კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოასწრებს თუ არა რუსეთი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე პოსტსაბჭოთა სივრცეზე თავისი გავლენის სრულად აღდგენას და რა სცენარით იმოქმედებს ის ამ ორ-ნახევარ წელიწადში საქართველოში

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რუსეთის მხრიდან ზურაბ აბაშიძის კოლეგა კარასინის განცხადება, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისთვის საქართველოსთან ერთად კონფედერაციაში ყოფნა უფრო პერსპექტიული და მომგებიანია, ვიდრე დამოუკიდებლობა. ამის პარალელურად კი, რფ-ის ვიცე-პრემიერმა როგოზინმა დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებულ პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთი დაიცავს თავის მოქალაქეებს დნესტრისპირეთში, თუ მოვლენები უკრაინის სცენარით განვითარდა. ზემოთქმულიდან ნათელია, რომ რუსეთმა საქართველოს მიმართულებით სცენარი შეცვალა (ზედაც, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაც შეინარჩუნა, მიუხედავად დაპირებისა, რომ სექტემბრიდან შეაჩერებდა), მეორე მიმართულებით კი, საქართველოში აპრობირებული მეთოდით მოქმედებს. ხათუნა ლაგაზიძესთან ერთად შევეცდებით რუსეთიდან მომავალი პოლიტიკური იმპულსების მიზნისა და მოტივების დადგენას.

 

– კარასინის ტიპის ფიგურა თავისი ინიციატივით არ აკეთებს განცხადებებს, რა გზავნილი გამოგზავნა მისი პირით რუსეთმა?

– ზოგადად, რუსეთის საეჭვო დამტკბარი დამოკიდებულება საქართველოსთან უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა და საქართველოსთან მისი წინა ურთიერთობის ფონზეც,  რა თქმა უნდა, უამრავ კითხვის ნიშანს ბადებს. მათ შორის, ის ბოლო განცხადება, რომელიც თქვენ მოიყვანეთ და კარასინის ბოლოს წინა განცხადებაც, რომ რუსეთი აპირებს ერთგვარი გადატვირთვის პოლიტიკას საქართველოსთან და ამ ფარგლებში გეგმავს საქართველოში ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პროექტებში მონაწილეობას. ეს ორი განცხადება მიუთითებს, რომ რუსეთი ცდილობს, რადიკალურად შეცვალოს საქართველოსადმი ტაქტიკა. ის რბილი ძალის პოლიტიკაზე გადავიდა, თუმცა არ შეუცვლია მიზანი. მიზანი კვლავ იგივეა  – საქართველოს ინტეგრირება რუსულ სივრცეში…

– ოღონდ ახლა უკვე თაფლაკვერის მეთოდით.

– დიახ, მსოფლიოს აჩვენებს, რომ აქვს მეორე სახეც, ამიტომ ერთ ხელში მათრახი უჭირავს, მეორეში –  თაფლაკვერი. ასეთი რუსეთი ჩვენთვის გაცილებით საშიშია, რადგან ამ ფერებ-ფერებაში ისე შეიძლება, ყულფში ამოვყოთ თავი, რომ ვერც კი ვიგრძნოთ. კარასინმა თავისი პირველი განცხადება იქვე განმარტა, რომ საქმე ეხებოდა საქართველოსთან დამაკავშირებლი ახალი გზების მშენებლობას, რაც ჯერ კიდევ საბჭოთა დროს იყო დაგეგმილი. ბუნებრივია, ეს საქართველო-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებას გამოიწვევს და ამაზე უარის თქმა, ცხადია, არ შეიძლება. საქართველოს ეკონომიკისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი დონაცია იქნება, რადგან, სხვა მხრივ, საქართველოს ეკონომიკას ფეხზე დადგომის ძალიან ხანგრძლივვადიანი პერსპექტივა აქვს და ამას არ ექნება ისეთი სწრაფი ეფექტი, როგორსაც ბოლო ორი წელია, კახეთში ვუყურებთ: კახეთში ეკონომიკური ბუმია. ენა როგორ მოგიბრუნდება, თქვა, რომ რუსული ბაზრის გახსნა მავნეა საქართველოსთვის, როდესაც, თუნდაც, კახეთისთვის, როგორი მომგებიანია და თანდათან ასეთივე მომგებიანი იქნება საქართველოს სხვა რეგიონებისთვისაც. ასევე, ეს გზები გაზრდის ტვირთბრუნვას, გააიაფებს საქონელს…

– მაგრამ ჩვენ ვიცით, რა პოლიტიკური შედეგი მოგვიტანა როკის გვირაბმა, თუმცა მანაც გაამარტივა კომუნიკაცია.

– ნახეთ, როგორი თემაა: დავუშვათ, რუსეთმა საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვა ისეთი რამ, რაზეც მიიღო უარი, ასეთ შემთხვევაში რუსეთი, რა თქმა უნდა, საკუთარ ბაზარს გამოიყენებს, როგორც ზეწოლის ყველაზე მნიშვნელოვან ბერკეტს და საერთოდ არ დასჭირდება თავისი ჯარების შემოყვანა საქართველოში. ის ძალიან მარტივად აუმხედრებს საქართველოს ხელისუფლებას  მოსახლეობას, ანუ მოაწყობს ფართომასშტაბიან სოციალურ ბუნტს და ამას ექნება ძალიან რეალური საფუძველი. იმიტომ რომ, როდესაც ადამიანები მიეჩვევიან წელიწადში რამდენიმე ათეულ ათასლარიან შემოსავალს და შემდეგ ეტყვი, რუსული ბაზარი დაიკეტა და დაემშვიდობე ამ შემოსავლებსო, მათი რეაქცია იქნება ძალიან მკვეთრი. ამიტომ მნიშვნელოვანია, აქვს თუ არა საქართველოს ხელისუფლებას გათვლილი ეს რისკები, რას უპირისპირებს და რა ტაქტიკა აქვს შემუშავებული მათ გასანეიტრალებლად თუ ის მზად არის, დაეთანხმოს რუსეთის ხელისუფლების ნებისმიერ შემოთავაზებას და, ამდენად, არ აღელვებს სოციალური ბუნტის პერსპექტივა.

ამავე ასპექტითაა ძალიან მწვავე კარასინის პირველი შემოთავაზება ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების შესახებ, რაც, გარდა ეკონომიკური უსაფრთხოებისა, სამხედრო საფრთხეებსაც შეიცავს. როდესაც რამდენიმე თვის წინათ რუსულ საიტებზე დაიბეჭდა ერთ-ერთი რუსი პოლიტოლოგის მოხსენება, რომელშიც ის ამბობდა, რომ მიმდინარეობს მუშაობა, რათა  რუსეთს სომხეთზე პირდაპირი გასასვლელი ჰქონდესო, რაც ნიშნავს, რომ საქართველო ვეღარ იარსებებს იმ საზღვრებში, რომელ საზღვრებშიც დღეს არსებობს, ამას აქ ირონიულად გამოეხმაურნენ. არადა საუბარი იყო სწორედ გზების პროექტებზე: დაღესტნიდან შემომავალი, კახეთზე გამავალი და ასე შემდეგ. ეს საფრთხე სავსებით რეალურია. მე ვესაუბრე ბევრ ადამიანს, რომლებიც უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობენ და ისინი სავსებით სამართლიანად ამბობენ, რომ უკვე არსებული გზებითაც შეუძლია რუსეთს საქართველოს რამდენიმე დღეში დაპყრობა. ამაში, რა თქმა უნდა, არის რაციონალური მარცვალი, მაგრამ ახალი სავარაუდო გზები დამატებით შეიცავს იმ საფრთხეს, რომ ისინი ისე გადაკვეთს საქართველოს, რომ ჰყოფს რეგიონებად, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს აძლევს რუსეთს საქართველოს დაქუცმაცებისთვის და, მეორე მხრივ, ხელსაყრელია სომხეთისთვის. თუმცა კიდევ სხვა თემაა, არის თუ არა მზად სომხეთი, აუბას რუსეთს მხარი ამ ავანტიურაში.

– ესე იგი, პოლიტიკური ვაჭრობა იწყება? 

–  რუსეთი საქართველოსთან სტარტეგიული ვაჭრობისთვის ემზადება და ვიმნეს სჯერა, რომ, თუ კონფედერაციაზე რეალურად დაიწყო რუსეთმა ლაპარაკი, ამაში საქართველოს ძალიან ძვირ ფასს არ გადაახდევინებს?! გაგახსენებთ ერთ-ერთი გარუსებული ქართველის ინტერვიუს, როდესაც ის საუბრობდა, რომ სამომავლო ევრაზიის კავშირში საქართველო, აფხაზეთი და ეგრეთ წოდებული „სამხრეთ ოსეთი“ შევიდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, დაიწყოს საუბარი კონფედერაციაზეო. მე არ ვიცი, იქნება თუ არა ეს კონფედერაციის პირობა, მაგრამ ამას რომ რუსები ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავენ, ცხადია და მოთელეს კიდევ სიტუაცია.

– რამდენიმე წლის წინათ მე პირადად მითხრეს ინტერვიუში მიხაილ ლეონტიევმა, მაქსიმ შევჩენკომ, რომ თბილისი, სოხუმი და ცხინვალი შევლენ ცალ-ცალკე ევრაზიის კავშირში, სადაც არ იქნება საზღვრები და ამდენად ვიქნებით ერთიანები.

– თავისი არსით, კონფედერაცია არის ის რუსული უღელი, რომელსაც საქართველო ვეღარასდროს ჩაეხსნება. მართალია, დღევანდელ ვითარებას ეს ჯობია, მაგრამ კონფედერაცია არის აბსოლუტურად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ერთობა, საიდანაც გასვლის ბარიერები, ფაქტობრივად, არ არსებობს. ფედერაციასა და კონფედერაციას შორის განმასხვავებელი ის არის, რომ ფედერაციისგან გასვლა არ არის მარტივი და ერთიანი კონსტიტუცია არეგულირებს გასვლის ბარიერებს. სხვადასხვა მოდელია მსოფლიოში, რასაც ვერ ვიტყვით კონფედერაციაზე. დღეს კონფედერაციის კლასიკური მაგალითი არ არსებობს და ძირითადი პრინციპი ის არის, რომ კონფედერაციის სუბიექტს არაფერი ზღუდავს კონფედერაციიდან გასვლისას. და კონფედერაცია, თავისი არსით, რეალურად, არც არის ერთიანი სახელმწიფო. ეს არის მუდმივი უღელი და, როგორც კი საქართველო გაიფაფხურებს, რუსეთი მაშინვე გამოიყენებს მარიონეტებს, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დე-ფაქტო ხელისუფლებების სახით.

– მეორე მხრივ, კონფედერაციაზე ჩვენი თანხმობა ნიშნავს, რომ თბილისი სეპარატისტულ რეგიონებს აძლევს დამოუკიდებლობის იურიდიულ საფუძველს. ჩემი აზრით, ამას ის ვითარება ჯობია, რაც დღეს არის. მით უფრო, რომ კონფედერაციიდან გასულები უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფოები იქნებიან და მათ აღიარებს მსოფლიო უპრობლემოდ.

– რა თქმა უნდა. ეს აუცილებელი მოთხოვნაა: კონფედერაციას ქმნიან დამოუკიდებელი სახელმწიფოები და სანამ კონფედერაცია შეიქმნება, უნდა აღიარო. რუსეთისგან ყველაფერია მოსალოდნელი, შეიძლება, გვაღიარებინოს იმ საფანელით, რომ ხვალ კონფედერაციაში შემოვა შენ მიერ აღიარებულიო და, საბოლოოდ, ხახამშრალი დავრჩეთ და ეს კონფედერაციის უღელიც კი ვერ მივიღოთ რუსეთისგან. არადა, მეორე მხრივ, როგორ გინდა, უარი თქვა შენი ტერიტორიების ინტეგრირების, თუნდაც, ამ მცირე შანსზე?! ჩემთვის ერთი რამაა გასაკვირი: საქართველოს ხელისუფლება სულ ელოდა რუსეთის ხელისუფლებისგან რაღაც გრანდიოზულ შემოთავაზებას, რომელიც მთლიანად შეცვლიდა საქართველოს პოლიტიკურ რეალობას. როგორც ჩანს, ეს შემოთავაზება თუ საუბრები სიახლე არ არის, მაგრამ ვიმეორებ, რისთვისაა მზად საქართველოს ხელისუფლება და რამდენად შორს შეიძლება, წავიდეს ის? აი, ეს არის ამ ეტაპზე მთავარი კითხვა.

– მართალია, რუსეთმა საქართველოსთან სცენარი შეცვალა, მაგრამ სხვა, ანუ უკრაინა-მოლდოვის მიმართულებით ჩვენთან წლების განმავლობაში აპრობირებულ, ძველ სცენარს იყენებენ: როგოზინმა განაცხადა, რომ რუსეთი დნესტრისპირეთში დაიცავს საკუთარ მოქალაქეებს, თუ მოვლენები უკრაინაში მიმდინარე სცენარით განვითარდა. ეს განცხადება მოლდოვამ პირდაპირ მუქარად უნდა აღიქვას?

– ბუნებრივია, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ, იმისდა მიუხედავად, რას გააკეთებს ან არ გააკეთებს მოლდოვის ხელისუფლება ამ მიმართულებით, რუსეთი მზად არის, თავისი მწვანე კაცუნები შეუშვას ამ სივრცეში, ვგულისხმობ მოლდოვას. ამას ელის ძალიან ბევრი დამკვირვებელი: რომ შემდგომი ნაბიჯი იქნება სწორედ მოლდოვა და, თუ ჩევნ ამოვალთ იმ ეპოქური შეფასებიდან, რაც ლიტვის პრეზიდენტმა გააკეთა, რომ დღეს მსოფლიოში არ მოიპოვება ლიდერი, რომელსაც შესწევს პუტინთან გამკლავების ძალა, ცხადია, პუტინის რუსეთის აგრესიას უნდა ველოდოთ არა მარტო მოლდოვას მიმართულებით. ის იქვე აღნიშნავდა, რომ გამოუცნობია რუსეთის სამიზნე და არავინაა დაზღვეული რუსული აგრესიისგან. მისი მადა შეიძლება, გადასწვდეს იმავე ევროკავშირის ან „ნატოს“ წევრ ქვეყნებს. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა „ნატოს“ გენერალური მდივნის განცხადება, რაც მან გასულ კვირას გააკეთა და რომელიც თავისი ტონალობით რადიკალურად განსხვავდება „ნატოს“ მაღალჩინოსნების ბოლო წლების განცხადებებისგან. ის გაცილებით მძაფრია და ერთგვარად მუქარის ინტონაციასაც შეიცავს: „ნატოს“ ახალი გენერალური მდივანი ამბობს, რომ რუსეთს არავინ ეკითხება, სად განალაგებს „ნატო“ თავის ჯარებს და „ნატო“ დაიცავს თავის პარტნიორებს აღმოსავლეთ ევროპაში. ასეთი მკვეთრი „მესიჯები“ „ნატოს“ ძველი ხელმძღვანელობისგან არ გვახსოვს, რაც პუტინს ხელ-ფეხს უხსნიდა თავისი იმპერიალისტური პოლიტიკის წარმოებაში. ვნახოთ, იქცევა თუ არა ეს ტონალობა რეალურ საქმედ „ნატოს“ მხრიდან, თუმცა სირთულედ რჩება ის, რომ, თუმცა „ნატოს“ გენერალური მდივანი შეიცვალა, არ შეცვლილან ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერები. ასე რომ, ძირეულ ცვლილებებს ველით 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპონენტების მთავარი რიტორიკა იქნება ის, რომ ამერიკამ დათმო თავისი პოზიციები არა მარტო რუსეთთან, არამედ მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონში და, ალბათ, გაიმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც ძლიერი ამერიკის აპოლოგეტი იქნება. მსოფლიოს ყველა ლიდერი სწორებას აკეთებს ამ თარიღზე და, ბუნებრივია, რუსეთი 2016 წლამდე შეეცდება თავისი გეგმების რეალიზებას.

– სწორედ ეს უნდა მეთქვა, თუ 2016 წლამდე დარჩა ჩვენგან რამე.

– საქართველოსთან მიმართებაშიც რუსეთი ამ ვადაში იმოქმედებს, ისევე, როგორც ყველა მიმართულებით; ეცდება, ჩაატიოს თავისი ექსპანსიური პოლიტიკის ძირითადი მიზნები, რადგან შემდეგ ეს მას ძალიან გაუჭირდება. 2017 წლის იანვრამდე აქვს დრო, სანამ ამერიკის პრეზიდენტის არჩევა-ინაუგურაცია და ხელისუფლების გადაბარება დასრულდება, ანუ ორ-ნახევარი წელიწადი აქვს რუსეთს დრო.

– პარტნიორებში ვინ იგულისხმა „ნატოს“ გენერალურმა მდივანმა: თავისი წევრები თუ ჩვენც, განაპირა მოკავშირეები?

– ეს არავინ იცის, იმიტომ რომ, განცხადების კონტექსტიდან არ ჩანდა „ნატოს“ წევრებზე იყო მხოლოდ საუბარი თუ სხვებზეც. უფრო ზუსტად, განცხადების კონტექსტით, ეს ეხებოდა „ნატოს“ წევრ ქვეყნებს, მაგრამ რაც შეეხება „ნატოს“ ჯარების განლაგებას და ზოგადად „ნატოს“ ფარს: აქ უფრო ფართო კონტექსტიც შეგვეძლო, გვეგულისხმა. ფართო პროფილის განცხადება იყო, თუ შეიძლება, ასე ითქვას. საქართველო ხსენებული არ იყო, მაგრამ თავად „ნატოს“  რიტორიკის შეცვლაა ჩვენთვის იმედის მომცემი.

 

скачать dle 11.3