კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი არ სჯერა გელა ჩარკვიანს და რატომ გარბოდა ის მოსკოვში ცხოვრებისას, 12 წლის ასაკში, ბაზარში, ქართველებთან

„მე თერგდალეულიც ვარ და ატლანტიკანაყლაპიც... ამიტომ, დამეჯერება”... – წერს გელა ჩარკვიანი თავის წიგნში – „ჩანაწერები – ნაგერალა.“ ამავე წიგნში ბევრი საინტერესო მოსაზრებაც ამოვიკითხე და ერთ მათგანს მთლიანად ვეთანხმები: „ქართველებს, მთავარია, ვასწავლოთ ის, თუ როგორ შეიძლება იყო თავისუფალი და, იმავდროულად, სტაბილური (ყოველმხრივ, ეკონომიკის ჩათვლით). ეს მხოლოდ ფრიადოსნებმა იციან, ამიტომაც, მათ გაერთიანებებში ადგილის მოსაპოვებლად უნდა ვისწრაფოდეთ. ოროსნებისგან რაც იყო სასწავლი, დიდი ხანია, ვისწავლეთ, ისინი ახალს ვერაფერს შემოგვთავაზებენ. რაღაც-რაღაცა, შეგვიძლია, იქით ვასწავლოთ...“

 

გელა ჩარკვიანი: დავიწყოთ იმით, რომ ქართველები, ისევე, როგორც ყველა ადამიანი მთელ დედამიწაზე, ვეკუთვნით ჰომო საპიენსის ამ სახეობას. არაფერია ჩვენში განსაკუთრებული და, ამიტომ, ვერცერთი ერი განსაკუთრებული ვერ იქნება. როცა ვინმე განსაკუთრებულობაზე იწყებს ლაპარაკს, ის უკვე ყველასთვის, მთელი მსოფლიოსთვის საშიში ხდება. ქართველი ერი არანაირი განსაკუთრებული არ არის, მაგრამ, მას აქვს უნიკალური თვისებები, ისევე, როგორც ყველა ადამიანს, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე ვინმეზე უკეთესი ან უარესია. ჩემი აზრით, ეროვნება მრავალწახნაგოვანი ფენომენია და, თუ ყველა წახნაგს შეხედავ, დაიბნევი. მე მიმაჩნია, რომ ქართველი არის ყველა ის ადამიანი, ვისაც გულწრფელად, ყოველგვარი ანგარების გარეშე სწამს, რომ ის არის ქართველი – ასე მარტივად მესმის ეს ამბავი; მეორე საკითხია, რა ატრიბუტები აქვს მას ამის დასამტკიცებლად. ქართველის ერთადერთი, უნიკალური და მთავარი ატრიბუტი არის მისი ენა – მეტი უნიკალური ჩვენ არაფერი გვაქვს. მართლმადიდებლობას ვერ ვიტყვით, იმიტომ, რომ ასეთივე სარწმუნოება აქვს რუმინელს, სერბს, რუსს, უკრაინელს... ტრადიციებიც არ გვაქვს უნიკალური – ღვინოს ბევრი სხვა ერიც სვამს და, ანდაზებსაც კი, ჩვენ რომ უნიკალური და განსაკუთრებული გვგონია, სხვა ერებშიც შეხვდები, ასევე, ზღაპრებსაც (იღიმება). ქართული ზღაპრების ბევრი ანალოგი მინახავს სხვა ხალხების ზღაპრებში. ქართულ ენაზე კი, გარდა ქართველებისა, სხვა არავინ ლაპარაკობს.

– ანუ, ენა არის ყველაზე მთავარი.

– რა თქმა უნდა. საერთაშორისო გაერთიანებისთვის ქართველი არის ყველა, ვისაც პასპორტში საქართველოს მოქალაქეობა უწერია. კარგს ჩაიდენს ჩვენი მოქალაქე თუ ცუდს, ის არის ქართველი და მსოფლიოსთვის მის კონკრეტულ ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს. ტერორისტული აქტიც რომ ჩაიდინოს საქართველოს მოქალაქემ, იტყვიან, რომ ეს ქართველმა გააკეთა. მსოფლიოსთვის საქართველოს ყველა მოქალაქე არის ქართველი. ჩემი განმარტებით ვინ არის ქართველი – უკვე მოგახსენეთ.

რაც შეეხება ენას: ენა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ის არის კოდი. ადამიანი აღიქვამს სამყაროს ენის საშუალებით. რა ენასაც ფლობს, იმ ენის პრიზმაში გადის ობიექტური რეალობა. ის აღიქვამს სამყაროს სხვანაირად, ვიდრე ის ადამიანი, რომელიც სხვა ენაზე მეტყველებს – ამაში არის სიმართლე. ამიტომაც ჩემთვის არის ენა გადამწყვეტი ქართველობაში. აქედან გამომდინარე, სისულელედ მიმაჩნია იმაზე აჟიოტაჟის ატეხა, რომ ვიღუპებით, სამყაროს აღსასრული მოვიდა და, აი, ახლა გადავგვარდებით. სამოცდათხუთმეტი წელია, ვცხოვრობ; აქედან ხუთი წელი ვიცხოვრე მოსკოვში, ხუთი – ლონდონში, დანარჩენი – ამ ქვეყანაში. ასეთი ქართული საქართველო არასდროს ყოფილა. ქვეყანა იმართებოდა რუსულად – ეს იყო არცთუ შორეულ წარსულში. საქართველოს მართავდა ცენტრალური კომიტეტის ბიურო, რომლის სხდომები მიდიოდა რუსულად. მამაჩემი „ცეკას“ პირველი მდივანი იყო და ყველაზე კარგად ეს მე ვიცი  (იღიმება). ძველ დოკუმენტებს როცა ვეძებდი, ვნახე, რომ სამედიცინო ცნობაც კი რუსულად მქონია შევსებული – აქაურ ცნობებზეა საუბარი. ქართულ ენაზე ლაპარაკი უჭირდა ხალხს. რუსულადაც უჭირდათ, მაგრამ, მაინც რუსულად ლაპარაკობდნენ და საბოლოოდ, არცერთი ენა არ იცოდნენ წესიერად. ერის გადაგვარებას ერთ ადგილზე დგომა იწვევს და არა ცვლილება. მხოლოდ მუდმივი წინსვლით შეიძლება შეინარჩუნო ნამდვილი, ცოცხალი იდენტურობა. არსებულის გაყინვა სამუზეუმო, ეგზოტიკურ და კომიკურ იდენტურობას უნარჩუნებს ხალხს. ასუსტებს ერს. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, საიდან ჩნდება გადაგვარების შიში. თუ ვინმე დამისახელებს სახელმწიფოებრიობის მქონე ერს, რომელიც უახლეს ისტორიაში გადაგვარდა, მადლობელი დავრჩები. ვინაა გადაგვარებული – დანიელი, ჰოლანდიელი თუ შვედი?! არ მითხრათ, რომ დღევანდელი ჩვენი მთავრობა ან პარლამენტი ინგლისურად მუშაობს ან იმუშავებს. იმასაც ხომ არ დაიჯერებთ, რომ ასი წლის შემდეგ ქართველი მწვადსა და ხინკალზე იტყვის უარს?! ანუ, როცა მიდიხარ და ვითარდები მსოფლიო ცივილიზაციასთან ერთად, ვერანაირად ვერ გადაგვარდები; მაგრამ, თუ გაჩერდები – წახვალ უკან და თანდათანობით გადაიქცევი ეგზოტიკურ, კომიკურ ექსპონატ-კულტურად, რომლისკენაც სიცილით გაიშვერენ ხელს. საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა ქართველი და მაინც ქართველად რჩებოდა. დღევანდელი ქართველი არ ჰგავს გიორგი ბრწყინვალის, ფარნავაზ მეფის დროინდელ ქართველს – ეს ასეც უნდა იყოს. საკვებსაც კი არ ვჭამთ იმას, რასაც მეთექვსმეტე საუკუნის ქართველი ჭამდა. დამჭირდა და ვერაფრით გავარკვიე, რას ჭამდნენ მაშინ საქართველოში, როცა არც სიმინდი ჰქონდათ, არც კარტოფილი, არც ლობიო და არც პომიდორი (იცინის); მით უფრო, არ ჰქონდათ თამბაქო და არ ეწეოდნენ. ერთადერთი – ღვინოა, რომელიც ჩვენს იდენტობასთან ასოცირდება.

ახლა, რითი ვამაყობ: ვამაყობ ჩვენი ისტორიით; იმით, რომ ამ პატარა ხალხმა შევძელით სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება; ვამაყობ ჩვენი სიმღერებით, ცეკვებით; ვამაყობ გმირული წარსულით, ლიტერატურით... მაგრამ, კიდევ უფრო ვიამაყებდი, რომ ვკარნახობდეთ მსოფლიოს, როგორები უნდა იყვნენ ისინი – გეოპოლიტიკას არ ვგულისხმობ. მინდა, ჩვენ გვბაძავდნენ და არა ჩვენ ვბაძავდეთ. 

ჩემთვის ნამდვილი ქართველი არის ლაღი, კარგი და დიდი ღირსების მქონე. მე მიმაჩნია და გასაგებიც არის, რომ პოლიტიკაში აუცილებელია ბალანსი პრაგმატიზმსა და ღირსების შენარჩუნებას შორის; მაგრამ მაინც, ქართველისთვის ღირსება იყო გადამწყვეტი. ხალხი ღირსების გამო იკლავდა თავს. სასირცხვილოდ მიმაჩნია ჩვენი ანდაზა: „დათვი თუ მოგერია, ბაბაია დაუძახეო“. ეს არის სამარცხვინო და ძალიან მწყინს, რომ დღეს ჩემი ზოგიერთი თანამემამულე ხმამაღლა გაიძახის ამ ანდაზას; თან, არათუ გაიძახის, ასრულებს კიდეც და ქადაგებს, რომ სხვებმაც შეასრულონ ეს ანდაზა. არა, ძმაო, ბაბაია არ უნდა დაუძახო იმ დათვს. შეიძლება, ვეღარ შეებრძოლო, მაგრამ, სამარცხვინოდ მაინც არ უნდა მოიქცე... მეზობლების წინ, ეზოში გაგლახეს. სისხლი გადინა ცხვირიდან ვიღაც ახმახმა, წაქცეულს წიხლიც მოგაყოლა... მერე კი, მტვერში და სისხლში ამოგანგლულს შეგხედა და გეუბნება – კაი, კაი, დღეს ჩემი დაბადების დღეა და, თუ გინდა, მოეთრიეო. შენც, მოიწმინდე სისხლი, მოწესრიგდი ცოტა, წახვედი, კანფეტიც იყიდე და მიხვედი მის დაბადების დღეზე – ჩემთვის ასეთი უღირსობა არის აბსოლუტურად მიუღებელი. ადამიანის დეენემი და შიმპანზეს დეენემი თითქმის ერთნაირია, ძალიან დიდი პროცენტული განსხვავება არ არის. მაშ, რითი განვსხვავდებით ცხოველისგან? – უპირველესად, თავმოყვარეობით. ცხოველს თავმოყვარეობა არა აქვს. ჩემს კატას როგორც არ უნდა გავუბრაზდე, მაინც მოვა, ფეხზე მომეგლასუნება და საჭმელს მთხოვს... წიხლიც რომ ჩავარტყა, არ გამებუტება. ღირსება – ერთ-ერთი უპირველესი თვისებაა ადამიანურობისა. თუ ყველაფრისთვის ხარ მზად იმისთვის, რომ, ოღონდ გაჭამოს ვინმემ, მაშინ, აჯობებს, მოკვდე – მე ასე მიმაჩნია, იმიტომ, რომ ადამიანი მაინც აღარ ხარ. როგორ არ არის კულტურა და სპორტი პოლიტიკა! ერთიც დიდი პოლიტიკის ნაწილია და მეორეც. დათვისთვის „ბაბაიას“ ძახილი შეურაცხყოფას აყენებს ჩემს ქართველობას, თუმცა, ბევრი ცხოვრობს ასე; მაგრამ, რაინდული სული, ღირსება უმნიშვნელოვანესი უნდა იყოს ქართველისთვის...

სამშობლოს სიყვარული გამძაფრებული აქვს იმას, ვისაც ერთხელ მაინც განუცდია ნოსტალგიური ტკივილი. 12-13 წლის ვიყავი, როცა ჩვენი ოჯახი მოსკოვში გადაიყვანეს. მახსოვს, როგორ განვიცდიდი ამას: ქართული სიმღერის გაგონებაზე ცრემლები მომდიოდა; ბაზარში გავრბოდი, რომ ქართველები მენახა და დავლაპარაკებოდი. არ ვეუბნებოდი, რა გვარი ვიყავი და ვისი შვილი, რომ არ შეშინებოდათ. ისე მსიამოვნებდა მათ გვერდით ყოფნა და ქართული ლაპარაკი, რომ ტკივილი მინელდებოდა... ისე კი, არ მჯერა, რომ ქართველ კაცს საქართველო არ უყვარდეს. პრობლემა ის არის, რომ ბევრმა არ იცის საქართველოს „ბედნიერების ფორმულა“.

 

скачать dle 11.3