კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გზით გადადის კანის გადამდები დაავადებები ტრანსპორტში, ტანსაცმლის მაღაზიებში, ხელის ჩამორთმევისას და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში

მართალია, მატერიალურ-ტექნიკურმა პროგრესმა კაცობრიობას  ზოგიერთი გადამდები დაავადების ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის საშუალება მისცა, თუმცა ბევრი მათგანი ისევ აქტუალურია, ოღონდ მათი მკურნალობაც –  გამარტივებული. ერთ-ერთია ეგრეთ წოდებული მუნი, ურომლისობასაც, როგორც აღმოჩნდა, არც ჩვენ ვუჩივით.  დაავადებათა კონტროლის ცენტრის სტატისტიკით, მაგალითად, 2004 წელს მუნით საქართველოში 2 139 ადამიანი დაავადდა (თითოეულ 100 000 მოსახლეზე 49 შემთხვევა), 2005-ში –  უფრო მეტი; ამ მაჩვენებლის მეტ-ნაკლებად კლება 2007 წლიდან შეიმჩნევა, თუმცა ბოლო, 2011 წლის მონაცემებით, დაავადების მქონეთა რიცხვი 1 774 (თითოეულ 100 000 მოსახლეზე 40 შემთხვევა) იყო. შედარებისთვის, მაგალითად, ინგლისში 1994-2003 წლებში მუნის მხოლოდ 800-მდე შემთხვევა დაფიქსირდა (ინგლისის მოსახლეობის გათვალისწინებით, ჩვენთან ამ დაავადების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი გამოდის). განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებლებია აფრიკაში, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის აბორიგენებს შორის (ხშირად მუნით იქ მოსახლეობის 40-80 პროცენტია დაავადებული). ზოგადად, მეოცე საუკუნის ბოლოსთვის მუნით დედამიწის მოსახლეობის 5 პროცენტი იყო დაავადებული, კონკრეტულად კი –  300 მილიონი ადამიანი. სხვათა შორის, მუნი პირველად აღწერილია 2 500 წლის წინათ როგორც ძველ აღთქმაში, ისე არისტოტელეს ნაშრომებში. როგორც წესი, მუნის შემთხვევები ომის დროს იზრდება და მოსახლეობის 30 პროცენტიც კი შეიძლება, მოიცვას. 

დაავადების გამომწვევია ცხოველური პარაზიტი –  ბღერის ტკიპა. განაყოფიერებული მდედრი ტკიპა ბუდობს ეპიდერმისში. ის კანის რქოვან შრეში აკეთებს ჯერ ვერტიკალურ, ხოლო შემდეგ ჰორიზონტალურ ხვრელებს და იქ კვერცხებს დებს, რომლებიც 3-4 დღის შემდეგ იჩეკება. დედალი ტკიპა ხვრეტს ეპიდერმისის ზედა საფარს და სწორედ ამ ნახვრეტიდან გამოდიან შვილეული ტკიპები. კანზე ეს ნახვრეტები მოშავო ფერით არის გამოხატული. შავი ფერი ამ წერტილებში ჭუჭყის დაგროვებით აიხსნება. დაავადების ინკუბაციური პერიოდი 7-14 დღემდე გრძელდება და ახასიათებს კანის ძლიერი ქავილი, რომელიც ძლიერდება ღამით და, ასევე, სითბოში. 

იმ მარტივი მიზეზით, რომ თბილისი ეკოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია ევროპაში და, მაინცდამაინც, ვერც სტერილური სისუფთავით დავიკვეხნით (არცთუ სახარბიელო იყო ცხელი წყლის ხელმისაწვდომობის სტატისტიკური მონაცემები), თბილისის დერმატოვენეროლოგთა ასოციაციის თავმჯდომარესთან, სოსო კობახიძესთან გადავწყვიტეთ იმის გარკვევა, რა მდგომარეობაა კანის გადამდებ დაავადებათა მხრივ ქვეყანაში და რა შემთხვევაშია შესაძლებელი დაინფიცირება.

– რა ტიპის კანის დაავადებები შეიძლება, გადაედოს ადამიანს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ქუჩაში მოძრაობისას? შეიძლება, დაავადდე, თუკი ხელს მოჰკიდებ მოაჯირს თუ სახელურს ან სხვა რამე ნივთს, რომელსაც, შესაძლოა, შეეხო დასნებოვნებული?

– ეს ძალიან ძველი დამოკიდებულებაა. მაგალითად, კოლექტიური მოხმარების აუზზე არის რისკი, რომ მოხდეს დაინფიცირება სოკოვანი დაავადებით, ოღონდ არა წყლით, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ დავიცავთ პირადი ჰიგიენის ნორმებს, იქაც დაცული ვიქნებით, იმიტომ რომ, წყლით არანაირი კანის დაავადება არ გადადის. ერთადერთი, შესაძლებელია, გადაგედოთ დაავადება, თუ იხმართ დაინფიცირებულის რეზინის ფეხსაცმელს.

– თუ დაინფიცირებულის გავლის შემდეგ შიშველი ფეხით გავიარე იმავე ადგილას?

– ალბათობა მეტია, რადგან, კანი გაჯირჯვებულია წყლით და ამიტომ უფრო მიდრეკილია ინფექციისკენ. შესაბამისად, არა მხოლოდ სოკოვანი ინფექეცია, არამედ სხვა ინფექციაც შეიძლება, მივიღოთ; ამდენად, ჯობია, რომ დავიცვათ პირადი ჰიგიენის ნორმები: აუზებზე ვატაროთ ჩვენი, ინდივიდუალური, მაგარძირიანი  ფეხსაცმელები, საკუთარი პირსახოცი და ასე შემდეგ.

– საპნით დაბანა არის გადამდები კანის დაავადებების პრევენცია?

– რა თქმა უნდა, თუ შემთხვევით მოგიხვდათ ფეხი დაინფიცირებულ ადგილას, შეგიძლიათ, საპნით დაბანით დაიცვათ თავი. ვიმეორებ: წყლით არ გადადის არც კანის და არც სქესობრივი დაავადებები. ეს არის აბსოლუტური ტყუილი, რომელიც, ალბათ, მამაკაცებმა მოვიგონეთ თავის გასამართლებლად, რომ ვითომ აუზში გადაგვედო ესა თუ ის დაავადება. 

– ქალების შემთხვევაში?

– ქალიდან ქალზე დაავადება რომ გადავიდეს, არაჰიგიენური გარემო უნდა იყოს. დაინფიცირებულის პირსახოცი მაშინვე უნდა გამოიყენოს ჯანმრთელმა, თან, დასნებოვნებულმა უნდა მიიდოს მაინცდამაინც დაინფიცირებულ ადგილას, შემდეგ –  ჯანმრთელმა. ასევე, გავრცელებულია აზრი, რომ წყლით გადადის ტრიქომონიაზი, მაგრამ, ასი პროცენტით გეუბნებით, რომ ტრიქომონიაზი წყლით არ გადადის. წყლით არანაირი დაავადება არ გადადის.

– ინტერნეტში წამიკითხავს, რომ, თუკი აუზის წყალში ზედმეტია ქლორის რაოდენობა, ის არღვევს ლორწოვანის ბუნებრივ გარემოს და ამის გამო აქტუალიზდება, მაგალითად, სოკოვანი დაავადება, რომელიც ისედაც არის ორგანიზმში.

 – ეს შესაძლებელია, წყალი ისედაც არის პათოგენური. სოკო, შესაძლოა, გაააქტიუროს როგორც ქლორიანმა წყალმა ან ტუტე გარემომ, ისე, უფრო მჟავე გარემომ, ისევე, როგორც ანტიბაქტერიული წამლების ხშირად გამოყენებამ. აქ გადადება არაფერ შუაშია. სხვათა შორის, ბევრი ლუდის მიღებამაც შეიძლება, გაამწვავოს, სტრესებმა, იმუნიტეტის დაქვეითებამ.

– თუმცა, მეორე მხრივ, გინეკოლოგები დაბეჯითებით ურჩევენ ქალბატონებს, რომ, ზღვაზე დასვენების შემდეგ წარმოუდგენელია, რაღაც დაავადება არ დაგემართოს.

–  გარწმუნებთ, ეს არის ნამდვილად დიდი ტყუილი, რომელიც საბჭოთა მედიცინაში ჯერ კიდევ იყო გავრცელებული ჩემს ახალგაზრდობაში, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი გამორიცხულია.

– თუ წყლით არაფერი გადადის, აუზების დაქლორვა რა საჭიროა?

– თვითონ წყალს აქვს თავისი „პე ჰაში“, კანსაც აქვს თავისი, ამან შეიძლება, გამოიწვიოს სოკოს ბაქტერიის გააქტიურება, რომელიც ორგანიზმში გვაქვს და დაიწყოს ინფექცია. რაც შეეხება წყლის ქლორით დამუშავებას: დაინფიცირება შეიძლება, მოხდეს წყლის ჩაყლაპვით. სასმელი წყალი იფილტრება იმ კონდიციამდე, რომ მასში ბაქტერიების დასაშვები რაოდენობა იყოს; თუ იმაზე მეტია, წყალი უნდა გაიფილტროს, რომ უვნებელი იყოს ჩაყლაპვისა თუ თვალის გარსზე მოხვედრის შემთხვევაში.

– შესაბამისად, ავტობუსსა თუ სამარშრუტო ტაქსიში გამორიცხულია, გადაგვედოს კანის გადამდები დაავადებები საერთო სახელურების გამოყენებით?

– გამორიცხულია, თუმცა შესაძლებელია ერთი და იმავე ტანსაცმლის ხმარების დროს, ან, თუკი რამდენიმე ადამიანმა მოიზომა ერთი და იგივე ტანსაცმელი, იმწუთშივე შეიძლება მოხდეს გადადება, მაგრამ ავტობუსიდან გამორიცხულია. ხელის ჩამორთმევით შესაძლებელია; ასევე, დასაშვებია ოჯახის ერთი წევრიდან მეორეზე გადადება, თუ ოჯახის ერთი წევრი დიდი ხნის განმავლობაშია დაავადებული. მაგალითად, ასე შეიძლება, გავრცელდეს მუნის ტკიპა ან თავის მიდამოს ტილები, თუ ერთსა და იმავე სავარცხელს იყენებენ ოჯახში.

– ძალიან გამიკვირდა, როდესაც გავიგე, რომ ჩვენთან ყოფილა მუნის შემთხვევები.

– ეს ყოველთვის იყო და არა მარტო ჩვენთან, მუნის შემთხვევები ფიქსირდება განვითარებულ ქვეყნებშიც. ეს არაფერს ნიშნავს, ისევე, როგორც თავის მიდამოს ტილების არსებობა, განსაკუთრებით –  სკოლებსა და ბაღებში, ამაში გასაკვირი არაფერია.

– უცნაურია, ბავშვებს ძალიან ემტერება თავის მიდამოს ტილები.

– იმიტომ, რომ ბავშვებს იმუნური სისტემა უფრო დაბალი აქვთ; მეორე მიზეზია ის, რომ ბავშვთა კოლექტივებს სკოლებში, ბაღებსა თუ სპორტულ სექციებზე გასახდელებში მჭიდრო კონტექტი აქვთ, ბევრ დროს ატარებენ ერთად. მაგალითად, მუნის ტკიპა სამი დღის განმავლობაში ცხოვრობს ტანსაცმელზე, ანუ სამ დღეს შეუძლია, იცოცხლოს საკვების გარეშე. ამის შემდეგ, თუ არ იკვებება, კვდება. თუმცა მკურნალობა საკმაოდ მარტივია, სპეციალური ხსნარით სჭირდება დამუშავება. მართალია, მუნი არ არის ლიკვიდირებული, უბრალოდ, უნდა დავიცვათ პირადი ჰიგიენასა და უსაფრთხობის წესები. ბოლოს და ბოლოს, თუ ისეთ ადგილას მოგვიწია დაძინება, სადაც შეიძლება არ ვიყოთ დაცული და დავსნებოვნდეთ, მკურნალობა არ არის რთული. უბრალოდ, ბავშვები უფრო მარტივად ავადდებიან, თორემ, ზრდასრულ, ჯანმრთელ ადამიანს, შესაძლოა, რამდენიმე დღის განმავლობაში ჰქონდეს კონტაქტი დასნებოვნებულთან და არ გადაედოს. საერთოდ, ყველა დაავადება ყოველთვის არსებობდა და არსებობს, მხოლოდ ყვავილის ლიკვიდირება მოხდა. საქართველოში ლიკვიდირებულია ქეციც. ამიტომ, თუ დავიცავთ ჰიგიენის წესებს: ხელებს დავიბანთ ხშირად, აუზზე ვატარებთ საკუთარ ფეხსაცმელსა და პირად ნივთებს, დაცული ვიქნებით. თუ მოხვდით დასნებოვნებულ ადგილას და კანის მთლიანობა გაქვთ დარღვეული, მაშინვე უნდა მიაკითხოთ ექიმს და ის დაგეხმარებათ. გადამდებ დაავადებათა სტატისტიკა სტაბილურია.

– თუ ყველაფერი მაინც მეტწილად პირადი ჰიგიენის დაცვაზეა დამოკიდებული, რატომ აწუხებს გადამდები დაავადებები თითქმის თანაბრად როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობას?

– მათ შორის გადამდებ დაავადებათა რაოდენობის მხრივ დიდი განსხვავება არ არის, რადგან განვითარებულ ქვეყნებშიც არიან ლტოლვილები ისეთი ქვეყნებიდან, პაკისტანი იქნება თუ ინდოეთი, სადაც ვერ იცავენ პირადი ჰიგიენის წესებს. რასაკვირველია, იქ უფრო ბევრია კანის დაავადების შემთხვევა, თუმცა ჩვენსა და ევროპის ქვეყნებს შორის შესამჩნევი სხვაობა არ არის.

– ჰიგიენის წესების დაცვისას არის სხვაობა ჰიგიენის საშუალებებს შორის? ძვირად ღირებული უფრო ეფექტიანია, იაფფასიანი –  ნაკლებად?

– არის სხვაობა, მთავარია ხარისხი: თუ საპონი ქაფდება ნორმალურად, ეს სავსებით საკმარისია. იცით, რომ არის ანტიბაქტერიული საშუალებები, თუ ძალიან ჭუჭყიანები ვართ, იმ შემთხვევისთვის; არის ბავშვის საპნები, რომლებიც ნაზი კანისთვის გამოიყენება. ვიმეორებ: უნდა დავიცვათ პირადი ჰიგიენის ელემენტარული წესები, რომლებსაც მეც, თქვენც და ყველა ნორმალური ადამიანი ყოველდღიურად აკეთებს. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან ცხელი წყალი არ არის მისაღები, ასევე, არ შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში წყლის ქვეშ ყოფნა. ყველაფერი უნდა იყოს ზომიერი და დოზირებული. ხოლო, თუ რამე პრობლემა შეგაწუხებთ, მიმართეთ ექიმს.

– სხვადასხვა კვლევის თანახმად, მინცდამაინც, ვერ ვბრწყინავთ ჰიგიენის კულტურის მხრივ, თქვენ როგორ შეაფასებდით ჩვენი და ჰიგიენის ურთიერთობას?

– საშუალო დონეზე. ათქულიანი სისტემით, ალბათ, 5-6-ის ფარგლებში.

– 9-10 ქულამდე რომ ავიდეთ, რა არის საჭირო ამისთვის?

– ხელმისაწვდომობა ცხელ წყალთან, გამდინარე წყალთან; ჰიგიენის მიჩვევა უნდა დაიწყოს ბავშვობდანვე, იმიტომ რომ, ამ შემთხვევაში ბავშვი იმთავითვე ეჩვევა სუფთა გარემოში ცხოვრებას. შესაბამისად, ბავშვობიდანვე უნდა ჩავუნერგოთ ჰიგიენისადმი დამოკიდებულება და შემდეგ ეს უკვე ჩვევაში გადავა.

 

скачать dle 11.3