კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვლელი რეცენზია

არტურ პაიკი თეატრალურ წრეებში ძალიან პოპულარული და „წონიანი“ კრიტიკოსი იყო. რეჟისორებს, სცენარისტებს, დამწყებ და უკვე სახელმოხვეჭილ მსახიობებს ბომბის აფეთქებაზე მეტად ეშინოდათ მისი რეცენზიების. თუ რომელიმე სპექტაკლს გაანადგურებდა – მორჩა, იმ სპექტაკლს სამუდამოდ მოხსნიდნენ და აღარც გაისხენებდნენ. არტურს საკმაოდ ბევრი ადამიანის ცოდვა ედო სინდისზე: ვინ – გალოთდა, ვინ – განარკომანდა, ვინ – სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. პაიკი ამაზე ნაკლებად დარდობდა. მას მიაჩნდა, რომ უნიჭო ადამიანის სიკვდილიც კი არ არის დიდი დანაკლისი საზოგადოებისთვის. ამის გამო, უმრავლესობას სძულდა კრიტიკოსი და, თუ კისერს მოიტეხდა, არათუ არავინ იდარდებდა, ბევრს გაუხარდებოდა კიდეც. 53 წლის პაიკი კი საკუთარ თავს უარს არაფერზე ეუბნებოდა და სიამოვნებით ეძლეოდა ამქვეყნიურ სიამეებს...

ტელეფონის ზარმა მჭახედ და შეუფერებლად ადრე დარეკა... პაიკმა სცადა, ყურადღება არ მიექცია, მაგრამ, ვიღაც უზრდელი აშკარად არ აპირებდა თავის დანებებას. ბუზღუნით ადგა. მზად იყო, თავხედისთვის თავისი ადგილი მიეჩინა.

– ალო, ვინ ლაპარაკობს? – ჩასძახა გაღიზიანებულმა.

– მისტერ პაიკ, მისტერ პაიკ... – გაისმა ქალის ნაზი ხმა, – ბარბარა გარდნერი ვარ... არ გახსოვართ? მთავარი როლი შევასრულე „შუაღამის სიმღერაში“ და, მერე, როცა თქვენ ცუდი რეცენზია დაწერეთ, ჟურნალისტებთან სასტიკად გაგლანძღეთ.

ბარბარა გარდნერი... როგორ შეეძლო ასეთი ლამაზმანის დავიწყება. ფეხები უსასრულობიდან ეწყებოდა, მაღალი მკერდი თითქოს მოსაფერებლად უხმობდა კაცს. მრგვალი და მადის აღმძვრელი თეძოები ჰქონდა... პაიკმა მაშინ თითქმის ინანა, ცუდი რეცენზია რომ დაწერა, მერე კი თავი იმით დაიმშვიდა, რომ, ახალგაზრდა მსახიობის ქება იმიტომ არ იყო გამართლებული, თავში აუვარდებოდა და მისი მსახიობური წინსვლა ამით დაზარალდებოდაო სწორედ ეს უთხრა ბარბარას და, შეეცადა, ძალიან თავაზიანი ყოფილიყო.

– ოო, რას ბრძანებთ, მისტერ პაიკ! მე სულაც არ ვარ თქვენზე გაბრაზებული ან ნაწყენი. პირიქით, სწორედ იმიტომ ვრეკავ, რომ ბოდიში მოგიხადოთ იმისთვის, რაც მაშინ ჟურნალისტებთან ვთქვი... მინდა, ჩვენ შორის გაუგებრობა აღარ იყოს. რას იტყოდით, ერთად რომ გვევახშმა დღეს საღამოს? ნიუ-არკიში ვცხოვრობ. ჩვენი „პალას ოტელის“ შეფ-მზარეული თავისი საქმის ნამდვილი დიდოსტატია. მისი არაჩვეულებრივი კერძების საჭმელად საიდან აღარ ჩამოდიან. ნუ მეტყვით უარს. შეგვიძლია, ყავა ჩემთანაც დავლიოთ. შეიძლება, ცუდი მსახიობი ვარ, მაგრამ, ყავას არაჩვეულებრივად ვამზადებ, – აჟღურტულდა ქალი.

ეს უკვე მეტი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი მიპატიჟება. პაიკი გაიბადრა. წარმოიდგინა, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ბარბარას ბინაში ყავის სმას. ქალთა სქესის მიმართ გულგრილი არასდროს ყოფილა, მით უფრო, აღაფრთოვანა ოცდახუთი წლით უმცროსი, ლამაზი ქალის ყურადღებამ. მაგრამ, ერთი პრობლემა იყო: ნიუ-იორკიდან ნიუ-არკამდე ორი საათის სავალი იყო. იმ საღამოს კი ბროდვეიზე „ძველი ისტორიების“ პრემიერა უნდა შემდგარიყო ნორა მასტერსის მონაწილეობით მთავარ როლში. პაიკის რეცენზიას გამომცემლობა იმავე დღეს ბეჭდავდა, რომ დილისთვის მთელ თეატრალურ საზოგადოებას წაეკითხა... მაგრამ, მშვენიერ ბარბარასთან შეხვედრაზეც როგორ ეთქვა უარი?! ასეთი ლამაზი ქალი ეპატიჟებოდა პაემანზე. უნიჭო მასტერსს რა უნდა ეთამაშა ისეთი, რომ სექსუალური ბარბარასგან მიღებული სიამოვნება დაეჩრდილა? მით უმეტეს, რომ, დიდი ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც ბოლოს ქალთან იწვა... უცებ გადაწყვიტა, როგორ მოიქცეოდა და სახე გაუბრწყინდა:

– დიდი სიამოვნებით ვივახშმებ შენთან ერთად, მშვენიერო ბარბარა. რაც შეეხება წყენას, სულაც არ მწყენია, რაც ჟურნალისტებთან ჩემზე თქვი. იმედი მაქვს, მშვენიერ საღამოს გავატარებთ...

არტური შესანიშნავ გუნებაზე დადგა. დაჯდა და მასტერსზე რეცენზიის წერა დაიწყო. ნორა უკვე მეოთხე სეზონს ხსნიდა ბროდვეიზე და ყველა სპექტაკლში ერთნაირი იყო, ახლა რატომღა მოახდენდა საოცრებას? ერთი საათი დასჭირდა გამანადგურებელი რეცენზიის შესათითხნად – „...ისეთი მოსაწყენი იყო, რომ უკანა რიგებში მსხდომ მაყურებელს ჩაეძინა კიდეცო“... – ასე დაასრულა სტატია და, კმაყოფილმა, საქმის წარმატებით დასრულების აღსანიშნავად, საუკეთესო ვისკი დალია. იმ ბიჭს დაურეკა, რომელსაც რედაქციაში წერილებს ატანდა ხოლმე, დაარიგა, რომელ საათზე უნდა მიეტანა რეცენზია, ფულიც მისცა და თავად სააბაზანოში შევიდა, თან, რომელიღაც მელოდიას უსტვენდა. იცოდა, რეცენზიის „ბრმად“ დაწერა საკმაოდ საშიში და სარისკო იყო, მაგრამ, ამ შემთხვევაში ჩიტი ბდღვნად ღირდა. პაიკმა მთელი საღამოს გეგმა დასახა: აი, ხედავდა კიდეც, როგორ სვამდნენ ერთად ყავას... „პალას ოტელში“ თავისუფალი ნომრები ალბათ იქნებოდა და, ბარბარასთან გატარებული ვნებიანი საღამოს შემდეგ, ღამესაც იქვე გაატარებდა... 

ლანჩი თავის საყვარელ კაფეში მიირთვა, მერე ქალაქში ყველაზე პრესტიჟულ საპარიკმახეროს მიაკითხა, გაიპარსა და თმაც მოდურად შეიკრიჭა; მერე „ბოსის“ მაღაზიას მიაკითხა, ახალი კოლექციიდან პიჯაკი და პერანგი შეიძინა; ძალიან მოდურ სამგზავრო ჩანთასაც დაადგა თვალი... ბევრი არ უფიქრია, ისიც შეიძინა და გამგზავრებამდე დარჩენილი ორი საათი სახლში, სრულ სიმშვიდეში გაატარა. ზუსტად 4-ზე პორტიემ დაურეკა, თქვენი მანქანა გარეცხილია და სადარბაზოსთან დგასო. პაიკი უკვე დარწმუნდა თავისი გადაწყვეტილების სისწორეში. ნორა მასტერსს პირველივე სეზონზე გამოუტანა განაჩენი: რომ საშინლად უნიჭო იყო – არავითარი იმპროვიზაცია; რომ ჯულიეტასაც და მაკბეტსაც ერთნაირად თამაშობდა... 

6 საათზე „პალას ოტელში“ იყო. ნიუ-იორკიდან ორი საათის სავალზე მდებარე ქალაქში არასდროს ყოფილა. სასტუმროს რესტორანი საკმაოდ პრესტიჟულად გამოიყურებოდა. ოფიციანტს ჰკითხა, მე ხომ არავინ მელოდებაო და კოქტეილი შეუკვეთა... ქალის მხრიდან დაგვიანებაში არაფერი იყო გასაკვირი, ეს დამაინტრიგებელიც კი იყო, მაგრამ, ნელ-ნელა ნერვიულობა დაეტყო. მეოთხე ჭიქა კოქტეილზე მიხვდა, რომ ბარბარა აღარ მოვიდოდა. იმასაც მიხვდა, რომ ქალმა ასე გადაუხადა სამაგიერო იმ რეცენზიისთვის... სახლში დაბრუნებაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო – ასეთი მთვრალი საჭესთან ვერ დაჯდებოდა, ის კი არა, ნომერშიც სასტუმროს პერსონალის დახმარებით ავიდა, საწოლზე მიეგდო და ხვრინვა ამოუშვა. დილით თავის ტკივილმა გააღვიძა. პირში საშინელ სიმშრალეს გრძნობდა და საფეთქლები უხურდა. ყველაზე მეტად კი შეურაცხყოფის განცდა აწუხებდა – ასე დამცირებულად თავი არასდროს უგრძნია. რა თქმა უნდა, სასტიკად ანანებდა ბარბარას ამ იდიოტურ ხუმრობას – პაიკი მას ისეთ დღეში ჩააგდებდა, ვერც ერთი რეჟისორი ვერ გაბედავდა მის აყვანას რომელიმე, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო როლზეც კი... 

მექანიკურად ჩართო ტელევიზორი. დიქტორის ხმა თავის ტკივილს უფრო უძლიერებდა. სიტყვების აზრს მოგვიანებით ჩასწვდა და კანი დაუბუსუსდა:

„... თავბრუდამხვევი წარმატება!.. ახალგაზრდა, დიდი იმედების მომცემი ბარბარა გარდნერი „ბისზე” შვიდჯერ გამოიძახეს. მან მთავარი როლი შეასრულა ბროდვეიზე დადგმულ პრემიერაში – „ძველი ისტორია“. გუშინ დილით, ადრიანად, მასტერსი, რომელსაც უნდა შეესრულებინა ეს როლი, თავისი მანქანით ავარიაში მოყვა და დაიმტვრა. სპექტაკლი რომ არ გადადებულიყო, როლი ბარბარამ, მისმა დუბლიორმა შეასრულა და ეს ნამდვილი ტრიუმფი იყო, ნიჭისა და სამსახიობო ოსტატობის ტრიუმფი!.. – ასე შეაფასეს კრიტიკოსებმა ბარბარას თამაში. რაც შეეხება ცნობილ თეატრალურ კრიტიკოსს მისტერ არტურ პაიკს... სკანდალი ატყდა თეატრალურ სამყაროში – მას თაღლითობაში ადანაშაულებენ... არტურ პაიკი, როგორც გაირკვა, თავის კრიტიკულ რეცენზიებს ისე წერდა და აქვეყნებდა, რომ სპექტაკლებს საერთოდ არ ესწრებოდა. მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი ერთდროულად რამდენიმე დრამატურგმა, რეჟისორმა და მსახიობმა შეიტანა. პაიკს ის გაზეთიც უჩივის, რომელიც წლების განმავლობაში რეცენზიებს უბეჭდავდა....“

პაიკს თითქოს ურო ჩაარტყეს თავში. ბარბარა იმაზე გამჭრიახი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოიდგენდა – მან ხელის ერთი აქნევით გაანდაგურა მტერი. პაიკი მიხვდა, რომ მისი კარიერა დასრულდა, კარიერასთან ერთად კი – ცხოვრებაც... ბარბაცით მივიდა ფანჯარასთან, რაფაზე აფორთხდა და გადახტა...

скачать dle 11.3