კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის ნებადართული საქართველოში სარეკლამო ტყუილები და როგორ დავიცვათ თავი საბანკო პროდუქტების სარეკლამო მახისგან

იმას გარდა, რომ ჩვენს ქვეყანაში საბანკო სასესხო განაკვეთები რეკორდულია და მათი სიდიდით პირველ ათეულშიც ვბრწყინავთ, იმის პარალელურად, რომ კრედიტების პროცენტები მნიშვნელოვანწილად აღემატება ანაბრების საპროცენტო განაკვეთს; ბანკების მიერ ამა თუ იმ საბანკო პროდუქტზე გამოცხადებული პროცენტი თითქმის არასდროს ემთხვევა რეალურს. ყოველ შემთხვევაში, მოკვდავი მოქალაქე ვერაფრით გაარკვევს, რას და რატომ იხდის, რადგან ბანკი ქართულ სინამდვილეში, როგორც წესი, ყოველთვის მართალია. რაც მთავარია: მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ, მოსთხოვონ კლინეტს სესხის ვადაზე ადრეც დაფარვაც და პროცენტის გაზრდაც. ერთი შეღავათი ისაა, რომ ამის შესახებ კლიენტებს ერთი თვით ადრე ინტერნეტ ან მობილური ტელეფონის შეტყობინებით აფრთხილებენ. თავის მხრივ, ეროვნული ბანკი თავის ფუნქციას მხოლოდ იმაში ხედავს, რომ მომხმარებლებს ხელშეკრულების კარგად წაკითხვასა და საბანკო საქმეში ცოდნის ამაღლებას ურჩევს. რთული სათქმელია, რატომ ჩამოყალიბდა ჩვენი მშობლიური ბანკები ხელშეუხებელ სეგმენტად,  თუმცა ფაქტია, რომ ამ ღარიბთა ქვეყანაში მათი შემოსავალი და მოგება სტაბილურიცაა და კიდეც იზრდება, ხოლო, თუ ეროვნული ბანკის ინერტულობით ვიმსჯელებთ, კომერციული ბანკების ქართული მომავალი კიდევ უფრო უღრუბლო იქნება. საბანკო პროდუქტებთან შებმული ჩვენი თანამოქალაქეების გასაჭირსა და საკრედიტო მახის თავიდან აცილების საშუალებების შესახებ ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია გვესაუბრება.     

 

– რეგიონში ლამის ყველაზე მაღალი სასესხო განაკვეთი გვაქვს, საბანკო ხელშეკრულებები კაბალურია, ბანკს აქვს უფლება, ცალმხრივად გაზარდოს პროცენტი, გამოდის, რომ ნულოვანი რისკით მუშაობს ჩვენი საბანკო სექტორი. რამდენად შეესაბამება ეს ვითარება ცივილიზებული ქვეყნების საბანკო ბაზარზე არსებულ მდგომარეობას?

– სესხებზე ჩვენთან არსებული საპროცენტო განაკვეთი რეგიონში ყველაზე მაღალი არ არის და მერყეობს 9-დან 39 პროცენტამდე. დაახლოებით,  იგივე სიტუაციაა სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთსა და თურქეთში.

– სხვადასხვა ქვეყნის სესხების რეიტინგულ სიაში საქართველოში არსებული საშუალო ტარიფი ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა.

– სია არის რამდენიმე და ერთმანეთისგან განსხვავებული, ჩვენთან მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი 39 პროცენტია და ვერავინ მაჩვენებს ავტორიტეტულ წყაროს, სადაც საქართველოს ბანკების პროცენტების რეალური ოდენობა არის სომხეთსა და აზერბაიჯანზე უარესი. ამას წყალი არ გაუვა: საქართველო არის ისეთივე, როგორიც ყველა განვითარებადი ქვეყანა, მაგრამ ეს მაინც არ ცვლის არსებულ მძიმე ვითარებას. საერთოდ, საპროცენტო განაკვეთი იცვლება იმისდა მიხედვით, თუ როგორი მოთხოვნაა ფულზე და ის ჩვენთან უფრო სტატიკურია, ვიდრე დასავლეთში. თუმცა ეს არ არის მთავარი პრობლემა, პრობლემაა ის, რომ ხელშეკრულებაა ისეთი რთული, რომ ბოლომდე არ იცის კლიენტმა, რას მოაწერა ხელი.

– რომ იცოდეს, შეცვლის რამეს?

– ასევე, კრედიტზეა მიბმული დაზღვევა, რაც გამოდის, მინიმუმ, წლიური 1 პროცენტი, ოპერაციული ხარჯებია მაღალი და კიდევ ერთი ყველაზე სერიოზული რამ –  თვითონ ბანკები არ არიან დაინტერესებულები ბიზნესსესხების გაცემით, იმიტომ რომ, რისკიანად მიაჩნიათ. ურჩევნიათ სხვა ტიპის სესხების გაცემა და ეძებენ შემოსავლის მიღების სხვა გზებს. ეს კი თვითონ ბანკებისთვისაც ცუდია, იმიტომ რომ, მოსახლეობა გაღატაკებულია, სესხების აღება არ შეუძლია არსებული უმუშევრობის პირობებში და ამიტომ ბანკები ცდილობენ, იშოვონ ახალი ბაზარი.

– და სად შეიძლება, იშოვონ ბანკებმა ეს ახალი ბაზარი?

– რადგან ფასიანი ქაღალდების ბაზარი მსხვილმა საბანკო გაერთიანებამ წაიღო, ისინიც დაიწყებენ ფასიანი ქაღალდებით ფულის შოვნას.

– ამით რა შეღავათი ექნება ქართველ მომხმარებელს?

– მომხმარებელი აქედან ვერაფერს მიიღებს და მისთვის არანაირი შეღავათი არ იქნება. სესხებზე საპროცენტო განაკვეთები იგივე დარჩება, თუმცა მაინც დადებითი მოვლენაა. თუ ფასიანი ქაღალდების ბაზარი განვითარდება, ეს კონკურენციას გააჩენს: თუ ბანკები წლიურ 7 პროცენტს გაძლევენ ანაბარში, ფასიანი ქაღალდებით შეიძლება, უფრო მეტი შემოგთავაზონ. 

– გასაგებია, რომ ბანკები მოქმედებენ ხელშეკრულების ფარგლებში და გამოდის, რომ კანონიერია მათ მიერ მომხმარებლის უფლებების დარღვევა. თუ ჩარევა არ უნდა, ეროვნულმა ბანკმა არ შეიძლება, შეიმუშაოს სტანდარტი, რომ მინიმალურად მაინც იყოს დაცული კლიენტის უფლებები?

– რაღაც მინიმალური მოთხოვნები ეროვნულ ბანკს შემოღებული აქვს, სხვა მხრივ, ბანკისა და კლიენტის ურთიერთობაში ეროვნული ბანკი არ ერევა.

– მომხმარებლის უფლება არ არის, როდესაც მე გათვლილი მაქვს ჩემ მიერ აღებული სესხისა თუ შეტანილი ანაბრის პროცენტი და ამ დროს ბანკი მიცვლის პროცენტს?

– რა თქმა უნდა. ეს უფლება აქვს მომხმარებელს, მაგრამ იურიდიული და სანოტარო სამსახური ისეა მოწყობილი, რომ მომხმარებელს უჭირს თავისი უფლებების დაცვა. არაერთხელ მითქვამს, რომ ეროვნული ბანკი უნდა ჩაერიოს ამ საქმეში და მან უნდა დაარეგულიროს მომხმარებლის უფლებები. ეს მისი მოვალეობაა. 

– ამას არც ადრე აკეთებდა და არც ახლა აკეთებს, რატომ?

– საბანკო სფერო ფაქიზი და ტაბუდადებულია. ერიდებიან ხისტი ნაბიჯების გადადგმას, შიშობენ, რომ არ დაირღვეს ბალანსი.

– რატომ დაარღვევს ბალანსს, თუ სესხის დაფარვის პროცესში არ შემიცვლიან საპროცენტო განაკვეთს?

– თუ ფიქსირებული პროცენტი გიწერიათ ხელშეკრულებაში, ვერ შეგიცვლიან. როგორც წესი, ეს მაშინაც ხდება, როცა სარეკლამო კამპანიის გავლენით ლარში იღებენ სესხს და შემდეგ ლარის გაუფასურების გამო საპროცენტო განაკვეთს ბანკი მაღლა სწევს. მაგრამ, თუ ფიქსირებული სახით აიღეთ პროცენტი, ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეგიცვლიან.

– მე არ ვამბობ, რომ ხელშეკრულებაში არ წერია ეს პუნქტი, ისინი პროცენტს ზრდიან სწორედ ხელშეკრულებით.

– რა თქმა უნდა, ეს პუნქტი ჩადებული იქნებოდა ხელშეკრულებაში, ამიტომ ასეთ ხელშეკრულებას არ უნდა მოაწეროთ ხელი.

– ხელი რომ არ მოაწერო, არ მოგცემენ კრედიტს.

– საქმეც ესაა, მაგრამ მაინც არ უნდა მოაწერო ხელი ასეთ ხელშეკრულებას. როდესაც ხელს აწერთ ასეთ ხელშეკრულებას, ბანკი უკვე მოგებულია, თქვენ მიიღეთ მისი პირობები და მასთან შემდეგ დავას აზრი აღარ აქვს. ეს მიღებული პრაქტიკაა.

– მავანს სჭირდება ფული, იძულებულია, აიღოს სესხი, შესაბამისად, იძულებულია, ხელიც მოაწეროს კაბალურ პირობებს, სხვა გამოსავალი აქვს?

– რა თქმა უნდა, იმიტომ რომ, მცოცავი პროცენტები დევს ხელშეკრულებების საერთო რაოდენობის 15-20 პროცენტში, დანარჩენში –  ფიქსირებული პროცენტია.

– საბანკო პროდუქტი მცოცავი პროცენტებით დასაწყისში უფრო დაბალია, როგორც წესი.

– რასაკვირველია. ჩვენ არ ვართ მიჩვეულები, თვალი მივადევნოთ ფულად ბაზარზე მიმდინარე ოპერაციებს. ამ საკითხში მოვისუსტებთ და ამიტომაც გვექმნება პრობლემები.

– მომხმარებელს ჰგონია, იაფად აიღო სესხი, სინამდვილეში საქმე პირიქითაა.

– დიახ, ეს არის სარეკლამო ხაფანგი.

– როდესაც ბანკი ამა თუ იმ საბანკო პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს და უტიფრად ატყუებს, ამის დარეგულირება მაინც არ შეიძლება? ხომ შეიძლება, ბანკი იყოს ვალდებული, ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელს შეთავაზებული მომსახურების შესახებ?

– ეს ანტიმონოპოლიური სამსახურის პრეროგატივაა, მაგრამ ეს სამსახური დღეს ჰაერშია. იგივე, როდესაც სარეკლამო რგოლში აცხადებენ, რომ ტექნიკის ესა და ეს მაღაზია ხურავს ტექნიკის ბაზარს, არის სრული ტყუილი. მომხმარებელს ჰგონია, რომ ბაზარი იხურება და ამიტომ იაფად იყიდის ტექნიკას, არადა ეს მხოლოდ სიტყვების თამაშია –  მე ვხურავ ტექნიკის ბაზარს, ანუ მე მაქვს ყველაზე მაგარი ტექნიკა ბაზარზე. იგივე ტყუილია უპროცენტო კრედიტი, რადგან, თუ უპროცენტოა, კრედიტი არ არის; უპროცენტო განვადება და ასე შემდეგ. რეკლამა და მომხმარებლის მოტყუება დიდი თემაა და ეს საქართველოში აკრძალული არ არის.

– ადამიანი იღებს ერთ სესხს, რომელსაც ახლავს საკრედიტო ბარათი, შემდეგ იღებს სხვა სესხს ამის გადასაფარავად. ამას მოჰყვება სესხების კასკადი და მთელი ცხოვრების აზრი ხდება მათი გასტუმრება. ამის თავიდან აცილების რა საშუალებებია?

– ერთადერთი გამოსავალია: წაიკითხო ხელშეკრულება ან წააკითხო უფრო გათვითცნობიერებულ ხალხს და ხელი არ მოაწერო ისეთ პირობებზე, რაც ხელმოსაწერი არ არის. არ უნდა მოაწერო ხელი ხელშეკრულებაზე, რომელშიც ცვალებადი პროცენტებია.

– როგორც წესი, გამოცხადებული პროცენტი არ ემთხვევა რეალურს.

– ამიტომ მცოდნე ახლობელს უნდა დაათვლევინო, რომ, თუ 9 პროცენტად მოგცეს კრედიტი, დაზღვევაში კიდევ ერთი პროცენტი უნდა გადაიხადო, ამას გარდა, რამდენი დაგიჯდა საკომისიო, თანაც, დაანგარიშების გრაფიკი ისეთია, რომ ათი წლის შემდეგ გადასახდელი ძირის პროცენტს დღეს გახდევინებენ. უნდა ანახვო ხელშეკრულება კომპეტენტურ ახლობელს და მისგან კვალიფიციური რჩევა მიიღო. სხვა არანაირ გამოსავალს, რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, აზრი არ აქვს.

– რომელია, თქვენი აზრით, მეტ-ნაკლებად ნორმალური საბანკო კრედიტი, როდესაც მომხმარებელს შეუძლია, ჩაეკირკიტოს ბანკს, რომ ამას და ამას არ მოვაწერ ხელს ხელშეკრულებაშიო?

– ასეთია იპოთეკური კრედიტები, მეტ-ნაკლებად დალაგებული ხელშეკრულებებია. თუმცა არ უნდა გაეკარო სამომხმარებლო კრედიტებს, ოვერდრაფტებს, საკრედიტო ბარათებს, ახალ პროდუქტებსა და მაქინაციებს.

– ჩვენს ბანკებს საკმაოდ კარგი ვებ-გვერდები აქვთ, თუმცა იქ განთავსებული ინფორმაცია არ ემთხვევა რეალურს. ზოგიერთს არც კი აქვს მითითებული სესხების პროცენტები. ჯობია, საერთოდ არ განათავსონ ინფორმაცია ასეთ აშკარა ტყუილებს.

– ამის პასუხად ანეკდოტი მახსენდება: ადამიანი მივიდა სააგენტოში და ნახა რეკლამა: ერთკვირიანი ტური ჯოჯოხეთში. მივიდა და რას ხედავს: ჯოჯოხეთში ერთობიან თავდავიწყებით. ერთი კვირა იყო იქ. რომ დაბრუნდა უკან, მოიწყინა და ისევ მიაკითხა სააგენტოს განმეორებითი ტურისთვის. წაიყვანეს და ჩააგდეს კუპრში. შეწუხდა, ეს რა არის, მე მასეთი ჯოჯოხეთი არ მინახავსო. ის რეკლამა იყო, ეს კი ნამდვილი ჯოჯოხეთიაო. იმის თქმა მინდა, რომ მთელი მსოფლიოს პრობლემაა რეკლამაში ჩადებული ტყუილი. აი, ამას კი ყველანი უნდა ვებრძოლოთ. შევქმნათ არასამთავრობო ორგანიზაციები, გამოვააშკარაოთ რეკლამის ტყუილები და მათი დამამზადებლები. ამას დაგვიფინანსებენ კიდეც და საქმესაც გავაკეთებთ. რეკლამის ტყუილი ცალკე ომის თემაა და ამას ჰქვია საზოგადოების, მომხმარებლის უფლებების დაცვა. ვერავინ უნდა გაბედოს პოპულიზმი რეკლამით. მაგალითად, როდესაც ტურისტული სააგენტო აცხადებს, რომ ვენამდე ბილეთი ღირს 50 ევროდან, მიხვალ და აღმოაჩენ, რომ ვენამდე ბილეთი 500 ევროზე ნაკლები არ ღირს, ეს არის ტყუილი რეკლამა.

скачать dle 11.3