კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეიყვანა მოსკოვმა აფხაზეთი ჩიხში და რატომ იქნება ტრაგედია აფხაზებისთვის მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების მიერ მათი დამოუკიდებლობის აღიარება

 აფხაზეთში რუსეთსა და აფხაზეთს შორის გასაფორმებელი „ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შეთანხმების“ რუსული ვარიანტი დაიწუნეს და ორი საპასუხო დოკუმენტი შეიმუშავეს (ერთი – „პარლამენტმა“, მეორე – „პრეზიდენტის ადმინისტრაციამ“), თუმცა საბოლოო ვარიანტზე ჯერ არ შეჯერებულან, მაინც იმედოვნებენ, რომ მოსკოვი სწორედ სოხუმის ვარიანტს დაჰყაბულდება, თანაც, ისე, რომ ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ სოციალურ დახმარებას ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებენ. თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა უკვე განაცხადა, რომ მოსკოვი არ აპირებს შეთანხმების რუსული ვარიანტის გადახედვას. მეორე მხრივ, რომ არა რუსეთის მიერ ნაწყალობევი სოციალური დახმარება, „პრეზიდენტი“ ხაჯიმბა ვერ შეძლებს იმ სოციალური დაპირებების შესრულებას, რის გამოც სულ ახლახან ალექსანდრ ანქვაბი სავარძელს გამოამშვიდობეს. რუსეთ-აფხაზეთს შორის შექმნილი ვითარების ანალიზი რუს პოლიტოლოგ ანდრეი ეპიფანცევს ვთხოვეთ.

 

– გაითვალისწინებს მოსკოვი სოხუმის შენიშვნებს ამ დოკუმენტთან დაკავშირებით?

– აქ უნდა დავაზუსტოთ, კარასინმა თქვა, ხელშეკრულებაში პრინციპულ საკითხებს არ გადავხედავთო.

– მესმის, მაგრამ სწორედ პრინციპული საკითხებია მნიშვნელოვანი და არა მეორე და მესამეხარისხოვანი.

– პრინციპული საკითხები, ალბათ, არ გადაიხედება და ყველაფერი, დიდი ალბათობით, დასრულდება კომპრომისით და ამას საფუძვლად დაედება რუსეთის მიერ შეთავაზებული ვარიანტი. რუსეთი წავა არაპრინციპულ დათმობებზე აფხაზურ მხარესთან, მაგრამ ის შეთანხმება, რომელიც აფხაზეთის პარლამენტმა შეიმუშავა, სრულიად სხვა ხელშეკრულებაა, ამიტომ  ახლა უნდა დაველოდოთ, რა ვარიანტს დაეთანხმება აფხაზეთის პრეზიდენტი, იმიტომ რომ მათ უნდა შეიმუშაონ ერთიანი ვარიანტი. თავის მხრივ, მოსკოვი აჩქარებს მათ, იმიტომ რომ ბიუჯეტია დასამტკიცებელი და უნდა ვიცოდეთ, წამოვა თუ არა აფხაზეთი ამ ინტეგრაციულ შეთანხმებაზე, რადგან ამ შემთხვევაში ლაპარაკია 5 მილიარდი რუბლის გამოყოფაზე,

– ეს დამატებით, იმას გარდა, რასაც ყოველწლიურად აძლევდა მოსკოვი სოხუმს.

– როგორც ვიცი, სულ 5 მილიარდ რუბლზეა ლაპარაკი. პრობლემა ის არის, რომ ჩვენი ფინანსური ურთიერთობა აფხაზეთთან ერთგვარი საიდუმლოა: გაუგებარია, რის საფუძველზე ვაძლევდით თანხას, ეს საჩუქარი იყო თუ კრედიტი?! გასული წლის მდგომარეობით, ითქვა, რომ აფხაზეთს გადავურიცხეთ 4 მილიარდი რუბლი. 2014 წლის დასაწყისში სურკოვმა ეს თანხა მილიარდამდე შეამცირა, ახლა ლაპარაკია 5 მილიარდზე. საქმე ისაა, რისთვის ვაძლევთ ჩვენ მათ ამ თანხას?! არაფერში ვერ მივცემთ.

– მაგრამ აქამდე ხომ არაფერში აძლევდით? 

– მართალია, მაგრამ ჩვენ ახლა ვიმკით ამის შედეგს. ადრე იყო ისეთი სიტუაცია: 2008 წლის შემდეგ შეიქმნა განსხვავებული ვითარება, ფული საჭირო იყო აფხაზეთში წარმატების სურათის შესაქმნელად. წინააღმდეგ შემთხვევაში, აფხაზი ელიტა აღშფოთდებოდა, არც ჩვენ არ გვჭირდებოდა. შედეგად მივიღეთ ის, რომ მათ ეს აღიქვეს, როგორც ისეთი რამ, რაც თავისთავად იგულისხმება. იცით, რომ აფხაზეთი ბრალს სდებს რუსეთს ყველა ცოდვაში –  გენოციდში მეცხრამეტე საუკუნეში…

– აფხაზები ყველა ცოდვაში ქართველებს ადანაშაულებენ, ნუ შეგვეცილებით.

– ჩვენ მიმართაც აქვთ პრეტენზიები ყოფით დონეზე… მეორე მხრივ, მათებური ახსნა, თუ რატომ ვაძლევთ ფულს, სომხურ ვარიანტს ჰგავს: როგორც იქცეოდა სომხეთი, როდესაც არ იცოდა, საით წასულიყო და შეიქმნა ილუზია, რომ შეეძლოთ წასულიყვნენ ევროკავშირისკენ და იქ ჰქონოდათ რუსული ბაზა. აფხაზეთშიც ჩამოყალიბდა აზრი, რომ იქ მყოფი რუსეთის ბაზა აფხაზებს კი არ იცავს, არამედ რუსეთს სჭირდება თავისი პოლიტიკური თამაშებისთვის და ამით „ნატოსგან“ მომავალ საფრთხეებს ანეიტრალებს და, თუ საქართველო მიდის „ნატოსკენ“, ესე იგი, რუსეთს აფხაზეთში უნდა ჰქონდეს თავისი ბაზა. ამიტომ ამბობენ, თუ ბაზა არის, გადაიხადეთო. სინამდვილეში კი მსგავსი არაფერი ხდება. ავიღოთ ეს შეთანხმება: მოსკოვი ამბობს, ჩვენ ამოგიქაჩავთ სოციალურ დონეს რუსეთის ფედერაციის სამხრეთ ფედერალური ოლქის დონეზე, არადა ეს რუსეთის ყველაზე მდიდარი რეგიონია, რეგიონი დონორი. მაგალითად, თქვენ ასოცირებას მოაწერეთ ხელი, მაგრამ თქვენთან გაიზარდა ამის გამო პენსიები? 

– ჩვენ არ ვართ ევროკავშირის დოტაციაზე, აფხაზეთი კი რუსეთის დოტაციაზეა.

– რა თქმა უნდა, ჩვენ შესანიშნავ პირობებს ვთავაზობთ აფხაზებს. მაგრამ იმის გამო, რომ აფხაზები ჩვენს დახმარებას იღებენ, როგორც ჩვეულებრივ რამეს, რაც თითქოს მათ ისედაც ეკუთვნით, ჩამოუყალიბდათ ასეთი დამოკიდებულება: მათი დამოუკიდებლობა არის წმიდათაწმიდა რამ და რუსეთმა უნდა არჩინოს ისინი. ახლა კი მიდის მათი შემობრუნება რეალობისკენ. ჩვენ თავად გავრყვენით ისინი, თუმცა მათი გაგებაც შეიძლება: ჩვენ მუდმივად ასე ვექცეოდით და მიეჩვივნენ, რომ არიან გაზულუქებული ბავშვები.

– ასლან კობახიამ, აფხაზეთის „პარლამენტის წევრმა“, აფხაზური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ, თუკი აფხაზები არ მოაწერენ ხელს რუსეთის მიერ შეთავაზებულ ვარიანტს, შეთანხმებით გათვალისწინებულ სოციალურ დახმარებას მაინც მიიღებენ მოსკოვიდანო. რატომ არიან ასე დარწმუნებულები? თუ კობახიას ეს განცხადება შიგა მოხმარებისთვისაა, რადგან მორიგი „არჩევნების“ შემდეგ ისინი ელიან სოციალური ფონის გაუმჯობესებას?

– არ ვიცი, შეიძლება, მას უფრო მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე მე. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მოსკოვი აჩქარებს მათ, მოაწერონ ხელი შეთანხმებას, ესე იგი, უნდა მოესწროს ამ ვალდებულებების რუსეთის 2015 წლის ბიუჯეტში გაწერა. გამოდის, რომ ამ ხელმოწერაზე იქნება დამოკიდებული, იქნება თუ არა 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული ამ 5 მილიარდი რუბლის გადაცემა მათთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსკოვი იტყოდა, გაძლევთ 5 მილიარდს და არ დააჩქარებდა შეთანხმებაზე ხელმოწერას. ასე რომ, ასლან კობახიას უნდა ჰკითხოთ, რატომ თქვა ასეთი რამ.

– მე ის არ მპასუხობს შეკითხვებზე, სამწუხაროდ.

– ეს მისი ამ შინაარსის მქონე პირველი განცხადება არ არის. შესაძლოა, მან ეს თქვა შიგა მოხმარებისთვის, იმიტომ რომ დღეს ხაჯიმბა არ არის საუკეთესო სიტუაციაში: თუ ხელი მოეწერება შეთანხმების რუსულ ვარიანტს, მასზე თავდასხმები გაძლიერდება და დაადანაშაულებენ, რომ უღალატა აფხაზეთის ინტერესებს, რომ აფხაზეთი კარგავს დამოუკიდებლობას და ის მოქმედებს რუსეთის კარნახით.

– მაშინ ხაჯიმბას არ უნდა მოსთხოვონ პენსიებისა და ხელფასების ზრდა. ხაჯიმბა ფულს ხომ არ აქსეროქსებს?

– ეს მეორე საკითხია: მას, თუ ხელს არ მოაწერს ამ შეთანხმებას, ფულს არ მისცემენ და ამიტომ ვერ შეძლებს იმ რეფორმების განხორციელებას, რასაც არჩევნებამდე დაჰპირდა მოსახლეობას. არადა, ამ შეთანხმებით, სინამდვილეში რუსეთი თავის თავზე იღებს სოციალურ ხარჯებს, რაც სტიმულს მისცემს აფხაზეთს განვითარებისთვის, იმიტომ რომ რეფორმების განხორციელება მტკივნეული პროცესია, მით უმეტეს, მტკივნეული იქნება ეს აფხაზეთში და, როდესაც შეეჯახება მათ არქაულ მენტალიტეტს, ეს გამოიწვევს უკმაყოფილებას. ამიტომ რუსეთი ამბობს, ჩვენს თავზე ავიღებთ სოციალურ ხარჯებს, რომ თქვენ თავისუფლად განახორციელოთ დაპირებული რეფორმები.

– ვთქვათ გულწრფელად, 5 მილიარდი რუბლი არის 200 მილიონ ლარამდე, მგონი, ეს საკმაოდ ცოტაა იმის გათვალისწინებით, თუ რა ფუნქციას ასრულებს აფხაზეთი თქვენთვის: ეს არის თბილისის შანტაჟის საუკეთესო საშუალება, მისი შეფერხება „ნატოსა“  და ევროკავშირისკენ, სამხრეთ კავკასიაში „ნატოს“ შემოსვლისთვის ხელშეშლა და სტაბილურობის შენარჩუნება ჩრდილოეთ კავკასიაში.

– ჯერ ერთი, საქმე ეხება მცირე რესპუბლიკას, რომლის მოსახლეობაც 200 000-ზე მეტი არ არის და მოსკოვის ერთი რაიონის ზომის თუ იქნება.

– ზომით დიდი არ არის, მაგრამ ფასდაუდებელ საქმეს გიკეთებთ გეოსტრატეგიული თვალსაზრისით.

– დიახ, აფხაზეთი უფრო მეტს იწონის, ვიდრე თავად ტერიტორიაა, მაგრამ ამ თანხის აწევა თავისუფლად შეუძლია რუსეთის ბიუჯეტს. მაგალითად, 2016-2017 წლებში მოსკოვში უნდა გაიხსნას ახალი მეტროსადგური და მის მშენებლობას სჭირდება 5 მილიარდი რუბლი და ეს არის ერთი სადგური. ახლა ვნახოთ, რას იღებს რუსეთი აფხაზეთისგან? ეკონომიკურად –  არაფერს, ისევე, როგორც სამხედრო თვალსაზრისით, აბსურდია ლაპარაკი პორტებსა და საზღვაო მონაკვეთზე; თუმცა ფაქტია, რომ ამით ვიჭერთ საქართველოს და სამხრეთ კავკასიაშიც ვინარჩუნებთ სიწყნარეს. მაგრამ, ჯერ ერთი, იქ მცირერიცხოვანი მოსახლეობაა და, მეორე, ადამიანებმა უნდა იმუშაონ და არ უნდა ისხდნენ რუსეთის ბიუჯეტზე. 

– გეთანხმებით, მათ უცნაური დამოკიდებულება აქვთ დამოუკიდებლობისადმი: ეს პოსტებისა და სხვისი ფულის დანაწილება ჰგონიათ.

– ჩემი აზრით, მათთვის იგივე შეთანხმება არა ახლა, არამედ აღიარებამდე რომ შეგვეთავაზებინა, 2006 ან 2005 წელს, ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იქნებოდნენ. მე მახსოვს, როგორ ჩამოდიოდნენ აფხაზები მოსკოვში 2008 წლამდე და გვეკითხებოდნენ, როგორ მოვახერხოთ რუსეთში შესვლაო და ჩვენ ვუხსნიდით, რომ ეს შეუძლებელი იყო. ახლა კი ინტეგრაციაზე ხელმოწერაც არ უნდათ. არადა, ფაქტობრივად, ეს იმავე ტიპის შეთანხმებაა, რასაც ჩვენ ვთავაზობთ ყაზახეთს, სომხეთსა თუ ბელორუსიას. იქ არაფერი შეურაცხმყოფელი არ არის.

– მაინცდამაინც ამ მომენტში რატომ შესთავაზეთ აფხაზეთს ეს შეთანხმება, როდესაც სირთულეა უკრაინის მიმართულებით, დასავლეთთან... რუსეთი ხომ ისედაც ატარებს თავის ინტერესებს აფხაზეთში, რატომ გაამწვავეთ ვითარება აფხაზეთის ფლანგზეც?

– დიპლომატიური ახსნა მარტივია: საქართველო მიდის „ნატოში“ და ეს შეთანხმება საჭიროა იმისთვის, რომ თავი დავიცვათ ჩვენს სამხრეთის ფლანგზე. ეს პოლიტკორექტული ახსნაა, რომელიც პირდაპირ ამას არ ნიშნავს, რადგან საქართველო შორსაა „ნატოსთან“ ინტეგრაციისგან, უკრაინის მოვლენების ფონზე კი, უფრო შორს, ვიდრე 1995 წელს იყო, როდესაც შევარდნაძე ამ თემას პირველად შეეხო. ისიც კი, თუ აშშ-მა მოგცათ სტრატეგიული პარტნიორის სტატუსი „ნატოს“ წევრობის გარეშე, არ არის საფრთხე რუსეთისთვის. მეტიც, დავუშვათ, რომ თბილისი შევიდა „ნატოში“, რა, აფხაზეთის არმია დაგვიცავს „ნატოსგან“?! ეს ხომ არასერიოზულია?! მაგრამ ამ წლის მოვლენებმა შეასრულა თავისი როლი: ურთიერთობა გაცივდა დასავლეთთან, სანქციები ახდენს ჩვენზე გავლენას, ეკონომიკასაც უჭირს –  დოლარი 46-ზეა უკვე, არადა არც ისე დიდი ხნის წინათ 28-ზე იყო; ამიტომ რუსეთი, როგორც კანცლერი გორჩაკოვი ამბობდა: „კონცენტრირდება“ და ცდილობს, მოიზიდოს თავისი მეგობრები და მოკავშირეები და უნდა, რომ ისინი უფრო მჭიდროდ მიიბას. რეალურად, აფხაზები არიან ჩიხში: თუ მოაწერენ ხელს იმას, რასაც მათგან მოსკოვი ითხოვს, ჰგონიათ, რომ ამით თავიანთ სუვერენიტეტს დაემშვიდობებიან; თუ არ მოაწერენ ხელს, მოსკოვი გაუბრაზდება მათ, არადა, აფხაზებს სხვა არავინ ჰყავთ, რომ დახმარებისთვის მიმართონ. „პო ბოლშომუ სჩეტუ იხ პოდსტავილი”…

– ამიტომაც არ იბრძოლა რუსეთმა მათი აღიარებისთვის, რომ წასასვლელი არ ჰქონოდათ.

– მაგრამ მათ რომ ფართო აღიარება მოიპოვონ, ისეთ პირობებს წაუყენებს მათ დანარჩენი სამყარო, რაც მათთვის ხელსაყრელი არ იქნება, მათთვის ტრაგედია იქნება, თუ რომელიმე სერიოზული ქვეყანა აღიარებს.

– ბუნებრივია, იმდენი ვალდებულების შესრულება მოუწევთ, მათ შორის, ქართველ დევნილებთან მიმართებაში. მე ყოველთვის ვეუბნები მათ ამას.

– მაგრამ მათ ეს არ ესმით. ასეთ შემთხვევაში, თქვენ მიმართავთ ჰააგის ტრიბუნალს, მსოფლიო წაუყენებს მოთხოვნას სხვა ეროვნებების დისკრიმინაციის გამო. არადა, ისინი ახლა ინკუბატორის პირობებში არიან, რუსეთს თავისი ფრთის ქვეშ ჰყავს და ჰგონიათ, რომ ასე იქნება მუდმივად, მაგრამ ასე ვერ იქნება მუდმივად.

 

скачать dle 11.3