კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კაცობრიობის გადასარჩენად

ამ ყოფით მდინარეს მივადექით. ტომასმა ბუჩქებში მიმალული პიროგასავით ვიწრო ნავი თოკით გამოსწია და სამივენი მასში გაჭირვებით მოვთავსდით. 

– მდინარე ღრმა არ არის, ფეხითაც შეგიძლია გადალახო, მაგრამ თუ ნიანგს გადაურჩი, პატარა თევზები მოგიღებენ ბოლოს, რომლებსაც შეუიარაღებელი თვალით ვერც კი შეამჩნევ.

– როგორ? – გამიკვირდა და ჩავეკითხე.

– როგორ და, პირანიებივით პირდაპირ შესაჭმელად კი არ წამოვლენ... საშარდე გზებში შეღწევა შეუძლიათ, ვეღარ მოფსამ და მოკვდები! – ბოროტად ჩაიხითხითა ტომასმა და ნიჩბებს სწრაფად მოუსვა.

მეორე ნაპირზე ჩვენმა მეგზურმა ნავი კვლავ თოკით დააბა და დაწინაურდა. რიმსკის ცოცხალ-მკვდარს მივათრევდი და არაადამიანური ძალისხმევა მჭირდებოდა, რათა 50 მეტრით წინ წამეწია.

– იცი, ის კაცი ვინ არის? – წამოიწყო სუსტი ხმით „მოძღვარმა“.

– ვინ?

– ის ტომას ჯოისია, კალიფორნიელი „მოძღვარი“.

– რაო? – ყურებს არ დავუჯერე, მეგონა, ვლად რიმსკი მაღალი სიცხის გამო ბოდავდა, მაგრამ მან კვლავ მკითხა: – იცი, ვინ იყო ტომას ჯოისი?

– გამიგონია... მაგრამ ის ხომ მოკვდა, თანაც, გასული საუკუნის 70-იან წლებში. ეს კი, დიდი-დიდი 50 წლის კაცია.

რიმსკის სიცილისმაგვარი ხმა აღმოხდა.

– მოძღვარო, მგონი, ძალიან ცუდად ხართ, – ვუთხარი და შეძლებისდაგვარად ფეხს ავუჩქარე, მაგრამ მალევე შევჩერდი, რადგან ჩემმა „ტვირთმა“ ერთი ძლიერად ამოისუნთქა და თავი ჩამოუვარდა. ტომასს დავუძახე და ისიც მობრუნდა. გონდაკარგული „მამა“ ვლადი ბალახზე დავაწვინეთ და ტომასმა თავი გადაიქნია.

– მგონი, მალე მოკვდება. უნდა დავტოვოთ

– ცოცხალი კაცი მხეცების შესაჭმელად მივატოვო?! – ბრაზი ვერ დავმალე, ისე მივაჩერდი ტომასს.

– კიდევ 200-იოდე ნაბიჯის გადადგმას შესძლებ ამ „ტვირთით“? – მკითხა და ბალახზე მწოლიარეს თვალი შეავლო, – თუ დიდ მასწავლებელთან მიაღწევს, ცოცხალი გადარჩება.

– ჰო, თუ მანამ მე არ გამძვრა სული, – ბალახზე რიმსკის გვერდით ჩამოვჯექი და წყალი პატარა ყლუპებით დავლიე უკვე თითქმის დაცლილი ბოთლიდან.

15-წუთიანი დასვენების შემდეგ რიმსკი ზურგზე ისე მოვიგდე, რომ ფეხებს მიწაზე მოათრევდა და წელში მოხრილი გავუდექით გზას. ცოტაც და მივედით! – მამხნევებდა ტომასი და, როცა უკვე ფეხის გადადგმა ვეღარ შევძელი, ტომასი მომიბრუნდა და მითხრა: – მივედით! არემარე მოვათვალიერე, მაგრამ ვერაფერი დავინახე, ირგვლივ ჯუნგლი ბიბინებდა და ჩვენ წინ კლდე აყუდებულიყო, ტომასი ჩემმა გამომეტყველებამ აიძულა ეთქვა: – აშვატჰამას სამყოფელი ამ კლდის უბეშია... მაგრამ ნუ შეგეშინდება, ამ ჩამონგრეული კლდის გადალახვას არ ვაპირებ, საკმარისია, მხოლოდ გვერდიდან შემოვუაროთ.

– მეტი აღარ შემიძლია. თუ გინდა, მამა ვლადს აქ დავტოვებ და, როცა დიდ მასწავლებელს ვნახავ, ვეტყვი, რომ მისი მოწაფე, სულ რაღაც 50 მეტრის მოშორებით მივატოვეთ ჯუნგლიში, იქნებ ლეოპარდის დასანაყრებლადაც. 

მიმიხვდა გადაკრულს, ზურგჩანთა უსიამოვნო სახით მოიხსნა და ახლა იმან შეუყუდა ზურგი კომაში მყოფ „სულიერ ძმას“. ზუსტად 15 წუთში ჩემ თვალწინ უცნაური და მყუდრო სავანე გადაიშალა: მაღალი კლდის უბეში ჩაშენებული არცთუ ისე დიდი ნაგებობა, რომელსაც უკანა კედლის მაგივრობას სწორედ ამ კლდის ნაწილი უწევდა, მეტად მოხერხებულ და უცხო თვალისთვის შეუმჩნეველ ადგილას იყო. ნაგებობის წინ აგურით ნაშენ, ვულკანის კრატერივით მომრგვალებულ და ჩაღრმავებულ ცეცხლის კერაზე დიდი ტაფა იდგა. შენობის გვერდით პატარა ჩანჩქერი ჩამოსჩქეფდა, მიწაზე რუსავით მოედინებოდა და ჯუნგლის მცენარეებში იკარგებოდა, რომელიც ეზოს ირგვლივ ერტყა. ეზოში შევედით, ტომასს მივეხმარე და ვლადი მიწაზე დავაწვინეთ.

– მუნი აშვატჰამა! – დაიძახა ტომასმა. 

დაბალი, ჩია მამაკაცი, ისე მოულოდნელად გამოჩნდა, რომ ვერც კი შევამჩნიე, ეზოში საიდან შემოვიდა. „აი, თურმე როგორი ყოფილა „ქურუმი“! – გავიფიქრე და დაკვირვებით შევათვალიერე. ფეხშიშველ კაცს, რომელიც 70 წელს მიღწეული იქნებოდა, თავზე ფართოფარფლებიანი ჩინური ქუდი ეხურა. გრძელი, უღილო პერანგი ფართო და განიერ, ოდნავ მოკლე შარვალს სანახევროდ უფარავდა, წელზე კი ქამრის მაგივრად, თოკი შემოეჭირა. ჩოფურა იყო, მეჩხერი და მოკლე წვერი საჰარასავით მოშიშვლებული ნიკაპის ბოლოს იყრიდა თავს. თვალები ვიწრო ჰქონდა, ცხვირი – განიერი და მოკლე, ხოლო ღაწვები – მაღალი. ვერც ერთ რასას ვერ მიაკუთვნებდი გადამწყვეტად. მივხვდი, ისიც ასევე მაკვირდებოდა, როგორც მე – მას. მერე თითი ჩემკენ გამოიშვირა და ტომასს უცხო ენაზე რაღაც ჰკითხა. მივხვდი, ჩემზე ეკითხებოდა – ვინ არისო. ტომასმა პასუხი დაუბრუნა და მომიბრუნდა:

– დიდ აშვატჰამას მიუახლოვდი და თაყვანი ეცი!

მეც ასე მოვიქეცი – მოხუცი ჩია კაცის წინ აღვიმართე და თავი ოდნავ დავუხარე.

– რა გქვია? – მკითხა ისეთი სუფთა ინგლისურით, რომ გაოცება ვერ დავმალე.

– ალექსანდრ ორლოვი.

– რუსი ხარ?

– დიახ. ლონდონში დაბადებული, სადაც ჩემი წინაპრები ამერიკიდან ჩავიდნენ.

– აჰა... მაშ, შენ დუხობორების შთამომავალი ყოფილხარ, რომლებიც რუსეთიდან ამერიკაში გაემგზავრნენ ემიგრაციაში, მათი დიდი ნაწილი კი მერე ინგლისში დასახლდა.

– დიახ, სწორად მიხვდით.

– კარგია, – რატომღაც კმაყოფილი სახე გაუხდა „დიდ მუნის“ და მერე რიმსკისკენ მიიშვირა თითი: – რა მოუვიდა?

– არ ვიცი, დიდო აშვატჰამა, – ავიჩეჩე მხრები, – ალბათ, მწერმა უკბინა.

ჩია კაცი ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა გულაღმა გაშხლართულ რიმსკის, რომელსაც, ალბათ, ფეხზე მდგომს მკერდამდე ვერ მისწვდებოდა და ყურადღებით დააკვირდა.

– პირქვე გადააბრუნეთ და პერანგი გახადეთ! – ახლა ჩვენ მოგვიბრუნდა. ასეც მოვიქეცით. „ქურუმმა“ ჩაიმუხლა და თითებით ხერხემლის სინჯვა დაუწყო. სადღაც შუა წერტილში შეყოვნდა და რამდენჯერმე დააჭირა თითები. მერე წამოდგა, მინავლებული კერიდან მბოლავი ტოტი გამოიღო, ნაკვერჩხალს მიუშვირა და აალებული, ჩემს გასაკვირად, პირში მოიქცია, მერე ჩამქრალი ტოტი გამოიღო და რიმსკის სხეულზე მოზრდილი კვამლი გამოუშვა პირიდან; ხელებით უცნაური ტრაექტორიები მოხაზა ჰაერში და ბოლოს ორივე ხელი ფილტვებზე დაადო. პირდაღებული მივჩერებოდი, იმდენად უჩვეულო იყო ეს შამანური რიტუალი ჩემთვის. თანაც, გამახსენდა, იმ ინდოელმა რომ მითხრა, ეს ვირუსი ფილტვებს აზიანებსო. რიმსკის მასწავლებელმა შეუცდომლად დასვა დიაგნოზი. ცოტა ხანში ხელით გვანიშნა, ავადმყოფი კვლავ ზურგზე დაგვეწვინა და თვითონ ჯუნგლებში გაუჩინარდა. ალბათ, 20 წუთს მაინც ველოდეთ. როგორც იქნა, გამოჩნდა... ხელში უზარმაზარი ფოთოლი ეჭირა, ტომსიკასავით შემოკრული.  ცეცხლის კერას მიუახლოვდა, ნაკვერჩხალს შეუბერა და, როცა ცეცხლი აალდა, ფოთოლი გაშალა და ტაფაში რაღაც ჩაყარა. ცნობისწადილი ვერ მოვთოკე და ცეცხლის კერისკენ ორი-სამი ნაბიჯი გადავდგი. ტაფაში მოფუთფუთე უზარმაზარ ჭიანჭველებს მოვკარი თვალი. „ქურუმს“ მწერების მოხრაკვა არ უცდია, ტაფა მალევე აიღო და ფეხებდამწვარი და გამწარებული გიგანტური ჭიანჭველები გონწასული ვლად რიმსკის სხეულზე მოაყარა. მალე ავადმყოფს ტანზე უამრავი წითელი ნაჩხვლეტი გაუჩნდა და 10 წუთში კანი დაუსივდა. ქურუმმა ნაგებობიდან თავმოკრული თიხის ქოთანი გამოიტანა და თავი მოხსნა. კრიჭა გაუხსენით! – გვიბრძანა კვლავ. რიმსკის პირი ძლივს გავაღებინეთ და დიდმა აშვატჰამამ რამდენიმე წვეთი ჩაასხა ხახაში. თვალი ვკიდე, ქოთანში რაღაც უცნაური, მოყვითალო და არაპროპორციულად მრგვალი ნაყოფი იდო, რომელსაც დამპალი ხილის სუნი ჰქონდა.

ამ ყველაფრის შემდეგ ჩია კაცმა რიმსკის სენაკში შეყვანა მოგვთხოვა. მე და ტომასმა ხელ-ფეხში წავავლეთ ხელი და ავადმყოფი პატარა სენაკში შევიყვანეთ, რომელშიც პრიმიტიულად გამოჩორკნილი ხის საწოლი იდგა. როცა ეზოში გამოვედით, ქურუმმა ტომასს რაღაც ანიშნა და ისიც ჯუნგლებისკენ გაემართა, მე კი მის წინ დაჯდომა შემომთავაზა. მეც მორჩილად მოვირთხი ფეხები მიწაზე, სწორედ ისე, როგორც ჩემმა მასპინძელმა. ჭკვიანური მზერა ჰქონდა, დინჯი და დაკვირვებული, მაგრამ გველივით ცივი. ცოტა ხანს მიყურა და მოულოდნელად მკითხა.

– მზად ხარ სწავლებისთვის?

– დიახ, მუნი, – მივუგე გადამწყვეტად, რადგან რიმსკისგან ვიცოდი, ვინც „ქურუმს“ იხილავდა, ის უეჭველად მისი მოწაფე უნდა გამხდარიყო.

– შენ ყველაფერს გაიგებ, რისი გაგებაც საჭიროა, – განაგრძო მან, – ყველაფერს ისწავლი. ორი წელი ჯუნგლი შეგიფარებს, გამოგცდის და გამოგკვებავს. როცა ბჰაკტას (გურუ) წოდებას მოიპოვებ, ქადაგების უფლებას მოგცემ, და სადაც გეტყვი, იქ გაემგზავრები. მე შეგასწავლი მსოფლიო რელიგიების საფუძვლებს და მოგცემ ცოდნას, რომლის შედეგადაც. მიხვდები, რომ ჩვენი მოძღვრება შორსაც დგას ამ რელიგიებისგან და ახლოსაც. მე გიხსნი ყოველგვარი ორაზროვნებისგან და გიცხადებ: ის, ვინც ჩემს „საუბარს“ შეისწავლის, გონებით თაყვანს მცემს მე, რადგან მე ვარ ის, ვინც მოისმინა წმინდა და არაწმინდა სულების პაექრობა. თუ შენ ჩემი ძვირფასი მოწაფე გახდები, მე გადმოგცემ შენ ყველაზე საკრალურ ცოდნას... მისმინე, ამას შენი სიკეთისთვის ვლაპარაკობ!

– დიახ, მუნი, მზად ვარ, ყველაფერში დაგემორჩილოთ! – თავი მდაბლად დავუხარე და გავიფიქრე, ერთი კვირაც რომ დავრჩენილიყავი ამ პარანოიკთან, ალბათ, ჭკუიდან შევიშლებოდი.

– მედიტაციის დროა, უნდა განვმარტოვდე...

კიდევ დიდხანს ვიჯექი გაუნძრევლად მას შემდეგ, რაც ქურუმი თავის სენაკში შევიდა და ამ უცნაურ პერსონაზე ვფიქრობდი. თანაც, მარტო მყოფს საშუალება მომეცა, კარგად დამეზვერა იქაურობა. აშვატჰამას „საყუდელი“ არ ჰგავდა არც ერთ მანამდე ჩემთვის ცნობილ ნაგებობას. ბლოკები, რომლებითაც ის აეშენებინათ, უცნაური ფერის და ხორკლიანი იყო. გავოცდი, როცა აღმოვაჩინე, რომ ისინი სხვა არაფერი იყო, თუ არა მარჯნის ლოდები. მართლაც, რაღაც მისტიკურ ძალას ფლობდა, ალბათ, ეს სახედაჭმუჭნული აშვატჰამა, რადგან ამხელა ლოდების ერთმანეთზე დაწყობა მხოლოდ თანამედროვე ამწეების მეშვეობით იქნებოდა შესაძლებელი და ამ მიყრუებულ ჯუნგლებში  კი ცივილიზაციის კვალიც არაფერს ეტყობოდა, თუ არ ჩავთვლით ტომასის ძველ „ბერეტას“ თოფს. მიუხედავად ამ გასაოცარი აღმოჩენისა, რიმსკის შამანური განკურნების ეფექტურობაში მაინც ეჭვი მეპარებოდა.

მზე ჯუნგლების ქოლგებივით გაშლილ ხეებში ჩაესვენა და შებინდდა. მყუდროებას მხოლოდ კლდიდან ჩამომავალი პატარა ჩანჩქერის ჩხრიალი და შორიდან ნიავს მოყოლილი მაიმუნების წივილ-კივილი არღვევდა. უცბად, ჩემს ყურთასმენას ფრთხილი ნაბიჯების ხმა მისწვდა. თავი მივაბრუნე და ტყიდან გამომავალი ტომასი დავინახე, რომელიც მრავალმნიშვნელოვნად იღიმებოდა.

– აი, ვახშამიც... ჯუნგლის ნობათი! – ამ სიტყვებით ტომასი ცეცხლის კერასთან მივიდა, ფიჩხი შეაწყო და ცეცხლი გააღვივა. კოცონი აბრიალდა. ტომასმა პატარა ტომარას, რომელსაც მთელი ამ დროის განმავლობაში ხელიდან არ უშვებდა, თავი მოხსნა და კრატერივით ჩაღრმავებულ ტაფაში ცოცხალი მორიელები გადმოფერთხა. გაცხელებული ტაფიდან მათი ამოსვლის უშედეგო და განწირული მცდელობა მალე დასრულდა. ტომასმა ნახევრად ცოცხალ მორიელებს ზეთი მოასხა და მერე მარილი მოაყარა. ლამის გული შემიღონდა, როცა წარმოვიდგინე, რომ ვახშმად შემწვარი მორიელების ჭამა მომიწევდა.

– რაო, არ მოგწონს? – ირიბად გადმომხედა ქურუმის ტაფასთან მოფუსფუსე მარჯვენა ხელმა. ეს დელიკატესია. მცენარეების ბაღლინჯოებთან შედარებით, რომლებსაც ლოტოსის ფოთლებში ვახვევთ და ისე ვწვავთ, ღია ცეცხლზე. თუმცა, დიდი მუნის მოწაფეს ხანდახან ზღვის ბაკნიანი ზღარბები მოაქვს ხოლმე... გინახავს ეს პატარა არსებები?

– არც მინახავს და არც მინდა! – უგუნებოდ ვთქვი და ტუჩი ავიბზუე.

– სულ ტყუილად. შეწვაც კი არ უნდა, დანით ბაკანს გახსნი და ეგრევე გადასანსლავ. თუ მარილსაც მოაყრი, დამიჯერე, უგემრიელესი დელიკატესია.

ვახშამი „პიკანტური“ აღმოჩნდა. თუმცა ხელჩანთაში ერთი-ორი კონსერვი კიდევ მეგდო, მაგრამ მათი ამოღება არც მიფიქრია. ეს ცუდ ტონად ჩაითვლებოდა და ეჭვიანი აშვატჰამას გული რომ მომეგო, ასე ველურად ვივახშმე სუნდარბანის ჯუნგლებში. ბოლოს ქანცმილეული ტანზე გაუხდელად მივეგდე უბრალო ქვეშაგებზე, ჩემთვის განკუთვნილ „სადგომში“. მკვდარივით მეძინა და დილით, როცა ჰიანოსის – ძილის ღმერთის სამფლობელოს დავაღწიე თავი, ეზოდან ვლად რიმსკის ხმა შემომესმა. სწრაფად წამოვდექი და კარში გავვარდი. ადგილზე გავშეშდი: მოსკოველი ცრუმეტყველი ვლად რიმსკი ფეხმორთხმით იჯდა და რაღაცას საგულდაგულოდ ზელდა.

– ა, ეს შენ ხარ, ალექსანდრ? – ღიმილით მომაჩერდა.

– მამა ვლად, ნუთუ უკეთ ხართ? – ვკითხე გაოცებულმა.

– რატომ გიკვირს? ხომ ვამბობდი, მთავარია, დიდ აშვატჰამამდე მივაღწიო-მეთქი და ამას კი შენ უნდა გიმადლოდე.

– სათქმელადაც არ ღირს! – მივუგე, მივუახლოვდი და მოწითალო პლასტელინისებრ მასაზე მივანიშნე:

–  ეს რა არის?

– ეს ტაროა, უზარმაზარ თალგამს ჰგავს. რაც უფრო მეტს ნაყავ, მით ტკბილი ხდება და ნაკლებწებოვანი. მერე დიდ ფოთოლში გაახვევ და თვეობითაც ინახება. პიტნაში აზელილი კარტოფილის გემო აქვს.

– დიდ აშვატჰამას ვერ ვხედავ, – ჩავილაპარაკე და ეზოს თვალი მოვავლე.

– ჩვენი დიდი მუნი ჯუნგლებშია, საღამოს დაბრუნდება და ხვალ დილიდან შენს სწავლებას შეუდგება, – ამ სიტყვებით ტომასმა ხის დაქუცმაცებული მერქანი კრატერისებურ ტაფაში ჩაყარა და ხისგან გამორანდული კოვზით მორევა დაუწყო.

– ეს ჩვენი საუზმეა? – ვიკითხე შიშით.

– არა. ეს არომატული ჩხირების დასამზადებლად არის განკუთვნილი.

„აი, თურმე, სად მზადდება მბოლავი ჩხირები“,  – გავიფიქრე და ეგორ კაზაკოვთან ჩემი ბოლო შეხვედრა გამახსენდა. იმიტომაც ჩავეძიე: – რისგან მზადდება ეს სურნელოვანი „ჯოხები“?

– ბამბუკისგან, რომელსაც ჯერ ამ სითხეში ვავლებთ, – ტომასმა თასში ჩასხმული წებოვანი მასა დამანახვა, – მერე ამ მერქანს დავფქვავთ და ამაში ამოვავლებთ. მერქანი მათი წვისთვისაა საჭირო, ხოლო ეს ფხვნილი არომატს ანიჭებს.

„ნეტავ, სად არის ძაღლის თავი დამარხული?“ – საგონებელში ჩავარდნილმა ახლა მოიისფრო ფხვნილზე მივანიშნე, – ეს რაღაა?

– ეს ჟასმინისებური ვარდია. საუცხოო არომატი აქვს. ხოლო აი, ამ თეთრი წებოს შემადგენლობა კი მხოლოდ დიდმა მასწავლებელმა იცის.

საუბარი აღარ გამიგრძელებია. კლდეზე ჩამომავალი ცივი წყალი ტანზე გადავივლე და საუზმეს შევუდექით. ეს საუზმე კი იყო თხის რძე, რომელსაც იქვე, ბაკეში დაბმული სამი თხა იწველებოდა და ინდური პური – გამხმარი ნივრიანი კვერები. ჩემი გონება გამალებით მუშაობდა, ვფიქრობდი, როგორ მომეხერხებინა დიდი აშვატჰამას განეიტრალება ისე, რომ ეს ორი ორანგუტანგი თავს არ დამსხმოდა მაშინ, როცა ჩვენი ჯგუფი ამ ადგილს მოუახლოვდებოდა და ნიშანს მომცემდა.

გადავწყვიტე, ქურუმის სამფლობელო ჯუნგლებიდანაც დამეზვერა, მაგრამ, როცა არცთუ ისე შორიდან ხარის ბღავილი და ყრუ ღმუილი შემომესმა, მაშინვე გადავიფიქრე; თანაც, მუშტრის თვალი ტომასის ძველისძველ „ბერეტას“ შევავლე, რომელიც, ალბათ,  იმდროინდელი იყო, როცა იტალიურმა კომპანია „პედრო ბერეტამ“ თოფების წარმოება დაიწყო ქალაქ ბრეშიაში.

ვლად რიმსკი წამოდგა, კალთა ჩამოიფერთხა და თქვა:

– ჯერ კიდევ სუსტად ვარ, წავალ, წამოვწვები.

ტომასმა კი თავისი „ბერეტა“ აიღო და სუნდარბანის ხშირ ტყეს შეერია. მეც ეს მინდოდა, ცოტა ხანს კიდევ მოვიცადე, რიმსკის რომ კარგად ჩასძინებოდა და „ქურუმის“ სენაკში ფეხაკრეფით შევიპარე. აშვატჰამას „ბუდუარში“ სკამის მსგავსი ამფერი იდგა. კედელთან თიხის ქოთნები იყო ჩამწკრივებული, რომლებშიც, ალბათ, რაიმე სამკურნალო ან მაგიურ ნივთიერებებს ინახავდა. კედელზე გამხმარი მცენარეები ეკიდა. კედელთან, მარჯვნივ, უბრალო ქვეშაგებიანი საწოლი იდგა, რომელიც იმავე მასალისგან იყო გამოთლილი, რომლითაც შენობის კედლები. „ნუთუ ქურუმს ქვაზე სძინავს? – გავიფიქრე, – თუ ასეა, ის ნამდვილად რკინისჩონჩხიანი კაცი ყოფილა“. დაბლა მაგიდაზე, რომელთანაც რიმსკის მასწავლებელი მხოლოდ ფეხმორთხმით თუ დაჯდებოდა, რამდენიმე ძველისძველი, ყდაშემოძარცული წიგნი და ჩამწვარი სანთლები ეწყო. სულ ეს იყო ქურუმის მთელი ავლადიდება, საეჭვო არაფერი შემინიშნავს და, მე რომ იქ მცხოვრებთ საეჭვოდ არ მოვჩვენებოდი, აშვატჰამას სამყოფელი მალევე დავტოვე.

***

მეორე დილით ვლად რიმსკი წამომადგა თავზე მძინარეს და შემანჯღრია.

– გაიღვიძე, დროა!

ავდექი და გარეთ გამოვედი. ეზოში დიდი აშვატჰამა იდგა და მიცდიდა. როცა დამინახა, მანიშნა, გავყოლოდი და ტევრში შეაბიჯა. მეც მივყევი. 500 ნაბიჯი მაინც გვექნებოდა გადადგმული, რომ აშვატჰამამ მიმართულება შეიცვალა და კლდეზე აცოცება დაიწყო. ისე ეჭიდებოდა მის შვერილებს და ისე მარდად მიცოცავდა, როგორც ნამდვილი მაიმუნი. თუმცა, ის ჩემზე სამი ათეული წლით უფროსი მაინც იქნებოდა, მე უფრო გამიჭირდა აცოცება. როცა, არცთუ მაღალ კლდეს თავზე მოვექეცით, ჩემ წინ უცნაური სანახაობა გადაიშალა: შემოსაზღვრული წრის შუაგულში, რომელსაც მოკლე-მოკლე, მიწაში ჩასობილი ხის მორები ქმნიდა, რაღაც საკულტო ძელი აღემართათ, რომელიც აღდგომის კუნძულის მთას ჩამოჰგავდა. ეს რა მამონაა-მეთქი, გავიფიქრე თუ არა, აშვატჰამა მომიბრუნდა და სარიტუალო ბოძისკენ თითით მიმანიშნა: – დადექი!

მეც წრეში შევედი და საკულტო ბოძს ზურგით მივეყუდე. მალე აშვატჰამამ ადგილზე რწევა და გაუგებარი სიტყვების ბუტბუტი დაიწყო. თვალებდაჭყეტილი შევყურებდი ტრანსში ჩავარდნილ ქურუმსა თუ შამანს და ვფიქრობდი, ვინ იყო ის ან რა სურდა. 10 წუთს მაინც ვიდექი გაუნძრევლად, მერე მსუბუქი თავბრუხვევა ვიგრძენი და წამიერად გონება დამებინდა. ვერც კი გავაცნობიერე, როგორ გადავკვეთე დრუიდების სარიტუალო წრის მსგავსი რკალი და, როგორ აღმოვჩნდი დიდი აშვატჰამას წინაშე. მან რწევა და ბუტბუტი შეწყვიტა, წამით გაოცებული დამაკვირდა, მერე თითი გამოიშვირა ჩემკენ და რისხვით წარმოთქვა:

– ასურა! 

ხმა არ ამომიღია, მთელი გზა ანგარიშმიუცემლად მივყვებოდი სწრაფად მიმავალ ქურუმს და ეჭვი მღრღნიდა, ნუთუ ამ ჯოჯოხეთის მოციქულმა რამე იყნოსა-მეთქი. ჩემი ეჭვი გამართლდა. ეზოში შევაბიჯეთ თუ არა, ტომასს მოუხმო და ჩემთვის გაუგებარ ენაზე რაღაც უთხრა. ქურუმის მარჯვენა ხელმა თავისი „ბერეტა“ ჩამოხსნა, გაოგნებული რიმსკის თვალწინ მომიშვირა და მომიგდო:

–  იარე!

– სად მიგყავარ? – მხოლოდ ამის თქმა მოვასწარი და ტომასმა თოფის ლულა ძლიერად მიბიძგა.

– იარე-მეთქი! – ჯუნგლისკენ თვალებით მიმანიშნა და მეც დავმორჩილდი.

ასე თოფმომარჯვებულმა გამატარა 200-იოდე მეტრი. მოულოდნელად შევბრუნდი და ვკითხე:

– ტომას, მოკვლას მიპირებ?

– შებრუნდი და იარე! – მიბრძანა ცივად.

– ფეხსაც არ მოვიცვლი, სანამ არ მეტყვი, რატომ უნდა მომკლა.

– მაშინ, აქვე გაგათავებ! – ტომასმა ლულა სახეში დამიმიზნა.

– ის მაინც მითხარი, რატომ მიწოდა აშვატჰარამ „ასურა“, ან რას ნიშნავს ეს სიტყვა...

– შენ ღვთის სამსახურის წინააღმდეგი ხარ!

– ასე რატომ ფიქრობ? – ჩავეძიე და გავიფიქრე, რომ მე ღვთის კი არა, ეშმაკის სამსახურის წინააღმდეგი ვარ-მეთქი.

– იმიტომ, რომ დიდი მუნი ფიქრობს ასე! ის ბრძენთაბრძენია. თანაც, იმ ადგილიდან, სადაც შენ იდექი, ჩვეულებრივი ადამიანები სულებთან კონტაქტის დროს სარიტუალო წრიდან ვერ გამოდიან და ტრანსში ვარდებიან.

– აჰა, მე გამიგონია, რაღაც საკრალურ წრეზე და შავბნელ ადგილებზე, სადაც ტრიალებ, ტრიალებ და გამოსვლა არ შეგიძლია.

– დიახ... ამიტომ დიდი მასწავლებელი ფიქრობს, რომ შენ მოგზავნილი ხარ და განსაკუთრებულ ნიჭს ფლობ – შეუღწეველი ფსიქიკა გაქვს. ამიტომ, ჩვენი საქმისთვის უსარგებლო ხარ!

– ვხედავ, შენი „დიდი მასწავლებლის“ ყურმოჭრილი მონა ხარ. იქნებ სჯობდეს, გონს მოეგო და აქაურობას თავი დააღწიო – ამაზე არ გიფიქრია? შენც ხომ ცივილიზებული სამყაროს შვილი ხარ, ჯუნგლებში ველურივით ცხოვრება არ მოგწყინდა? ვცადე, ტომასი დამეყოლიებინა, თანაც გამახსენდა, რიმსკიმ რომ მითხრა, ის კალიფორნიელი მოძღვარი ტომას ჯოისიაო და შევეცადე, გამერკვია, მოსკოველი მოძღვარი მართალს ამბობდა თუ არა: – არ ვიცი, რა ეშმაკის მანქანებით მოახერხეთ შენ და შენმა შამანმა მასწავლებელმა სიბერის შეჩერება, მაგრამ სიკვდილს ვერავინ გაექცევა, ტომას ჯოის!

ტომასს თვალები სიბრაზისგან გაუფართოვდა და გამოსცრა:

– ვხედავ, ყველაფერი გცოდნია, მე კი ორმაგი მიზეზი მაქვს იმისთვის, რომ ჩაგაძაღლო. იარე!

მეც მივტიროდი და ჯუნგლების შუაგულისკენ გავემართე, თანაც, გონება გამალებით მიმუშავებდა. მარცხნივ კარგად დაქანებული ბექობი იყო, რომელიც მდინარესთან თავდებოდა. ბევრი აღარ მიყოყმანია, წამიც და ტრიალ-ტრიალით გადავეშვი თავქვე. ტომასმა თოფი დააქუხა... საბედნიეროდ, ამაცილა. ხემ შემაჩერა, წელით მივეხეთქე. ტკივილმა უფრო გამაცხარა, წამოვხტი, წყალმარჩხი მდინარე გადავტოპე და ხეებს შევერიე. ერთ დიდტანიან კვიპაროსს ამოვეფარე და ტომასს თვალთვალი დავუწყე, რომელიც კვალდაკვალ მომყვა თოფმომარჯვებული. თითოეულ ხეს უვლიდა და გულდასმით მეძებდა. მივხვდი, მას ჩემი მოკვლა მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი. ცოტაც და ძალიან მომიახლოვდა. საბედნიეროდ, ხეზე მჯდომი რაღაც ფრინველი დაფრთხა და ჰაერში აიჭრა. ტომასმა მექანიკურად ლულა მაღლა შემართა, ამით ვისარგებლე, საფარიდან თავს დავადექი და თოფს ორივე ხელით ჩავებღაუჭე. არ დამანება... მუხლი მუცლის არეში ძლიერად ამოვკარი, მისი დაბნეულობით ვისარგებლე და თოფი ამოვატრიალე. ხელები გადაეგრიხა, დაიღმიჭა და იძულებული გახდა, თავის „ბერეტა“ ჩემთვის „დაეთმო“.

– ახლა შენი დრო დადგა, ტომას ჯოის! – სასწრაფოდ მივუშვირე ლულა.

– შენ მე ვერ მომკლავ! – წარმოთქვა ზიზღით, დაიხარა და მიწა მობღუჯა... მაგრამ, სანამ თვალებში შემაყრიდა, სასხლეტს თითი გამოვკარი და ტყვიამ ტომასს ბარძაყის ძვალი და კუნთი გაუგლიჯა. ის ღრიალით დავარდა მიწაზე.

– შენ მე გამოსავალი არ დამიტოვე! – ვუთხარი დანანებით და უკან გამოვბრუნდი.

– არ წახვიდე! – ამოიღმუვლა მიწაზე გართხმულმა კალიფორნიელმა მოძღვარმა. ჯუნგლებში მარტო გზას ვერ გაიგნებ...

– სულელი გგონივარ?! – შევაწყვეტინე ირონიით, – შენი მოძღვრის მამონის კლდე გავიწყდება, საიდანაც მთელი ჯუნგლი მოსჩანს. საკმარისია, მაღალ ხეზე ავიდე, რომ გზას თავისუფლად გავიკვლევ.

– არ დამტოვო, სიარულს მარტო ვერ შევძლებ! – ხვეწნაზე გადავიდა ჯოისი. მე კი უეცრად ბრაზმა წამომიარა და დავუყვირე:

– შენ, ტომას ჯოის, დამნაშავე ხარ 913 ადამიანის იძულებით თვითმკვლელობაში. არც ის „ემ-ბი-სის“ ჟურნალისტები და შენგან გაქცეული 16 კაცი დაგავიწყდეს, რომლებიც შენი ბრძანებით დახოცეს გაიანას ჯუნგლებში... ამიტომ გირჩევ, ღმერთს პატიება სთხოვო და გულმშვიდად მოკვდე.

ამ სიტყვებით გამოვბრუნდი და გავშორდი ტომას ჯოისს, რომელიც კვლავ გაჰყვიროდა და ილანძღებოდა.

***

როგორც იქნა, აშვატჰამას სამყოფელს მივაგენი, კარგად დავიმალე და ეზოს თვალთვალი დავუწყე. იქ მხოლოდ ვლად რიმსკი დაბორიალობდა, მისი მასწავლებელი კი არსად ჩანდა. ბოლოს რიმსკიმ ქურუმის სენაკში რაღაც შეიტანა და მივხვდი, რომ ჩემი დევნის „ობიექტი“ იქ იმყოფებოდა. ცოტა ხანს დავფიქრდი და გადავწყვიტე, მანამ გამეთოკა რიმსკი და ჩია ქურუმი, სანამ დევნის ჯგუფი ჩვენამდე მოაღწევდა. მზე შუბისტარიდან გადაიხარა, მაგრამ მაინც ცხელოდა. რიმსკი ჩანჩქერთან მივიდა, ხელ-პირი დაიბანა და სენაკში შევიდა. მივხვდი, დასვენებას აპირებდა და ლოდინი განვაგრძე. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, ჩემი საფარი დავტოვე და ფეხაკრეფით დავეშვი ეზოსკენ. ბაგაში გადავძვერი, თხები ავხსენი, თოკები მხარიღლივ გადავიკიდე და რიმსკის სენაკში ფარდა თოფის ლულით გადავწიე. ის გულაღმა იწვა და ეძინა. სახეზე მზის სხივი დაეცა, მაგრამ არც განძრეულა. მივუახლოვდი, „ბერეტა“ ფრთხილად დავდე იატაკზე, თოკი ნელ-ნელა გადავატარე გულმკერდზე და საწოლზე მიბმა დავუწყე. ერთი კვანძი ხელების კანკალით გავაკეთე, მეორეც... მესამეზე უფრო გავთამამდი, რადგან, რომც გაღვიძებოდა, წამოდგომას ვეღარ შეძლებდა. მეოთხე ჯერზე უფრო მაგრად მოვუჭირე. რიმსკიმ მხრები შეარხია და, როცა შებოჭილობა იგრძნო, თვალები შეშინებულმა გაახილა. ამასობაში მოვასწარი, თოკი მოვიმარჯვე და ჩავჩურჩულე:

 – ხმა არ ამოიღო, თორემ აქვე გაგაფრთხობინებ სულს!

გაოცებული რიმსკი თვალებს ჩქარ-ჩქარა აფახულებდა, რადგან ძილისგან ჯერ არ გამოფხიზლებულიყო სრულად. მაგრამ, როცა თავი წამოსწია და თოკები დაინახა, რაღაცის სათქმელად პირი დააღო. ლულა პირში ჩავუდე და კვლავ დავემუქრე: „ენა ჩაიგდე, თორემ ტვინს გაგასხმევინებ.” მერე აქეთ-იქით მიმოვიხედე, იქვე გადაკიდებული რიმსკის პერანგი ავიღე, სახელოებით დავიჭირე, გადავახვიე და კბილებს შორის ჩავუტენე. ვლად რიმსკიმ დაიღმუვლა, მაგრამ როცა თოფის კონდახი გვერდში ძლიერად მოხვდა, მაშინვე „გადაიფიქრა“ თავისი მასწავლებლის გაფრთხილება. რიმსკის განეიტრალება რომ დავასრულე, ახლა ქურუმის ოთახისკენ გავემართე ფეხაკრეფით, თანაც ვფიქრობდი, რომ ყველაფერი შესანიშნავად განვითარდა და, თუ ქურუმი ამ დროს მედიტირებდა, ისე გავკოჭავდი, ვერც გაიგებდა. მაგრამ, უცებ ტკაცანის ხმა გაისმა და ალისფერი მაშხალა ზეცაში აიჭრა. ხმაურზე დიდი აშვატჰარა თავისი სახლიდან გამოვარდა და პირდაპირ ჩემ წინ აღმოჩნდა. თვალები ჯერ გაოცებისგან გაუფართოვდა, მერე მოწკურა და ლანძღვა აღმოხდა. საპასუხოდ „ბერეტა“ შუბლში მივუშვირე და შევძახე: მოკეტე, შენი! ისიც გაჩუმდა.

– ხედავ, დიდო აშვატჰამა, შენი შამანური მაიმუნობები ჩემზე არ ჭრის! ალბათ, გაინტერესებს შენი ღირსეული მოწაფე სად არის, არა?! კარგი, გეტყვი, – თუ იღბლიანია, თავისი სიკვდილით მოკვდება, თუ არა და, მისით ტურები ინადიმებენ.

– ვინ ხარ?! – მკითხა რისხვით.

– ის, ვისაც შენი „ღვთაებრივი წარმომავლობის“ არ სჯერა.

დიდი აშვატჰამა ნელ-ნელა ნაცრისფერი ხდებოდა სიბრაზისგან. ბოლოს, თავი ხელში აიყვანა და ცბიერად შემაპარა:

– თუ გინდა, ბედნიერებას ეწიო, გამომყევი. უამრავი ოქრო მაქვს მიწაში დაფლული, მეფესავით იცხოვრებ!

– ჰო?! ოქრო! ძალიან კარგი... – თვალები გამიბრწყინდა. აშვატჰამას სახეზე სიხარულის ნაპერწკალი გაუკრთა, მაგრამ მალევე დავაყოლე: – მაგრამ, რა ვქნა, თუკი განძის ხელში ჩაგდების სურვილზე მეტად მინდა, გაკოჭილი გნახო?!

ქურუმს ახლა წყევლა-კრულვა აღმოხდა. მე კი მოთმინებით ვიდექი და ველოდი, სანამ იქაურობა ჩვენი ჯგუფის წევრებით არ აივსო. როცა ქურუმს ხელები უკან გაუკრეს და ვლად რიმსკიც გამოაბრძანეს თავისი სენაკიდან. ჩემთან ორი კაცი მოვიდა. ერთ-ერთი, უფრო ახალგაზრდა, სწორედ ის პიროვნება აღმოჩნდა, ვინც დევნის ჯგუფის რუსეთის ხაზის ხელმძღვანელი, კარშ შეფერი შეცვალა; მეორემ კი, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა შავგვრემანმა ახალგაზრდამ, რომელსაც მკერდსა და დიპლომატზე ერთნაირი ემბლემები ეკეთა, გულმხურვალედ ჩამომართვა ხელი და ვატიკანის პოლიციის დეტექტივ მიქელე სალად გამეცნო. მათგან შევიტყვე, რომ მალე „ქურუმის“ ეზოში ვერტმფრენები დაეშვებოდა: ასეც მოხდა, პირველ ვერტმფრენში „ქურუმი“ და მისი ერთგული მოწაფე მოათავსეს „საპატიო ყარაულით.” მეორეში მე ამ ორ პერსონასთან და ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად აღმოვჩნდი. დიდი აშვატჰამას ეზოში მხოლოდ გამომძიებლების პატარა ჯგუფი და ინდოელი სამხედროები დარჩნენ, რომლებიც ამ ოპერაციაში უწევდნენ დახმარებას „ფესიქიუთს“. მალე ორივე შვეულმფრენი ცაში აიჭრა და ბერლინისკენ ავიღეთ გეზი.

დასასრული

აჭარის სანაპირო ზოლს შემოდგომის მზე დაჰყურებს. ზღვიდან სველი ამოვდივარ და ანასტასიას გვერდით თბილ ქვიშაზე ვწვები.

– შენ მეტი არავინ ცურავს... წყალი ცივია? – მეკითხება ღიმილით.

– არა, – ვპასუხობ და ლურჯ ცას ავყურებ, რომელზეც ღრუბლის ნაგლეჯიც არსად ჩანს.

– მოსკოვში ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. შენ?

– არც მე ვყოფილვარ მოსკოვში ასეთი ბედნიერი? – ვპასუხობ და მეცინება.

– სიტყვებით ნუ ჟონგლიორობ! – თითს მიქნევს ნასტია. მერე შუბლი ეღრუბლება, ვხვდები, რაღაც არასასიამოვნოზე ფიქრობს.

– რაზე ფიქრობ? – ვეკითხები.

– მეშინია, სანდრო, კიდევ რომ დასჭირდე იქ, „დევნის“ ჯგუფში, წახვალ?

– აუცილებლად წავალ, ნასტენკა. თუმცა, დამშვიდდი, არ მგონია, რომ „ფესიქიუთს“ უახლოეს მომავალში სერიოზული თავისტკივილი გამოუჩნდეს ახალი აშვატჰამას სახით.

– მისი მოწაფეები?

– მისი მოწაფეები ის ბოლია, რომელიც ჩამქრალ, წყალმისხმულ ფიჩხს ასდის და რომელიც კოცონად აღარასოდეს აბრიალდება.

– შეგიმჩნევია, რა ლამაზია ბათუმში დაისი, როცა მზე შუაგულ ზღვაში ეშვება...

– ამ სიტყვებით ნასტიას მოკლე ჯოხით ქვიშაზე ფაქიზად გამოჰყავს ასოები: Sempr ab Ti!

– ლათინურია? – ვეკითხები.

– არა, გოთური.

– და რას ნიშნავს?

– „მარად შენთან ვარ!“ 

ნასტიას ჯოხს ვართმევ, ხელს მხარზე ვხვევ და... ორივენი შევცქერით, როგორ ნელ-ნელა უახლოვდება ვნებით ალმოდებული დღის მნათობი ტალღების ჟრუანტელით მომლოდინე ზღვას.

скачать dle 11.3