კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

მშობლებთან ცივი ურთიერთობა მაქვს

4 წლის ვიყავი, ჩემი მშობლები უცხოეთში რომ წავიდნენ სამუშაოდ და მე ბებოსთან (მამის დედასთან) დამტოვეს. ზუსტად თორმეტი წლის შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში, ანუ, თორმეტი წელი არ მყავდა არცერთი ნანახი. მაშინ. კომპიუტერი არ გვქონდა და, შესაბამისად, ერთმანეთთან დაკავშირების ერთადერთი საშუალება ტელეფონი იყო, მაგრამ, რადგან დარეკვა საკმაოდ ძვირი ღირდა და, თანაც, არც მაინცდამაინც ადვილი იყო, თვეში ერთხელ თუ ვახერხებდით ერთმანეთთან დალაპარაკებას. თავიდან ძალიან მენატრებოდა ორივე, მაგრამ მერე თანდათან მივეჩვიე მშობლების გარეშე ცხოვრებას და, როცა ბებია მეტყოდა, დედიკომ და მამიკომ დარეკეს, მოდი, დაელაპარაკეო, ყველანაირად ვცდილობდი, თავიდან ამერიდებინა მათთან საუბარი, რადგან, ისე ვიყავით ერთმანეთს გადაჩვეული, რომ მთელი ჩვენი დიალოგი ორი-სამი კითხვა-პასუხით ამოიწურებოდა ხოლმე, მერე კი არც მე და არც მათ არ ვიცოდით, რა გვეთქვა. ამიტომ, ჩვენი საუბარი თანდათან უფრო და უფრო ხანმოკლე და არაფრისმთქმელი ხდებოდა. როგორც ჩანს, ჩემს ასეთ განწყობაზე ისიც მოქმედებდა, რომ გულში მაინც ნაწყენი ვიყავი მათზე და მიტოვებულად მიმაჩნდა თავი, მიუხედავად იმისა, რომ ბებო არაფერს მაკლებდა.

მშობლები რომ დაბრუნდნენ, ისე უემოციოდ შევხვდი, თვითონვე გამიკვირდა. მე უამრავი საჩუქარი ჩამომიტანეს – როგორც მაშინ ვფიქრობდი, ამით უნდოდათ ჩემი შემორიგება და მოსყიდვა, ბებოს კი ნახევარი კილო კანფეტი დაუდეს პარკით და სულ ეს იყო. მათი ჩამოსვლიდან ერთ წელიწადში ბებოს გაჟონვა დაემართა და ლოგინად ჩავარდა. მართალია, რამდენიმე თვეში სიარული შეძლო, მაგრამ, გარეთ ვეღარ გადიოდა. საწყალი, ცდილობდა, მსუბუქ საქმეებში მაინც მიხმარებოდა დედაჩემს, მაგრამ, ცალ ხელს ვერ იმორჩილებდა და არაფერი გამოსდიოდა. ერთი თვის შემდეგ კი, როგორც ჩანს, ჩემმა მშობლებმა ერთმანეთში მოილაპარაკეს და გადაწყვიტეს, ბებია მოხუცებულთა სახლში წაეყვანათ, მე კი ამიხსნეს, რომ ყველა ქვეყანაში ასე ხდებოდა და ეს სულაც არ ნიშნავდა მშობლის უპატივცემულობას, უმადურობასა და გულცივობას. მე საშინელი წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ჩემს სიტყვებს არცერთმა არ მიაქცია ყურადღება, საწყალი ბებო სადღაც თავშესაფარში გამოკეტეს და მის მოსანახულებლად დროს მხოლოდ ორ-სამ თვეში ერთხელ თუ გამოძებნიდნენ ხოლმე. მე მასთან კვირაში რამდენჯერმე მივდიოდი, მაგრამ ეს ძალიან ცოტა იყო. სხვათა შორის, ბებიას ერთხელაც არ უთქვამს ამის გამო საყვედური ჩემს მშობლებზე, თუმცა თვალები მუდამ ცრემლიანი ჰქონდა ხოლმე.

შემდეგ ისე მოხდა, რომ ბებო იქ ფილტვების ანთებით გარდაიცვალა და მამა იძულებული გახდა, სახლში გადმოესვენებინა, თან, აშკარად ბრაზობდა – ამ ქალის შენახვა და დასაფლავება ძვირი მიჯდებაო; ვითომ, „ეს ქალი“ დედამისი არ იყო, რომელმაც მარტომ გაზარდა მამაჩემი და მერე შვილიც გაუზარდა.

მამაზე ისეთი გაბრაზებული ვარ, მისი დანახვაც არ მინდა, მაგრამ, არც დედაჩემი მოიქცა უკეთ – ერთხელაც არ უთხრა ქმარს, ასე არ შეიძლება, ის ხომ შენი დედა არისო.

რა თქმა უნდა, ბებო არც არავის უგლოვია. ორმოციც კი არ გადაუხადეს, წლისთავზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. მხოლოდ მე მეცვა შავები ორმოცამდე – ეკლესიურად ასე ყოფილა საჭირო, მეორმოცე დღეს კი ეკლესიაში პანაშვიდი გადავუხადე ჩემი შეგროვილი ფულით და საფლავზე ყვავილებით ავედი, ღვინო და საჭმელი კი, რაც ვიყიდე, ნაწილი ეკლესიასთან მჯდარ მათხოვრებს მივეცი, ნაწილი კი – საფლავების მომვლელებს. მართალია, სუფრა ვერ გავაკეთე, მაგრამ, მე მგონი, ეს უფრო მეტი მადლია, რაც გავაკეთე.

ჩემს მშობლებთან კი ძალიან დამეძაბა ურთიერთობა. შეიძლება, ცუდი ვარ, ამას რომ ვამბობ – მათი პატივისცემა დავკარგე და არცერთს აღარ ვენდობი, მაგრამ, ყველაზე ცუდი ის არის, რომ ვერ ხვდებიან ამის მიზეზს და მეუბნებიან, ბებიაშენმა გაგზარდა ასეთი უჟმური და უხასიათოო. მერე, ნუ წავიდოდნენ სადღაც ცხრა მთას იქით და თვითონ გაეზარდათ თავიანთი ერთადერთი შვილი, ვინ უშლიდათ? თუმცა, შეიძლება, კარგიც არის, ასე რომ მოხდა. ჩემს მშობლებს რომ გავეზარდე, ალბათ, მეც მათნაირი ვიქნებოდი.

მაკო, 18 წლის.

 

დედაჩემი ჩემი ბიოლოგიური დედა არ აღმოჩნდა 

25 წლის ვარ და ახლა გავიგე, რომ მე და ჩემი ძმა სინამდვილეში ძმები არ ვართ – დედა და მამა რომ შეუღლდნენ, თურმე, თავიანთი პირველი ქორწინებებიდან ორივეს თითო შვილი ჰყავდა: მე მამაჩემის ბიოლოგიური შვილი ვარ, ლევანი – დედის. ლევანის ბიოლოგიურმა მამამ ცოლ-შვილი მაშინ მიატოვა, როცა ბავშვი ორი თვის იყო, თვითონ კი ამერიკაში წავიდა, იქიდან აღარც დაბრუნებულა და არც მის მშობლებს მოუკითხავთ შვილიშვილი; მე კი, თურმე, ერთი წლისას გარდამეცვალა დედა, მამამ კი არცერთ ბებია-ბაბუასთან არ დამტოვა და თვითონ მზრდიდა. ერთი წლის შემდეგ, ანუ,  2 წლის რომ ვიყავი, ლევანის დედამ და მამაჩემმა ერთმანეთი გაიცნეს, შეუყვარდათ და რამდენიმე თვეში დაქორწინდნენ კიდეც. მამამ ლევანს თავისი გვარი მისცა და მას შემდეგ ერთად გვზრდიდნენ, როგორც საკუთარ შვილებს. 25 წლის ისე გავხდი, ერთხელაც არ მიგრძნია, რომ ჩემი აღმზრდელი დედა სინამდვილეში ჩემი დედა არ იყო და ლევანსაც იმავეს თქმა შეუძლია მამაზე. შეიძლება, არც დამიჯეროთ, მაგრამ, ჩემს არცერთ მეგობარს არ ჰყავს ასეთი მზრუნველი და თანგადაყოლილი მშობლები და არცერთს არ აქვს თავიანთ დედმამიშვილებთან ისეთი ძმობა, როგორიც მე და ლევანს.

ეს ამბავი რომ გავიგეთ, მეც და ჩემს ძმასაც შოკი დაგვემართა, მაგრამ ეს იყო უფრო გაოცებით გამოწვეული შოკი, რადგან, მართლაც ძნელი წარმოსადგენია, ასეთი დედობა და მამობა გაუწიო ბავშვებს, რომლებიც შენი ბიოლოგიური შვილები არ არიან. მართალია, ასეთ დროს მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ჩვენს მშობლებს (მე მათ სიცოცხლის ბოლომდე ასე მოვიხსენიებ) ერთმანეთი ახლაც ისევე უყვართ, როგორც ცოლქმრობის დასაწყისში, მაგრამ, მართლაც ძალიან დიდი სულის მქონე ადამიანი უნდა იყო, რომ არასდროს არაფერში არ განასხვავო გერი (ეს სიტყვა ძალიან მძულს, მაგრამ, არ ვიცი, სხვა რა შესატყვისი არსებობს) შვილისგან და მასზეც ზუსტად ისევე იზრუნო, როგორც შენს ერთადერთ საკუთარ შვილზე.

ჩვენს მშობლებს საერთო შვილი არ გაუჩენიათ. როგორც გავიგე, ასე იმიტომ გადაწყვიტეს, რომ მე და ლევანი არ დავჩაგრულიყავით, მაგრამ, დედა და მამა ისეთი დიდი ადამიანები არიან, რომ, ჩემი აზრით, შეცდომა დაუშვეს, შვილები რომ არ გააჩინეს, რადგან, სწორედ ასეთ ადამიანებს უნდა ჰყავდეთ ბევრი შვილი, რათა ასწავლონ სიკეთე, ერთმანეთზე ზრუნვა და დიდი სიყვარული.

შეიძლება, დაუჯერებელს ვამბობ, მაგრამ, ახლაც კი, როცა საკუთარ თავს ვეკითხები, რომელი უფრო მეტად მიყვარს – დედა თუ მამა, არჩევანს ვერ ვაკეთებ და ძალიან მიხარია, რომ ეს ასეა.

ვაკო, 25 წლის.

скачать dle 11.3