კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აკლია ქართველ საზოგადოებას ყველაზე მეტად და სად გახდა პარლამენტის თავმჯდომარე ავთო ვარსიმაშვილის მისახედი

სამყაროში ჰარმონია აღარ იქნებოდა, რომელიმე ერი განსაკუთრებით გამორჩეული და უნიკალური რომ ყოფილიყო. ყველას თავისი ადგილი აქვს, ამიტომაც მოგვწონს და გვიზიდავს თავისი მრავალფეროვნებით... ქართველებიც ამ სამყაროს ერთი ჩვეულებრივი „მარცვალი“ ვართ და, ზუსტად არც ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დანარჩენ „მარცვლებში“ არ ავირიოთ და არ დავიკარგოთ...

ავთო ვარსიმაშვილი: ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ, რატომღაც, მიგვაჩნია, თითქოს მთელი სამყარო გვებრძვის, დარაზმულია ჩვენთვის „ქართველობის“ წასართმევად, რაც, რა თქმა უნდა, არ არის მართალი. სამყარო თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. ჩვენ კი ზედმეტი აჟიტირებულობით ამ თემით ისევ საკუთარ თავს ვიზიანებთ.

– მაინც, რისი წართმევა შეიძლება უნდოდეთ ჩვენთვის, რას ემუქრება მთავარი საფრთხე?

– საუბარი, ძირითადად, სულიერებაზეა, რომელიც ძალიან აბსტრაქტული თემაა და, საერთოდაც, არავინ არაფერს გვართმევს. მივხედოთ ჩვენს თავს და ჩვენს საქმეს – ეს არის ყველაზე მთავარიც და მნიშვნელოვანიც. ნახევარი მსოფლიო მაქვს მოვლილი და დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად არავინ გვებრძვის. ის კი არა, მსოფლიოს მოსახლეობის ოთხმოც პროცენტზე მეტმა არც იცის, ვინ ვართ და სად არის საქართველო.

– მაგრამ, გვართმევენ ტერიტორიებს, სანამ ჩვენ „სულიერების გადარჩენაზე“ ვზრუნავთ...

– დიახ, ტერიტორიებს გვართმევენ – ეს პოლიტიკური თემაა, მიზეზი კი – გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენ გვიკავია – ვართ კარიბჭე და ამ კარიბჭის დაპყრობა უნდოდა ყველას, მათ შორის რუსებსაც. „გაიარ-გამოიარეს“ მდგომარეობაში ვიყავით მუდამ, რამაც ჩვენს ცხოვრებაში და ისტორიაშიც საკმაოდ საბედისწერო როლი ითამაშა. თანაც, როცა ტერიტორიებს გვართმევენ, ნაკლებად შეგვწევს ძალა, წინ აღვუდგეთ ამას; მთელი ენერგია გადაგვაქვს სხვაგან და ვლაპარაკობთ სწორედ „სულიერებას გვართმევენ“ თემაზე – აქ ვცდილობთ „გამოვუშვათ ორთქლი”. სამწუხაროდ, მეტის გაკეთება არ შეგვიძლია.

– არის ქართველი ერი მართლაც განსაკუთრებული ან რაიმე ნიშან-თვისებით გამორჩეული?

– არა. არავინ არ არის ზედმეტად გამორჩეული. ყველა ეროვნებას დედამიწაზე ჰარმონიულად აქვს ადგილი მიჩენილი, ყველა თავის თემას „უკრავს“ იმ დიდ მუსიკალურ სიმფონიაში, რომელსაც „სამყაროს სიმფონია“ ჰქვია. ხშირად ჩვენ თავად ვიგონებთ ჩვენს უნიკალურობას იმის შიშით, რომ რაღაც სულიერება არ წაგვართვან და ეს მარტო ქართველების სენი არ არის. ყველა პატარა ერს ახასიათებს იგივე.

– იქნებ, ეს ამ პატარა ერების, მათ შორის ქართველების, თვითგადარჩენის ინსტინქტია?

– უდავოდ ასეა. ამავე დროს გვაქვს დაუსაბუთებელი ამბიციები დღევანდელობასთან მიმართებაში. ჩვენ, საბედნიეროდ, მართლაც გვქონდა ოქროს ხანა, რომლითაც თამამად შეგვიძლია ვიამაყოთ როგორც ქვეყანამ, მაგრამ, გამოგვყვა იმის ამბიცია, რომ უნიკალურები და გამორჩეულები ვართ, რაც გვავიწყებს, რომ დღეს, სამწუხაროდ, აღარ იქმნება „ვეფხისტყაოსანი“ და არ შენდება დავით გარეჯი; ანუ, აღარ ვართ ისეთები, როგორებიც ვიყავით. მე ამას ვაბრალებ საუკუნეების წინ დამოუკიდებლობის დაკარგვას, რომელთან ერთადაც დავკარგეთ სახელმწიფოებრიობის განცდა – ამის გამო ხდება ეს ყველაფერი. ჩვენი საზოგადოება არ აზროვნებს სახელმწიფოებრივად, შესაბამისად, არ გვყავს ჩამოყალიბებული საზოგადოება სწორედ იმიტომ, რომ ყველგან და ყველაფერში არასახელმწიფოებრივად ვაზროვნებთ. ფასეულობებზე ლაპარაკიც ყალბია – ეს არის ლაპარაკი ლაპარაკისთვის. რეალურად, არათუ არ ვაფასებთ ამ ფასეულობებს, არც კი გვესმის მათი არსი. ზედაპირულად ვიცით რაღაც, მაგრამ, ის გენიალურობა, რაც ჩვენ სულიერებაში იყო, არ გვაქვს გააზრებული და შესრუტული, არ ზის ერის შეგნებაში. სამწუხაროდ, ასეთები ვართ. დავკარგეთ სახელმწიფოებრიობის, თავისუფლების, ჩვენი მისიის განცდა, თუმცა, ყველა დროში გვყავდნენ ადამიანები, რომლებიც სრულიად საპირისპიროს ამტკიცებდნენ თავისი ცხოვრების წესით... ქართველის ბუნება მაინც თავისუფლებისკენ მიილტვის; შოლტითა და შიშით რამის დანერგვა მასში ყოველთვის უარყოფით შედეგს გამოიღებს.

– სად არის გამოსავალი?

– გამოსავალი ინსტიტუციების შექმნაა, როცა კანონი იკანონებს და ყველას ეცოდინება, რომ მასზე დაკისრებულ საქმეს პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს. თუმცა, მე ამ ინსტიტუციების შექმნას პესიმისტურად ვუყურებ, ამას რამდენიმე თაობის შეცვლა დასჭირდება, იმიტომ, რომ ძალიან ბევრმა თაობამ იცხოვრა მონობაში.

– დაასახელეთ სამი ცუდი თვისება ქართველისა, რომელიც შეიძლება მას ნაკლად ჩავუთვალოთ.

– უჰ, გამიჭირდება სამის ამორჩევა (იღიმება), გაცილებით მეტია. თუმცა, არ მიმაჩნია, რომ ცუდით ვართ ვინმესგან გამორჩეული. ჩვენზე ზარმაცებიც მინახავს სხვა ერში, ჩვენზე გულღრძოებიც და არაკანონმორჩილებიც – ეს თვისებები ადამიანებშია და არა ერში. ალბანეთში, საბერძნეთში, იტალიაში უამრავი არაკანონმორჩილი ადამიანი მინახავს. არაფრით ვართ გამორჩეულები – არც ცუდით, არც კარგით. სრულიად განცვიფრებული და შოკირებული ჩამოვედი „ცივი“ და „გაყინული“ ესტონეთიდან. სულ მეგონა, რომ იქ ცხოვრობს ძალიან ცივი ხალხი, არადა, გამაოგნეს სტუმარმასპინძლობით. ჩვენ, შეიძლება, ვინმეზე მეტად არტისტულები ვიყოთ (იცინის), უცხოსთან თავის გამოჩენა გვიყვარდეს, მაგრამ, ამაშიც გვყავს „კონკურენტები“ – იტალიელები, ესპანელები მექსიკელები – სამხრეთის ბინადარი ხალხი. იტალიელს ოღონდ ტრიბუნა დაანახვე, რომ უცხოელთან დაიწყოს მანჭვა-გრეხა, ისეთ საჩვენებელ გამოსვლას მოაწყობს, ვერავინ აჯობებს. ამიტომაც, განვმეორდები და ვიტყვი: ვერავინ ვერაფერს წაგვართმევს და არც გვართმევს, თუკი ჩვენ თვითონ არ დავთმობთ, როგორც დათმეს და დაკარგეს გენიალური კულტურა ბერძნებმა და ეგვიპტელებმა. ჩვენ ჯერ კიდევ ვართ მიბმული ჩვენს წარსულთან რაღაც ძაფებით და ეს უნდა გადავარჩინოთ. დღევანდელი იტალიელიც მხოლოდ ძაფებით არის დაკავშირებული იმ თავის დიდ კულტურასთან და, დღეს ყველა ნორმალური ადამიანი იტალიაში იბრძვის, რომ ეს ძაფებიც არ დაკარგოს. ჩვენც უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ, არა ისე – „ყველაზე მაგრები ვართ“ – ძახილით. ვიყოთ გულახდილები: ვართ დღეს ის ერი, რომელმაც დიდგორი მოიგო და ვარძია გააკეთა? – ნამდვილად არა... თურქეთის მაგალითი ნახეთ – როგორ გამოიყენა ბერძნული და ქართული კულტურები და თავის სამსახურში ჩააყენა. არადა, მომთაბარე, მებრძოლი ერი იყო, არაფერი შეუქმნია, მივიდა, დაიპყრო დიდი ბიზანტიის საუკეთესო ნაწილი და გაუფრთხილდა იმას, რაც დახვდა; ჩვენ კი ჩვენსას არ ვუფრთხილდებით. ძალიან ბევრი რამ არ ვიცით და ვერც ვისწავლით, იმიტომ რომ, ისევ მივდივართ საზოგადოების შეგნებამდე: საზოგადოება თუ არ ჩამოყალიბდა, არანაირი მესია ამ ქვეყანას არ უშველის. არსებობს ერთიანი საზოგადოებრივი აზრი? – არა! როგორ მივიღეთ დამოუკიდებლობა? – შემოვიდნენ ტანკები, ავიღეთ ჯოხები, ვურტყით ამ ტანკებს და დაიხოცნენ ადამიანები. ესტონეთშიც შევიდნენ ტანკები და უცდიდნენ მომენტს, რომ გადაევლოთ მთელი ესტონეთისთვის, მაგრამ ესტონელებმა ჩასჭიდეს ერთმანეთს ხელი და დაიწყეს სიმღერა. ჩემს მეგობარ ესტონელებს ვეუბნებოდი: როგორი ბედის ირონიაა – ქართველები თქვენზე უკეთ ვმღერით და თქვენზე უკეთესი სიმღერებიც გვაქვს, მაგრამ, დავიჭირეთ ჯოხები და მივეცით მტერს საბაბი; თქვენ კი სიმღერით გადაარჩინეთ ქვეყანა-მეთქი. არათუ გადაარჩინეს, განსაცვიფრებლად დალაგებული ქვეყანა შექმნეს. იქ ყველა სახელმწიფოებრივად აზროვნებს. ორი წლის წინ, როცა ძეგლების გადატანის საკითხთან დაკავშირებით რუსეთი ძალიან სერიოზულ პროვოკაციას აწყობდა, ერთ დილით ქვეყნის ყველა მოქალაქემ, ყველა ესტონელმა, ესტონეთის პრეზიდენტისგან მიიღო ესემესშეტყობინება: „არ აჰყვეთ პროვოკაციას.” – და ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მოსახლეობას სრული იგნორირება მოეხდინა იმ მარგინალური ჯგუფებისთვის, რომლებიც ქალაქში მაღაზიების ვიტრინებს ამტვრევდნენ. ვერაფერი ქნეს რუსებმა და გავიდნენ, – აი, ეს არის სახელმწიფოებრივი აზროვნება. ჩვენთან თანამდებობის დონეზეც კი არ არსებობს ეს შეგნება. ჩემს პრემიერას ესტონეთში კულტურის მინისტრი დაესწრო; ორას ოცი კილომეტრი გამოიარა, უყურა სპექტაკლს და ორას ოცი კილომეტრი გაიარა უკან. მაგრამ, მარტო ამაში არ არის საქმე. იქ კულტურის მინისტრები დადიან პრემიერებზე. სესილი გოგიბერიძის შემდეგ, საქართველოს კულტურის არც ერთი მინისტრი არ ყოფილა ჩემს თეატრში და, ვანო ზოდელავაც თბილისის უკანასკნელი მერი იყო, რომელიც მოდიოდა სპექტაკლებზე. იქ მოქმედი მინისტრი რომ მოვიდა, მას მოჰყვნენ იმის წინა და კიდევ იმის წინის წინა მინისტრებიც, ანუ სამი კულტურის მინისტრი მოვიდა ერთ სპექტაკლზე და გამიკვირდა. ასეთი სურათის წარმოდგენა ჩვენთან, საქართველოში, ძალიან რთულია (იცინის) – გოკა გაბაშვილი, ნიკა რურუა და მიშა გიორგაძე ერთად რომ მოვიდნენ პრემიერაზე... რა მიპასუხეს, იცით? რას ლაპარაკობ, როგორ შეიძლებოდა, არ მოსულიყვნენ; მაგათ რომ ახლა პრემიერებზე არ იარონ, დაამტკიცებენ იმას, რომ, მაშინ, როცა მინისტრობისას დადიოდნენ, დადიოდნენ იმიტომ, რომ მინისტრები იყვნენო. ამ შეგნებამდე მივალთ ოდესმე?! მეტსაც გეტყვით: ფინეთში, ჩემს სპექტაკლზე, ტაქსით მოვიდა ერთი ქალბატონი, მივიდა სალაროსთან და აიღო ბილეთი. ფესტივალის დირექტორი მეუბნება: იცი, ეს ვინ არის? ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარეაო. მერე, რას შვრები, არ მიხვალ-მეთქი? ჯერ მოიცადე, იყიდოს ბილეთიო. ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარეზეა საუბარი... ბილეთი რომ იყიდა, მერე მივიდა ფესტივალის დირექტორი და მეც წარმადგინა. ის ქალი სადღაც, მეცხრამეტე რიგში დაჯდა. სპექტაკლის შემდეგ პატარა ბანკეტივით იყო, ალაფურშეტი და, ფესტივალის დირექტორმა მე მკითხა – შეიძლება, ისიც დავპატიჟოო? ყველა თავისთვის იყო და თავისთვის იყო ეს ქალიც. იმდენად არავინ აქცევდა ყურადღებას, რომ, მივხვდი, იმ დარბაზში მარტო მე ვიყავი ისეთი, ვისაც მისი იქ ყოფნა აღელვებდა. ვერ მოვისვენე – მივდიოდი, ველაპარაკებოდი და, ერთი სიტყვით, მივხედე. რაში უნდა დამჭირდეს ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარე, მაგრამ, ჩემში იმდენად ძლიერად არის გამჯდარი „საბჭოთა დრაკონი“ და ისე ვარ დაჩვეული, რომ ჩინოვნიკი ყურადღების ცენტრში უნდა გყავდეს, შევწუხდი იქაურების უყურადღებობით. რატომ არ აქცევთ ამ ქალს ყურადღებას, თქვენი პარლამენტის თავმჯდომარეა-მეთქი, რომ ვუთხარი, მერე რა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეაო. აქ კი ჯერ არავინ მოვა და, თუ მოვა, ისეთი ამბით, მთელი თეატრი ფეხზე დგება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველანი ვართ ერთი ცირკის მონაწილენი, და თან, რაც ყველაზე ცუდია, მოგვწონს ჩვენზე ექსპერიმენტებს რომ ატარებენ. მერე რა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეა, მაგას იმხელა ხელფასს ვუხდით ჩვენ, ტაქსითაც უნდა მოვიდეს და ბილეთიც იყიდოსო – ასე აზროვნებენ ისინი და, ჩვენ როგორც ვაზროვნებთ, ეტყობა ქვეყანას...

скачать dle 11.3