კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

რა უფლებები ჰქონდათ ისტორიულად ქალებს საქართველოში და განსხვავდებოდა თუ არა ქართველ ქალთა უფლებრივი მდგომარეობა ევროპელი ქალების ანალოგიური უფლებებისგან

ქალთა მიმართ ძალადობამ ისეთი მასშტაბი შეიძინა (თუმცა, სტატისტიკით, აღმოჩნდა, რომ 2014 წელს ქმრებისა და ყოფილი ქმრების მიერ ცოლების და ყოფილი ცოლების მკვლელობის დინამიკა რამდენიმე წელია, სტაბილურად მაღალია), რომ საზოგადოების აქტიური ყურადღება მიიპყრო. საზოგადოების ნაწილი ამ საქმეში მთავრობას ადანაშაულებს: არასათანადოდ ებრძვის ოჯახურ ძალადობასო; ნაწილი ეკლესიას ადანაშაულებს, ქმრებს ცოლებზე ძალადობისკენ აქეზებსო; ნაწილი ან ყველა ერთად ქართულ ტრადიციებს გმობს, ქალს ადამიანად არ განიხილავსო. ამიტომაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორთან სამართლის ისტორიის მიმართულებით, დავით ბოსტოღანაშვილთან ერთად მიმოვიხილავთ ქართულ ისტორიულ სამართალს, ქალის უფლებრივი მდგომარეობის კუთხით.

 

– როდიდან ფიგურირებს ქართულ სამართალში ქალი, როგორც სუბიექტი?

– ასე პირდაპირ ვერ ვიტყვით, რომ სამართლებრივ აქტებში ქალის უფლებრივი მდგომარეობა ცალკეა გამოყოფილი. თუმცა მეცნიერები ქალთა უფლებრივ მდგომარეობას განიხილავენ ჯერ კიდევ „შუშანიკის წამებიდან“ მოყოლებული.

– მგონი, პირველი ფემინისტი ქალი სწორედ შუშანიკი იყო: ქმრის სახლიდან წამოვიდა მის უკითხავად, ჯოჯიკი და მისი ცოლი ლამის სცემა და არ ემორჩილებოდა ვარსქენის გადაწყვეტილებებს თვით მეხუთე საუკუნეში.

– მართალია, ზოგიერთი მეცნიერი  „შუშანიკის წამების“ მიხედვით განიხილავს ქალთა უფლებრივ მდგომარეობას, მაგრამ ჩვენ, მაინცდამაინც, არ უნდა გადავიდეთ შეფასებით მხარეზე. შუშანიკის მეუღლე არ იყო ჩვეულებრივი ქმარი და ვარსქენს ჰქონდა იმის გაკეთების უფლება, რაც არ ექნებოდათ რიგით მეუღლეებს, რადგან ვარსქენი იყო პიტიახში, ადგილობრივი ტერიტორიული ერთეულის სათავეში იდგა და მას პოლიტიკური და სასამართლო ხელისუფლებაც გააჩნდა. ასე რომ, მხოლოდ ცალკე აღებული „შუშანიკის წამებით“ ძალიან ძნელია, ზოგადად ვისაუბროთ ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე.

– როდესაც ამბობთ, ყველა ქმარი ისე ვერ მოიქცეოდა, როგორც ვარსქენიო, ანუ შუშანიკის, როგორც ქალის, უფლებრივი მდგომარეობა უფრო შეზღუდული იყო, ვიდრე სხვა, რიგითი ქალების?

– რიგით ქმარს არ ექნებოდა იმდენი უფლება, როგორიც ჰქონდა პიტიახშს. მაგალითად, ისინი ვერ შეძლებდნენ ცოლისთვის თავისუფლების აღკვეთას. ვარსქენი უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ როგორც ქმარი, არამედ, როგორც ადგილობრივი ხელისუფალი.

– რა წყარო შეგვიძლია, მივიჩნიოთ სარწმუნოდ, რომელიც ქალთა უფლებრივ მდგომარეობას ასახავდა საქართველოში?

– თუმცა „შუშანიკის წამებაში“ აღწერილია, რომ ქალი და მამაკაცი ერთად სუფრასთან არ სხდებიან, მეორე საკითხია, რამდენად შეგვიძლია, ეს განვიხილოთ უფლებრივ დონეზე. ეს უფრო ტრადიცია იყო და საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში შენარჩუნდა. ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნშიც კი რეგიონებში, სადაც ჩვეულებითი სამართალი და ტრადიციები უფრო იყო შემორჩენილი, არსებობდა ტრადიცია, რომ ქალები და მამაკაცები ცალ-ცალკე მიირთმევდნენ ან ქალები ერთ მხარეს სხდებოდნენ სუფრასთან, მამაკაცები –  მეორე მხარეს.

– ეს ტრადიცია ლამის მეოცე საუკუნის ბოლომდე შენარჩუნდა.

– მაგრამ ამას უფლებრივ მდგომარეობასთან კავშირი არ აქვს. როდესაც ქალის უფლებრივ მდგომარეობაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ ზოგადად უფლებრივ მდგომარეობაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენდა ქრისტიანული სარწმუნოება. ქრისტიანული სარწმუნოება ქალსა და მამაკაცს თანაბრად განხილავს და გენდერული თვალსაზრისით, უთანასწორობაზე არ აკეთებს აქცენტს. ასე რომ, ქრისტიანული ტრადიციებით, რასაკვირველია, ქალისა და მამაკაცის უფლებრივი მდგომარეობა არ განსხვავდებოდა იმავე მემკვიდრეობის უფლების თვალსაზრისითაც. მართალია, ქრისტიანობა ოჯახში კაცს განიხილავს ქალის თავად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქმარს მეტი უფლებები აქვს ქალთან მიმართებაში. ქრისტიანობა ამაში უფრო  გულისხმობს პასუხისმგებლობას, ვიდრე უფლებრივად კაცის აღმატებულ მდგომარეობას. როგორც, ვთქვათ, ეკლესიის თავია ქრისტე, ასევე, ოჯახში კაცი განიხილება თავად, რაც ნიშნავს უფრო მეტ პასუხისმგებლობას, სიყვარულის გამოხატულებას და ასე შემდეგ და არა უფლებრივ უპირატესობას.

– მემკვიდრეობის უფლება ახსენეთ. ქალს, როგორც მემკვიდრეს, რა უფლებები ჰქონდა?

– ქრისტიანული თვალსაზრისით, ქალისა და მამაკაცის სამემკვიდრეო უფლებები ერთმანეთისგან არ განსხვავდებოდა. საერო სამართალი კი აკეთებდა განსხვავებას, მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძირითადი მუშახელი მამაკაცი იყო და ამიტომ სწორედ მამაკაცზე გადადიოდა უძრავი ქონება. საერო სამართალი ქალის მემკვიდრეობის განხილვისას აქცენტს აკეთებს მზითევზე და თუ ქალი გათხოვდებოდა და მიიღებდა მზითევს, მაშინ მას მემკვიდრეობიდან წილი აღარ ეკუთვნოდა, თუ ძმები ჰყავდა. ხოლო, თუ არ ჰყავდა, მაშინ მემკვიდრე ქალი იქნებოდა.

– მზითევი ოჯახის საერთო ქონების მიხედვით ისაზღვრებოდა?

– ოჯახის შესაძლებლობაზე იყო დამოკიდებული. დიდგვაროვნებისა და მდიდარი ოჯახების შემთხვევაში, მზითევი შეიძლებოდა, ყოფილიყო უძრავი საკუთრებაც, მაგალითად, მიწებიც. ღარიბი ოჯახის შემთხვევაში, ტანსაცმელი, სამკაულები, საქონელი…

– ოჯახის საერთო ქონების რა პროცენტს შეადგენდა მზითევი: ნახევარს, მესამედს, მეოთხედს?

– ნახევარი ვერ იქნებოდა, მაგრამ პროცენტულად განსაზღვრა ძნელია. ეს დამოკიდებული იყო მშობლებზე და, თუ მშობლები არ ჰყავდა, ქალის ძმაზე, ვინც გაამზითვებდა. ოჯახი, საიდანაც თხოვდებოდა ქალი, დაინტერესებული იყო იმით, რომ ქალისთვის კარგი მზითევი გაეტანებინათ, იმიტომ რომ, მზითევი ქალის დამოუკიდებლობის გამოხატვის ერთგვარი საშუალებაც იყო. მზითევი ქალის საკუთრებად განიხილებოდა და გარკვეულწილად, განსაზღვრავდა ქალის სტატუსს ქმრის ოჯახში.

– მზითევი ქალის საკუთრება იყო?

– ეს ნორმა რომის სამართლიდან მოდის. მზითევი, როგორც წესი, ქართულ სამართალშიც ქალის საკუთრებად განიხილებოდა. არის შემთხვევები, როდესაც გაყრისას ოჯახი ქალს მზითევსაც უბრუნებდა.

– სრულად?

– თუ  ისეთი ქონება იყო, რომელიც გაცვდა და მოიხმარეს, ვერ დაუბრუნებდა, დანარჩენი –  ბრუნდებოდა.

– მზითევს ცოლი განკარგავდა თუ ქმარი?

– ქმარს შეეძლო განკარგვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცოლის თანხმობის გარეშე. შეიძლება ითქვას, რომ ერთობლივად სარგებლობდნენ ქონებით და, თუ განკარგვაზე მიდგებოდა საქმე, ცოლის გარეშე გასხვისება ვერ მოხდებოდა.

– გაყრის შემთხვევები რა დროიდან ფიქსირდება?

– გაყრის საფუძვლებს იცნობს სასულიერო სამართალი და საერო სამართალშიც გვაქვს ამის შესახებ ინფორმაცია, მაგრამ, ზოგადად, საოჯახო სამართალს მაინც ქრისტანული სამართალი ადგენდა. ქორწინება-განქორწინებაზე მონოპოლია ჰქონდა ეკლესიას, იმიტომ რომ, ეკლესიაში ხდებოდა დაბადების რეგისტრაციაც, ქორწინებაც, ნათლობაც. განქორწინების საფუძვლებიც საეკლესიო სამართალში უფრო ფართოდაა შემონახული. ვახტანგ მეექვსის საერო სამართალში პირდაპირაა ნათქვამი, რომ ქმარს მრუშობის გარდა, გაყრის სხვა საფუძველი არ ჰქონდა. 

– ცოლი ქმარს ვერ გაეყრებოდა მრუშობისთვის?

– ცოლის შემთხვევაში ასე არ იყო.

– ანუ გაყრის მოთხოვნა მხოლოდ კაცს შეეძლო?

– კაცისთვის გაყრის საფუძველი იყო მრუშობა. მართალია, საეკლესიო სამართალი თანაბრად განიხილავდა კაცისა და ქალის მრუშობას, მაგრამ ფაქტობრივი მასალებით, მამაკაცს ნაკლები პასუხისმგებლობა ეკისრებოდა. თუმცა ამასაც ფრთხილად უნდა მივუდგეთ, რადგან ძირითადი ცნობები ეხება მეფეებსა და დიდგვაროვნებს და, თავისთავად, ცხადია, ცოლი ასე მარტივად ვერ მოსთხოვდა ეკლესიას მეფესთან გაყრას იმის გამო, რომ მეფეს ჰყავდა საყვარელი. ცნობები, რომ ცოლსაც შეეძლო მოეთხოვა გაყრა, საერთო საფუძვლით, არ არის შემორჩენილი.

– დიდგვაროვანი ქმრები რა სიხშირით ითხოვდნენ გაყრას?

– ვერ ვიტყვით, რომ, მაინცდამაინც, ბევრი შემთხვევაა.

– გაყრის შემთხვევაში შვილები ვის რჩებოდა?

– ასე ცალსახად ვერ ვიტყვით, მაგრამ, თუ ქმარი მრუშობისთვის გაეყრებოდა ცოლს, შვილები, დიდი ალბათობით, ქმარს დარჩებოდა.

– გარდა ქონებრივისა, სხვა რა უფლებები ჰქონდა ქალს?

– როგორც გითხარით, მაინცდამაინც, არ ვართ განებივრებულები უფლებების კუთხით, ჩამონათვალი არ გვაქვს. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ჩვენთან ქალთა უფლებრივი მდგომარეობა ძალიან დაბალ დონეზე იყო, თუნდაც, იმის გამო, რომ საეკლესიო სამართალი ქალსა და მამაკაცს თანაბრად განიხილავდა. არც მამაკაცების უფლებებზეა ცალკე თავი. ისედაც არ გვაქვს ბევრი ძეგლი ქართულ სამართალში, მაგრამ, რაც გვაქვს, იქაც ძირითადად, სახელმწიფო მოწყობასა და საგადასახადო სისტემაზეა საუბარი და ნაკლებადაა განმარტებული უფლებრივი მდგომარეობა. უფრო ცალკეულ თანამდებობის პირთა უფლებამოსილებებია. თუმცა ვიცით, როგორი იყო ოჯახში ცოლ-ქმარს შორის უფლებრივი მდგომარეობა: მამაკაცი, როგორც ოჯახის თავი, უფრო მეტი უფლებებით სარგებლობდა.

– რა იყო ეს მეტი უფლება?

– ის იღებდა გადაწყვეტილებებს, მაგრამ, თუ ავიღებთ დიდ ოჯახებს, სადაც რამდენიმე ათეული ადამიანი ცხოვრობდა, როგორც წესი, ოჯახის უფროსი თაობის მამაკაცები ერთობლივად იღებდნენ ამ გადაწყვეტილებას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქალთა ინტერესი ან ქალთა პოზიცია არ იყო ხოლმე გათვალისწინებული.

– რატომ არ ნიშნავს?

– თუ სამეურნეო საკითხებში მამაკაცები იღებდნენ გადაწყვეტილებას, ოჯახის სხვა საქმეებში კაცები საერთოდ არ ერეოდნენ და ქალები იღებდნენ გადაწყვეტილებას.

– კერძოდ?

– მაგალითად, კაცები არ ერეოდნენ სამზარეულოში, ბავშვების აღზრდა ქალზე იყო მინდობლი

– მაშინაც?!

– შრომა იყო განაწილებული გონივრულად, სამაგიეროდ, მამაკაცი მიდიოდა ვენახში, ცხვარში, მიწას ამუშავებდა. გარდა საოჯახო საქმის კეთებისა, სადაც უფროსი თაობის დიასახლისი განსაზღვრადა რა უნდა ეკეთებინათ რძლებს, იგივე ტანსაცმელზე უნდა ეზრუნა ქალს, ჩოხა მოექსოვა. ქალები, ძირითადად საოჯახო მეურნეობას მისდევდნენ.

– განათლების მიღების უფლება როდიდან მოიპოვეს ჩვენში ქალებმა?

– თუ გავითვალისწინებთ, რომ ადრე, ძირითადად, ოჯახებში იღებდნენ განათლებას, არ მგონია, წარჩინებულ ოჯახებში დიდი განსხვავება ყოფილიყო ქალებისა და ვაჟების აღზრდაში. გასაგებია, რომ ტახტის მემკვიდრეს სპეციალურად აღზრდიდნენ და ამზადებდნენ. რაც შეეხება გლეხებს: იქ ნაკლებად იდგა განათლების საკითხი, როგორც წესი, სასულიერო პირები განათლებულები იყვნენ და გლეხები ეკლესიის მეშვეობით თუ მიიღებდნენ განათლებას. 

– ქალთა უფლებრივი მდგომარეობის მხრივ როგორ გამოიყურება საქართველო იმდროინდელი ეპოქის კონტექსტში?

– დიდი განსხვავება არ იყო, თუმცა მაინც გააჩნია პერიოდს. მაგალითისთვის ერთი შედარება შემიძლია, მოვიტანო: თუკი დასავლეთ ევროპის ქვეყნების სამართალში იყო ასეთი ინსტიტუტი –  პირველი ღამის უფლება, საქართველოში ეს არ ყოფილა. ვახტანგ მეექვსე პირდაპირ წერს, რომ ცოლზე დახელების შემთხვევაში, ადამიანს დაუსჯელად მოკვლის უფლებაც აქვს.

 

скачать dle 11.3