კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კაცობრიობის გადასარჩენად

„მგლების ბუნაგში მოვხვდი, წასულია ჩემი საქმე,” – გავიფიქრე და ვიგრძენი, შიშმა როგორ დამიარა სხეულში. მერე მთელი ძალისხმევა მოვიკრიბე და ვკითხე:

– ჩემგან რა გინდათ?

– აქ იმიტომ ხარ, რომ ცუდად მოგვიხსენიე და საქმე ჩაშალე. ამიტომაც, ასო-ასო აგქნით, კასრში ჩაგდებთ და კაუსტიკური სოდის „აბაზანას“ მიგაღებინებთ. შენგან არაფერი დარჩება, მაგრამ, მანამდე მიწას შეჭამ, გაიგე?! – გოშა არანჟევი ყველაზე მეტად აქტიურობდა. 

შიში ბრაზმა ჩაანაცვლა და უკან შეკრული ხელების გახსნა ვცადე. უცბად თითი ამეწვა, ვიგრძენი, სისხლი როგორ დამედინა. ხელი კვლავ მოვაფათურე და ძველისძველ ხის სკამზე საზურგესთან ამოჩრილ ლურსმის წვერს წავაწყდი. ეს ნამცეცა შანსი უნდა გამომეყენებინა და დრო გამეხანგრძლივებინა, რადგან, დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ტაიგის მელასავით წითური გოშა არ დამინდობდა.

– შენ ეგორ კაზაკოვის ადგილი დაიკავე, ხომ ასეა? თანაც, ქალიც წაართვი... – ისე მკითხა ასაკოვანმა ქურდმა, რომ კედლისთვის თვალი არ მოუშორებია, თითქოს რამე საინტერესო წარწერას კითხულობდა მასზე.

– მე ეგორის მტერი არ ვყოფილვარ... პირიქით, ბოლოს კარგად დავშორდით...

– მაგის მეტი კაბანს არავინ მოკლავდა! – შემაწყვეტინა არანჟევიმ, – ძედ, რაღას ვალაპარაკებთ, მივახვრიტოთ და ეგ არის!

– გოშა მართალია, – ახლა შავგვრემანმა გადმომხედა რისხვით, – გავათავოთ და ეგ იქნება! 

– ეგ როდის დაშორდით „კარგად“, თავი რომ გაუტეხე, მაშინ? – ირონიით მკითხა ხანში შესულმა ისე, რომ იმ ორის სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია.

– არა, როცა ბოლოს მონასტერში ვნახე, გავაფრთხილე, გითვალთვალებენ-მეთქი.

– ტყუის ეს ძუკნის ნაშობი! – გოშა კვლავ ფეხზე წამოიჭრა.

– აბა, ამოშაქრე, ვინ უთვალთვალებდა კაბანს! – ასაკოვანმა კედელს მზერა მოაშორა და შეუფარავი მუქარით მე მომაპყრო.

 ლამის წამომცდა, რომა აკოინიკოვი-მეთქი, რომ დროზე დავაჭირე ენას კბილი – ეს იქნებოდა ჩემი ბოლო სიტყვები – მისი ბიძაშვილი ეგრევე ტყვიას დამახლიდა, მე კი დროის გაწელვას ვცდილობდი, რადგან, ის სკოჩი, რომელიც ხელზე დამახვიეს, ბოლომდე უნდა ჩამეჭრა ლურსმნის წვერით... მართლაც, ამ პატარა ლურსმნის წვერზე ეკიდა ჩემი სიცოცხლე.

– გეტყვით, ვინ იყო ის კაცი... ოღონდ, თქვენც მითხარით, ვინ გითხრათ, რომ თქვენი მოლაპარაკება ვლად რიმსკისთან მე ჩავშალე, – განვუცხადე მტკიცედ.

– პირობებსაც რომ აყენებს, ამის დედაც! – არ ცხრებოდა გოშა არანჟევი, – ახლა გასწავლით, შე ინგლისელო ფრაერო, ქურდი ვინ არის და როგორ უნდა ელაპარაკო!

პასუხი არ გამიცია, მხოლოდ ეგ იყო, ხელები მთელი ძალით განზე გავწიე და, ჩემდა სასიხარულოდ, წებოვანი ლენტი დამემორჩილა, თუმცა, მკვეთრი მოძრაობისგან თავი შევიკავე და შესაფერის დროს დაველოდე.

– კარგი, მომისმინე, – ბოლოს „ზეკიც“ გაცხარდა, – თუ არ იტყვი, ვინ იყო ის კაცი, ვინც კაბანს უთვალთვალებდა, გოშას აღარ შევაჩერებ!

– დროს ტყუილად კარგავთ, – წარმოთქვა კვლავ გოშამ ხანმოკლე პაუზის შემდეგ და დააყოლა, – ძედ, მომეცი ერთი ეგ პისტოლეტი... თავისივე იარაღით უნდა მოვუღო ბოლო!

– შენი „ბრაუნინგი“ სად არის? – ჰკითხა მრისხანედ ასაკოვანმა ქურდმა.

– სადღაც დავკარგე და ახლის დათრევა ვერ მოვასწარი, – იყო პასუხი.

უცბად გონება გამინათდა: რომა აკოინიკოვის თვალთვალი, ეგორის მკვლელობა, ვარვარას სიტყვები, მისი მოწამვლა... – ამ ყველაფერმა „ბრაუნინგის“ სისტემის პისტოლეტის ირგვლივ დაიწყო ტრიალი. გოშა არანჟევი მომიბრუნდა და ჩემს სკამს წიხლი ჰკრა:

– ადექი, შენი!

ფეხზე წამოვდექი. გოშამ კარისკენ მიბიძგა. ასაკიანი არც კი განძრეულა, მხოლოდ იმ შავგვრემანს მიუგდო ცივად:

– ჩორნა, გაჰყევი!

შავგვრემანიც წამოდგა. „ან ახლა, ან არასდროს! “ – გავიფიქრე და, რაც ძალა და ღონე მქონდა, ხელები განზე გავწიე – ნახევრად ჩახეული სკოჩი დამყვა და ხელები გავითავისუფლე... წამის მეოთხედში მოვასწარი – თავს დავესხი გოშას, ხელი ამოვუტრიალე და, მოულოდნელობისგან გახევებულს იარაღი წავგლიჯე, გაბრაზებულმა, ემოციისგან ქართულად შევაგინე და ორი ტყვია ზედიზედ თავში დავახალე. არანჟევი კედელს მიეხეთქა, ჩამოცურდა და სისხლიანი კვალი დატოვა. ამასობაში შავგვრემანი გონს მოეგო, იარაღი „დააძრო“, დამცველი მოხსნა და ჩვენ პისტოლეტები თითქმის ერთდროულად მივუშვირეთ ერთმანეთს.

– იარაღი დაუშვი, თორემ, მოგკლავ! – დავუყვირე და ლულა თვალებს შორის გავუსწორე.

– არც გავიფიქრებ! – შევატყვე, ხელები უკანკალებდა და პასუხი  ქართულად გამცა: – შენ ქურდი „დაბრიდე“... ჩემი ბიძაშვილიც რომ აღმოჩნდე, ჩაგაძაღლებ!

– მე ქურდს კი არა, ბერის მკვლელს ვესროლე! – რუსულად გავეპასუხე, რადგან, მინდოდა, იმ „ზეკსაც“ მოესმინა. ის კი არც წამოწეულა, ისე დამიღრიალა:

– ვინ ხარ?

– ქართველი ვარ, „შემსრულებელი“. ჩემი საქმე მაქვს ბოლომდე მისაყვანი! – ვუპასუხე მათივე ჟარგონით, რათა მილიციელი ან პოლიციელი არ ვგონებოდი და შავგვრემანს დავემუქრე: – იარაღი დაუშვი, თორემ, დედაჩემის სახელს ვფიცავ, შენც ზედ მიგაყოლებ!

– ჩორნა, დაუშვი იარაღი! – უბრძანა ასაკიანმა კრიმინალმა.

– ამან მიშა დაბრიდა, ჩვენც დაგვხოცავს!

– არავის მოკვლას აღარ ვაპირებ, მხოლოდ მომისმინეთ და სამართლიანად გადაწყვიტეთ! – ჩავილაპარაკე ისე, რომ შავგვრემანისთვის არც თვალი მომიცილებია და არც იარაღი.

– იარაღი მაგიდაზე დადე! – „ზეკმა“ ხმაში ფოლადი გამოურია. შავგვრემანი დაჰყვა, ნელ-ნელა ჩამოუშვა „მაკაროვი“, ხმაურით დაუდო ასაკიანს წინ და თავის ადგილას დაბრუნდა მოღუშული სახით.

 გოშასკენ ცალი თვალი გავაპარე – მისგან საშიშროება აღარ მელოდა, რადგან, რუსული გამოთქმის არ იყოს, მკვდარზე მკვდარი იყო. მაგიდას მივუახლოვდი და ხანში შესული ქურდის წინ ისე ჩამოვჯექი, რომ ჩორნა მხედველობის არეში მყოლოდა.

 – აბა, ამოღერღე, რისი თქმა გინდა! – მრისხანედ მომმართა „ზეკმა“.

– იმ კაცის სახელს მეკითხებოდით, არა, ვინც ეგორ კაზაკოვს უთვალთვალებდა?

– ჰო, მაგას გეკითხებოდით? 

– ის ამ ნაბიჭვრის ბიძაშვილი, რომა აკოინიკოვი იყო.

– ტყუის! – წამოხტა შავგვრემანი.

– ადგილზე დაბრუნდი! – უბრძანა კვლავ ასაკით უფროსმა. ისიც დაემორჩილა.

– გოშა ბევრს ხტუნაობდა, მაგრამ, მაინც, რატომ გგონია, რომ კაბანი სწორედ მან მოკლა? – კვლავ მომიბრუნდა ჭაღარა ქურდი.

– ყველაფერი ისედაც ნათელია: რომა აკოინიკოვი უთვალთვალებს ეგორს, მერე ჩვენ მივდივართ ქალაქგარეთ და, როცა ჩამოვდივარ, ვიგებ, რომ კაბანი მოკლეს. მერე ეგორის ყოფილი საყვარელი შინ იმის სათქმელად მიბარებს, რომ იცის, ვინ მოკლა კაბანი, მე კი მივდივარ და ქალს მკვდარს ვპოულობ. ამ დროს, ეს, – თვალს წამით მკვდარი არანჟევისკენ ვაპარებ, – ამბობს, რომ თავისი „ბრაუნინგი“ დაკარგა. ეგორ კაზაკოვი კი „ბრაუნინგით“ მოკლეს და იარაღი მკვდარს ხელში ჩაუდეს, რათა თვითმკვლელობის ვერსია გაჟღერებულიყო. რომა აკოინიკოვი, რომელსაც გულზე არ ვეხატები, ფიქრობს, რომ ერთი გასროლით ორ კურდღელს მოკლავს თანაც – სხვისი ხელით. როგორც ხედავთ, „ამან“ და მისმა ბიძაშვილმა ყველაფერი წინასწარ დაგეგმეს, თქვენ კი, ასე ვთქვათ, გამოგიყენეს და „აგიფარეს“, – ამისთვის მოიგონეს ის სისულელე, ვითომ მე ჩავშალე ვლად რიმსკისთან მოლაპარაკება. ეჭვი მაქვს, რომ რომას ზედმეტი მოწმეები არ სჭირდება და, შესაძლოა, ახლა აქეთ შეიარაღებული „სპეცნაზი“ მოემართება. ბუნებრივია, თქვენ ცოცხლად არ ჩაბარდებით, მკვდარი კი ცოცხალზე უკეთესია, როცა საქმე საიდუმლოს არგამჟღავნებას ეხება.

მონოლოგს მოვრჩი და „ზეკს“ თვალი თვალში გავუყარე. ის კი იჯდა და ფიქრობდა.

ბოლოს შავგვრემანს მიუბრუნდა:

– მართალს უნდა ამბობდეს!

– რა ვქნათ, ძედ? – შავგვრემანს ხმაში შიში შეეპარა.

– რა უნდა ქნათ და, აქედან უნდა დაახვიოთ, თანაც, რაც შეიძლება ჩქარა! – დავასწარი პასუხი „ზეკს,” რომელიც მაშინვე წამოდგა, ჩორნას დაგდებული იარაღი ქამარში გაირჭო და ასეთი სიტყვებით მიმართა: – „მოდი, მომეხმარე!“ 

მხოლოდ მაშინ შევნიშნე, რომ ასაკიან ქურდს ცალი ფეხი მუხლამდე თაბაშირში ჰქონდა და მისი უმოქმედობის მიზეზსაც მივხვდი. ჩორნას დახმარებით, ხანში შესული კრიმინალი გაჭირვებით მოთავსდა „ბეემვეს ჯიპის“ წინა სავარძელზე და თანამზრახველს მიუგდო:

 – კანისტრა აიღე! ხატა, თავისი ტრუპით, უნდა დაიწვას! 

ჩორნამ აღარ გაამეორებინა და 15 წუთში ხის სახლი ცეცხლის ალში გაეხვია. შავგვრემანი საჭესთან მოთავსდა. უკანა კარი გამოვაღე, სიტყვებით – მეც გამოგყვებით! „ზეკმა“ თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და მეც სწრაფად ჩავჯექი.

– უნდა გავარკვიოთ, – წამოვიწყე დაბალი ხმით, როცა მანქანამ ტრასაზე გაივაკა.

– რა უნდა გავარკვიოთ? – შავგვრემანმა სიჩქარეს მოუკლო.

– ვისი ხელით უნდა დაისაჯოს რომა აკოინიკოვი! – დავაკონკრეტე.

– ორივე მხარეს გვაქვს მიზეზი მის ჩასაძაღლებლად, – ჩაილაპარაკა ძედმა.

– გოშას მართალი ტყვია მოხვდა, ასე არ არის? – ვიკითხე მცირე პაუზის შემდეგ, – ყველაფერი რომ მანამდე გამჟღავნებულიყო, გოშა არანჟევი ვისი ხელით იყო მოსაკლავი?

– გოშა ჩვენი ხელით უნდა მომკვდარიყო! – მკაცრად წარმოთქვა ასაკიანმა.

– თქვენი გასაკეთებელი მე გავაკეთე! – ვთქვი მტკიცედ, – ახლა რომა აკოინიკოვის ჯერია, იმიტომ რომ, თუ იცოცხლებს, რამე რომ იყოს, თქვენს საქმეში კიდევ ერთი ფურცელი ჩაიკერება და ის თავისი ბიძაშვილის მკვლელობას თქვენ აგკიდებთ.

– ეგ ძაღლიშვილი ორივესგან მოსაკლავია, მაგრამ, ბარი-ბარში რომ ვიყოთ, მაგ საქმეს ჩვენ მივხედავთ, არა, ჩორნა? – ირიბად გადახედა ფეხთაბაშირიანმა ქურდმა გვერდით მჯდომს, რომელმაც მხრები აიჩეჩა და უდარდელად ჩაილაპარაკა: – რა პრობლემაა, ძედ! ოღონდ, დღეს რაც მოხდა, უნდა დაივიწყო! – ახლა მე მომიტრიალდა ჩორნა.

– ეს მეც მაძლევს ხელს! – ვთქვი და შავგვრემანს მხარზე მოვუტყაპუნე ხელი: – ახლა ჩემი მობილური დამიბრუნეთ და მოსკოვის მისადგომებთან ჩამომსვით – სამი შეიარაღებული კაცის დედაქალაქში „გასეირნება“ საშიში თამაში იქნებოდა!

როცა მანქანა გარეუბანში გაჩერდა და კარი გავაღე, ქურდებს ასეთი სიტყვებით დავემშვიდობე: 

– ცოტა ხანს გავუჩინარდები და „ახალ ამბავს“ დაველოდები!

– დიდხანს ლოდინი არ მოგიწევს! – გადმომძახა შავგვრემანმა და, როცა მანქანიდან გადმოვედი „ბეემვეს ჯიპი“ დიდი სისწრაფით მოსწყვიტა ადგილს.

ტაქსის დაჭერა გამიჭირდა, მაგრამ, დილის 6 საათზე უკვე კამენსკის ქუჩაზე ვიყავი. მიხაილ კირსინოვმა კარი თვითონ გააღო, ნამძინარევი თვალები მოიფშვნიტა და  გაკვირვებით აღმოხდა:

– რამე მოხდა?!

– შენთან უნდა დავიმალო, – ვუთხარი და მის დაბნეულ გამომეტყველებაზე გამეღიმა, – თუ შინ შემომიშვებ, ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები.

– მაგას რა კითხვა უნდა, მოდი... მოდი!

***

იმ შავგვრემანი ქურდის, ჩორნას, თქმის არ იყოს, დიდხანს დამალვა არ მომიწია – იმ შემთხვევიდან ხუთი დღის შემდეგ მიხაილი სამსახურიდან დაბრუნდა და საზეიმოდ გამომიცხადა:

– შეგიძლია, შენს „მოძღვართან“ გამოცხადდე. რომა აკოინიკოვი ორი დღის წინ გაუჩინარდა და, ეჭვი მაქვს, მის კვალს არათუ რიმსკი, ეშმაკიც ვერ მიაგნებს!

– ჰო, ალბათ, ჩემ მაგივრად  „ჩაადნეს“ კაუსტიკური სოდით სავსე კასრში, – ჩავილაპარაკე შუბლშეჭმუხვნით და მეორე დილითვე ვლად რიმსკის ოფისში გამოვეცხადე.

– სად იყავი? გირეკავდი და მობილური გამორთული გქონდა! – „მამა“ ვლადი გაბრაზებული ჩანდა.

– სადარბაზოსთან მძარცველები დამესხნენ  და თავში რაღაც ჩამარტყეს... ტვინის შერყევით საავადმყოფოში ვიწექი. კიდევ დიდხანს გამაჩერებდნენ, რომ არ გამოვპარულიყავი, – ვიმართლე თავი.

– ეს რომაც სად ჯანდაბაში გადაიკარგა... – „სახალხო ტაძრის“ წინამძღოლი წამოდგა და ოთახში ნერვულად გაიარ-გამოიარა, – ერთ კვირაში ინდოეთში გამგზავრებას ვგეგმავ და თუ მანამდე არ გამოჩნდა, შენ მოგიწევს ჩემთან ერთად წამოსვლა.

– როგორც იტყვით, მამაო, – განვუცხადე მორჩილად და, შევეცადე, სიხარული არ შემტყობოდა.

პირველი, ვისაც ეს გავუმხილე, მიხაილი იყო. კირსანოვმა ფართოდ გაიღიმა, მხარზე ხელი შემომკრა და მითხრა:

– როგორც ვატყობ, მალე რიმსკის მასწავლებელს მახეში გავაბამთ.

– იმედია.

მიხაილი სავარძელში მოხერხებულად მოკალათდა, თავისი საყვარელი სასმელი ჭიქებში ჩამოასხა და ხელები მოიფშვნიტა:

– ახლა კი, ჩემო მეგობარო, სანამ ნასტიასთან გაგიქუსლავს, ერთი-ორი ჭიქით ჩვენი წარმატება აღვნიშნოთ.

***

თვითმფრინავი დელის აეროპორტში დაეშვა. ვლად რიმსკი გადაჭედილ დარბაზში მჭევრმეტყველების ოსტატი კი იყო, მაგრამ, პირად საუბრებში საკმაოდ სიტყვაძუნწი გახლდათ. თვითმფრინავში სულ ორიოდე წინადადება მითხრა და მათ შორის ერთ-ერთი ასე ჟღერდა: „ალექსანდრ, ჩვენ დელიდან ავტობუსით უნდა გავემგზავროთ მუმბაიმდე... მერე იქიდან მატარებლით – ერთ-ერთ სოფლამდე. შენ ამ სოფელში დარჩები და ჩემს დაბრუნებას დაელოდები“.

მისმა ამ ფრაზამ საგონებელში ჩამაგდო და ამიტომ მთელი გზა არც მე ვიყავი ხმის ამოღების გუნებაზე. საკრედიტო ბარათების გამოყენება დელიში რთულია, ამიტომ, აეროპორტის შენობის ბანკომატში გადავცვალეთ ადგილობრივ ვალუტაზე – 100 დოლარი 4 000 რუპიად გადახურდავდა. სულ 500-500 დოლარი გადავცვალეთ და საკმაოდ სოლიდური თანხა გამოგვივიდა, რადგან, როგორც ვიცოდი, ინდოეთში ბინის, ტრანსპორტისა და საკვების ფასების ჩათვლით, დღეში 50 დოლარად  რაჯასავით იცხოვრებ. ავტობუსით მუმბაიმდე ჩავაღწიეთ და ღამის გასათევად სასტუმროში დავბინავდით. რიმსკიმ ცალკე ოთახში ინება „განთავსება“. მეც ეს მინდოდა და შუაღამისას, როცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ალბათ, ღრმა ძილმა წაიღო, სასტუმრო ჩუმად დავტოვე და უახლოესი სატელეფონო ოფისი მოვძებნე.

– ალო, – გაისმა მამაკაცის არცთუ ბოხი ხმა, როცა მიხაილ კირსანოვის მიერ გადმოცემული ნომერი ავკრიფე.

– ალექსანდრ ორლოვი ვარ, – ვუთხარი ინგლისურად, – ინდოეთში ცხელი დღეები დაიწყო.

– დიახ, როგორც სინოპტიკოსებმა ივარაუდეს... – მანაც საპაროლო ფრაზა წარმოთქვა და მკითხა: – სად ხართ?

– მუმბაიში.

– სად გაჩერდით?

– სასტუმრო „ლოტოსში“

– საით მიემართებით?

– სუნდარბანისკენ.

– უფრო კონკრეტულად?

– ობიექტმა რაღაც სოფელი ახსენა... ჰო, ჯაგდამბა... მაგრამ, პრობლემა გვაქვს – ობიექტი ჩემს დატოვებას ამ სოფელში გეგმავს და „ქურუმთან“ მარტო მიემართება.

– ეს მოსალოდნელი იყო. ნუ ღელავთ, ჩვენ ვიცით, როგორ ვიმოქმედოთ. დაასახელეთ თქვენი ზუსტი ადგილსამყოფელი ამ წუთისთვის.

– ნეპალის ქუჩა 219.

– გასაგებია. არსად წახვიდეთ. დაახლოებით ერთ საათში მოგაკითხავენ და გკითხავენ: „ტაქსი ხომ არ გნებავთ?“ თქვენი საპასუხო სიტყვები უნდა იყოს: „რა თქმა უნდა“.

– გასაგებია!

ერთ საათში ჩემ წინ შავ-ყვითლად შეღებილი ძველი „ფორდი“ გაჩერდა, მოყვითალოსახიანმა მძღოლმა თავი გადმოყო და დამიძახა:

– ტაქსი ხომ არ გნებავთ?

– რა თქმა უნდა! – მივუგე და წინა კარი გამოვაღე.

– თქვენთვის რაღაც მაქვს გადმოსაცემი, – ჩავჯექი თუ არა, მითხრა ინდუსმა მამაკაცმა აქცენტიანი ინგლისურით.

– იმედია, იარაღია და კავშირგაბმულობის უახლესი მიღწევა.

– მსგავსი არაფერია. იარაღი და რაცია ადვილი აღმოსაჩენია, – ამ სიტყვებით პოლიეთილენის პაკეტით თეთრი ფხვნილისებრი ნივთიერება და სველი ხელსახოცების პატარა შეკვრა გადმომცა.

– ეგ რა არის? – ვერ დავმალე გაოცება.

– მატარებლით რამდენიმე დღე ივლით. ამ ფხვნილს პირველივე ღამეს შეუმჩნევლად მოუფრქვევთ ბალიშზე ობიექტს, თქვენ კი ამ აბს მიიღებთ, – და გამომიწოდა მოყვითალო, პატარა აბი.

– თქვენ რა, გინდათ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მოვწამლო?

– ნუ ღელავთ, ეს მხოლოდ ბაქტერიაა, რომელიც მღრღნელებს გადააქვთ. მას სწრაფი მოქმედება ახასიათებს და ფილტვებს აზიანებს, ამიტომ, ობიექტი ჯუნგლებში მარტო გადაადგილებას ვეღარ შეძლებს. ასე რომ, ინსტრუქციის მიხედვით უნდა იმოქმედოთ  – „ქურუმამდე“ მხოლოდ ამ გზით მიაღწევთ.

– ეს მეორე რა არის?

– სველი ხელსახოცებია. არ დაკარგოთ. მუდმივად ხელში გეკავოთ და, სანამ გაშრება, მათი მეშვეობით უნდა მონიშნოთ თქვენი გადაადგილების ტრაექტორია იქ, სუნდარბანის ჯუნგლებში. ეჭვს არავინ აიღებს, რადგან, სიცხეში ასეთი ხელსახოცების გამოყენება ჩვეულებრივი ამბავია. ეს ნივთიერება, რომელსაც ეს ხელსახოცები შეიცავს, მხოლოდ ლაზერული განათების მეშვეობით ჩანს. ამიტომ, „ფესიქიუთის“ წევრები შეფერხებითა და მხოლოდ ღამით ივლიან თქვენს კვალზე. მათი მიახლოების ნიშანი ალისფერი მაშხალა იქნება, თქვენი მოვალეობა კი –  „ქურუმის“ გაქცევის ყოველგვარი მცდელობის ალაგმვა. აქედან ჩვენი კაცი აგედევნებათ, ყოველი შემთხვევისთვის – იქნებ, ობიექტმა კვალის არევის მიზნით გეზი შეიცვალოს... და, ბოლოს, გახსოვდეთ, რომ თქვენი დევნის ობიექტია არა ის, ვისაც მიჰყვებით, არამედ ის, ვისაც იქ ნახავთ.

– ეს ვიცი.

– მაშ, იღბლიან „ნადირობას“ გისურვებთ!

– ამის იმედი მაქვს!

***

მეორე დღის საღამოს ინდოეთის ხრიოკ და მცხუნვარე მიწას სერავდა ჩვენი მატარებელი. მთელ ვაგონში აუტანელი სიცხე და ოფლისა და ჭუჭყის სუნი იდგა, თუმცა, ინდოელები ძალიან მხიარული ხალხი აღმოჩნდა, სულ გვიღიმოდნენ და ჩვენთვის უცხო სიტყვებს გვეძახდნენ. მზისგულა და ყამირი ადგილები მეორე დღისთვის სიმწვანემ და ზეგნებმა შეცვალა; ტყეები უფრო და უფრო გახშირდა და გამუქდა. წარმოდგენაც არ მქონდა, საით მივემართებოდით, თუმცა, ჩემთვის სულერთი იყო, რადგან, მე იქ ტაჯმაჰალისა და თანამედროვე არქიტექტურის თვალსაჩინო ნიმუშად მიჩნეული ლოტოსის ტაძრის სანახავად არ ჩავსულვარ. ბოლოს, როგორც იქნა, მატარებელმა საბოლოოდ ამოიქშინა და რომელიღაც დაბაში გაჩერდა.

– ჩამოვედით? – ვკითხე მგზავრობით გაბეზრებულმა ვლად რიმსკის.

– ჯერ არა! – იყო მოკლე პასუხი.

სადგურში ძველისძველი ტაქსი ვამჯობინეთ რიქშას და საბოლოო სტანდარტის სასტუმროსკენ გავემართეთ, რომელიც იმ უბადრუკი მატარებლის შემდეგ ნამდვილ სამოთხედ მომეჩვენა. ცივი შხაპის შემდეგ კარგად მოშიებულებმა სასტუმროს რესტორანს მივაშურეთ. როცა ვლად რიმსკიმ შეკვეთილ კერძებს – მათარ პანირ ნაანს, რომელიც ძალიან ჰგავდა მრგვალ ლავაშს და, ლადუს – ნუშითა და ნიგვზით მომზადებულ ბარდის ბურთულებს მოუღო ბოლო, სხვათა შორის შევაპარე:

– მოძღვარო, კიდევ ბევრი დაგვრჩა დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად?

– ხვალ საღამოს შენ უკვე ადგილზე იქნები, მე კი კვლავ გზას გავუდგები, რომელიც სახიფათოა იმდენად, რამდენადაც, შეიძლება, ინდურ მარტორქას, ვეფხვს ან გარეულ კამეჩს გადაეყარო.

– კი მაგრამ, მამაო ვლად, ნება მომეცით, გეახლოთ და ჩემი მოვალეობა შევასრულო.

– არ არის საჭირო. მე იქ მეგზური დამხვდება, რომელიც დიდ მასწავლებელთან მიმიყვანს. თანაც, შენ ჯუნგლებში მცველად ვერ გამოდგები, რადგან სუნდარბანის ვეფხვები ისე ნადირობენ ადამიანებზე, როგორც კატები თაგვებზე და ხანდახან ლოგინიდანაც კი იტაცებენ მათ.

– აქედან რითი მივემგზავრებით?

– ეგრეთ წოდებული ავტოსტოპით!

„თფუ, ეშმაკმა წაგიღოს! – გავიფიქრე, – ეს მელა, ალბათ, კვალის აბნევას ცდილობს – ყოველი შემთხვევისთვის“.

როგორც იქნა, ჯაგდამბამდე მივაღწიეთ, რომელიც სულაც არ გახლდათ სოფელი, რაღაც უბადრუკ ქოხთა ერთობლიობა უფრო იყო. იქ მცხოვრებნი ფეხშიშველნი დატანტალებდნენ და მიწაზე მცოცავ კობრებს, რომლებიც სამი მაინც შევამჩნიე, ზედაც არ უყურებდნენ. ტანში გამცრა, როცა წარმოვიდგინე, რომ იმ არემარეში ღამე უნდა გამეთია და, ვინ იცის... მაგრამ, თავი ვაიძულე, მცურავებზე ფიქრი განმედევნა და მთელი გონება ჩემი დავალებისკენ მივმართე. ამ ფიქრში ალიზით შეთითხნილ ქოხს მივადექით, რომლის ეზოშიც ერთი ლეღვის ხე იდგა.

– რანჯეშ! – დაიყვირა რიმსკიმ.

„სავარაუდო კარზე“ ჩამოფარებული ფარდა გადაიწია და ვიღაც დაბალმა და თავჩალმიანმა კაცმა გამოიხედა, რომელსაც წითელი ნაჭერი ლაჯებში ჰქონდა ამოკრული.

– პჰაკტა! პჰაკტა! (უზენაესი უფლის ერთგული – ჰინდ.) – დაიყვირა დამხვდურმა და რიმსკის სიხარულით მიეგება.

ვლად რიმსკიმ ჩემთვის გაუგებარი წინადადება გადაულაპარაკა მასპინძელს, მან კი თავი დამიკრა და ორივენი ქოხში შეგვიპატიჟა. მალე ვიღაც მსუქანი ქალი მოვიდა, რომელსაც გულზე ყველანაირი ფერის ნახევრად ძვირფასი ქვები აესხა და პატარა ტაბლაზე ვახშამი დაგვილაგა: რძე, ბრინჯის კვერები და რაღაც ჩემთვის უცხო ნაყოფის მწნილი, რომელმაც გემოთი კიტრის მარინადი მომაგონა. „ინდოეთში რძის გარეშე არც ერთ კერძს არ ჭამენ!“ – გამკრა გონებაში და უბრალო თიხის ჭიქა პირთან არცთუ დიდი ენთუზიაზმით მივიტანე, რადგან, ალბათ, რაც დედამ ძუძუს მომაშორა, რძე არ დამილევია. მაგრამ, ჩემი განცდა რა მოსატანი იყო ვლად რიმსკისთან შედარებით, რომელსაც სახეზე კრუნჩხვის გრიმასა გამოეხატა და პირზე ხელი აიფარა.

– რა მოგდით, მოძღვარო! – ვკითხე შეშფოთებით, რადგან, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს სახეზე ნაცრისფერი ედო და ძლივს სუნთქავდა.

– მომეხმარე, ალექსანდრ, გარეთ უნდა გავიდე, ჰაერი არ მყოფნის...

– მაშინვე მხარში შევუდექი და, გარეთ გამოვედით თუ არა, გული აერია. ცოტა არ იყოს, სინდისის ქენჯნა ვიგრძენი – მივხვდი, იმ ფხვნილმა მოქმედება დაიწყო, თუმცა, თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ ცრუმეტყველმა ეს გზა თვითონ აირჩია, როცა ჯუნგლებში გაყოლაზე უარი განმიცხადა.

მთელი ღამე არ გვიძინია. „მოძღვარს“ კიდევ ორჯერ აერია გული და სანთლის შუქზე შევამჩნიე, რომ შედედებული სისხლის კოლტებიც ამოაყოლა. შეშფოთება შიშად მექცა – არ მოკვდეს ეს შეჩვენებული-მეთქი.

დილით, მზე ახლად ამოწვერილი იქნებოდა, რომ რანჯეშის ქოხს შავგვრემანი, შუახანს გადაცილებული კაცი მოადგა, ქოხში შემოიხედა, მოგვესალმა და, როცა მწოლიარე რიმსკი დაინახა, ინგლისურად იკითხა:

– რა დაემართა?

– არაფერია, შეიძლება მოსკიტმა მიკბინა, – თავი ძლივს წამოსწია „მამა“ ვლადმა და მერე ჩემკენ მოიხედა: – ეს ალექსანდრ ორლოვია, ჩემი მარჯვენა ხელი. ჩვენი კაცია.

– სიარულს შეძლებ? – შემოსულმა მხარიღლივ გადაკიდებული ძველისძველი „ბერეტას“ თოფი მოიხსნა და ხის მოკლე და ვიწრო საწოლზე, ჩემ გვერდით ჩამოჯდა.

– უნდა შევძლო! – ხვნეშით წამოდგა ავადმყოფი.

– არა მგონია, ლეშქაშები და მანგრები გაიარო! – მოსულმა პანამა მოიხადა და უნდო მზერა ჩემკენ გამოაპარა.

– ტომას, მუნისთან (ბრძენი – ჰინდ.) აუცილებლად უნდა მივიდე! – რიმსკი ბარბაცით მივიდა კედელთან და ლურსმანზე ჩამოკიდებული პერანგი ჩამოხსნა.

– გზაში დავარდები, ვლად, მე ვერაფრით დაგეხმარები! – გადაჭრით უთხრა მოსულმა.

– სამაგიეროდ, მე დავეხმარები! – განვაცხადე ომახიანად და ფეხზე წამოვდექი.

–  დიახ, ალექსანდრე ძლიერი და ერთგულია, მასწავლებლამდე ის მიმიყვანს! – გამოაცხადა რიმსკიმ ის-ის იყო, მოსულმა პირი გააღო საპასუხოდ, რომ ვლადმა გააწყვეტინა: – ჩემი პირადი პასუხისმგებლობით! 

ახალმოსულს აღარაფერი უთქვამს. ამასობაში რანჯეშიც გამოჩნდა სინზე დალაგებული მოხარშული კვერცხით, რძითა და ნივრიანი კვერებით. ვისაუზმეთ, თუმცა, „მამა“ ვლადს არაფერი უჭამია, მხოლოდ ცოტაოდენი რძე მოსვა, ისიც ღმეჭით. ბოლოს მე და რიმსკიმ თავზე კეპები მოვირგეთ, მე ზურგჩანთა მოვიკიდე და რანჯეშს მივყევით უკან, რომელიც სოფლის შუაგულისკენ გაგვიძღვა ხილით სავსე პატარა სინით ხელში. მომცრო მოედანზე ღია სამლოცველო იყო, რომლის შუაგულში ქალის ქანდაკება აღემართათ, შუბლზე კობრის გამოსახულებით.

– ეს მანასეა, მცურავთა ქალღმერთი, – გადმომიჩურჩულა ვლად რიმსკიმ, – ახლა რანჯეში მას სთხოვს, რომ შხამიანი გველებისგან დაგვიცვას.

– ესე იგი, სახიფათო გზას ვადგავართ! – ჩურჩულით მივუგე მეც.

– ჰო, ჯუნგლებში ვეფხვებზე საშიშები მცურავები არიან, თუმცა, ბენგალიის ზოლიან „კატებს“ ეშვებზე ადამიანის სისხლი სცხიათ... მაგრამ, მთავარია, დიდ აშვატჰამამდე მივაღწიოთ!

„აი, თურმე, რა ჰქვია „ქურუმს“ – აშვატჰამა! რადგან მისი სახელი ახსენა, ესე იგი, ბოლომდე მენდობა. ძალიანაც კარგი, ნდობას არ გაგიცრუებ!“ – გავიფიქრე და, როცა რანჯეშმა პატარა თასით წყალი მოგვასხურა და სამჯერ დაიძახა: „ვარუნა, ვარუნა, ვარუნა!“ (წყლის ნახევარღმერთი – ჰინდ.), გზას გავუდექით. სოფელი ჯუნგლის განაპირას მდებარეობდა და ჩვენ პირდაპირ უკაცრიელ და ნადირებით აფუთფუთებულ ტყეში შევაბიჯეთ. ნახევარი დღე მდინარის გასწვრივ ვიარეთ, მერე შლამიან სანაპიროს ჩამოვშორდით და პატარა გორაკისკენ ავიღეთ გეზი, რომელზეც ცოტა ხანს შევისვენეთ, რადგან, რიმსკი უფრო და უფრო სუსტდებოდა, ნახევარ საათში კი ისევ გზა განვაგრძეთ. ღამე ამაღლებულ ადგილას გავატარეთ. რიგრიგობით ვმორიგეობდით. ხანდახან ნადირის ხმაც აღწევდა ჩვენამდე: სადღაც ახლოს გარეული ტახები ტალახს დინგით თხრიდნენ, სადღაც ტურამაც დაიკივლა, საბედნიეროდ, ვეფხვის ბუხუნი ძალიან შორიდან მოისმოდა. გზას ადრიანად დავადექით, რომლით სიარულიც რთული იყო. ლიანებით, ჯაგნარებით გადახლართულ გზას ჩვენი მეგზური ხანჯლით კაფავდა. ბოლოს რიმსკიმ სიარული ვეღარ შეძლო და ჩამოგვრჩა. უკან  დავბრუნდი, „მოძღვარი“ მიწაზე ჩამომჯდარიყო და ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა სახიდან.

– ასე ვერ მივაღწევთ! – თვალით რიმსკიზე მიმანიშნა ასევე უკან მობრუნებულმა ტომასმა.

– ამას თუ წაიღებ, მე წამოვიყვან მამა ვლადს, – ზურგჩანთა მოვიხსენი და მეგზურს გავუწოდე, რომელმაც უკმაყოფილო სახით მოიკიდა ტვირთი ზურგზე და გზა ბურდღუნით განაგრძო. მე რიმსკი მარჯვენა ხელით მხარზე გადავიკიდე და ასე გაჭირვებით კვლავ გზას დავადექი. „სახალხო მკურნალი“ იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ვვარაუდობდი. ფეხი ნახევარჭაობში მეფლობოდა, რაღაც უცნაური მწერები ფეხებზე მკბენდნენ, თან, მხოლოდ სანდლები მეცვა; მაგრამ, არ ვნებდებოდი და „საპატიო ტვირთს“ გულმოდგინედ მივათრევდი, რომელიც უფრო და უფრო მძიმდებოდა. ვლადი შეძლებისდაგვარად მეხმიანებოდა და ფეხებს ძალით მოათრევდა, თან, ხშირ-ხშირად იმეორებდა ერთ ფრაზას: „მთავარია, დიდ აშვატჰამამდე მივაღწიო!“

დასასრული შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3