კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

მაფიის შვილობილი

– რაო, ვინ ბიძაო? – ჰკითხა ასთამურმა მერაბს.

– რობერტ მანძულიაო, – მიუგო მერაბმა.

– ამპარტავნები არიან ეგ მანძულიები. თუმცა, გულბერდი და მისი ძმა კარგი ხალხია. ის „ჩეკისტი“ კი ყოვლად გარეწარი და ნაძირალა ყოფილა. ომში კი არ დაიღუპა, კაბინეტში მოკლეს თავისივე კოლეგებმა. პოლკოვნიკის პაგონებს იყო ამოფარებული და მძიმე დანაშაულს სჩადიოდა. გაუგიათ, დასაპატიმრებლად მისულან კაბინეტში და იმას კი ერთი ოპერმუშაკი მოუკლავს. ამიტომ, ისიც მოკლეს.

– თქვენ ეს საიდან იცით, ძია ასთამურ?

– ვინც ის ნაძირალა მოკლა, იმან მომიყვა. ვასო იყო ერთი დუმბაძე, ჩემი მეწყვილე, ძველი „ჩეკისტი“ და სწორედ მან მოკლა პოლკოვნიკი რობერტ მანძულია.

– ომში დაიღუპაო, თანაც გმირულად, საიდან მოიტანეს?

– ეგ ნამდვილად არ ვიცი. ხომ გითხარი, ამპარტავნები არიან მანძულიები და შეიძლება, თვითონაც კი მოიგონეს ეს ტყუილი, რომ გვარი არ შერცხვენილიყო. ერთხელ, მე და ვასოს სწორედ ეგ გულბერდ მანძულია გვესტუმრა მეტყევის ქოხში. თავისი სოფლიდან ფეხით წამოსულა მთა-მთა და შემოგვიარა. სუფრასთან მივიწვიეთ. ცოტა დავლიეთ და რობერტ მანძულიას გმირულად დაღუპვის ამბავიც მაშინ მოყვა. უფრო სწორად კი, ვასოს მოუყვა, თორემ მე ათასჯერ მქონდა მისგან გაგონილი და მჯეროდა. გულბერდმა კი, უცხო კაცი რომ დაინახა, იფიქრა – თავს მოვაწონებო და ამიტომ მოყვა. ის რომ წავიდა, ვასომ სიმართლე მითხრა და ასე დააბოლოვა:

– ასთამურ, ჩემი უმცროსი ძმა ხარ და სიმართლეს გეტყვი. ჩემზეა ნათქვამი – ბედისწერას ვერ გაექცევიო.

ვასო დუმბაძე საკმაოდ სიტყვაძუნწი კაცი იყო. ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა და ჯერ იმან გამაკვირვა, რომ პოლკოვნიკ მანძულიას მკვლელობაში გამომიტყდა, მერე კი – მისმა სიტყვებმა ბედისწერის შესახებ. რას გულისხმობ, ვასო, ვერაფერს ვხვდები-მეთქი, მივუგე მეწყვილეს. მან კი მითხრა:

– ხუთი წელია, რაც აფხაზეთში გადმოვსახლდი საცხოვრებლად და არც კი იცი, რატომ.

ვასოსგან ვიცოდი, რომ აფხაზეთში გადმოსახლება მას ექიმებმა ურჩიეს გულის უკმარისობის გამო.

– ჯანმრთელობის გამო არ დასახლდი აქ? ასე არ თქვი, ექიმებმა ჰაერის გამოცვლა მირჩიესო? ვუთხარი მე.

– არა, ჩემო ასთამურ, – გაეღიმა ვასოს და ხმადაბლა მითხრა, – შიშის გამო.

ვასო დუმბაძე რომ მშიშარა კაცი არ იყო, ამას დიდი ცოდნა არ სჭირდებოდა. ნადირის არ ეშინოდა და ბრაკონიერების. ერთხელ ჩემ წინ უზარმაზარი დათვი მოკლა ხანჯლით, რომელიც მოულოდნელად დაესხა თავს და არც კი დაბნეულა. რამდენჯერმე კი საშიში ბრაკონიერები განაიარაღა და წარბიც არ შეუხრია. კი გამიკვირდა მისი სიტყვები. მაგრამ ვიფიქრე – ნასვამია და ამეტებს-მეთქი. ამიტომ გამეცინა და ვუთხარი:

– ხუმრობ, ალბათ, ვასო, თორემ შენი მშიშრობა სასაცილოდაც არ მყოფნის-მეთქი.

– არ ვხუმრობ. მომისმინე და მიხვდები, – მითხრა ვასომ. გააბოლა. ერთი ჭიქა არაყი გადაჰკრა და დაამატა, – მთელი ცხოვრება საშიშ ბოროტმოქმედებს ვებრძოდი და არასდროს არავისი შემშინებია. მარტო შევბმივარ კბილებამდე შეიარაღებულ ბანდიტებს და უკან არ დამიხევია. ბოლოს მოსკოვში ვმუშაობდი და შიშებიც იქ დამეწყო. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მუდმივად ვიღაც მითვალთვალებდა – ქუჩაში, ტრანსპორტში, სახლში და სამსახურშიც კი. შემდეგ, ყველაფერ ამას ღამის სატელეფონო ზარებიც დაერთო. მოვიდოდი თუ არა მორიგეობიდან დაღლილ-დაქანცული და თავს ბალიშზე დავდებდი, ტელეფონი დარეკავდა. ყურმილს რომ ვიღებდი, რაღაც ველური სისინის ხმა მესმოდა. ასე გრძელდებოდა მუდმივად და ვეღარ გავუძელი. პატაკი დავწერე. ბინა ჩავაბარე და სამსახურიდან რომ წამოვედი, აქ გადმოვსახლდი. მეგონა, მოვისვენებდი, მაგრამ ამ ბოლო დროს აქაც იმავე გრძნობამ შემიპყრო, რაც მოსკოვში მჭირდა. მგონია, ვიღაც მითვალთვალებს. დღეს კი, ამ კაცმა რომ რობერტ მანძულია ახსენა, მივხვდი, ბედისწერა თან მდევს.

– მანძულია რა შუაშია?

– არ ვიცი, ასთამურ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ხიფათი სულ ახლოსაა.

– დამშვიდდი, ვასო. უბრალოდ გადაიღალე. დაწექი, დაიძინე და დილამდე ყველაფერი გაგივლის, – ვუთხარი ჩემს მეწყვილეს. მან დამიჯერა და დაიძინა.

ვასოს სიტყვები გადაღლილობას მივაწერე. ხუმრობა ხომ არაა, მთელი ცხოვრება ასეთ დაძაბულობაში იმყოფებოდე. ყველას ხომ ერთნაირი ნერვები არა აქვს და ვიფიქრე – ვასო დუმბაძეს ნერვებმა უმტყუნეს-მეთქი. დილით ვასომ რომ გაიღვიძა, ის ისეთივე ძველი ვასო იყო. ამიტომ, წინა დღის საუბარი არც კი მიხსენებია. არც მას დაუძრავს სიტყვა და ვითომ არაფერი მომხდარაო, ძველებურად გავაგრძელეთ მუშაობა. ამ ამბიდან ექვსი თვის მერე, ვასო დაიღუპა.

– როგორ? რა დაემართა? – იკითხა მერაბმა.

– ნაახალწლევს, ზემო ტყეში იპოვეს მისი შეჭმული სხეული. იმ დღეებში ძალიან ყინავდა, თან დიდი თოვლი მოვიდა და როგორც ეტყობა, გაიყინა საცოდავი ვასო. დაკარგვიდან ორი კვირის შემდეგ აღმოაჩინეს. მე იმ დროს ფეხი მქონდა მოტეხილი და სახლში ვიწექი. ვასო კი მარტო მუშაობდა.

– ვინ იპოვა?

– ჩვენმა კოლეგებმა, სატყეო სამმართველოს ბიჭებმა. ამდენი ხანი რომ არ გამოჩნდა, ჯერ მე მომაკითხეს. მე ვუთხარი, სად უნდა ეძებნათ. მარტო უყვარდა ხოლმე ვასოს ტყე-ტყე სიარული. ჩაილაგებდა ორი-სამი დღის საგზალს, გადაიკიდებდა ორლულიან თოფს, იტყოდა, წავედიო და გაუდგებოდა გზას.

– ძია ასთამურ, მილიციას არ შეატყობინეს?

– როგორ არა. გამოძიებაც კი ჩატარდა, მაგრამ ყველაფერი უბედურ შემთხვევას მიაწერეს. სხვათა შორის, ვასოს ცხედარი რომ აღმოაჩინეს, იმ დღეს ჩემი სერგი და ნესტორი იყვნენ მორიგეები და ჯონდო სარიასთან ერთად წავიდნენ მოკვლევაზე. ერთხელ ჩემმა სერგიმ ისიც კი მითხრა: ჯონდო სარიას მკვლელობაზე ჰქონდა ეჭვი, მაგრამ მილიციის უფროსი ეჩხუბა და აზრი შეაცვლევინაო.

– როგორ, მკვლელობაზე?

– როგორ და, საცოდავი ვასო ხომ თითქმის შეჭმული იპოვეს. მისგან ჩონჩხი იყო დარჩენილი. ჯონდოს უთქვამს – არაა გამორიცხული, რომ ხელის მტევნები და თავი, სანახევროდ მოკვეთილი ჰქონდესო.

– ვინ იყო მაშინ გაგრის მილიციის უფროსი?

– ვინ და ახლანდელი სოხუმის მილიციის სამმართველოს უფროსი.

– როგორც ეტყობა, გაგრის მაშინდელი მილიციის უფროსს მკვლელობის საქმის ჩამოკიდება არ უნდოდა, – თქვა მერაბმა და ასთამურს ჰკითხა:

– თქვენ თვითონ რას ფიქრობთ, ძია ასთამურ, ვასო დუმბაძის გარდაცვალებაზე?

– ძნელი სათქმელია, შვილო. ვასოს არაერთხელ უვლია მარტოდმარტო ტყე-ღრეში და არაფერი დამართნია. თუმცა, ყველაფერი ხდება.  შეიძლება, გულმა უმტყუნა, ან ნადირი დაესხა თავს და მოგერიება ვერ მოასწრო. ფაქტია, რომ თოფი იქვე ეგდო ხელუხლებელი.

– თქვენი აზრით, შეიძლებოდა, ვინმე დასხმოდა თავს და მოეკლა?

– ზამთარში, ამ სიშორეზე, ასეთი რამის გაკეთება ცოტა ძნელია. ან უკან უნდა დადევნებოდა მას მკვლელი, ან წინ დახვედროდა. დევნას ვასო აუცილებლად შეამჩნევდა. წინ კი, აბა, ვინ უნდა დახვედროოდა? ვინ იცოდა, სად და როდის მიდიოდა. მეც რომ დამჭირვებოდა, მაგალითად, ასეთი რამ, საკმაოდ გამიჭირდებოდა. ზამთარში, თოვლში, მთაში კაცის ასე მოხელთება, თანაც ვასოსნაირი გამოცდილის, ძალიან რთულია.  მე მაინც უბედური შემთხვევა მგონია და ვფიქრობ, საცოდავი ვასო მშიერი მგლების ხროვას გადაეყარა და ვერ გაუმკლავდა.

– ძალიან დამაფიქრებელი ისტორიაა, – თქვა მერაბმა.

– მაინც, რატომ დაგაინტერესა ვასო დუმბაძის ამბავმა? – ჰკითხა ასთამურმა შვილობილს.

მერაბი ყველაფერს გულახდილად მოუყვა მასპინძელს და ბოლოს უთხრა:

– რაც მამაჩემის ამბავი შევიტყვე, მოსვენება დამეკარგა. დიდი სურვილი მაქვს, იმ ნაძირლის ნაშიერს შევხვდე და თვალებში ჩავხედო.

– ბუნებრივი სურვილია, – დაეთანხმა მეტყევე მაიორს, – შენ ჩემგან ჭკუა არ გესწავლება, შვილო, მაგრამ გთხოვ, ფრთხილად იყავი. რა იცი, რა ხდება. მართალია, შვილს მამის გამო პასუხი არ მოეთხოვება, მაგრამ ღმერთმა უწყის, ვინ არის იმ ნაძირლის შვილი და რა უდევს გულში.

– მართალი ხარ. ფრთხილად ვიქნები ძია ასთამურ, – მიუგო მერაბმა.

სტუმარ-მასპინძელმა სალაპარაკო თემა შეცვალა და ქეიფი გააგრძელეს. როდესაც დაასრულეს, ღამის ათი საათი სრულდებოდა.

– ახლა კი უნდა წავიდე, თორემ ჩემები ინერვიულებენ, – უთხრა შექეიფიანებულმა მერაბმა ასთამურს და გაუღიმა.

– რომ დარჩე, შვილო? – შესთავაზა მასპინძელმა.

– შენზე უკეთესთან ვისთან დავრჩები, ძია ასთამურ, მაგრამ შევპირდი – მოვალ-მეთქი და არ გეწყინოს.

– ნასვამი აპირებ საჭესთან დაჯდომას?

– მანქანას აქ ვტოვებ და ტაქსით წავალ.

– კარგი. გამოგაცილებ.

– რა საჭიროა, ძია ასთამურ, მე თვითონ წავალ. თქვენ კი დაისვენეთ.

– არ მაწყენინო. გაგაცილებ, – თქვა ასთამურმა და ჩაცმას შეუდგა. ამ დროს ოდის კარი გაიღო. ზღურბლზე მართა გამოჩნდა და მერაბი და ასთამური რომ დაინახა, ამოისუნთქა.

– მადლობა ღმერთს – მშვიდობა ყოფილა.

– მართა, ხომ მშვიდობაა? – ჰკითხა ასთამურმა ბიძაშვილს.

– რა თქმა უნდა, მშვიდობაა. ცოცხლებს გხედავთ და... – მიუგო მოღიმარმა მართამ.

– რა უნდა დაგვმართნოდა, გოგო, ამხელა ვაჟკაცებს?! – მხიარულად თქვა ასთამურმა, – ვერ დარეკე, ასე გულხეთქებით რომ გამოიქეცი?

– რომ დავრეკე და ტელეფონიც სულ დაკავებული იყო, ამიტომაც გამოვიქეცი, – მიუგო მართამ ასთამურს, რომელმაც ჩამრთველიდან გამოვარდნილი ტელეფონის მავთული ადგილზე დააბრუნა და მართას უთხრა:

– ბოდიში. ჩემი ბრალია, რომ განერვიულდით, ტელეფონი გამომრთვია.

– ეგ არაფერი, – გაიღიმა მართამ და სიძეს ჰკითხა:

– მერაბ, შვილო, დარჩები თუ წამოხვალ?

– წამოვალ, ქალბატონო მართა, ტაქსს მოვიყვან, – თქვა მერაბმა.

– ტაქსი გარეთ გველოდება.

– მაშინ, წავედით, – მიუგო მერაბმა. შემდეგ ასთამურს გადაეხვია, გამოემშვიდობა და სიდედრთან ერთად მამობილის სახლი დატოვა.

– მერაბ, საყვარელო! – წამოიძახა თამარმა, მეუღლე რომ საღ-სალამათი დაინახა და კისერზე ჩამოეკიდა.

– ფრთხილად, თამარ, მუცელი არ გეტკინოს, – უთხრა მერაბმა და ცოლს ნაზად მოჰხვია ხელი წელზე.

– იმ შემთხვევის მერე, შეშინებული ვარ.

– ჩუმად, – ჩასჩურჩულა მერაბმა თამარს, რადგან წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები, რომ თავდასხმის შესახებ მართასთვის არაფერი ეთქვათ, მაგრამ გვიან იყო. მართამ თამარის სიტყვები გაიგონა. შეცბა და ქალიშვილს ჰკითხა:

– რა შეგემთხვათ, შვილო?

– არაფერი, დედა. ისეთი არაფერი, – მიუგო თამარმა.

– ჯობია მითხრა, თორემ უფრო ვინერვიულებ.

– ისეთი არაფერი, – გაუმეორა თამარმა.

– ეეჰ, თამარ, თამარ... ვერ გაჩუმდი?! – შუბლზე ხელი გადაუსვა მერაბმა ცოლს და სიდედრს თავდასხმის ამბავი უამბო.

– მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა და უბედურება არ მოხდა, – თქვა მართამ და ქალიშვილსა და სიძეს ხელები მოჰხვია, – ფრთხილად იყავით, ძალიან ფრთხილად და ერთმანეთს გაუფრთხილდით. გაუფრთხილდით ჩემს მერის და არ ანერვიულოთ. თქვენს მეტი ჩვენ არავინ გვყავს, იცოდეთ.

ცოლ-ქმარი მალევე დაწვა დასაძინებლად. თამარმა მერაბს ხელი მოჰხვია და ჩაეძინა. მაიორს კი ძილი არ ეკარებოდა. მერაბი მამობილის მონათხრობს იხსენებდა და თითოეულ სიტყვას აანალიზებდა.

„რა საოცარი დამთხვევაა, – გაიფიქრა მერაბმა, – ვასო დუმბაძეს, ისევე, როგორც მე, ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ ვიღაც უხილავი თვალი ყველგან თან სდევდა. ვიღაც უთვალთვალებდა და ასე ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე. მეც ხომ დამესხნენ თავს? მე გადავრჩი. დუმბაძე დაიღუპა. მაგრამ, მასაც თავს დაესხა ვინმე თუ... ნადირის მსხვერპლი გახდა?.. ძია ასთამურის აზრით, მას მგლები დაესხნენ თავს. თუმცა, ძია ასთამურმა ისიც ხომ მითხრა, ვასო დუმბაძე ნადირისთვისაც და ადამიანისთვისაც ძნელი მოსახელთებელი იყოო... რატომ ეჭვობდა ჯონდო სარია – შეიძლება, დუმბაძეს ხელის მტევნები და სანახევროდ თავიც მოკვეთილი ჰქონდაო, ნუთუ ეს შურისძიება იყო და ვინ ჩაიდინა, რობერტ მანძულიას ნაშიერმა?.. ნუთუ, მართლა ასეა?.. სოხუმის მილიციის სამმართველოს უფროსი უნდა ვნახო და დაველაპარაკო. მაშინ ხომ ის იყო გაგრის მილიციის უფროსი და როგორც ძია ასთამურმა მითხრა, მან დაუშალა ექსპერტ ჯონდო სარიას მკვლელობის ვერსიის განვითარება, საქმე დაახურინა. ხვალვე ვნახავ პოლკოვნიკს. ჩემს უფლებამოსილებას გამოვიყენებ და ყველაფერს გავარკვევ. თუ საჭირო გახდა, შეიძლება, ეგსჰუმაციაც მოვითხოვო“.

მერაბს გამთენიისას ჩაეძინა. თუმცა, ორიოდე საათში გაეღვიძა და თამარი რომ არ გაეღვიძებინა, ფრთხილად წამოდგა, ჩაიცვა და საძინებლიდან ფეხაკრეფით გავიდა. როგორც ყოველთვის, მართა უკვე ამდგარი იყო და სამზარეულოში ტრიალებდა. სიძის დანახვაზე სახე გაუბრწყინდა და უთხრა:

– გძინებოდა, შვილო, რატომ ადექი ასე ადრე.

– სოხუმში ვარ წასასვლელი. მანამდე კი ძია ასთამურისგან მანქანა უნდა წამოვიყვანო.

– საუზმეს გაგიწყობ. უჭმელი ნუ წახვალ.

– კარგი, – გაუღიმა მერაბმა სიდედრს და სააბაზანოში შევიდა.

მერაბ გამრეკელი რომ სახლიდან გავიდა, ჯერ კიდევ ბნელოდა. მან ხუთასიოდე მეტრი ფეხით გაიარა. შემდეგ შემხვედრი მანქანა გააჩერა და ასთამურ შამბასთან გაემგზავრა.

გოლიათი მეტყევე ეზოში შეშას ჩეხდა და შვილობილი რომ დაინახა, გაუხარდა:

– სასმელს არ შემოგთავაზებ, რადგან საქმეზე მიდიხარ, ალბათ. მაგრამ, მწვადზე უნდა დამეწვიო. წუხელ, შენ და მართა რომ წახვედით, ღორის ხორცი დავაბასთურმე და შენ გელოდებოდი. ხელად შევწვავ და ვჭამოთ.

სხვა რომ ყოფილიყო, მერაბი უარს ეტყოდა, რადგან, ვასო დუმბაძის იდუმალი დაღუპვის ამბის გაგება უნდოდა და ერთი სული ჰქონდა, პოლკოვნიკი ენახა. ასთამურს კი ხათრი ვერ გაუტეხა და უთხრა:

– სიამოვნებით, ძია ასთამურ. მე რაში მოგეხმაროთ?

– მხოლოდ ჭამაში. წამოდი.

 ასთამურის შემწვარი მწვადი მართლაც ძალიან გემრიელი გამოდგა და მერაბმა სიამოვნებით მიირთვა. საუზმეს რომ მორჩნენ, მაიორმა მამობილს მადლობა გადაუხადა და წასასვლელად მოემზადა.

– თბილისში როდის მიემგზავრებით, შვილო? – ჰკითხა ასთამურმა მერაბს.

– თექვსმეტში, დილით. ძველით ახალ წელსაც აქ გავატარებთ, – მიუგო მერაბმა.

– შეიძლება, რაღაც გკითხო?

– რა თქმა უნდა, ძია ასთამურ.

– მერაბ, ახლა ვასო დუმბაძის დაღუპვის ამბის გასაგებად მიდიხარ?

– დიახ, ძია ასთამურ. თქვენ როგორ მიხვდით? – გულწრფელად გაოცდა მერაბი.

– გულმა მიგრძნო, – მიუგო ასთამურმა და პაუზის მერე დაამატა, – ბევრი ვიფიქრე და იმ დასკვნამდე მივედი, რომ გამორიცხული არ არის, ვასო მართლაც მოკლული იყოს. როგორც ვიცი, ჯონდო სარია ძალიან მაღალი დონის ექსპერტი იყო და ტყუილად არ შეეპარებოდა ეჭვი. გარდა ამისა, ერთი შემთხვევაც გამახსენდა.

– რა შემთხვევა?

– რა შემთხვევა, შვილო, და, ჩოჩიანთან რომ „პერესტრელკა“ მოგივიდა, ის სამხერხაო ხომ გახსოვს?

– იმას რა დამავიწყებს. მიტოვებული სამხერხაოა... – ჩაეცინა მერაბს.

– ის სამხერხაო მერე მიატოვეს. მაშინ კი სრული დატვირთვით მუშაობდა. ჩვენი ქოხიც იქვე, ორმოცდაათიოდე მეტრში მდებარეობდა. ვასოს არყის სმა უყვარდა და ყოველ დილა-საღამოს, ზოგჯერ დღისითაც, ას-ას გრამს გადაჰკრავდა ხოლმე. სასმლის სუნი რომ არ ჰქონოდა, ნიორს ჭამდა. არაყს კი ვასო დუმბაძე ხერხის აგრეგატში მალავდა.

– რატომ მალავდა?

– რატომ და, იმ პერიოდში ახალი უფროსი დანიშნეს სატყეო მეურნეობაში. მყრალი ხასიათის კაცი იყო ის ახალი უფროსი. თავის ჭკუაში, დისციპლინას ამყარებდა და ზედამხედველობის ინსპექტორებს გვიგზავნიდა ხოლმე შემოწმებაზე. ორჯერ ქოხი გაგვიჩხრიკეს. ორჯერვე არაყი აღმოაჩინეს და ვასომაც ამის შემდეგ გადაწყვიტა არყის ათლიტრიანი ბოცის ხერხში დამალვა. სამხერხაოს ბიჭებმაც იცოდნენ ეს და ვასოს ხერხის აგრეგატის ერთი გასაღები მისცეს. გააღებდა ხოლმე ვასო აგრეგატს, ჩამოასხამდა არაყს, გადაჰკრავდა და ისევ ჩაკეტავდა. ერთ დილას, ანუ მე რომ ფეხი მოვიტეხე, იმის წინა დღეს, ვასომ აგრეგატი გააღო და ხერხში თავი შეჰყო არყის გამოსაღებად. უცებ ხერხი ჩაირთო და ვასო ბეწვზე გადარჩა. ხერხმა მას მარცხენა ბეჭი გაუჭრა მხოლოდ და თანაც, არც თუ ისე ღრმად. ვასომ გამოძრომა მოასწრო და ამან გადაარჩინა. ადრიანი დილა იყო. ჩვენ ორის გარდა იქ არავინ იმყოფებოდა და ვინმეც რომ ყოფილიყო, ხერხს მაინც არავინ ჩართავდა. მე და ვასომ ელექტროგაყვანილობა შევამოწმეთ. მავთულს გავყევით და ჩვენი ქოხის უკან, შიშველი მავთულები აღმოვაჩინეთ.

– როგორც ეტყობა, მოკლე ჩართვა მოხდა, – ვუთხარი ვასოს. ისიც დამეთანხმა. შემდეგ, მავთულებს იზოლაცია შემოვახვიეთ და ეს ამბავი აღარც გვიხსენებია.

მეორე დღეს მე ფეხი მოვიტეხე. ორი კვირის შემდეგ კი საცოდავი ვასოც დაიღუპა. მაშინ ისე ვიყავი დარწმუნებული, რომ ვასო უბედური შემთხვევით დაიღუპა, ხერხის ამბავი არც გამხსენებია. რომც გამხსენებოდა, მნიშვნელობას არ მივანიჭებდი.

– ახლა, ძია ასთამურ?

– ახლა კი აზრი შემეცვალა და ვფიქრობ, ხერხი ვიღაცამ ჩართო. ეს კი იმისთვის გააკეთა, რომ ვასოსთვის თავი მოეხერხა. აბა, გაიხსენე, რა გითხარი – ჯონდო სარიას მკვლელობაზე ჰქონდა ეჭვი და ვარაუდობდა, რომ მას ხელის მტევნები და სანახევროდ თავიც მოკვეთილი ჰქონდა.

– ვის უნდა ჩაერთო ხერხი?

– იმას, ვინც ვასო მოკლა.

– ვის უნდა მოეკლა ვასო? – ჩაილაპარაკა მერაბმა.

– მანძულიას ნაშიერს, – თქვა ასთამურმა.

– მანძულიას ნაშიერს? – გაიმეორა მერაბმა.

– რატომღაც ასე მგონია. ინტუიცია მკარნახობს. როგორც ეტყობა, ვასოს არაფერი ეჩვენებოდა და გრძნობდა თვალთვალს. ამიტომაც მითხრა, ხიფათი ახლოსააო, – თქვა ასთამურმა და განაგრძო, – ძალიან ფრთხილად იყავი, მერაბ, თუ ეს ყველაფერი სიმართლეა, მაშინ იმ ნაძირლის ნაშიერი მამაზე ვერაგი და სისხლისმსმელი ყოფილა. თუ ვასოს მიაგნო და მოკლა, მაშინ შენც დაგიწყებს ძებნას და იგივეს გაკეთებას შეეცდება. ოჯახსაც გაუფრთხილდი და საკუთარ თავსაც. თანაც, ნუ დაგავიწყდება, რომ შენზე უკვე მოხდა ერთი თავდასხმა.

– მართალი ხარ, ძია ასთამურ. შენც ფრთხილად იყავი, – მიუგო მერაბმა მამობილს. გადაეხვია, გამოემშვიდობა და სოხუმისკენ აიღო გეზი.

– მერაბს ვახლავარ. ასე დილაადრიან რამ შეგაწუხა, მაიორო? – ჰკითხა გამრეკელს სოხუმის მილიციის სამმართველოს უფროსმა და კაბინეტში შეიპატიჟა.

– თქვენთან სერიოზული საქმე მაქვს, პოლკოვნიკო, – უთხრა მერაბმა პოლკოვნიკს.

– დაბრძანდი და მითხარი.

მერაბი პოლკოვნიკის წინ დაჯდა.

– ორი პირობა უნდა დაიცვათ...

– რა პირობა? – გაუკვირდა სამმართველოს უფროსს.

– ჩვენი საუბრის შესახებ არავინ უნდა შეიტყოს.

– ჩვენში დარჩება, პირობას გაძლევ, – გააწყვეტინა პოლკოვნიკმა მაიორს.

– და მეორე, ჩემს შეკითხვებს გულწრფელი პასუხი უნდა გასცეთ.

– ვერ გავიგე? – კოპები შეკრა პოლკოვნიკმა. მერაბმა კი თვალი თვალში გაუყარა და მშვიდად, მაგრამ მტკიცედ უთხრა:

– რასაც შეგეკითხებით, ყველაფერზე გულწრფელად მიპასუხეთ.

– დაკითხვაზე ვარ?

– ჩემს უფლებამოსილებას ვიყენებ. ჩემი ქვემდებარე უწყება ერთ მნიშვნელოვან საქმეს იძიებს და თქვენი ზუსტი ინფორმაცია მჭირდება.

– მკითხეთ, მაიორო, გისმენთ.

– ოთხი წლის წინ, ზემო ტყეში, სატყეო სამმართველოს თანამშრომელი, მეტყევე ვასო დუმბაძე იპოვეს გარდაცვლიდი და ამ საქმის ირგვლივ მაინტერესებს ინფორმაცია.

– კი ბატონო. ვასო დუმბაძე მართლაც იპოვეს ტყეში მკვდარი სატყეოს ბიჭებმა. საცოდავი, თითქმის სულ მთლად შეჭმული იყო. სხვათა შორის, მოკვლევა ცხონებულმა სერგი შამბამ და ნესტორ პესკასელმა ჩაატარეს. მას მგლების ხროვა დაესხა თავს და შეჭამეს. აი, სულ ესაა, რაც შემიძლია გითხრათ, მაიორო. მოკვლევის მასალები ჩვენი სამმართველოს არქივშია და თუ სურვილი გაქვთ, ამოვატანინებ, გაეცანით.

– აუცილებლად გავეცნობი, მაგრამ მოგვიანებით. თქვენ კი ერთ კითხვაზე მიპასუხეთ...

– ორი იყოს, შე კაცო.

– რატომ არ განავრცობინეთ ექსპერტ ჯონდო სარიას მკვლელობის ვერსია და რატომ დახურეთ საქმე?

– ვინ თქვა ეს? – შეცბა პოლკოვნიკი.

– ტყუილს ვამბობ?

– ეს არ მიკადრებია თქვენთვის, მაგრამ, რა შუაში იყო იქ მკვლელობა? ვის და რატომ უნდა მოეკლა ის მეტყევე? ან კი როგორ  მოახერხებდნენ ამის გაკეთებას იმ უღრანში? ვასო დუმბაძე გამოცდილი კაცი იყო, თანაც თოფიანი. მერე კიდევ, არც ნასროლი ჰქონდა და არც ნაკვეთი ჭრილობა. რა შუაში იყო მკვლელობა? ხომ გითხარით, ნადირმა შეჭამა ის უბედური. ჯონდოს კი ყველაფრის გაბუქება უყვარდა, უფრო მეტიც, ის თავად აღმოჩნდა მკვლელი და მამაძაღლი. ამაში პირადად დარწმუნდით თქვენც. ისედაც ბევრი გაუხსნელი საქმე გვქონდა და მინდოდა მაშინ მე მკვლელობის საქმის კისერზე ჩამოკიდება? მით უმეტეს, რომ არ მომხდარა მკვლელობა. კაცი მგლებმა შეჭამეს.

– სარიას ვარაუდი გამოუთქვამს, რომ მეტყევეს შესაძლოა, ხელის მტევნები მოკვეთეს და სანახევროდ – თავიცო. თქვენ კი ხელი შეგიშლიათ სრულფასოვანი ექსპერტიზის ჩატარებისთვის, იმავე დღეს დაგიხურავთ საქმე. რატომ გააკეთეთ ეს?

– არ ყოფილა მასე, მაიორო, არადამაჯერებლად თქვა პოლკოვნიკმა.

– აბა, როგორ იყო?

სამმართველოს უფროსმა შუბლიდან ოფლი მოიწმინდა და მერაბს უთხრა:

– საიდან გაქვთ ასეთი ინფორმაცია, ვინ გითხრათ?

– ასე იყო თუ არა – თქვით პოლკოვნიკო!

– მე და ჯონდომ პირისპირ ვილაპარაკეთ ჩემს კაბინეტში და მოწმე არ გვყოლია. ჯონდო მკვდარია და ვერაფერს გეტყვით. მე კი გეუბნებით, რომ მსგავსი საუბარი არ გვქონია. ჯონდომ სრულფასოვანი მოკვლევა ჩაატარა და შესაბამისი დასკვნაც შეადგინა. ის საქმეში დევს და შეგიძლიათ, გაეცნოთ.

– კარგი, პოლკოვნიკო, ყველაფერი გასაგებია. მე საქმეს უნდა გავეცნო და უბრძანეთ, არქივიდან ამოიტანონ. დაკითხვის ოთახში ვიქნები, – თქვა მერაბმა და წამოდგა.

– აქ გაეცანი, შე კაცო. ხელს არ შეგიშლი,  გავალ სულაც, – უთხრა მერაბს ხასიათზე მოსულმა სამმართველოს უფროსმა.

– არა, იქ მირჩევნია, – მიუგო მერაბმა, იმის დიდი ალბათობაა, რომ ვასო დუმბაძის ცხედრის ეგსჰუმაციას მოვახდენთ და მინდა, ეს იცოდეთ.

მერაბის სიტყვებზე პოლკოვნიკს სახეზე ფერი ეცვალა და ოფლმა დაასხა. მაგრამ, იხტიბარი არ გაიტეხა და მაიორს უთხრა:

– თქვენი ნებაა, მაიორო. გააკეთეთ ის, რასაც საჭიროდ ჩათვლით.

– მინდა იცოდეთ, პოლკოვნიკო, რომ მე ფარული მოქმედება არ მახასიათებს კოლეგების მიმართ და მსგავს ხერხს მხოლოდ ბოროტმოქმედების მიმართ ვიყენებ. ამიტომ, პირდაპირ გეუბნებით: ჯერ საქმეს გავეცნობი, შემდეგ კი ეგსჰუმაციის მოთხოვნას დავწერ. თუ დადასტურდა ჩემი ვარაუდი, მაშინ თქვენი პასუხისმგებლობის საკითხს პირდაპირ დავსვამ.

პოლკოვნიკი არ შეეპუა მერაბს და ჯიქურ უთხრა:

– თუ არ დადასტურდა, მაშინ?

– მაშინ, ვაღიარებ, რომ ვცდებოდი და სრული უფლება გექნებათ, პატაკი დაწეროთ გენერალ კონსტანტინე თავართქილაძის სახელზე. იქ მიუთითოთ ამ საუბრის შესახებ, რასაც მე სიტყვასიტყვით დაგიდასტურებთ და დანარჩენი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გადაწყვიტოს, – მშვიდად მიუგო მერაბმა.

 სოხუმის მილიციის სამმართველოს უფროსი ასეთ შემობრუნებას არ ელოდა. ამიტომ წამით დაიბნა. შემდეგ მაიორს გაუღიმა და უთხრა:

– რა საჭიროა ასე მაღლა ასვლა და მინისტრის შეწუხება წვრილმანებზე.

– ეს წვრილმანი არაა. ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდია იმ დიდი საქმისა, რომელსაც ჩვენი უწყება იძიებს და ამის შესახებ მე თქვენ უკვე გითხარით.

– ჩვენ რომ მოვაგვაროთ ეს საქმე?

– რას მთავაზობთ?

– ნუ მოითხოვთ ეგსჰუმაციას. გეტყვით სიმართლეს და ეს საუბარი ჩვენ შორის დარჩეს.

– ვერაფერს შეგპირდებით წინასწარ. სიმართლეს კი სიამოვნებით მოვისმენ თქვენგან.

პოლკოვნიკმა ოფლი მოიწმინდა და მერაბ გამრეკელს უთხრა:

– ავაზაკობისა და არაკაცობის მიუხედავად, რაც შემდეგ გაირკვა და რაშიც თქვენც მიგიძღვით წვლილი, ანუ, სარიას გაშიფვრას ვგულისხმობ, ჯონდო უმაღლესი კატეგორიის ექსპერტი იყო, ამას ვერავინ უარყოფს. კი, იყო ჯონდო ჩემთან და მითხრა: მგონი, ის კაცი მოკლესო. სარია ვარაუდობდა, რომ დუმბაძის ცხედარს ორივე ხელის მტევანი ჰქონდა მოკვეთილი და სანახევროდ თავიც. მან ისიც კი თქვა, – ჯერ კისერში ჩაარტყეს ძალიან ბასრი ცივი იარაღი და შემდეგ, ხელის მტევნები მოკვეთესო. მე კი იმიტომ არ დავაწერინე ასეთი დასკვნა, რომ უიმედო საქმე ჩანდა. კიდევ ერთი გაუხსნელი მკვლელობა ჩამომეკიდებოდა კისერზე. ასეთი რამ კი არ მაწყობდა. ერთ თვეში სოხუმში გადმოყვანას ველოდებოდი და ხელი შემეშლებოდა. აი, ესაა სიმართლე.

– ჯონდომ რა გითხრათ თავიდან?

– სასტიკი წინააღმდეგი იყო, მაგრამ მოვახერხე გადამეთქმევინებინა და ხმა აღარ ამოუღია.

– როგორ მოახერხეთ ეს?

– როგორ და შევპირდი, რომ დაველაპარაკებოდი მარ... – პოლკოვნიკი უცებ გაჩერდა. ენაზე იკბინა. პაუზა გააკეთა და მერაბს უთხრა, – მოკლედ, მოვახერხე. ამას მნიშვნელობა არ აქვს, ამ საქმეს არ ეხება. ბავშვებს გეფიცები, მერაბ, რომ სიმართლეს გეუბნები.

– თქვით, პოლკოვნიკო. მნიშვნელობა ყველაფერს აქვს, მით უმეტეს, ჩვენს საქმეში. გისმენთ.

სამმართველოს უფროსმა ამოიხვნეშა. თავი გააქნია და თქვა:

– ჯონდო სარიაც ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვისაც თამარ ანჩაბაძე უყვარდა. ეს მე მისგან ვიცოდი. ამიტომ შევპირდი, რომ ქალბატონ მართას დაველაპარაკებოდი ამის თაობაზე და ჯონდო ამ პირობით დამეთანხმა.

– დაელაპარაკეთ?

– არა. ჯონდომ თვითონ მითხრა, არ გინდაო. გეცოდინებათ, ალბათ, ცხონებულმა სერგი შამბამ, რომ ნესტორ პესკასელი ლამის მოკლა თამარის გამო. ეტყობა, ამისი შეეშინდა სარიას და გადაიფიქრა.

– გასაგებია, – ჩაეცინა მერაბს.

– მერაბ, გთხოვ, არ გინდა ეგსჰუმაციის მოთხოვნა. შენთვის ხომ სიმართლეა მთავარი და გიდასტურებ, რომ მეტყევე ვასო დუმბაძე მოკლულია. არ შეეშლებოდა ეს ჯონდო სარიას. გარეწარი და ნაძირალა კი იყო, მაგრამ თავის საქმეში ბადალი არ ჰყავდა. კაცურად გთხოვ, ნუ დამაყენებ დარტყმის ქვეშ.

– ეგსჰუმაცია აუცილებლად ჩატარდება, რადგან ეს გამოძიებისთვისაა საჭირო. მაგრამ, თქვენ არანაირი დარტყმის ქვეშ არ დადგებით.

– ეგ როგორ?

– ახლავე აგიხსნით, – მიუგო მერაბმა, – მე ვეცნობი ვასო დუმბაძის მკვლელობის საქმეს და ეგსჰუმაციის მოთხოვნის საბაბად ექსპერტ-კრიმინალისტის არადამაჯერებელ დასკვნას ვასახელებ. მით უმეტეს, რომ როგორც თქვით, ცხედარი პათანატომს არ დაუთვალიერებია და პროზექტურაში დასკვნა არ დაუწერიათ.

– კი. მასეა. ასეთი რამ დაშვებულია პრაქტიკაში. საქმე მხოლოდ მოკვლევით შემოიფარგლა და ექსპერტ-კრიმინალისტის დასკვნა ჩაიდო იქ. მართალია, ამ შემთხვევაში, წესით მომკვლევს უნდა მოხვდეს, მაგრამ ერთი გარდაცვლილია, მეორე კი მილიციაში აღარ მუშაობს, – თქვა ხასიათზე მოსულმა პოლკოვნიკმა.

– სერგი შამბა და ნესტორ პესკასელი, ხომ?

– კი, ბატონო. ისინი.

– კარგი, პოლკოვნიკო. შევთანხმდით. თქვენ ამ საქმეში სუფთა ხართ.

– მადლობელი ვარ, მერაბ. სიკეთით გადამეხადოს.

მერაბ გამრეკელს უნდოდა ეთქვა, სამმართველოს უფროსისთვის – მსგავსი საქციელი აღარ გაიმეოროთო, მაგრამ, მის ოფლიან სახეს რომ შეავლო თვალი, გადაიფიქრა და კაბინეტიდან გავიდა.

დაკითხვის ოთახში მაიორმა სულ რაღაც ერთი საათი დაჰყო. ვასო დუმბაძის დაღუპვის სამფურცლიან საქმეს თხუთმეტ წუთში გაეცნო. შემდეგ ეგსჰუმაციის მოტივირებული მოთხოვნა დაწერა და აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრს პირადად მიუტანა.

– ბატონ მაიორს ვახლავარ, –  თეატრალური შინაურულობით თქვა გენერალმა. გამრეკელს ხელი ჩამოართვა და ჰკითხა, – ხომ მშვიდობაა, მერაბ, რამ შეგაწუხა?

– გაეცანით, ამხანაგო გენერალო. ამ მოთხოვნას სასწრაფო მსვლელობა უნდა მიეცეს, – მიუგო მერაბმა მინისტრს.

გენერალმა მოთხოვნა წაიკითხა, რეზოლუცია დაადო და გამრეკელს მიაწოდა, თან ჰკითხა:

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3