კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სიურპრიზს ჰპირდება ანუკი არეშიძე თებერვალში თავის მომხმარებელს და იყო თუ არა მისი ჩვენება კახა კალაძისთვის სიურპრიზი

27 ოქტომბრიდან, ხუთი დღის განმავლობაში, თბილისი მოდის ქალაქად გადაიქცა – თბილისის „ფეშენ-ვიქის“ მეათე სეზონმა წარმატებით ჩაიარა. მოდისა თუ, უბრალოდ, საკუთარი გარდერობით თავის მოწონების მოყვარულებმა სიახლეებით დატვირთული ხუთი დღე ახალ-ახალი კოლექციების ნახვაში, მოწონებასა და გაკრიტიკებაში, „ფეშენ-ვიქის” ბანერთან ფოტოების გადაღებასა და ერთმანეთის მოკითხვაში გაატარეს. რაც მთავარია, „თბილისის მოდის კვირეული” უკვე მეათედ შედგა და ქართველ დიზაინერებს საკუთარი კოლექციების საჯაროდ გამოტანის კიდევ ერთი საშუალება მიეცათ. პირველად „თბილისის მოდის კვირეულის” ისტორიაში, ჩვენებების პარალელურად, შოუ-რუმიც გაიმართა, სადაც დიზაინერებს საკუთარი კოლექციები გასაყიდად ჰქონდათ წარმოდგენილი. რაც შეეხება თავად მოდის კვირეულის განრიგს, ის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ანუკი არეშიძემ გახსნა. ეს ანუკისთვის „თბილისის მოდის კვირეულზე” პირველი ჩვენება იყო და საკმაოდ წარმატებითაც ჩაიარა. ბევრ სტუმართან ერთად, ჩვენებას ესწრებოდნენ პირველი ლედი – მაკა ჩიჩუა და ანუკის მეუღლე, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, უფროს შვილთან ერთად. ანუკის ჩვენებაზე განსაკუთრებით ნერვიულობდნენ მისი მშობლები, რომლებიც მუდმივად გვერდში უდგანან შვილს და მის თითქმის ყველა ჩვენებას ესწრებიან. 

მაკა ჩიჩუა: ძალიან მომწონს თბილისის „ფეშენ-ვიქი“, ეს სფერო ყოველ წელს ნელ-ნელა კიდევ უფრო მეტად იხვეწება და კიდევ უფრო მეტად იზრდება, რაც ძალიან სასიამოვნოა. მიხარია, რომ მოდის სამყარო და ტენდენციები არ კვდება და ვითარდება. სიამოვნებით მოვედი ანუკის ჩვენებაზე – მაინტერესებდა მისი კოლექცია, რა გააკეთა. მანამდე მისი რამდენიმე ნამუშევარი მქონდა ნანახი და, მინდოდა, სრული კოლექცია მენახა. მომეწონა. 

– ანუკის კოლექციაში წარმოდგენილი ფერები, ვფიქრობ, კარგად ჯდება თქვენს გემოვნებაში.

– დიახ, რამდენიმე ნამდვილად აკმაყოფილებს ჩემს გემოვნებას. ისეთი ფერები იყო, მე რომ მიყვარს, განსაკუთრებით – ატმისფერი. 

– შეიძლება, რომ მომავალში ანუკის სამოსში გიხილოთ?

– შეიძლება.

– საკმაოდ აქტიური ფეხმძიმე ხართ – რამდენიმე ჩვენებაზე იყავით, მანამდე კი იაპონიაში იმყოფებოდით.

– დიახ, საკმაოდ აქტიურ ფეხმძიმე ვარ და, რადგან ყველაფერი კარგად მიდის, არ ვუჩივი არაფერს. რაც მთავარია, ჩემი ექიმის მეთვალყურეობითა და ნებართვით გავემგზავრე, მან მომცა უფლება. საინტერესო დრო გავატარე. ზოგადად, ძალიან საინტერესოა იაპონური კულტურა.  ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის შერწყმაა, რომელიც ძველი და თანამედროვე იაპონურ კულტურას შორის ხდება. კარგია, თუ ჩვენც გავითვალისწინებთ ამას და ჩვენც შევძლებთ ძველი და თანამედროვე კულტურის შეხამებას. 

– ვის ელოდებით?

– ბიჭს ველოდებით და ძალიან გახარებულები ვართ.

– ალბათ, პრეზიდენტი აქტიურად ზრუნავს თქვენზე, განებივრებთ.

– როგორც ჩანს, კარგად ზრუნავს, რადგან ასე მშვიდად მიდის ყველაფერი.

ანუკი არეშიძე: ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც მქონდა ჩაფიქრებული. ახლა ყველაზე მეტად მოდის წარმომადგენლების შეფასებები მაინტერესებს.

– ნერვიულობდი – ტაში არ მესმოდაო.

– პირველ ჩვენებაზეც ასე იყო. ალბათ, როდესაც ვნერვიულობ, არაფერი  მესმის. ამიტომ ვკითხულობ ხოლმე, იყო თუ არა ტაში. კოლექციაზე ექვსი თვის განმავლობაში ვმუშაობდი. მენეჯერმა ყველაფერი დაგეგმა, გააკეთა,  ბევრმა ადამიანმა იმუშავა ამ კოლექციაზე და მინდა, მათ დიდი მადლობა გადავუხადო. 

– როგორია ანუკის ქალი? 

– ყოველთვის ვცდილობ, ჩემი ქალი არ იყოს ბებერი, სევდიანი, ტრაგიკული და ასე შემდეგ; ის ახალგაზრდა ქალია. ჩემი სამოსის ჩაცმა შეუძლიათ ქალბატონებს 20 წლის ზემოთ. ვისაც უყვარს მოდა, მოდის ტენდენციები, უყვარს იყოს აქტუალური, განსხვავებული, ცოტა ნაზი და რომანტიკული, მათთვის არის „ანუკი“.

– შენც ასეთი ხარ.

– კი, მეც ასეთი ვარ. 

– შენს ჩვენებას, მშობლებთან ერთად, კახა და შენი უფროსი შვილიც ესწრებოდნენ. 

– ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დიდი თხოვნების მიუხედავად, კახა საერთოდ არ დადის ჩემს ჩვენებებზე, ახლა კი მოვიდა და, როდესაც მეუღლისგან, მით უმეტეს – შვილისგან, ასეთ მხარდაჭერას ვგრძნობ, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მშობლები ყოველთვის ჩემ გვერდით არიან. სადაც არ უნდა გავაკეთო ჩვენება, დედა და მამა იქ ჩამოდიან. ძალიან მინდოდა, კახას მშობლებიც დასწრებოდნენ, მაგრამ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოახერხეს მოსვლა. 

– როგორ დაითანხმე კახა, რომელიც ასეთ საღამოებზე არ დადის ხოლმე?

– არ დადის ხოლმე, მაგრამ, შევძელი მისი დათანხმება. ეს მხოლოდ ჩემი ჩვენება არ არის, ზოგადად ქართული ბრენდის პოპულარიზაციისთვისაა ძალიან მნიშვნელოვანი. ამის გამო ტარდება მოდის კვირეული, ამიტომაც ჩამოდიან უცხოელი სტუმრები, ჟურნალისტები, რომ შემდეგ დაწერონ საქართველოს შესახებ. ტურიზმის სააგენტოც ამიტომ ჩაერთო აქტიურად, რადგან, ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა კავშირში. ყველა ერთმანეთს ვეხმარებით და, ვფიქრობ, აუცილებელია, ასეთ საღამოზე იარონ მთავრობის წევრებმა, მათმა მეუღლეებმა; შეიმოსონ ქართული ბრენდებით, რათა ამით მოვახდინოთ ქართული ბრენდების პოპულარიზაცია.

– პირველ ლედის მოეწონა შენი კოლექცია. ხომ არ აპირებ მასაც ჩააცვა? 

– ძალიან მიხარია, რომ მოეწონა. როდესაც კახასთან ერთად შეხვედრაზე ან პრეზენტაციაზე მიწევს წასვლა, ყოველთვის ჩემი ბრენდი მაცვია, ყოველ შემთხვევაში, ამას ვცდილობ, რადგან, მნიშვნელოვანია, საკუთარ თავსა და ბრენდს თვითონ გავუკეთო პოპულარიზაცია. ჩემს ატელიეში 18 ადამიანი მუშაობს, უკვე ონლაინ მაღაზიაც მაქვს, შეკვეთები გვაქვს, განსაკუთრებით – რუსეთიდან და, რაც მთავარია, ბევრს ვმუშაობთ. 

– როგორ ახერხებ ამ ყველაფერს: დატვირთული სამუშაო გრაფიკი, მეუღლე, სამი შვილი?

– ძალიან რთულია, მაგრამ, მყავს სტაფი, რომელიც ყველაფერს „ხუთიანზე” აკეთებს და არ მჭირდება რაღაცის გამეორება. აქედან გამომდინარე, მე მაქსიმალურად ორიენტირებული ვარ კოლექციებზე, დანარჩენს კი ჩემი მენეჯერი ითავსებს. რაც შეეხება სამ ბიჭს, მართლაც ძალიან მაგარია, რომ სამი ვაჟის დედა ვარ. მდიდარი ადამიანი ვარ იმ მხრივ, რომ, როდესაც სახლში შევდივარ, ყველგან ბავშვები არიან. უპირველეს ყოვლისა, შვილებთან ურთიერთობა არ მაბერებს, სულ კარგ ხასიათზე ვარ და მათთან ყოფნისას არანაირი პრობლემა ან ცუდად ყოფნა აღარ მახსოვს, აღარაფერი მინდა მათ გარდა.

– ბოლო დროს საქორწილო კაბებზეც დაიწყე მუშაობა. 

– კერძო შეკვეთებზე ვმუშაობ, მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩემთან მოდის და სჭირდება საქორწილო კაბა. მათთვის იქმნება ესკიზები, შემდეგ ირჩევა. თუმცა, მუშაობის პროცესში კაბა მთლიანად იცვლება. არ მახსოვს, ჩემი პატარძალი უკმაყოფილი წასულიყოს, რაც ძალიან მიხარია.

– შენ როგორი პატარძალი იქნები, საკუთარ თავს შეუკერავ კაბას?

– არ ვიცი, აღარ ვფიქრობ ჩემს პატარძლობაზე, ახლა სხვების პატარძლობა დამრჩა. პირველად რომ მოვიდა გოგონა, ვიფიქრე: დიზაინერის კაბა არ ჰქონდა ნანახი და როგორ გადადგა ეს ნაბიჯი, ალბათ, მე მენდო-მეთქი. ვფიქრობ, მისი ნდობა გავამართლე, რადგან, დღემდე ყველას ახსოვს მისი კაბა.

– „თბილისის მოდის კვირეულზე” პირველად გამოხვედი? 

– დიახ, პირველად მივიღე მონაწილეობა. ჯერ ერთი, აქ არ ვცხოვრობდი, შემდეგ ჩამოვედი და, გარკვეული მიზეზების გამო, ვერ მივიღე მონაწილეობა. მიხარია, რომ ამ სფეროში კონკურენცია წამოვიდა – კონკურენცია ზრდის ხარისხს.

– შენი ფეხსაცმელებიც არ რჩება ყურადღების გარეშე.

– აქსესუარებზე დიდ აქცენტს ვაკეთებ. თებერვალში ჩემს მომხმარებელს ელოდება დიდი სიურპრიზი: ვისაც უყვარს კარგი, ხარისხიანი ფეხსაცმელი, დაელოდის „ანუკის“. მარტიდან მაღაზიაში კარგი რაღაცეები გვექნება, ოღონდ, შეზღუდული რაოდენობით. მე არ ვარ მასაზე გათვლილი დიზაინერი; მირჩევნია, ჩემი სამოსი ეცვას ცოტა ადამიანს. არ მინდა, „თუ მაჩ“ ვიყო, ყველას ეცვას; მირჩევნია, ხუთ გოგონას ეცვას და ჰკითხონ – ვისიაო. მინდა, ჩემი ბრენდის მიმართ სულ ჰქონდეთ განცდა: „როგორ მინდოდა და ვერ ვიყიდე”...

– ეს ცოტა ბოროტულია.

– არ არის ბოროტული, ადრე უნდა მოვიდეს ადამიანი საყიდლად. 

კახა კალაძე: მე ვერ დავიწყებ ანუკის კოლექციის შეფასებას, მაგრამ, შემიძლია ვთქვა, რომ მე მიყვარს ანუკი, ის ჩემი მეუღლე, ჩემი შვილების დედაა, მე მას მუდმივად დავუდგები გვერდში და ყოველთვის შევუწყობ ხელს. 

– ჩვენებამდე თუ გქონდათ კოლექციაზე მცირეოდენი წარმოდგენა მაინც? თუ, თქვენთვის ერთგვარი სიურპირიზი იყო?

– აქამდე არ მინახავს მისი კოლექცია, რადგან ამისთვის არ მცალია. მე ვხედავ, რამდენს მუშაობს ანუკი, როგორ შრომობს და, მჯერა, რომ ეს მას აუცილებლად დაუფასდება. 

 ანუკის ჩვენების შემდეგ უკვე „მეიდან ჯგუფის“ „დიზაინ ცენტრში“ გადავინაცვლეთ, სადაც ბრენდ „დალოოდის“ სახელით კაფსულა კოლექციები სამმა დიზაინერმა გამოიტანა: იკა ბობოხიძემ, სიმონ მაჩაბელმა და გრეგორი რეჯინიმ, რომელიც პირველად იყო დიზაინერის ამპლუაში. სამივემ გაითვალისწინა საქართველოში არსებული არცთუ კარგი მატერიალური მდგომარეობა და მომხმარებელს ორიგინალური დიზაინით შექმნილი, მაგრამ, ფასით ხელმისაწვდომი კოლექციები შესთავაზა. ამ ჩვენების შემდეგ კი მოდის მოყვარულების წინაშე ასევე ბრენდ „დალოოდის“ სახელით უკვე გოლა დამიანი წარსდგა, რომლის ჩვენებაც მუსიკალურად ქეთათო ჩარკვიანმა გააფორმა. მოდის კვირეულის მეორე დღეც საკმაოდ დატვირთული იყო: Mach&Mach, გიორგი ქებურია, აკა ნანიტაშვილი და, ბოლოს, ლადო ბოკუჩავა – „ატელიე კიკალა“, რომელმაც უკვე რამდენიმე სეზონზე ზედიზედ დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორც ყველა მოდის კვირეულზე, საზოგადოების დიდი ნაწილი ახლაც დიდი ინტერესით ელოდებოდა თამუნა ინგოროყვას ჩვენებას. დიზაინერმა მათი მოლოდინი გაამართლა და „ფეშენ-ვიქის” მესამე დღეს, სასტუმრო „თბილისი რუმსის“ ღია სივრცეში ლამაზი სანახაობა მოაწყო, თავისი კოლექცია კი ხელოვან და გლამურულ ქალებს მიუძღვნა, რომლებიც, იმავდროულად, თამამები, გახსნილები და ქალურები არიან. როგორც ბევრი ადამიანი, პირადად მეც, დიდი ინტერესით ველოდებოდი ლაკო ბუკიას ჩვენებას. ლაკო ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს და სწავლის გამო რამდენიმე სეზონი გამოტოვა. კლასიკურ შარვალზე  ჩაცმული ფუმფულა პულოვერები, სხვადასხვა ფერის ჟაკეტები, მოსასხამები, ნიუ-იორკის „ფეშენ-ვიქისთვის“ შექმნილი ულამაზესი ფეხსაცმელები და მოხატული წინდები – ეს იყო ლაკოს დამოუკიდებელი ხაზი – „ლოლა“ ლაკოსგან, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, თბილისელი გოგონების დიდი ნაწილი მალე აიტაცებს და თბილისში სულ მალე არაერთი „ლოლა“ გაჩნდება. მოდის კვირეულის მესამე დღეს ასევე საკუთარი კოლექციები წარადგინეს ტატიანა მეფარიძემ და ნინო ბაბუხადიამ, მეოთხე დღეს კი, მასტერკლასების შემდეგ, უკვე თამთა შინდელაშვილის, გვანცა ჯანაშიას, ლელა ელოშვილისა და გიორგი შაღაშვილის ჩვენებები გაიმართა; ხოლო, 31 ოქტომბერს, თბილისის მოდის კვირეული, როგორც ყოველთვის, ახლაც „ავთანდილმა“ დახურა, რომელიც სტუმრებს „შატო მუხრანში“ შეხვდა და მათ კიდევ ერთი დაუვიწყარი სანახაობა შესთავაზა.

თაკო ჩხეიძე: კმაყოფილი ვარ ახლანდელი სეზონით, ყველაფერი კარგად მიმდინარეობს, ძალიან ვისიამოვნე ერთიმეორეზე ლამაზი კოლექციების თვალიერებით. კარგი ჩვენებები ვნახეთ, ყოველი დღე ერთმანეთისგან განსხვავებული და დახვეწილია. გვყავდა ცნობილი დიზაინერებიც და ახალბედებიც; ასევე, სტუმრები უცხოეთიდან, საერთაშორისო პრესა, რომელიც აშუქებს ჩვენი დიზაინერების ნამუშევრებს. გარდა ამისა, ჩატარდა ძალიან კარგი მასტერკლასები და ახალგაზრდა დიზაინერების კონკურსი. სამმა დიზაინერმა გადაწყვიტა, სხვა გარემოში გაეკეთებინა ჩვენება, რაც საკმაოდ საინტერესო იყო.

– ამ დღეებში ოჯახს აშკარად სწყდები.

– დღეს არის (ინტერვიუ ჩაწერილია 29 ოქტომბერს, – ავტორი) ჩემი მეორე შვილისა და ქმრის დაბადების დღე. მოდის კვირეული რომ დამთავრდება, მე მერე აღვნიშნავ, გადავიხდით, „ფეშენ-ვიქი” როცა დამთავრდება.

скачать dle 11.3