კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

რისთვის გადასცა კოტე აფხაზმა ეროვნულ საბჭოს ილიას ბანკის შენაძენი 26 მილიონი ოქროს მანეთის ღირებულების ქონება და რამდენი ხნის განმავლობაში აწამებდნენ მას

საბჭოთა ხელისუფლებას მუდამ აშფოთებდა პატრიოტულად განწყობილი ადამიანების სიმრავლე საქართველოში, მითუმეტეს თუ ეს ადამიანები აშკარად ეწინააღმდეგებოდნენ საოკუპაციო ხელისუფლებას და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას ესწრაფოდნენ. სწორედ ასეთ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნებოდა ილია ჭავჭავაძის დისშვილი, გენერალი კონსტანტინე (კოტე) აფხაზი. ამიტომ, ცხადია, ის საბჭოთა ხელისუფლების სამიზნე და ჩეკისტების ტყვიის მსხვერპლი გახდა. ამ დიდი ქართველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გვესაუბრება ისტორიის დოქტორი ლევან ჯიქია.

 

ლევან ჯიქია: ილია ჭავჭავაძის დისშვილი, გენერალი კოტე აფხაზი, დაიბადა 1867 წლის 27 ნოემბერს, სოფელ კარდენახში. დაამთავრა თბილისის კადეტთა სასწავლებელი და პეტერბურგის სამხედრო აკადემია; მსახურობდა მეფის არმიაში და მიიღო გენერლის წოდება; მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. აფხაზი იყო თბილისის საადგილმამულო სათავადაზნაურო ბანკის სამეურვეო კომიტეტის წევრი. 1917 წელს საქართველოში არსდება ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის აფხაზს. ერთხანს ის პარტიის თავმჯდომარის მოვალეობასაც ასრულებს. 1917 წელს საქართველომ წართმეული ავტოკეფალია აღიდგინა, რაშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა აფხაზი. 1917 წელს მიმდინარეობდა აქტიური მზადება საქართველოს ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღსადგენად. მის სათავეებთან იდგა საქართველოს ეროვნული საბჭო, რომლის აქტიური წევრიც გახლდათ კოტე აფხაზი. მან ეროვნულ საბჭოს გადასცა ილიას ბანკის შენაძენი ქონება, რომლის ღირებულება 26 მილიონი ოქროს მანეთი იყო. 1918 წელს, როგორც მოგეხსენებათ, გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა; ნოე ჟორდანიას მიერ შემუშავებულ იქნა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რომელსაც, სხვა ქართველ პატრიოტებთან ერთად, ხელს აწერდა გენერალი კოტე აფხაზი. ის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის მშენებლობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. აფხაზი, ასევე, მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებისთვის მიმდინარე რთულ სამუშაოებში. ერთი სიტყვით, ის ილია ჭავჭავაძის გზის ღირსეული გამგრძელებელი იყო. 

– რა საქმიანობას ეწევა აფხაზი საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ?

– აფხაზს, როგორც თავისი ქვეყნის პატრიოტს, ცხადია, საქართველოს გასაბჭოება დიდ უბედურებად მიაჩნდა და ამას ყოველნაირად ეწინააღმდეგებოდა, თუმცა, ეს სამწუხარო ფაქტი მაინც მოხდა – რუსეთმა კვლავ დაიპყრო საქართველო. დიდი განსაცდელის მიუხედავად, აფხაზმა არ დატოვა სამშობლო. 1921 წლიდანვე იწყება საქართველოში ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა, რომელშიც კოტე აფხაზი აქტიურად ჩაერთო. 1922 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილმა დუშეთსა და ფშავ-ხევსურეთში ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყება მოაწყო, რომელშიც მას ძალიან ეხმარებოდა აფხაზი. თავგანწირული ბრძოლის მიუხეადავად, ეს აჯანყება დამარცხდა და საბჭოთა ხელისუფლებამ რეპრესიები გააძლიერა. მაგრამ, აფხაზს თავის განზრახვაზე ხელი არ აუღია – ის განაგრძობს ანტისაბჭოთა საქმიანობას. 

– როგორ წარიმართა აფხაზის საქმიანობა აჯანყების დამარცხების შემდეგ?

– 1922 წლის აგვისტოში საქართველოში მოქმედმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა საფუძველი ჩაუყარეს ინტერპარტიულ ორგანოს – „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს” (დამკომს). დამკომში პარიტეტულ საწყისებზე გაერთიანდნენ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) პარტია, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტური პარტია, საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა (ესერთა) პარტია და სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ჩამოშორებული ჯგუფი „სხიველები” (დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატები). დამკომმა შექმნა სხვადასხვა ორგანო, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო სამხედრო ცენტრი, რომელსაც ევალებოდა ანტისაბჭოთა აჯანყების მოსამზადებლად მუშაობა. ერთ-ერთი ვერსიით, სამხედრო ცენტრს გენერალი კოტე აფხაზი ხელმძღვანელობდა, სხვა ვერსიით კი გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი. ასეა თუ ისე, აფხაზი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ცენტრის მუშაობაში. ცენტრი შეუდგა რეგიონებში ანალოგიური პატარ-პატარა ცენტრების ჩამოყალიბებას. 

საქართველოს საგანგებო კომისია და ამიერკავკასიის საგანგებო კომისია შეშფოთებულები ადევნებდნენ თვალს იატაკქვეშეთში მოქმედი ძალების, განსაკუთრებით კი – სამხედრო ცენტრის საქმიანობას. ამიტომაც, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რადაც არ უნდა დასჯდომოდათ, დაეპატიმრებინათ სამხედრო ცენტრის წევრები. მართლაც, ამიერკავკასიის საგანგებო კომისიამ გასცა ორდერი სამხედრო ცენტრის წევრების დაპატიმრების შესახებ და 1923 წლის თებერვალში კოტე აფხაზი და მასთან ერთად თოთხმეტი ქართველი ოფიცერი დააპატიმრეს, ათეულობით სამხედროზე კი ძებნა გამოცხადდა. დაპატიმრებულთა შორის იყვნენ: კოტე აფხაზი, ვარდენ წულუკიძე, როსტომ მუსხელიშვილი, ელიზბარ გულისაშვილი, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, გოგი ხიმშიაშვილი, სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, ლევან კლიმიაშვილი, ნიკოლოზ ზანდუკელი, ივანე ქუთათელაძე, იასონ კერესელიძე, დიმიტრი ჩრდილელი, ალექსანდრე მაჭავარიანი, სიმონ ჭიაბრიშვილი და ფარნაოზ ყარალაშვილი.  

– რა ბრალდება წაუყენეს დაპატიმრებულ აფხაზსა და მის მეგობრებს?

– ჩეკისტებმა აფხაზსა და მის თანამებრძოლებს ბრალი დასდეს საქართველოს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობაში, საქართველოში ბანდიტური მოძრაობის შექმნასა და მასში მონაწილეობაში, ანტანტის სასარგებლო შპიონაჟში, მუშურ-გლეხური სახელმწიფოს გაცემასა და ღალატში. 

– აღიარეს თუ არა მათ წაყენებული ბრალი?

– დაპატიმრებულების დაკითხვა და არაადამიანური მეთოდებით წამება სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ, უშედეგოდ – ვერც ერთი მათგანისგან აღიარებითი ჩვენება ვერ მოიპოვეს და მორალურად ვერ გატეხეს. ამიტომ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მათი დახვრეტის შესახებ, რომელსაც ხელს აწერდნენ: მოგილევსკი, პანკრატოვი, ზონოვი, მახნოვსკი, კვანტალიანი, ბერია და სხვები.

– როდის და სად დახვრიტეს ბრალდებულები?

– ისინი 1923 წლის 21 მაისს, გამთენიისას, თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე დახვრიტეს. აღსანიშნავია, რომ დახვრეტის წინ ჩეკისტებმა კიდევ ერთხელ სცადეს კოტე აფხაზისა და მისი მეგობრების გატეხა – ისინი აფხაზს სიცოცხლის შენარჩუნებას შეჰპირდნენ, თუკი საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაზე აიღებდა ხელს, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. კოტე აფხაზის უკანასკნელი სიტყვები იყო: „მე ვკვდები სიხარულით, რადგან, ღირსი გავხდი საქართველოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა. ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს!” აღსანიშნავია, რომ დახვრეტის წინ თხუთმეტივე ქართველი ოფიცერი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჰიმნს – „დიდებას” მღეროდა.

 

скачать dle 11.3