კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ეძიე კაცი

– შენს წყენაზე კომენტარს არ გავაკეთებ, მხოლოდ იმას გეტყვი, რომ, შენი ზედმეტად მიმნდობი ხასიათიდან გამომდინარე, მეშინია, ვინმე ნაძირალა არ შეგრჩეს ხელში და ძალიან დიდი ტკივილი არ მოგაყენოს. მე შენი პატიოსნების კი არა, შენი სულიერი სიმშვიდის სადარაჯოზე ვდგავარ და ამას ვეტყოდი ნებისმიერს, ვინც ახლა აქ ზის. მე ჩემი შეცდომებით ისეთი გამოცდილება მივიღე, რომ, შეიძლება, ამ საკითხში ზედმეტად ეჭვიანი გავხდი, მაგრამ, მინდა გითხრა, ინტუიცია გამიმახვილდა ძალიან – „ყნოსვა“ თითქმის არასდროს აღარ მატყუებს; სხვანაირად რომ ვთქვა, არ ვენდობი იმ შენს ალეს, თუმცა, თვალითაც არ მყავს ნანახი; თან, სერიოზული ეჭვი მაქვს რაღაცაზე. ღმერთმა ქნას, რომ ვცდებოდე, მაგრამ, თუ ჩემი ეჭვი გამართლდა, მაშინ, გირჩევ, რაც შეიძლება, შორს დაიჭირო თავი მაგ კაცისგან.

– რა ეჭვი, ბანდიტია, მკვლელია თუ მძარცველი? – ცრემლები წამოუვიდა სოფოს, – გინდა, გითხრა, რასაც ვფიქრობ? რაც ახლა ჩამოვთვალე, ყველაფერი ერთად რომ იყოს, მაინც არ ვეტყვი უარს შეხვედრაზე და, იცი, რატომ? იმიტომ რომ, ყველაზე ცუდ ადამიანშიც კი, არის სიკეთის თუნდაც პაწაწინა მარცვალი და ყოველთვის უნდა მისცე გამოსწორების შანსი.

– შენ რა, გამოსასწორებელი ექსპერიმენტების ჩატარებას აპირებ? არ გეშინია, რომ ის ვიღაც ალე საშიში პიროვნება აღმოჩნდეს? ან, სულაც, იმდენად არ მოგეწონოს გარეგნობით, რომ მთელი შენი სიყვარულის ილუზია ნისლივით გაიფანტოს? – ჰკითხა ნათიამ.

– არა, არ მეშინია.

– მაშინ, მე დაგისვამ ცოტა უფრო სხვანაირ შეკითხვას და, ძალიან გთხოვ არ გეწყინოს, – მკაცრად თქვა მიამ, – ხომ შეიძლება, იმ ალეს არ მოეწონო? იმას კი არ ვამბობ, რომ, ზოგადად, დასაწუნი ქალი ხარ, უბრალოდ, ხომ შეიძლება, ის სხვანაირ გოგოსთან შეხვედრას ელის და, უცებ, აბსოლუტურად განსხვავებული გარეგნობის გოგო რომ შერჩება ხელში, უთხრას, სულ კარგად იყავიო? მაშინ რას იზამ?

– არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია, – გამოტყდა სოფო, – მაგრამ, ძალიან ვეცდები, რომ მოვეწონო. ჩემთვის კი არც მის გარეგნობას აქვს მნიშვნელობა, არც მის წარსულს, არც მის ხასიათს...

– ცოლიანი რომ აღმოჩნდეს? – ჩაურთო მირანდამ, – ოჯახს დაანგრევ?

სოფო დაიბნა. ამაზე მართლა არ უფიქრია, არც კი დაუშვია ასეთი რამ. მაგრამ ისე უყვარდა თავისი ინკოგნიტო კავალერი, რომ, ალბათ, არც ეს იქნებოდა მისთვის დიდი წინააღმდეგობა. ამიტომ, ამ კითხვაზე პასუხი არ გაუცია, მხოლოდ უმწეოდ გააქნია თავი და გაჩუმდა.

– როდის უნდა შეხვდეთ? – ჰკითხა მიამ.

– ჰა? – გამოფხიზლდა სოფო.

– როდის გაქვთ პირველი პაემანი?

– ხვალ, მაგრამ, არცერთს არ გეტყვით, სად და რომელ საათზე – ხომ შეიძლება, სულმა წაგძლიოთ და „დაზვერვაზე“ გამოხვიდეთ?

– შენ, რა, მართლა სულ მთლად გარეკე? – გაბრაზდა ქეთა.

– ჰო, ბევრიც აღარაფერი მიკლია... ბოდიშს გიხდით, ზედმეტი მომივიდა, – სერიოზულად შეწუხდა სოფო.

– არანაირ დაზვერვაზე არ წამოვალ, უბრალოდ, ერთი რამის გაკეთებას გთხოვ და, თუ გინდა, რომ მერე ძალიან არ დაიტანჯო, დამიჯერე.

– თუ მეტყვი, არ შეხვდეო, არ დაგიჯერებ, მაინც შევხვდები, – ჯიუტად თქვა სოფომ, – რით ვერ გაგაგებინეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვიტყვი უარს ჩემს პირველ პაემანზე?!

– მართლა პირველი პაემანია? აქამდე მართლა არავის არასდროს შეხვედრიხარ? – შეწუხდა სალომე.

– დიახ, მართლა, – თქვა სოფომ, – რამდენჯერაც მომეცა ამის შანსი, იმდენჯერ რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა და ჩამეშალა – ეტყობა, ბედი მაქვს ასეთი. ახლაც არ მინდოდა, მეთქვა ვინმესთვის, თქვენთვისაც კი – გული მიგრძნობდა, ისევ რაღაცა პრობლემა გამოხტებოდა და, აჰა, ხომ ხედავთ, არ შევმცდარვარ.

– მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც ახლა თქვი, მართლა კარგი ქენი, რომ გვითხარი, – დაფიქრებით თქვა მიამ.

– ვისთვის ვქენი კარგი, თქვენთვის? – ტირილი მოერია სოფოს.

– არა, ჩემო საყვარელო, შენთვის, – მოეფერა მია, – თუ, რა თქმა უნდა, არ ვცდები. ისე კი, გულწრფელად მინდა, რომ ვცდებოდე, მაგრამ, შეუძლებელია, ამდენი დამთხვევა იყოს.

– რა დამთხვევა? – ჩაეკითხა სოფო.

– ამას მერე მოგიყვები, სხვა დროს. ახლა კი, ძალიან გთხოვ, ისე მოიქეცი, როგორც მე გეტყვი.

– არ შევხვდე?

– შეხვდი, მაგრამ, მანამდე სკაიპით უთხარი ან მისწერე, ოღონდ, ისე, ვითომ სხვათა შორის, რომ, ვითომ ბინა გაყიდე და მთელი ფული შენს ძმას ასესხე.

– ბინა რა შუაშია? – დაიძაბა სოფო.

– შუაში კი არა, შეიძლება, თავში იყოს.

– მე რომ ძმა არ მყავს?

– იმ ალემ იცის, რომ ძმა არ გყავს?

– არა.

– ჰოდა, მით უმეტეს. უთხარი, რომ დიდ ვალებში გადავარდა და ასესხე, მანამდე კი მშობლებთან იცხოვრებ.

– შენ ფიქრობ, რომ... – სოფო მიხვდა, რასაც გულისხმობდა მია და უცბად აფეთქდა: – ანუ, გამოდის, რომ მხოლოდ ბინის ან ქონების გამო შეიძლება, ჩემით კაცი დაინტერესდეს? ასეთი მახინჯი ვარ?

– დაწყნარდი და სისულელეებს ნუ ლაპარაკობ! მახინჯი რომც იყო, იმ ვიღაც ალეს ხომ შენი სურათიც კი არ აქვს ნანახი? – შეუტია მიამ, – გეხვეწები, დამიჯერე. ხომ არ გეუბნები, არ შეხვდე-მეთქი! შეხვდი, მაგრამ, მანამდე მისწერე, ვითომ ბინა გაყიდე.

– ვერც მივწერ, ვერც ვეტყვი. ამ თემაზე სიტყვაც არ დამცდენია და პაემნის წინ რომ ვუთხრა, მიხვდება, რომ ვიტყუები, ან, გაბრაზდება, ახლა რატომ მეუბნებიო, – სოფოს  ხმაზე შეეტყო, რომ თვითონაც შეეპარა ეჭვი.

– რას ჰქვია, გაბრაზდება? ვინ არის, ძმა, მამა თუ ქმარი? მართლაც ასე რომ მომხდარიყო, რატომ უნდა ჩაგებარებინა ანგარიში? – აღშფოთდა ლიკა.

– მე არ ვიცი, როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობები, შეიძლება, მართლაც ანგელოზი აღმოჩნდეს, მაგრამ, წინასწარ შეგახსენებ, რომ ზედმეტ უფლებებს ნუ მიანიჭებ, – გააფრთხილა რუსამ, – ხომ იცი, ბევრმა დათმობამ მერე თავში ავარდნა იცის.

– კატო, შენ არაფერს იტყვი? – მიუბრუნდა სოფო კატოს, რომელიც აქამდე ჩუმად იჯდა, – თითქმის ყველამ გამოთქვა აზრი, დამარიგა ჭკუა... შენ რას ფიქრობ, როგორ უნდა მოვიქცე მე, ოცდათერთმეტი წლის ქალი, რომელსაც თინეიჯერივით უქნევენ თითს დაქალები და ასწავლიან, როგორ იცხოვროს, თუმცა, მათ უმრავლესობას თვითონ ვერ აუწყვია პირადი ცხოვრება?

– მესმის, რომ გაღიზიანდი და, ალბათ, მეც იგივე რეაქცია მექნებოდა მეც და ყველა დანარჩენსაც. ამიტომ, შენს ირონიას საწყენად არ მივიღებ, მაგრამ, სიმართლე გითხრა, გული კარგს არ მიგრძნობს და, ამიტომ, არაფერი დაშავდება, დაუჯერო გოგოებს, – თქვა წყნარად კატომ და ჩუმად გახედა მიას, რომელიც თვალებდახუჭული ეწეოდა სიგარეტს, მაგრამ, აშკარად ეტყობოდა, რომ ძალიან დაძაბული იყო. მერე ძალიან თბილად შეხედა სოფოს და განაგრძო: – თუ ჩვენი სიფრთხილე ცრუ განგაში აღმოჩნდა, პირიქით, გაგვიხარდება კიდეც, თანაც, ეს ამბავი ჩვენ შორის მოკვდება და, ვერც ის ბიჭი და ვერც სხვა ვინმე ვერასდროს ვერაფერს გაიგებს, სამაგიეროდ, დაზღვეული იქნები...

– რისგან ვიქნები დაზღვეული? – ისევ გაღიზიანდა სოფო.

– რისგან კი არა, ვისგან, – თქვა ელისომ და დააზუსტა: – შესაძლო აფერისტისგან, – მერე წამოდგა და თავისი ფინჯანი აიღო, – მე კიდევ მინდა ყავა, ვინმე ხომ არ დალევთ?

გოგოებმა უარი თქვეს ყავაზე და მოლოდინით შეაჩერდნენ სოფოს, რომელსაც ორჭოფობა შეეტყო.

– რატომ ნერვიულობ ასე, რა ვერ გადაწყვიტე? – შეეშველა ნათია.

– არ ვიცი, პაემნამდე მივწერო თუ, რომ შევხვდები, მერე ვუთხრა საუბარში, ვითომ შემთხვევით... – ჩაილაპარაკა სოფომ, – როგორ ჯობია?

– პრინციპში, სულერთია; მთავარია, უთხრა, – გაუხარდა ნათიას, – ის კი, მანამდე ეტყვი თუ შეხვედრისას, შენი გადასაწყვეტია, როგორც მოგეხერხება.

მცირეოდენი ფიქრის შემდეგ სოფომ მობილური ამოიღო და ესემესი გაგზავნა, მერე კი ტელეფონი მაგიდაზე დადო და თითქოს შვებით ამოისუნთქა. გოგოები ჩუმად შესცქეროდნენ, მაგრამ, ვერცერთი ვერ უბედავდა, ეკითხა, ვის რა მისწერა. სოფომ გადახედა დაქალებს და მიხვდა, რომ ყველა ელოდებოდა, რას იტყოდა და, თითქოს დიდი ტვირთი მოიხსნაო მხრებიდან, უკვე მშვიდად თქვა:

– ესემესი გავუგზავნე – რაღაც ძალიან სერიოზული საქმე მაქვს, ხვალ პაემანზე ვერ მოვალ და ზეგ შევხვდეთ-მეთქი.

– ეს უკვე პროგრესია შენი მხრიდან, – გაუხარდა მირანდას, – ანუ, დღეს ინტრიგა შეუგდე, ზეგ კი, როცა გკითხავს – და, აუცილებლად გკითხავს, – რა საქმე გქონდაო, შენც ძალიან ბუნებრივად ეტყვი ბინის გაყიდვის შესახებ. სწორად მივხვდი?

– ჰო, – ისევ ღრმად ჩაისუნთქა სოფომ, – ასე უფრო ბუნებრივი იქნება.

ეს საკითხი რომ გადაწყვიტეს, გოგოები დაიშალნენ და ყველა თავის ყოველდღიურ საფიქრალსა და რუტინას დაუბრუნდა.

***

როგორც იქნა, შედგა სოფოს პირველი პაემანი, მაგრამ, აშკარად აღარ ჰქონდა არც რომანტიკის მოლოდინი და არც ის აღმაფრენა, რაც, წესით, ასეთ დროს უნდა ჰქონოდა. გრძნობდა მხოლოდ დაძაბულობას და, თან, რაღაცნაირი განცდა დაეუფლა – თითქოს ნანობდა, რომ პაემანზე მიდიოდა. ეს სინანული ჯერ სადღაც გულის სიღრმეში აუფუთფუთდა, მერე მთელ სხეულს მოედო და ისეთი ძალით ჩაავლო ბრჭყალები, სანამ დათქმულ ადგილამდე მივიდოდა, კინაღამ რამდენჯერმე დაბრუნდა უკან. აშკარაა, წითელი ენთებოდა, თუმცა, ვერ ხვდებოდა, რატომ. მაგრამ, როგორც საერთოდ ხდება ხოლმე, მაინც ქალურმა ცნობისმოყვარეობამ გაიმარჯვა, ცნობისმოყვარეობამ და, კიდევ, ქალის ბუნებრივმა სიყვარულმა ინტრიგების მიმართ; ამიტომ, თავი გაიმხნევა და, გადაწყვიტა, ბოლომდე მიეყვანა ეს საქმე.

ალეს ვაკის პარკში უნდა შეხვედროდა – ჭავჭავაძის გამზირიდან კიბეები რომ ჩადის, მეორე სკამზე ვიჯდებიო. სოფომ უთხრა, ჯინსის შარვალი, თეთრი მაისური და ჯინსის პიჯაკი მეცმევაო, მაგრამ, თეთრი ტილოს კაბა და თხელი ცისფერი ჟაკეტი ჩაიცვა – პატარა „კონსპირაცია“ ჩაატარა: იფიქრა, ჯერ შორიდან შევხედავ და, თუ არ მომეწონა, გვერდზე ჩავუვლი და აღარ შევხვდებიო. იმავე კონსპირაციის მიზნით, პარკში ჭავჭავაძიდან კი არა, ფალიაშვილის ქუჩიდან შევიდა და შორიდანვე დაინახა, რომ კიბეებიდან  მეორე სკამზე ახალგაზრდა კაცი იჯდა, გვერდით კი თაიგული ედო. სახე ვერ გაარჩია, რადგან კეპი ეხურა და შავი სათვალე ეკეთა, მაგრამ სილუეტი აშკარად მოეწონა. კაცი კიბეებისკენ იყურებოდა, ამიტომ, ყურადღება არ მიუქცევია მისკენ მიმავალი ახალგაზრდა ქალისთვის, მხოლოდ ერთხელ შეავლო არაფრისმთქმელი მზერა და ისევ კიბისკენ გაიხედა.

სოფომ წინ ჩაუარა და, რამდენადაც შეეძლო, დაკვირვებით შეათვალიერა, მაგრამ სახის დანახვა მაინც ვერ მოახერხა – სწორედ იმ მომენტში კაცმა ჯერ საათზე დაიხედა, მერე მობილური ამოიღო ჯიბიდან და ნომრის აკრეფა დაიწყო.

 „მე მირეკავს“, – გაიფიქრა სოფომ და თითქმის სირბილით გადაუხვია გვერდითა ბილიკზე, თან სასწრაფოდ მოძებნა ჩანთაში მობილური და გათიშა, რომ ზარით არ „გაყიდულიყო“. კაცმა რამდენჯერმე სცადა დარეკვა, მაგრამ, ვერ შეძლო და გაბრაზებული სახით გახედა კიბეებს.

სოფომ შვებით ამოისუნთქა და ბილიკის ნაპირას, გადაჭრილ კუნძზე ჩამოჯდა. მთელი სხეული უკანკალებდა და გული აჩქარებით უცემდა. რაღაც გაურკვევლობის გრძნობა დაეუფლა. თავიდან ვერ მიხვდა, ისე რატომ ააფორიაქა ალეს დანახვამ და, ამიტომ, შეეცადა, დამშვიდებულიყო. ჩანთიდან სიგარეტი ამოიღო, გააბოლა და წამოდგა – უნდოდა, შორიდან მაინც შეეთვალიერებინა თავისი უცნობი კავალერი, მაგრამ, კარგად ვერ დაინახა. ნამწვი ძირს რომ დააგდო და ფეხით გასრისა, მხოლოდ მაშინ მიხვდა აფორიაქების მიზეზს – ეს კაცი საიდანღაც ეცნობოდა. მართალია, სახე არ დაუნახავს, მაგრამ, აშკარად სადღაც ჰყავდა ნანახი; უფრო მეტიც, ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, რომ ოდესღაც იცნობდა.

„მგონი, ჰალუცინაციები დამეწყო“, – გაიფიქრა შეშფოთებულმა, მაგრამ, იმ შეგრძნებამ, რომ ალეს პირველად არ ხედავდა, ცნობისმოყვარეობა გაუძლიერა და, გადაწყვიტა, გაერისკა. თავი დაიწყნარა, თმა შეისწორა და ნელი ნაბიჯით გაემართა კაცისკენ. რომ მიუახლოვდა, შეჩერდა და თავაზიანი ღიმილით ჰკითხა:

– უკაცრავად, ხომ ვერ მეტყვით, რომელი საათია?

კაცმა, რომელიც მანამდე ისევ კიბეებისკენ იყურებოდა, თავი მისკენ მოაბრუნა და გაოცებისა და დაბნეულობისგან შეჰყვირა:

– სოფო?!

სოფოც არანაკლებ დაფრთხა და დაიბნა. უნდოდა, რამე ეთქვა, მაგრამ, იგრძნო, რომ ხმა აღარ ჰქონდა და ნაპირზე ამოგდებული თევზივით აღებდა პირს. ყველას ნახვას წარმოიდგენდა – ლაწირაკი ბიჭისაც, ჭუჭყიანი ბომჟისაც, ხანში შესული რომანტიკოსისაც, ძველი ბიჭისაც, სოფლელი ტეტია ტიპისაც და გეისაც კი, მაგრამ, სამწუხაროდ, სკამზე მჯდარი და მისი მომლოდინე კაცი არცერთი არ აღმოჩნდა; ეს იყო ყველაზე უარესი ვარიანტი, რაც კი საერთოდ შეიძლებოდა ყოფილიყო: მის წინ მიას მეორე ქმარი – ლექსო იჯდა. თუმცა, სოფოს ელდა სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა. მართალია, მთელი ძალისხმევის მოხმობა დასჭირდა, მაგრამ, მაინც მოახერხა, თავი ხელში აეყვანა და მოგონილი სიმშვიდით მიმართა გაოგნებულ კაცს, რომელსაც არც კი შეუმჩნევია ქალის დაბნეულობა:

– ლექსო, შენ ხარ თუ მეჩვენება?

– მე ვარ. აქ რა გინდა?

– მე საქმეზე ვარ მოსული. შენ რამ მოგიყვანა ვაკის პარკში, თანაც, ყვავილებით? – სოფომ ღიმილით გახედა სკამზე დადებულ თაიგულს.

– ერთ გოგოს უნდა შევხვდე, მაგრამ, რატომღაც, აგვიანებს.

– მერე, ნერვიულობ?

– არა, ტო, ერთი მაგისიც... მაგრამ, ვერ ვიტან გადაგდებას. მგონი, ტყუილად ვეჩალიჩე ამდენი.

სოფოს, რაღაცნაირად, გული ეტკინა ამ სიტყვების გაგონებაზე და თავისდაუნებურად, სახე შეეჭმუხნა, თუმცა კაცს ეს არ შეუმჩნევია.

ლექსომ კიდევ ერთხელ დახედა საათს და ჩუმად შეიკურთხა, მერე სოფოს შეხედა უცნაური ღიმილით და კითხვა გაუმეორა:

– შენ რამ მოგიყვანა ვაკის პარკში, შენც პაემანზე ხომ არ ხარ?

სოფომ რაღაც უსიამოვნო დაიჭირა დაქალის ყოფილი ქმრის ღიმილშიც და მზერაშიც და უცებ მიხვდა მიას შეშფოთების მიზეზს.

„მიამ იგრძნო, რომ ის ვითომ ალე, სინამდვილეში ლექსო იყო, უფრო სწორად, კი არ იგრძნო, მიხვდა და, რადგან ძალიან კარგად იცოდა, რას წარმოადგენს ეს ვაჟბატონი, ამიტომაც მაფრთხილებდა“,  – გაიფიქრა და, გადაწყვიტა, შური ეძია ამ თვითდაჯერებულ ნაძირალაზე მის მაგივრადაც, არარსებული სესილის მაგივრადაც და იმ იმედგაცრუების სანაცვლოდაც, რაც მან განიცადა მასთან დალაპარაკებისას.

– არა, პაემანზე არ მოვსულვარ, მეგობრის დავალებით მოვედი ერთ კაცთან შესახვედრად, – სოფომ მოგვიანებით გასცა პასუხი ორჯერ დასმულ კითხვაზე.

– იმდენად გაგიჭირდა, რომ კაცებს მეგობრის დავალებით ხვდები ხოლმე? – ირონიულად ჩაიცინა ლექსომ და გოგოს მუშტრის თვალით ახედ-დახედა, – ისე, კარგ ფორმაში ხარ, ხომ იცი! ისევ გაუთხოვარი ხარ?

– ჰო, – მოკლედ უპასუხა სოფომ.

– რატომ, კაცები დაილია? თუ, განსაკუთრებულს ეძებ?

– არა, ჩვეულებრივს ვეძებ, წესიერს და ნორმალურს, მაგრამ, ჯერჯერობით ვერ ვიპოვე, – სოფომ გაღიმება სცადა, მაგრამ, მაინც ანერვიულდა და ჩანთიდან სიგარეტი ამოიღო.

– ოჰო, შენ რა, მოწევა დაიწყე? მაგრამ, სვეცკობა თუ გინდა, დაგაგვიანდა – ახლა მაღალ საზოგადოებაში კარგ ტონად აღარ ითვლება, როცა ქალი ეწევა.

სოფომ ყურადღება არ მიაქცია ირონიულ კომენტარს და ახლა თვითონ შეათვალიერა კაცი.

– აი, შენ კი მაინცდამაინც კარგად ვერ გამოიყურები, –  თქვა ქალმა და ყალბი თანაგრძნობით ჰკითხა: – რა იყო, ძალიან გაგიჭირდა?

– რატომ გგონია, რომ გამიჭირდა? – აიძაგრა ლექსო და უნებურად ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე დაიხედა.

 – ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგი გაცვია, ოღონდ, რომ შემოგხედე, მეგონა, რომ სხვისი ტანსაცმელია, ნათხოვარი, – სოფომ „იაზვურად“ გაიცინა და დაამატა: – ნუ ავარდი, გეხუმრე.

ლექსომ გადაყლაპა შეურაცხყოფა და საკმაოდ ხმამაღლა ჩაილაპარაკა:

– ის ნაგლი გოგო, ეტყობა, აღარ მოვა. თუ გცალია, წამო, კაფეში შევიდეთ და ყავა დავლიოთ.

– შენ მპატიჟებ?

ლექსომ დაბნეული სახით მოიქექა ჯიბეები, დაჭმუჭნილი ხუთლარიანი ამოიღო და უხერხული ღიმილით თქვა:

– სულ ეს მაქვს. ყავაზე, შეიძლება, გვეყოს, მაგრამ, მერე ფეხით უნდა წავიდე სახლში.

– ანუ, ჩემს ხარჯზე მპატიჟებდი? – სახეში შესცინა სოფომ, – კარგი, წამოდი, ყავასაც დაგალევინებ, ნამცხვარსაც გაჭმევ და სიგარეტსაც გიყიდი, თუ არა გაქვს.

ლექსო ისეთი სახით გაჰყვა, თითქოს იქით ამადლიდა, რომ დაეთანხმა. რამდენიმე ნაბიჯი რომ გადადგეს, კაცი უკან დაბრუნდა, სკამზე დადებული თაიგული აიღო და ჯიბიდან ამოღებულ ცელოფნის პარკში ჩადო. ამის დანახვაზე სოფომ დაუფარავად დასცინა:

– რატომ წამოიღე, სხვისთვის გამოგადგება?

კაცმა ისევ უპასუხოდ დატოვა ირონიული შეკითხვა, ქალს ხელკავი გამოსდო და სახეზე უდარდელი ღიმილი დაეფინა. სოფოს უსიამოვნოდ გააჟრიალა და მაშინვე გააშვებინა ხელი.

– რა იყო, შე პატარა გოიმო, გიკბენ? – აიმრიზა ლექსო.

– არ მიყვარს გაკავებული სიარული, – მოკლედ მოუჭრა სოფომ და ცარიელ კაფეში შეაბიჯა. ლექსო მორჩილად შეჰყვა და კუთხეში მდგარ მაგიდასთან მოკალათდა. სოფომ ყავა და ნამცხვარი შეუკვეთა და ლექსოს შეხედა:

– აბა, მომიყევი, როგორ ცხოვრობ, რას საქმიანობ?

– განსაკუთრებულს არაფერს, ვარ ძველებურად – ღვინო, დუდუკი, ქალები, მეგობრები... მოკლედ, საინტერესო არაფერი ხდება, სულ ერთი და იგივე მეორდება. შენ? შენ როგორ ცხოვრობ, სად მუშაობ, შეყვარებული მაინც თუ გყავს?

– შეყვარებული არ მყავს; ვცხოვრობ მარტო, ჩემს პატარა ბინაში; მაქვს ნორმალური სამსახური... მოკლედ, ჩემკენაც არაფერი ხდება განსაკუთრებული.

– სულ მარტო ცხოვრობ? – ინტერესით ჩაეკითხა კაცი.

– ჰო, სულ მარტო. მამამ მიყიდა ბინა.

ლექსო აწრიალდა. აღარ იცოდა, როგორ განეგრძო საუბარი. ამასობაში ყავა და ნამცხვარიც მოიტანეს და ამან უშველა უხერხულობისგან თავის დასაღწევად – მაშინვე ჭამა-სმაზე გადაერთო.

სოფო კარგა ხანს აკვირდებოდა მის წინ მჯდარ, ერთი შეხედვით, საკმაოდ ლამაზ მამაკაცს, მაგრამ, საცოდავ არსებას, რომელიც, როგორც ჩანს, ყველა მეგობარმა მოიშორა თავიდან, რადგან, სავარაუდოდ, ყველასთან ექნებოდა რაღაც მიქარული და, ახლა, მარტოდ დარჩენილი, ახალ მსხვერპლს, ახალ საარსებო წყაროს ეძებდა გამალებით.

– ასე რატომ მიყურებ? – ჰკითხა უცებ სოფოს და ნამცხვრის ბოლო ლუკმა ჩაიდო პირში.

– როგორ – „ასე“?

– რაღაცნაირად, მტრულად.

– აბა, როგორ უნდა გიყურებდე? ლამის საათზე მეტია, ვლაპარაკობთ და, მიას ვინ ჩივის, საკუთარ შვილზე ერთხელაც არ გიკითხავს, როგორ არისო, – უცებ აენთო სოფო.

– ჯერ ერთი, შენ არავინ გეკითხება, ვის მოვიკითხავ და ვის – არა; თანაც, ეგ კიდევ კაცმა არ იცის, ის ბავშვი ჩემი შვილია თუ არა, – ლექსომ ხელსახოცით მოიწმინდა ტუჩები, მერე სოფოს კოლოფიდან დაუკითხავად ამოიღო სიგარეტი და მადიანად გააბოლა.

– ამ დონეზე უსინდისო და ნაძირალა როგორ ხარ! არ გრცხვენია, ასეთ სიბინძურეს რომ ამბობ?

– ყავა რომ დამალევინე, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ, რაც გინდა, ის მითხრა, – თქვა ლექსომ და სიგარეტი ყავის ცარიელ ჭიქაში ჩააფერფლა, – მე იმ შენს დაქალს „ს კანცამი“ დავემშვიდობე თავისი ნაბიჭვრებიანად და ახლა ნუ დამიწყებ გატრაკებას. მაგრად არ მევასება, ვინმე რომ მეხიპიშება და მირჩევს საქმეებს, განსაკუთრებით კი – ქალი. კარგი ვარ თუ ცუდი, მე ლექსო ვარ და, არავის გავაბედვინებ ჩემთან პრავების კაჩავს, მათ შორის – შენც, ჩემო კარგო, გაიგე? ამიტომ, ჯობია, ისევ მეგობრულად ვისაუბროთ.

– ვინ ვარო, რა თქვი? – თვალების მოწკურვით ჰკითხა სოფომ.

– ლექსო ვარ... – დაიბნა კაცი, – რა, ახლა გაიგე?

– ლექსო თუ ალე? – სოფოს დამცინავი ღიმილი გადაეფინა სახეზე.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3