კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წავიდა საქართველოდან მოჯადოებული კრის ბოტი და რა განცდების გადატანა უწევთ კულისებში სცენაზე გასვლამდე მსოფლიოში ცნობილ ვარსკვლავებს

9 და 10 ნოემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში კინომუსიკის შედევრები გაიჟღერებს და ჩვენს მეხსიერებაში სათუთად შემონახულ ძვირფას ემოციებს, ნიკოლოზ რაჭველი კიდევ ერთხელ გააცოცხლებს. ამ პროექტის სცენარისტი და პროდიუსერი თეონა ჯორბენაძეა, რომლის სახელთან არაერთი მნიშვნელოვანი კულტურული დღესასწაულია დაკავშირებული. 

თეონა ჯორბენაძე:  ნიკას იდეა იყო, შესრულებულიყო მსოფლიო კინომუსიკის შედევრები, რომელიც ყველას ძალიან უყვარს და ეს მელოდიები ჩვენთვის მხოლოდ პოზიტივს უკავშირდება. ნიკა კი კინომუსიკის სამყაროში ჩვენი მეხსიერების მეგზურია. პროექტზე გაცილებით ადრე დავიწყეთ მუშაობა, მაგრამ რამდენჯერმე შევჩერდით, რადგან დეკორაციები, ვიდეოინსტალაციები იყო შესაქმნელი და საგანგებო სცენარი დასაწერი, რაც გარკვეულ ხარჯებს უკავშირდებოდა. ახლა, როდესაც „მაგთი“ გამოჩნდა, ამის განხოციელების საშუალება მოგვეცა. ძალიან სასიამოვნო იყო ამ პროექტზე მუშაობა მთელს ჩვენს შემოქმედებით ჯგუფთან და ჩვენს გენერალურ მენეჯერთან, ნინა ნახუცრიშვილთან ერთად. ნიკა მონაწილეობს, როგორც არტისტი, იწყებს ჩაპლინიდან, შემდეგ გვიამბობს ნინო როტას და ფედერიკო ფელინის ამბავს, რა თქმა უნდა, მიშელ ლეგრანის, მორიკონეს, ჯონ უილიამსის... ჩვენი ლეგენდარული გია ყანჩელის გარეშე ეს საღამო არ გამოვიდოდა. მინდა, მადლობა გადავუხადო „ტექნო-ბუმს“, რომელიც ყოველ მეათე მაყურებელს ნიკოლოზ რაჭველისა და კომპანიის სახელით, საჩუქრად გადასცემს „მეხსიერების ბარათს“, რომელზეც კინომუსიკის შედევრებიდან რამდენიმე ნაწარმოები იქნება ჩაწერილი. 

– თითქმის ყველა პროექტი, რაზეც შენ მუშაობ, საბოლოოდ მაყურებლისთვის ბევრი სიურპრიზით, პოზიტიური ემოციით მთავრდება და ამაში შენი, როგორც სცენარისტისა და პროდიუსერის როლი, ძალიან დიდია.

– ხელოვნება და ზოგადად, ეს სამყარო, ჩემთვის დღესასწაულია. სულ ვცდილობ, მაყურებელს არ მოვასმენინო, არ ვაჩვენო და არ გავუზიარო ის, რაც მე თვითონ არ მაინტერესებს. მათთან შესახვედრად განსაკუთრებულად ვემზადები. ჩემთან ერთად მუდმივად არიან მხატვარი დათო აფციაური და ჩემი პედაგოგი გია კიტია – ის იყო ერთადერთი მეზღაპრე ამ ქალაქში, მისი სპექტაკლები განსაკუთრებულად მიყვარდა, ის  საოცარ საშობაო სპექტაკლებს მართავდა. ჩემთვის პირველი სასწაული იყო ის, თუ რა ფენომენალურად უკრავდა მამა პიანინოზე. პატარა რომ ვიყავი, სრულიად მაოგნებდა, როგორ შეეძლო მას დაეკრა ისე, კლავიატურისთვის ერთი წამითაც კი არ შეეხედა. მახსოვს, ყველზე რთული ამოცანა დავუსახე საკუთარ თავს, რომ მეც ასე დამეკრა. მამა ამით მანიპულირებდა და ართულებდა რიტმს, დაკვრის ტექნიკას, ისე ჩაარაკრაკებდა მთელს კლავიატურას, რომ  ვგიჟდებოდი: ნეტავ, ამას თუ ოდესმე შევძლებ-მეთქი. თუმცა, ამ კუთხით მამა ძალიან მკაცრი იყო. როცა ვუკრავდი, სულ მსაყვედურობდა: რა უსუფთაო ნოტი აიღე, ეს რომ ბიძინა კვერნაძემ მოისმინოს, ეს რომ რევაზ ლაღიძეს მოესმინა... ცხადია, ამ დროს მათ ნაწარმოებებს ვასრულებდი და ეტყობა, ავტორების ყურით მისმენდა. მხოლოდ 17 წლის ასაკში მაღიარა, როდესაც გუგული თორაძის „დღე პირველი და დღე უკანასკნელი“ დავუკარი. ამის მერე მოვიპოვე მისი თანდასწრებით დაკვრის უფლება.

– მუდმივად არაჩვეულებრივი ადამიანების გვერდით გიწევს ყოფნა...

– ალბათ, იღბლიანი ვარ, რადგან პატარაობიდანვე დიდი ადამიანების ხელში ვხვდებოდი. 19 წლის ვიყავი, როცა „მეორე არხზე“ დავიწყე მუშაობა „შტატგარეშე ავტორად“.  20-22 წლისა კი, გაზეთში მოვხვდი, სადაც კულტურის განყოფილების რედაქტორი ვიყავი. შემდეგ ვმუშაობდი „აუდიენციაში“, კოკა ყანდიაშვილთან სცენარისტად. ჩემს ცხოვრებაში იყო 40 ფილმის სცენარი ცნობილ ადამიანებზე პროექტში „მიაბმეთ თქვენზე“. ყველა ეს გმირი თავისი განვლილი გზით შემიძლია, ჩემს მასწავლებლებად მივიჩნიო. პაატასთან ურთიერთობაც ღვთის დიდი საჩუქარია. მამას წასვლა ჩემთვის დიდ ტრავმა იყო. მსოფლიო ბანს, პაატა ბურჭულაძეს გავბედე და ვთხოვე, ჩაეწერა მისი სიმღერა „ზამთარია, სიცივეა“. ამ სიმღერის საოცარი ვერსია შეიქმნა, რის გამოც ყოველთვის მისი მადლიერი ვიქნები. 

არასოდეს დამავიწყდება დიდ მონსერატ კაბალიესთან ვიზიტი ბარსელონაში, მან გამომკითხა ფონდის საღამოების შესახებ და მეც ვუამბე რამდენიმე მათგანის კონცეფცია. ბოლოს, ჩვენი უწმიდესის ნაწარმოებებით შექმნილი კონცერტის შესახებ მოვუყევი. ვუთხარი, რომ საქართველოს პატრიარქი მის ჩანაწერებს ხშირად უსმენს. მონსერატს ცრემლით აევსო თვალები და მითხრა, თუ უწმიდესი მიმიღებს ერთი დღით ადრე ჩამოვალო. შემდეგ ყველამ ნახეთ საპატრიარქოში მიღებაზე როგორ ტიროდა მსოფლიო დივა. პატრიარქის „კირიე ელეისონ“ სამების საპატრიარქო გუნდთან და მარიამ როინიშვილთან ერთად შეასრულა. უწმიდესის შემოქმედებას „ღვთიური ჰანგები“ უწოდა. მათ შორის საოცარი სულიერი კავშირი იგრძნობოდა იქამდეც, ვიდრე ერთმანეთს შეხვდებოდნენ. მონსერატი ყველა ინტერვიუში ამბობდა, არასოდეს მიგრძვნია თავი ისე ახლოს ღმერთთან, როგორც საქართველოშიო. ის გულისხმიერი და ამავე დროს ლაღი ადამიანია. მახსოვს, კონცერტის წინა დღეს რომ შეიტყო, უნდა დავხმარებოდით პატარა გოგონას, რომელსაც დამწვრობის გამო სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროებოდა, ძალიან აღელდა – მე გადავიხდი ოპერაციის ხარჯსო. შემდეგ, როდესაც პაატამ აუხსნა, რომ აქციის არსი სიკეთის ერთად კეთებაშია, მას თვალები გაუბრწყინდა. თქვა: პირველ შემოწირულობას მე ჩავაგდებ „იავნანას“ ყულაბაში, ოღონდ ბიუსტჰალტერიდან ამოვიღებ თანხასო. კონცერტის დღემდე ყველას გვეგონა, ბიუსტჰალტერთან დაკავშირებული ამბავი ხუმრობა იყო, თუმცა, მონსერატმა ეს პირდაპირ სცენაზე და მაყურებლის თვალწინ დიდი იუმორითა და სითბოთი განახორციელა. 

დიმიტრი ხვოროსტოვსკიმ კი სცენაზე გასვლამდე სრულიად მოულოდნელად ხელი ჩამავლო და მეუბნება: ïîøëè ñჭìíîé! სიმართლე გითხრათ, იმწუთას ძალიან შევშინდი, სად მიმარბენინებს-მეთქი. მერე მივხვდი, რომ სცენაზე გასვლამდე თავისებურად გამხნევდა. 

– ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ თქვენი ბოლო პროექტის, კრის ბოტის   კონცერტის შთაბეჭდილების ქვეშ არის.

– დიდი მადლობა „არტპალასს,“ ამ საჩუქრისთვის. კრის ბოტიზე შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილი დღესასწაული მოაწყო დარბაზში, ნიკასთან და ჩვენს ორკესტრთან ერთად. თავადაც ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი იყო. შემდეგ აღუნიშნავს და მისმა მენეჯერმაც მისწერა ჩვენს მეგობარს: ისეთი ემოციებით დაბრუნდა, რა გაუკეთეთ, რამით ხომ არ მოაჯადოეთო.

– რომელიმე პროექტს თუ გამოარჩევდი?

– „ქალაქურ მელოდიებს“. ბავშვობაში ჩვენს სამეგობროში ვერავის მოაწონებდი თავს, თუ არ უკრავდი და მღეროდი. ზუსტად უნდა გცოდნოდა, მიშიკო შენგელიამ, რომელიც ნინო ჟვანიას მამა იყო, რა პირველი თქვა, როგორი მეორე და რა ამბავი მოჰყვა წინა დღეებში სუფრზე. თუ გავიგებდით, ვინმეს მშობლების სამეგობროში მიშიკო და ზაურ ბოლქვაძე აპირებდნენ სტუმრობას, ვაგზავნიდით დიქტოფონს, ვიწერდით მათ ნამღერს, მერე ვუსმენდით და ხმებში ვშლიდით. მიშიკო შენგელია  არავის ენახა, რადგან თავს არტისტად ან მომღერლად არ მიიჩნევდა, სცენაზე არასოდეს გამოდიოდა. ერთხელ დავურეკე და ვუთხარი: „ქალაქური მელოდიების“ გაკეთება გვინდა და თქვენი მონაწილეობის გარეშე არ გამოვა-მეთქი. მითხრა: ვერ დავდივარ, მამა, არ შემიძლია. ვუთხარი: სიარული არ მოგიწევთ. თუ გამოვედი სცენაზე, ვეღარ შევალო, – არც გამოსვლა მოგიწევთ-მეთქი. თუ ღვინო არ არის, არ შემიძლია ვიმღეროო. ღვინოც გექნებათ-მეთქი და რომ დავასრულე საუბარი, მერეღა გავაცნობიერე – ისეთ რაღაცეებს დავპირდი, რაც თითქმის განუხორციელებელი იყო. მაგრამ, დიდმა რეჟისურამ – გია კიტიამ და ლევან წულაძემ გადაგვარჩინეს. მათთან ერთად უკვე დაიბადა ეს ფორმა: მარაჯნიშვილის თეატრის სცენაზე გაშლილი სუფრა, სცენა ტრიალდებდა და საოცარი „ქალაქური მელოდიები“ გაისმოდა. ამბავი კი უცხოეთში მოღვაწე ჩვენს მეგობრებს – ლევან უჩანეიშვილსა და რეზო ჩხიკვიშვილს დავუკავშირეთ. დრამატურგიის მთავარი ნაწილი სწორედ მათი მოგზაურობა იყო მონატრებულ ქალაქში...  

скачать dle 11.3