ეძიე კაცი » თბილისელები
კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2018 (109)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)

ეძიე კაცი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N31-38(717) 

 

გოგო ორსულად არის. მისი შეყვარებული კი სხვას შეირთავს ცოლად, ოღონდ, ის ქალი არ უყვარს. ბავშვი რომ გაჩნდება, მამას უნდა შვილის ნახვა, მაგრამ, ეს გოგო სჯის ღალატის გამო, არ აძლევს ამის უფლებას, ყოველ დანახვაზე აგდებს და საშინლად ლანძღავს, არადა, გიჟდება, ისე უყვარს. ერთხელაც, ერთი ნაცნობი თავისი ახლობლის ისტორიას უყვება: იმასაც შენსავით უყვარდა ის ბიჭი, მაგრამ, არ აპატია ღალატი და, ბოლო შეხვედრაზეც ის უთხრა, ვერ გიტან და წადი ჩემი ცხოვრებიდანო. ის ბიჭიც წავიდა სასოწარკვეთილი, მაგრამ, იმავე ღამეს ავარიაში დაიღუპა და, ისე მოკვდა, ვერ გაიგო, რომ გოგოს სიგიჟემდე უყვარდა...

– თქვენი ქმრები ღმერთმა დაიფაროს სიკვდილისგან, მაგრამ, ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს კაცმა, არ უნდა დაუმალოთ, ის კი არა, დროზე უნდა უთხრათ, – კატოს ცრემლით აევსო თვალები, – ორივესთვის ასე აჯობებს. ხომ მე გაცილებით მეტი ბედნიერი დღე მაქვს გასახსენებელი, ვიდრე, არ გეწყინოთ და, თქვენ, ყველას ერთად, მაგრამ, თქვენ მაინც უკეთეს მდგომარეობაში ხართ... ამას შურით კი არ ვამბობ, უბრალოდ, მინდა, თვალები აგიხილოთ. მე ყოველ წუთს, ყოველ წამს მენატრება ჩემი ქმარი, მაგრამ, ფიზიკურად რომ ვერ ვხედავ, ეს მონატრება სულის ტკივილში გადადის. არ გეგონოთ, რომ კაცის მონატრებას ვგულისხმობ. რა თქმა უნდა, ძნელია ახალგაზრდა, გათხოვილი ქალისთვის მამაკაცის გარეშე ცხოვრება, მაგრამ, ფიზიოლოგია და ამგვარი რაღაცეები ამ შემთხვევაში მეასე ადგილზე ინაცვლებს, რადგან, გვერდით აღარ მყავს მეგობარი, რომელიც მომისმენს, გამიგებს, თავზე ხელს გადამისვამს, ჩემს თავს მხარზე მიიყრდნობს და ძალიან დამარწმუნებლად ჩამჩურჩულებს ყურში: „ნუ გეშინია, მე შენთან ვარ“... ასეთ დროს შენც უცბად გრძნობ და ხვდები, რომ მართლაც არაფრის აღარ უნდა გეშინოდეს... – კატო გაჩუმდა, რადგან, თითქოს მართლაც გაიგო ქმრის ჩურჩული და ცრემლები ღაპაღუპით წამოუვიდა. მერე უცბად თვალები შეიმშრალა და ატირებულ გოგოებს ღიმილით გადახედა: – მაპატიეთ, ძალიან დაგგრუზეთ, მეტს აღარ ვიზამ... – მერე ჩანთიდან სიგარეტი ამოიღო და ხარბად გააბოლა.

– შენ რა, მოწევა დაიწყე? – გაუკვირდა მიას.

– ჰო, უკვე ერთი წელია, მაგრამ, ბევრს არ ვეწევი; მხოლოდ მაშინ, როცა ძალიან მინორში ვვარდები.

– კარგი, გვეყოფა ცრემლების ღვარღვარი. აბა, ყველამ გამოიდარეთ, თორემ, არ გეტყვით მთავარ სათქმელს, რაც არც ერთმა თქვენგანმა არ იცის და მე თვითონაც სულ ცოტა ხნის წინ გავიგე – აქ რომ მოვდიოდი, მაშინ.

– მთავარი, მგონი, ნათიას საკითხი იყო, კიდევ არის რამე? რაღაც, ძალიან ეშმაკურად გიციმციმებს თვალები, –  თავი გადააქნია ელისომ.

– ჰო, კიდევ არის, ოღონდ, ეს ნათიას არ ეხება, – გაეცინა მიას.

– აბა, ვის ეხება? – გაუკვირდა ნათიას.

– ვის და, მე! – საზეიმოდ გამოაცხადა მიამ.

– შენ გეხება და ჩვენ არ ვიცით? – აღშფოთდა ნათია, – რა ვიცი, მე ყველაფერი დაწვრილებით მომაყოლეთ და განიხილეთ და, შენსას რატომ არ გვეუბნები?

– მაცდით, რომ ვთქვა? – მეგობრების გაწვალების სიამოვნება გაახანგრძლივა მიამ, – მე აბსოლუტური სიჩუმე, ყურადღებით მოსმენა და ჭკვიანური რჩევა მჭირდება.

გოგოები გაჩუმდნენ, თითქმის ყველამ სიგარეტს მოუკიდა ნერვიულობისგან და ნახევარ წუთში ოთახი ისე გაიბუღა, ერთმანეთს ვეღარ ხედავდნენ.

მია მიხვდა, რომ მეტი მოცდა უკვე აღარ შეიძლებოდა და დაიწყო:

– გოგოებო, აქ რომ მოვდიოდი, ერთმა ძალიან სიმპათიურმა მამაკაცმა დამირეკა და ხვალ საღამოს „მარიოტში“ დამპატიჟა.

– ნომერში? – თვალები დაქაჩა რუსამ.

– არა, გოგო, რესტორანში, რა გულგახეთქილი მიყურებ, – სიცილი აუტყდა მიას.

– ვინ არის ის კაცი, არ გაგვიმხელ? ჩვენ არ ვიცნობთ? – დააყარეს აქეთ-იქიდან.

– მხოლოდ ნათია იცნობს, – ეშმაკურად გაეღიმა მიას.

– ვინ არის? მართლა ვერ ვხვდები...– გაოცებით შეხედა ნათიამ.

– ვინ და, რეზოს ამერიკელი პარტნიორი...

– ტომასი?! სად გნახა? როდის გაიცანი? – ნათია ისე დაიბნა, აღარ იცოდა, სწყენოდა თუ გახარებოდა.

– ნახვით თქვენს წვეულებაზე ვნახეთ, უფრო სწორად, დავინახეთ ერთმანეთი. ტელეფონი კი რეზოსთვის გამოურთმევია...

– იცოდე, ძალიან ფრთხილად იყავი, არ ენდო, – გააფრთხილა რუსამ, – ხომ იცი, ეგ ამერიკელები თავისებურად „ლეტნად“ არიან და, თან, ძალიან დიდი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე.

– ჰო, მართალია რუსა, – აფორიაქდა სოფო, – ნომერში არ აჰყვე, იცოდე, მანიაკი არ აღმოჩნდეს.

– რა გჭირთ, ხალხო, სულ გაგიჟდით? – გაეცინა მიას, – ნუ გეშინიათ, მასთან დაწოლას არ ვაპირებ. სიმართლე გითხრათ, ისიც არ ვიცი ზუსტად, შევხვდები თუ არა, მაგრამ, უნდა გამოგიტყდეთ, რომ ჩემი გემოვნების მამაკაცია. თანაც, ალღო მკარნახობს, რომ ცუდი ტიპი არ უნდა იყოს.

– ვიცით, რომ უტყუარი ალღო გაქვს, უკვე ორჯერ გვქონდა შენი ალღოს გამოცდის ბედნიერება, – „წაუიაზვა” მირანდამ.

– მერე, რა უთხარი? – დაინტერესდა ქეთა.

– არაფერი. უფრო სწორად, ვუთხარი, ახლა არ მცალია-მეთქი.

– ანუ, არც უარი გითქვამს და არც თანხმობა, – გაეცინა ქეთას.

– ასე ჯობია, – ეშმაკური ღიმილით უპასუხა მიამ, – კატეგორიული უარი რომ მეთქვა, შეიძლება, ბოდიში მოეხადა და აღარ დაერეკა; მაშინვე რომ დავთანხმებოდი, ან ინტერესს დაკარგავდა ჩემ მიმართ, ან ხელში ადვილად ჩასაგდებ ქალად ჩამთვლიდა, რაც მე კატასტროფულად არ მიყვარს. ამიტომ, პატარა იმედი დავუტოვე, რომ ბედი კიდევ სცადოს.

– მაინც არ გირჩევ შეხვედრას. ქართველების პარტნიორი კია, მაგრამ, რა იცი, ვინ არის? ეს ამერიკელები ნახევარი გიჟები ან ექსცენტრიკულები არიან, ნახევარი – პათოლოგები, – ავტორიტეტულად დაასკვნა სოფომ.

 გოგოებს სიცილი აუტყდათ. რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ სევდამ ყველას გაუარა და უცბად გამხიარულდნენ. ყველაზე კარგ ხასიათზე ნათია იყო – ათასი სასაცილო ამბავი მოყვა, მერე კი ხმამაღლა გამოაცხადა:

– ახლა მე ძალიან მომინდა დალევა. მაქვს ძალიან კარგი ვისკი – რეზოს აჩუქა ვიღაცამ და დიდი ამბით ინახავდა – განსაკუთრებული შემთხვევისთვის. ჰოდა, ის განსაკუთრებული შემთხვევა სწორედ ახლაა.

 – რა არის, გოგო, განსაკუთრებული შემთხვევა, ოჯახი რომ დაანგრიე? – უსაყვედურა სოფომ.

– არა, თავისუფლება რომ მოვიპოვე, რომ გამოვფხიზლდი და ისევ პიროვნებად ქცევა რომ მოვინდომე... ვიცი, რომ მეც და ბავშვებიც ვინერვიულებთ, წავიტირებთ კიდეც, მაგრამ, საბოლოოდ, ყველაფერს გადავიტანთ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, – თქვა ნათიამ და ვისკი და სირჩები შემოიტანა, – საჭმელი არაფერი მაქვს, თუ გინდათ, ისევ ყავას მოგიდუღებთ.

გოგოების თანხმობის შემდეგ ნათიამ დიდი ჩაიდნით აადუღა წყალი და უნალექო ყავა ჩამოატარა ფინჯნებით.

– ღმერთმა გვამრავლოს, მაგრამ, იმდენნი ვართ, ყავა სახაშე ქვაბით უნდა მოვხარშო, ყველას რომ გვეყოს. ნალექიანის მოდუღება დამეზარა, ამიტომ, ეს დალიეთ, – თქვა და ჩაიდანი სამზარეულოში გაიტანა.

– სულერთია. გეყოფა წინ და უკან სიარული, მოდი და დაჯექი! – გასძახა მიამ, – მეც მომინდა დალევა. თანაც, პაემანზე თუ წავედი ამ საღამოს, ნამდვილად მჭირდება გრადუსი სიმხნევისთვის.

– მთვრალი უნდა მიხვიდე პირველ პაემანზე, თანაც, ოკეანისგაღმელ კაცთან? რას იფიქრებს  შენზე და, საერთოდ, ქართველი ქალების წესიერებასა და პატიოსნებაზე? ხომ მოგვეჭრა თავი დედამიწის მასშტაბით? – სიცილი აუტყდა ელისოს.

– ერთი მაგათი დედაც ვატირე, – თქვა ნათიამ და სავსე სირჩა აიღო, მერე, გოგოების გაოცებული სახეები რომ დაინახა, ღიმილით დააზუსტა: – კაცების, ჩემო საყვარლებო, თანაც, ყველასი, ოკეანისგაღმელისაც, გამოღმელისაც, უცხოპლანეტელისაც და ჩვენებურისაც... ამ ჭიქით კი მინდა, თქვენ გადღეგრძელოთ – ყველა ერთად, რადგან, უთქვენოდ, ალბათ, მე მე აღარ ვიქნებოდი... კიდევ, იცით, რატომ მინდა, ახლა გადღეგრძელოთ? იმიტომ, რომ ერთმა ბრძენმა თქვა, მეგობარია ის, ვინც შენ შესახებ ყველაფერი იცის და, მიუხედავად ამისა, მაინც უყვარხარო; მეორე ბრძენმა კი, მგონი, ჰესიოდემ, კიდევ უკეთესი სიბრძნე დაგვიტოვა, რომელიც, შეიძლება, ყველას არც კი წაგვიკითხავს – სხვათა შორის, მეც სულ ახლახან ამოვიკითხე სადღაც – მაგრამ, შეუმცდარად ვიცავთ ამ სიბრძნეს და, ამიტომაც არის, რომ, ამდენი წელია, ერთად ვართ და ჩვენს ურთიერთობას ერთი ბზარიც კი არ გასჩენია...

– აღარ გვეტყვი, რა დაგვიბარა ღრმად პატივცემულმა ჰესიოდემ? – დაინტერესდა მია.

– რა და, მეგობრები რომ შეინარჩუნო, პატიება უნდა შეგეძლოსო, – გამოაცხადა ნათიამ, – ამ ჭიქით თქვენ, ჩემს უახლოეს და უერთგულეს ხალხს გაგიმარჯოთ!

– ადამიანი დალევამდე დათვრეს, პირველად ვნახე, – გაოცებით თქვა ლიკამ, –  მეტი აღარ დაუსხათ, ეგეც საკმარისია, ბოლომდე რომ გაითიშოს.

ნათიას მართლაც აღარ დასჭირდა მეტის დალევა, ერთი იმის თქმა მოასწრო, ამაღამ ვინმე დარჩით ჩემთანო, მერე მიწვა სავარძელში და ღრმად და მშვიდად დაიძინა.

ნათიასთან სალომე და ელისო დარჩნენ, დანარჩენები კი ფეხაკრეფით გავიდნენ ბინიდან და დათქვეს, ერთმანეთს მეორე დილით შეხმიანებოდნენ და ნათიასთვის ცოტა სერიოზულად მიეხედათ.

***

გაგას გარდაცვალების მეხუთე წლისთავზე კატო ძალიან ადრე ადგა და მარტო ავიდა სასაფლაოზე. შუადღეზე დედამთილთან და ბავშვებთან ერთად უნდა ასულიყო, მათი თანდასწრებით კი ვერც ტიროდა და ვერც ელაპარაკებოდა ასე მონატრებულ ქმარს, ურომლისოდაც სამყარო დაცარიელდა მისთვის.

ვინ იცის, წელიწადში  რამდენჯერ ადიოდა საფლავზე, მაგრამ, არც ერთხელ, არც გაგას დაბადების, არც გარდაცვალების და არც ისე დღეებში, არასდროს არავინ დახვედრია, არც ერთი მეგობარი;  მეგობარი კი არა, კვალიც კი არ უნახავს მათი. ახლაც ასე იყო – ისევ თავისი მიტანილი ყვავილები ეწყო მარმარილოს ფილაზე.

„ისე, კაცმა რომ თქვას, ხუთი წელია, არავის გახსენებია აქ მოსვლა და ამ უთენია ვინ შეიწუხებდა თავს“, – გაიფიქრა და მწარედ გაეღიმა. საფლავზე მუხლებით დაემხო და სახე მიწას დაადო. ცოტა ხანს ასე იყო, მერე წამოდგა და იქაურობა მოასუფთავა, თუმცა, ბევრიც არაფერი იყო გასაკეთებელი – ერთი კვირის წინ გაწმინდა წიწვებისა და ფოთლებისგან.

ტკივილისგან გული ეწურებოდა. საშინლად ეცოდებოდა გაგა. როცა კარგად იყო, ცხადია, ფინანსურად, ამდენი ძმაკაცი ჰყავდა; ამდენი ხალხი ეხვეოდა გარშემო, ყველა მეგობრობასა და ერთგულებას ეფიცებოდა, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ერთი მეგობარიც არ ჰყოლია, არადა, ყველაზე თან იყო გადაყოლილი... არ ათხოვნინებდა, ისე უმართავდა ხელს ყველას – როცა კაცი დახმარებას გთხოვს, ამით თავს იმცირებს. თუ შენი მეგობარია, თავი არ უნდა დაამცირებინო, თვითონ უნდა მიხვდე, რა უჭირს და ისე, დაეხმარო, რომ, მოწყალებად კი არა, თანადგომად მიიღოს, რომ მერე თვითონაც ასევე მოექცეს სხვასო. მაგრამ, თვითონ მას ასევე არავინ მოექცა... ერთხელ ვიღაცამ უთხრა, იმდენ სიკეთეს სჩადიხარ, შენს შვილიშვილებს დახვდებათ წინო. გაგამ იუხერხულა ქება და უპასუხა: სიკეთე ის კი არ არის, როცა გაქვს და ეხმარები, სიკეთე ის არის, როცა თვითონ არაფერი გაბადია და მაინც სხვის დახმარებას ცდილობო. ეს სიტყვები მისი თავმდაბლობის გამოხატულება იყო, რადგან, ისეც ძალიან ბევრჯერ მომხდარა, რომ სახლში საჭმლის ფული არ ჰქონდათ, მან კი სოლიდური  თანხა ისესხა და მეგობრის ცოლი ექიმთან წაიყვანა, რადგან, ის მეგობარი ქალაქში არ იყო... თუმცა, არც იმ მეგობარს და არც მის ცოლს, ერთხელაც არ მოუნახულებიათ სიკვდილის წინ.

კიდევ ბევრი რამე გაახსენდა კატოს: ყოველდღე გაშლილი სუფრები, ხარბი და მლიქვნელური სახეები, შურით აღსავსე თვალები... მაშინ ყველა ხელებს უკოცნიდა, ყველა ხოტბას ასხამდა მის გარეგნობას, კარგ ქალობას, ახლა კი ერთსაც არ გახსენებია – ხუთი წელი ისე გავიდა, სანახავად მისვლა კი არა, ტელეფონით არავის მოუკითხავს არც გაგას დედა და არც მისი ცოლ-შვილი. ყველამ იცოდა, რომ გაგას ხანგრძლივი ავადმყოფობის გამო ოჯახმა ყველაფერი გაყიდა და ვალებში ჩაიძირა, მაგრამ, ერთს არ აუღია ყურმილი და არ უკითხავს, ბავშვებს ხომ არ შიათ ან მოხუც დედას რამე ხომ არ სჭირდებაო.

უცბად კატოს ძალიან მოუნდა, ყველა ის მეგობარი, რომლებიც წლიდან წლამდე მათთან აღამებდნენ და ათენებდნენ და თავიანთ ოჯახებს გაგას წყალობით არჩენდნენ, ერთად შეეკრიბა და მწკრივში დაესხა, თვითონ კი ჩამოევლო და განა რამე ეკითხა, მხოლოდ სათითაოდ ჩაეხედა თვალებში ყველასთვის – აინტერესებდა, რომელი შეძლებდა მზერის გასწორებას.

სხვათა შორის, არც მაშინ მოსწონდა ამდენი ჭრელა-ჭრულა ხალხის სიარული მათ სახლში, ქლესური ღიმილი და ქება-დიდება, მაგრამ, ქმარს არაფერს ეუბნებოდა – არ უნდოდა, სწყენოდა, რადგან, ყველას ენდობოდა, ახალგაცნობილ ადამიანსაც კი – ვერ წარმოედგინა იმ კაცისგან ღალატი, რომელთან ერთადაც პური ჰქონდა გატეხილი; ასე კი იმიტომ ფიქრობდა, რომ თვითონ იყო უღალატო და მეგობრებისთვის თავგადადებული. ამ ზედმეტმა ნდობამ ბევრჯერ მოატეხინა კისერი, მაგრამ, ჭკუა მაინც ვერ ისწავლა.

კატოს ისე ძალიან მოუნდა, გაერკვვია ქმრის მეგობრების ასეთი გულცივობის მიზეზი, რომ, გადაწყვიტა, მეორე დღესვე შეეკრიბა ყველა და რაღაცეები დაედგინა.

სასაფლაოზე დიდხანს აღარ გაჩერებულა. ერთხელ კიდევ ჩაიმუხლა მის თავთან და ჩუმად უთხრა:

– რატომ დამტოვე მარტო... – ეს იყო ერთადერთი საყვედური, რასაც ეუბნებოდა ამ ხუთი წლის განმავლობაში.

იქიდან მაღაზიაში გაიარა, მზა საჭმელები, პური, ღვინო და ზეთი იყიდა და ეკლესიაში წავიდა, პანაშვიდი გადაუხადა, ყუთში შესაწირი ჩააგდო და მოწყალება ჩამოარიგა...

სახლში ფეხაკრეფით შევიდა – არ უნდოდა, ვინმე გაეღვიძებინა. დედამთილის ოთახში სინათლე ენთო, მაგრამ, არ შევიდა მასთან. ახლა ერთადერთი რამ უნდოდა – მარტო დარჩენილიყო და ეფიქრა, ეფიქრა, ეფიქრა...

კატო ქმრის საწოლზე გულდაღმა წამოწვა, ბალიშს ორივე ხელი მოხვია და თვალები დახუჭა – ასე უფრო გრძნობდა მის სიახლოვეს. ხუთი წელი ხდებოდა, რაც გაგა აღარ იყო და მაინც ვერ შეეჩვია უმისობას. დროის გასვლას ვერ გრძნობდა – თითქოს ეს მას არ ეხებოდა. უფრო სწორად, თითქოს ფიზიკურად ხედავდა, როგორ აიდგეს ფეხი დღეებმა, კვირებმა და თვეებმა და როგორ გარბოდნენ სადღაც უსასრულობაში, ის კი ისევ იქ დატოვეს, სადაც ამ ხუთიოდე წლის წინ იყო – მომაკვდავი ქმრის საწოლთან...

ძალიან ეცოდებოდა ნაადრევად მოტეხილი დედამთილი, მაგრამ, ნუგეშის თავიც არ ჰქონდა.

გაგა უფულობის გამო გამოეცალათ ხელიდან – ვერ მოასწრეს საკმარისი თანხის დროულად შეგროვება, არადა, მისი უზარმაზარი სამეგობროდან ნაწილს მაინც რომ ენამუსა და, საკუთარი ჯიბიდან გაეღოთ კი არა, სხვადასხვა დროს აღებული ვალები დაებრუნებინათ, ის თანხაც შეგროვდებოდა და აღარც ქმარი მოუკვდებოდა.

გაგას სიცოცხლის ბოლო დღე გაახსენდა: კომაში ჩავარდნილი ავადმყოფი სასწრაფომ ერთ-ერთ კლინიკაში გააქანა. მთავარი ექიმი არ იღებდა მომაკვდავს, ლამის ხელჩართულ ბრძოლამდე მივიდა საქმე და, ბოლოს, მუქარისა და გაწევ-გამოწევის შემდეგ, დააწვინეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ მთელ სართულზე არც წყალი მოდიოდა და არც ჟანგბადის ბალიშები თუ ბალონები ჰქონდათ. როგორც იქნა, ეს პრობლემაც მოგვარდა, მაგრამ, ამასობაში ავადმყოფის მდგომარეობა გაუარესდა, თუმცა, მერე გაირკვა, რომ მაინც აღარაფერი ეშველებოდა. მანამდეც, მთელი ხუთი თვის განმავლობაში, ცდილობდნენ, რომელიმე საავადმყოფოში დაეწვინათ, მაგრამ, არც ერთმა არ მიიღო – ჩვენი პროფილი არ არისო. გაგას ბავშვობის მეგობარმა ექიმმაც კი უარი უთხრა თავის კლინიკაში დაწვენაზე, მერე კი საერთოდ დაიკარგა – არც სანახავად მისულა და აღარც ზარებს პასუხობდა. ტელეფონითაც არ უკითხავს, როგორ არისო, მხოლოდ პანაშვიდზე მოვიდა, ცრემლები გადმოყარა და, ისე წავიდა, გაგას დედას არც კი დალაპარაკებია – ან კი, რა უნდა ეთქვა, რით უნდა ემართლებინა თავი...

შეიყვანეს თუ არა გაგა პალატაში, კატომ მაშინვე ჩამოურეკა მის მეგობრებს და ნახევარ საათში ათამდე ძმაკაცი მივიდა. ყველას ძალიან შეშინებული სახე ჰქონდა, მაგრამ, კატოს არაფერს ეუბნებოდნენ. ცოტა ხანში ერთ-ერთი მეგობარი მივიდა კატოსთან და უთხრა, გეძახიანო და განყოფილების გამგის კაბინეტისკენ გაუძღვა. შეშინებულ გოგოს კიდევ რამდენიმე ძმაკაცი გაჰყვა. კაბინეტის წინა ოთახში ვიღაც მსუქანი ქალი იჯდა და უთხრა, 450 ლარი უნდა გადაიხადოთ, ერთი დღე-ღამის ფულიო. კატომ გადაიხადა. მერე იმ ქალმა ქვითარი გამოუწერა – ახლა ქვემოთ ჩაბრძანდით, პირველ სართულზე, მიმღებში 19 ლარი და 50 თეთრი გადაიხადეთ და ჩეკი ამომიტანეთო. კატომ ქვითარი გამოართვა და, რომ მობრუნდა, გაგას არც ერთი მეგობარი იქ აღარ იდგა. მწარედ გაეღიმა – მიხვდა, რომ იმ 19 ლარის გადახდას  აარიდა ყველამ თავი.

მერე მთავარმა ექიმმა კატოსა და მის დედამთილს უთხრა, ერთი-ორი საათით სახლში წაბრძანდით, ცოტა დაისვენეთ და მერე მოდითო. კატო მაშინ ვერ მიხვდა, რომ პროფესორმა ისინი სპეციალურად გაუშვა შინ. ნახევარი საათის მისულები იყვნენ, ერთ-ერთმა ძმაკაცმა რომ დაურეკა – გაგა აღარ არისო. მერე რა მოხდა, აღარ ახსოვს; აღარც ის ახსოვს, როგორ მოასვენეს სახლში გაგა და როგორ კიოდა საწყალი დედამისი. რამდენიმე თვის შემდეგ გაიგო, რომ, ის 150 ლარი, რომელიც ჭირისუფალს  საავადმყოფოს მორგში უნდა გადაეხადა, გაგას ნათესავს გადაუხდია, რომელსაც ერთ-ერთმა ძმაკაცმა დაურეკა და უთხრა, სასწრაფოდ წამოდი და ფული წამოიღეო... თუმცა, ასეთი საქციელი რა გასაკვირი იყო, როცა, მთელი ხუთი თვის განმავლობაში ყოველდღე უკეთებდნენ გაგას გადასხმებს და ერთი გადასხმის სამყოფი თანხითაც კი არ დახმარებია არც ერთი.

... ამის გახსენებაზე კატოს ღვარად წამოუვიდა ცრემლები – გაგა ხომ არასდროს მოიქცეოდა ასე. ძალიან შეეცოდა ქმარი, რომელიც ყოველთვის ყველას გაჭირვების ტალკვესი, მშველელი და გადამრჩენელი იყო, მაგრამ, როცა თვითონ გაუჭირდა, ერთი ძმაკაციც კი არ დაუდგა გვერდში.

აღარ ახსოვს, რამდენ ხანს იწვა ასე. კარზე მორიდებული კაკუნი გაისმა. კატომ ძლივს ასწია თავი და უღონოდ გასძახა, ღიააო; მერე უცებ წამოჯდა და თმა შეისწორა; რაღაცნაირად შეუფრთხიალდა გული – უცბად იფიქრა, რომელიმე ძმაკაცი ხომ არ მოვიდა, რომ საფლავზე წამოვიდესო, მაგრამ, კარი დედამთილმა შემოაღო.

– არ წავიდეთ, შვილო? – ჰკითხა მისი საცოდაობით გულდამწვარმა და ცრემლი მოიწმინდა, – თუ არ შეგიძლია, ნუ წამოხვალ, მარტო ავალ.

– არა, მარტოს ვერ გაგიშვებთ. ათ წუთში მზად ვიქნები. ბავშვები სად არიან?

– ქვემოთ ჩავიდნენ და იქ გველოდებიან.

კატომ თმა გადაივარცხნა, თხელი შავი ჟაკეტი მოიცვა და ყელზეც შავი კაშნე შემოიხვია. დედამთილი სამზარეულოდან გამოვიდა და ფინჯნით ყავა გამოუტანა – ეს მაინც დალიე, მთელი დღე ლუკმა არ ჩაგიდევს პირში და გული არ წაგივიდესო. კატომ ზრდილობის გამო გამოართვა ჭიქა და უხალისოდ მოსვა, მაგრამ, ესიამოვნა ცხელი ყავა და მთლიანად დალია.

სასაფლაოზე ტაქსით ავიდნენ. კატო მაინც იტოვებდა გულში იმედს, იქნებ ახლა მაინც დახვედროდა იქ ვინმე – იქნებ, გარდაცვალებიდან ხუთი წლისთავზე გახსენებოდა გაგა რომელიმე მეგობარს, მაგრამ, ისევ იმედი გაუცრუვდა – არავინ დახვდა. იქვე მოფუსფუსე მესაფლავეს მაინც ჰკითხა, დღეს ხომ არავინ მოსულაო, მაგრამ იმან თავი გაუქნია.

ცოტა ხნის შემდეგ კატომ ბავშვებს სთხოვა, გამომყევითო და ცოტა მოშორებით, ვიღაც ახალგაზრდა ბიჭის საფლავის გვერდით ჩამოსხდნენ – მარტო დატოვა დედამთილი თავის შვილთან, რომ გული მოეოხებინა.

კატომ საფლავის ქვაზე გაკეთებული წარწერა წაიკითხა.

„18 წლის ყოფილა. საწყალი, ნეტავ რითი გარდაიცვალა!..” – გაიფიქრა და, რატომღაც, ძალიან მოუნდა, ახლომახლო საფლავები ჩამოევლო. შვილებს უთხრა, ახლავე მოვალო და ვიწრო ბილიკს გაუყვა, თან წარწერებს კითხულობდა. გული მოეწურა – გარდაცვლილების უმრავლესობის ასაკი ოცდაათ წელს არ აღემატებოდა, აქა-იქ თუ იყო შუახნის ან მოხუცებული ადამიანი დასაფლავებული.

– რა ხდება? – ჩაილაპარაკა თავისთვის, – ხომ აშკარაა, რომ ამდენ ახალგაზრდას ავადმყოფობა არ მოკლავდა? ვთქვათ, რამდენიმე ავარიაში დაიღუპა... დანარჩენები? – მერე თვითონვე დაასკვნა: – ნარკოტიკები, ჩხუბი, შურისძიება... არადა, ბავშვობაში ბებიაჩემს რომ მივყავდი ხოლმე ბაბუას საფლავზე, თითქმის სულ მოხუცების საფლავები იყო გარშემო...

– დედა! – ფიქრი შეაწყვეტინა შვილის დაძახებამ, – წავედით!

სახლში გულდამძიმებულები დაბრუნდნენ. ბავშვები კომპიუტერებს მიუსხდნენ, დედამთილი თავის ოთახში გავიდა, კატო კი ისევ გაგას საწოლზე წამოწვა და, თავისდაუნებურად, კვლავ ქმრის მეგობრებზე დაიწყო ფიქრი. დაუძლეველი სურვილი აეკვიატა, აუცილებლად შეეკრიბა ყველა და ერთადერთი კითხვა დაესვა: რა შეეშალა გაგას თითოეულთთან ცალ-ცალკე და ყველასთან ერთად, რომ ასე მოექცნენ ჯერ მომაკვდავს, შემდეგ კი – გარდაცვლილს?

ამ ფიქრებში იყო, რომ მიამ დაურეკა:

– როგორ ხარ, იყავი საფლავზე?

– ჰო, – გაუხარდა მეგობრის ხმის გაგონება, – ვიყავი და ძალიან ცუდად ვარ.

– გოგოებს გვინდოდა, წამოყოლა შემოგვეთავაზებინა, მაგრამ, მერე ვიფიქრეთ, რომ ლიანას შევუქმნიდით დისკომფორტს და ამიტომ აღარ შეგეხმიანეთ. როგორ არის?

– როგორ იქნება... მაგრამ, მე და ბავშვები რომ არ შეგვაწუხოს, შეძლებისდაგვარად არ იმჩნევს და აქეთ გვამხნევებს.

– ძალიან ძლიერი პიროვნებაა, თან, არაჩვეულებრივი ადამიანია. სხვა, მის ადგილას, ტვინს გადაჭამდა ყველას.

– ჰო, მაგარი ქალია. ეს რომ არ მყავდეს, არ ვიცი, რა მეშველებოდა; ალბათ, მეც კარგა ხნის მკვდარი ვიქნებოდი, – ცრემლი მოერია კატოს.

– კარგი, გეყოფა! – დაუტატანა მიამ, – შენი დედამთილისგან მაინც აიღე მაგალითი!

– ვცდილობ, მაგრამ, არ გამომდის. წელიწადში რამდენიმე დღეა ასეთი, ადამიანად რომ აღარ ვვარგივარ, – ამოისლუკუნა კატომ.

მია მიხვდა, რომ მის დაქალს ამ თემაზე ლაპარაკი უნდოდა და, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, რა პასუხსაც მიიღებდა, მაინც ჰკითხა:

– დაბადების დღე, გარდაცვალების დღე... კიდევ?

– ჩვენი გაცნობის... სიყვარული რომ ამიხსნა პირველად... ქორწილის... – მაშინვე ჩამოუთვალა კატომ.

– იცი, რას გეტყვი? – მიამ პაუზა გააკეთა, – მართალია, უკვე არაერთხელ მაქვს ეს ნათქვამი, მაგრამ, მაინც გაგიმეორებ: შენ ძალიან ბედნიერი ქალი ხარ, გაცილებით უფრო ბედნიერი, ვიდრე მე და ჩვენი სადაქალოს უმრავლესობა – ჩვენ გასახსენებელიც არაფერი გვაქვს...

– ნეტავი არ მომკვდარიყო და, თუ გინდა, ყოველდღე ეჩხუბა, ეგინებინა, ან, თუნდაც სხვა ქალთან წასულიყო, ოღონდ კი მცოდნოდა, რომ ცოცხალია, დადის და სუნთქავს... – კატომ ტირილი დაიწყო.

– კარგი, გეყოფა, ნუ გამიხეთქე გული! საკუთარი თავი თუ არ გებრალება, ეგ საცოდავი მოხუცი და ბავშვები მაინც შეიბრალე. მაგათ ახლა სჭირდებათ დედა, ფეხზე დამდგარი და საღად მოაზროვნე. ხომ იცი, რა ასაკიც აქვთ! ცოტა გამოფხიზლდი და გონს მოდი, შვილები ხელიდან არ წაგივიდნენ, – ცოტა მკაცრად გააფრთხილა მიამ, – და, საერთოდ, შენი ოჯახის გარდა, ჩვენც გვჭირდები, გაიგე?

– ჰო, გავიგე, ვეცდები, – ცრემლები მოიწმინდა კატომ და უცებ საქმიანად ჰკითხა: –  ჩემკენ როდის გამოჩნდებით?

– ყველა ერთად?

 – რა ვიცი, ვინც როგორ მოახერხებთ.

– რამე პრობლემაა? თუ გინდა, ახლავე მოვალთ.

– არა, დღეს არა, არაფრის თავი არ მაქვს, ხვალ იყოს. პრინციპში, მირჩევნია, მე თვითონ გამოვიდე ვინმესთან, ან, სულაც, სადმე კაფეში დავსხდეთ.

– რამე მოხდა? – დაიძაბა მია.

– არა, რაღაცა მაქვს ჩაფიქრებული და რჩევა მინდა გკითხოთ.

– მაშინ, თუ ის შენი ჩანაფიქრი მოითმენს, ბარემ შაბათს შევხვდეთ სადმე.

– კარგი, თანახმა ვარ. მანამდე მეც უფრო დავწყნარდები და უკეთ მოვიფიქრებ, რა და როგორ გავაკეთო.

– მაშინ, შაბათამდე გემშვიდობები, თუმცა, მანამდე კიდევ დაგირეკავ.

– კარგი, ველოდები შენს ზარს. მადლობა ყველაფრისთვის.

– მაგრად იყავი! –კიდევ ერთხელ გაამხნევა მიამ და ყურმილი გათიშა.

მაგრამ კატოს უცბად გაახსენდა რაღაც და მაშინვე დაურეკა:

– მია, ისე ვარ გათიშული, სულ დამავიწყდა, მეკითხა – შეხვდი იმ ამერიკელს?

– დღეს ვხვდები. იმ დღის მერე რამდენჯერმე დამირეკა, ცოტა ვისაუბრეთ, ბევრი ვახვეწნინე და, ბოლოს, „რეზოს ხათრით“ დავთანხმდი, – გაეცინა მიას, – თუ გაინტერესებს და მოსმენის თავი გექნება, გვიან დაგირეკავ და ყველაფერს მოგიყვები.

– ძალიან მაინტერესებს. რომელი საათიც არ უნდა იყოს, დარეკე, ხომ იცი, თითქმის არ მძინავს. ჰო, რა უნდა ჩაიცვა?

– რამე კლასიკური. ან, სულაც, შეიძლება, ჯინსებითა და პულოვერით წავიდე, ზუსტად არ ვიცი. ვნახავ, საღამოს რა ხასიათზე ვიქნები.

– „მარიოტში“ ჯინსებით, თანაც საღამოს და, თანაც, პირველ პაემანზე, მგონი, ნამეტანია, – გაეცინა კატოს.

– შენ იცინი და ეს უკვე მომწონს, – გაუხარდა მიას, – ოღონდ გამხიარულდი და, თუ გინდა, საერთოდაც, კუპალნიკით წავალ.

– არა, ასეთი მსხვერპლი ნამდვილად არ მინდა. მე მაინც ვფიქრობ, კლასიკური ტანსაცმელი ჯობია, – კატომ აშკარად იგრძნო, რომ გულზე მოეშვა და ხასიათი გამოუკეთდა.

– კარგი, გავითვალისწინებ შენს რჩევას. აბა, დროებით! – მია თვითონაც კარგ ხასიათზე დადგა. მაშინვე კარადას მიადგა და კრიტიკული თვალით გადაათვალიერა თავისი გარდერობი, მერე რამდენიმე ვარიანტი შეარჩია, ყველა გამოიღო და სათითაოდ დაიწყო მოზომვა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3