კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როცა ქალს უყვარს...

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N27-38(717) 

სახლში დაბრუნებულ ლენუკას ქმარი უცნაურ საქმიანობაში გართული დახვდა: საძინებელ ოთახში, კარადასთან იდგა, ტანსაცმელს იღებდა და საწოლზე აწყობდა: 

ქალი ზღურბლზე გაშეშდა.

– რას აკეთებ? კოტე, არ გესმის? შენ გეკითხები...

– მივდივარ, ვერ ხედავ? ტანსაცმელს ვალაგებ, – უკანმოუხედავად მიუგო კაცმა.

ლენუკა გაფითრდა, ხელი მკერდზე მიიდო და ისტერიულად იწივლა:

– ხომ ვეჭვობდი, რომ ვიღაც გყავდა! ესე იგი, იმ კახპამ ჭკუა ისე აგირია, რომ სახლიდან წასვლასა და მასთან ცხოვრებას აპირებ? ახლავე მითხარი, ვინ არის!

კოტე ეგრევე შემოტრიალდა. განცვიფრებული და ცოტათი გაბრაზებული სახე ჰქონდა:

– შენ რა, სულ აურიე? რა კახპა, რის კახპა? მგონი, დროა, ექიმთან მიხვიდე, თორემ ცუდად დასრულდება შენი ნერვული აშლილობის ამბავი!

– კი მაგრამ, ახლა არ თქვი, ტანსაცმელს ვალაგებ და მივდივარო? დღეს მთელი დღე ტელეფონსაც არ პასუხობდი, – ლამის ატირდა ლენუკა.

კოტემ ხელები გაშალა და თავი სინანულით გადააქნია:

– ეს ქალური ლოგიკა გადამრევს! დიდი ხანი დაგჭირდა, ეს დეტექტიური ჯაჭვი რომ დაგელაგებინა? ქალო, ბავშვთან მივდივარ, ჩვენს შვილთან, სანდროსთან... მობილურს კი იმიტომ არ ვპასუხობდი, რომ ბილეთს ვიღებდი და შენთან დებატების თავი არ მქონდა. დავაკმაყოფილე შენი ცნობისმოყვარეობა, უნიჭო შერლოკ ჰოლმსო? ზოგჯერ ისეთი სულელი ხარ, გაბრაზებასაც კი ვერ ვახერხებ.

ლენუკამ ამოიოხრა:

– კარგი, რა, შენს ხელში კიდევ კარგად ვარ. სიურპრიზებს არ მაკლებ. რა მოხდა, რომ ასე უცებ გადაწყვიტე სანდროსთან წასვლა, თანაც უჩემოდ? იქნებ, მეც მინდა შვილის ნახვა?!

– რომ გდომებოდა, წახვიდოდი, მთელი თვეა, გეხვეწები. ახლა კი მარტო უნდა წავიდე და დაველაპარაკო. გავარკვიო, რა უნდა, ყოველდღე რომ რეკავს და პრეტენზიებს მიყენებს.

– როდის მიდიხარ?

– სამ საათში აეროპორტში უნდა ვიყო და, კარგს იზამ, თუ მომეხმარები, არ უნდა დამაგვიანდეს. ჩემოდანი გამომიღე და ეს ტანსაცმელი შიგ ჩამიწყვე. ჩემი პირის საპარსი მოწყობილობაც არ დაგავიწყდეს.

– ყველაფერი უჩემოდ გადაწყვიტე? კოტე, ამ ბოლო დროს ძალიან უცნაურად იქცევი.

– ნუ მაცინებ. რატომ ვიქცევი უცნაურად, შვილის ნახვა და მასთან ლაპარაკი რომ მინდა? გამოიღებ ჩემოდანს თუ ამაზეც მე უნდა ვიზრუნო?

– ჰო, კარგი, ჩაგილაგებ და... როდის ჩამოხვალ?

– ჯერ არ ვიცი. ხომ უნდა გავარკვიო, რა სჭირს იმას იქ და რატომ მოუნდა ერთბაშად ლონდონში გადაბრძანება? ზოგჯერ ვფიქრობ, რომ დედა-შვილმა პირი შეკარით ჩემ წინააღმდეგ.

– აუუ, იმიტომ გარბიხარ?

– არსად არ გავრბივარ, ნამდვილად სანდროსთან მივდივარ და მორჩი წუწუნს.

– მეც მინდა... – ლენუკამ ტუჩები გაბუსხა.

– მომისმინე! შენ ახლა ხელს შემიშლი. ჯერ ერთი, ტომასთან შენ ვერ იცხოვრებ, მე კი სასტუმრო არ დამიჯავშნია და, მეორეც, აჯობებს, ჩვენს საუბარს შენ არ დაესწრო...

– ვითომ რატომ?

– იმიტომ, რომ შენ გვერდით სანდრო ჭირვეული ბავშვივით იქცევა, მე კი, შეიძლება, ნერვებმა მიმტყუნოს. გაიგე? მერე წადი, მე რომ ჩამოვალ...

– ესე იგი, საერთოდ აღარ გინდა ჩემ გვერდით ყოფნა, – აწუწუნდა ლენუკა. 

კოტემ დამცინავად შეხედა:

– დიდი ხანია, ჩემ გვერდით ყოფნა გენატრება? გატეხილი ლარნაკისთვის აღარ მდებ მიწაში?

– ნუ იგესლები. ხომ იცი, როგორ მიყვარდა ის ლარნაკი.

– ვიცი, ჩემზე მეტად, – მოუჭრა კაცმა.

– რა დეგენერატი ხარ მაინც... ლარნაკი როგორ მეყვარება შენზე მეტად?

– ჰო, მეც ეგ ვიფიქრე. მინიმუმ, ათი ეგეთი ლარნაკის ყიდვა ხომ მაინც შემიძლია შენთვის, – დასცინა კოტემ. მერე ერთბაშად მოლბა და გამომეტყველებაც შეეცვალა – ცოლთან მივიდა და მხარზე მოხვია ხელი.

– ჰო, კარგი... გადარეული კი ხარ, მაგრამ, მაინც მიყვარხარ, რაღაცნაირად... ამიტომ, ნუ იბერები და შევრიგდეთ. წასვლის წინ წყევლა-კრულვასა და ლანძღვა-გინებას ნუ გამომაყოლებ.

– ეგ „რაღაცნაირად“ რაღა იყო, რომ დააყოლე... – გაეცინა ლენუკას, – მაგრამ, ბოლომდე როგორ გაახარებ და გააბედნიერებ ადამიანს.

– შენც რაღაცნაირად გიყვარვარ, ჩემო ლენუკა, შენც, მაგრამ, ამის აღიარება არ გინდა, იმიტომ, რომ ქალები თვალთმაქცები ხართ, უკლებლივ ყველანი... აეროპორტში ხომ წამიყვან?

– შენი მანქანით რატომ არ გინდა, რომ წაბრძანდე?

– იმიტომ, რომ აეროპორტში მისი დატოვება არ მინდა. ხომ გითხარი, ჯერ არ ვიცი, როდის დავბრუნდები-მეთქი. გარაჟში იდგეს, მირჩევნია.

– წაგიყვან. სხვა რა გზაა, – ხელები გაშალა ლენუკამ, – იმაში მაინც დავრწმუნდები, რომ მარტო მიდიხარ.

– შენ ისევ იმაზე ფიქრობ? არა, რა, გამოუსწორებელი ხარ. გაიგე, არ მყავს საყვარელი, არა!

– ჰო, კარგი, ნუ ყვირი, ვიხუმრე.

– არ გინდა ეგ შავი იუმორი, ხომ ხედავ, რომ ჩხუბამდე მივყავართ.

ლენუკამ ჩემოდანი ჩაკეტა და კუთხეში მიდგა.

– საპარსებს კეისში ჩაგიწყობ. სუნამოც გინდა, ხომ?

– არა, იქ ვიყიდი რაღაცას, „დუთ ფრიში“... შენთვისაც შევარჩევ რამეს...

– ჰმ, გინდა, მარტო სუნამოზე გადამატარო? არ გამოგივა... ჰო, მართლა, ფულს არ მიტოვებ?

– ჩემი საბანკო ბარათი ხომ შენ გაქვს? ოღონდ, იცოდე, ზედმეტი არ მოგივიდეს... ეჭვი მაქვს, სანდროს ირლანდიაში დარჩენაზე ვერ დავითანხმებ და ფული დამჭირდება.

– ჰო, კარგი, კარგი, გეყოფა წუწუნი, ფულს კარგად შოულობ და ნუ გენანება.

– მერე, როგორ ვშოულობ და რის ფასად მიჯდება თქვენი ფუფუნებაში ცხოვრება, ერთხელ მაინც გიკითხავს? – ერთბაშად აფეთქდა კაცი. ლენუკამ პირი დააღო...

– არა, შენ რაღაც გჭირს.

– არაფერიც არ მჭირს, თავი დამანებე!

ქალმა მხრები აიჩეჩა:

– კარგი, აღარაფერს გკითხავ... ცოტა დრო კიდევ გვაქვს, იქნებ გვეჭამა რამე? – მოლბა ლენუკა.

– არ მშია, ყავას კი დავლევ. მარიკას უთხარი, მომიდუღოს და მოვალ...

***

სანდრომ ლუდი მოსვა და ტომასს მომლოდინე მზერა მიაპყრო:

– მეტყვი?

– კვირის ბოლომდე ვერ ჩამოვლენ. ასე მითხრა ლინამ, მამაჩემს უნდა, კიდევ რამდენიმე დღე დავრჩეთო... რა გიყო?

– აუ, ფიზიკურად ვეღარ ვუძლებ... ძალიან მომენატრა, – გამოტყდა სანდრო, – თან მინდოდა, მამაჩემის ჩამოსვლამდე ერთხელ კიდევ მენახა.

– მამაშენი ჩამოდის? ჩემთვის რომ არაფერი გითქვამს?

– ერთი საათის წინ დამირეკა. მეც არ ვიცოდი, მოულოდნელად გადაწყვიტა ჩამოსვლა. ბილეთი აიღო და, საღამოს, ალბათ აქ იქნება... აუ, როგორ არ მინდა...

– რატომ? მამაა, ბოლოს და ბოლოს. თან, შენი მონაყოლიდან გამომდინარე, არ უნდა იყოს ცუდი ტიპი...

– ცუდი ტიპი არ არის, მაგრამ, ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ, მისგან ტვინის გაბურღვას ვერ ავიტან.

– ეტყვი, რომ შეყვარებული გყავს?

– ჯერ ერთი, დეა ჩემი შეყვარებული არ არის...

– თუმცა, ძალიან გინდა, რომ იყოს... – გაიცინა ტომასმა.

– ჰო, ასეა. არ უარვყოფ. მეორეც – მიზეზი ხომ უნდა ავუხსნა, რის გამო გადავწყვიტე ლონდონში გადასვლა?! 

– სიმართლე გითხრა, ძალიან არ მინდა, აქედან რომ წახვიდე, – ამოიოხრა ტომასმა, – გამიჭირდება უშენოდ, ძალიან შეგეჩვიე.

– ჰო, მეც ძალიან შეგეჩვიე, მაგრამ, ჩემი წასვლა, მეგობრებისა და უთრიერთობის დასრულებას არ ნიშნავს. რა უნდა მოხდეს, რომ შენ ჩემს საუკეთესო მეგობრად აღარ მიმაჩნდე! ძმა რომ მყოლოდა, შენზე მეტად არ მეყვარებოდა, – ისეთი გულწრფელობით თქვა სანდრომ, რომ ტომასს ლამის ცრემლი მოადგა თვალზე.

– ეჰ, მეც ზუსტად მაგას ვგრძნობ, მაგრამ, ერთმანეთისგან ხომ შორს ვიქნებით?

– ჯერ არსად არ მივდივარ, ნუ დარდობ და, წავალ თუ არა, ეგეც არავინ იცის. ყველაფერი მამაჩემზეა დამოკიდებული... ისე, შენც რომ ლონდონში გაგეგრძელებინა სწავლა...

– უჰ, არ გამოვა ეგ ამბავი. მეც მდიდარი მამა კი არ მყავს. თანაც, მე აქ ძალიან მომწონს.  დეასგან განსხვავებით, ჩემი ლინა აქ არის, – ნიშნის მოგებით გაუღიმა ტომასმა, – ეჰ, მღალატობ, ჩემო ძმაო... პირობას ვერ მოგცემ, რომ შენს სანახავად ხშირად ვივლი ლონდონში...

– ბილეთს მე გიყიდი ხოლმე, ძალიან რომ არ დაგაზარალო, – გაუღიმა სანდრომ, – საქართველოში კი აუცილებლად წამოხვალ და მთელი ზაფხული დარჩები. სვანეთში უნდა წაგიყვანო. ირლანდიელები და სვანები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, მოგეწონება.

– ლამაზი ქალები ჰყავთ სვანებს? – გაიკრიჭა ტომასი.

– წუთის წინ არ ამბობდი, ლინა მყავს აქო? ახლა სვანი ქალი მოგინდა? ეგრე არ გამოვა, ჩემო ძმაო. სვანი ქალები ცოტათი საშიშები არიან. ხანჯლის ტრიალიც ეხერხებათ და თოფის სროლაც.

– არც ირლანდიელი ქალები არიან ნაკლები, განსაკუთრებით – მათი მამები. ლინამ რომ მითხრა, სანადიროდ მივდივარო, ეგრევე თვალწინ დამიდგა ცხენზე ამხედრებული, შეიარაღებული მამამისი და შემაჟრჟოლა.

– შენც ხომ ირლანდიელი ხარ?

– რომ ვარ, მაგიტომაც შემაჟრჟოლა... ესე იგი, აეროპორტში უნდა წავიდეთ.

– რისთვის?

– როგორ თუ რისთვის, მამაშენს ხომ უნდა დავხვდეთ?

– არ არის საჭირო. მისამართი უკვე ჩავაწერინე, ტაქსის აიყვანს და მოვა.

– რესტორანში მაინც შევუკვეთოთ რამე. მაცივარში არაფერი გვაქვს.

– არ გინდა. მამაჩემის ხასიათი რომ ვიცი, თვითონ აარჩევს რესტორანსაც და საჭმელსაც. ამიტომ, წინასწარ მომზადებას აზრი არა აქვს...

– დალევა თუ უყვარს მამაშენს? – არ მოეშვა ტომასი.

– კი, მაგაზე უარს არასოდეს ამბობს, თუმცა, უფრო წრუპავს, ვიდრე სვამს და თვრება. ჩემთვის მთვრალი კოტე კიტია ცოტა ძნელი წარმოსადგენია. ვისკის კი საუკეთესოს ირჩევს.

– მამაჩემი კი ვისკის საერთოდ არ აღიარებს, ლუდი უყვარს. ერთმანეთი არ გავაცნოთ? დავამეგობროთ ეგენიც.

– ჯერ ჩამოვიდეს... – ამოიოხრა სანდრომ...

***

თიკოს გაუკვირდა კარზე ზარი. საათს შეხედა. ასე გვიან მარტო კოტემ იცოდა მოსვლა, მაგრამ, გაუფრთხილებლად? ერთი საათის წინ ისევ სცადა მასთან დაკავშირება და ისევ უშედეგოდ – კოტეს მობილური გამორთული ჰქონდა. ფეხის თითებზე აიწია და სათვალთვალოში გაიხედა...

– ლენუკა? ასე გვიან რამ მოგიყვანა, მშვიდობა გაქვთ? კოტეს შეემთხვა რამე?

ლენუკამ გაოცებით აიჩეჩა მხრები, ლაბადა და ჩანთა იქვე გასახდელში მიაგდო და გეზი სამზარეულოსკენ აიღო.

– მგელივით მშია, არაფერი გაქვს?

– ყველი უნდა იყოს ცოტა და გუშინდელი სალათა. არავის ველოდი და არაფერი მომიმზადებია, – თიკოს კინაღამ წამოსცდა, კოტეს არ ველოდიო, დროზე შეიკავა თავი.

– ჰო, სულ დამავიწყდა, პო პრაზნიკამ რომ ხარ დიასახლისი. დარეკე და პიცა შეუკვეთე, რა... სანამ მოიტანენ, სალათას შევჭამ. მართლა მაგრად მომშივდა... აეროპორტიდან მოვდივარ.

თიკოს ლამის სასალათე გაუვარდა ხელიდან:

– აეროპორტში რა გინდოდა, მიდიხარ სადმე?

– გოგო, რომ მივდიოდე, ახლა აქ ხომ არ ვიქნებოდი. კოტე გავაცილე.

– რა?!

– ვაიმე, თიკო, რა გჭირს?! გეძინა და მე გაგაღვიძე? კოტე გავაცილე-მეთქი. სანდროსთან გაფრინდა, დუბლინში.

– აი, ასე უცებ, ადგა და გაფრინდა?

– ჰო. მეც კი არაფერი ვიცოდი, თორემ, დილით ხომ გნახე და გეტყოდი. შენგან რომ წავედი, სახლში შევიარე და თავზე დავადექი, ჩემოდანში თავის ტანსაცმელს რომ ალაგებდა... უი, შენ არ იცი, რა დამემართა. ერთი წუთით წარმოიდგინე – შევდივარ ოთახში და ვხედავ: კოტე დგას და კარადიდან ტანსაცმელს ყრის საწოლზე... როგორ გგონია, რა ვიფიქრე? თან, ხომ გახსოვს, მთელი დღე ტელეფონს რომ არ პასუხობდა. როცა ვკითხე, რას აკეთებ-მეთქი, მივდივარო და, აი, მანდ „გავჭედე“ – ვიფიქრე, საყვარელთან გარბის და მტოვებს-მეთქი, – ლენუკას სიცილი აუტყდა.

თიკომ ძლივს მოახერხა, ნაძალადევად გაეღიმა. სახეზე ცარცის ფერი ედო.

– ალბათ, მაგარი სასაცილო ვიყავი. რა ვქნა, ხომ იცი, არ ვენდობი კოტეს, მაგრამ, ახლა ლამის სანდრო დაიფიცა, არ მყავს საყვარელიო.

თიკომ ისევ დაკარგა ფერი.

– ესე იგი, სანდროსთან წავიდა?

– ჰო. პრინციპში, ეს კარგია. ხომ უნდა ჩააკითხოს ბავშვს. თანაც, მისი ახლა აქ არყოფნა ძალიან მაწყობს.

– რატომ?

– დაგავიწყდა, რაზე ვილაპარაკეთ დღეს? სანამ კოტე ჩამოვა და ვფიქრობ, ეს ორ-სამ დღეში არ მოხდება, ჩვენ იმ ამბავს მოვაგვარებთ. დრო ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ. ხვალვე დავურეკავ ბეჟანს და შენთვის სამსახურს ვთხოვ.

თიკო ისევ კოტეზე ფიქრობდა, ამიტომ, ლენუკას ნათქვამიდან მხოლოდ „ბეჟანი“ გაიგონა.

– რა თქვი, ვის დავურეკავო?

– ბეჟანი ჰქვია იმ ჩემს თაყვანისმცემელს... რა გაცინებს? სახელი კი ჰქვია ცოტა უცნაური, მაგრამ კარგი ტიპია, მართლა...

– თუ კარგი ტიპი იყო, რატომ ცოლად არ გაჰყევი?

– კინაღამ გავყევი... კინაღამ... – აკისკისდა ლენუკა, – პრინციპში, რა მნიშვნელობა აქვს, როგორი ტიპია, მთავარია, რომ სამსახურში აგიყვანოს და ჩვენი საქმე გავაკეთოთ.

– ოჰ, ლენუკა, ლენუკა... რაღაც შარში უნდა გამხვიო, გული მიგრძნობს, – ამოიოხრა თიკომ...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3