დონეზე შეასრულებს თავის როლს. თანაც, რა საფრთხე უნდა ემუქრებოდეს მას? საქვეყნოდ ცნობილი ბარიგაა და რა არის იმაში გასაკვირი, რომ ჰეროინზე ჩალიჩობს? „პერესტროიკაა“. საზღვრები გახსნილია და ბევრად მეტი ასპარეზია ნარკობიზნესის საწარმოებლად. ჩემი გეგმის ერთ-ერთი დედაბოძიც სწორედ ესაა და დარწმუნებული ვარ, ეს ფაქტორი გადააწყვეტინებს რუზგენ ჩოჩიანს მისთვის დამღუპველი ნაბიჯის გადადგმას. შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ. მორფინასგან არანაირი საფრთხე არ ემუქრება ჩვენს გეგმას.

– ჩვენი კოლეგა რომ გაიშიფროს?

– გამორიცხულია, ბატონო მერაბ. მას კარგად იცნობენ შავ სამყაროში და ყველას პირწავარდნილ რეციდივისტად მიაჩნია. ოცდაერთი წლის ასაკიდან, ანუ თერთმეტი წლის განმავლობაში, სულ შავ სამყაროში ტრიალებს. მისი დოსიე დაშიფრულია და გენერალ-მაიორ პავლე ლიადოვს აქვს შენახული საგანგებო სეიფში. მისი ვინაობა იცის მან და მე. დანარჩენი სამყაროსთვის კი ის რეციდივისტია და მორჩა. მას არც ლიადოვი გაშიფრავს და არც მე. საკუთრ თავს კი ის არანაირად არ „დაიწვავს“. უმაღლესი დონის პროფესიონალია და მისგან შეცდომა გამორიცხულია, – თქვა ვაჟა ზვიადაურმა და მინისტრს მიაჩერდა. გამრეკელს კი გაეღიმა და მიუგო:

– ისე დამაჯერებლად ლაპარაკობ, შენს სიტყვებში ეჭვს ვერ შეიტანს კაცი. მე თუ მაქვს უფლება, რომ ჩვენი კოლეგის ვინაობა შევიტყო?

– რას ბრძანებთ, ამხანაგო გენერალო? ამას კითხვა რად უნდა. ჩვენი კოლეგა გივი ჯაფარიძეა, პოდპოლკოვნიკი. ჩემზე ერთი წლით უმცროსია და მოსკოვში ცხოვრობს. ჰყავს მეუღლე თეა და სამი წლის ვაჟი – ჯაბა. ის ჩემი ნათლულია. მე და გივიმ ერთად დავამთავრეთ მილიციის სპეცსკოლა. მე იქ უნივერსიტეტის მეორე კურსიდან მოვხვდი. აი, გივი კი – ცოტა სხვა გზით.

– საბრალდებო სკამიდან ხომ არა? – გაეცინა გამრეკელს.

– თითქმის, – მიუგო ზვიადაურმა და დაამატა, – გივი მოსკოვში სწავლობდა, თეატრალურ ინსტიტუტში. პირველ კურსზე იყო, საერთო საცხოვრებელში ჩხუბი რომ მოუვიდა. სამი კაცი ისე სცემა, ყველანი საავადმყოფოში მოხვდნენ. ამის გამო გივი დააპატიმრეს და ხულიგნობისთვის უნდა გაესამართლებინათ, მაგრამ ლიადოვმა უშველა. მანვე გაუწია რეკომენდაცია მილიციის სპეცსკოლაში და ასე გახდა მილიციელი.

– თავისი გვარით მოღვაწეობს?

– დიახ.

– ცოლმა თუ იცის მისი მილიციელობის შესახებ?

– იცის.

– ესე იგი, მე: მეოთხე ვარ, ვინც გივი ჯაფარიძის ამბავი იცის.

– დიახ. ასეა.

– შენ კი თქვი, რომ მე და ლიადოვმა ვიცითო მხოლოდ.

– ცოლი არ ჩამითვლია, ბატონო მერაბ.

– რატომ?

– ცოლი ხომ ქმრის მეორე ნახევარია და ორივე კი ერთ მთლიანს წარმოადგენენ, – ნახევრად ხუმრობით თქვა პოდპოლკოვნიკმა, გენერალმა კი მიუგო:

– სწორედაც რომ, ასეა და ტყუილად ამბობ ირონიით. მოიყვან ცოლს და თავადვე დარწმუნდები. თამარი რომ არ მედგეს გვერდით, ბევრს ვერაფერს მივაღწევდი. ცოლი ქმრის მყარი ზურგია, მით უმეტეს, ჩვენთვის.

– კარგი ცოლი – კი. მაგრამ, ცუდებიც ხომ არსებობენ? – გაეცინა ზვიადაურს.

– ცუდი ცოლი ცუდი ქმრის ბრალია, – მტკიცედ თქვა გამრეკელმა. შემდეგ დაფიქრდა და დაამატა, – ისევე, როგორც ცუდი ქმარი ცუდი ცოლის ბრალია.

– „ფერი ფერს და მადლი ღმერთსო“, ხომ, ამხანაგო გენერალო!

– კი, ბატონო, მასეა, – მიუგო გამრეკელმა თან, ჰკითხა, – ჯაფარიძე უკვე ჩააყენე საქმის კურსში?

– ჯერ არა. თქვენი თანხმობის გარეშე, აბა, რა აზრი ჰქონდა?

– თანხმობა მიღებული გაქვს. გეგმას ვამტკიცებ და შეგიძლია, იმოქმედო. მაგრამ... – თქვა გენერალმა. წითელ საქაღალდეს დახედა. შემდეგ პაუზა გააკეთა, ჩაფიქრდა და სიგარეტი გააბოლა, – ვაჟა, ახლა ისეთ რამეს გეტყვი, რაც თითქმის ოცი წელია, არავისთვის მითქვამს, გულში ვინახავდი. მაგრამ, ისეთი ოპერაციაა დაგეგმილი, ვფიქრობ, შენ ეს აუცილებლად უნდა იცოდე.

– ბრძანეთ, ბატონო მერაბ. ყურადღებით გისმენთ.

მერაბ გამრეკელმა ვაჟა ზვიადაურს დაწვრილებით მოუყვა მრავალი წლის წინ აფხაზეთში მომხდარი მკვლელობებისა და ფანტომის ბანდის შესახებ. ბოლოს წითელი საქაღალდე გადაშალა, საკუთარი ხელით შედგენილი ცხრილი ამოიღო, პოდპოლკოვნიკს წინ დაუდო და უთხრა:

– წაიკითხე. გრაფაში „ფანტომი“ წერია ჯონდო სარია. ყველას ეს გაშიფრული სქემა ჰგონია. ფანტომად სარია იქნა მიჩნეული. მკვლელობები კი გახსნილად გამოცხადდა და საქმე დაიხურა. ერთადერთი რუზგენ ჩოჩიანი იმყოფებოდა ძებნაში და ისიც ერთი წლის მერე კიევში დააპატიმრეს ყაჩაღობაზე. გაასამართლეს და თორმეტი წელი მიუსაჯეს, თუმცა რვა წლის მერე ციხიდან გამოვიდა. მე კიევშიც კი ვიყავი ჩასული და დავკითხე ჩოჩიანი, მაგრამ ამ დაკითხვამ ახალი არაფერი შემატა ამ საქმეს. დღემდე ვფიქრობ, რომ მაშინ ჩვენ შეცდომა დავუშვით. სარია არ იყო ფანტომი და ნამდვილი ფანტომი ხელიდან დაგვისხლტა.

– სხვაზე გქონდათ ეჭვი?

– კი. სხვაზე და სწორედ ეს უნდა გითხრა, – თქვა გამრეკელმა და ისევ განაგრძო, – ფანტომი მაიორი ნესტორ პესკასელი მეგონა. მაგრამ, როგორც ეტყობა, შევცდი. მას დიდი ტრაგედია შეემთხვა. ცოლი ტრაგიკულად დაეღუპა და რუსეთში გადაიხვეწა. თუმცა, ვცდილობდი, რომ თვალთახედვის არედან არ დამკარგვოდა, იმედი მქონდა, ადრე თუ გვიან გამოვიჭერდი და ვამხელდი. ამასობაში ჩემი მამობილი მოკლეს. შემდეგ თამარმა იმშობიარა და რამე რომ არ დამართნოდა, მე და მართამ მას ასთამურ შამბას ამბავი დავუმალეთ. მხოლოდ ექვსი თვის მერე შეიტყო ჩემმა ცოლმა ბიძამისის დაღუპვის შესახებ. ერთი სიტყვით, იმ პერიოდში მთლიანად ოჯახზე ვიყავი  გადართული და პესკასელისთვის არ მეცალა. ყველაფერი რომ დალაგდა, ნესტორი მოვიკითხე და აღმოჩნდა, რომ თურმე, ის უცხოეთში გაუგზავნიათ სამუშაოდ. ვის და რატომ, ვერ დავადგინე, თუმცა, ბევრი ვეცადე. მხოლოდ ის გავიგე, რომ ნესტორს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუწყია მუშაობა და ამ ხაზით გაუგზავნიათ უცხოეთში.

– სად მილიცია და სად დიპლომატიური სამსახური, – თქვა ზვიადაურმა.

– მაშინ, მეც სწორედ ეს მიკვირდა, მაგრამ არც მთლად მასე ყოფილა საქმე. ნესტორს უშიშროებაში დაუწყია მუშაობა. არც კი ვიცოდი და მას თურმე ინგლისური და გერმანული ენებიც მშვენივრად სცოდნია. რეკომენდაცია მისთვის მისივე ჯგუფელს გაუწევია, ვისთანაც ის მოსკოვში ცხოვრობდა. ახლა ნესტორ პესკასელი „კაგებეს“ გენერალ-მაიორია. მოსკოვში ცხოვრობს და საგარეო დაზვერვის ერთ-ერთ განყოფილებას უდგას სათავეში. ერთი სიტყვით, გამოდის, რომ არც ნესტორ პესკასელი ყოფილა ფანტომი და ვცდებოდი. „კაგებეში“, თანაც საგარეო დაზვერვაში სამუშაოდ საგულდაგულოდ შემოწმებულ ხალხს იღებენ და არ მგონია, პესკასელის შემთხვევაში შემცდარიყვნენ. „კაგებეში“ მეგობარი მყავს, პოლკოვნიკი პავლე ნოჟკინი და იმან მომიყვა პესკასელის შესახებ. ასე რომ, ფანტომი ბევრად უფრო ვერაგი და მოუხელთებელი ყოფილა, ვიდრე მე ვვარაუდობდი ამ წლების განმავლობაში.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3