კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღმოჩნდა თამუნა ზაუტაშვილის ქუდი შერონ სტოუნის პირად კოლექციაში და რატომ უკვეთავენ მას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან აქსესუარებს

დიზაინერ თამუნა ზაუტაშვილის აქსესუარები, განსაკუთრებით კი ყვავილებიანი ქუდები, „აბადოკები,” უკვე 11 წელია, რაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, ევროპის ბევრ ქვეყანასა და ამერიკაში, ასევე, რუსეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მის მომხმარებლებს შორის ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანია. 

თამუნა ზაუტაშვილი: სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული. სპეციალობა – მონუმენტური დეკორატიული მოხატვა, ზურაბ წერეთლის კათედრა. ბავშვობიდან მიყვარდა კერვა, ქსოვა, ქარგვა. ნემსის, ძაფის, ჩხირებისა და ყაისნაღის ხელში დაჭერა ბებიამ მასწავლა. არადა, 6 წლის ვიყავი, როცა ის გარდაიცვალა. როდესაც გავთხოვდი, ჩემი მამამთილი ზურაბ წერეთლის მეგობარი იყო და მითხრა: მოდი, არ გვინდა სტანდარტული სპეციალობის არჩევაო და ჩემი გაბარიტების ადამიანმა მონუმენტურ დეკორატიულ მოხატვაზე გავაკეთე არჩევანი. მაგრამ, ყველაზე კარგი ჯგუფი მყავდა, ძალიან კარგად მახსენდება ის დრო. პარალელურად, სულ რაღაცეებს ვაკეთებდი, დაბადების დღეებზე ვასაჩუქრებდი მეგობრებს, ნაცნობებს. მერე, იცით, რა დავაფიქსირე?! საქართველოში ხელთნაკეთ ნივთს დიდად არ აფასებენ. ამიტომ, ახლა, როცა ეს საქმე უკვე ბიზნესად ვაქციე, მირჩევნია, გავყიდო ჩემი ნივთი და აღებული ფულით ვუყიდო საჩუქარი. რა თქმა უნდა, ახლო მეგობრებს არ ვგულისხმობ, რომლებიც მოუთმენლად ელოდებიან: რას გავაკეთებ, რამე ახალი ხომ არ გავაკეთე, როდის მოვა მათი დაბადების დღე, რომ ჩემი მოუცლელობიდან გამომდინარე, რაღაც გავუკეთო. 

– როგორ იქცა საყვარელი საქმე ბიზნესად?

 – 2003 წელს ვიყავი პარიზში. იქ ჩვენი მეგობრები ცხოვრობენ და მე და ჩემი მეუღლე მივდიოდით მათთან შობის დღესასწაულის შესახვედრად. ჩემი შეკერილი ვარდებიანი ქუდი მეხურა. ერთ-ერთ მაღაზიაში შევედით სუვენირების საყიდლად და უცებ, იქ მყოფმა ადამიანებმა ერთმანეთში ჩურჩული დაიწყეს. ბოლოს მკითხეს: ეს ქუდი სად იყიდეთო. ჩემი შეკერილია-მეთქი და იმდენი ფული გადამიხადა მაღაზიის მენეჯერმა ქუდსა და ჩანთაში, რომ ახალ წლამდე პარიზში დავრჩით. თან, მაშინდელი ნამუშევარი დღევანდელისგან ძალიან განსხვავდება: ახლა უფრო დახვეწილია, შიგნიდან, გარედან ისეთი დამუშავებულია... რომ ჩამოვედი თბილისში, მეგობრებს მოვუყევი. ერთი მეგობარი ამერიკის საელჩოში მუშაობდა და შემომთავაზა, იქ გამეკეთებინა გამოფენა. გამოვფინე: ქუდები, მოქსოვილი ჟილეტები, საყურეები, მძივები, ყველაფერი, რის გაკეთებაც თვე-ნახევარში შევძელი. დღე და ღამე არ მძინებია. საბოლოოდ, გამოფენამ ძალიან კარგად ჩაიარა. იქიდან ერთი პატარა პარკი წამოვიღე, რომელშიც ორი ცალი სამაჯური ეგდო. ყველაფერი გავყიდე. იმხელა თანხა ავიღე, მივხვდი: საყვარელ საქმეს შეეძელო, შემოსავალი მოეტანა. ასე, ნელ-ნელა აეწყო საქმე. ერთხელ მეგობარს ეკეთა ქორწილში ჩემი დამზადებული „აბადოკი,” რომელიც „ფეშენ-ვიქის” ორგანიზატორმა ნახა. დამიკავშირდა და შემომთავაზა მოდის კვირეულზე გამოსვლა. 2010 წლიდან მუდმივად გამოვდივარ „თბილისის ფეშენ-ვიქზე”: ეს ბევრ რამეში დამეხმარა. იქ ჩამოდიან ბაიერები, ზოგიერთს უკვე პირადად ვიცნობ. ძალიან ბევრს აქვს თავის პირად კოლექციაში ჩემი ბროშები, ქუდები. 11 წელი გავიდა მას მერე, რაც ჩემი პირველი ვარდებიანი ქუდი გავყიდე და ამდენი ხნის შემდეგაც ის არავის მობეზრებია, დღემდე ყველას უნდა. ერთგვარ სავიზიტო ბარათადაც იქცა. მინდა, რაღაც სიახლე მოვიგონო, ბევრ რამეს ვცვლი, ვანახლებ, მაგრამ ყველას მაინც ვარდებიანი ქუდები უნდა. 

– როგორც ვიცი, უკვე რამდენიმე წელია, შენი ქუდები მილანში, ევროპის სხვადასხვა ქალაქში, ასევე, ამერიკაში წარმატებულად იყიდება. 

– ეს ყველაფერი 2012 წელს დაიწყო და სწორედ მაშინ გადავდგი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მილანში ტარდებოდა კონკურსი დიზაინერებს შორის, სახელწოდებით „ახალი სახელები“. ახალი წლის ღამეს გავიმარჯვე ამ კონკურსში. მანამდე, ანუ 2012 წლის დასაწყისში მილა ანუფრიევამ, რომელიც ძალიან ცნობილი მოდის კრიტიკოსია, „ფეისბუქზე“ შემიკვეთა ქუდი. თავიდან არც ვიცოდი, ვინ იყო, მერე გავიგე, რომ მილანში ცნობილი მოდის კრიტიკოსია, რომელიც ლაგერფილდს უწუნებს კოლექციებს. მოკლედ, მოდის სფეროში მის სიტყვას დიდი ძალა აქვს. გავუგზავნე ქუდი და ხელთათმანი, გაგზავნის ფულიც თვითონ გადაიხადა. შემდეგ კიდევ რამდენიმე ნივთის გაგზავნა მთხოვა. როგორც აღმოჩნდა, ეს ყველაფერი კონკურსისთვის უნდოდა. გავუგზვანე „აბადოკები”, ქუდი, სხვადასხვა ნივთი. საბოლოოდ, ამ კონკურსში გავიმარჯვე და არ იცით, რა ხდებოდა – ახალ წელს, 12 საათს შევხვდი კომპიუტერთან შეკვეთების მიღებაში. კონკურსში გამარჯვებამ იმხელა დაინტერესება და პოპულარობა მომიტანა, მაისის ბოლომდე გათვლილი მქონდა ყოველი დღე და ღამე. არანაირად არ ველოდებოდი გამარჯვებას, ჩასვლაც კი ვერ მოვახერხე. მილასთან კონტრაქტიც „სკაიპით“ გავაფორმე. 

– რას გულისხმობს ეს კონტრაქტი? 

– მილა ანუფრიევამ კონტრაქტი კონკურსში გამარჯვების შემდეგ, იანვრის შუა რიცხვებში გამიფორმა. მე მის გარეშე აღარ შემიძლია ოფიციალურად, ჩემი იარლიყით გავყიდო ნივთები, შევიტანო მაღაზიებში. IMARIKA – ეს არის მილანში ძალიან ცნობილი ბუტიკი, სადაც „ჰუსეინ ჩალაიანის,” „არმანისა“ და სხვა ძალიან ცნობილი ბრენდების გვერდით დევს ჩემი ქუდები. თუმცა, კერძო შეკვეთების გაკეთებას არავინ მიკრძალავს. ამ ქალს რამდენიმე მაღაზია აქვს მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში და იმ ქსელებშია ჩემი აქსესუარები. როდესაც შოუ-რუმიდან არის დაკვეთა, მაშინაც ამ ქალბატონის დახმარებით ვაკეთებ ყველაფერს. ასე უფრო მშვიდად ვარ, თან მარკეტინგში დიდად ვერ ვერკვევი. ოქტომბრის ბოლოს ჩემთან ჩამოდის თბილისში და პირადად შევხვდებით ერთმანეთს. ერთი წელი დარჩა და დიდი სიამოვნებით გავაგრძელებ მასთან ჩემს კონტრაქტს. არსად დარღვეულა ჩემი უფლებები, პირიქით, მაქსიმალურად ხელს მიწყობს. უბრალოდ, ოფიციალურად ვერ შემაქვს სადმე მაღაზიაში, თორემ არ მზღუდავას, რომ კერძოდ სადმე გავგზვნო ჩემი ნამუშევარი და თუნდაც იარლიყი გავუკეთო. თან, გარკვეული რაოდენობა უზრუნველყოფილი მაქვს. ავიღებ თუ არა პირად შეკვეთას, იქიდან იმხელა შეკვეთა მომდის, რომ ჩემთვის სავსებით საკმარისია. 

– ქართველი და უცხოელი მომხმარებლის მოთხოვნები, ალბათ, განსხვავებულია.

– აქ, ძირითადად, შავსა და ნაცრისფერს ითხოვენ, უცხოეთიდან კი ისეთ ფერებს მიკვეთავენ, ზოგჯერ ვფიქრობ, როგორ ვიშოვო ეს ფერები-მეთქი. ფასებიც, რა თქმა უნდა, განსხვავებულია. თბილისში ვარდებიანი ქუდი ღირს – 150 ლარი, რუსეთში – 200 დოლარი, ხოლო მილანში – 200 ევრო. როდესაც მილანის „ფეშენ-ვიქის” შოუ-რუმი მიკვეთავს, მაშინ ფასი იკლებს, ოღონდ უკვე 20 ცალი იგზავნება. მიხარია, რომ ჩემი აქსესუარები არაერთხელ მოხვდა „მილანის ფეშენ-ვიქის” შოუ-რუმში, თუმცა მე ჯერჯერობით ვერ მოვახერხე ჩასვლა. მაქვს ერთი შავი ქუდი, რომელიც საკმაოდ ძვირად – 1 000 დოლარად გაიყიდა და სულ 4 ცალი მაქვს გაკეთებული. 

– როგორც ვიცი, შენი ქუდების მფლობელი ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანია, მათ შორის შერონ სტოუნი, ალა პუგაჩოვა და ასე შემდეგ.

– შერონ სტოუნს, როდესაც თბილისში  იყო  ჩამოსული, ჩემი ქუდი უყიდეს და აჩუქეს. რა თქმა უნდა, მესიამოვნა, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, უფრო მეტად მიხარია, როცა სიმსივნით დაავადებულ ადამიანს ახურავს ჩემი ქუდი. რაც შეეხება ალა პუგაჩოვას, მას აქვს ჩემი ვარდებიანი „აბადოკი”. ნაცნობისგან მოსკოვში, იუდაშკინთან საჩვენებლად მოხვდა ჩემი 9 ნივთი, მან კი ყველა შეიძინა პირადი კოლექციისთვის. მერე უცნაური რაღაც მოხდა: მის ჩვენებაზე პოდიუმზე ერთ-ერთ მოდელს ეხურა ჩემი ქუდი. როგორც შემდეგ გავიგე: იუდაშკინმა ალა პუგაჩოვასაც აჩუქა ჩემი „აბადოკი”. რა უნდა გამეკეთებინა, აზრი არ ჰქონდა. რუსეთში კი არა საქართველოშიც მომხდარა ასეთი რაღაც. დიზაინერს პირადი კოლექციისთვის უყიდია ჩემი ნივთი და შემდეგ ჩვენებაზე გამოუყენებია – ხმაც არ ამომიღია. გარდა ამისა, რუსეთში ბევრ ცნობილ ადამიანს აქვს ჩემი აქსესუარები: ანა ვოლკოვას, ასევე ნადია რუჩკას „ბლესტიაშიდან“ – ჩემი ქუდიც აქვს და აბადოკიც. მსახიობ ოლგა სუტულოვას, სტიჩკინის მეუღლეს ქორწილში ეკეთა ჩემი „აბადოკი”. ლანა კამილინას სალონშიც არის ჩემი ნივთები – ყველაფერია და ორმაგი ფასი ადევს. იქ ნახულობენ და შემდეგ მიკვეთავენ „ფეისბუქის“ საშუალებით. სახასიათო ხელწერა მაქვს და ყოველთვის გამოარჩევ ჩემს ნამუშევარს. თბილისში ნაცნობსაც გაუკეთებია მსგავსი ქუდი, რომელსაც ნახევარ ფასად ყიდის – როგორ დავუშალო, თავისი გაჭირვება აქვს. ჩემსას და მისას ისედაც გაარჩევს ადამიანი. თან, ვიღაცას შეიძლება, მოსწონს ჩემი ქუდი და ვერ ყიდულობს. ის კი ნაკლები ხარისხის არის, ნაკლები ღირს და ადვილად ყიდულობენ. 

– მამაკაცებისთვის არ აკეთებ აქსესუარებს? 

– საქართველოში – არა. თუმცა, ერთი მამაკაცია მოსკოვში, რომელიც ბეწვის კეპებს მიკვეთავს. თავისი სალონი აქვს, საკმაოდ ცნობილი და იქაც იყიდება... გარდა ამისა, მარჯანიშვილის თეატრისთვის ვაკეთებ ქუდებს. ყველაზე მეტად თეატრისთვის მუშაობა მიყვარს და კიდევ ჩვილი ბავშვებისთვის. წარმოიდგინეთ: რამდენიმე დღის პატარა გოგონა და 80 წელს გადაცილებული ქალბატონი, ორივე თავზე ჩემი ვარდებიანი ქუდებით – ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. ხშირად მაქვს შეკვეთები პატარძლებისგან, არამარხვის პერიოდში ჩვეულებრივი ბუმია. ზოგჯერ მხვდებიან ექსტრავაგანტური პატარძლები, რაც ძალიან მახარებს. ერთ გოგონას ჩემი ხელით გავუკეთე ვერცხლის გვირგვინი. ვერცხლის მავთული გავაკეთებინე ოქრომჭდელს, მერე დავგრიხე და სვაროსვსკის თვლები დავაწებე – ძალიან ლამაზი გამოვიდა. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნამუშევარია. 

скачать dle 11.3