კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როცა ქალს უყვარს...

თიკომ სიამოვნებით მოსვა ყავის ბოლო ყლუპი და თვალები მინაბა:

– მმმ.... მართლა არაჩვეულებრივია... დიდი ხანია, ასეთი ყავა არ დამილევია.

– ხომ გითხარი, კოტე ძუნწი არ არის-მეთქი. ყოველთვის განსაკუთრებულ ყავას, ტკბილეულსა და სასმელს ყიდულობს.

– ალბათ, განსაკუთრებული სტუმრები ჰყავს ხოლმე და თავის მოსაწონებლად სჭირდება.

– სტუმრებიც ჰყავს, მაგრამ, ხასიათიც ისეთი აქვს, უბრალო არაფერი უყვარს. ისე, თვითონ ძალიან იშვიათად სვამს აქ და, თანაც, მხოლოდ ჩაის. იმ დღეს კი გამაოცა... – თამრიკო მოსაყოლად მოემზადა... 

„ეს მაგარი ჭორიკანაა, – გაიფიქრა თიკომ, – ან, დიდი ხანია, არავისთან ულაპარაკია“...

– გაგაოცა? რით?

– რაც ოფისში ვისკი იყო, სულ დალია გადავირიე. ამდენი წელია, მასთან ვმუშაობ და მსგავსი არაფერი უქნია. რა დაემართა, დღესაც არ ვიცი.

 – განერვიულებული იყო, ალბათ, ან, ცოლთან იჩხუბა, – გაუღიმა თიკომ.

– არა მგონია, – დაეჭვებით გადააქნია თავი თამრიკომ, – ცოტა არაადეკვატური მომეჩვენა...

– ვერაფერს დაუკავშირე? – ფრთხილად ჩაეკითხა თიკო, მაგრამ, ასეთი წინდახედულობა საჭირო არ იყო – თამრიკო ბოლომდე შევიდა აზარტში და გაჩუმებას აღარ აპირებდა, მით უმეტეს, წვრილმანებს საერთოდ არც მიაქცევდა ყურადღებას.

– იცი, ვიფიქრე და, მგონი, ამ წერილის მიღების შემდეგ შეიცვალა, რომელიც ვიღაც უცნაურმა ტიპმა დაუტოვა... თუმცა, არა... მგონი, ის ტიპი რომ იყო და წავიდა, მაშინ დალია. მე გამიშვა და გამოთვრა... მეორე დღეს მეკითხებოდა, ვისკი რომ გვქონდა შენახული, რა უყავი, დალევა მინდოდა და ვერ ვიპოვეო.

თიკოს გონება გაუნათდა: გაახსენდა, როგორ ნერვიულობდა ლენუკა, კოტე მთვრალი რომ მოვიდა სახლში და იაპონური ლარნაკი გაუტეხა... ეს ორი ამბავი ერთმანეთთან აშკარად იყო კავშირში, მაგრამ, კონკრეტიკა აკლდა.

– იქნებ, საყვარელი გაიჩინა? – ჰკითხა თამრიკოს და უხერხულად გაიღიმა, – მგონი, ძალიან ცუდად ვიქცევი და მეტისმეტ ცნობისმოყვარეობას ვიჩენ...

– არა, რას ამბობ? სრულიად ბუნებრივი შეკითხვაა, – ხელები გაასავსავა თამრიკომ და ერთბაშად ჩურჩულზე გადავიდა: – გოგო, მეც დიდი ხანია, ეჭვი მაქვს, რომ ვიღაც ჰყავს, მაგრამ, ვერ გამოვიჭირე.

„ვერ გამოვიჭირე“ – ცოლივით ნათქვამი გამოუვიდა თამრიკოს და თიკომ ლამის გადაიხარხარა, მაგრამ მაშინვე იმასაც მიხვდა, რომ სიფრთხილე არ აწყენდა – თავი არ უნდა გაეყიდა.

– შენ როგორ უნდა გამოიჭირო? ან, რისთვის გჭირდება, მის ცოლს რომ უთხრა?

თამრიკო შეიჭმუხნა.

– არა! ლენუკას ამ სიამოვნებას არ მივანიჭებ. არც იმ კატეგორიას მივეკუთვნები, სეირის ყურება რომ უყვართ... რა სისულელეა! უბრალოდ, მე თვითონ მაინტერესებს. კოტე ისეთი ტიპია, შეუძლებელია, ვინმესთან არ დაძვრებოდეს, მაგრამ, გადამეტებულ სიფრთხილეს იჩენს.

– ჰო? – ვითომ გულგრილად ჰკითხა თიკომ.

– ჰოდა, აქედან ორი დასკვნის გაკეთება შეიძლება: – ან კოტეს ცოლის ეშინია, რაც სიმართლესთან ახლოს არის, ან, ორივესი ერთად ეშინია – ცოლისაც და საყვარლისაც. 

– ვერაფერი გავიგე, – მხრები აიჩეჩა თიკომ.

– შეიძლება, რაღაცას ისე ვერ ვამბობ, მაგრამ, ასეა. ისე, ყველა კაცი კურდღელივით მშიშარაა და კოტე რატომ იქნება გამონაკლისი?!

– შეიძლება, არც ჰყავს საყვარელი, თუკი მართლაც ასეთი მშიშარაა.

– გამორიცხულია. კოტეს რომ იცნობდე, შენც ეჭვი შეგეპარებოდა. უბრალოდ, კარგად ინიღბება. მე რამდენიმე ისეთი ფაქტი მაქვს...

თიკოს ფერი ეცვალა. ეს ქალი დიდ საშიშროებას არ წარმოადგენდა მისთვის, მაგრამ, თავისი სისულელით რაღაცის გაფუჭება მაინც შეეძლო. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა გამოეწურა მისგან ინფორმაცია.

– ოჰო?! აბა, ძალიან ფრთხილიაო?! საფაქტებოდ გაიხადა საქმე? რა ფაქტები გაქვს ამისთანა?

– გადახდის ჩეკები! – თვალი ჩაუკრა თამრიკომ, – ჰო, საკმაოდ სოლიდური თანხები აქვს ფირმიდან აღებული და წაღებული არამიზნობრივად... ანუ, არასაჭიროებისამებრ. ხვდები, ხომ, რაზეა საუბარი?

– ვერა, – სულ გამოიშტერა თავი თიკომ.

– საყვარლის საჩუქრებზე დახარჯა, რა!.. ერთხელ კიდევ, აეროფლოტის ორი ბილეთი შეუკვეთა და, ზუსტად ვიცი, რომ მაშინ ლენუკას თბილისიდან ფეხი არ გაუდგამს.

საქმე იმაზე გაცილებით რთულად იყო, ვიდრე თიკოს ერთი შეხედვით ეგონა. გამშრალი ტუჩები ენით დაისველა, ჩაახველა და თამრიკოს ნაძალადევად გაუღიმა:

– შენ თითქმის შერლოკ ჰოლმსივით აზროვნებ – ძალიან სერიოზული დასკვნები გაგიკეთებია.

– რა ვქნა, თავი რამით მაინც ხომ უნდა გავირთო, თორემ, ხომ გითხარი, არც ლენუკას შესაშინებლად მჭირდება და არც კოტეს დასაშანტაჟებლად.

„ეს ან ძალიან სულელია, ან მაგრად თამაშობს, – გაიფიქრა თიკომ, – ფრთხილად უნდა ვიყო“.

– დიდი მადლობა. ჩემი წასვლის დროა. კარგი იყო შენთან. ყავამ ხომ, საერთოდ, გაასწორა.

– შემომივლით ხოლმე? – თვალები გაუბრწყინდა თამრიკოს.

– აუცილებლად. მე კი ვერ გეპატიჟები ჩემთან – იქ იმდენი ვიღაც მუშაობს...

– მეც არ ვიტყოდი უარს, ერთი-ორი თანამშრომელი მაინც რომ მყოლოდა – ვზივარ აქ გამოყრუებული მთელი დღე და ან ბუღალტრულ ანგარიშებს ვითვლი, ან რაღაც სისულელეებით ვერთობი. მოკლედ, არ მოგერიდოს, ყოველთვის სიამოვნებით გიმასპინძლებ.

– მადლობელი ვარ, მაგრამ, შენი უფროსი რომ ჩამოვა, მომერიდება მაინც...

– ჰო, პრინციპში, მართალი ხარ, კოტესთან არ ღირს. იცი, რას ვიზამ? შენი მობილურის ნომერი მომეცი და დაგირეკავ ხოლმე.

– უმჯობესია, შენ მომცე ნომერი, – თავი ბოლომდე დაიზღვია თიკომ. 

თამრიკომ მხრები აიჩეჩა, პატარა ფურცელზე მობილურის ნომერი დაუწერა და მიაწოდა.

ოთახიდან რომ გამოვიდა და კარი მიხურა, თიკომ შვებით ამოისუნთქა. ახლა შეეძლო, ლენუკასთვის რაღაც ინფორმაცია მიეწოდებინა, მაგრამ, ყველაფრის მოყოლაზე თავიდანვე თქვა უარი. წერილისა და ინკოგნიტო ვიზიტორის ამბავი თავისთვის შემოინახა იმ მოსაზრებით, რომ, შეიძლება, კოტესთან ურთიერთობაში გამოსდგომოდა. თავის ოფისში რომ შევიდა, პირველი, ვინც დაინახა, ბეჟანი იყო, რომელიც გულხელდაკრეფილი იდგა მის მაგიდასთან. თიკოს მოეჩვენა, რომ ცოტათი გაბრაზებული გამომეტყველება ჰქონდა.

– სად იყავი? ნახევარ საათზე მეტია, გელოდები, – უსაყვედურა, დანახვისთანავე.

– მოსაწევად გავედი. თუ გჭირდებოდით, მობილურზე რატომ არ დამირეკეთ? მაშინვე შემოვიდოდი.

– ვცადე, მაგრამ, ტელეფონი მაგიდაზე დაგიტოვებია, – ბეჟანმა მაგიდისკენ გაიხედა. თიკომ თავისი მობილური კომპიუტერის გვერდით რომ დაინახა, გაწითლდა:

– უი, ეს როგორ დამემართა... ბოდიშს გიხდით, ბატონო ბეჟან. 

– ასე ნუ მომმართავ, ხომ გთხოვე?! – ხმადაბლა შეახსენა კაცმა, – თან, გითხარი, მოწევა რომ მოგინდება, ჩემს კაბინეტში შედი-მეთქი.

– ვიცი, მაგრამ, მომერიდა, ბატონო ბეჟან... უი, მაპატიეთ, ბეჟან... იმის თქმა მინდოდა, რომ აქ სხვებიც მუშაობენ და უხერხული იქნება, მე რომ მოსაწევად თქვენს კაბინეტში შევიდე.

– პრინციპში, მართალი ხარ. როგორ მომწონს, როცა ქალი ასე აზროვნებს. ძალიან მომწონხარ. გუშინ მთელი საღამო შენზე ვფიქრობდი. მინდოდა, დამერეკა და მომერიდა – არ შევაწუხო-მეთქი... შეგიძლია, ერთი წუთი ჩემს კაბინეტში შემოხვიდე?

– დიახ, რა თქმა უნდა. ახლავე, კალამსა და ბლოკნოტს ავიღებ.

– არა, არა, ისეთი არაფერია, ჩაწერა არ დაგჭირდება. უბრალოდ, შემოდი...

ბეჟანი გავიდა. თიკომ ჩანთიდან პატარა სარკე ამოიღო, თმა შეისწორა, მოწესრიგდა და კაცს უკან გაჰყვა. მანამდე მოასწრო და უპასუხოდ დატოვებული ზარები შეამოწმა. ერთი უცხოეთიდან შემოსული ზარი იყო. ლენუკასაც დაურეკავს, მინიმუმ ათჯერ მაინც...

ოთახში შესულ თიკოს ბეჟანმა თავაზიანად შესთავაზა სავარძელი.

– პატარა საჩუქარი მაქვს შენთვის, – დაიწყო ყოველგვარი შესავლის გარეშე.

– ჩემთვის? საჩუქარი? ბატონო ბეჟან, – თიკო შეცბა და ასადგომად წამოიწია.

– იჯექი, იჯექი და „ბატონ ბეჟანს” თუ ერთხელ კიდევ დამიძახებ, სამსახურიდან გაგიშვებ, იცოდე, – გაეხუმრა კაცი, – დიდი არაფერია... უბრალოდ, მინდა, რომ ჩემს საუკეთესო თანამშრომელს ყველაფერი საუკეთესო ჰქონდეს. ტელეფონი გიყიდე. ვფიქრობ, მოგეწონება. აბა, ნახე!... – ამ სიტყვებით პატარა, საფირმო ლოგოებით დამშვენებული პარკი გაუწოდა.

თიკომ პარკიდან შავი ფერის ყუთი ამოიღო, გახსნა და ძლივს შეიკავა თავი, რომ არ წამოეყვირა.

– ვაიმე, ზუსტად ასეთზე ვოცნებობდი... არც კი ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადოთ.

– ძალიან მარტივად – ყოველთვის უნდა მითხრა, რაზე ოცნებობ, – ღიმილით უთხრა კაცმა, მასთან ახლოს მივიდა და მხრებზე მოხვია ხელი. თიკოს წინააღმდეგობა არ გაუწევია... არც მაშინ განძრეულა, როცა ბეჟანის სახე და ტუჩები სულ ახლოს აღმოჩნდა მის სახესთან და ტუჩებთან...

***

კოტე თავადაც ვერ მიხვდა, რა დაემართა... ვერაფრით ვერ აშორებდა დიანას თვალს და უცნაური გრძნობა დაეუფლა: ხან სიხარულს განიცდიდა და ეს უკვირდა, ხანაც გული აუხსნელი სევდით უმძიმდებოდა. თავს ვერ ერეოდა, რომ მისთვის არ შეეხედა. ის საღამო წამებად გადაექცა. ტუჩებს იკვნეტდა ნერვიულობისგან. ერთხელ ადგა, გარეთ გავიდა და ყურადღება სხვა რამეზე რომ გადაეტანა, თიკოს დაურეკა.

ქალმა არ უპასუხა. ისედაც გაღიზიანებულმა, შეიგინა, ბარში დაბრუნდა და სწორედ იმ დროს შევიდა, როცა დიანა რაღაცაზე ხალისიანად იცინოდა... ცუდად განათებულ შენობაში მისი თვალები ვარსკვლავებივით ციმციმებდნენ, კბილები კი ისე უქათქათებდა, მათზე არეკლილი შუქი, ვნებიანად დასთამაშებდა მსხვილ, ლამაზ ტუჩებზე. კაცმა მუხლებში სისუსტე იგრძნო. გული თითქოს ამოსახტომად იყო მზად...

სანდრომ უკმაყოფილო მზერა მიაპყრო.

– არ გინდა, სახლში წახვიდე და დაისვენო? – ჰკითხა გაღიზიანებული ტონით, – გაისეირნე მაინც, თორემ, ასე მგონია, თავს ძალიან უხერხულად გრძნობ.

– არა, რატომ? თუმცა, შეიძლება, ხელს გიშლით. თუ ასეა, წავალ.

– ახლა ნუ დაიბოღმები, ძალიან გთხოვ. საწყენად არ მითქვამს.

– ვიცი. ცოტა ხანში გავალ.

– მართლა არ მინდა, რომ გაბრაზდე.

– არ გავბრაზდები. ისეთი შეუგნებელიც არ ვარ, შენ რომ გგონია.

 – მე ეგ არ მითქვამს, – აწრიალდა სანდრო, თან დეასკენ გააპარა მზერა. 

გოგო ისევ იცინოდა და ბიჭს ჟრუანტელი უვლიდა მის შემხედვარეს...

***

ლენუკამ შესვლა არ აცადა თიკოს, ისე დააყარა შეკიხვები:

– აბა, მითხარი, რა ქენი? როგორ არის საქმე? გაიცანი თამრიკო? გაიგე რამე?

– დამაცადე, ამომასუნთქე. პირდაპირ სამსახურიდან მოვდივარ. მკითხე მაინც, ყავა ხომ არ მინდა.

– ყავაც იქნება და სხვა რამეც, ოღონდ შენ არ დამუნჯდე. ისე მაინტერესებს, ცნობისმოყვარეობით ვკვდები.

– კარგი, თუ ეს დაგამშვიდებს, გეტყვი: გავიცანი თამრიკო, სიგარეტიც მოვწიეთ ერთად და ყავაც დავლიეთ.

– ჩქარა, მომიყევი!

– ვაიმე, რომ დავჯდე, არ შეიძლება? – თიკომ სავარძელში მოიკალათა. ჩანთა იქვე, იატაკზე მიაგდო. ახალი ტელეფონი კი წინ დაიდო. ლენუკამ მაშინვე შეამჩნია.

– ეს რა არის? იყიდე? რა მაგარია! ბოლოა, ხომ?!

– ჰო, ბოლოა. ბეჟანმა მიყიდა... დღეს ძალიან ნაყოფიერი დღე მქონდა.

– რა გენაღვლება, სერიოზული კავალერი იშოვე. რა გაუკეთე ამისთანა, რომ გადაირია?

– აბსოლუტურად არაფერი. უბრალოდ, შევუყვარდი! – ამაყად გამოაცხადა თიკომ.

ლენუკამ წარბი შეიკრა.

– შეუყვარდი? ოჰ, რა ადვილად ამბობ! შეაბი კაცი, ყურებით დაიჭირე და ახლა უწყინარი მტრედივით ღუღუნებ.

– ლენუკა, შენ, მგონი, თამრიკოს ამბავი გაინტერესებდა, – ამოიოხრა თიკომ.

– დიახ, ეგეც მაინტერესებს. მაგრამ, ამ ბეჟანზეც გადარეული ვარ, რამ ააცუნცრუკა ამხელა კაცი.

– რა ლაპარაკია ახლა ეს? – სერიოზულად ეწყინა თიკოს. უნდოდა ეთქვა, აცუნცრუკებული შენი ქმარია, ცოლიც რომ ჰყავს, საყვარელიც და მაინც აქეთ-იქით აცეცებს თვალებსო. ზოგჯერ ეს უთქმელობა ისე უშლიდა ნერვებს, ყელში ბურთმოწოლილი, რას არ მისცემდა, ოღონდ კი ბოღმის გადმონთხევისა და დაქალისთვის ყველაფრის პირში მიხლის საშუალება მისცემოდა.

– მოკლედ, თუ გაინტერესებს, მოგიყვები. მალე უნდა წავიდე – ბეჟანმა თავისი ახალი სახლი უნდა მაჩვენოს, ჩემი აზრი აინტერესებს.

ლენუკამ სიგარეტს მოუკიდა და მეგობარს ირონიული მზერა მიაპყრო.

– რა იყო, არ შეიძლება, ჩემი აზრი აინტერესებდეს? ცუდი გემოვნება მაქვს თუ რა ხდება? – ეს რა პრეტენზიებია? – გაბრაზდა თიკო.

– რა გინდა? ვთქვი რამე? – მხრები აიჩეჩა ლენუკამ, – მე მაქვს პრეტენზიები?

– ჰო. ისე მიყურებდი, თავი სისხლის სამართლის დამნაშავედ ვიგრძენი. ცოლი არ ჰყავს კაცს და მოვწონვარ. არ მესმის, რატომ უნდა ვუთხრა უარი?

– მერე, ვინ გეუბნება, უარი უთხარიო? წეღან თქვი, ვუყვარვარო, ახლა – მოვწონვარო...

– ერთი გამაგებინე, შენთვის რა მნიშვნელობა აქვს ამას? – საბოლოოდ დაკარგა მოთმინება თიკომ.

– არაფერი. რომ მდომოდა, დიდი ხნის წინ გავყვებოდი ცოლად, – ტუჩი აიბზუა და გაიცინა ლენუკამ.

– ჰოდა, მაშინ, მე მაცადე!

– ვაიმე, შენი მტერი კი არ ვარ! გყავდეს, თუკი ასე ძალიან გინდა! თამრიკოს ამბავი მითხარი!

– გავიცანი. კითხვაც არ სჭირდება, ისე ფქვავს ყველაფერს. ოფისში დამპატიჟა ყავაზე.

– ოჰო! ისე კი, მეც თავიდანვე შევატყვე მაგას ენაჭარტალობა. რაო, რა თქვა, სად ბრძანდება მისი ძვირფასი შეფი?

– ინფორმაცია, რომელიც მომაწოდა და რომელსაც შენ ფლობ, აბსოლუტურად იდენტურია.

– მეღადავები? – გადაირია ლენუკა.

– არა, სიმართლეს გეუბნები. ევროპაშია, კონტრაქტებს აფორმებსო. აჰა, რას გეუბნებოდი?

– ჰმ, აბა, ეტყოდა, საყვარელთან ერთად მივდივარო?

– არა, მაგრამ, როგორც მივხვდი, ბილეთებს შენი ქმრისთვის ყოველთვის თამრიკო უკვეთავს და იღებს კიდევ. ორი ბილეთი რომ ეყიდა, მეტყოდა.

– არ გეტყოდა. შენ ეგრე ნუ უყურებ მაგას, დიდი ეშმაკი ვინმეა. თან, დიდად გულზეც არ ვეხატები.

– ეგ არ უთქვამს. პირველი დღე იყო, მართლა ყველაფერს ხომ არ მეტყოდა. ცოტა ხომ დამშვიდდი? წავედი ახლა...

ლენუკამ უსიტყვოდ აიღო ხელში თიკოს ახალი მობილური და გულდასმით დაათვალიერა.

– ჰმ, უყურე ბეჟანს?! ფული უშოვია...

– აუ, გეყოფა, რა, – თიკომ მობილური ხელიდან გამოსტაცა, ჩანთა აიღო და უკანმოუხედავად გაიქცა კარისკენ.

– საწყენად არ მითქვამს, საყვარელო! – მიაძახა ლენუკამ და ცოტათი ინანა, მეგობართან ზედმეტი რომ მოუვიდა.

***

– კოტეს სუსხმა სახე აუწვა. ცივმა ქარმა მთელ სხეულში დაუარა, მაგრამ ქურთუკის შეკვრაზე არ უფიქრია. მიდიოდა უცნობი ქალაქის სველი თოვლით ჩამუქებულ ქვაფენილზე და თვალწინ დეას სახე ედგა. ვერაფრით ვერ ამოიგდო თავიდან მასზე ფიქრი. ლამაზი ქალის მეტი რა უნახავს, მაგრამ, ამაში არ იყო საქმე. თავის დროზე ლენუკაზეც ირეოდნენ კაცები და სერიოზული ბრძოლა დასჭირდა მის მოსაპოვებლად; თიკოსაც არა უშავდა – მშვენიერი ფორმები ჰქონდა და, ჩაცმულ-დახურულიც და გახდილიც სერიოზულ ეფექტს ახდენდა, მაგრამ დიანაში რაღაც სხვა დაინახა, ის, რასაც დიდი ხნის წინ განიცდიდა. მივიწყებული გრძნობა გაუცოცხლდა და უცნაური სითბოთი აავსო. ხვდებოდა, რომ არ უნდა ეფიქრა გოგოზე, თითქმის ბავშვზე, მაგრამ, უძლური იყო ამ გრძნობასთან ბრძოლაში...

– როგორ ჩქარა მიდიხართ, ძლივს დაგეწიეთ... – მოესმა ზურგსუკან და ლამის გული გაუჩერდა... შემობრუნების შეეშინდა – შეეშინდა, რომ მირაჟი გაქრებოდა.

მის წინ დიანა იდგა და უღიმოდა. სიცივისგან შეფაკლულ ლოყებზე ჯანმრთელი ვარდისფერი გადაჰკრავდა და კიდევ უფრო მშვენიერი ჩანდა. გოგო უცერემონიოდ მიუახლოვდა და ხელკავი გამოსდო.

 – იმდენი ხანია, მოგდევთ, – გაუღიმა გოგომ...

კოტეს მუხლები მოეკვეთა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3