კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აწამეს სასტიკად რომის იმპერატორი ჰელიოგაბალი

იმპერიის პერიოდში რომში იჭრება აღმოსავლური კულტები, რომელთა თაყვანისმცემელი ბევრი იმპერატორი ხდება. საიმპერატორო სასახლეებში, ზნეობის სრული გახრწნისა და ისეთივე სრული დაუსჯელობის პირობებში, ეს კულტები, რომლებისთვისაც უცხო არ იყო თვითგვემა, ზოგჯერ შერყვნილ-სადისტურ ელფერს იძენდა.

უცნობი რომაელი მწერალი თავის წიგნში – „ავგუსტების ცხოვრების აღწერა“, ასე აღწერს იმპერატორ კომოდუსის (ჩვენი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნის მეორე ნახევარი) „ღვთისმოსაობას“:

„იზიდას სახელის სადიდებელ მღვდელმსახურებას ის იმდენად დიდ პატივს სცემდა, რომ მთელი თავი გადაიპარსა და ანუბისის გამოსახულებას ატარებდა. შემდგომში სისხლმოწყურებულმა ბელონის მსახურებს უბრძანა, საკუთარი ხელით მიეყენებინათ ჭრილობა თავიანთ სხეულზე. იზიდას ქურუმებს ის აიძულებდა, სასიკვდილოდ ერტყათ მკერდზე ფიჭვის გირჩები. როდესაც ის ანუბისის გამოსახულებას ატარებდა, იზიდას ქურუმებს გადაპარსულ თავებზე მტკივნეულ დარტყმებს აყენებდა კერპის დრუნჩით.  ქალის ტანსაცმლით შემოსილი, ან ლომის ტყავში გახვეული თავისი კომბლით არა მარტო ლომებს, არამედ ადამიანებსაც ხოცავდა. ვისაც სუსტი ფეხები ჰქონდა და სიარული არ შეეძლო, გიგანტებად გამოაწყობდა, მუხლებს ქვემოთ კი ჩვრებისა და ტილოების საშუალებით დრაკონებად გადააქცევდა; შემდეგ მათ ისრებს ესროდა და კლავდა. მან მიტრას სახელის სადიდებელ მღვდელმსახურებას ადამიანთა ნამდვილი ხოცვა-ჟლეტით წარუშლელი ჩირქი მოსცხო!“

იგივე წიგნი მოგვითხრობს ადამიანთა მსხვერპლშეწირვებზე, რომელსაც მარკუს ავრელიუს ანტონინი ახორციელებდა – ის უფრო ჰელიოგაბალის სახელითაა ცნობილი. იმპერატორს შემთხვევით არ მიუღია მეტსახელი – იგი სირიის პროვინციაში გაიზარდა, სადაც ფინიკიური მზის ღმერთის – ელა-გაბალის თანაჟღერადობის გამო ბერძნულ სიტყვა „ჰელიოსთან“ – მზე, რომაელებმა მას ჰელიოგაბალი უწოდეს. ის 14 წლის ასაკში გახდა იმპერატორი. მოზარდმა ყველა თავის წინამორბედს გადააჭარბა სრულიად ფანტასტიკური გაუკუღმართებული გარყვნილებით, სალოცავების წაბილწვით და სახელმწიფო თანამდებობების ვაჭრობით. მან რელიგიური რეფორმაც ჩაატარა, რითაც თავისი ღმერთი, რომელიც რომაელთათვის აბსოლუტურად უცხო იყო, განადიდა და იმპერიის ყველა ღმერთზე მაღლა დააყენა:

„როგორც კი ჰელიოგაბალი რომში შევიდა... მან ჰელიოგაბალი იმპერატორის სასახლის წინ – პალატინის გორაკზე აკურთხა და ტაძარი აუშენა. ის ისწრაფოდა ამ ტაძარში გადაეტანა ღმერთების დედის ნაძერწი გამოსახულება, ვესტასა და პალადას ცეცხლი და საღვთო ფარები. ერთი სიტყვით, ყველაფერი, რასაც ღრმა თაყვანს სცემდნენ რომაელები. ის ცდილობდა, რომ რომში ერთადერთი თაყვანსაცემი ღმერთი ყოფილიყო ჰელიოგაბალი. გარდა ამისა, ამბობდა, რომ აქ უნდა გადმოეტანათ იუდეველთა და სამარიტელთა რელიგიური წეს-ჩვეულებები და ასევე, ქრისტიანული ღვთისმსახურებაც – იმისთვის, რათა ჰელიოგაბალის ქურუმებს ხელთ სჭეროდათ ყველა კულტის საიდუმლოებანი...“

ჰელიოგაბალი ადამიანების მსხვერპლშეწირვასაც ახდენდა და ამისთვის მთელ იტალიაში ყველაზე წარჩინებულ და ლამაზ ჭაბუკებს არჩევდა, რომელთაც დედ-მამა ცოცხალი ჰყავდათ – იმისთვის, რათა ორივე მშობლის მწუხარება გაეძლიერებინა. მას გვერდით ჰყავდა და ყოველდღიურად მოქმედებდნენ ყველა ჯურის მაგები. ის კი ამხნევებდა მათ და მადლობას სწირავდა ღმერთებს, რომლებიც მისი წარმოდგენით, მისი მეგობრები იყვნენ. იმავდროულად კი, ბავშვთა შიგნეულს აკვირდებოდა და თავისი ტომის წეს-ჩვეულებების მიხედვით, შესაწირ ცხოველებს აწამებდა.

ჰელიოგაბალმა ხელისუფლების სათავეში ოთხი წელი „გაძლო“ და თვრამეტი წლისა აღესრულა. ის ოცნებობდა, თავისი სიკვდილიც ისე მოეწყო, როგორც ერთგვარი რიტუალი:

„სირიელმა ქურუმებმა უწინასწარმეტყველეს, რომ მას ძალისმიერი სიკვდილი მოელოდა. ამიტომ, მან წინასწარ მოამზადა აბრეშუმის მეწამული და ალისფერი მასალისგან დაგრეხილი თოკები, რათა აუცილებლობის შემთხვევაში, – სიცოცხლე ყულფში თავგაყოფილს დაემთავრებინა. მან ოქროს მახვილებიც დაამზადებინა, რათა მათი ჩაცემით გაეგმირა თავი, თუ ამას რომელიმე ძალა აიძულებდა. „კატის თვალებში“ (ძვირფასი ქვა), ზურმუხტსა და ცირკონში შხამები ჰქონდა გამზადებული, რათა თავი მოეწამლა, თუკი სერიოზული საფრთხე დაემუქრებოდა. მან ძალზე მაღალი კოშკიც ააშენებინა, რომლის ქვემოთაც ძვირფასი ქვებით მოოჭვილი ფილები დააგებინა, რათა საჭიროების შემთხვევაში, კოშკიდან გადმოხტომით მოეკლა თავი. მაგრამ ისე მომკვდარიყო, რომ მისი სიკვდილი ძვირად ღირებული და მდიდრულად გაწყობილი ყოფილიყო – ეთქვათ, რომ არავინ მომკვდარა ისე, როგორც ის“.

ჰელიოგაბალის სიკვდილი სინამდვილეში რიტუალურ ხასიათს ატარებდა – ამაზე მისმა მკვლელმა შეთქმულებმა იზრუნეს. მაგრამ, ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც ამას იმპერატორი ვარაუდობდა:

„უპირველეს ყოვლისა, სხვადასხვა ხერხით მოკვდინებულ იქნენ გარყვნილებაში მისი თანამონაწილენი; მათგან ნაწილი ისე მოკლეს, რომ სიცოცხლისთვის აუცილებელი ორგანოები მოკვეთეს. სხვებს წელსქვემოთ სხეული გაუგმირეს, რათა სიკვდილი მათი ცხოვრების წესის შესატყვისი ყოფილიყო. ამის შემდეგ ჰელიოგაბალისათვისაც მოიცალეს და იქ მოკლეს, საითკენაც გარბოდა. შემდეგ მის გვამს ყველას დასანახად მიათრევდნენ ქუჩებში. ჯარისკაცებს, მისი საბოლოო შებღალვის მიზნით, სურდათ, გვამის კლოაკაში (სიბინძურის სადინარი მიწისქვეშა არხი დიდ ქალაქებში) ჩაეგდოთ, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს კლოაკა გვამს ვერ იტევდა და ემილის ხიდიდან ჩააგდეს ტიბრში. თანაც, წინასწარ სიმძიმე შეაბეს, რათა გვამი არ ამოტივტივებულიყო და არასოდეს ყოფილიყო დამარხული. მაგრამ, სანამ მის გვამს ტიბრში ჩააგდებდნენ, ის ცირკის მთელ სივრცეზე ათრიეს. მისი სახელი ანტონინი, რომელსაც ასე უდრეკად იყო ჩაჭიდებული და სურდა ანტონინის შვილად ჩაეთვალათ, სენატის გადაწყვეტილებით ყველგან იქნა ამოშლილი... სიკვდილის შემდეგ მას ნათრევს, ბინძურს და მრავალ სხვა სახელს უწოდებდნენ იმის მიხედვით, თუ რომელ მოვლენას, შემთხვევას იხსენებდნენ მისი ცხოვრებიდან. ის ერთადერთი იყო ხელისუფალთაგან, რომლის გვამიც ქუჩებში ათრიეს, კლოაკაში ჩააგდეს და ტიბრში მოისროლეს“.

ჰელიოგაბალი მესამე საუკუნეში გამოასალმეს სიცოცხლეს. შესაძლოა, ის რომის იმპერატორთაგან ბოლო იყო, ვინც ადამიანთა მსხვერპლშეწირვას ეწეოდა.

скачать dle 11.3