კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ჩაწყობილი“ მკვლელობა

მისტერ მელილოუს ერთადერთი გასართობი ჭადრაკი იყო; პარტნიორიც მუდმივი ჰყავდა – მისტერ კრიჩი. ყოველ ოთხშაბათს კრიჩი მივიდოდა მელილოუსთან, რამდენიმე პარტია ჭადრაკს ეთამაშებოდა და წავიდოდა... იმ საღამოსაც ითამაშეს და შემდეგი კვირისთვის შეთანხმდნენ.

– მელილოუ, თუ ოთხშაბათს ათ საათამდე ვერ მოვედი, ნუღარ დამელოდები. ერთ კაცს უნდა შევხვდე და, შეიძლება, შეხვედრა გამიგრძელდეს.

მელილოუმ სტუმარი გააცილა, მერე კალოშები ჩაიცვა, ჭიშკარი გამოაღო და მდელოზე გაისეირნა. მოშორებით, ველზე, მდინარე ჩამოდიოდა. მელილოუს სახლიდან ორმოცი მილის დაშორებით ქვის ძველებური კოშკი – ფოლი იყო აღმართული. იქამდე რომ მიგეღწია, მდინარეზე გადებულ ხიდზე უნდა გადასულიყავი. მელილოუმ იმ იმედით იყიდა აქ კოტეჯი, რომ სიცოცხლის დარჩენილ წლებს სრულ სიმშვიდეში გაატარებდა, მაგრამ, მოულოდნელად, მთელი ველი რომელიღაც კომპანიამ იყიდა და სიმყუდროვეც დაირღვა: ელექტროგადამყვანი ბოძებით დაიფარა იქაურობა. სადენებმა მელილოუს კოტეჯამდეც მოაღწიეს და, ალბათ, მალე ზედაც გადაუვლიდნენ... კომპანიამ რამდენჯერმე გაუგზავნა შუამავალი და კოტეჯში გონივრული თანხა შესთავაზა, მაგრამ მელილოუმ ბრძოლა გამოუცხადა სილამაზისა და სიძველის მტრებს – არ ემეტებოდა კოშკი დასანგრევად  და სასამართლოში სარჩელი შეიტანა.  

მისტერ მელილოუმ ამოიოხრა, ღრმად ჩაისუნთქა ცივი ჰაერი, გულისწყვეტით გახედა მუშების ქოხებით დამახინჯებულ ველს და სახლში დაბრუნდა. იმ ღამით უცნაური სიზმარი ესიზმრა: თითქოს კალოშების გარეშე დახეტიალობდა ველზე და ხიდამდე მიღწევას ცდილობდა. აუცილებლად უნდა მიეღწია ხიდამდე – ეს მნიშვნელოვანი იყო, გრძნობდა ამას, მაგრამ, რატომ იყო მნიშვნელოვანი, ამ კითხვაზე პასუხი მაშინაც კი არ ჰქონდა, როცა გაეღვიძა. იფიქრა, ბევრი იფიქრა, მაგრამ, მხოლოდ თავი ასტკივდა... 

მომდევნო ორ დღეში მის ყურამდე მიაღწია ინფორმაციამ, რომ კომპანიიდან ვიღაცა ცდილობდა კრიჩის მოსყიდვას, რათა მას თავისი ნაკვეთი გადაეცა და მელილოუც მარტო დარჩენილიყო. კრიჩის ნახვა კი ვერ მოახერხა, რათა ინფორმაციის სიზუსტე გადაემოწმებინა... 

ოთხშაბათიც დადგა. მელილოუ გაზეთში დაბეჭდილ კროსვორდს ავსებდა, როცა კარზე დააკაკუნეს. საათს შეხედა – ჯერ მხოლოდ 8 იყო, კრიჩი ასე ადრე არ მოდიოდა. ზღურბლზე უცნობი მამაკაცი იდგა:

– მისტერ მელილოუ, ვიცი, გაგიკვირდებათ, მაგრამ, მე თქვენთან ჭადრაკის სათამაშოდ მოვედი. ვგიჟდები ჭადრაკზე. კომივოიაჟერი გახლავართ. თქვენს მხარეში შემთხვევით აღმოვჩნდი – მანქანა გამიფუჭდა და, აქვე, სოფლის სასტუმროში გავჩერდი. დრო რამით ხომ უნდა გამეყვანა, ჰოდა, ვიკითხე, ამ მხარეში ჭადრაკს ვინმე ხომ არ თამაშობს-მეთქი და თქვენთან მომასწავლეს. წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, რამდენიმე პარტია რომ ვითამაშოთ?

მელილოუმ მხრები აიჩეჩა:

– პრინციპში, რატომაც არა?! კი ველოდები ჩემს პარტნიორს, მაგრამ, ჯერ ცოტა ადრეა. თუ ამასობაში მოვა, რამეს მოვიფიქრებთ.

– როგორც კი მოვა, მე მაშინვე წავალ, – დაჰპირდა სტუმარი, – ხელს არ შეგიშლით.

– არ არის პრობლემა, მობრძანდით, – მელილოუმ სტუმარი სახლში შეიპატიჟა.

– მოზესი გახლავართ, – გაეცნო უცნობი, საშუალო ტანის, ცოტათი ჩაფსკვნილი მამაკაცი, შავი წვერითა და სქელმინიანი სათვალით. მერე პალტო გაიხადა და სავარძელზე მოიკალათა. მარჯვენა ხელზე ხელთათმანი არ გაუხდია, რაც იმით ახსნა, რომ თითები გაყვლეფილი ჰქონდა – მანქანის ამუშავებას ვცდილობდი და დავიზიანეო. სასმელზეც უარი განაცხადა. მელილოუმ თავისთვის დაისხა ცოტა ვისკი და მაგიდაზე ჭადრაკის ფიგურები დააწყო. რამდენიმე სვლაზე მელილოუ მიხვდა, რომ მის წინ გამოცდილი მოჭადრაკე იჯდა. ორი პარტია მელილოუმ მოუგო, მაგრამ მერე თამაში გართულდა. დაახლოებით ათის ნახევარზე მელილოუ უკვე თავდაცვაზე გადავიდა. მოზესმა ოთხ სვლაში გამოუცხადა ქიში თეთრი ლაზიერით, კიდევ ორი პარტია მოუგო და წამოდგა.

– უკვე გვიანაა. დიდი მადლობა, დრო რომ დამითმეთ. ვისიამოვნე თამაშით... რა ცუდი ფერი გაქვთ, ხომ კარგად ხართ?

– დიახ, დიახ... ცოტათი დაცხა. მეც ძალიან ვისიამოვნე თამაშით. საინტერესო იყო.

მელილოუმ სტუმარი გააცილა, ოთახში დაბრუნდა და ფიგურები ყუთში ჩაყარა. მთვარე მისი კოტეჯის მინის კარში ირეკლებოდა და იქაურობას ანათებდა. მელილოუმ გასეირნება გადაწყვიტა, მაგრამ აივანზე მისი კალოშები აღარ ეწყო. გაუკვირდა. კარგად ახსოვდა, სადაც დატოვა. იფიქრა, ეტყობა, მოსამსახურემ აიღო და გაწმინდაო... რამდენიმე წუთის შემდეგ უკვე კოშკის ძირას იდგა. ფეხები მაინც წინ მიუწევდა. სიბნელეში საფეხურები მოძებნა. სიფრთხილე იყო საჭირო ხვეულ, ვიწრო კიბეზე ასასვლელად. ერთბაშად რაღაც რბილს წამოედო... სიბნელეში ჩააშტერდა და, როცა მიხვდა, რა შეიძლებოდა ყოფილიოყო ეს მუქი, რბილი საგანი, შეძრწუნებულმა წამოიყვირა – კრიჩის გვამის გვერდით მისი კალოშები ეყარა... როცა კალოშებისკენ დაიხარა, გვამთან ახლოს ჭადრაკის ფიგურა – თეთრი ლაზიერი შენიშნა. ეს ბედისწერა იყო. მაშინვე თავისი სიზმარი გაახსენდა...

პოლიციის ექიმ-ექსპერტმა დაადგინა, რომ კრიჩი დაახლოებით 10 საათზე მოკლეს. სოფელში ვიღაცამ დაინახა, როგორ მიდიოდა ის, ცხრას რომ ათი წუთი აკლდა, მელილოუსთან ჭადრაკის სათამაშოდ. მთელ გზაზე, კოშკამდე რომ მიდიოდა,  გარკვევით ჩანდა მელილოუს კალოშების ნაკვალევი. ნაფეხურები ძალიან ღრმა იყო და ერთმანეთის გვერდიგვერდ მიუყვებოდა... ასეთი ნაკვალევი ისეთ ადამიანს შეეძლო დაეტოვებინა, რომელსაც ზურგზე მძიმე ტვირთი ჰქონდა მოკიდებული.

– მდაა... ცუდად არის საქმე... ჩვენ ვერსად მივაგენით იმ ვიღაც იდუმალი მოზესის კვალს. სოფელში არავის უნახავს მანქანა, არც გაფუჭებული, არც გამართული... ეს შემთხვევით მისი ჭიქა ხომ არ არის? ჭადრაკს ამ ოთახში თამაშობდით?

– დიახ, მაგრამ, მას არაფერი დაულევია. მე ვსვამდი ვისკის, – ამოიოხრა მელილოუმ, – თქვენ ფიქრობთ, რომ მკვლელი მე ვარ?

– იქნებ, ჭადრაკის ფიგურებზე დარჩა მისი თითის ანაბეჭდები, – არ უპასუხა კომისარმა და ოთახი კიდევ ერთხელ მოათვალიერა ყურადღებით. 

– ხელთათმანი ეცვა მარჯვენა ხელზე, ხელთათმანით ეხებოდა ფიგურებს, – დაიგმინა მელილოუმ.

– ნუთუ, ისე იყავით გართული ჭადრაკის თამაშში, რომ ვერაფერი დაინახეთ და ვერაფერი გაიგონეთ? ვიღაც ვერანდაზე უნდა ამოსულიყო და თქვენი კალოშები მოეპარა.

– არ ვიცი, არაფერი ვიცი... მე ალიბი არ მაქვს. ვერაფრით დავამტკიცებ ჩემს უდანაშაულობას. ღმერთო... ეს ყველაფერი იმ საშინელი სიზმრის ბრალია...

– სიზმარი ნახეთ? – მოულოდნელად დაინტერესდა კომისრის თანმხლები მამაკაცი. 

მელილოუმ დაწვრილლებით მოუყვა.

– მე საგრაფოს მთავარი კონსტებლი ვარ. თქვენმა სიზმარმა გადაგარჩინათ. უფრო სწორად, იმ ლოგიკამ, რომელიც მასშია. ჩემთვის ყველაფერი გასაგებია, მაგრამ, სანამ რამეს გეტყოდეთ, მინდა, კოშკამდე მისასვლელ ბილიკზე და ხიდზე ნაკვალევი ვნახოთ. კიდევ ერთი შეკითხვა, ოღონდ გულახდილად უნდა მიპასუხოთ: მისტერ მელილოუ, რამ გაიძულათ, გუშინ ღამით ფოლის კოშკში მისულიყავით?

მელილოუ შეყოყმანდა:

– სიზმარმა, მისტერ... სიზმარმა მოსვენება არ მომცა – რაღაცას მანიშნებდა და გულმაც აღარ მომითმინა.

– გასაგებია... მოკლედ, მოსაძებნია ორი ადამიანი. სავარაუდოდ, ისინი იმ კომპანიის თანამშრომლები არიან, რომელსაც მისტერ მელილოუმ ნაკვეთი არ მიჰყიდა, ან, ამავე კომპანიის დაქირავებულები. ერთმა მათგანმა მისტერ მელილოუ ჭადრაკის თამაშით გაართო, მეორემ კი მისტერ კრიჩი მოახრჩო, კალოშები წაიღო და კოშკში მიიტანა – ნახავთ, ნაკვალევი დაგვიდასტურებს ამას. ხიდზე მკვლელის ერთი ნაკვალევი იქნება; უფრო სწორად, იქნება მეორე და მესამეც, მაგრამ, მხოლოდ მისტერ მელილოუსი და, ისიც, კალოშების გარეშე. მისტერ მელილოუ გადავიდა ხიდზე და გადმოვიდა; გვამაკიდებული მკვლელი კი მხოლოდ გადავიდა და იქიდან გაქრა. ზუსტი აღწერილობა უნდა მოგვცეთ, მისტერ მელილოუ...

– კი მაგრამ, ჭადრაკის ფიგურა, რომელიც გვამთან ვიპოვეთ?! – მხრები აიჩეჩა პოლიციელმა.

– ეგ ყველაზე მარტივი ასახსნელია. მისტერ მელილოუ, თქვენ და მისტერ კრიჩს ერთნაირი ჭადრაკი გქონდათ?

– დიახ...

– როცა სათამაშოდ მოდიოდა, მოჰქონდა ხოლმე?

– დიახ, ზოგჯერ...

– დათვალეთ თქვენი ჭადრაკის ფიგურები, მისტერ მელილოუ, დარწმუნებული ვარ, მათ ერთიც არ აკლია – გვამთან ნაპოვნი ფიგურა გარდაცვლილის ჭადრაკიდან არის...

 

скачать dle 11.3