კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბავშვის აღზრდის ქართული მეთოდის რა ხარვეზები აყალიბებს უკვე ზრდასრულ მამაკაცებსა და ქალებში საპირისპირო სქესის დაჩაგვრისადმი მიდრეკილებას

იმ მიზეზით, რომ ქალთა უფლებებისთვის ოფიციალური მოძრაობა ევროპაში დაიწყო, ფემინიზმისა და ემანსიპაციის აკვნად სწორედ დასავლეთი იწოდება. ამის პარალელურად, აღმოსავლეთში ქალი, დღესაც კი, ძირითადად, კვლავ ნივთის სტატუსით სარგებლობს და თვით მრავალცოლიანობაც რეალური ფაქტია. ხოლო ჩვენ, ალბათ, რაკი გზაჯვარედინზე ვიმყოფებით, ორივე მიმართულების დადებითი ელემენტები შევითვისეთ და ჩვენთვის სასარგებლოდაც შევათავსეთ; კერძოდ, ფემინიზმიც შევისისხლხორცეთ და, ემანსიპირებულები, ყველა იმ პრივილეგიასაც მოვითხოვთ, რითაც პატრიარქალურ კულტურაში ქალი სარგებლობს. ევროპა-აზიის გასაყარ-შესაყარში მცხოვრები ქართველი ქალების თანდაყოლილ ფემინიზმსა და მოჩვენებით მორჩილებაზე ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ერთად ვისაუბრებთ.

–  საინტერესო სიმბიოზი მივიღეთ: მამაკაცებთან გათანაბრებასაც მივესალმებით და იმ სიკეთეებითაც ვსარგებლობთ, რის საშუალებასაც ქალის სტატუსი გვაძლევს. არის თუ არა ეს ბუნებრივი მდგომარეობა და შეგვიძლია თუ არა, ვთქვათ, რომ ქართველი ქალები მაინც მომგებიან მდგომარეობაში ვართ?

– როდესაც ადამიანი ცდილობს, მოიგოს ყველა ვარიანტიდან ერთდროულად, ეს ბუნებრივი მდგომარეობაა. რაც შეეხება ქალების მდგომარეობას კონკრეტულად საქართველოში: საქართველოს აქვს ერთი თავისებურება –  აქ ერთი კულტურული სტანდარტი არ არის და საზოგადოების შიგნით ძალიან ბევრი ფენა და ჯგუფია, რომლებშიც სხვადასხვა სტანდარტი მოქმედებს, ამიტომ, ერთიან კულტურულ ან ფსიქოლოგიურ ფენომენზე ლაპარაკი ძნელია, რადგან, მთაში მაცხოვრებლებს სხვა წესი ექნებათ, ბარის სოფლებში –  სხვა, ქალაქებსა და დედაქალაქში –  სხვა, დედაქალაქის უბნებს შორისაც იქნება განსხვავება და ასე შემდეგ. თქვენ დასვით საკითხი, რომელიც, ალბათ, მაინც გულისხმობს ისეთ ფენას, რომელიც ცდილობს ევროპული სტანდარტების გატარებას და, თან, ამავე დროს, ატარებს ქართულ სტანდარტებს ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. მაგრამ არის მეორე ფენომენიც, რომელიც მცირე ერებს და, მათ შორის, ქართველ ერს ახასიათებს: მცირე ერებში ქალები აქტიურები არიან.

– რატომ? კაცებს რა სჭირთ?

– საუკუნეთა განმავლობაში მცირე ერებს არ ჰქონდათ იმის რესურსი, რომ ბრძოლა მხოლოდ კაცების საქმე ყოფილიყო და ამიტომ ამ სუფთა კაცურ საქმეს თანაბრად ეწეოდნენ მამაკაცებიც და ქალებიც. აუცილებელი არ არის, ეს მაია წყნეთელის დონეზე ყოფილიყო, მაგრამ ქალის სახით კაცს მყარი საყრდენი ჰყავდა, ბრძოლაშიც კი. ამდენად, ქალშიც ჩამოყალიბდა გარკვეული კაცური თვისებები, იმიტომ რომ, ბრძოლა აყალიბებს მამაკაცურ თვისებებს: რისკიანობას, გადაწყვეტილების უცბად მიღებას და ასე შემდეგ. აი, ეს მამაკაცური ელემენტები ქართველი ქალის ხასიათში კიდევ უფრო მეტია და, აქ კავკასიური მომენტიც ასრულებს როლს და აზიურიც.

– მე არ მაქვს აქტიური ურთიერთობა ჩრდილოკავკასიელებთან, მაგრამ, რაც მაქვს, იმ გამოცდილებით შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ჩრდილოკავკასიელი ქალები არ არიან ისეთი „მამალი ქალები,” როგორებიც არიან ქართველები.

– მართალი ბრძანდებით, ჩემთვისაც უპრეცედენტო ტიპია ქართველი ქალის სიმამლე. ერთ-ერთი ფენომენი, რაც ჩვენს ქალებთან დაფიქსირდა, იყო ჭადრაკის ფენომენი და, ამხელა სხვაობა ქალებისა და კაცების მიღწევებს შორის ამ ძალიან ინტელექტუალურ საქმეში, თავისთავად, კარგი საკვლევი თემაა. ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ, რომ გარდამავალ პერიოდსაც ქალებმა უფრო ადვილად აუღეს ალღო; ბიზნესსა თუ ადმინისტრაციულ საქმიანობას ქალი ადვილად შეეგუა. ამიტომ, მგონია, რომ ეს კაცურობა, დამოუკიდებლობა ქართველ ქალს ბუნებითაც აქვს და ევროპა ამისთვის არ სჭირდება.

– ქართველი ქალისა და კაცის ხასიათს კარგად ავლენს „ვეფხისტყაოსნის“ ის ადგილი, როდესაც ტარიელს საყვარელ ქალს ართმევენ, სამეფოს ართმევენ და ის, მთას რომ მოხეთქავს შიშველი ხელით, ტირის გულამოსკვნილი, სანამ ნესტანი არ ეტყვის, ადექი და დოხოცე ყველა, რა გატირებსო. ანუ ეს ფენომენი არ არის ახალი?

– ნესტანი და თინათინიც საკმაოდ მამალი ქალები არიან და ამ ფონზე უდრტვინველად იღებენ ყველა იმ ელემენტს, რაც კაცურ რაინდობას შეეფერება. ერთი ფრაგმენტი გამახსენდა: დეპუტატობის დროს ამერიკაში ვიყავი მარტო და თარჯიმნად გამომიყვეს უკრაინელი გოგონა. მართალია, მისი წინაპრები ემიგრანტები იყვნენ, მაგრამ, ის უკვე დაბადებული და გაზრდილი იყო ამერიკაში. შევხვდით ერთმანეთს აეროპორტში, კარი გავუღე, წინ გავუშვი –  ავტომატურად მოვიქეცი ასე, მაგრამ, მეორე დილას, საუზმეზე, მითხრა,  უნდა გთხოვოთ ერთი რამ, ჩვენთან მიღებული არ არის ასეთი საქციელი, მეც ისეთივე ადამიანი ვარ, როგორიც თქვენ და, ასე რომ იქცევით, ეს ჩემი შეურაცხყოფააო.

– როგორაა შეურაცხყოფა, თან, მოგემსახურებიან, თან –  ყველა უფლებით ისარგებლებ.

– მეც ამისკენ მივდივარ. მე ვუპასუხე, მესმის ძალიან კარგად, არც მიფიქრია თქვენი შეურაცხყოფა, ოღონდ, ეს ჩემი ქვეყნის ჩვევებია. რადგან მე მხოლოდ ორი კვირით ვარ თქვენთან, ეს ორი კვირა, რაკი მასპინძელი ხართ, გევალებათ, უფრო ტოლერანტული იყოთ სტუმრის მიმართ და ამიტომ მე ჩემი ჩვევების მიხედვით გავაგრძელებ-მეთქი. არ უნდა ვიყო ტოლერანტულიო, ვერ მითხრა და დამთანხმდა. რაც თავში სხვა დროს არ მომსვლია, ყველაფერი გავიხსენე ყოფაქცევის ნორმებიდან და თავგადაკლული ველოლიავებოდი ყოველმხრივ. მეორე დილას მეუბნება: ხომ მოვითმინე ერთი დღე, მაგრამ, ძალიან გთხოვთ, ჩემს ვარიანტზე გადმოვიდეთ, იმიტომ რომ, მესიამოვნაო. ამიტყდა ხარხარი. თუ გესიამოვნა, რატომ იტანჯავ თავს?! იმიტომ გიამბეთ ეს მაგალითი, რომ მას, თვითშეფასებისთვის, რომ ის მაგარია, სჭირდება, როგორმე კაცს გაემიჯნოს და კაცის დონეზე დადგეს, თუ არადა, მიაჩნია, რომ დაბალ დონეზეა.

– უცნაური ხედვაა.

– დიახ, ქართველი ქალი კაცის მომსახურებას იღებს არა იმად, რომ თვითონაა დაბალ დონეზე, არამედ იმად, რომ კაცია დაბალ დონეზე.

– არ მიწყინონ კაცებმა, მაგრამ, ეს ხაზს უსვამს, რომ მე, ანუ ქალი, ვარ მთავარი პერსონა  და დიდსულოვნად ვაძლევ უფლებას, გამომიწიოს სკამი.

– რა თქმა უნდა. იმ ფრაზას მოვაყოლე, რომ ქართველ ქალს არ სჭირდება დასავლური ემანსიპაცია, თუმცა დასავლურ ემანსიპაციასა და ფემინისტურ მოძრაობას აქვს ძალიან ბევრი, უდავოდ, გასაზიარებელი ელემენტი.

– მოვიწონოთ თავი და გავიხსენოთ, რომ ჩვენი პირველი რესპუბლიკის დროს არათუ ხმის უფლება გვქონდა, ქალი დეპუტატი გვყავდა ოთხი.

– დასავლეთში დაემატა და დღემდე გრძელდება გათანაბრება ქალისა, როგორც დაბლა მდგომის, კაცთან. აი, ეს მოდელი საქართველოში არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ფენაში, იმიტომაც ვახსენე ფენები, კაცი ქალს ექცევა, როგორც მოსამსახურეს. იქ ქალი უკვე შეგუებულია ამ როლს და სხვანაირად ვერ წარმოუდგენია, ან, ქალი ტრიალდება და თავის გზას ნახულობს.

– თუმცა იმავე ფენებში, სადაც კაცი თავისი ოჯახის წევრ ქალს აღიქვამს მოსამსახურედ, სულ სხვაგვარად ექცევა სხვა ქალებს.

– რა თქმა უნდა, შემდეგ შემოდის საყვარლის ინსტიტუტი, რომელიც სულ სხვა ურთიერთობაა, ვიდრე ცოლ-ქმრის ურთიერთობა.

– საყვარელსაც თავი დავანებოთ, ნაცნობ ქალებსაც არ ექცევა ისე, როგორც საკუთარ ცოლს.

– აქ ძალიან ბევრი ფაქტორი იქსოვება ერთმანეთში. ჩვენ ახლა ვახსენეთ ქალის თვითშეფასება, ანუ ქალის დამოკიდებულება თავისი თავის მიმართ, მაგრამ პრობლემაა კაცის დამოკიდებულებაც თავისი თავისადმი. ძალიან ხშირად ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ქალისადმი ასეთი მოქცევის უკან კაცის თვითდამკვიდრების სურვილი იკითხება.

– კაცი რაც უფრო არარეალიზებული და არაფრის მაქნისია გარეთ, მით უფრო ტირანია შიგნით, ანუ ოჯახში –  აბა, სხვას ვის უნდა აჩვენოს თავისი ძალა?!

– დაახლოებით, ასე გამოდის. ასე რომ, რაც უფრო თვითკმაყოფილია ქალი ან კაცი, ის ნაკლებად ცდილობს, თავის პარტნიორთან ურთიერთობით აიმაღლოს საკუთარი თავის ფასი და, უმეტესწილად, პარტნიორს იღებს ისეთს, როგორიც არის. თუკი ქალი არ არის კმაყოფილი საკუთარი თავით, ცდილობს, აჯობოს კაცს; თუ კაცი არ არის თვითკმაყოფილი, ცდილობს, აჯობოს ქალს. როცა ორივე თვითკმაყოფილია, ერთმანეთს არ ეჯიბრებიან. სხვა საკითხია, გამოვა თუ არა პარტნიორობა, მაგრამ, რაც მთავარია, ეს არ არის შეჯიბრება. უფრო ხშირად კი ქალისა და კაცის ურთიერთობა არის შეჯიბრი და ეს არ არის არც ქალის და არც კაცის ბრალი. ჩვენთან ბავშვის აღზრდის სისტემაშია ბევრი პრობლემა. მშობელი ძალიან ხშირად ბავშვებს რეპრესიებს უწევს იმ ასაკში, ანუ, 5 წლამდე, როდესაც ბავშვი, პირიქით, უნდა გაანებივრონ. ჩვენთან, საერთოდ, ბავშვის განებივრება ცოტა ცუდად აღიქმება. ხშირ შემთხვევაში, ან ანებივრებენ მაშინ, როდესაც არ უნდა გაანებივრონ, ანუ უკვე მოზრდილს, მაშინ, როდესაც, პატარა ბავშვს, რომელიც თავისი ჭიჭყინით გულს უწუხებს, შეიძლება, თავში წამოარტყან, რომ გააჩუმონ. არადა, იმ პერიოდში ბავშვის პიროვნების დათრგუნვა არის იმის მიზეზი, რომ, შემდეგ, მთელი ცხოვრების განმავლობაში, ვაჟი იქნება ის თუ გოგონა, ცდილობს ამის კომპენსაციას უკვე ვიღაც სხვის დათრგუნვის ხარჯზე.

– ევროპაში ქალთა ემანსიპაციის მიზანია, რომ ქალმა აიწიოს მამაკაცის სიმაღლემდე. ჩვენთან რა ხდებოდა: ქალი იდგა განყენებულად, კაცის გვერდით, დაბლა, მაღლა თუ სად?

– მე მაინც მგონია, რომ ევროპა უფრო პატრიარქალური იყო, ვიდრე ჩვენი კულტურა. მიუხედავად ქალისადმი დამთრგუნველი დამოკიდებულებისა, აზიასაც სხვანაირი გადანაწილება აქვს როლების, რაც ჩვენ, უბრალოდ, ცუდად გვაქვს შესწავლილი, მაგრამ, იმ სიმკაცრის გვერდით, რომელიც გარედან ჩანს, ქალის მიმართ სხვა ტიპის დადებითი დამოკიდებულებაც არის. ჩვენთან, როგორც მცირე ქვეყანაში, იმდენად მნიშვნელოვანი იყო ოჯახის ყველა წევრი, მით უმეტეს, ქალი, რომ მისთვის ანგარიშის არგაწევა არ შეიძლებოდა. ევროპულ სინამდვილეში კი შეიძლებოდა, ქალისთვის ანგარიში არ გაეწიათ. ბოლოს და ბოლოს, ის ევროპა, რაზეც ვლაპარაკობთ, ველურ ტომებში რომაული ტრადიციების თავსმოხვევის შედეგად ჩამოყალიბდა და, როგორ გადაიხარშა ამ ველურ ტომებში ეს რომაული მოდელი?!

– თუმცა ქრისტიანობის პერიოდშიც უამრავი ქალი დაწვეს კოცონზე, რეალურად, გარეგნობის, ოფიციალურად –  კუდიანობის მოტივით.

– ეს მცირე ისტორიული ზურგის ბრალია. მცირე ჰქვია, რადგან, მაგალითად, ეგვიპტემ, როგორც ეგვიპტემ, 4 000 წელი იარსება, ევროპა კი დღემდე მხოლოდ 2 000 წელია, არსებობს. დიდი ისტორიული ზურგის მქონე ერებს აღარც ახსოვთ, რატომ, მაგრამ, რაღაცეები ახასიათებთ, რაზე გადახტომაც არ არის მიღებული. მცირე ისტორიული ზურგის პირობებში, როგორც წესი, ცდილობენ, იპოვონ რაციონალიზმი, ეთიკაში კი რაციონალიზმის პოვნა ძალიან ძნელია, ამიტომაც უჭირს ევროპას მუდმივად სწორედ ეთიკურ საკითხებში. არადა, ეს ეთიკური პრობლემებია წამყვანი მათთვის ბოლო 200 წლის განმავლობაში, მაშინ, როდესაც აზიის არცერთ ქვეყანას არ დასდგომია საკითხი, როგორ შევინარჩუნოთ ეთიკურობაო. ანალოგიურად, სწორედ ევროპაში გაჩნდა პრობლემა, რა სტანდარტით უნდა იურთიერთო ქალთან, იმიტომ რომ, ეს ურთიერობა ყოველგვარ სტანდარტს იყო მოკლებული. აღმოსავლეთი უფრო ზომიერი იყო ამ მხრივ, ჩვენთან კი, მცირე ქვეყანაში, ამ კომფორტის უფლება არავის ჰქონდა.

– რომ ქალი არ ეღიარებინა ცოცხალ არსებად?

– რომ არ ეღიარებინა ქალი, როგორც ღირებულება, თან, ეს არსება იმავდროულად ჭკვიანიც იყო. რაც მთავარია, ფუნქციების დანაწილებაც ასეთი იყო და დღეს ბევრ ქვეყანაში პრეზიდენტის ცოლები არიან იმ პრეზიდენტების გონება. როგორც ადრე –  იბრძოდა კაცი და ფიქრობდა ქალი. ასე რომ, თუ თავს მოვუყრით ამ ასოციაციებს, ჩამოყალიბდა სუფთა ქართული ფენომენი, უფრო სწორად, ახლაც ყალიბდება ისევ თავის ქართულ ძირებზე და, არ აქვს მნიშვნელობა, ამას ფემინიზმს დაარქმევ თუ ემანსიპაციას, ამ ღირებულებებს რომ არ მოეკაკუნებინათ დასვლეთიდან, ქართველი საზოგადოება მაინც ისე იცხოვრებდა, როგორც ცხოვრობს.

– მაგრამ კაცები ცდილობენ ხოლმე ქალების დაჩაგვრას, მთლად ასე უღრუბლოც არ არის ჩვენი თანაცხოვრება, თუმცა შენი სქესით მათი მანიპულირება შეიძლება.

– თუ კაცმა შეატყო, რომ ქალი ეჯიბრება, თვითონაც გაეჯიბრება. შენ შენი ქალობით რომ შეგიძლია, აჯობო რაღაც კონკრეტულ სიტუაციაში, ამის დაკარგვაც არ არის საჭირო. ჩვენთან არიან ფემინისტი ქალები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ქალების ემანსიპაციაა საჭირო, რადგან ქალი იჩაგრებაო, მაგრამ, ვიმეორებ, გააჩნია, საზოგადოების რა ფენაზეა ლაპარაკი და გააჩნია, რა იგულისხმება დაჩაგვრის ქვეშ.

 

скачать dle 11.3