კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა რეპრესიები ვრცელდებოდა საბჭოთა პერიოდში წიგნებზე და რომელი ლიტერატურა იყო კომუნიზმისთვის ზიანის მომტანი

ყველაზე დიდი წვლილი ადამიანის ცნობიერებისა და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში  წიგნს მიუძღვის. ამიტომ, მისდამი  დამოკიდებულება ყოველთვის ფრთხილი და გააზრებულია. ეს კარგად ესმით დღესაც და ძალიან კარგად ესმოდათ საბჭოთა პერიოდშიც, როცა ტოტალურად ხდებოდა ბოლშევიკური იდეოლოგიის დანერგვა. რთულია მსგავსად მოწესრიგებული და სისტემური წყობილების დასახელება, ამიტომ, „წესრიგის დამყარება“ კომუნისტებს არც ამ უმნიშვნელოვანეს საკითხში დავიწყებიათ – მათ  პირველივე წლებიდან დაიწყეს „ზიანის მომტანი“ წიგნებისთვის სათანადო ადგილის მიჩენა. როგორ და რა პირობებში ხორციელდებოდა „მოძველებული” და „მავნე” ლიტერატურის რეპრესია და სად შეგიძლიათ დღეს გადარჩენილი წიგნების ნახვა, ამ თემაზე ეროვნული ბიბლიოთეკის ქართული ნაბეჭდი და ელექტრონული გამოცემების საარქივო ფონდის განყოფილების უფროსს, მაია მიქაბერიძეს ვესაუბრეთ.

 

მაია მიქაბერიძე: საბჭოთა ხელისუფლებას  ტოტალური რეჟიმი ერქვა იმიტომ, რომ, ყველაფერი, რაც არასასურველი იყო ხელისუფლებისთვის, მკაცრი კონტროლის ქვეშ იყო და მის წინააღმდეგ მიმართავდნენ რეპრესიებს. რეპრესიები ხორციელდებოდა არა მარტო ადამიანების, არამედ, მათ მიერ შექმნილი ლიტერატურის მიმართაც. ეს პროცესი დაიწყო საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე. წიგნების რეპრესიის პროცესს, განსაკუთრებით – ბიბლიოთეკებში, სათავეში ჩაუდგა ლენინის მეუღლე, ნადეჟდა კრუპსკაია. მან იცოდა, რომ ადამიანის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებისთვის წიგნებს  დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მისი აზრით, წიგნს, სიკეთის მოტანასთან ერთად, „დიდი ზიანის“ მოტანაც შეეძლო. მისთვის ზიანის მომტანი იყო ყველაფერი, რაც საბჭოთა ხელისუფლებას შეუქმნიდა პრობლემას. ახლა სხვანაირად ჩანს მისი შეხედულება, მაგრამ, მაშინ მას ჰქონდა ბერკეტები და ზემოქმედების მოხდენის უნარი ბიბლიოთეკებზე, წიგნის გამავრცელებელ სტრუქტურებზე და ასე შემდეგ. ბიბლიოთეკა გახდა კომუნისტური იდეოლოგიის განმტკიცების ერთ-ერთი საშუალება. საბჭოთა ეპოქაში, განსხვავებით ჩვენი დროისაგან, ბევრ სხვა რამესთან ერთად, ესეც შესაძლებელი იყო. ახლანდელი საჯარო ბიბლიოთეკების პრინციპი არის პოლიტიკური  და რელიგიური ნეიტრალიტეტი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომელიმე პოლიტიკური პარტიისა და აზრის აგიტაცია. ბიბლიოთეკებმა უნდა გასცენ ნებისმიერი ლიტერატურა, რაც აქვთ. თუმცა, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველივე წლებიდან, როგორც გითხარით, ასე არ იყო.

– ვინ და რა ნიშნით განასხვავებდა ერთმანეთისგან  „სასარგებლო“ და „ზიანის მომტან“ წიგნებს?

– მათი აზრით, ზიანის მომტანი შეიძლებოდა ყოფილიყო ისეთი ლიტერატურა, რომლის წაკითხვის შემდეგაც, ადამიანს, შეიძლებოდა, ეჭვი შეეტანა კომუნისტურ იდეოლოგიაში. წიგნები იკრძალებოდა არა მარტო მათი შინაარსის გამო – შესაძლოა, შინაარსი ჰქონოდა აბსოლუტურად უწყინარი, ან, სულაც ხელისუფლების საქებარი, მაგრამ მისი შემქმნელები – ავტორი, რედაქტორი, მთარგმნელი თუ სხვა ინტელექტუალურად პასუხისმგებელი პირები, იმ პერიოდში რეპრესირებულები რომ ყოფილიყვნენ, წიგნიც რეპრესირებულთა რიგებში მოხვდებოდა. მაშინ რეპრესიების ქვეშ ძალიან ბევრი ადამიანი მოყვა და, შესაბამისად, მათ მიერ შექმნილმა ლიტერატურამაც იგივე ბედი გაიზიარა (მხატვრულმაც და არამხატვრულმაც).

– წიგნების რეპრესია როგორი ფორმით ხორციელდებოდა?                                                                                                                     

– ამის რამდენიმე საშუალება არსებობდა: წიგნების რაღაც ნაწილს საერთოდ ანადგურებდნენ ფიზიკურად, მათი მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარი რჩებოდა ბიბლიოთეკაში; ასევე, წიგნებიდან ჭრიდნენ ფურცლებს და შლიდნენ რეჟიმისთვის არასასურველი პიროვნებების გვარებს. თქვენ შეგიძლიათ, ნახოთ ბიბლიოთეკაში წიგნები, რომლებშიც შავი ტუშით არის გადახაზული ადამიანების გვარები და არ იკითხება. გარდა იმისა, რომ ადამიანებს ფიზიკურად ანადგურებდნენ, ცდილობდნენ, მათი სახელის ხსენებაც კი გამქრალიყო ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან. რეპრესიების მეორე ფორმა იყო ეგრეთ წოდებული „სპეცფონდების” შექმნა: წიგნების რაღაც ნაწილი გადაჰქონდათ დახურულ  ფონდებში და მათით  სარგებლობა ყველას არ შეეძლო. მათზე მუშაობა მხოლოდ სპეციალური ნებართვისა და საშვის საშუალებით შეიძლებოდა. ამის უფლება მხოლოდ იმ მეცნიერებს ჰქონდათ, რომლებიც ისევ საბჭოთა იდეოლოგიის განმტკიცებას ემსახურებოდნენ. სხვა შემთხვევაში, ეს იყო დახურული ფონდი. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ რეპრესიების დროს წიგნების ნაწილს ფიზიკურად ანადგურებდნენ, „სპეცფონდის” არსებობა, გარკვეული თვალსაზრისით,  სასარგებლოც კი აღმოჩნდა, რადგან, მან ფიზიკურად შემოგვინახა ეს წიგნები.

– წიგნები, რომლებიც საერთოდ ნადგურდებოდა,  ალბათ, უფრო მეტ საფრთხეს შეიცავდა საბჭოთა ხელისუფლებისთვის.

– წიგნების ასე დაყოფის მიზეზი, შესაძლოა, ძალიან სუბიექტურიც ყოფილიყო. ისტორიიდან ვიცით, რომ სხვადასხვა უაზრო მიზეზის გამო ანადგურებდნენ ადამიანებს. წიგნების  ფიზიკური განადგურების ან „სპეცფონდში” შენახვისთვის განმასხვავებელი კონკრეტული მიზეზი არ არსებობდა; ეს, შეიძლება, ძალიან პირობითიც ყოფილიყო. თუმცა, ძირითადად განადგურება ხდებოდა იქ, სადაც „სპეცფონდები” არ იყო.

– გასაგებია ბიბლიოთეკაში არსებული წიგნების რეპრესიების მეთოდები, მაგრამ, როგორ ხდებოდა გასაყიდად გატანილი ან პირად საკუთრებაში არსებული წიგნების რეპრესია?

– თუ გაიცემოდა ბრძანება რომელიმე წიგნის აკრძალვის შესახებ, მაშინ ეს წიგნი ინახებოდა „სპეცფონდში” ან ნადგურდებოდა ფიზიკურად, მაღაზიებსა და საწყობებში კი მიდიოდა ბრძანება მათი უკან დაბრუნების შესახებ. რაც შეეხება ოჯახს, თუ რომელიმე წევრს დააპატიმრებდნენ, იმ ოჯახში ჩატარდებოდა ჩხრეკა და, თუ იპოვიდნენ აკრძალულ წიგნს, მაშინ მათ პასუხი მოეთხოვებოდათ. ანუ, ოჯახებში ასეთი წიგნების შენახვა გარკვეულ რისკთან იყო დაკავშირებული. ამიტომ, შეშინებული ადამიანები, შეიძლება საკუთარი ნებითაც კი ანადგურებდნენ ასეთ წიგნებს ოჯახში.

– ცენზურის განსახორციელებლად სპეციალური ორგანოც ხომ არსებობდა?

– დიახ, „მთავლიტი“ ერქვა ამ დაწესებულებას, რომლის ცენტრიც იყო მოსკოვში. სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში იყო მისი სტრუქტურები, რომლებიც აკონტროლებდნენ ბეჭდურ პროდუქციას. საბჭოთა ხელისუფლებას არ უნდოდა იმის გამჟღავნება, რომ ეს რეპრესიების ინსტიტუტი იყო. სპეციალური დადგენილებაც გამოიცა, რომლის თანახმადაც, არავის არ უნდა გაემჟღავნებინა მისი მთავარი დანიშნულება. ყველა ნაბეჭდ პროდუქციას ჰქონდა „მთავლიტის“ ნომერი, რომელიც წიგნზე  ისეთ ადგილას იბეჭდებოდა, რომ ტექნიკური დეტალი გეგონებოდა, არადა, სწორედ ეს იყო ცენზურის ნომერი, რომელიც ამ წიგნის დაბეჭდვის ნებართვას იძლეოდა. რუსეთში საბჭოთა ხელისუფლებამდეც იყო ცენზურა, მაგრამ ის, „მთავლიტისგან“ განსხვავებით, არ მალავდა თავის ფუნქციებს.                                                                                                                                                                           

რეპრესირებული წიგნების „სპეცფონდები” შედარებით დიდი მასშტაბების ბიბლიოთეკებში იქმნებოდა და ასეთ წიგნებს სპეციალური აღნიშვნები ჰქონდათ გეომეტრიული ფიგურების სახით. თუ ორმაგი ნიშანი ჰქონდა, ესე იგი, წიგნი განსაკუთრებულ დაცვას ექვემდებარებოდა და საიდუმლოდ უნდა შენახულიყო. რეპრესირებული იყო ემიგრანტების ლიტერატურა: მიხეილ ჯავახიშვილი, რობაქიძე; პოლიტიკოსებიც – მაგალითად, ტროცკი, რომელიც ერთ დროს თვითონ დევნიდა სხვას, მერე, როცა ხელისუფლებას ოპოზიციაში ჩაუდგა, მისი წიგნებიც იდევნებოდა და სხვა...

– ეს იყო მთავრობის მხრიდან განხორციელებული რეპრესიები, მაგრამ იყო ბიბლიოთეკარების მხრიდან წიგნების უკონტროლო განადგურებაც.

– წიგნებს ერქვა „პოლიტიკურად მავნე” და „მოძველებული ლიტერატურა,” – ასეთი ტერმინები არსებობდა. მათ სიებს „მთავლიტი“ ადგენდა და უგზავნიდა ბიბლიოთეკებს, რომ ამოეღოთ ისინი. ბევრი ბიბლიოთეკარისთვის წიგნების განადგურება იყო იძულებითი პროცესი, მაგრამ, ბევრი პოლიტიკურად აქტიური და ფანატიკური ბოლშევიკი, რომლებსაც ძალიან სწამდათ იმ ხელისუფლების, ამ წიგნებს მთელი მონდომებით ანადგურებდნენ და ამ გზით ზოგჯერ მთელი ფონდები ნადგურდებოდა. ეს პროცესი იმდენად უკონტროლო გახდა, რომ მერე თვითონ ხელისუფლებამ  გამოსცა კანონი, შეჩერებულიყო მათი თვითნებურად დახარისხება და მხოლოდ „მთავლიტის” მითითების შემთხვევაში მომხდარიყო განადგურება ან დახურულ ფონდში გადატანა.

– როდიდან დაიწყო „სპეცფონდების” გახსნა?

– საბჭოთა ხელისუფლების პირობებში იცვლებოდნენ მთავრობები და იცვლებოდა რეპრესირებული წიგნებიც. ის, რაც ერთი მთავრობის დროს შეიძლებოდა რეპრესირებული ყოფილიყო, მეორემ დახურული ფონდიდან გამოიტანა, ან – პირიქით, ანუ, შიდაპოლიტიკური ვითარების მიხედვით განისაზღვრებოდა რეპრესირებული წიგნები. 70-იანი და 80-იანი წლების შემდეგ, საბჭოთა კავშირის დაშლამდე, დაიწყეს წიგნების რაღაც ნაწილის დაბრუნება ამ „სპეცფონდებიდან” ღია ფონდებში. ამ პერიოდის საბჭოთა ხელისუფლებისთვის ის წიგნები უკვე აღარ იყო საშიში, ამიტომ, ეს პროცესი საბჭოთა პერიოდშივე დაიწყო, მაგრამ, მაშინაც არსებობდა მათთვის მიუღებელი წიგნები, რომლებიც რჩებოდა ამ ფონდებში. საბჭოთა კავშირის რღვევის დროს, 90-იან წლებში, უკვე მთელ საბჭოთა კავშირში დაიშალა ეს ფონდები და ყველა წიგნი დაბრუნდა თავის ადგილას.

– თუმცა, ეროვნულ ბიბლოთეკაში ახლაც არსებობს ეს „სპეცფონდი” თვალსაჩინოებისთვის.

– იცით, რაშია საქმე? ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებული „სპეცფონდი” დაიშალა და ის წიგნები გადავიდა საერთო მოხმარების ფონდებში, მაგრამ, 2006 წელს ეროვნულ ბიბლიოთეკას შემოუერთდა „საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატა,” რომელიც თავისი ფონდებითა და საცავებით სტრუქტურულად დაექვემდებარა ეროვნულ ბიბლიოთეკას. იქაც იყო დაწყებული „სპეცფონდის” გაუქმების პროცესი, მაგრამ, ბოლომდე არ იყო მიყვანილი – რაღაც ნაწილი ჯერ კიდევ იყო დარჩენილი, რომელიც ჩვენ საერთო ფონდში  აღარ დავაბრუნეთ. ამ „სპეცფონდში” არის ისეთი რეპრესირებული წიგნები, რომლებიც სხვადასხვა ბიბლიოთეკის დაშლის შემდეგ გადმოვიდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში და აქ  რეპრესირებული წიგნების ფონდები შეივსო; შესაბამისად, წიგნის პალატის „სპეცფონდში” არსებული ძალიან ბევრი წიგნი უკვე  გადატანილი გვქონდა ეროვნული ბიბლიოთეკის საერთო მოხმარების ფონდში. ამიტომ, რაკი ის კოლექციის სახით იყო, არ დავშალეთ და თვალსაჩინოებისთვის შევინახეთ.

 

скачать dle 11.3