კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ისტორიული ფაქტების თვითმხილველი გახდა აფხაზეთის ომში დათო გაჩეჩილაძე და ვინ იყო 70 წლის ქართველი მზვერავი – „კუკუნია“, რომელიც დე გოლის მთავრობას საფრანგეთში კორესპონდენტის სახელით ემალებოდა და რომლის გადაბირებაზეც თავად ლავრენტი ბერია ზრუნავდა

„ახლა რომ მკითხონ, რისთვის მიყვარს ჩემი სამშობლო, ვუპასუხებ: ქართველი ხალხი მიყვარს სიგიჟემდე, სწორედ იმ კულტურული სიღრმისა და მრავალფეროვანი, წინააღმდეგობრივი ხასიათის გამო, რომელიც ასე ძალიან ჰგავს მისსავე უნიკალურ ბუნებას; ქართული ცეკვის, სიმღერისა და პოეზიის გამო, რომელიც საუკეთესო საუნჯეა მთელ დედამიწაზე; იმ მომავლის გამო, რომელზეც უიმედოდ შეყვარებული მძევალი ვარ და მჯერა, რომ მომავალი აშკარად უკეთესი იქნება...“ – ეს ამონარიდია საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, ჩვენი თანამედროვე მწერლისა და მხატვრის, დათო გაჩეჩილაძის ინტერვიუდან, რომელიც როგორც სამაჩაბლოს, ასევე აფხაზეთის ომის მონაწილეა. 

ნათლის რაინდები 

აფხაზეთში რომ წავედი, უკვე 17 წლის უმცროსი ლეიტენანტი ვიყავი. ამ წაგებულ ომში თუკი რამით შეგვიძლია, ქართველებმა ვიამაყოთ, ეს არის ჩვენი, ცალკეული მებრძოლის გმირობა და მათი ღირსეული საქციელი... მაშინ ახალი გახსნილი იყო ტელეკომპანია „იბერვიზია“, რომლის ჟურნალისტური სახეები ვიყავით 16-18-20 წლის ახალგაზრდები. ჩვენი ასაკი და გულწრფელობა მაყურებელში დიდ ნდობას იწვევდა. ამის გამო მალე გავხდით პოპულარულები. ასეთივე გულწრფელები და ალალები ვიყავით, როდესაც ომში წავედით. ცხინვალში, რომ წავედი 15 წლის ვიყავი. ჩემთან ერთად იყო არაჩვეულებრივი ადამიანი, ლევან ხიმშიაშვილი. მოგვცეს ავტომატები, დაგვახურეს ჩაფხუტები, ჩაგვაცვეს ჯავშან-ჟილეტები, დაგვაყენეს გზაზე: თუ ვინმე აივლის-ჩაივლის, გაჩხრიკეთო. ის გზა მეათეხარისხოვანი იყო, არავინ დადიოდა. მოგვბეზრდა, მოგვშივდა და გადავიპარეთ ერთ-ერთ ეზოში, ვაშლის ხეზე ავძვერით და გემრიელად შევექცეოდით. ამ დროს გამოვარდა სახლის პატრონი, მოხუცებული კაცი თოფით, დაგვიძახა: აიტ, თქვე მამაძაღლებო. ჩვენ იმის მაგივრად, რომ გვესროლა, ჩამოვხტით ხიდან და გავიქეცით. შინაგანად იმდენად პატიოსნები, უბრალოები ვიყავით, რომ ფიქრად არ მოგვსვლია მშვიდობიან მოსახლეზე ძალა გვეხმარა. მოგვერიდა უფროსი ადამიანის, მერე რა, რომ ოსი იყო, ისიც ჩვენი მიწის შვილი იყო და დღემდე ჩვენი მაშინდელი საქციელი ვაჟკაცურად მიმაჩნია. ორივე ომის განმავლობაში არაერთ ვაჟკაცს შევხვედრილვარ. მე მათ „ნათლის რაინდები“ დავარქვი და მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო საშკა იოსელიანი, რომელსაც ყველგან მუდმივად შემოჰქონდა სინათლე. არ არსებობდა პოზიცია, ყველაზე კრიტიკული ადგილი, სადაც ცეცხლი იყო გახსნილი და არ მისულიყო. არასდროს ისროდა, იარაღსაც სიმბოლურად ატარებდა. მისი იარაღი მხოლოდ  ვიდეოკამერა იყო. მახსოვს, მარტი იყო, აფხაზეთში ვიყავით გადაღებაზე მებრძოლებთან ერთად. შემთხვევით გადავეყარეთ აფხაზების ოთხკაციან შეარაღებულ ჯგუფს, რომლებიც, აშკარად, ადგილობრივი აფხაზები იყვნენ, მათ შორის, სავარაუდოდ, ორი მამა-შვილი იყო. ჩვენ ისეთ ადგილას ვიყავით, რომ თავისუფლად შეგვეძლო მათი ლიკვიდაცია, აშკარა უპირატესობა გვქონდა. ერთმა ჩვენმა მებრძოლმა იარაღი შეაყენა, საშკამ უთხრა: ესენი დღეს სხვა ადამიანებისთვის  საფრთხეს არ წარმოადგენენ, მათი დახოცვა მკვლელობა იქნება და მძიმე ცოდვად დაგვაწვებაო. საშკას იმხელა ავტორიტეტი ჰქონდა, მებრძოლმა დაუთმო, გაითვალისწინა მისი აზრი და ჩვენმა რაზმმა სხვა მიმართულებით განაგრძო გზა. პასუხი კითხვაზე – უნდა დაინდო თუ არა მტერი, რამდენიმე დღეში ცხოვრებამ გამცა. ახლა ჩვენ ვიყავით მტრის სამიზნეზე, მტრის სნაიპერმა ჩემს წინ და უკან მოკლა ორი ჩვენი მებრძოლი ღია მინდორზე, ფაქტობრივად, დაუცველ პოზიციაზე, მისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე არ მესროლა. დღემდე არ ვიცი, რატომ არ მესროლა, მაგრამ, მგონია, რომ არსებობს ომისა და სამყაროს დაუწერელი კანონები... ოჩამჩირეში კასპის ბატალიონმა ერთ-ერთი სახლის ჩხრეკის დროს მიაგნო 13 წლის აფხაზ გოგონას. ცოტა ნასვამები, გაღიზიანებულები იყვნენ ბიჭები და დააპირეს გოგონასთან ურთიერთობის დამყარება. ამ გოგონას მამაც და ბიძაც ბოევიკები იყვნენ. მახსოვს, გააფთრებული საშკა როგორ გადაუდგა ბიჭებს, გადაეფარა გოგონას და თქვა: ამ ასაკის გოგონა თბილისში მყავს, ვინც მას შეეხება, ის შეარაცხყოფას მიაყენებს ჩემს შვილს. ეს ჩემი შვილია და არავინ გაბედოს მისთვის ხელის ხლებაო. საშკა ზნეობრივად იმდენად ძლიერი პიროვნება გახლდათ, იმდენად შთამბეჭდავი იყო მისი ნათქვამი, რომ შეიარაღებულმა, შეზარხოშებულმა, აღგზნებულმა ჯარიკაცებმა ვერ შეძლეს მისთვის წინააღმდეგობის გაწევა. გამოვიყვანეთ ის გოგონა, ერთი კვირის შემდეგ კი გავუგზავნეთ მშობლებს. დაახლოებით ერთი თვის თავზე ამ გოგონას ბიძისგან მოწერილი პასუხი მოგვიტანა ქართველების ოჯახმა, რომელთა დახვრეტასაც აპირებდნენ დაქირავებული ბოევიკები და იმ გოგონას ბიძამ გადაარჩინა. სწორედ მან გამოუგზავნა საშკას წერილი, სადაც ეწერა: „შენ ჩემი მტერი იყავი, მაგრამ ჩემი ძმა გახდი, თუმცა, დღეიდან ისევ მტრები ვართ...“ 

ამ ომში ყველას ღირსებაზე საუბარს ერთი-ორი სტატია არ ეყოფა, თუმცა, მინდა გავიხსენო ერთი მომენტი. სოხუმის ანძის დასაზვერად წავედით 12-კაციანი ჯგუფი, რამზიკა რუხაძის მეთაურობით. ანძაზე დაგვხვდა მხოლოდ ერთი ბერძენი ტექნიკოსი, ეთერის სომეხი ინჟინერი და აფხაზი დარაჯი. ანძაზე იმ დროს საეთერო გადამცემი იყო, ტელევიზია კი მინისტრთა საბჭოს შენობიდან მაუწყებლობდა, რომელსაც აფხაზები აკონტროლებდნენ. არ იყო აპარატურა, არც კამერა, არც ვიდეომაგნიტოფონები. მადლიერებით უნდა გავიხსენო სოხუმის საუკეთესო ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლები:  სოხუმის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ლექტორი, გია გვაზავა და უდიდესი ერუდიციის ინტელიგენტი, პატრიოტი ბატონი ვახტანგ ყოლბაია. ძალიან გვეხმარებოდა სოხუმის კოლორიტი, მსახიობი დიმა ჯაიანი, რომელიც ამერიკული ფორმით დადიოდა და გულს უხეთქავდა რუსებს.  ამ ადამიანებმა საკუთარი სახლიდან მოგვიტანეს ვიდეოკამერა, ვიდეომაგნიტოფონები. სწორედ ამ საყოფაცხოვრებო აპარატურით გავიდა ეთერში პირველი არხის გადაცემები, აღდგა ტელემაუწყებლობა და შესაძლებლობა მოგვეცა, ეთერში გასულიყო სოხუმის განცხადებები. მე, როგორც იქ მყოფ ერთადერთ ჟურნალისტსა და სამხედროს, მხვდა პატივი, სოხუმში გამომეცხადებინა კომენდანტის საათი. ჩემთან ერთად იყო კოკა ყანდიაშვილიც, მაშინ ორივენი ძალიან პატარები ვიყავით – ენთუზიაზმითა და რწმენით ვმუშაობდით. ანძის გათავისუფლებიდან ერთი საათის  შემდეგ, სოხუმიდან წამოვიდა აფხაზების ავტობუსი ტერიტორიის გასანეიტრალებლად და ანძის დასაცავად. ზაზა გაბუნიამ, არაჩვეულებრივმა ვაჟკაცმა, სოხუმელმა ჯარისკაცმა მუხა ესროლა ავტობუსს, რომელშიც ბოევიკები ისხდნენ. ავტობუსს უკან მოჰყვებდა „ჟიგული“, მასში 4 აფხაზი ოფიცერი იჯდა. მოხდა სამწუხარო რამ: მათ ისროლეს და მოგვიკლეს ზაზა. ოთხივე ჩაგვივარდა ტყვედ. ერთ-ერთის სახელი და გვარი იყო: ბაგრატ საყვარელიძე. ბებია მყავს საყვარელიძე, ეს იმერული გვარია, თავადური წარმოშობის. ჩვენს ქვეყანას ორი პატრიარქი ჰყავდა საყვარელიძე, უდიდესი მადლი ტრიალებს ამ გვარში, ბაგრატი კი არის სახელი იმ მეფის, რომელმაც გააერთიანა საქართველო...  ამან, რა თქმა უნდა, იმოქმედა ჩემზე, ვკითხე: ბაგრატ, ქართველი ხარ? არა, აფხაზი ვარ. ქართული გესმის – მესმის, მაგრამ ქართულად არ ვისაუბრებო, – ასეთი იყო მისი პასუხი. ვთხოვე: თქვი, რომ ჯარში წაგიყვანეს, ასრულებ შენს სამხედრო მოვალეობას, ციხეში გადაგიყვანენ, გაგასამართლებენ, მერე ქართველ ტყვეში გაგცვლიან, ცოცხალი გადარჩები-მეთქი. ის ამაყად და თავდაუხრელად, გამუდმებით იმეორებდა: აფხაზი ვარ და ჩემს სამშობლოს ვიცავ. ის ბიჭი  ჩვენთვის შეიძლება მიუღებელ პოზიციაზე იყო, მაგრამ იმავდროულად ამ პოზიციის ღირსეული დამცველი გახლდათ. 

ქართველი მზვერავი 

ამ ომში შევხვდი გასაოცარ ადამიანს, გასაიდუმლოებულ პიროვნებას, ვფიქრობ, ამდენი წლის მერე შეიძლება, მასზე ვისაუბრო. ეს იყო გიორგი ქაჯაია, მეტსახელად „კუკუნია“, „ბაბუ“, რომელიც იმ დროს 70 წლის იყო. აფხაზეთში გახლდათ დაბადებული, მამამისი ბაქოში ნავთობმრეწველი იყო  და როცა კავკასიაში საბჭოთა ხელისუფლება შემოიჭრა, ოჯახი გერმანიაში წავიდა ემიგრაციაში. ბატონმა გიორგიმ დაამთავრა გერმანიის სამხედრო სასწავლებელი და როგორც თავად ყვებოდა: „როდესაც ჰიტლერი მოვიდა ხელისუფლებაში, ორი გზა მქონდა – როგორც უცხოელი უნდა წავსულიყავი სხვა ქვეყანაში, მეძებნა თავშესაფარი, ან გამხდარიყავი გერმანიის შეარაღებული ძალების ოფიცერი და მებრძოლა საქართველოს წითელი საბჭოთა ოკუპაციისგან დასახსნელად“. მან მეორე გზა აირჩია. გიორგი ქაჯაია უნიკალური ადამიანია, რომელმაც მიაღწია გერმანიის სამხედრო პოლიციის აბვერის უფროსის, პაპა შულცის მოადგილის თანამდებობას. ის იყო „აბვერის“ კადრების განყოფილების გამგე. საფრანგეთში დე გოლის მოსვლის შემდეგ ლავრენტი  ბერიას ჩაუვარდა ტყვედ, რომელიც პირადად იყო დაინტერესებული მისი გადმობირებით. ჯერ სიკვდილი მიუსაჯეს, შემდეგ გადაასახლეს. ჰიტლერის სრული მარცხის შემდეგ  გადაიბირეს, „ენკავედეს“ პოლკოვნიკის წოდებით გაათავისუფლეს და საბჭოთა სადაზვერვო საქმიანობაში ჩაერთო. მან შესანიშნავად იცოდა ქართული, რუსული, მეგრული, გერმანული, ინგლისური. რადგან საფრანგეთში რეზიდენტი იყო, იმალებოდა და ჟურნალ „ლე ბურჟეს“ კორესპონდენტის სახელით სტატიებს აქვეყნებდა, ამიტომ შესანიშნავად იცოდა ფრანგულიც. მსახურობდა ომანში, ვიეტნამში, ყველა ცხელი წერტილი ჰქონდა მოვლილი, პროფესიონალი იყო. როცა ასაკში შევიდა, აფხაზეთში ჩამოვიდა და იქ ცხოვრობდა. მან მასწავლა კოდური ცვალებადი პაროლები, საგუშაგოზე საიდუმლო პუნქტის მოწყობა, შეიარაღებისა და სურსათ-სანოვაგის მარაგის შექმნა, მტერთან ნდობაში შესვლის ფსიქოლოგიური ხერხები – ბევრი რამ, რაც დღესაც ძალიან მადგება ყოფით ურთიერთობებში. ეს იყო კაცი, რომელიც აბსოლუტურად ბუნებრივად გადადიოდა რუსეთის მხარეს, როგორც რუსი ოფიცერი. შედიოდა კონტაქტში მათ გენერალიტეტთან და მოჰქონდა აბსოლუტურად ზუსტი ინფორმაცია მათი განლაგების, ტაქტიკის, ქმედებების შესახებ. სამწუხაროდ, კიტოვანისა და მთავარსარდლობისგან ეს კაცი დაუფასებელი იყო. მახსოვს, კიტოვანს რუკა მიუტანა მტრის განლაგების ზუსტი მონაცემებით და მან ზედაც არ დახედა: ეს რეები დაგიჯღაბნიაო. რაც შეეხება ჩვენს გაცნობას, ჟურნალისტები ვიყავით შეკრებილები: მე, გიორგი შარაძე – მწერალ გურამ შარაძის ვაჟი, რომელმაც გადასარევად იცოდა ფრანგული, მე გერმანული სკოლა მქონდა დამთავრებული და ჩვენი ორი მეგობარი: დათო კვიჟინაძე – ამერიკული ტელევიზიიდან WTN და პავლიკა ზაკალაშვილი. მოკლედ, ოთახში შემოიყვანეს ტყვეები. ერთ-ერთი აფხაზეთის ყოფილი კულტურის მინისტრის, ავიძბას შვილი, მუსიკოსი, რომელიც სნაიპერს მალავდა თავისი სახლის სხვენზე. არ გვინდოდა, ჩვენი საუბარი გაეგო, ამიტომ ერთმანეთში გერმანულ-ფრანგულ-ინგლისურად ვსაუბრობდით. ამის შესახებ გიორგი ქაჯაიას უთხრეს. ის ცოტა ხნის შემდეგ მოვიდა ჩემთან და სუფთა გერმანულით მითხრა: თუ გინდა, გასწავლო ამ გაუგებრობაში როგორ მოიქცე, გამომყევი. მივხვდი: ეს იყო ჩემთვის გარკვეული ტესტი, რომელიც უნდა ჩამებარებინა. მოგვიანებით, როცა მას ინტერივიუ ვთხოვე, მითხრა: გასაიდუმლოებული პირი ვარ, მნიშვნელოვანი ინფორმაციები მაქვს, ამიტომ თავდაცვის მინისტრისგან აიღე ნებართვაო. კიტოვანს სიცილად არ ეყო: ჩაწერე, ეგ ვინღა არისო... და ამ დროს ბატონ გიორგის შესრულებული აქვს უნიკალური სპეცოპერაციები. ერთ-ერთს მოგიყვებით: როცა კოხორაში შეიპყრეს რომან გვენცაძე და მისი მოადგილე, ზილგბერტ ხაჟალია, მან გადაიცვა სამღვდელო ანაფორა, ჩემი თვალით ვუყურე, როგორ გაიკეთა გრიმი, ასე შევიდა ლოთი ქობალიას სამხედრო ბაზაზე, ნდობაში შევიდა მის რაზმელებთან და პირადად ესაუბრა გვენცაძესა და ხაჟალიას. ეს ხდებოდა ომის დაწყებამდე. შემდეგ თამაზ ნადარეიშვილის სპეც-ხაზიდან პირდაპირ დაუკავშირდა უშიშროების მინისტრს და მოახსენა: სად მდებარეობდა ბანაკი, რამდენი კაცი იყო დაცვაში – ეს იყო ფასდაუდებელი ინფორმაცია, რამაც ხელი შეუწყო ოპერაციის წარმატებით განხორციელებასა და უსისხლოდ ჩატარებას. 

გარდატეხა 

როგორც ჟურნალისტი და სამხედრო კიდევ ერთი ისტორიული ფაქტის მომსწრე გავხდი. 6 ივლისი იყო, ცაგერაში, სოფელ ტამიშთან ახლოს ბატონი ჯაბა იყო თავის შტაბში. მისი დაცვის უფროსი, თამაზ ფანჩულიძე, მეტსახელად „წესრიგა“, დაჭრილი იყო, ყავარჯნებით დაყვებოდა უკან. ჟურნალისტებიც იქ ვიყავით. ამ დროს შემოვიდა 4 სამარშრუტო მანქანა – დაახლოებით 40 მებრძოლით. გადმოვიდა ლოთი ქობალია, სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. ჩვენმა ბიჭებმა შეაყენეს იარაღი, მეორე მხარეც ანალოგიურად მოიქცა. ამ დროს გამოვიდა ბატონი ჯაბა და ლოთისკენ პირისპირ შესახვედრად გაემართა. როგორც კი ბიჭებს გაუსწორდა, „წესრიგამ“ თქვა: თქვენ წინ ჯაბაა და ვინმეს რომ იარაღი გაგივარდეთ, იცოდეთ, თავებს წაგაცლითო. ავტომატი განმუხტა, ძირს დააგდო და ჯაბას თან გაჰყვა. იგივე გააკეთეს ლოთის მებრძოლებმაც. მე, როგორც ცნობისმოყვარე ჟურნალისტი, უკან გავყევი, ბატონ ჯაბას დაახლოებით 3-4 ნაბიჯის მანძილზე მივყვებოდი. ჯაბამ ლოთის ხელი გაუწოდა, მანაც ჩამოართვა, სიყალბის გასანეიტრალებლად ჯაბამ მკლავზე მოქაჩა, ჩაეხუტა, გადაკოცნა და სიცილით უთხრა: დილის 4 საათზე რომ დამეცი შუაგულ რუსთაველზე, პლეხანოველი კაცი ვარ, რა გეგონა, არ გაგებინებდი პასუხსო. ქობალიამ პასუხის თქმაც ვერ მოასწრო, რომ გაისმა ხმა: შენ გენაცვალე, ძმაო და პირველი სანდრო ბრეგვაძე, მეტსახელად „ბაჭია“ წამოვიდა შესარიგებლად. მას  მიბაძეს სხვებმა. საბედნიეროდ, ოთხი დღე ერთად ვიყავით, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ოთხი დღე... დღემდე მაქვს დროშა შენახული, სადაც ყველა მებრძოლოს ხელმოწერაა – ეს ის ისტორიული დროშაა, რომელიც ტამიშზე,  მისი გათავისუფლების შემდეგ აფრიალდა. ტამიშის აღების შემდეგ, რაც მოხდა, ამან საერთოდ შეცვალა ადამიანებისადმი ჩემი დამოკიდებულება და საერთოდ ცხოვრება. ჩვენ ვნახეთ ქართველი ქალის შეურაცხყოფილი, მკერდმოჭრილი, მამაკაცის ასომოჭრილი და 9 თვის მკვდარი ბავშვის სხეულები ტამიშის ბაზარში ჩამოკიდებული რუსული წარწერით: „იყიდება ახალი ქართული ხორცი“ – ეს იყო კულმინაციური წერტილი, რამაც ომისადმი ჩემი დამოკიდებულება რადიკალურად შეცვალა. როცა შენი მეგობრები კვდებიან, ხედავ, როგორ მიფრინავს მათი ხელი, ფეხი, შეუძლებელია, ომის მომხრე იყო – ასე ფიქრობს ყველა ომის ნამდვილი მონაწილე ვეტერანი. ნამდვილი მეომარი ყველაზე დიდი მშვიდობისმყოფელია... ომიდან 19 წლის დავბრუნდი. მახსოვს, თბილსის საძმო სასაფლაოზე აღდგომის დღეს ძალიან წვიმდა, 100 დაღუპული მეგობრის, 100 მებრძოლოს საფლავი რომ ჩამოვიარე და ყველგან თითო შესანდობარი შევსვი, ბოლოს ცუდად გავხდი, გრძნობა დავკარგე და ცხონებულ ლადო კოსტავას საფლავზე ჩამეძინა. მეგობრებმა მიპოვეს და სახლში წამომიყვანეს – ეს დღე იყო ჩემთვის გარდამტეხი. სამი დღე მეძინა და მივხვდი: იცხოვრო ომით – ცხოვრებაში ვერაფერს შეძლებ. თუმცა, იმ ბიჭების ხსოვნა არასდროს გამნელებია. 

скачать dle 11.3