კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იბნევიან მამაკაცები ქალის არჩევისას და უკეთიათ თუ არა მათ ნიღაბი

ძნელია, დაივიწყო ის სახება, თუ შენ მიერ შეთხზული მითი, რომელიც ერთი შეხედვით, პირველივე ნახვისას შეიყვარე. როცა გრძნობა მოდის და უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგჯერ დაუკითხავადაც მოდის... უმრავლესობა ვერ აფასებს რეალობას ადეკვატურად. მნიშვნელობა არა აქვს სქესს. ასეთი რაღაც ქალებსაც ემართებათ და კაცებსაც. უფრო ხშირად გვიყვარს ჩვენი ილუზიები და არა კონკრეტული, რეალური ადამიანი.

ნიღბით ცხოვრება კი ძნელია. ადრე თუ გვიან, აუცილებლად „დავეჯახებით“ რეალობას და ეს მტკივნეული აღმოჩნდება...

სოფიკო (31 წლის): მიჭირს არსებულ რეალობასთან შეგუება. ორი წელია, ისეთ მდგომარეობაში ვარ, თითქოს ღრმა ძილიდან გამომაფხიზლეს და გაოგნებული დავბოდიალობ. არ მინდა, ყველაფერი დასრულდეს. სიყვარული ისევ მაქვს, საკმაოდ ძლიერი, თუმცა სხვანაირი და შემაწუხებელი.

– ეგ რას ნიშნავს?

– აგიხსნით. შეიძლება, ცოტა გაუგებრად ვლაპარაკობ, მაგრამ გაუგებრობაში ვიცხოვრე სამი წელი – ირიალურ, გამოგონილ სამყაროში, გამოგონილ ადამიანთან. დიახ, მე გამოვიგონე მამაკაცი, რომელიც შევიყვარე. გულახდილად გეტყვით – მართლა პირველივე ნახვით მოხდა ეს ამბავი. იმ დღის მერე სულ მასზე ვფიქრობდი და თვალწინ მედგა. ეტყობა, ჩვენ შორის რაღაც „ქიმია“ მოხდა და მოვჯადოვდით ერთმანეთით. მე აღარაფერზე მიფიქრია. ყველა ის თვისება მივაწერე, რაც მინდოდა, რომ ჰქონოდა. გავაიდეალე – ასე ვთქვათ. რეალურად, თითქმის შეუძლებელია ისეთი მამაკაცის პოვნა, როგორიც მე მინდოდა, რომ მყოლოდა. არა, არანაირი ამბიცია არ მაწუხებს. არც დიდი წარმოდგენა მაქვს საკუთარ თავზე. უბრალოდ, ყველა ქალს ხომ იდეალური მამაკაცი უნდა გვერდით.

– თუმცა, ყველას სხვადასხვანაირი აქვს მამაკაცის იდეალურობის აღქმა და განსაზღვრება.

– გეთანხმებით. თუმცა, რაღაც მოდელი არსებობს და ამაში ვერ შემედავებით. მაგალითად, ის, რომ კაცი უნდა იყოს ძალიან თბილი, მოსიყვარულე, გულკეთილი, ხელგაშლილი და უსაზღვროდ ერთგული... კიდევ არის რაღაც თვისებები, რომელთა ახლა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

– ანუ, პრინცი გინდოდათ თეთრ ცხენზე...

– მთლად ასეც ვერ ვიტყვი, რომ რაღაც განსაკუთრებული მინდოდა, მაგრამ ფაქტია, რომ გამოგონილი პერსონა შევიყვარე. ამას არავის ვაბრალებ. უბრალოდ, ახლა აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. დრო ხომ გავიდა ჩვენი შეხვედრიდან, თვალს რომ დავხუჭავ, ახლაც ვხედავ, როგორ მოხდა ყველაფერი. სწორედ ამისი დავიწყება მიჭირს და დეპრესიაში მაგდებს. მესმის, რომ წლები მიდის, ადამიანებს შორის ურთიერთობა და დამოკიდებულება იცვლება. ერთ ჭერქვეშ ცხოვრებასაც თავისი სირთულეები ახლავს თან, რომელსაც ვერსად გავექცევით...

– ყოფითი წვრილმანები, ყოველდღიურობა კლავს გრძნობასო, ასე ამბობენ... 

– გრძნობა თუ ნამდვილია და ჭეშმარიტი, ვერაფერი მოკლავს. მე ასე მიმაჩნია. განა ჩემი ქმარი აღარ მიყვარს – უბრალოდ, ძალიან დაბნეული ვარ. ეჭვებსა და საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში ვცხოვრობ, რაც მანგრევს. შესაბამისად, აისახება ჩვენს ურთიერთობაზეც. მე რომ დაძაბული ვარ და გაღიზიანებული, ეს, ბუნებრივია, მეტყობა.

– კონკრეტულად, რა აღარ მოგწონთ თქვენს ქმარში?

– „აღარ მომწონს“ – ასე ვერ ვიტყოდი. უარესი მჭირს. თითქოს ნიღაბი მოიხსნა და ახლა სხვა კაცთან ვცხოვრობ. მენატრება ის, ვისაც ცოლად გავყევი. ვიცი, რომ რეალობა ეს არის და არა ის, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ. შეიძლება, მეტისმეტად მეოცნებე ვარ, შეიძლება, სულელურად ვიქცევი და ბავშვივით ვეჯიუტები რაღაცას, მაგრამ ასეთი ცხოვრება არ მინდა.

– მაინც, რა ხდება თქვენ შორის. რა პრობლემა გაქვთ?

– ხომ გითხარით, რაც არის მთავარი პრობლემა. სხვა კაცი მოყვარს და სხვასთან ვცხოვრობ. თან, ეს ორი მამაკაცი ერთი და იგივე პიროვნებაა. მიყვარს ჩემი ოცნება – ვერ ვიტან იმას, ვინც გვერდით მყავს. ვაიმე, რა დღეში ვარ! მიყვარს და არც მიყვარს. ალბათ, ვერც წარმოგიდგენიათ ჩემი მდგომარეობა. ცოტა ხნის წინ ძალიან მაგრად ვიჩხუბეთ და ერთმანეთს რამდენიმე დღის განმავლობაში არ ველაპარაკებოდით. არც ეს აღმოჩნდა გამოსავალი. ვერ მოვისვენე. მაინც შევურიგდი... ზედმეტად კონსერვატორია. ვერ იტანს ვერანაირ ცვლილებას. ხალხში სულ სხვანაირია. გეუბნებით, ნიღაბი აქვს აფარებული. მითხრა, დავიბენი შენი არჩევისასო. ჯერ ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა. უცებ ტირილი ამივარდა... ამან უარესად გააღიზიანა... ვერ გავიგე, რა გწყინს, რა გიხარია. პრეტენზიებს უაზროდ გამოთქვამ, შენში ვეღარ ვხედავ იმ ქალს, რომელიც შემიყვარდაო.

– არ ჰკითხეთ, რა შეიცვალა თქვენში?

– მითხრა, თვითონვე. ინდივიდუალურობა აღარ გაქვს. სხვანაირი მეგონე და სხვანაირი ხარო.

– ანუ, მასაც გაცრუებია მოლოდინი.

– ეგრე გამოდის... ალბათ, ასეა. თუმცა, ვერ ვხვდები, რას გულისხმობს ჩემს ინდივიდუალურობაში, რომელიც თითქოს აღარ მაქვს. პასუხად ვეჩხუბე. ბოროტი და უგულო ვეძახე. შემომხედა და თავი უკმაყოფილოდ გადააქნია... რაღაც დამემართა, საკუთარ თავს ვუთხარი, რაღაცეები უნდა შევიცვალო-მეთქი. ის ამბობს, რომ ურთიერთობაში ნიღაბი მე მიკეთია, მე საპირისპიროში ვარ დარწმუნებული.

– ამბობენ, რომ ურთიერთობაში ნიღაბი ზოგჯერ საჭიროც არის.

– ჰო, მეც გამიგია რაღაც ამდაგვარი. მაგრამ ახლა უკვე აღარ ვეთანხმები. ძალიან ძნელია. მით უფრო, როცა ეს ნიღაბი შესამჩნევი ხდება. ერთი ნახვით შეყვარება, მგონი, ყოველთვის ასე მთავრდება. არ ვიცი, პარტნიორის არჩევისას მისი ცივი გონებით შეფასება თუ შველის ასეთ პრობლემას. თუ სიყვარულმა ამიბა თვალები და ახლა ნელ-ნელა მეხილება... ეს რატომ უნდა მიშლიდეს ხელს ნორმალურ ცხოვრებაში. კაცთან ურთიერთობაში ნიღაბი უკეთია ზოგ ქალს და მოგებული რჩება ამით. კარგად ცხოვრობს, კომფორტულად. თავისი სურვილების მაქსიმუმს იკმაყოფილებს და ამით ბედნიერია. სულაც არაფერში სჭირდება სიყვარული. მე კი იმ მითს ვერ ვივიწყებ, რომელიც ჩემს ქმარში შევიყვარე.

– რა ცვლილებებზე ლაპარაკობდით, როცა ამბობდით, საკუთარ თავში შევცვალეო.

– გარეგნობას ვგულისხმობ. შევეცადე, მთლიანად შემეცვალა სტილი. დიეტაზე „დავჯექი“. თმა შევიღებე და ვარცხნილობაც შევიცვალე... ჩემი ქმარი ჯერ ვითომ გულგრილად უყურებდა ამ ყველაფერს, მერე ეჭვიანობა დაიწყო. იაფფასიან სცენებს მიდგამდა. ეს ყველაფერი მოკლე პერიოდში ხდება. სულ რაღაც ორ წელიწადში. პატარა არ ვარ, ვერ ვხვდებოდე, რომ ასეთ, ერთი შეხედვით სისულელეებზე, ოჯახს არავინ ანგრევს. არადა,  როგორ უნდა მოვიქცე, რომ ჩვენ შორის ჰარმონია და ურთიერთგაგება აღდგეს. მღლის საკუთარ თავთან ჭიდილი. მინდა, ისევ არსებულთან შეგუება ვისწავლო. მგონი, ეს უკეთესი გამოსავალია, ვიდრე განქორწინება. იმისიც მეშინია, არ დაიღალოს და სხვასთან არ წავიდეს.

– გიყვართ?

– ვაიმე, მიყვარს. აშკარად მიყვარს, ძალიან, ოღონდ ის მითი, რომელზეც უკვე ვილაპარაკეთ. მაგრამ, იმასაც ვაცნობიერებ, რომ ეს მითი ამ კონკრეტულ კაცშია.

– გქონდათ მცდელობა, რომ გადაგეკეთებინათ ქმარი და იმ მითისთვის მიგეახლოებინათ?

– კი, ვაღიარებ, მქონდა. თუმცა, მცდელობა მარცხით დასრულდა. არ გამოვიდა. ვგრძნობ, ამ მცდელობამ ჩვენ შორის პირველი ბზარი გააჩინა. შეიძლება, მაშინ ჩემმა ქმარმა იფიქრა, რომ არ ღირდა ჩემი ერთგულება და გაისეირნა კიდეც ვინმესთან.

– ამაზე ასე მარტივად და მშვიდად ლაპარაკობთ?

– დარწმუნებული არ ვარ, რომ ასე იყო. არ მაქვს ფაქტები. არც მიცდია მათი მოძებნა. შეიძლება, რამე მეპოვა კიდეც, მაგრამ რა აზრი აქვს?! კიდევ უფრო დავიმძიმებ სიტუაციას. წარმოიდგინეთ, ჩემს გაორებას და შინაგან კონფლიქტს კიდევ ქმრის ღალატი რომ დაემატოს. თუმცა, გულის სიღრმეში ეჭვი არსებობს და ზოგჯერ ძალიან მაწუხებს.

– ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ?

– რა გითხრათ? ვცდილობთ, არაფერი შევიმჩნიოთ. მეც ვთამაშობ და მგონი, ისიც. შეიძლება, ისიც ნანობს. არ გამოვრიცხავ ამას. ყველა ადამიანს აქვს თავისი ოცნება და ამ ოცნების უფლებაც. იქნებ ჩემ ქმარსაც ილუზია და მითი შეუყვარდა. მაშინ, მით უმეტეს, არაფერში ვამტყუნებ. პრობლემა ის არის, რომ ისევ მინდა მის გვერდით ყოფნა. ძალიან მინდა და რა მოვიმოქმედო სიტუაციის გამოსასწორებლად, არ ვიცი. დაველაპარაკო მას გულახდილად? ვუთხრა, რა მაწუხებს? მეეჭვება, გამიგოს. მამაკაცები ხომ ისეთი მიუხვედრელები და რთულები არიან, როცა გულით გინდა, შენი ესმოდეთ. მაწუხებს უთქმელობაც და თქმისაც მეშინია. ძნელი გასაგებია, ხომ? მეც კი ვიბნევი. ნეტავი, ვინმე მირჩევდეს.

– ურთიერთობაში გულახდილობა მთავარიაო...

– გააჩნია, რა შემთხვევაში. ზოგჯერ გულახდილობა ძალიან აზიანებს ურთიერთობას. თქვენ წარმოიდგინეთ, ყველა ცოლ-ქმარი გულახდილი რომ იყოს ერთმანეთთან, სრულიად გულახდილი. უამრავი ოჯახი დაინგრეოდა, პრაქტიკულად, ოთხმოცდაათი პროცენტი. შეიძლება, ერთმანეთიც დაეხოცათ. თითოეულ ჩვენგანს გვაქვს სულის „ბნელი მხარეები“. ვაღიაროთ, რომ ასეა. მწყინს, კაცები ასეთი რთულები რომ არიან. არც ცდილობენ გაგვიგონ... არადა, ნელ-ნელა წყდება დამაკავშირებელი ძაფები. ცხოვრება მიდის... ბედნიერება გვენატრება. ადამიანები ხომ ბედნიერებისთვის ვიბადებით. რა ვქნა, როგორ დავიბრუნო ის განცდა, რაც მქონდა, სანამ ჩემი ქმრის რეალურ სახეს დავინახავდი. არ მომწონს ეს რეალობა, მაგრამ ის მაინც ჩემთან ერთად არის. არ მინდა, გავექცე, არც არაფრის შეცვლა შემიძლია და ვწვალობ.

– რომ გაიგოთ, ქმარმა გიღალატათ?

– არ მინდა, ამაზე ვიფიქრო. ფიალაში ბოლო წვეთი აღმოჩნდება და ის ხავსიც გამომეცლება ხელიდან, რომელსაც ვეჭიდები.

скачать dle 11.3