კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაფიის შვილობილი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N28-43(722) 

– უსკდება და უსკდება ხომ ჯონდო სარიას, იმ არაკაცს ძველი საქმეები?

– ჯერ ზუსტად არ ვიცი. ამას გამოძიება დაადგენს. მადლობა, ამხანაგო გენერალო. უნდა დაგტოვოთ, – მშრალად მიუგო მერაბმა მინისტრს და კაბინეტიდან გამოვიდა.

მერაბ გამრეკელმა ჯერ ექსპერტ-კრიმინალისტ ბონდო გვალიას მიაკითხა სამსახურში. საქმის კურსში ჩააყენა და პროზექტურაში წაიყვანა. იქიდან კი პათანატომი და სანიტრები წამოიყვანა პროზექტურის მანქანით და ყველანი გაგრაში გაემართნენ. მილიციაში შეიარეს, ოპერჯგუფი წამოიყოლეს და გაგრის სასაფლაოზე ავიდნენ.

ვასო დუმბაძის საფლავი ნესტორ პესკასელის მეუღლის გვერდით აღმოჩნდა. ფატი კილასონია წარმოშობით გაგრელი იყო და ის მშობლიურ ქალაქში დაასაფლავეს. მეტყევის საფლავს რომ თხრიდნენ, მერაბს ნესტორ პესკასელი გაახსენდა, რომელიც გულწასული ამოიყვანეს მეუღლის საფლავიდან და გაიფიქრა: „ნუთუ ეს ყველაფერი მართლა გაითამაშა პესკასელმა? არ ვიცი, არ ვიცი... თუ ეს ასეა, მაშინ ნესტორი ეშმაკის მოციქული ყოფილა“. მაიორი გამრეკელი ბონდო გვალიას ხმამ გამოარკვია ფიქრებიდან.

– ბატონო მერაბ, ბევრი დაკვირვება არ უნდა იმის მიხვედრას, რომ ჩვენ წინ მდებარე ჩონჩხს ორივე ხელის მტევანი მოკვეთილი აქვს, თავი კი – სანახევროდ. ამ ფაქტზე ირიბი ნაკვეთები მიუთითებს. აშკარაა, რომ ძალიან ბასრი, საშუალო ზომის მჭრელი იარაღია გამოყენებული. სავარაუდოდ, დიდი ზომის ხანჯალი ან მომცრო ხმალი.

გვალიას პათანატომიც დაეთანხმა. ეგსჰუმირებული ჩონჩხი ფრთხილად გადაიტანეს პროზექტურის მანქანაში და ექსპერტიზაზე წაიღეს.

– საბოლოო დასკვნა როდის გექნებათ? – ჰკითხა მერაბმა პათანატომს.

– ორიოდე საათში, ბატონო მერაბ, წამობრძანდით. დაგველოდეთ და საღამოს ექვსი საათისთვის ყველაფერს გამოგატანთ, – მიუგო პათანატომმა.  

საღამოს ექვს საათზე, მაიორ მერაბ გამრეკელს უკვე ოფიციალური დასკვნა ჰქონდა, რომელშიც ეწერა, რომ ვასო დუმბაძე ბასრი ცივი იარაღით იყო მოკლული. მან ეს საბუთი საქაღალდეში შეინახა. შემდეგ, იმავე ჯგუფთან ერთად სასაფლაოზე დაბრუნდა და მხოლოდ მას მერე წამოვიდა იქიდან, რაც მოკლული მეტყევის ჩონჩხი მეორედ მიაბარეს მიწას.

***

– ძალიან მომენატრე, საყვარელო, რატომ დაგაგვიანდა? – ჰკითხა თამარმა სახლში დაბრუნებულ მერაბს.

– მეც ძალიან მომენატრე. როგორ ხარ? – პირდაპირ პასუხს თავი აარიდა მერაბმა.

თამარმა მერაბის ხელის გული მუცელზე მიიდო და ღიმილით  უთხრა:

– აი, როგორ ვარ? გრძნობ, როგორ ხტუნავს მუცელში შენი შვილი?

მაიორს სახე გაებადრა. ცოლს მუცელზე მიეფერა და აღტაცებით თქვა:

– ნახე, ნახე, უფრო ამოძრავდა.

– იმიტომ, რომ მოეფერე. ყველაფერს გრძნობს და ასე გამოხატავს.

– ნამდვილად ბიჭი იქნება, – სიამაყით თქვა მერაბმა, – ასეთი ცელქები ბიჭები არიან.

– მე კი გოგო მგონია. იცი, როგორი ცელქი ვიყავი ბავშვობაში?

– თუ გოგო იქნება, მაშინ შენნაირი მშვენიერი უნდა იყოს, – თქვა მერაბმა. თამარმა კი უპასუხა:

– ჩემზე უკეთესი, საყვარელო.

მაიორმა ცოლი მკერდზე მიიკრა და უთხრა:

– შენზე უკეთესი არავინაა ამქვეყნად.

– აი, ნახავ, თუ არავინაა. გავაჩენ და ყველაზე მეტად გეყვარება.

– ერთნაირად მეყვარებით. შენზე მეტად მე ვერავის შევიყვარებ, – მიუგო მერაბმა ცოლს. შუბლზე აკოცა და სააბაზანოსკენ გაემართა.

– ვახშამს გაგიწყობ, – მიაძახა მერაბს თამარმა და სამზარეულოში გასვლა დააპირა. ამ დროს ტელეფონმა დარეკა. თამარმა უპასუხა და ყურმილი გადადო. მეუღლეს კი გასძახა:

– მერაბ, გულბათი გირეკავს.

მაიორ გამრეკელს გულბათ მარგიანის სახელის გაგონებაზე გულმა რეჩხი უყო და ინსტინქტურად საათს დახედა. თერთმეტი იყო დაწყებული, მერაბი სწრაფად მიიჭრა ტელეფონთან და უპასუხა:

– გისმენ, გულბათ.

– მარტო ხარ ოთახში? – ჰკითხა გულბათმა მერაბს და მაიორს ლამის გული ამოუვარდა საგულედან.

– კი, – მოკლედ და ლამის ჩურჩულით უპასუხა მერაბმა.

– მართაც სახლშია?

– მეზობელთანაა, – კვლავ ხმადაბლა და ხმის კანკალით მიუგო მერაბმა, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ გულბათისგან ცუდი ამბავი უნდა გაეგო და ცივმა ოფლმა დაასხა.

– მართას დაუძახე და თამართან დატოვე. არაფერი შეიმჩნიო და „ჟოაკვარაში“ გამოდი. რესტორანთან გელოდები. რაც შეიძლება, ჩქარა, მაგრამ ფრთხილად.

– თქვი, რა მოხდა, – ჩურჩულით იკითხა მერაბმა და სხეული ყინულივით გაუხდა ნერვიულობისგან.

– საშინელება მოხდა.

– რა?

– ნათლია ასთამური მოკლეს.

– მოვდივარ, – თქვა მერაბმა და ტელეფონის ყურმილი აპარატზე დადო. შემდეგ სკამზე ჩამოჯდა, რომ არ წაქცეულიყო და ცდილობდა, წონასწორობა შეენარჩუნებინა, რათა არაფერი შეტყობოდა.

– ვახშამი მზადაა. მოდი, მერაბ, – გამოსძახა თამარმა მეუღლეს.

მაიორი სკამიდან წამოდგა და ნელი, გამოზომილი ნაბიჯით შევიდა სამზარეულოში, რომ თავბრუხვევისგან არ წაქცეულიყო. რაც შეეძლო, თავი ხელში აიყვანა და თამარს უთხრა:

– სამწუხაროდ, უნდა წავიდე. მაპატიე, საყვარელო. დედას დავუძახებ და გავიქცევი.

– რა მოხდა? – იკითხა თამარმა.

– ერთი ბოროტმოქმედი დააკავეს და უნდა დავკითხო. მაპატიე, საყვარელო. შევეცდები, რაც შეიძლება, მალე დავბრუნდე. ნუ დამელოდებით და დაიძინეთ.

– გევახშმა მაინც.

– არ მინდა. წავედი, – მიუგო მერაბმა და მართას დასაძახებლად გავიდა. სიდედრი რომ სახლში შეიგულა, კვლავ მეზობელთან დაბრუნდა, ასთამურის ამბავი მოუყვა და სთხოვა, მართასთან და თამართან არაფერი დასცდენოდათ, თან დაუბარა:

– თვალყური გეჭიროთ ჩემებზე. მალე აქ მილიციის ოპერჯგუფს გამოვგზავნი სამორიგეოდ, მაგრამ ისე, რომ მართას და თამარს არაფერი ეცოდინებათ, რათა არ შეშინდნენ.

– მერაბ, შვილო, რამე საშიშროებაა და ამიტომ აგზავნი აქ მილიციას? – ჰკითხა მაიორს შუა ხნის მეზობლის ქალმა, რომელსაც ერთი სული ჰქონდა, ასთამური შეეცხადებინა და მთელი ის კუთხე შეეყარა, მაგრამ მერაბის თხოვნის გამო, არ აკეთებდა ამას და ძლივს იკავებდა თავს.

– მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, – მიუგო მერაბმა ქალს და სანამ სახლიდან გავიდოდა, დაამატა, – თქვენი იმედი მაქვს. წავედი.

უკვე „ვოლგაში“ ჯდებოდა მაიორი გამრეკელი, შორიახლო ორი „ჟიგული“ რომ გაჩერდა. ერთ-ერთიდან ნაცნობი ოპერი გადმოვიდა და გამრეკელს უთხრა:

– ამხანაგო მაიორო, გულბათ მარგიანმა გამოგვგზავნა აქ სამორიგეოდ და დარდი ნუ გექნებათ. ანჩაბაძეების სახლს ბუზიც ვერ გაეკარება.

– კარგი, თქვენი იმედი მაქვს, – მიუგო მერაბმა კოლეგას. ასთამურის ამბავი არც კი უკითხავს, ისე ჩაჯდა „ვოლგაში“ და მანქანა ფრთხილად დაძრა ადგილიდან. მთავარ ქუჩაზე რომ გავიდა, გაზს ბოლომდე მიაჭირა ფეხი და ორიოდე წუთში უკვე რესტორან „ჟოაკვარასთან“ მივიდა.

მაიორი გულბათ მარგიანი რესტორან „ჟოაკვარასთან“ გაჩერებულ „ვოლგასთან“ იდგა და სლუკუნებდა. მერაბის დანახვაზე აღრიალდა და იმეორებდა:

– მერაბ, ძმაო, ნათლია ასთამური მოკლეს, ნათლია ასთამური მოკლეს...

მერაბ გამრეკელსაც ღრიალი მოუნდა, მაგრამ მთელი ძალისხმევა მოიკრიფა და თავი შეიკავა. იმ მომენტში მასში პროფესიონალმა გაიღვიძა. გულბათს მხრებში ხელი ჩაავლო და უთხრა:

– დამშვიდდი და ყველაფერი თანმიმდევრულად მომიყევი.

გულბათ მარგიანი თანდათან დამშვიდდა. ბოლოს ცრემლები შეიმშრალა და მერაბს უთხრა:

– საცოდავი ტიტე კალანდია ხომ გახსოვს, მერაბ?

– მახსოვს.

– ჰო და იმისმა ცოლმა აღმოაჩინა მოკლული ნათლია ასთამური ოდაში.

– როდის, როგორ?

– საღამოს რვა საათზე. ნათლია ასთამურთან გადასულა გადმოსაპატიჟებლად. დღეს ტიტეს დაბადების დღეა და კალანდიებს სუფრა ჰქონიათ. რომ არ გამოიხედა ასთამურმა დაძახილზე, შესულა ოდაში და თავმოკვეთილი უნახავს.

– ხელის მტევნებიც ხომ არ აქვს მოკვეთილი? – ცივი ხმით იკითხა მერაბმა.

– კი. აქვს. შენ რა იცი?

– მერე გეტყვი. გააგრძელე.

– მანამდე კი, ტიტეს ცოლს დაუნახავს, რომ ნათლიასთან ორი ადამიანი შევიდა ოდაში.

– ქალი და კაცი ხომ არა? – კვლავ შეაწყვეტინა მერაბმა ტიტეს.

– კი, ქალი და კაცი. რა იცი შენ? – ჰკითხა მერაბს გაოცებულმა გულბათმა.

– ეგ მერე. სადაა ახლა ძია ასთამურის ცხედარი?

– პროზექტურაში, ექსპერტიზაზე.

– ტიტე კალანდიას ცოლი?

– თავის სახლში. მასთან ჩვენები მუშაობენ. საწყალი გოგო ჭკუაზე არაა და ჩვენების მოცემა უჭირს.

– რა ოპერატიული ზომებია მიღებული?

– აფხაზეთის მთელი მილიცია გარეთაა გამოსული და ყველაფერი გადავკეტეთ. მთელი აგენტურული ქსელი ფეხზე დავაყენეთ და მუშაობენ. საქმის კურსში ჩავაყენეთ სამეგრელოს სამხარეო სამმართველო და კრასნოდარის მხარე. თუ რამე ახალი იქნა, ოპერატიულად შეგვატყობინებენ. ცენტრალური შტაბი სოხუმშია და პირადად სამმართველოს უფროსი ზის ტელეფონთან.

– სატყეო სამმართველოში რამდენი მეტყევე მუშაობს დაახლოებით, თუ იცი?

– ზუსტად გეტყვი – ოცდაათი.

მერაბმა მოშორებით მდგომ ოპერებს გახედა, რომლებიც მანქანაზე იყვნენ მიყუდებულები და გულბათს უთხრა:

– ამ ოთხიდან რომელიმე სატყეო სამმართველოს უფროსთან გააგზავნე და უთხრას, რომ ყველა ის თანამშრომელი, ვინც დღეს ისვენებს, სამსახურში გამოიძახოს. რამდენი კაცი იქნება დაახლოებით?

– ზუსტად გეტყვი – ოცი. სულ ოცდაათნი ხომ არიან. სამ „სმენად“ მუშაობს თითოეული „პარა“. სულ ხუთი ზონაა გაგრაში და თითოეულზე ერთი „პარა“ მოდის. რად გინდათ მეტყევეები?

– მეტყევეებმა კარგად იციან, ალბათ, მთიანი ზოლი და ზემოდან ჩამოყვნენ მწკრივში. გამორიცხული არაა, რომ ერთ-ერთი დამნაშავე მაინც, მთაში იყოს წასული.

– რას ამბობ, მერაბ. ზემოდან როგორ ჩამოჰყვებიან. იქამდე რვა კილომეტრია.

– გუდაუთის ავიაბაზიდან ვერტმფრენს გამოვაძახებინებ და ის აიყვანს ზემოთ მეტყევეებს. მძლავრი ფანრები ხომ გაქვთ განყოფილებაში?

– კი. სულ ახალთახალი ფანრები გვაქვს. ოცი ცალი მივიღეთ მოსკოვიდან.

– ჰოდა მეორე ოპერი ფანრებისთვის გაგზავნე და უთხარი, რომ „პრიჩალთან“ მიიტანოს და დაგველოდოს. ვერტმფრენი იქ დაჯდება. მეტყევეებიც იქ მივიდნენ, – უთხრა მერაბმა გულბათს. საათს დახედა და განაგრძო, – თერთმეტს ოცი წუთი აკლია. თორმეტის ნახევარზე ვერტმფრენი ადგილზე იქნება. შეასრულე, რაც გითხარი. დანარჩენი ორი ოპერი კი წამოიყვანე. დაგვჭირდებიან. ჩქარა ქენი.

გულბათ მარგიანს ხუთი წუთიც არ დასჭირვებია მერაბის ბრძანების შესასრულებლად და ორივე ოპერი რომ გაისტუმრა, მერაბთან დაბრუნდა.

– გავგზავნე. ახლა, რა ვქნათ?

– ფოსტაში წავედით. კოტე თავართქილაძეს უნდა დავურეკო.

გულბათმა თავისი „ვოლგა“ ერთ-ერთ ოპერს გაატანა. ამიტომ მერაბის მანქანაში ჩაჯდა, ორი ხელქვეითი უკან ჩაისვა და გაგრის ფოსტის შენობისკენ გაემართნენ.

მერაბ გამრეკელი კაბინაში განმარტოვდა და როდესაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ყურმილი აიღო, უთხრა:

– ბოდიში, ძია კოტე, რომ ასე გვიან გაწუხებთ, მაგრამ თქვენი დახმარება მჭირდება.

– თამარი ხომ კარგადაა? – ჰკითხა გენერალმა.

– დიახ.

– მადლობა ღმერთს, – გააწყვეტინა მინისტრმა და ღრმად, შვებით ამოისუნთქა, – რა „ჩეპეა“?

– ასთამურ შამბა მოკლეს და ბოროტმოქმედების მოსაძებნად ვერტმფრენი გვჭირდება, რომ მეტყევეები მთაში აიყვანონ და იქიდან ჩამოჰყვნენ ტყის ზოლს. შეგიძლიათ, რომ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალს გუდაუთის ავიაბაზაზე დაარეკინოთ და გაგრაში, „პრიჩალზე“ ვერტმფრენი გამოაშვებინოთ?

– რამდენი მეტყევეა გადასაყვანი.

– ოცი.

– მაშინ ასე ვქნათ. სარდალი ჩემი და მამაშენის ძმაკაცი იყო და „ჩეკაში“ მუშაობა ჩვენთან ერთად დაიწყო. მარტო ოცი მეტყეე მაგ საქმეს შეიძლება, არც ეყოს. ამიტომ, სამოც ჯარისკაცს გამოვაშვებინებ, რომ უფრო მჭიდრო „აბლავა“ მოაწყონ. ერთი მეტყევე მეგზური, პლუს ორი ავტომატიანი ჯარისკაცი. ასეთი სქემით ჩამოჰყვნენ ტყის ზოლს. გასაგებია?

– დიახ. გასაგებია.

– ახლა თერთმეტი საათია. მაქსიმუმ ნახევარ საათში სამი ვერტმფრენი „პრიჩალზე“ დაეშვება თავის „ავტომატჩიკებთან“ ერთად და პირადად დახვდი. აფხაზეთის მინისტრი სად არის?

– არ ვიცი.

– კარგი. გავარკვევ. ახლა მე სარდალს დავურეკავ „ვეჩეთი“ და ყველაფერს მოვაგვარებ.

– მადლობა, ძია კოტე.

– მერაბ! ფრთხილად იყავი, შვილო. თუ რამე ახალი იქნა, ან რამე დაგჭირდეს, ნებისმიერ დროს დამირეკე.

– კარგი.

– ნახვამდის, – თქვა მინისტრმა და ყურმილი დაკიდა.

მაიორი მერაბ გამრეკელი რომ კაბინიდან გამოვიდა, საათი ღამის თორმეტ საათს და ათ წუთს უჩვენებდა. ანუ, ზუსტად ერთი საათი იყო გასული, რაც გულბათმა მერაბს ასთამურ შამბას მკვლელობის ამბავი შეატყობინა.

– რა ქენი? – ჰკითხა გულბათმა მერაბს.

– წავედით „პრიჩალზე“, – მოკლედ უპასუხა გამრეკელმა და ფოსტიდან გავიდა.

ნავსაყუდელზე რომ მივიდნენ, თორმეტის ოცი წუთი იყო. აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრიც მალე მოვიდა. პერსონალური „ვოლგიდან“ ჭაბუკივით გადმოხტა. გამრეკელს მიუახლოვდა, ხელი ჩამოართვა და უთხრა:

– ვიზიარებ შენს მწუხარებას, მერაბ. საცოდავი ასთამური. დიდი ტრაგედიაა. გამაგრდი. მთელი პირადი შემადგენლობა ფეხზე დგას და მკვლელი ვერსად წაგვივა.

– გმადლობთ. იმედია, ასე იქნება, – მიუგო მერაბმა გენერალს, რომელმაც რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ამ დროს ცაში ვერტმფრენები გამოჩნდნენ და გამრეკელმა მათკენ გადაიტანა ყურადღება.

როდესაც ვერტმფრენები ზღვის ფართო პლატოზე დაეშვნენ, იქიდან სამი ოცეული სწრაფად გადმოვიდა და ერთ მწკრივად მოეწყვნენ. წითური, ათლეტური აღნაგობის რუსი პოლკოვნიკი პირდაპირ მერაბს მიუახლოვდა და ისე, რომ გენერლის ფორმაში გამოწყობილი მინისტრისთვის არც კი შეუხედავს, გამრეკელს უთხრა:

– თუ არ ვცდები, თქვენ მაიორი გამრეკელი უნდა იყოთ.

– დიახ. მე ვარ, – მიუგო მერაბმა.

– პოლკოვნიკი ბასკოვი, – ავტომატგადაკიდებულმა სამხედრომ ხელი ჩამოართვა მერაბს,  – ყველაფრის საქმის კურსში ვარ. ტერიტორიას კარგად ვიცნობ. სამი კვირის წინ იქ სწავლება გვქონდა და თუკი ბოროტმოქმედები მთაში წავიდნენ, ვერსად გაგვექცევიან. მეტყევეები არ არიან საჭირო და ჯობია, ისინი ქვემოდან ამოუყვნენ ტყის მასივს. გაუგებრობა რომ არ მოხდეს და უბედური შემთხვევა თავიდან ავიცილოთ, სასიგნალო ნიშანი დავთქვათ. სამი გრძელი და ორი მოკლე სხივი. როგორც ვიცი, მეტყევეებს მძლავრი პროჟექტორები აქვთ.

– დიახ, – მიუგო მერაბმა.

– მაშ, კარგი. დროს ნუ დავკარგავთ. ჩვენ წავედით და ხუთ წუთში ადგილზე ვიქნებით.

– ერთი თხოვნა მაქვს, ამხანაგო პოლკოვნიკო. თუკი ბოროტმოქმედებს შენიშნავთ, ეცადეთ, ცოცხლად აიყვანოთ.

– თავისთავად, მაიორო, – მიუგო ბასკოვმა მერაბს. ხელი მაგრად ჩამოართვა. შემდეგ ოცეულებს ვერტმფრენში ჩასხდომა უბრძანა და სამხედროები ცაში აიჭრნენ.

აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მოშორებით იდგა. სამხედროები რომ წავიდნენ, გენერალი მაიორ გამრეკელს მიუახლოვდა და ჰკითხა:

– ახლა საით, მერაბ?

– ასთამურ შამბას სახლში. მკვლელობის ადგილი უნდა დავათვალიერო, – მოკლედ და საქმიანად მიუგო მერაბმა.

– მე სოხუმში დავბრუნდები და ჩემს კაბინეტში ვიქნები. თუ რამე ახალი იქნა, იქნებ შემატყობინო როგორმე. მე თუ შევიტყობ სიახლეს, გაგრის განყოფილებაში დავრეკავ და დავიბარებ. მოგძებნიან და გაგაგებინებენ.

 – შევთანხმდით, ამხანაგო გენერალო, – მერაბმა ხელი ჩამოართვა მინისტრს. „ვოლგის“ საჭეს მიუჯდა და მამობილის კარ-მიდამოსკენ გაემართა გულბათთან და ორ ოპერთან ერთად.

მაიორი მერაბ გამრეკელი ისე იყო გამწარებული, რომ ბღავილი უნდოდა. მაგრამ, საკუთარ თავს პირობა მისცა, გრძნობები მოეთოკა და პროფესიონალურად ემოქმედა. თუმცა, როგორც კი ასთამურ შამბას ოდაში შედგა ფეხი, თვალებში დაუბნელდა და კინაღამ წაიქცა.

– ცუდად ხარ, მერაბ? – ხელი შეაშველა გამრეკელს თვალცრემლიანმა გულბათმა.

– ნუ ტირი, გულბათ, თავი შეიკავე. ემოციები ცუდი მეკავშირეა ამ საქმეში. შევიდეთ, – ხმადაბლა მიუგო მერაბმა გულბათს და ოთახში პირველი შევიდა.

გოლიათი მეტყევის სასტუმრო ოთახი სისხლით იყო მორწყული და იქ მხოლოდ ხუთი ექსპერტი იმყოფებოდა. ისინი დაწვრილებით იკვლევდნენ ყველა კვალს. დინჯად და ჩუმად მუშაობდნენ. ჯგუფს ბონდო გვალია ხელმძღვანელობდა, რომელსაც დანაშაულის კვალის დაპაკეტებული, დაბეჭდილი ნიმუშები ტაბლაზე ჰქონდა დამწკრივებული. ის მერაბს მიუახლოვდა და უთხრა:

– ვიზიარებ თქვენს მწუხარებას, ბატონო მერაბ. ღმერთმა აცხონოს ძია ასთამური!

– მადლობა, ბონდო, – მიუგო გამრეკელმა და ჰკითხა, – რა სურათს იძლევა, შენი აზრით,  პირველადი მოკვლევა?

– ორი ბოროტმოქმედი მოქმედებდა. მოწმის ჩვენებით, ერთ-ერთი ქალი იყო და ამას ჩვენ მიერ მოპოვებული კვალიც ადასტურებს. ნაპოვნია რამდენიმე ღერი ქალის შავი ფერის თმა. ბოროტმოქმედი ქალი შავგვრემანია. კომოდზე არსებული სისხლის კვალი კი, ჩემი აზრით, მამაკაც ბოროტმოქმედს ეკუთვნის და არ მგონია, ვცდებოდე.

– რატომ ფიქრობ ასე?

– იმიტომ, ბატონო მერაბ, რომ კომოდზე მიმხმარ სისხლზე მამაკაცის შავი ფერის თმა იყო მიკრული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბოროტმოქმედი თავით მიეჯახა კომოდს და თმაც იმიტომ აღმოჩნდა იქ. აქედან კი იმ დასკვნას  ვაკეთებ, რომ ბოროტმოქმედზე მექანიკური ზემოქმედება მოხდა. ანუ, ასთამურმა მას ხელი ჰკრა ან დაარტყა და კომოდს მიანარცხა.

– ესე იგი, ადგილი ჰქონდა შეტაკებას?

– მთლად მასე ვერ ვიტყვი. უფრო მყისიერ ბრძოლას ჰქონდა ადგილი. ანუ, ყველაფერი ძალიან მალე, ორ-სამ წამში დასრულდა, – თქვა გვალიამ და დაამატა, – ჩემი აზრით, ძია ასთამურს პირველი დარტყმა მამაკაცმა თავში მიაყენა მოკლე ხმლით. მოკლულს ორი, ღრმად ნაკვეთი ჭრილობა აქვს, ერთი – კეფაში, მეორე კი – პირდაპირ გულში, სავარაუდოდ, ხანჯლით. ესე იგი, მამაკაცმა ასთამურს ხმალი ჩაარტყა კეფაში, მაგრამ ერთი დარტყმით ვერ მოკლა. ალბათ, დაჭრილმა ასთამურმა რეაგირება მოასწრო, მას თავისი გრძელი, მძიმე ხელი შემოარტყა და კომოდს მიანარცხა. ამის პარალელურად კი, ქალმა ხანჯალი გულში გაუყარა და ხანჯალგაყრილი ძია ასთამური იატაკზე დაეცა. შემდეგ ორივე ბოროტმოქმედმა ასთამურ შამბას კოპიტის ხის კუნძი შეუცურეს მკერდის ქვეშ და ერთი ძლიერი დარტყმით თავი მოჰკვეთეს. სავარაუდოდ, ეს მამაკაცმა გააკეთა. ამის მერე უკვე უთავო ასთამურ შამბას პირდაპირ იატაკზე, ასევე თითო დარტყმით მოკვეთეს ხელის მტევნები. ბოლოს კი გულში გარჭობილი ხანჯალი რის ვაი-ვაგლახით ამოაძრეს და წავიდნენ. დანაშაულის ადგილი საგულდაგულოდ გვაქვს ფოტოგრაფირებული. ასევე, ყველა რაკურსით გადავიღეთ გვამის ფოტოებიც. სურათები უკვე მზად ექნებათ ჩვენს ლაბორანტებს. სამ საათზე მეტია, რაც აქ ვმუშაობთ, ბატონო მერაბ და როგორც კი დაქტილოსკოპები ყველა ანაბეჭდს აიღებენ, შემთხვევის ადგილის მოკვლევითი სამუშაოები დასრულდება.

– ბოროტმოქმედთა აღწერილობაზე თუ შეგიძლია რამის თქმა?

– კაციც და ქალიც შავთმიანები უნდა იყვნენ. ალბათ, შავგვრემნები. ორივე ფიზიკურად ძლიერები არიან. კაცი, სავარაუდოდ, 185 სანტიმეტრის სიმაღლისაა. ამის თქმის საშუალებას კი ის მაძლევს, რომ ასთამურ შამბას კეფაზე მიყენებული ჭრილობის დახრილობის კუთხე ზომიერია და ასეთი კუთხით, თანაც ასე მძლავრად 185-190 სანტიმეტრის ადამიანს შეუძლია დაარტყას. გარდა ამისა, აღმოჩენილია 44 ზომის ჩექმის კვალი. ამ ზომას კი უფრო 185 სანტიმეტრის სიმაღლის მამაკაცი ატარებს.

– ქალის პარამეტრები?

– სავარაუდოდ, 174-176 სანტიმეტრის სიმაღლისაა. მას ეცვა 40 ზომა ჩექმა და სიმაღლეც ამის მიხედვით გამოვითვალე. ქალის ფიზიკურ სიძლიერეზე კი, ხანჯლის გაყრის სიღრმე მიუთითებს...

– შენი აზრით, ქალმა მიაყენა მოკლულს გამჭოლი ჭრილობა?

– არა. ასეთ რამეს შეიძლება, ორი მამაკაცის ძალაც კი არ ეყოს. მოკლულს, წაქცევის შედეგად მიადგა გამჭოლი ჭრილობა. ის პირდაპირ გულში გაყრილი ხანჯლით დაეცა იატაკზე და ამიტომ. ქალმა კი მას მხოლოდ გული გაუპო და თუ გავითვალისწინებთ მოკლულის ფიზიკურ აღნაგობას, მისი სხეულის სიმკვრივეს, თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქალიც ძალიან ძლიერია ფიზიკურად.

მაიორ მერაბ გამრეკელს თვალები გაუშტერდა და ბონდო გვალიას მონათხრობიდან გამომდინარე, თვალწინ წარმოუდგა მამობილის მკვლელობის სცენა. მერაბს ცრემლები მოადგა თვალზე, მაგრამ დროზე მოთოკა თავი. ღრმად ამოისუნთქა და გვალიას უთხრა:

– კვალის მოგროვებას რომ დაასრულებთ, ყველა სამხილი ერთად მოაგროვე და პირადად წაიღე თბილისში, რა დროც არ უნდა იყოს. მაგრამ, ფრთხილად იარეთ. სანამ ჩახვალ, მანამდე  მე სამინისტროს გავაფრთხილებ და ადგილზე დაგხვდებიან. გაემგზავრები მინისტრის „ვოლგით“. მისი მძღოლი წაგიყვანთ.

– რომელი მინისტრის, ბატონო მერაბ? – ვერ მიხვდა გვალია.

– აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ბონდო! ახლავე დავურეკავ გენერალს და გავაფრთხილებ.

– მაქსიმუმ ერთ საათში, უკვე ყველაფერი მზად გვექნება, – უთხრა გვალიამ გამრეკელს.

– „ვოლგა“ პირდაპირ აქ მოგაკითხავთ, – მიუგო მერაბმა და მამობილის ბინის ტელეფონიდან სოხუმში დარეკა, გენერალს ელაპარაკა. ყურმილი რომ დაკიდა, ექსპერტს უთხრა:

– ყველაფერი რიგზეა. „ვოლგა“ მოგაკითხავთ. სამივლინებო ოთხასი მანეთი გენერლის მძღოლს აქვს და გადმოგცემს. თბილისში თუ მოგიწია დარჩენა, ღამეს ჩემს სახლში გაათენებთ. დედაჩემს გავაფრთხილებ. მაგრამ, ასთამურ შამბას მკვლელობაზე სიტყვაც არ დაგცდეთ მასთან. გასაგებია?

– გასაგებია, ბატონო მერაბ.

– აი, გამომართვი ეს ფურცელი. აქ ჩემი ბინის მისამართი წერია, – მერაბმა ბონდო გვალიას ბლოკნოტის ფურცელზე დაწერილი მისამართი მიაწოდა. შემდეგ გამოემშვიდობა და თანმხლებ პირებთან ერთად ოდიდან გამოვიდა.

– ახლა საით, მერაბ? – ჰკითხა მარგიანმა გამრეკელს.

მერაბმა ჯერ საათს დახედა, შემდეგ კალანდიების სახლს გახედა და მიუგო:

– ორის ნახევარია და უხერხული ხომ არ იქნება, დინარა მჟავიასთან მისვლა?

– იქ ახლაც ჩვენები იქნებიან, ან რა დააძინებთ ახლა კალანდიებს?

– მაშინ წავედით.

კალანდიების სახლში, ისევე როგორც მთელ იმ კუთხეში, არავის ეძინა და დამწუხრებული მეზობლები ასთამურ შამბას გლოვობდნენ. ძაძებით შემოსილ ტიტე კალანდიას ცოლს ტირილისგან სახე ისე დასიებოდა, მერაბს დაბერებული მოეჩვენა. ქვრივი გოგონა ტახტზე იყო წამოწოლილი. თავი შავი წინსაფრით ჰქონდა წაკრული და გაშტერებული თვალებით ჭერს მისჩერებოდა. სახლში მისულ გამრეკელსა და მის თანმხლებ პირებს ტიტეს დედა შეეგება და ნამტირალევი, ჩახლეჩილი ხმით მერაბს უთხრა:

– მწუხარების მონაწილე ვარ, ბატონო მერაბ. დიდი უბედურება დაგვატყდა თავს. საცოდავი ასთამური, საცოდავი ასთამური...

– გმადლობთ, ქალბატონო. თქვენი რძლის ნახვა და მასთან გასაუბრება მინდა და თუ არის შესაძლებელი?

– მობრძანდით, ბატონო მერაბ, – შეიპატიჟა ტიტეს დედამ გამრეკელი და თვალებგაშტერებულ რძალს უთხრა:

– დინარა, დედა, ბატონ მერაბს უნდა შენთან ლაპარაკი.

ქვრივი გოგონა ფიქრებიდან გამოერკვა და ტახტიდან წამოდგომა დააპირა. მერაბმა ხელით ანიშნა, იწექიო. გვერდით სკამზე ჩამოუჯდა და უთხრა:

– როგორ ხართ, დინარა, შეგიძლიათ, ცოტა ხნით გამესაუბროთ?

– ახლა უკვე არა მიშავს, ბატონო მერაბ. დავწყნარდი ცოტა. მკითხეთ და გიპასუხებთ.

– თუ გახსოვთ, დაახლოებით რომელი საათი იყო, ასთამურ შამბას ეზოში შესული ადამიანები რომ დაინახეთ?

– ზუსტად ვიცი, ბატონო მერაბ, შვიდი იყო. ოდიდან ეზოში გამოვედი შეშისთვის და დედამ მომაძახა: შვიდი საათია და სუფრის გაშლა დავიწყოთო. შეშა რომ ამომქონდა, ძია ასთამურის ეზოს გავხედე და ორი „ზდაროვი“ ადამიანი დავინახე. თავდაპირველად, კაცები მეგონა. მერე დავაკვირდი და მივხვდი, რომ ერთ-ერთი ქალი იყო.

– როგორ მიხვდით?

– მიხვრა-მოხვრაზე. ოდის კიბეებზე რომ ადიოდნენ, შევჩერდი და დავაკვირდი. კარი ძია ასთამურმა გაუღო და შინ შეიპატიჟა. მე ეზოდან დავუძახე, – ძია ასთამურ, რვაზე გელოდებით სუფრაზე-მეთქი. მოვალო, – მითხრა და კარი მიხურა.

– შეგიძლიათ მათი აღწერა?

– სახეები არ დამინახავს. ისე მაღლები და „ზდაროვები“ იყვნენ.

– რა ეცვათ, თუ შეამჩნიეთ?

– კაცს „უშანკა“ ეფარა თავზე. ქალს კი – ნაქსოვი ქუდი. ორივეს მუქი ფერის „ტელაგრეიკები“ ეცვათ ტანზე. ფეხზე კი, თუ არ ვცდები – ან ჩექმები, ან „ვალინკები“.

– მეტი არაფერი შეგიმჩნევიათ? მაგალითად, ზურგჩანთა ხომ არ ჰქონდათ თან ან სხვა ნივთი?

– არა, ბატონო მერაბ. თან მათ არაფერი ჰქონიათ.

– ზუსტად გახსოვთ?

– დიახ, ბატონო მერაბ. ზუსტად მახსოვს. ნამდვილად არაფერი ჰქონდათ თან.

– შემდეგ?

– რვა საათი რომ შესრულდა და ძია ასთამური არ ჩანდა, დედამ მითხრა, – წადი და დაუძახეო. გადავედი მასთან და დაძახილზე რომ არ გამოვიდა, ოდაში ავედი. კარი შევაღე და... – ქვრივ გოგონას ტირილი წასკდა და იმეორებდა, – მტერს და ავს, ბატონო მერაბ, რაც მე იქ ვნახე, მტერს და ავს...

– კარგი, დინარა, დამშვიდდით. საკმარისია. დანარჩენი ჩვენც ვიცით. ბოდიშს გიხდით. დამშვიდდით და დაიძინეთ, – უთხრა მერაბმა დინარა მჟავიას. სკამიდან წამოდგა და წასვლა დააპირა. მაშინ ტიტე კალანდიას ქვრივმა უთხრა:

– ბატონო მერაბ, ერთი კითხვა მაქვს თქვენთან.

გამრეკელი შეჩერდა.

– გისმენთ დინარა. მკითხეთ.

– ბატონო მერაბ, ჩემი ტიტეს მკვლელი მართლა ჯონდო სარიაა?

– გამოძიებით მასეა დადგენილი, რატომ მეკითხებით?

– არ მჯერა მე ეგ, – მტკიცედ თქვა დინარამ.

– რატომ არ გჯერათ?

– არ ვიცი ზუსტად, მაგრამ არ მჯერა. არ იყო ჯონდო ის კაცი, რომ ვინმე მოეკლა.

– მასე რატომ ფიქრობთ, კარგად იცნობდით სარიას?

– სარიასაც ვიცნობდი და მთელი გაგრაც იმას ლაპარაკობს, რაც გითხარით. არავის სჯერა, რომ ჯონდოს კაცის მოკვლა შეეძლო.

– კარგი, დინარა. დაისვენეთ. გავითვალისწინებ თქვენს  სიტყვებს და სიმართლეს მაინც დავადგენთ. ნახვამდის.

– ნახვამდის, ბატონო მერაბ, – მიუგო ქვრივმა მაიორს. ცრემლი შეიმშრალა და სევდიანად გაუღიმა მას.

– ახლა საით, მერაბ? – ჰკითხა გულბათმა გამრეკელს, როდესაც ისინი კალანდიებისგან წამოვიდნენ.

– პროზექტურაში, – ამოიხვნეშა გამრეკელმა და „ვოლგა“ ადგილიდან დაძრა.

გაგრის მთავარ ქუჩაზე რომ გავიდნენ, ღამის ოთხი საათი იყო დაწყებული. დათოვლილ ტრასაზე კანტი-კუნტად მოძრავ მანქანებს თითქმის ყოველი ფეხის ნაბიჯზე აჩერებდნენ მორეიდე მილიციელები და საგულდაგულოდ ამოწმებდნენ. მაიორ გამრეკელის „ვოლგას“ ყველა მილიციელი სცნობდა და მხედრული სალმით ხვდებოდნენ. „კოლონადასთან“ მდგომ მილიციელებს ორი მანქანა გაეჩერებინათ და ჩხრეკდნენ. ავტოინსპექტორმა გამრეკელის „ვოლგა“ რომ დაინახა, წინ გადაუდგა და ხელჯოხი დაუქნია.

– ვერ გვიცნო, ალბათ, – თქვა უკანა სავარძელზე მჯდომმა ერთ-ერთმა ოპერმა.

– არ მგონია. რაღაც მოხდა, ალბათ, – მიუგო გულბათმა. მერაბმა კი მანქანა გააჩერა. მინა ჩამოსწია და მილიციელს უთხრა:

– გამარჯობა, კაპიტანო. მოხდა რამე?

– დიახ, ბატონო მერაბ. ჩვენმა ბიჭებმა ჩაიარეს წეღან და დამიბარეს, მაიორი გამრეკელი თუ გამოჩნდა, უთხარი, „მორგში“ მოვიდესო. ისინიც იქ მიდიოდნენ და რუსებს მიჰყვებოდნენ უკან, რომლებსაც ორი „ტრუპი“ მიჰქონდათ იქ.

– ჯარისკაცებს? – ჰკითხა გულბათმა.

– დიახ, – უპასუხა ავტოინსპექტორმა.

– გმადლობთ, კაპიტანო, – უთხრა ავტოინსპექტორს გამრეკელმა და „ვოლგა“ ადგილიდან დაძრა.

 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3