კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაფიის შვილობილი

დილის ცხრა საათზე მერაბ გამრეკელი „კაგებეს“ ცენტრალური აპარატის მისაღებში შევიდა. მას იქ უკვე ელოდნენ. სუფთად გაპარსულმა, თხელი აღნაგობის ლეიტენანტმა მერაბი შეათვალიერა. შემდეგ მიუახლოვდა და ჰკითხა:

– თქვენ მერაბ კონსტანტინეს ძე გამრეკელი ბრძანდებით?

– დიახ, – მიუგო მერაბმა.

– მე ლეიტენანტი პავლე ნოჟკინი ვარ. წამობრძანდით, ამხანაგო მაიორო. არქივში გველოდებიან.

ნოჟკინი და მერაბი „კაგებეს“ არქივში ლიფტით ჩავიდნენ. ჩვეულებრივი ლიფტებისგან განსხვავებით, „კაგებეს“ ლიფტი უფრო დიდი ზომის იყო და ძალიან სწრაფად მოძრაობდა. ყველაზე მეტად კი მერაბი ღილაკების განლაგებამ და მათზე არსებულმა აღნიშვნებმა გააოცა. ლიფტის ღილაკები ჰორიზონტალურად იყო განლაგებული. მათზე კი ციფრებისა და რიცხვების მაგივრად, კოდირებული აღნიშვნები იყო გაკეთებული. მერაბმა ორმოცამდე ღილაკი დაითვალა და გაიფიქრა: „ნუთუ ამ შენობის ქვეშ ორმოცი სართულია?“

– აქეთ მობრძანდით, მერაბ კონსტანტინოვიჩ, – მარჯვნივ მიანიშნა ნოჟკინმა მერაბს და ათიოდე მეტრი რომ გაიარეს, თეთრად შეღებილ, რკინის მძიმე კარში შევიდნენ. შემდეგ დერეფანი გაიარეს და ლეიტენანტმა მერაბი გაჩახჩახებულ ოთახში შეიყვანა. ოციოდე კვადრატის მოცულობის ოთახში ჩვეულებრივი საწერი მაგიდა იდგა. უფანჯრებო კედლები კი ნაცრისფრად იყო შეღებილი. მაგიდაზე სქელი საქაღალდე იდო. ნოჟკინმა გამრეკელს სკამი გამოუწია და უთხრა:

– ეს ის საქმეა, თქვენ რომ გაინტერესებთ. დაბრძანდით და გაეცანით, – ლეიტენანტმა პაუზა გააკეთა და თავაზიანი ღიმილით განაგრძო, – ბოდიშს გიხდით, ამხანაგო მაიორო, მაგრამ უნდა გაგაფრთხილოთ, თვალიერების დროს ფურცლები არ დააზიანოთ. აგრეთვე, არ შეიძლება ასლების გადაღება.

– გასაგებია, ამხანაგო ლეიტენანტო, – თავაზიანადვე მიუგო მერაბმა ნოჟკინს და ჰკითხა, – დრო რამდენი მაქვს?

– განუსაზღვრელი, – მიუგო ნოჟკინმა.

მერაბმა ჯერ საათს დახედა. შემდეგ სქელტანიანი საქმე თვალით გაზომა და თქვა:

– საღამოს რვა საათზე ჩემი თვითმფრინავი მიფრინავს. შვიდზე აეროპორტში უნდა ვიყო. ახლა ათის ნახევარი სრულდება. მე მგონი, ხუთ საათამდე ყველაფერს მოვასწრებ.

– კარგი.  რომ დაასრულებთ, აი, ამ ღილაკს  დააჭირეთ თითი და აქედან გაგიყვანენ, – უთხრა ნოჟკინმა მერაბს და მაგიდის მარჯვენა კუთხეში დამონტაჟებულ, წითელ ღილაკზე მიანიშნა.

ნოჟკინი წავიდა. მერაბმა საქაღალდე გადაშალა და შესწავლას შეუდგა. პოლკოვნიკ მანძულიას საქმეში არსებული საბუთების ნახევარზე მეტი მისი ხელითვე დაწერილი დასმენებისგან შედგებოდა. მერაბმა, ორასზე მეტი ასეთი საბუთი აღმოაჩინა. მათ შორის იყო კოტე გამრეკელზე დაწერილი ცილისმწამებლური პატაკი. მასში მანძულია „ჩეკას“ უფროსს აუწყებდა, რომ კოტე გამრეკელი და კოტე თავართქილაძე ბანდიტებს მფარველობდნენ. თავად იყვნენ ბანდიტები და ორგანიზატორად გამრეკელს ასახელებდა. სწორედ ამ პასკვილმა დაღუპა მერაბის მამა. თავართქილაძე კი იმან იხსნა, რომ იმ მომენტში ფრონტზე იყო მივლინებული. მაიორი გამრეკელი, განსაკუთრებით დააინტერესა მანძულიას ხელით დაწერილმა ავტობიოგრაფიამ. მანძულია, ეგრეთ წოდებული, აფხაზეთის სვანეთის ერთ-ერთ სოფელში იყო დაბადებული. ჰყავდა მეუღლე – ესმა ფანგანი და ვაჟი ვამეხ მანძულია. ავტობიოგრაფიაში მანძულია წერდა, რომ იყო ღარიბი გლეხის შვილი და რომ ადრეული ბავშვობიდან თანაუგრძნობდა კომუნისტებს, ჩაბმული იყო არალეგალურ მოძრაობაში. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა მანძულიას „ჩეკისტური“ მოღვაწეობის ის პერიოდი, როცა საგანგებო-ოპერატიულ რაზმში მსახურობდა და აჯანყებულ ქართველ პატრიოტებსა და მათი ოჯახის წევრებს პირადად აწამებდა, ხვრეტდა. მის დოსიეში პირადად „ჩეკას“ უფროსს ჰქონდა მითითებული – მიდრეკილია განსაკუთრებული სისასტიკისადმი და რეკომენდებულია მისი გამოყენება საშიში სახელმწიფო დამნაშავეების გასატეხადო... ერთი სიტყვით, მანძულიას პირადი საქმის შესწავლისას მერაბ გამრეკელმა დაინახა ვერაგი, ინტრიგანი, სადისტი და დაუნდობელი ადამიანის პორტრეტი, რომელიც ყველაფერზე იყო წამსვლელი. მაიორს, ფენომენალური მეხსიერება გააჩნდა და თითქმის მთელი საქმე ზეპირად დაიმახსოვრა. მერაბმა რომ კითხვა დაასრულა და საქაღალდე დახურა, ოთხი საათი შესრულდა. ამ ხნის განმავლობაში, ანუ ექვსსაათ-ნახევარი, ის ადგილიდან არ ამდგარა და პოზაც კი არ შეუცვლია. მაიორი გაიზმორა, წითელ ღილაკს თითი დააჭირა. შემდეგ სკამიდან წამოდგა და ოთახში გაიარ-გამოიარა. სამიოდე წუთის შემდეგ, ოთახში კვლავ პავლე ნოჟკინი გამოჩნდა და მერაბს უთხრა:

– დაასრულეთ გაცნობა მერაბ კონსტანტინოვიჩ?

– დიახ, ლეიტენანტო, – მიუგო მერაბმა.

– წამობრძანდით, ამხანაგო მაიორო, – ნოჟკინმა გამრეკელს კარი გაუღო, წინ გაატარა და უკან გაჰყვა.

ათი წუთის შემდეგ მერაბი უკვე „კაგებეს“ ცენტრალური აპარატის მისაღებში იყო. ნოჟკინმა მას ხელი ჩამოართვა, გამოემშვიდობა და გამოისტუმრა.

– გმადლობთ, ლეიტენანტო. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. თუკი თბილისში მოხვდებით, აუცილებლად შემომეხმიანეთ, – უთხრა მერაბმა ლეიტენანტს, ბლოკნოტის ფურცელზე დაწერილი ბინის მისამართი, სახლისა და სამსახურის ტელეფონის ნომრები მისცა და „კაგებედან“ წამოვიდა.

მაიორი გამრეკელი თბილისში რომ ჩამოფრინდა, ღამის თერთმეტი საათი სრულდებოდა. მან ტაქსი აიყვანა და სახლისკენ გაემართა.

– მერაბ, საყვარელო, ძალიან მომენატრე, – თამარი კისერზე ჩამოეკიდა მეუღლეს და სხეულზე მაგრად მიეკრო, – ახლავე დედას დავუძახებ.

– მეც ძალიან მომენატრე, ძვირფასო, – მიუგო მერაბმა მეუღლეს. აკოცა და ჰკითხა, – დედა სად არის?

– მეზობელმა დაუძახა ახლახან წნევის გასაზომად.

– არ გინდა დაძახება. თვითონ მოვა. შენ ის მითხარი, როგორ ხართ.

– უშენოდ როგორ ვიქნებით. ძალიან მოგვენატრე. ახლავე გავახშმებ, მოშიებული იქნები.

– ძალიან მშია. ხელებს დავიბან, – მერაბი სააბაზანოში შევიდა. უკან რომ დაბრუნდა,  გაშლილ სუფრას მიუჯდა და თამარს ჰკითხა:

– რაც აქ არ ვყოფილვარ, ახალი ხომ არაფერი მომხდარა?

– გუშინ კოტე სოხაძემ დაგირეკა და გიკითხა.

– არ უთქვამს, რატომ?

– არა. დედა ელაპარაკა და ასე უთხრა, რაღაც საქმე მაქვსო, – მიუგო თამარმა და დაამატა, – ორი ახალი ამბავია. ერთი ცუდი, ერთიც კარგი.

– ცუდი? რა მოხდა?

– გუშინწინ გულბათ მარგიანმა დარეკა გაგრიდან. ნესტორ პესკასელს მეუღლე გარდაცვლია.

მერაბი ისე გააოცა პესკასელის მეუღლის გარდაცვალების ამბავმა, რომ გაშეშდა და პაუზის მერე თამარს ჰკითხა:

– კი, მაგრამ, რა დაემართა? ახალგაზრდა, ჯანმრთელი გოგო იყო და ასე მოულოდნელად რამ მოკლა?

– თურმე ფეხი დასცდენია ფანჯრის წმენდის დროს, მეორე სართულის კარნიზიდან ჩამოვარდნილა და საფეთქელი დაურტყამს. ნესტორი რომ საღამოს სახლში მისულა, ის უბედური რამდენიმე საათის გარდაცვლილი ყოფილა. ბავშვი კი აკვანში წოლილა და მშვიდად ეძინა. როგორც გულბათმა მითხრა, ნესტორი, თურმე, ჭკუაზე აღარაა და დღე და ღამე ტირის.

 – საცოდავი. ეს რა დამართნია... – თქვა მერაბმა. ჭამა მიატოვა და სიგარეტი გააბოლა.

– დასაფლავებაზე წახვალ?

– აუცილებლად, – მიუგო მერაბმა.

– მართალი ხარ. ძალიან შემეცოდა ნესტორი, – თქვა თამარმა, – რას იზამ. ასეთი ბედისწერა ჰქონია იმ უბედურს. ჭამე რა, მერაბ.

– არ მინდა, საყვარელო. მართლა აღარ მშია.

– ჭამე და ისეთ ამბავს გეტყვი, რომ ყველა უბედურება დაგავიწყდება.

– რა ამბავს? – ნაღვლიანად  იკითხა მერაბმა.

– თუ შეჭამ, გეტყვი.

– მითხარი და შევჭამ.

თამარი მერაბს მიუახლოვდა. მეუღლის მარჯვენა ხელის გული მუცელზე მიიდო და უთხრა:

– ფეხმძიმედ ვარ.

– რაო?

– შვილი გვეყოლება, საყვარელო.

მერაბ გამრეკელმა თამარი მაგრად მიიკრა სხეულზე, კოცნა და კოცნა, თან იმეორებდა: „რა ბედნიერებაა, შვილი გვეყოლება, შვილი!“

თამარის ფეხმძიმობის ამბავმა მერაბი ისე გაახარა, რომ პესკასელის უბედურება უმალვე დაავიწყდა. გამოცოცხლდა. საკუჭნაოდან სამარკო „ოჯალეში“ გამოიტანა, ჭიქაში დაისხა და თამარი ადღეგრძელა:

– შენ გაგიმარჯოს, საყვარელო და იმ ნაყოფს, მუცელში რომ გიზის. მის დაბადებას მოუთმენლად ველოდები.

– შეგატყობინა უკვე თამარმა ფეხმძიმობის ამბავი? – ჰკითხა მერაბს დედამ, რომელიც სახლში დაბრუნდა და შვილს ჩაეხუტა.

– რამხელა ბედნიერებაა, დედი. შვილი მეყოლება, შვილი... – იმეორებდა უზომოდ გახარებული მაიორი.

ტელეფონმა დარეკა. თამარმა ყურმილი აიღო, მეუღლეს მიაწოდა და უთხრა:

– კოტე სოხაძეა.

– გამარჯობა, კოტე, როგორ ხარ? – ჰკითხა გამრეკელმა თავის მოადგილეს.

– შენ როგორ ხარ? ჩვენი მინისტრი სიხარულით მეცხრე ცაზეა. მას საკავშირო მინისტრმა დაურეკა და თურმე, ძალიან გაქო. ძალიან მოსწონებიხარ გენერალ-პოლკოვნიკს.

– მეც ძალიან მომეწონა. მაგარი კაცია.

– რატომ გირეკავ, მერაბ... ჩოჩიანის საქმეში სიახლეა.

– რა სიახლე?

– რა და ის ფოტორობოტი გამოჩნდა, საავადმყოფოში რომ გასტონ მურღულია გაგუდა.

– დაიჭირეთ?

– არა. გუშინწინ მეთევზეებმა გამოათრიეს მტკვრიდან მისი გვამი ორთაჭალჰესთან.

– ექსპერტიზა, ალბათ, უკვე ჩაუტარდა.

– იმავე დღეს.

– დასკვნა გაქვთ?

– ხვალ იქნება.

 – მოკლულია, ალბათ, ხომ?

– კი, „ტეტეთი“.

– გვამი ნახე?

– კი.

– ალბათ, ძალიან გახრწნილია.

– პირიქით. შეიძლება ითქვას, რომ ქორფადაა, – იხუმრა სოხაძემ, – ახალი მოკლულია. ექსპერტმა თქვა, მაქსიმუმ, ორი დღისო.

– ორი დღის?

– კი.

– კარგი, კოტე. ხვალ დილით განვაგრძოთ ეს ლაპარაკი. ისეთი დაღლილი ვარ, ზეზეურად მეძინება.

– მერაბ, ხვალ დილის ცხრა საათზე მინისტრი თავის კაბინეტში გელოდება და არ დააგვიანო.

– კარგი. ღამე მშვიდობისა, – მერაბმა ყურმილი დაკიდა და ჩაფიქრდა.

– ხომ მშვიდობაა, მერაბ, რა მოხდა? – ჰკითხა მეუღლეს თამარმა, დედამ კი დაამატა:

– ასე მკვეთრად რატომ შეგეცვალა განწყობა. რამე ცუდი ამბავი გითხრა კოტემ?

– პირიქით. საკავშირო მინისტრს ძალიან შევუქივარ კოტე თავართქილაძესთან და ხვალ, ცხრა საათზე მინისტრს უნდა ვეახლო კაბინეტში, – თქვა მერაბმა, ქალებს გაუღიმა და ღვინო დაისხა.

ბოთლი რომ გამოსცალა, ქალებმა მერაბი საწოლში დააწვინეს. თავად კი სამზარეულოში დაბრუნდნენ.

„რა გამოდის, – ფიქრობდა მაიორი, – თუ ფოტორობოტი ორი-სამი დღის მოკლულია, მაშინ ჯონდო სარიას ფანტომობა თითქმის გამორიცხულია. ფოტორობოტის მოკვლა ფანტომს აწყობდა და მისი ბრძანებით, ან სულაც მის მიერ უნდა განხორციელებულიყო. სარია კი სამ კვირაზე მეტია, რაც მოკლეს და მკვდარი ხომ არ მოკლავდა ფოტორობოოტს, ან მისი მოკვლის ბრძანებას ხომ ვერ გასცემდა? არა, აქ რაღაც სხვა ამბავია, მაგრამ რა? ფანტომის ისტორიაში ერთადერთი აღმოუჩენელი პიროვნება რუზგენ ჩოჩიანია. მაგრამ, თავს დავდებ, რომ ის არაა ფანტომი. ნუთუ ფანტომი ცოცხალია და თან, კვლავ შეძლო ამ საქმიდან გამოძრომა და ჩვენი ცრუ კვალზე გაშვება? ძალიან ჩახლართული ამბავია და ახლა უფრო მეტი თავსატეხი გაჩნდა“.

მერაბ გამრეკელს ფიქრებში ჩაეძინა, დილით უთენია წამოდგა და თავი მოიწესრიგა. შემდეგ მსუბუქად ისაუზმა. დედას და მეუღლეს აკოცა და სამსახურში წავიდა.

კოტე თავართქილაძე მართლა მეცხრე ცაზე იყო სიხარულისგან. მერაბი რომ მის კაბინეტში შევიდა, გენერალთან განყოფილების უფროსები იმყოფებოდნენ და ოპერატიული თათბირის დაწყებას ელოდნენ. მაიორის დანახვაზე მინისტრმა თავი ვერ შეიკავა. შუა კაბინეტში შეეგება მას. გადაეხვია და სიხარულით განუცხადა დანარჩენებს:

– მაიორს მიბაძეთ, ამხანაგებო. საკავშირო მინისტრმა პირადად დამირეკა მოსკოვიდან და ოცი წუთის განმავლობაში აქებდა მერაბ გამრეკელსა და მის განყოფილებას. ყოჩაღ, მერაბ, ყოჩაღ!

თათბირი რომ დასრულდა, მინისტრმა მერაბი კაბინეტში დაიტოვა და დაწვრილებით გამოჰკითხა მოსკოვური ამბები. მერაბმა ყველაფერი უამბო მინისტრს და ბოლოს უთხრა:

– ძია კოტე, მანძულიას საქმეს გავეცანი.

– როგორ, – გაუკვირდა გენერალს.

– მინისტრს ვთხოვე დახმარება. მან კი ჩემს თვალწინ დაურეკა „ვეჩეთი“ უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს და მეორე დღეს „კაგებეს“ არქივში დამიშვებს.

– რამე საინტერესო თუ აღმოაჩინე?

– სადისტი, ინტრიგანი და დაუნდობელი ადამიანი იყო მანძულია. უამრავი ადამიანი ყოლია ნაწამები და დახვრეტილი. ორასზე მეტი მარტო მისი ხელით დაწერილი დასმენაა სხვადასხვა თანამდებობის პირებზე. სხვათა შორის, უმეტესი მათგანი დღეს უკვე რეაბილიტირებულია. თქვენც ბეწვზე ხართ გადარჩენილი, ფრონტმა გიშველათ.

– კი. მასეა.

– ცოლი ყოლია და ვაჟი. თვითონ კი წარმოშობით აფხაზეთის სვანეთიდან იყო.

– ძაღლი მიაკვდა სულში, – ხელი ჩაიქნია თავართქილაძემ და „ყაზბეგი“ გააბოლა.

– მოწევა დაიწყეთ, ძია კოტე?

– ძველი დრო გავიხსენე, – გაეღიმა მინისტრს, – ადრე მე და მამაშენი ვეწეოდით ერთად. ახლა კი მე და შენ. მოწიე. ნუ გერიდება.

მერაბი კიდევ ათიოდე წუთი გაჩერდა მინისტრთან. შემდეგ თავის კაბინეტში დაბრუნდა და გულბათ მარგიანს დაურეკა გაგრაში.

– გისმენთ, – თქვა მარგიანმა.

– მერაბი ვარ, გულბათ. როგორ ხართ?

– გამარჯობა, მერაბ. როგორ მოიარე მოსკოვი?

– ნორმალურად. რა ხდება თქვენთან?

– ჩვენს საქმეში ყველაფერი ძველებურადაა. აი, ნესტორს კი დიდი უბედურება დაატყდა.

– მაგაზე გირეკავ. რა შეემთხვა მის მეუღლეს.

– ეჰ, ნუ მკითხავ, მერაბ, – ამოიოხრა მარგიანმა, – ფანჯრებს წმენდდა მეორე სართულის „სპალნაში“. კარნიზზე ფეხი დაუცურდა. ჩავარდა და საფეთქელი ჩამოჰკრა არმატურას. ნესტორი ჭკუაზე არაა.

– როდის ასაფლავებენ?

– ზეგ.

– ხვალ საღამოს ჩამოვალ.

– კარგი, მერაბ. გელოდებით.

– ნახვამდის, – მერაბმა ტელეფონის ყურმილი აპარატზე დადო და შიდა ხაზით კოტე სოხაძე იხმო.

– როგორ ხარ, მერაბ? – სოხაძე გამრეკელს გადაეხვია, – მთელი სამინისტრო შენზე ლაპარაკობს და ძალიან პოპულარული ხარ.

– ეგ, იქით იყოს. რა ხდება ფოტორობოტის ირგვლივ?

– ეგ ფოტორობოტი, ვინმე ფირუზ კოკორაშვილია. წარმოშობით თელაველი. ერთხელ ყოფილა ნასამართლევი „ლევი“ საქონლის გადაზიდვისთვის და მძღოლ-„რეისავიკად“ მუშაობდა. ცოლს გაშორებულია. შვილი არ ჰყავდა და მარტო ცხოვრობდა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ორთაჭალაში, აბანოების გაყოლებაზე. როგორც ეტყობა, სახლშია მოკლული და შემდეგ გადააგდეს მტკვარში. სხეულში დიდი დოზა ალკოჰოლი აღმოაჩნდა. სავარაუდოდ, ჯერ დაათვრეს და შემდეგ ესროლეს. „ტეტეს“ ტყვია ამოუღო პათანატომმა გულიდან და გივი სახვაძეს გავუგზავნეთ გუშინ. დღეს, ალბათ, პასუხს მივიღებთ.

– აი, ნახავ, თუ ამნომრიანი „ტეტეთი“ არ იყოს ეგ ფირუზ კოკორაშვილი მოკლული, – მერაბმა სოხაძეს იარაღის ნომერი ფურცელზე დაუწერა, მიაწოდა და უთხრა, – მიდი, სახვაძეს დაურეკე.

გივი სახვაძეს უკვე მზად ჰქონდა ბალისტიკური ექსპერტის დასკვნა. კოტე სოხაძეს მან იმ „ტეტეს“ ნომერი უთხრა, საიდანაც კოკორაშვილი იყო  ერთი ტყვიით მოკლული. გამრეკელის მოადგილემ მადლობა გადაუხადა სახვაძეს. ყურმილი დაკიდა და გამრეკელს უთხრა:

– ნომერი ზუსტად დაემთხვა.

– დარწმუნებული ვიყავი, რომ დაემთხვეოდა. ეს „ტეტე“ მილიციელს წაართვეს და სერგი შაბმას იქიდან ხუთი ტყვია ესროლეს. გამორიცხული არაა, რომ ეს რუზგენ ჩოჩიანის ნამოქმედარია.

– ეგ ერთიღა დაგვრჩა თავის იარაღიანად და ფანტომის საქმეს წერტილი დაესმევა, – უთხრა მერაბს სოხაძემ, – ისე, მაგარი ჩახლართული საქმე იყო და ვინ წარმოიდგენდა, რომ ასეთ ბანდას ექსპერტ-კრიმინალისტი მეთაურობდა.

– შენ ეგა თქვი, – თქვა მერაბმა და გააგრძელა, – ჩვენი პროფესია მოულოდნელობებითაა სავსე და შეიძლება, ისეთი რამ ამოვარდეს, რასაც ვერასდროს წარმოიდგენ.

– კი. მასეა, – დაეთანხმა მერაბს სოხაძე.

– ხვალ აფხაზეთში მივემგზავრები.

– ნესტორის მეუღლის დაკრძალვაზე? – ჰკითხა სოხაძემ.

– კი. იქ.

– ცოლს არ ვიცნობდი, მაგრამ ნესტორ პესკასელი კაცური კაცია და სამწუხაროა, რომ პირადად ვერ მივუსამძიმრებ. მინისტრი ორივეს არ გაგვიშვებს. დეპეშას გავუგზავნი.

– თუ ძალიან გინდა დაკრძალვაზე დასწრება, მე ვთხოვ გენერალს.

– უხერხული ხომ არ არის?

– მე მგონი, არა.

– მაშინ, მიდი.

მინისტრმა კოტე სოხაძეც გაუშვა აფხაზეთში და ისინი მერაბის მანქანით გაემგზავრნენ. მილიციელები გაგრაში აპირებდნენ შეჩერებას ანჩაბაძეების სახლში, მაგრამ ჯერ სოხუმში შეიარეს სამძიმარზე.

– მერაბ, ჩემო ძმა, რა უბედური ვარ. აღარ მყავს ჩემი ფატი, – არაადამიანური ხმით ღრიალებდა ნესტორ პესკასელი, რომელიც მაიორს ჩაეხუტა და თავი მკერდზე მიადო.

გამრეკელი შეძრა პესკასელის გოდებამ. საკუთარი თავი წარმოიდგინა მის ადგილზე და დიდი ძალისხმევა დასჭირდა, თვითონაც არ ატირებულიყო. ნესტორი რომ ოდნავ დამშვიდდა, ცრემლი შეიმშრალა. ახალმოსულები გვერდით ოთახში გაიყვანა და უთხრა:

– მადლობა, ძმაო, რომ არ დამივიწყე. პატივი დამდე და ამხელა გზაზე ჩამოხვედი.

– რას ამბობ, ნესტორ. ერთმანეთს თუ გვერდით არ დავუდექით, რა არის მაშინ ადამიანობა.

პესკასელმა გააბოლა. თავი გააქნია და თქვა:

– თითქოს გული მიგრძნობდა. ვეუბნებოდი ჩემს უბედურ ფატის, – თავს გაუფრთხილდი, საყვარელო. ნუ დაიტვირთები, თავი თუ არ გეცოდება, ნაყოფი მაინც შეიცოდე-მეთქი.

– ფატი ფეხმძიმედ იყო? – ჰკითხა მერაბმა ნესტორს.

– მესამე თვეს ასრულებდა ახლა, – მიუგო პესკასელმა და მძიმედ ამოიხვნეშა, – ცირას სიკვდილის მერე საერთოდ არ ზოგავდა თავს. ძალიან იტვირთებოდა. ასე მეუბნებოდა, გულს ვაყოლებო. ბედისწერას ჰყავდა ატანილი და აი, შედეგიც – აღარ მყავს ჩემი ფატი...

მერაბი და კოტე გულდამძიმებულები წამოვიდნენ პესკასელისგან და მართას რომ მიადგნენ, შუაღამე სრულდებოდა.

– ბოდიშს გიხდით, დეიდა მართა, რომ ასე გვიან მოგადექით, – მოიბოდიშა სოხაძემ, რომელიც ადრეც სტუმრობდა ანჩაბაძეებთან, მართა კი ქორწილში გაიცნო.

– კოტე, შვილო, რას ამბობ. სტუმარი ღვთისაა. ჩემი შვილები ხართ და როცა გაგიხარდება, მაშინ მეწვიე, – მიუგო მართამ. ახალმოსულები გადაკოცნა და სუფრის გაშლას შეუდგა.

მალე გულბათიც მოვიდა. სუფრას მიუჯდა და თქვა:

– მთელი დღე „ზასადაში“ ვიყავით. ბოკერიები ავყარეთ ტყვარჩელში და ამიტომ ვერ მოგისწარით სოხუმში.

– რამე „ჩეპე“ ხომ არ მომხდარა? – ჰკითხა მერაბმა გულბათს.

– არა. სუფთა ნამუშევარი იყო. სამივე ისე გავსკვანჩეთ, დახველებაც ვერ მოასწრეს, – მიუგო გულბათმა და ჭამას შეუდგა, რადგან ძალიან მშიერი იყო.

მარგიანი რომ წავიდა, მერაბი და კოტე დასაძინებლად დაწვნენ. სოხაძეს მალევე ჩაეძინა, გამრეკელს კი ძილი არ ეკარებოდა. მას არაადამიანურად აბღავლებული პესკასელის სახე თვალწინ ედგა და კოლეგისადმი დიდი თანაგრძნობით იყო განმსჭვალული.

ნესტორ პესკასელის მწუხარებამ პიკს მაშინ მიაღწია, როცა მიცვალებული მიწაში ჩაასვენეს. პესკასელი საფლავში ჩახტა, კუბოს შემოეხვია და მთელი ძალით აღრიალდა. იქ მყოფი ზღვა ხალხი, მათ შორის მრავლისმნახველი მილიციელები, ამ სურათის დანახვაზე ატირდნენ, გულწასული ნესტორ პესკასელი კი საფლავიდან ამოიყვანეს და ძლივს მოასულიერეს.

მერაბმა და კოტემ ღამე გაგრაში გაათენეს. უთენია ადგნენ, მსუბუქად ისაუზმეს. მართას გამოემშვიდობნენ და თბილისში წამოვიდნენ.

– ღმერთო, ეს რა დღეში იყო ნესტორი. მტერს არ ვუსურვებ ასეთ უბედურებას. როგორ ყვარებია ცოლი, – მთელი გზა იმეორებდა კოტე სოხაძე და ხშირ-ხშირად ეწეოდა.

– კი. ძალიან ცოდოა. თანაც, ის საცოდავი ფეხმძიმედ ყოფილა, – ამბობდა მერაბი.

– რას იტყვი, მერაბ, შეძლებს კი ნესტორი მუშაობის გაგრძელებას? ასეთი შერყეული ფსიქიკით მილიციაში მუშაობა საშიშიც კია.

– იმედია, რომ ძალებს მოიკრებს. მანამდე კი დასვენების საშუალებას მისცემენ და ყოველმხრივ შეუწყობენ ხელს, – მიუგო მერაბმა და თვალწინ გულწასული პესკასელის სახე დაუდგა, რომელიც საფლავიდან ამოიყვანეს.

თბილისში რომ დაბრუნდნენ, მერაბმა ჯერ კოტე მიიყვანა სახლში, შემდეგ სახლისკენ გაემართა. მანქანა გარაჟში დააყენა და სადარბაზოსკენ გაემართა. ღამის თერთმეტი საათი სრულდებოდა. ოქტომბრის მიწურულის მიუხედავად, თბილისში საკმაოდ თბილოდა და რამდენიმე მეზობელი ფანჩატურში დომინოს თამაშობდა. მერაბი მიესალმა მათ. გამოელაპარაკა და წასვლას აპირებდა, რომ ერთ-ერთმა მათგანმა, შუახნის მამაკაცმა უთხრა:

– ერთი საათის წინ ვიღაც ქალმა გიკითხა.

– ქალმა?

– ჰო. გამრეკელები რომელ სართულზე ცხოვრობენო.

– მერე? – დაიძაბა მერაბი, რადგან ისეთი ნაცნობი ქალი არ ჰყავდა, რომელმაც მერაბის ზუსტი მისამართი არ იცოდა.

– ვუთხარი, მეხუთეზე-მეთქი და შევიდა. შემდეგ მე სახლში ავედი დომინოს ჩამოსატანად და აღარ დამინახავს.

– კარგი. გმადლობთ, – გაუღიმა მერაბმა მეზობელს. შემდეგ გვერდით სადარბაზოში შევიდა და პირველ სართულზე მცხოვრები მეზობლისგან სახლში დარეკა.

– გისმენთ, – მოესმა მერაბს დედის ხმა.

– დედი, სახლში შენ და თამარი ხართ? – ჰკითხა მერაბმა.

– მე და თამარი ვართ. მოხდა რამე?

– თამარს არაფერი გააგებინო და კარი არავის გაუღო. მე მალე მოვალ.

მერაბმა მადლობა გადაუხადა მეზობელს და სადარბაზოში გავიდა. ტაბელური იარაღი გადატენა, ქამარში მოხერხებულად გაირჭო და საცხოვრებელი კორპუსის სხვენში ავიდა. შემდეგ თავის სადარბაზოში გადავიდა და პისტოლეტმომარჯვებული ფრთხილად დაუყვა კიბეებს. მეექვსე სართულზე შეჩერდა და მეხუთე სართულის ჩაბნელებულ დერეფანს ჩახედა.

„უცნაურია,” – გაიფიქრა მაიორმა, – „ნათურა გადაიწვა თუ ვინმემ შეგნებულად ჩააქრო?“

მერაბმა სიბნელეს თვალი შეაჩვია და რაც შეეძლო, უხმაუროდ დაეშვა თავის სართულისკენ. შუა მოედანზე შეჩერდა და მიმოიხედა. უცებ სანაგვე ბუნკერის მხრიდან ჩხაკუნი მოესმა. მაიორი შეტრიალდა და მკვეთრად მარჯვნივ გადახტა. ჯერ ორი გასროლის ხმა გაისმა და უკუნეთი სიბნელე ცეცხლმა გაანათა. შემდეგ მსროლელი ბუნკერიდან გამოვარდა და კიბეებზე ჩაირბინა. გამრეკელმა გაქცეულის ხმას ორი ტყვია დაახალა და იარაღი გააგდებინა. მაგრამ გაკიდება ვერ შეძლო, რადგან ფეხში იყო დაჭრილი.

სროლის ხმაზე მთელი კორპუსი გარეთ გამოეფინა. მერაბი კოჭლობით ჩავიდა კიბეებზე და მეოთხე და მეხუთე სართულებს შორის მდებარე ბეტონის მოედანზე დაგდებულ, „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტს დასწვდა.

– მერაბ, შვილო! – მოესმა მაიორს დედის განწირული ხმა, რომელსაც თამარის კივილიც დაერთო.

– ნუ გეშინიათ, ცოცხალი ვარ, – ასძახა მერაბმა ქალებს. შემდეგ ფეხზე წამოდგა და მეზობლების დახმარებით სახლში ავიდა.

– რა მოხდა, შვილო? – აღმოხდა მერის, როდესაც მერაბის სისხლით გაჟღენთილ შარვალს თვალი შეავლო.

– თამარს მიხედე, დედი, –  დაიყვირა მაიორმა, რადგან დაინახა, როგორ წაბარბაცდა თამარი და მეზობელ მამაკაცს ხელი რომ არ შეეშველებინა, გულწასული დაენარცხებოდა იატაკზე.

თამარი სასწრაფო დახმარების მოსვლამდე მოასულიერეს და მერაბსაც მანამდე აღმოუჩინეს პირველადი დახმარება. მაიორს გამჭოლი ჭრილობა აღმოაჩნდა მარჯვენა ბარძაყის რბილ ქსოვილში და სერიოზულად არაფერი დაზიანებია. ქალაქის მილიციის სამმართველოს მორიგე ოპერატიულმა ჯგუფმა ძაღლის მეშვეობით სცადა დამნაშავის ცხელ კვალზე დაკავება. მაგრამ, ძაღლმა სულ ასიოდე მეტრში დაკარგა კვალი. გზის პირას. იქ, სადაც ავტომაგისტრალი გადიოდა და სავარაუდო იყო, რომ თავდამსხმელი მანქანით მიიმალა.

წინააღმდეგობის მიუხედავად, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მერაბი „არამიანცის” საავადმყოფოში გადაიყვანა და როდესაც მორიგე ქირურგი დაჭრილ მაიორს ჭრილობებს უწმენდა, ოთახში კოტე სოხაძე შევარდა.

– მოქალაქევ, სასწრაფოდ გადით აქედან! უცხო პირთა შემოსვლა სასტიკად აკრძალულია... – შეუღრინა ახალგაზრდა ქირურგმა მაიორ სოხაძეს, რომელიც მიტკალივით იყო გაფითრებული.

სოხაძეს ყურადღებაც არ მიუქცევია ქირურგისთვის. მერაბს მიეჭრა და უთხრა:

– როგორ ხარ, მერაბ, რა მოხდა?

– თქვენ რა, ყრუ ხართ? – გაუმეორა სოხაძეს ქირურგმა, – ვერ გაიგეთ, რომ აქ შემოსვლა არ შეიძლება?

კოტე სოხაძე ისე იყო აღელვებული მერაბის დაჭრის ამბით, რომ ვერ მოზომა, ქირურგს თვალები დაუბრიალა და უთხრა:

– თუ გლეწე, ისე დაგაყრუებ, რომ სმენას ვეღარ დაიბრუნებ.

ქირურგმა, ალმაცერი მზერა ესროლა სოხაძეს და ირონიით უთხრა:

– რაო, ძმაკაც, იმით სარგებლობ, რომ სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებ და უფლება არ მაქვს, საკადრისი პასუხი გაგცე? თუ მაგარი ხარ, ხვალ შევხვდეთ ერთმანეთს და კაცურად გავარკვიოთ ურთიერთობები.

სოხაძემ პასუხის გაცემა დააპირა, მაგრამ მერაბმა ანიშნა – გაჩუმდიო. შემდეგ ქირურგს მოღიმარი სახით უთხრა:

– ბოდიშს გიხდით, ექიმო. ჩემი მეგობარი აღელვებულია და ვერ მოზომა. გთხოვთ, გვაპატიოთ.

ოთახის კარი გაიღო და ზღურბლზე კოტე თავართქილაძე გამოჩნდა. მასაც ცარცისფერი დასდებოდა სახეზე. მაგრამ მერაბი რომ შეათვალიერა, მიხვდა, სერიოზული არაფერი სჭირდა. შვებით ამოისუნთქა და გამრეკელს ჰკითხა:

– როგორ ხარ, მერაბ?

– კარგად, ამხანაგო გენერალო, – ღიმილით მიუგო მერაბმა.

– რომ მომახსენეს, დაჭრესო, კინაღამ გული გამისკდა. რა მოხდა?

– ვიღაც უცნობი თავს დამესხა ჩემი ბინის სადარბაზოში. დეტალურად მოგვიანებით მოგახსენებთ.

– კეთილი. მანქანაში დაგელოდებით, – თქვა თავართქილაძემ და სოხაძეს უთხრა:

– წამოდით, მაიორო. ხელს ვუშლით ექიმს...

 გენერალი და სოხაძე რომ გავიდნენ, ქირურგმა მერაბს ჰკითხა:

– მილიციელი ხართ?

– დიახ, – მიუგო მერაბმა.

– ეს კაცი შინაგან საქმეთა მინისტრი ხომ არ იყო?

– კი, ბატონო, – გაეღიმა მერაბს.

– მე რომ მემუქრებოდა, ის?

– ჩემი მოადგილეა – მაიორი კოტე სოხაძე.

ქირურგმა რომ თავისი საქმიანობა დაასრულა, სანიტარი მოიხმო და გამრეკელს გენერლის მანქანამდე მისვლაში დაეხმარა. შემდეგ გამოემშვიდობა და წასვლა დააპირა. მანქანასთან მდგომმა სოხაძემ ქირურგი გააჩერა. მიუახლოვდა. ხელი გაუწოდა და ღიმილით უთხრა:

– ბოდიშს გიხდი, მეგობარო. განერვიულებული ვიყავი და ვერ მოვზომე. დაივიწყე, რაც მოხდა.

– არა უშავს, ძმაო, ხდება ხოლმე, – ღიმილითვე მიუგო სოხაძეს ქირურგმა. ხელი ჩამოართვა, დაემშვიდობა და შენობისკენ გაემართა.

მინისტრმა მერაბი სახლში მიიყვანა და სოხაძესთან ერთად ბინაში ეწვია. ჯერ მერი გადაკოცნა, შემდეგ თამარი. ქალები დაამშვიდა და მაიორებთან ერთად მერაბის ოთახში განმარტოვდა.

– ახლა კი, დაწვრილებით მომიყევი, რა მოხდა, – უთხრა მინისტრმა მერაბს და სმენად იქცა.

მაიორმა გამრეკელმა ყველაფერი დაწვრილებით უამბო გენერალს. ბოლოს „ტეტე“ ამოიღო უჯრიდან. მინისტრს წინ დაუდო და უთხრა:

– ეს ის პისტოლეტია, საიდანაც ხუთი ტყვია ესროლეს სერგი შამბას და რითაც ფირუზ კოკორაშვილი მოკლეს.

– ფოტორობოტი? – დააზუსტა გენერალმა.

– დიახ, – მიუგო მერაბმა.

– ალბათ, ნომრით მიხვდი, ხომ? – ჰკითხა მერაბს მინისტრმა.

– დიახ, ამხანაგო გენერალო.

– უსერიოზულესი დანაშაულია მილიციელზე თავდასხმა და ჩვენი მუნდირის ღირსების საქმეა, იმ ნაძირლის შეპყრობა. მაინც რას ფიქრობ, ვინ უნდა ყოფილიყო?

– თავს ვერ დავდებ, რომ არ ვცდები, მაგრამ ჩემი ლოგიკით, ეს „ტეტე“ რუზგენ ჩოჩიანს უნდა ჰქონოდა. იმ ბანდიტს საკმაო მიზეზები გააჩნია, რომ ჩემზე თავდასხმა მოეწყო.

– ფანტომის ბანდა თითქმის ლიკვიდირებულია. თუ ნამდვილად ჩოჩიანი იყო, მასაც მოვსპობთ და ამით დავუსვამთ ამ საქმეს საბოლოო წერტილს, – საუბარში ჩაერთო კოტე სოხაძე. მინისტრმა კი თავი გააქნია და თქვა:

– როგორც ვატყობ, არც მთლად მასე უნდა იყოს საქმე და ამ ბანდაში სხვა წევრებიც არიან. მერაბის მეზობლის ჩვენებით, გამრეკელები ვიღაც უცნობმა ქალმა იკითხა და ის, ალბათ, თავდამსხმელმა გამოგზავნა.

– სოხაძეს ხმა არ ამოუღია. მერაბმა კი გენერალს უთხრა:

– მე მგონი, თავდამსხმელი მსუბუქად დავჭერი. სავარაუდოდ, მკლავში და ეს უფრო გაგვიადვილებს მის მოძებნას.

– მოკლედ, ასე, – თქვა გენერალმა და სოხაძეს მიმართა, – კიბეებზე აღმოჩენილი სისხლის კვალის ანალიზი დააჩქარებინე ექსპერტებს და თუ იქ მერაბის სისხლის გარდა, სხვა სისხლიც აღმოჩნდა, გამოდის, რომ თავდამსხმელი მართლაც დაჭრილია. გააფრთხილე ყველა სამედიცინო დაწესებულება და კერძო პრაქტიკის მქონე ექიმი, რომ თუკი მათ ვინმე დახმარებისთვის მიმართავს, დაუყოვნებლივ შეგვატყობინონ. თან, მათ რუზგენ ჩოჩიანის ფოტოებიც ანახვეთ. ეს „ტეტე“ კი დაქტილოსკოპს მიუტანე ჯერ. იქნებ მასზე ბოროტმოქმედის ანაბეჭდები აღმოჩნდეს. იმოქმედეთ, მაიორო!

– არის, ამხანაგო გენერალო! – გამოეჯგიმა სოხაძე მინისტრს. შემდეგ „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტი ფრთხილად ჩადო ცელოფნის პარკში. მერაბს გამოჯანმრთელება უსურვა და წავიდა.

– მდა... –  თქვა მინისტრმა და მერაბი შეათვალიერა, – ერთი კვირა მაინც სახლში ყოფნა მოგიწევს.

– არა, ძია კოტე, ხვალ თუ არა, ზეგ მაინც აუცილებლად გამოვალ სამსახურში, – უთხრა მერაბმა გენერალს.

– ხვალ-ზეგ არ გამოვა. ექიმმა ჩემ წინ გითხრა – ერთი კვირა უნდა დაისვენოო და გინდა, ჭრილობა გაგიმიზეზდეს?

– არ გამიმიზეზდება, ძია კოტე.

– ერთი კვირა დაისვენებ! თან, მერის და თამარს მიხედავ. გინდა, რომ გული გაუსკდეთ ქალებს? მკვლელი სახლში მოგივარდა და მარტო ტოვებ?

– მაინც ხომ უნდა გამოვიდე სამსახურში და მარტო არ დარჩებიან?

– მორიგეობას დავაწესებ. დღეიდან აქ, ოცდაოთხი საათის განმავლობაში ოპერატიული თანამშრომლები იმორიგევებენ.

– რა საჭიროა, ძია კოტე. ხვალ რკინის კარს დავაყენებ. და, საერთოდ, არ მგონია, თავდასხმის გამეორება სცადონ.

– რომ სცადონ? არა, ვერ გავრისკავ, – თავი გააქნია მინისტრმა.

 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3