კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი დაფასება ვერ ვისწავლეთ ქართველებმა, კოტე თოლორდავას აზრით და რომელ ასაკში მოხდა მასში მენტალური გარდატეხა

გული სწყდება, რომ ქარველებმა ჯერ კიდევ ვერ გავაცნობიერეთ, რა გვინდა და სად მივდივართ. ფიქრობს, რომ უფრო ხშირად საკუთარ თავს ვუქმნით პრობლემებს და, თუ ახლა მძიმე პერიოდი გვიდგას, ამაშიც თავად ვართ დამნაშავენი. მისი მენტალობის შეცვლასა და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა იმან, რომ ორი წელი გერმანიაში ძალიან პატარას, მარტოს მოუწია ცხოვრება. მომავალ თაობას იმედის თვალით შესცქერის და ნატრობს, რომ მის საყვარელ სამშობლოში პროფესიონალიზმი დაფასდეს...

 

კოტე თოლორდავა: მიყვარს ჩემი სამშობლო. შეიძლება, ვინმემ მითხრას, რა არის ამაში განსაკუთრებულიო, მაგრამ, მე განსაკუთრებულად მიყვარს. აქ მინდა ცხოვრებაც, ჩემი საქმის კეთებაც... აქ მინდა, იცხოვრონ ჩემმა შვილებმა და, მინდა, ეს ქვეყანა იყოს ბედნიერი. ცუდებიც ვართ და კარგებიც. შევამჩნიე, რომ უფრო ხშირად ცუდები საკუთარი თავის მიმართ ვართ. ბევრი ჩვენი პრობლემა მარტო მძიმე სოციალური ფონიდან გამომდინარე არ მგონია. ვამბობთ – გვინდა ევროპა, ევროპისკენ არის ჩვენი გზაო და, ევროპაში რას ვგულისხმობთ, ან, საერთოდ, რა არის ეს ევროპა, ამის ცოდნა გვაკლია. მერიდება ჩემს ხალხზე ამის თქმა, მაგრამ, უცოდინარები ვართ. ცოტა იმედით ვუყურებ მომავალ თაობას – იმათ, ახლა რომ თინეიჯერობის ასაკში არიან. ეს თაობა ჩემი ტკივილიც არის: ერთი მხრივ, თითქოს მეუცხოებიან და მიკვირს მათი თავისუფლების ხარისხი, სითამამე... მაგრამ, ეს ყველაფერი თან მომწონს კიდეც. მათ ასაკში მე ძალიან სხვანაირი ვიყავი. დიდი სიფრთხილე ჰმართებთ. რა თქმა უნდა, უპირველესად, საკუთარ თავს უნდა მიენდონ, მაგრამ, თან უნდა ახსოვდეთ, რა წარმომავლობის, რა გენეტიკის არიან – ქართველობა ხომ ემოციურ დონეზე, თითოეულ ჩვენთაგანშია კოდირებული.

– თუმცა, არც ქართველობა გვესმის კარგად.

– ეგეც არის. ქართველობას გვართმევენო და არ ვიცით, კონკრეტულად რას გვართმევენ, ან გვართმევენ კი საერთოდ რამეს?! ძალიან მომწონს განსვენებული ზურაბ ჟვანიას ნათქვამი: „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი“... მაგრამ, ეს კურსი რომ გავიგოთ კარგად, ჯერ ფრაზის მნიშვნელობას უნდა ჩავწვდეთ. ბრიტანელებმა ხომ მოახერხეს, რომ იყვნენ ევროპელები და, პარალელურად, ინარჩუნებდნენ თავიანთ ტრადიციებს; იყვნენ იმ ძირზე და ფესვებზე მიბმული, საიდანაც მოდის მათი ინდივიდუალიზმი და ინგლისელობა. აზროვნებენ, ცხოვრობენ ევროპულად, არიან ძალიან ტრადიციულები და ჰყავთ დედოფალი. თუნდაც კონსტიტუციური, მაგრამ, მაინც მონარქია აქვთ. იმ ღირებულებებსაც უფრთხილდებიან და პატივს სცემენ, რაც მხოლოდ და მხოლოდ მათია; ანუ, ჯერ ის უნდა დავადგინოთ, რას უნდა გავუფრთხილდეთ განსაკუთრებულად. ჩემი გადმოსახედიდან, ეს არის ჩვენი კულტურა – სიმღერა, ცეკვა, მხატვრობა, კინო... – აი, რით შეიძლება მოვიწონოთ თავი ევროპაში. გვაქვს დიდი რესურსი და ნიჭი, რომ ეს ყველაფერი ჩვენ სერიოზულ სავიზიტო ბარათად იქცეს მთელ მსოფლიოში. რეალურად უნდა შევაფასოთ, რა არის ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანი და ფასეული, რომ ღირსეულად წარვდგეთ ევროპელების წინაშე. შოთა რუსთაველი რომ გენიოსი იყო, ამაში ორი აზრი არ არის, მაგრამ, დღეს რა გვაქვს? ვისწავლოთ პროფესიონალიზმის დანახვა და დაფასება, ამაში ჩავდოთ ინვესტიცია. იმ აზრამდე მივედი და, შეიძლება, ამაში ასაკსაც მიუძღვის უკვე წვლილი, რომ ბრძოლის მოგება მუშტების ქნევის გარეშეც შეიძლება: ცოდნით, პროფესიონალიზმითა და ჭკვიანური ქმედებებით, ჩვენი საქმის სიყვარულით. ძალიან არ მომწონს ის, რომ ვიღაცეებს რაღაც საქმის კეთება „უტყდებათ“ – თუ პროფესიონალი ხარ, ოფიციანტობაც პრესტიჟულია და სხვა ნებისმიერი პროფესიაც. საერთოდაც, სწორედ პროფესიონალები ხდიან პროფესიას პრესტიჟულს. რაშიც კარგი, ძლიერი და წარმატებული ხარ, ყველაფერი კარგია. მკერავებს ვეძახდით, დღეს კი დიზაინერები ჰქვიათ და ქართული მოდის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილიც შეაქვთ. მახსოვს, დედაჩემმა მომიყვა ერთი ამბავი. კომუნისტურ ეპოქაში დედა „ინტურისტებში“ მუშაობდა და უცხოეთში, სხვადასხვა ქვეყანაში უწევდა ხოლმე ჩასვლა და ტურისტების ჩაყვანა. გერმანიაში იყვნენ, თბილისთან დამეგობრებულ ქალაქ ზაარბრიუკენში. ერთ-ერთ სასტუმროში გაჩერდნენ. საღამოს, ვახშამი რომ მიირთვეს, მათი ყურადღება მიიქცია პატარა ოფიციანტმა ბიჭმა, რომელიც მაგიდებს ალაგებდა და, რაც ხელუხლებელი იყო, თავისთვის, პატარა ჩანთაში ალაგებდა. საბჭოთა ტურისტებს შეეცოდათ თურმე, იქვე ცოტა ფული შეუგროვეს და მისცეს. მეორე დილით, სასტუმროს რომ ტოვებდნენ, დაინახეს, რომ ის ბიჭი ძვირფასი, ბოლო მოდელის ავტომობილით მოვიდა სამსახურში – თურმე, იმ სასტუმროს მეპატრონის ვაჟი ყოფილა, მაგრამ, ჩვეულებრივად, ოფიციანტად მუშაობდა – სწავლობდა შრომასა და პროფესიის დაფასებას. ამით ანგრევდა სტერეოტიპს, რომ არსებობს არაპრესტიჟული პროფესია.

– შენი სტერეოტიპი როდის დაინგრა?

– (იღიმება) მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემმა ეს ამბავი მიამბო, ჩემი მშობლები მაინც მიბიძგებდნენ, აუცილებლად ჩამებარებინა ეკონომიკურზე და ამეღო დიპლომი. მეც ის თაობა ვარ, რომელმაც საბჭოთა კავშირიც ნახა და დღევანდელ საქართველოშიც ბევრი რამ არ მოსწონს. უამრავ კითხვაზე ახლაც არ მაქვს პასუხი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არსად წასვლა არ მინდა. ჩემი ცხოვრება მინდა გავატარო, ჩემს ოჯახთან ერთად. მე იმისიც არ მჯერა, რომ ქართველი არის ზარმაცი – ეჭვი მეპარება ამაში. როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები? მთაშიც რამდენი შრომა უწევდათ და ბარშიც, თან, სულ იბრძოდნენ. როგორ შეიძლება, ისინი ზარმაცები ყოფილიყვნენ? აქედან გამომდინარე, მშრომელებიც ვართ, თავშეკავებულებიც და გონიერებიც, უბრალოდ, ბოლო დროს ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება არ გვაქვს კარგი. გვინდა, სახელმწიფო ჩვენზე ზრუნავდეს, მაგრამ, რატომღაც, გვავიწყდება, რომ ამ სახელმწიფოსთვის ჩვენც უნდა გავიღოთ და გავაკეთოთ რაღაც. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში ისეთი სისწრაფით იცვლებოდა ჩვენთან სიტუაცია, გადაწყობა-გადმოწყობაში დაიბნა ხალხი და ძალიან გაუჭირდა. მე ესეც მესმის. რთულია, რეჟიმების ნგრევის პერიოდში განვითარდე და იყო ძლიერი. უამრავი ფასეულობა გადაფასდა. ჩაკეტილ სივრცეში ვცხოვრობდით და ამან თავისი უარყოფითი გავლენა იქონია ერზე. ჩემს ცხოვრებაში უზარმაზარი როლი შეასრულა იმ ორმა წელმა, რომელიც უცხოეთში გავატარე. თოთხმეტი წლის ვიყავი, როცა გერმანიაში სასწავლებლად მარტო წავედი. უზარმაზარი გამოცდილება მივიღე და ბევრი რამ სხვანაირად დავინახე.

– როგორ გაგიშვეს თოთხმეტი წლის მარტო, გერმანიაში?

– სხვა გზა არ ჰქონდათ. რომ არ გავეშვი, აქ ან ვიღაც მომკლავდა, ან დამიჭერდნენ (იცინის) – ხულიგანი ბავშვი ვიყავი.

– ანუ, ევროპაში გადაგხვეწეს?

– ჰო. სწავლის მოტივით, მაგრამ, რეალურად, აქაურობას გამარიდეს. იქ ნანახმა და მიღებულმა შთაბეჭდილებებმა ძალიან ბევრი რამ შეცვალა ჩემში. საყურიანი კაცი რომ დამენახა, ფუ-მეთქი, ვამბობდი. იქ საყურიანი კაცების მეტი რა ვნახე. „ფუ, ფუ” ვიძახე და, მერე მივხვდი, რომ არასწორად ვახასიათებდი და აღვიქვამდი ადამიანებს. გავიცანი რამდენიმე მათგანი, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ჩემზე და, მთლად „ფუც” არ ყოფილა-მეთქი, ვიფიქრე...

– ესე იგი, თოთხმეტი წლის ასაკში მოხდა შენში სტერეოტიპების ნგრევა და ფასეულობების გადაფასება.

– ფასეულობების გადაფასება ყოველთვის მოხდება და უნდა მოხდეს კიდეც – სხვანაირად არ შეიძლება, ვერ განვითარდები და ვერ გაიზრდები. თუმცა, არსებობს უცვლელი ფასეულობებიც: ენა, მამული, სარწმუნოება – ერთმნიშვნელოვნად ღირებული და, მინდა, რომ ეს ჩემი შვილებისთვისაც ასე დარჩეს!

 

скачать dle 11.3