კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის იდება ადამიანში „სიკვდილის კოდი“ და რა ასტრალური ძალა გააჩნია მცენარეებსა და ხის სამკაულებს

დედამიწაზე იმ მისიით ვართ მოვლენილნი, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ, გავუზიაროთ ცოდნა და გამოცდილება, ამით ხელი შევუწყოთ ჩვენსავე მომავალს და გარშემო მყოფების ცხოვრებაც სასიკეთოდ შევცვალოთ.  

უძველესი დროიდან არსებობს მოსაზრება, რომ მრავალწლიან ხეებს განსაკუთრებული ენერგეტიკა აქვთ და მათი მოჭრა ადამიანისთვის განსაკუთრებულად საშიში და  ზიანის მომტანია. ასევე, როგორც ეზოთერიკოსი და პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ნანა ამბობს, თითოეულ ჩვენგანს თავისი მფარველი და მკურნალი ხე ჰყავს და, მასთან ჩახუტებით, ხშირი კონტაქტითა და სიახლოვით, ჩვენს ორგანიზმს სიცოცხლითა და ჯანმრთელობით ვაზღვევთ. ასევე, არსებობს ძველი ეზოთერიკული წესები და კანონები, რომელთა გათვალისწინება ბევრი უარყოფითი შედეგისგან დაგიცავთ.

ნანა: როდესაც ადამიანებს ჩემს გამოცდილებასა და ეზოთერიკულ თუ პარაფსიქოლოგიურ ცოდნას ვუზიარებ, ვხვდები, რომ ამით მათთვის სიკეთე მომაქვს, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მინდა გითხრათ, რომ ხეებს უდიდესი ენერგეტიკა აქვთ და მათთან კონტაქტი სასიცოცხლო ძალებით გვავსებს, ორგანიზმს გვიჯანსაღებს, გვარიდებს უარყოფით ენერგიებს და ასე შემდეგ. ეს განსაკუთრებით ეხება მრავალწლიან ნარგავებს. აუცილებელია, ის ენერგეტიკა, რომელიც დედამიწის სიღრმეებიდან ხეებს ფესვებით გადაეცემა, ჩვენც გავიზიაროთ. ამისთვის კი გირჩევთ, ხშირად გახვიდეთ ბუნებაში, დაჯდეთ ხის ძირში, მოეხვიოთ მრავალწლიან ნარგავებს და ასე შეივსოთ დაქვეითებული სასიცოცხლო ენერგიები. ეს სულაც არ არის ზღაპარი, როგორც ზოგს ჰგონია. დამერწმუნეთ, ამით თქვენს ორგანიზმს ძალიან დაეხმარებით და დიდ სარგებლობასაც მოუტანთ.

– ვინც წინაპრების გამოცდილებას იზიარებს, კარგად იცის, რომ, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, ხის მოჭრა ძალიან საშიშია და ამით საკუთარ ბედს უქმნის საფრთხეს. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

– უძველესი დროიდანაა ცნობილი, რომ ხეებს შეუძლიათ ჯანმრთელობის, ბარაქის, კეთილდღეობისა და დღეგრძელობის საქმეში წარმატების მოტანა; ავადმყოფობისგან დაცვა და განკურნება; გათვალვისა და ჯადოს აცილება და ასე შემდეგ. ადრე, ბავშვი რომ დაიბადებოდა, მის სახელზე ოჯახის მამაკაცი აუცილებლად რგავდა ხეს და, მიაჩნდათ, რომ სწორედ ის ხე იყო მისი მფარველი, დამცველი და ბოროტი ძალების ამცილებელი. ბავშვი რომ იზრდებოდა, ამ ხესთან უნდა ჰქონოდა ხშირი შეხება და ისიც დაიცავდა მას, ენერგიით აავსებდა; ხოლო, თუ მას ვინმე მოჭრიდა, უბედურება გარდაუვალი იყო. ეს ძველი ტრადიცია გახლდათ, რომელიც, სხვათა შორის, საქართველოს ზოგიერთ სოფელში დღემდე შემორჩენილია. ადამიანის სახელზე დარგული ხის მიზანი და ამოცანაა, დაიცვას კონკრეტული პიროვნება ბოროტი ძალებისგან, გადასცეს მას თავისი ენერგიის ნაწილი და იხსნას შესაძლო უბედურებისგან. ასევე, ამ ხის ტოტისგან თლიდნენ პატარა ღილს და აკერებდნენ ბავშვის ტანსაცმელს. ითვლებოდა, რომ ეს ღილი მისი ბედნიერების მომტანი თილისმა იყო, ბოროტი ადამიანი მას ვერაფერს დააკლებდა, ბედიც გაუღიმებდა და ცხოვრებაშიც იღბლიანი იქნებოდა. ზოგადად კი, ადამიანები და მათი დაბადების მომენტში მათ სახელზე დარგული ასეთი მფარველი ხეები, ერთმანეთთან შეერთებულნი და დაკავშირებულნი არიან უხილავი ბედის ძაფებით. ამიტომ, თუ ხე კარგად ხარობს, ადამიანიც ბედნიერია, ხოლო, თუ ნელ-ნელა იწყებს ხმობას, მაშინ, რაღაც საფრთხე უახლოვდება მის სულიერ „ორეულს“. 

– ეზოთერიკოსებისგან მსმენია, რომ მცენარეებს ასტრალური ძალა აქვთ. ეს რას ნიშნავს?

– დიახ, მცენარეებს ნამდვილად აქვთ ასტრალური ძალა, რაც ადამიანმა უნდა იცოდეს და თავის სასიკეთოდ გამოიყენოს. მაგალითად, გირჩევთ, ტყეში ხეს მოაჭრათ პატარა ტოტი და მისგან საკუთარი ხელით გამოთალოთ ღილი. მიაკერეთ ის თქვენს ტანსაცმელს, ატარეთ და, მალე მიხვდებით, რომ თქვენს ცხოვრებაში სასიკეთო ძვრები დაიწყება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ, მზის ჩასვლის შემდეგ არ უნდა დააკეროთ ტანსაცმელს ღილი, არ ვარგა ნემსისა და მაკრატლის ხმარებაც, ანუ, ღამის საათებში მოერიდეთ ფრჩხილების მოჭრას, რაიმეს გაჭრას, შეკერვასა და დაკერებას და ასე ბევრ უსიამოვნებას აიცილებთ თავიდან. ესეც უძველესი ეზოთერიკული კანონია და ამასაც განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოთ.

– ბევრი იმასაც ფიქრობს, ჩვენი ბედი ზეცაშია გადაწყვეტილი და, რაც გვიწერია, ის არ აგვცდებაო.

– თუ ბედს ხართ მინდობილი და ამბობთ, რაც მიწერია, არ ამცდებაო, მაშინ, ნუღარც დაიწუწუნებთ, რომ წარუმატებელი და უიღბლო ხართ. მაგალითად, წინათ პატარა ბავშვს აუცილებლად ხის კოვზით აჭმევდნენ საჭმელს და, ითვლებოდა, რომ ამით მას ჯანმრთელობას უბევებდნენ სამომავლოდ, საკვები პროდუქტიც ადვილად შეითვისებოდა ორგანიზმის მიერ და ალერგიის ან მოწამვლის ალბათობაც გამორიცხული იყო. ასეთ ხის კოვზებს ახალდაბადებულ ბავშვებს ბაბუა უთლიდა და ის მასში მამაკაცურ სიძლიერესა და ხის ენერგეტიკას დებდა. ხის სამკაულების ტარებასაც მსგავსი დატვირთვა გააჩნია. თუ ხისგან დამზადებულ სამკაულებს ატარებთ, ის თქვენს წინსვლას შეუწყობს ხელს და გათვალვისა და ავი მზერის შესაძლო უარყოფითი შედეგებისგან დაგიცავთ. გათვალვის საწინააღმდეგოდ ხის სამკაული ერთ-ერთი უძლიერესი დამცველია. ტყუილად როდი ვახსენე გათვალვა და ავი მზერა. ადამიანის მზერაში ბევრი რამის ამოცნობა შეიძლება.

– მაგალითად, რისი ამოცნობაა შესაძლებელი?

– მაგალითად, ბევრი ამბობს, რომ კონკრეტულ ადამიანთან შეხვედრა ცუდად აქვს დაცდილი, რადგან ის იმ დონეზე ახდენს მასზე ზემოქმედებას მზერით, რომ იმ დღეს უსიამოვნება გარდაუვალია. არსებობს, ასევე, გათვალვებით გამოწვეული სხვა უსიამოვნებებიც, მაგალითად: უბედური შემთხვევა, ნერვული შეტევა, წარუმატებლობა, უიღბლობა და ასე შემდეგ. არის აგრეთვე, სიკვდილის კოდი, რომელიც ყველა ჩვენგანშია ჩადებული და, წყევლისა და მზერის მეშვეობით ადვილად და სწრაფად იწყებს მოქმედებას. თვალიდან წამოსულ ძლიერ გამოსხივებას ადამიანის ცხოვრების ძირფესვიანად შეცვლა, უბედურების ან ბედნიერების მოტანაც შეუძლია. ასე რომ, ვინც რა უნდა თქვას, დამიჯერეთ, ავი თვალიც არსებობს, ადამიანებისგან არც წყევლა წაგვადგება სასიკეთოდ და გათვალვაც რეალურად შესაძლებელია. სიკვდილის კოდი ადამიანში დაბადების მომენტში იდება და, შესაძლოა, მისი უდროო და უცაბედი სიკვდილი გამოწვეული იყოს წინაპრის მიერ ჩადენილი ცოდვის, წყევლის, ძლიერმოქმედი ჯადოს ან გათვალვის შედეგად. ამას ზოგი ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგი „მემკვიდრეობით გადაცემულ წყევლასაც“ უწოდებს, რომელიც ძალიან საშიშია. წყევლა და გათვალვა კი, ძლიერი პროგრამის წყალობით, მეცხრე თაობამდე გადადის და მუშაობს უარყოფითად. ხოლო, სიკვდილის კოდი, რომელიც ავი მზერისგან კიდევ უფრო აქტიურდება, ადამიანზე მომაკვდინებლად მოქმედებს და ანადგურებს მას როგორც ფიზიკურად, ასევე, მორალურადაც. იცით, როგორ უნდა მიხვდეთ, რომ გაგთვალეს?

– საინტერესოა, ამას როგორღა უნდა მივხდეთ?

– როგორ და, გათვალულ ადამიანს ეწყება შიშები, თავის ტკივილები, ხშირი მთქნარება, თავს სუსტად გრძნობს, ბედში კი ძალიან წარუმატებელია. დაკვირვებული ვარ, გათვალვის მსხვერპლი უფრო ხშირად ხდება ლამაზი და წარმატებული ადამიანი. ამიტომ, გირჩევთ, მოერიდეთ სხვებთან გულის გადაშლასა და ხშირ შეხვედრებს, რათა მისგან არ წამოვიდეს შური და არ გახდეთ მისი ავი მზერის უნებლიე მსხვერპლი. 

скачать dle 11.3