კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იყო თუ არა საქართველოში ჩინეთის კედლის მსგავსი დამცავი ნაგებობა, რომელიც თითქმის მთელი ქვეყნის ტერიტორიას გასდევდა

მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში საქართველოს უამრავი მტრის მოგერიება უხდებოდა. ამიტომ, ბუნებრივია, ქართული სახელმწიფო ყოველთვის ცდილობდა თავდაცვითი ღონისძიებების გატარებას. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება იყო თავდაცვითი ნაგებობის, კედლის აგება, რომელიც ციხესიმაგრეების ერთობლიობისგან შედგებოდა. ასეთი ნაგებობის არსებობა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ნამდვილად დასტურდება. თუმცა, რამდენად არის გასაზიარებელი ის აზრი, რომ თითქოსდა საქართველოს ტერიტორიაზე ასეთი ნაგებობა მეოთხე, მეექვსე საუკუნეებში არსებობდა, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მოიცავდა და იმ მასშტაბების იყო, რომ პარალელი ჩინეთის კედელთანაც კი შეიძლება გავავლოთ, ამასთან დაკავშირებით ისტორიკოს აკაკი ჩიქობავას ვესაუბრეთ.

აკაკი ჩიქობავა: საქართველოს საზღვრებთან ხშირად იქმნებოდა სხვადასხვა ტომების შემოსევის საფრთხე, იქნებოდნენ ესენი ჩრდილოელები, გოთები თუ სხვა ინდო-ევროპული ტომები, საუბარია მეოთხე-მეექვსე საუკუნეებზე. მოსაზრება, რომ ამ დროს საქართველოს ტერიტორიაზე იყო თავდაცვითი კედელი, რომელიც გასდევდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიას, არანაირი წყაროთი ან არქეოლოგიური მასალით არ დასტურდება. ანტიკურ წყაროებში არის საუბარი, მაგალითად, იუროპაახის გამოსასვლელებზე, იბერიის კარზე, კასპიის კარზე, იგივე დარუბანდის კარზე და ასე შემდეგ. ვარაუდობენ, თითქოს დარუბანდის კარით რომ შემოხვიდოდი კასპიის ზღვიდან, აქედან მოდიოდა კედელი და ლიხით უერთდებოდა დასავლეთ საქართველოს. ასეთი რამ არ არსებობდა. ლოგოგრაფოსებთან მხოლოდ კორაქსების კედელია ნახსენები. რეალურად, რაზეც შეგვიძლია საუბარი, ესაა მეჩვიდმეტე საუკუნეში ჩრდილოკავკასიელების შემოსევის საშიშროების გამო, ლევან მეორე დადიანის მიერ აგებული კედელი. მეჩვიდმეტე საუკუნეში რომ ნამდვილად არსებობდა ეს კედელი, ამას ადასტურებს შარდენის, კასტელის მონაცემები. რუს მეცნიერს, იური ვორონოვს აქვს ეს კედელი შესწავლილი. ის მასალას სათავისოდ იყენებს, თუმცა ეს სხვა თემაა. ისიც ამბობს, რომ კლისურა ნამდვილად ძველი კედლის ნაშთებზე არის აშენებული, თუმცა არავითარი რეალური საბუთი არ არსებობს ამის მტკიცებისა. მეჩვიდმეტე საუკუნეში კი იმდენად მძლავრი იყო შემოსევები ოდიშის სამთავროზე ჩრდილოკავკასიიდან, რომ სასწრაფოდ გახდა საჭირო დამცავი მექანიზმის არსებობა. კედელში სათოფურები არის ჩატანებული, რომლებიც ჩრდილო-დასავლეთისკენ იმზირება, რაც ადასტურებს, რომ საფრთხე ამ მხრიდან მოდიოდა. სამაგრების აშენება იმდენად სწრაფად უნდა მომხდარიყო, რომ ზოგიერთ მათგანს საძირკველიც კი არ აქვს. ისტორიულად დასტურდება, რომე მეთხუთმეტე საუკუნიდან იწყება ჩრდილოკავკასიელი ტომების ჩამოწოლა დასავლეთ საქართველოში. ჩვენი წელთაღრიცხვით 131 წელს კაპადოკიის ლეგატი ფლავიუს არიანე მოგზაურობს ამ მხარეში. ის ოფიციალურ პატაკს აბარებს რომის იმპერატორს. მისი ნაშრომი ცნობილია პერიპლუსის სახელით. ის გადასცემს იმპერატორს ინფორმაციას არსებული ციხეების, ჯარისკაცების, მოსახლეობისა და ასე შემდეგ შესახებ. ასეთი მასშტაბების კედილი რომ არსებულიყო საქართველოში, ფლავიუს არიანე არ გამორჩებოდა. უნდათ, რომ მეორე ჩინეთის კედელი აღმოაჩინონ, მაგრამ ასე არ არის. წარმოიდგინეთ, ამ დროს საქართველო ერთიანი სისტემაც კი არ იყო. დაშლილი იყო აღმოსავლეთ-დასავლეთ ნაწილებად. იყო კოლხეთისა და ეგრისის სამეფოები. დასავლეთ საქართველოში ბიზანტიის გავლენა იყო აღმოსავლეთში კი – სპარსეთის. თუმცა, ისინი თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან. იმიტომ, რომ საშიშროება, რომელიც ჩრდილოეთიდან მოდიოდა, ორივეს აზიანებდა. ამიტომ, ზოგჯერ სპარსეთი უხდიდა ბიზანტიას ფულს და ზოგჯერ პირიქით, ამ ტერიტორიის გასამაგრებლად. იმის მიხედვით, თუ ვინ იდგა იმ პერიოდში ამ ციხესიმაგრეებში და დამცავ ზოლში.

როცა მურვან ყრუმ საქართველოში ილაშქრა, იბერიიდან დაედევნა არჩილს და მირს, რომლებიც ციხეგოჯში გამაგრდნენ. ჯუანშერის ცნობით, კლისურამდე ეგრისია, რომელიც ქართლის საერისმთავროს ექვემდებარება. კლისურას იქით არის აფხაზეთის ტერიტორია. ლეონ მეორის დროს, ამ ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა აფხაზეთის სამეფო. აქ დიდია ბერძნებისა და ბიზანტიელების გავლენა და ამიტომ ეს ტერიტორია იწოდება საბერძნეთად. მურვან ყრუმ დაანგრია ციხეგოჯი, შევლო კლისურა (ანუ დაანგრია) და მიადგა ანაკოფიის ციხეს, სადაც ის დამარცხდა. მირი ბრძოლაში დაიღუპა, არჩილი გადარჩა, მურვან ყრუ კი უკან გაბრუნდა. ხსენებულ კლისურას, თუ გინდა, კედლად აღიქვამ, მაგრამ საერთოდ ის გამაგრებულ ადგილს ნიშნავს. მდინარე კელასური და ეს ადგილი იყო ის ტერიტორია, სადაც საზღვარი გადიოდა. იქით კი, როგორც აღვნიშნე, იყო ბიზანტიის გავლენის ქვეშ მყოფი ტერიტორია. ამ ადგილას, რა თქმა უნდა, რაღაც გამაგრება იარსებებდა, მაგრამ არა იმ მასშტაბით, როგორც ეს სურთ, რომ წარმოიდგინონ. კლისურა მეტად გამაგრებულ ადგილს ნიშნავს. თუმცა, დამცავი ზოლი ნამდვილად არსებობდა, მხოლოდ ეს იყო ციხესიმაგრეებისგან გაკეთებული ზოლი. როცა ცენტრმა გადაინაცვლა ეგრისის სამეფოს შიდა ტერიტორიაზე, ციხეგოჯი გახდა ეგრისის დედაქალაქი. იმიტომ რომ, უფრო დაცული ყოფილიყო, აშენდა დამცავი ზოლი, რომელიც იწყებოდა შორაპნიდან, ზესტაფონის რაიონიდან და მასში სხვადასხვა ციხე შედიოდა. გზადაგზა გვხვდებოდა საგანგაშო მდგომარეობისთვის შექმნილი სხვადასხვა ციხე-კოშკი. ადრეფეოდალურ და ფეოდალურ ეპოქაშიც თუ მტერი ქვეყანაში შემოვიდოდა და დაამარცხებდა ჯარს, თუნდაც 20 ან 50-ათასიანსაც კი, იმ შემთხვევაში, თუ ის ციხესიმაგრეებს ვერ აიღებდა, მთელი ქვეყნის ტერიტორია დაპყრობილად არ ითვლებოდა. ამიტომაც ააგეს ეს ციხეები საზღვრებთან, კონკრეტული ტერიტორიების გასამაგრებლად და დასაცავად. დაახლოებით მეოთხე, მეექვსე საუკუნეებში ასეთი სამაგრებია ჩრდილო-დასავლეთით. მაგალითად, ნოქალაქევიდან მოყოლებული, იქვეა სოფელი კოტიანეთი, ზემო სორტა, შხეფი, საკალანდარიშვილო – სენაკის რაიონში, კიდევ პატარ-პატარა კოშკები ზუგდიდამდე და ასე შემდეგ კოდორის ხეობამდე. ეს არ არის კედელი, ეს არის თავდაცვითი სისტემა, რომელიც შედგებოდა ციხესიმაგრეებისგან და ისინი უყურებდნენ ერთმანეთს. აქ არის რამდენიმე დიდი ციხე და პატარა კოშკები, რომელშიც, განგაშის შემთხვევაში, ცეცხლს ანთებდნენ და ასე ატყობინებდნენ თავისიანებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. სენაკის რაიონში არის მისი ნაწილი შემორჩენილი და ნაგებობები სამი-ოთხი კილომეტრითაა ერთმანეთისგან დაშორებული. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ლევან დადიანის პერიოდში აგებული კედელი ვორონოვს აქვს შესწავლილი. მის მიხედვით: კედელი იწყებოდა მდინარე კელასურის მარცხენა ნაპირზე, ზღვის შესართავთან, მიუყვებოდა კელასურის ხეობას, შემდეგ უხვევდა აღმოსავლეთისკენ, გადაკვეთდა მდინარეებს მაჭარასა და კოდორს. ეს არის კოდორის ხეობის ზედა ნაწილი, რომელიც მაშინაც აფხაზეთის მთავრობის შემადგენლობაში შედიოდა. აქედან ის მიუყვებოდა ფანავის ქედს, გადაკვეთდა მდინარე მოგვს და ქვემოთ ჩამოდიოდა ოჩამჩირესთან, გალისღამდე აღწევდა. კედელი უწყვეტი არ იყო. თუ მას კლდე ან სხვა ბუნებრივი ზღუდე შეხვდებოდა, კედლის აშენების საჭიროება აღარ იყო. ის თითქმის ას კილომეტრს აღწევდა. კელასურის კედელში არსებულ კოშკებს შორის 279-დან 275 კელასურ-ტყვარჩელის მონაკვეთზე მოდის. რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს არის ჩრდილო-დასავლეთიდან მოსალოდნელი შეტევების თავიდან ასაცილებლად. კოშკებს შორის მანძილი 40-დან 120 მეტრამდეა. იქ, სადაც ბუნებრივი პირობების გამო კედელი არ იყო, დაშორება 300-დან 1 000 მეტრამდე აღწევდა. კოშკი ოთხკუთხა ფორმის იყო, სიმაღლით – 4-6 მეტრი.

ეს საკითხი ქართველ მეცნიერებსაც აქვთ შესწავლილი, თუმცა შედეგები გამოცემული არ არის. მათგან ერთი გუძა აფაქიძეა, რომელიც ახლა პეტერბურგში ცხოვრობს. მეორე ავთო თორდია, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობს. ის ზუგდიდის მუზეუმის დირექტორი იყო, მანამდე კი, საქართველოს ისტორიისა და ეთნოლოგიის მუზეუმში მუშაობდა.

– ახლა რა მდგომარეობაშია ეს კედელი თუ იცით?

– ახლა რა მდგომარეობაშია, არ ვიცით, რადგან აფხაზეთის ტერიტორიაზეა. რასაც გეუბნებით, ეს არის 70-80-იან წლებში ნანახის შედეგები იური ვორონოვის, ქართველთაგან კი – გუძა აფაქიძისა და ავთანდილ თორდიას მიერ.

скачать dle 11.3