კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოციმციმე არითმია საშიში სიმპტომია

ადამიანის გული შედგება წინაგულებისა და პარკუჭებისგან. წინაგულებში არსებობს სინუსის კვანძები, რომლებშიც გამომუშავდება იმპულსები. 

გულის არითმიების განვითარების საფუძველი შეიძლება იყოს იმპულსის წარმოქმნის მოშლა და იმპულსის გატარების დარღვევა. მოციმციმე არითმიის დროს დარღვეულია სწორედ იმპულსის წარმოქმნა. ამ დროს წინაგულები კარგავს სინქრონული შეკუმშვის უნარს და იწყებს ქაოსურ ციმციმს. 

წინაგულების ციმციმი განპირობებულია თავად გულის პათოლოგიით ან გარეშე ფაქტორების მავნე ზემოქმედებით. მისი აღმოცენების ძირითადი მიზეზია მიოკარდიუმის ინფარქტი, ჟანგბადის ნაკლებობა, თირეო-ტოქსიკოზი, გულის მანკი, მედიკამენტური ინტოქსიკაცია, ჰიპერტონიული დაავადება, გულის ინფექციური დაზიანება. 

ასაკში შესული ადამიანებისთვის ახლად აღმოცენებული მოციმციმე არითმია შეიძლება, ფარულად მიმდინარე იშემიის, ანუ გულის კუნთის კვების მოშლის შედეგი იყოს. ახალგაზრდებში კი, ამის მიზეზი ხშირად მიტრალური სარქვლის პროლაფსის არასწორი მუშაობაა. 

არის ისეთი მდგომარეობაც, როცა არითმია დაავადების არსებობის გარეშეც აღმოცენდება, მაგალითად, ალკოჰოლის ჭარბად მიღებისას. მოციმციმე არითმიის განვითარების დიდი რისკია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა თან ახლავს მაღალი არტერიული წნევა. წინაგულების ციმციმი შეიძლება ასოცირებული იყოს სხვა სახის არითმიასთან და იმპულსის გატარების მოშლასთან. 

ხდება, რომ დაავადება პირველი გამოვლენის დროს გართულებულია და ხშირად თან ერთვის ტაქიკარდია, ანუ პულსის გახშირება. ამ დროს გული დიდ სამუშაო დატვირთვას იღებს, რის შედეგადაც შეიძლება, აღმოცენდეს ტკივილი მკერდის ძვლის უკან. ეს კი, სტენოკარდიის ან მიოკარდიუმის ინფარქტის ერთ-ერთი ნიშანია. 

არითმიის გამო შეიძლება, დაქვეითდეს გულის მუშაობის ეფექტურობა, რაც მეორე გართულებას, კერძოდ კი, გულის უკმარისობის მიზეზად შეიძლება იქცეს. 

წინაგულების მწვავედ აღმოცენებული ციმციმის დროს მკურნალობის მიზანია პარკუჭების შეკუმშვათა სიხშირის შემცირება და ნორმალური რიტმის აღდგენა. უმჯობესია, არითმიის აღმოცენებისთანავე, პირველ დღეებშივე ჩაიტაროთ მკურნალობის კურსი. 

მოციმციმე არითმიის დროს წინაგულებში მკვეთრად ნელდება სისხლის დინება. ეს კი თრომბების აღმოცენების მიზეზი ხდება. როცა მკურნალობის შედეგად გულის მუშაობის ნორმალური რიტმი აღდგება, შესაძლებელია, თრომბის ფრაგმენტები მოწყდეს და რომელიმე ორგანოს სისხლძარღვებს დაეცოს. უფრო ხშირად ეს ხდება თავის ტვინის სისხლძარღვებში, რის შედეგადაც ვითარდება ინსულტი. 

ამიტომ, მკურნალობაში აუცილებლად უნდა ჩაერთოს ის პრეპარატები, რომლებიც სისხლის შედედების უნარს ამცირებს.

 

ერთი ჭიქა წითელი ღვინო, სისხლძარღვებს ათეროსკლეროზისგან იცავს

გულის იშემიური დაავადების მთავარი მიზეზი სისხლში ქოლესტერინის შემცველობის მომატება და მაღალი არტერიული წნევაა. ჩვეულებრივ, თუ სისხლში ქოლესტერინის მაჩვენებელი მომატებულია, გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკი ერთიორად იმატებს. რაც შეეხება წნევას, თუ მისი მაჩვენებელი საგრძნობლად მაღალია, იშემიის განვითარების რისკიც იმატებს.

ადამიანების უმეტესობის რაციონში ნაჯერი ცხიმები საჭიროზე გაცილებით მეტია. ბევრს ჭარბი წონა აწუხებს, აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა. ორგანიზმიდან მავნე ქოლესტერინის გამოსადევნად და არტერიული წნევის დასარეგულირებლად საჭიროა, ჭამოთ ჯანსაღი საკვები.

უნდა მიირთვათ საკვები, რომელიც ორგანიზმს მავნე ქოლესტერინისგან, შესაბამისად კი, სისხლძარღვებს ათეროსკლეროზისგან დაიცავს.

ჭამეთ გემრიელი საკვები და დააყოლეთ ერთი ჭიქა ნატურალური წითელი ღვინო. კერძი მცენარეული ზეთით მოამზადეთ. მასში შემავალი უჯერი ცხიმები ნაკლებად აზიანებს და ათეროსკლეროზისგან იცავს სისხლძარღვებს. მიირთვით მხოლოდ უცხიმო რძის პროდუქტები, ხშირად კი – თევზი, რადგან ის გულს „უყვარს“. ამ მხრივ განსაკუთრებით სასარგებლოა: სკუმბრია, ქაშაყი, ორაგული, კალმახი და ზუთხი. დღის განმავლობაში ჭამეთ ბევრი ხილი და ბოსტნეული. ნურც პარკოსნებისგან მომზადებულ კერძებს დაივიწყებთ.

მთელი დღის განმავლობაში არ მიიღოთ ერთ ჩაის კოვზზე მეტი მარილი. დალიეთ ორ ლიტრამდე სითხე. საჭმლის მოსამზადებლად გამოიყენეთ მზესუმზირის, სიმინდის, ზეითუნისა და სოიის ზეთი. მიირთვით ხიზილალა, უცხიმო ხორცი, ქათმის თეთრი ხორცი. არ გირჩევთ ღორის, ცხვრისა და იხვის ხორცის, სოსისის, შაშხის ხშირად ჭამას.

დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი ცალი კვერცხის ცილა მიიღეთ, ასევე, ნაკლებად ცხიმიანი ხაჭო, ნადუღი, ყველი, მაწონი, კეფირი და იოგურტი. არ არის რეკომენდებული, აგრეთვე, ცხიმიანი რძე, არაჟანი, ნაღები და გუდის ყველი.

ჭამეთ ყველა სახის ხილი, გოგრა, მზესუმზირა, ნიგოზი, თხილი, ნუში, ზეთისხილი, ჭვავისა და ხორბლის პური, შვრია, წიწიბურა, მანანის ბურღული და ბრინჯის ფაფა.

მიირთვით ბოსტნეულით, ვერმიშელით, ბრინჯით, ყვავილოვანი კომბოსტოთი მომზადებული წვნიანები.

სვით მინერალური წყალი, ხილის წვენები, ჩაი, დაბალკალორიული ლუდი და ნაკლები კოფეინის შემცველი ყავა.

 

რა სიმპტომებით ხასიათდება თიაქარი 

თიაქარი ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება. არსებობს თანდაყოლილი და შეძენილი თიაქარი, მაგალითად, მუცლის, შინაგანი ორგანოების, მუცლის კედლის, მენჯის, დიაფრაგმისა და ასე შემდეგ. ამ დაავადებას იწვევს ასაკი, მემკვიდრეობა, სიმსუქნე, მუცლის კედლის ტრავმა, პოსტოპერაციული ნაწიბურები და სხვა. ასევე, დაავადების გამომწვევია ყველა ის ფაქტორი, რაც განაპირობებს მუცლის შიდა წნევის მომატებას. ამას მიეკუთვნება მძიმე ფიზიკური შრომა, მძიმე მშობიარობა, შეკრულობა, შარდვის გაძნელება, ხანგრძლივი ხველა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ორსულობა, რადგან ამ დროს, მუცლის ღრუში წნევის მკვეთრ გაძლიერებასთან ერთად, მუცლის პრესი დუნდება და თხელდება. რაც შეეხება ბავშვებს, მათ ასაკში ზოგიერთი დაავადება, მაგალითად, ფაღარათი, შეკრულობა, ყივანახველა, თიაქრის განვითარების ხელსაყრელ პირობას ქმნის. გარდა ამისა, შესაძლოა, ამის მიზეზი იყოს თანდაყოლილი მანკი. გვხვდება მუცლის შიგნითა და გარეთა, ასევე, თანდაყოლილი და შეძენილი თიაქარი. ძირითადად, მამაკაცებში ჭარბობს საზარდულის, ხოლო ქალებში – ჭიპისა და ბარძაყის თიაქარი. ამ დაავადების მქონე ადამიანს აწუხებს სიმძიმის შეგრძნება, ხშირი შარდვა. უჩივის შრომისუნარიანობის დაქვეითებას. აგრეთვე, თიაქარს ახასიათებს გამობერვა და ტკივილი თიაქრის მიდამოებში. სხვათა შორის, თიაქარი ადვილად ამოსაცნობი დაავადებაა. მისი გართულებებიდან აღსანიშნავია ანთება და ჩაჭედვა. ჩაჭედვის შემთხვევაში, მუცლის ღრუში წნევის უეცარი აწევის გამო თიაქრის პარკში ჩვეულებრივზე მეტი ორგანო ჩამოდის. ამ დროს თიაქრის ფარის კუნთები სალტისებურად შემოეჭირება პარკში მდებარე ორგანოებს და უკან დაბრუნების საშუალებას არ აძლევს, ახშობს მათ სისხლძარღვებს. თიაქრის ჩაჭედვის დროს სასწრაფო, გადაუდებელი ოპერაციაა საჭირო. ამ დროს დაუშვებელია, მუცლის ღრუში მისი შესწორება.  ამ მძიმე დაავადებისგან რომ დაიზღვიოთ თავი, აუცილებელია, ჯანსაღი ცხოვრების წესის ზედმიწევნით დაცვა. თიაქრის განვითარების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა ვარჯიში, რომელიც მუცლის კედლის კუნთებს ამაგრებს. ასევე, აუცილებელია შრომის სწორად გადანაწილება. ორსულობის დროს კი მნიშვნელოვანია რეჟიმის დაცვა, მშობიარობის შემდეგ მუცლის მასაჟი და ვარჯიში. ბავშვებისთვის აუცილებელია რაციონალური კვება და კუჭ-ნაწლავის მოქმედების რეგულირება. მათ არ უნდა ჰქონდეთ ჭინთვები. გაითვალისწინეთ ეს ყოველივე და ამ საშიში დაავადებისგან დროულად დაიცავით თავი.

 

ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად ჩართეთ სტაფილო, კეფირი, ვაშლი  და  ხაჭო 

თმა კანის ზედაპირზე ამოსული ღეროსა და ფოლიკულში განლაგებული ძირისგან შედგება. თმის ბოლქვში მოთავსებული ნერვული ბოჭკოები და სისხლძარღვები მას გამრავლებისთვის აუცილებელი მკვებავი ნივთიერებებით ამარაგებს. ერთი თვის განმავლობაში თავზე თმა დაახლოებით ერთი სანტიმეტრით იზრდება, თმის სიცოცხლის ხანგრძლივობა კი შეზღუდულია – გარკვეული დროის შემდეგ „ძველი“ ღერები ცვივა და მათ ადგილს ახალი იკავებს. თმის ძლიერი ცვენა ორგანიზმის ავადმყოფურ მდგომარეობაზე მიუთითებს, რაც კომპლექსურ მკურნალობას საჭიროებს.

თმის ცვენის შესაჩერებლად ხალხურ მედიცინაში ყველაზე ეფექტური საშუალებაა მუხის ქერქისა და ხახვის ფურცლების ნახარში: აიღეთ ნედლეული თანაბარი რაოდენობით. ერთ ჭიქა ნარევს დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი და ნახევარი საათის განმავლობაში ხარშეთ ნელ ცეცხლზე. მერე გააცივეთ და გადაწურეთ. თავის დაბანის შემდეგ, თმა ამ ნახარშით დაისველეთ და შემოიხვიეთ თავსაფარი.

თმის ძირების გამაგრების საუკეთესო საშუალებაა, ასევე, აბუსალათინის ზეთი, რომელსაც დაბანამდე თავის კანში შეიზელთ. პროცედურის ხანგრძლივობა ათი წუთია.

ნაადრევი გამელოტების დროს სასარგებლოა, საკვებ რაციონში ქაცვის ნაყოფი ჩართოთ, სვათ სვიის გირჩების ნაყენი და მისი ნახარშით დაიბანოთ თავი.

თმის მდგომარეობა დამოკიდებულია როგორც მემკვიდრეობაზე, ასევე, გარეგან ზემოქმედებასა და ადამიანის საერთო მდგომარეობაზე. ამიტომ, გარდა იმისა, რომ თმას უნდა მოუაროთ, ჯანსაღი წესით უნდა იცხოვროთ და სწორად იკვებოთ. თქვენს რაციონში უნდა შედიოდეს ორგანიზმისთვის საჭირო ყველა აუცილებელი მკვებავი ნივთიერება. დიდი მნიშვნელობა აქვს ხორცს, თევზს, რძის პროდუქტებსა და პარკოსნებში შემავალ ცილებს. ასევე, აუცილებელია ნაღების კარაქი და მცენარეული ზეთი.

მარცვლეულის კერძები ხელს უწყობს კერატინის წარმოქმნას. თმამ აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალური მარილების საკმარისი რაოდენობა რომ მიიღოს, ორგანიზმს ბოსტნეული და ხილი ესაჭიროება. ასევე, აუცილებელია მინერალური წყალი, მწვანე ჩაი და წვენების ხშირად სმა.

რეგულარული ვარჯიში კი სისხლის მომარაგებას აუმჯობესებს, რაც თმის ძირებში ჟანგბადისა და მკვებავი ნივთიერებების გადასვლას უზრუნველყოფს. თქვენს რაციონში აუცილებლად უნდა იყოს: სტაფილო, კეფირი, ხაჭო, ვაშლი, კომბოსტოს მწნილი. თმას არ უყვარს ბევრი ტკბილი და გაზიანი სასმელი – ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ.

скачать dle 11.3