კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კაცი სახის გარეშე

გასროლის ხმა აშკარად გაისმა. უინტ მარშალი მაშინვე მიხვდა, სადაც გაისროლეს, მაგრამ არ შეიმჩნია. ვივიენმა ჩანგალი დადო და ქმარს შეხედა:

– ძვირფასო, მგონი, ლისტერებთან ისროლეს. ერთმანეთს ხომ არ ხოცავენ? იქნებ წასულიყავი და გენახა, რა ხდება?

უინტმა მხრები აიჩეჩა, სხეულში კი ყინულივით ცივმა ტალღამ დაუარა.

– ჯობია, ვახშამი გავაგრძელოთ...

– როგორი უცნაური კაცი ხარ! იქნებ, რა მოხდა? აშკარად ლისტერებთან ისროლეს...

ვივიანმა არ იცოდა, რომ უინტს, მის ქმარს, რომანი ჰქონდა დიანა ლისტერთან; არც დიანა ლისტერის ქმარმა იცოდა ცოლის ღალატის შესახებ. ეს ლისტერების მათ მეზობლად გადმოსვლიდან რვა თვის თავზე მოხდა: უინტს გაცნობისთანავე მოეწონა გრძელფეხება და დიდმკერდიანი მეზობელი, მაგრამ, ყველაფერი დიანას აქტიურობით დაიწყო – ჩაიზე დაპატიჟა, მოუყვა, როგორი მოწყენილი იყო, როცა მისი ქმარი ხანგრძლივ მივლინებებში მიდიოდა და უინტმაც მშვენივრად დაამშვიდა ქალი... სერიოზულს არაფერს გეგმავდა. ვივიენი მისთვის თვითნაბადი ოქროსავით იყო – ყველაფერს, რასაც მიაღწია, მას უმადლოდა. ვივიენს თავისი წარმატებული კომპანია და მშობლების დანატოვარი რამდენიმე მილიონი ჰქონდა ანგარიშზე. ამიტომ, უინტი დიანასთან მხოლოდ ერთობოდა. მაგრამ, ერთხელაც, დიანამ გამოუცხადა: მიყვარხარ. დროა, მე ჩემს ქმარს გავაგებინო სიმართლე, შენ – შენს ცოლს და, მერე დასამალიც არაფერი გვექნება, ერთად ბედნიერები ვიქნებითო. უინტს ლუკმა გადასცდა ყელში და ლამის დაიხრჩო... იმ წუთში მზად იყო, საკუთარი ხელით მოეხრჩო სულელი დიანა. შეეცადა, აეხსნა, რატომ ვერ გაშორდებოდა ვივიენს – ყველაფერს წამართმევს, შიმშილი მოგვიწევს, საცხოვრებელიც კი აღარ გვექნებაო... დიანამ კი იდიოტივით გაიმეორა – შენთან ერთად ქოხშიც ბედნიერი ვიქნებიო. უინტს ისევ წამოუარა მისი მოხრჩობის სურვილმა და გადაწყვიტა, მას აღარ შეხვედროდა. დიანამ მხოლოდ ერთხელ გამოუგზავნა მოკლე შეტყობინება – თუ ცოლს არ გაშორდები, თავს მოვიკლავო – და მერე აღარც დაურეკავს. მაგრამ, უინტს სულ ჰქონდა იმის განცდა, რომ ეს სულელი ქალი რაღაცას მოიმოქმედებდა... გასროლის ხმამ დიანას მუქარა გაახსენა. პრინციპში, თუ ქალი მოკვდებოდა, ამით უინტის ცხოვრება მხოლოდ გაიოლდებოდა... და, უცებ, გონებაში განგაშის ნათურა აინთო: ფოტოსურათი, რომელიც დიანას აჩუქა... თუ ამ ფოტოსურათს ნახავდნენ, უინტს ცუდად ექნებოდა საქმე. როგორც უკანასკნელმა იდიოტმა, ქალს თავისი პატარა ფოტოსურათი მისცა. სადღაც, გულის სიღრმეში ეამაყებოდა კიდეც, დიანა ასე რომ გიჟდებოდა მასზე... ახლა რა უნდა ექნა?! 

– კარგი, წავალ, ვნახავ, რა მოხდა ლისტერებთან, – თქვა და უხალისოდ წამოდგა. თითქოს ვივიენს ეუბნებოდა, შენ გამო ვაკეთებ ამასო.

უინტმა მეზობლის სახლში მისასვლელად ჩვეული, უმოკლესი გზა აირჩია – გარაჟი; პაემანზეც ასე გადიოდა ხოლმე – დიანამ მას სათადარიგო გასაღები მისცა...  

დიანა ლისტერი შავ, საღამოს კაბაში გამოწყობილი იჯდა დივანზე. მუხლებზე მოკლელულიანი რევოლვერი ედო. მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი ჯერ ისევ სასხლეტზე ჰქონდა მიბჯენილი... მარცხენა მხარზე საკმაოდ ღრმა განაკაწრი ეტყობოდა, საიდანაც სისხლი მოწვეთავდა... უინტი ფრთხილად მიუახლოვდა დივანს. დიანა არც განძრეულა, მხოლოდ ტუჩები შეარხია და დაიჩურჩულა:

– უინტ, მენატრებოდი... ესე იგი, დამიბრუნდი?..

– არა. მოვედი იმიტომ, რომ გასროლის ხმა გავიგონე.

– რევოლვერი ხელიდან გამიცურდა და ტყვია მიზანს არ მოხვდა. არა უშავს, მოვძებნი მეთოდს, რაც სიცოცხლეს მომისწრაფებს. არ შემიძლია უშენობა... თუ ჩემთან არ დარჩები, საშინელებას ჩავიდენ.

უინტი მიხვდა, რომ დიანა მისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა. ფრთხილად მიუჯდა გვერდით, ფრთხილადვე დაადო ხელი რევოლვერს, წამოაწევინა და სასხლეტზე თითი გამოაკვრევინა. ამჯერად ტყვია მიზანს მოხვდა – დიანა დივანზე გულაღმა გადავარდა... უინტს დასაკარგავი დრო არ ჰქონდა, ყოველ წუთს შეიძლებოდა, პოლიცია მოსულიყო ან ვივიენს გამოეგზავნა მსახური ფილი ამბის გასაგებად... თავისი პერანგის ბოლოთი ყველაფერი გაწმინდა, რასაც შეეხო. მერე სწრაფად შემოირბინა მთელი სახლი – ეძებდა ფოტოსურათს  და წერილს, რომელიც შეიძლებოდა დიანას თვითმკვლელობამდე დაეწერა. ვერც ერთი იპოვა, ვერც მეორე... სწორედ ამ დროს კარზე დარეკეს – ზღურბლზე ორი პოლიციელი იდგა.

უინტმა ყველაფერი მოყვა, როგორ სადილობდა სახლში ცოლთან ერთად, როგორ  გაიგონეს გასროლის ხმა და ამბის გასაგებად მოსულს ეს სურათი დახვდა...

– სახლში საიდან შემოხვედით? – დაინტერესდა პოლიციელი.

– ჯერ ზარს ვრეკავდი კარზე. რომ არავინ გამიღო, გარაჟიდან შემოვედი. საბედნიეროდ, კარი ღია დამხვდა... მგონი, გასაღებიც შიგნით იყო.

– მისი შეჩერება ხომ არ გიცდიათ?

– რანაირად? როცა შემოვედი, ის უკვე მკვდარი იყო...

მოგვიანებით გამომძიებელმა სახლში მიაკითხა ვივიენსა და უინტს.

– როგორ ფიქრობთ, თქვენს მეზობელს ეს რატომ უნდა გაეკეთებინა?

 ვივიენმა მხრები აიჩეჩა:

– წარმოდგენა არ მაქვს. ქმარს უყვარდა, ფულიც საკმარისზე მეტი ჰქონდა და დიანას ანებივრებდა. თვითმკვლელობა რატომ უნდა ჩაედინა, მართლა არ მესმის.

– მდაა... ერთადერთი ვერსია არსებობს – თქვენს მეზობელს საყვარელი ჰყავდა.

– მის მარშალ, მეორე გასროლა როდის გაიგონეთ, როცა თქვენი მეუღლე, სავარაუდოდ უკვე მეზობლის სახლში იყო?

– სავარაუდოდ, დიახ. უინტი არ მიდიოდა, ძალით გავაგდე. ვიცოდი, რომ რაღაც უბედურება იყო მომხდარი – ჯერ ერთი გასროლა, მერე მეორე...

– მე ვფიქრობ, თქვენს მეზობელს საყვარელი ჰყავდა და თვითმკვლელობა ქალბატონმა იმედგაცრუების ნიადაგზე ჩაიდინა... როდის იკლავს ქალი თავს, თანაც, ისეთი ქალი, რომელსაც ყველაფერი აქვს? – მაშინ, როცა მას საყვარელი ტოვებს.

უინტი მარშალმა იგრძნო, როგორ დაუნამა შუბლი ცივმა ოფლმა. ფოტოსურათის ამბავი აწუხებდა, როგორმე ერთხელ კიდევ უნდა შეეღწია ლისტერების ბინაში.

გაუმართლა – ლისტერმა ცოლის სიკვდილის შემდეგ სახლი მიატოვა და სასტუმროში გადავიდა. მარშალმა რამდენიმე დღე აცადა, შესაფერისი მომენტი შეარჩია, როცა ვივიენი სილამაზის სალონში წავიდა და გარაჟის გავლით საყვარლის სახლში შევიდა. როგორც კი მეორე სართულზე ავიდა და კარადა გამოაღო, სინათლე აინთო...

– გელოდებოდით, მისტერ მარშალ. ვეჭვობდი, რომ საყვარელი სწორედ თქვენ იქნებოდით. 

უინტი შემობრუნდა – მის წინ გამომძიებელი იდგა ორ პოლიციელთან ერთად.

– მე... მე...

– არ გირჩევთ ახლა რამის თქმას, თქვენი ფეხით გაებით მახეში. ფოტოსურათისთვის დაბრუნდით?

– თქვენ რა იცით ფოტოსურათის შესახებ? – გამშრალ პირში ენა ვერ შემოატრიალა უინტმა.

– ვიპოვეთ და ჩვენთან არის, მაგრამ, ამაზე შემდეგ. თქვენ მკვლელი ხართ, დიანა ლისტერი თქვენ მოკალით – მეორე გასროლა თქვენი უშუალო მონაწილეობით მოხდა.

– ეს ტყუილია, ტყუილი! – შეჰყვირა უინტიმ.

– არა, მართალია. თქვენი ჭუჭყიანი ფეხსაცმელების კვალი დივანთან აღმოვაჩინეთ. თქვენ დივანზე იჯექით მაშინ, როცა დიანა ჯერ ისევ ცოცხალი იყო. გასროლებს შორის დროის ინტერვალი საკმაოდ დიდია. რაც მთავარია, ზარზე არ აღმოჩნდა თქვენი თითების ანაბეჭდი, არადა, გვითხარით, რომ ჯერ ზარი დარეკეთ... კიდევ არის ერთი დეტალი: თვითმკვლელი თუ გადარჩა, ის თვითმკვლელობას იშვიათად იმეორებს, მით უფრო – იმ წუთში  და იმავე მეთოდით...

– რატომ... რატომ მაშინვე არ დამაპატიმრეთ, ჩემი ფოტოსურათი ხომ გქონდათ? 

იმიტომ, რომ ამ ფოტოზე შეუძლებელია, გაარჩიო მასზე გამოსახული მამაკაცის სახე. ფოტოსურათი გარდაცვლილს მკერდში ედო, ზუსტად იქ, სადაც ტყვიამ გაიარა – გულთან ახლოს. აი, თქვენ თვითონ ნახეთ... – გამომძიებელმა ფოტოსურათი უინტს წინ დაუდო. იქ, სადაც ადამიანის სახე უნდა ყოფილიყო, მრგვალი ნატყვიარი მოჩანდა... უინტი იატაკზე ჩაჯდა და სახე ხელისგულებში ჩამალა...

 

 

скачать dle 11.3