კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთვისაა ხელსაყრელი საქართველოში რელიგიური დაპირისპირების ინსპირირება და რატომ შეარჩიეს საწყისი ეტაპისთვის ქართველი მუსლიმანები და ქრისტიანები

გაურკვეველ მიზეზთა გამო ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანებსა და მუსლიმანებს შორის ურთიერთობა პერიოდულად მწვავდება (საბედნიეროდ, ჯერჯერობით ავანსცენაზე მხოლოდ ეთნიკური ქართველები არიან) და საქმეში ჩაუხედავი ადამიანისთვის იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს რელიგიური შეუწყნარებლობის პრობლემა დგას. ჩნდება ეჭვი, რომ რელიგიური დაძაბულობის შექმნას გარკვეული მიზნები აქვს. იმის შესახებ, თუ ვის შეიძლება, აძლევდეს ხელს შექმნილი ვითარება, აკაკი ასათიანთან ერთად ვისაუბრებთ.

– რა მოტივი აქვს ამ პროცესს და რას ემსახურება ქრისტიანებსა და მუსლიმანებს შორის თითქოს დაძაბული ურთიერთობა?

– მე მგონი, პროვოცირება ხდება ხოლმე ამ მოვლენების. მაგრამ მოხეს ინციდენტის შემთხვევაში, ტელევიზორშიც კი ჩანდა, რომ ჩვენი სამხრეთული ტაძრებისთვის ტიპური ნაგებობაა. მეუფე თეოდორემ ბრძანა, რომ გურჯისტანის ვილაიეთის დოკუმენტებშიც კი წერია, რომ ეს იყო ქრისტიანული ტაძარი. მეორე მხრივ კი, იქ მუსლიმანებს აქვთ ლოცვის საშუალება და ვითარება ხელოვნურად მწვავდება. სიმართლე გითხრათ, ვერ მივაგენი, საიდან მომდინარეობს ეს, რადგან არ მაქვს შესაბამისი საშუალებები. ფაქტია, რომ პერიოდულად ცარიელ ადგილზე ჩნდება ხოლმე ეს პრობლემა. თითქოს რატომ უნდა იყოს ეს ხელსაყრელი ჩვენი ხელისუფლებისთვის, თურქეთის ხელისუფლებისთვის, „ნაციონალებისთვის“, ზოგი იმასაც ამბობს, „ნაციონალური მოძრაობა” ახდენს პროვოცირებასო და, რაც მთავარია, რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ამას?!

– ხანდახან მეჩვენება, შეიძლება, იმიტომ რომ, ქრისტიანი მძლავრობს ჩემში, ჩვენი, ქართველი მუსლიმანები რადიკალურები არიან. ამბობენ, მაშინ გაგვასახლონო, ანუ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად აყენებენ. არადა, არ მგონია, მათ ვინმე ავიწროებდეს.

– არც მე მგონია, შევიწროებულები იყვნენ. რამდენადაც ვიცი, ისინი არანაირ რელიგიურ შევიწროებას არ განიცდიან. ცოტა ეგზალტირებული ხალხიც არის და ისიც ვიცი, რომ ამის წახალისებაც ხდება: თუ შევიწროებულად წარმოაჩენენ თავს, ეს სადღაც დაუფასდებათ. არ მინდა ეს დავიჯერო, რადგან, სარწმუნოებრივი სხვაობის მიუხედავად, ჩვენ ერთი მოდგმის ხალხი ვართ და ამ ჩვენს ეთნიკურ ერთობას უნდა მოვუფრთხილდეთ. სხვათა შორის, თურქეთში ჩვენები, ქართველები, არიან კარგი მუსლიმანები და თავის დროზე ერთ-ერთი პროისლამისტური პარტიის მთავარი დასაყრდენიც იყვნენ. თავდაპირველი პროისლამისტური პარტია არსებობდა ერდოღანის გამოჩენამდე და მათი ლიდერი იყო ერბაქანი. მან, როგორც პროისლამურმა ძალამ, პირველად მოიგო არჩევნები თურქეთში, შემდეგ სამხედროებმა გააუქმეს შედეგი, მათაც სახელი გადაირქვეს და ერდოღანიც მათი მემკვიდრეა. როგორც წესი, ერდოღანის პარტია არჩევნებში ყველაზე მაღალ პროცენტს სწორედ მუსლიმანი ქართველებით დასახლებულ ადგილებში იღებდა. თურქეთი იმიტომ ენდობა მათ, რომ ისინი თან ქართველობენ და ამავე დროს, თავიანთი ქვეყნის ერთგული მოქალაქეები და დაჯერებული მუსლიმანები არიან. ასე რომ, შეიძლება, ეს ფაქტორიც იყოს. თუმცა მე ვერ ვიტყვი, რომ თურქებს ასეთი პოლიტიკა აქვთ: გაამწვავონ ვითარება და შემდეგ დაგვიპყრონ.

– მაგრამ დავითოღლუს განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, რომ ოსმალეთის იმპერია თავის ძველ საზღვრებში უნდა აღდგეს გავლენების თვალსაზრისით, მთლად მასეც ვერ ვიტყვით.

– დავითოღლუს აქვს პანთურქული იდეა. ისინიც რაღაც იდეას ეძებენ. ერთხანს, ათა თურქის დროს ისე იცხოვრეს, რომ ევროპულობასა და დემოკრატიაზე გადაერთვნენ, მაგრამ ასოცირებაზე ხელმოწერის მიუხედავად, დღემდე არ იღებენ ევროკავშირში, რაც მათ აღიზიანებს. თუმცა აი, სკოლებში დაუშვეს ქართული ენის შესწავლა.

– და იქნებიან ქართული ენის შესწავლის მსურველები?

– როგორც ვიცი, მილიონის ფარგლებში ნამდვილად. მათ ეს არ უნდოდათ, მაგრამ იმდენად არიან დარწმუნებულნი თავიანთი ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ლოიალობაში თურქეთის სახელმწიფოს მიმართ, რომ ამაში საფრთხეს ვერ ხედავენ. ჩვენთან კი ვხედავთ, რომ არის თურქეთის ეკონომიკური ექსპანსია: მათი სახელმწიფო აფინანსებს აქ შემომსვლელებს და ადამიანები ჩვენთან დასახლდნენ; მხარს უჭერენ ისლამსაც: მიჰყავთ ჩვენი ბავშვები მედრესეებში, უფასოდ ასწავლიან და ეს ყურადღებამისაქცევია. თუმცა მე პირადად დარწმუნებული ვარ, საბოლოო ანგარიშით, ჩვენი კულტურა მაინც თავისას გაიტანს, რადგან ეს ისეთი მარაგია, გაზისა და ნავთობის მარაგებსაც კი ჯობია,  ოღონდ ჩვენც უნდა გამოვიღოთ ხელი ცოტა. ბოლოს და ბოლოს, ერთ-ერთ ბოლო ადგილზე ვართ  განათლების დონით და უცხო ტექსტის გააზრების უნარით. 

– ხომ გვეტყობა კიდეც ეს: ადამიანი ერთს ამბობს, მეორეს იგებენ, ჟურნალისტი კი მესამეს ეკითხება ხოლმე. აზრის გამოტანაც გვიჭირს და დასკვნის გაკეთებაც.

– ვიმკით შევარდნაძისა და  სააკაშვილის მმართველობის შედეგს. 20 წლის განმავლობაში კნინდებოდა ეროვნული ცნობიერება. განათლების სისტემა დავიდა იმაზე, როგორ ჩატარდეს გამოცდები, რომ სახელმძღვანელოები დაიბეჭდოს და უფასოდ დარიგდეს. მაგრამ რას ვასწავლით და როგორ?! ჩვენ დაკავებულები ვართ წვრილმანი პრობლემებით, რომლებიც, ადრე თუ გვიან, მოგვარდება, მაგრამ, თუ ინტელექტუალური პრობლემა არ მოგვარდა, არაფერს აზრი არ ექნება. საქართველომ, რაც ეკუთვნის ადგილი კაცობრიობის კულტურულ გაერთიანებაში, ის ადგილი უნდა შეინარჩუნოს და განავითაროს და ახალი რაღაც შექმნას. ერთეულები კი ამ საქმეს ვერ შველიან...

– რუსულ მედიაში აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თითქოს სააკაშვილმა მიჰყიდა აჭარა თურქეთს და თურქეთი აპირებს მის მიტაცებას უახლოეს ხანში. მე არ ვარ მაღალი წარმოდგენის მასზე, მაგრამ სააკაშვილი უბრალოდ ვერ მიჰყიდდა აჭარას თურქეთს, ასე არ ხდება. მაგრამ თურქეთის, როგორც საფრთხის, წარმოსაჩენად, შეიძლება, რუსეთს აძლევდეს ხელს, თუ მაინც უფრო თურქული დაინტერესება იკვეთება ქართველ მუსლიმანებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირების ინსპირირებაში?

– შეიძლება… თურქეთში ვიყავი ერთხანს, მაინტერესებდა, რა განწყობები იყო და არ მალავდნენ, რომ, თუ რუსეთი განაგრძობს ასეთ პოლიტიკას, მაშინ აჭარასა და ახალციხეზე იდავებს თურქეთი. ეს ასე იყო და ჩვენ არხეინად არ უნდა ვიყოთ, თუმცა თურქეთი ჯერჯერობით კონსტრუქციულია.

– მაგრამ, თუ ჩვენი ტერიტორიის დაჯიჯგვნა დაიწყო, ისინი არ ისხდებიან გულხელდაკრეფილები.

– დიახ… თავისას ეცდებიან. დავიცავთო და, თუ შემდეგ აღდგა, დავაბრუნებთო. მაგრამ იქ იყო ხალხი, ვინც ამბობდა, ჩვენი ვალია, დაგიცვათ, იმიტომ რომ, არ აქვთ სურვილი, ისევ ჰქონდეთ რუსეთთან უშუალო საზღვარი. მართალია, ისინი პერიოდულად თანამშრომლობდნენ  რუსეთთან, მაგრამ სიყვარული და ძმობა მათ შორის არც ყოფილა ისტორიულად და უახლოეს მომავალშიც კონკურენტები უფრო გახდებიან ამ რეგიონში, ვიდრე მეგობრები.

– თითქოს რელიგიური შუღლის არსებობა ხელს არ შეგვიშლის ევროინტეგრაციაში? ჩვენი ჟურნალისტებიც ისე აშუქებენ ამ თემას, ჯერ ერთი, ხეირიანად ვერც გაიგებ, რა ხდება და, რაც მთავარია, კიდევ უფრო ძაბავენ ვითარებას. 

– გვესმის, რომ ევროკავშირთან ასოცირება უკრაინის ფონზე დაჩქარდა და „ოცნების“ დამსახურება ის არის, რომ უარი არ თქვა, რაც კარგია. მაგრამ ჩვენ გვაქვს გეოგრაფიის პრობლემა: ევროპას ვესაზღვრებით ან რუსეთით, ან თურქეთით. რუსეთი საეჭვოა, ინტეგრირდეს ევროპაში უახლოეს ხანში, თურქეთს კი აქვს პრობლემა: კარგა ხანია, ასოცირებულია ევროკავშირთან, მაგრამ ამ ამბავს გაგრძელება არ აქვს. ერთადერთი საბერძნეთი მიიღეს, რომელიც უშუალოდ არ ესაზღვრება ევროკავშირს, მაგრამ მიიღეს ბერძნების დამსახურებისთვის ევროპული ცივილიზაციის შექმნაში და, ამას გარდა, ცოტა თურქეთის გაწონასწორების გამოც, თორემ ორივე „ნატოს“ წევრი იყო და ომი დაიწყეს. ჩვენ გვიშლის ხელს ის, რომ გეოგრაფიულად არ ვესაზღვრებით ევროპას, გვიშლის ხელს კონფლიქტები, შიდა გაურკვევლობა,  თუ საგარეო ორიენტაცია გასაგებია, გაუგებრობაა, რა მიმართულებაა ეკონომიკაში. ასევე, უსამართლობად აღიქვამს ევროპა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი აღძრულ საქმეებს.

– მგონია, რომ ხელისუფლება ვერ ახერხებს სათანადოდ დასაბუთებას და ისე მიწოდებას ამ ინფორმაციის ევროპელი პარტნიორებისთვის, რომ მათთვის უხერხული გახდეს ამ თემისთვის პოლიტიკური დევნის დარქმევა.

– როგორც გინდა, დაასაბუთონ, მაინც იგივე შედეგი იქნება. მაგალითად, დასაბუთებული იყო ტიმოშენკოს საქმე და ხალხიც დარწმუნებული იყო ტიმოშენკოს ბრალეულობაში, რაც აჩვენა კიდეც არჩევნების შედეგმა.

– მაგრამ ამ მოვლენებმა, უკვე ფაქტია, გამოიწვია უკრაინის დანაწევრება, ისევე, როგორც 2008 წელს რუსეთმა და დასავლეთმა ერთმანეთს გაუსწორეს ანგარიში და მოუსინჯეს ძალები ჩვენს ხარჯზე. ახლა იგივე ხდება უკრაინაში, ოღონდ უფრო დიდ ტერიტორიაზე და ევროპასთან გაცილებით ახლოს?

– ძალიან ვწუხვარ, რომ უკრაინამ ყველა ჩვენი შეცდომა ერთად მოაგროვა და გაიმეორა.

– მე არც მეგონა, თუ ჩვენზე ბეცი ვინმე იქნებოდა და, თურმე, ყოფილა.

– ჩვენთვის დიდი ნუგეში არ არის, რომ მაინცდამაინც ჩვენი მეგობარი და მოკავშირე აღმოჩნდა ასეთი, მაგრამ ესეც რაღაცაზე მეტყველებს და საფიქრალია, რატომ დაგვემართა ეს ჩვენ და უკრაინელებს, სხვათა შორის, სერბებსაც.  რაღაც ტიპოლოგიური მსგავსებაა ჩვენ შორის და შესასწავლია, რა მოხდა. ასე თუ ისე, ფაქტის წინაშე ვდგავართ. სხვათა შორის, პუტინმაც ისარგებლა ამით. გამოვიდა წინა პარასკევს და შთამბეჭდავი სიტყვა წარმოთქვა, მოითხოვა ახალი წესრიგი. პირდაპირ განაცხადა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასხდა სერიოზული ხალხი და შექმნეს ახალი წესრიგი, რომელიც ახლა მოიშალა. ამიტომ შევქმნათ ახალი წესრიგში და ახალი წესებით ვითამაშოთო. ასე ადვილად და ღიად ამას არავინ დაეთანხმება, მაგრამ ამისკენ წავა საქმე.

– და ჩვენ სად მოგვახვედრებენ?

– კარგია, თუ ვიცით… იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებას აქვს რაღაც საიდუმლო გეგმა, თუმცა არ ეტყობა, რომ ჰქონდეთ. არადა, ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს და, რა თქმა უნდა, ყველა, რაც შეიძლება, მეტს მოინდომებს. ამიტომ ჩვენ ამ პერიოდში საკუთარი  ინიციატივები უნდა წამოვაყენოთ. მაგალითად, ზურაბ ხონელიძეს აქვს მშვიდობიანი სამხრეთ კავკასიის იდეა და შეგვიძლია, ეს შევთავაზოთ მსოფლიოს და მის ორ მთავარ დინოზავრს. რაღაც გზები უნდა ვეძებოთ, იმავე აფხაზეთის პრობლემაც შეიძლება, დაუკავშირდეს ამას. შეიძლება, ისეთი რამ გააკეთოს კაცმა, სახტად დატოვოს რუსეთიც და მსოფლიოც. გასაგებია, რა გამოძახილი ექნებოდა იქიდან ფედერაციის შეთავაზებას, შევარდნაძეც კი გაფართოებულ ავტონომიას გაიძახოდა.

„ნაციონალები“ ერთ რამეში არ ტყუიან, არც ერთ ფორუმზე, არც ევროპაში, არც აზიაში, არ ახსენებენ ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებს. ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს, ამ საკითხთან მიმართებაში შიდა კონსენსუსი უნდა გამოვიმუშაოთ და მესამე –  უნდა გავიდეთ კონტაქტზე აფხაზებთან და ოსებთან. მათ ველაპარაკოთ და ვეძებოთ შეხების წერტილები. 

скачать dle 11.3