კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საოცრებას დაემთხვა ჯანსუღ ჩარკვიანის დაბადება და ვინ გააცილა მან ამქვეყნიდან ყველაზე დიდი დარდით

30 სექტემბერი ჯანსუღ ჩარკვიანის დაბადების დღეა. მისი ბობოქარი და ხმაურიანი  83 წლის „ცხოვრების დღიურებში” ჩატევა იოლი საქმე არ არის, თუმცა მაინც ვცადეთ.  ბევრი  რეგალია მიიღო ამ წლებში,  მაგრამ ამბობს, რომ ყველაზე ემოციური მისთვის  სახალხო პოეტის ტიტული იყო.  სიკეთე და სიყვარულიც ბევრი არგუნა იღბალმა, კარგი მეგობრებიც, რომელთა წასვლის შემდეგ მისთვის სამყარო დაპატარავდა.  თუმცა, ასაკს არ ეგუება, სტუმრებს სახლში ისე გვხვდება, თითქოს საკონცერტო დარბაზის ლოჟა ეს ესაა დატოვა, ჯანსუღია და არ გიკვირს... ეტიკეტს ერთი კეტი გაურითმა და თავისი ცხოვრების დღიურების მოყოლა დაიწყო...     

30 სექტემბერი – საოცარი დამთხვევით დაწყებული დასაწყისი

  რაღაც საოცრება ხდება ხოლმე ქვეყანაზე,  საოცრებაა აბა რა იყო, ეს  მარტო  დამთხვევაა? 30 სექტემბერს დავიბადეთ სამივე დედმამიშვილი – ჯერ მე, მერე ჩემი და, ლუიზა და მერე ჩემი ძმა, ჯიმი.  ნამდვილად ვიცი, რომ მაშინ ექოსკოპია არ იყო, მაგრამ ასე მოხდა.  უფრო მეტს გეტყვით,  მე და ჩემი თაკო უწმინდესთან და უნეტარესთან ვართ სტუმრად. ვუთხარი: უწმინდესო და უნეტარესო, ჩვენ სამივე დედმამიშვილი ერთ დღეს ვართ დაბადებულები-მეთქი.  ჩაფიქრდა უწმინდესი, რა ვქნათ, ჩემო ჯანსუღ, ღვთის შვილები ვართ და ხდება ეგრეო. მერე დაუძახა შორენას: საეკლესიო კალენდარი მოიტანე, ჩავიხედოთ რა ხდებაო. ჩაიხედა, 30 სექტემბერი არის დღე წმიდა სოფიოსი და მისი ქალიშვილების:  პისტისა და აღათიონის. ახლა მთავარს გეტყვით: პისტი გელოვანი იყო დედაჩემი, აღათიონი კი –  ბებიაქალი, ვინც დედა ამშობიარა. ხომ არის ეს საოცრება! რა იცოდა დედაჩემმა წმიდა სოფიოს შვილების დღე, მაშინ ხომ არ იყვნენ ასე ღრმად ჩახედულები რელიგიაში.   ეს რომ გავიგე, სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა. 30 სექტემბერი ჩემთვის სიყვარულის დღეა, მე მაინცდამაინც არ ვარ მომხრე, რომ ამ დღეს უნდა ვიგრიალოთ. თუ მრგვალი თარიღი მისრულდებოდა, გრიალიც იყო, თუ არა და ოჯახის  ახლობლების წრეში აღვნიშნავდი ამ დღეს. გრიალის დღეს დამირეკავდა ჭაბუა, ნოდარ დუმბაძე, დამიწყებდნენ, სად წავიდეთ, სად შევუბეროთო? მივდიოდით და ვგრიალდებდით – კარგი ლექსი, კარგი ღვინო, კარგი სიმღერა იყო ჩვენი გრიალი. ხშირად თამადად მირჩევდნენ და სულ ვიცოდი თქმა: აბა, ახლა, ვისაც შეგიძლიათ სამი ბოთლი დალიოთ და ერთს დალევთ, იმის დედა ვატირე, ვისაც ერთის დალევა შეგიძლიათ და სამს დალევთ,  კიდევ უფრო უარესი-მეთქი.  თუ ბევრს დალევ, სუფრაზე მთავარი – სიყვარული,  სიმღერა, იუმორი დაიკარგება. ბეთანიაში გადახდილი გრიალი მახსოვს სულ. კიდევ ერთი დაბადების დღე – თბილისში, ერთ ცნობილ რესტორანში რომ გადავიხადე.  ოთხმოცამდე კაცი ვიყავით სუფრასთან. ყველაფერი რომ დამთავრდა, ავდექი და ფულის გადასახდელად წავედი. ოფიციანტმა მითხრა: თქვენი სუფრის ფული დირექტორმა გადაიხადაო. ის კაცი ჩემი არც ნათესავი იყო, არც ახლობელი. 80-კაციანი სუფრის ფულს რომ გადაიხდი, მაგარი კაცი ხარ და მაგარი ურთიერთობების ფასიც იცი. წლები გადის და სულ მახსოვს ადამიანების სიკეთე.   

 მამას ვფიცავარ!   

რაღაც ჩვევად მაქვს, ამხელა კაცი ვარ და ხშირად ვამბობ ხოლმე, მამას ვფიცავარ! დედასაც ვიფიცებ, მაგრამ თითქოს მამას უფრო ხშირად. ვერაზე დავიბადე, ვერის აღმართს რომ ამოხვალ, ლენინის ქუჩაზე. საოცარ სკოლაში დავდიოდი, გოგოები და ბიჭები ერთად ვიყავით. მეოთხე კლასამდე ფრიადოსანი ვიყავი, გოგოების ჯინაზე ვსწავლობდი. როგორც კი გაგვყვეს, სამოსანი გავხდი. ვისთვის უნდა მომეწონებინა იქ თავი? ჩვენი დამრიგებელი იყო ნინო სუხიაშვილი. იმან იცოდა, რომ ლექსებს ვწერდი. გამომიყვანდა დაფასთან, გაკვეთილს კი არ მომაყოლებდა, არა! ქამარს მაგრად მოუჭირე ორივე ხელი, ვითომ ხანჯალი გიკეთია და აი, ის ლექსი მითხარი, ვაჟა რომ გიყვარსო. ვიტყოდი ლექსს და ხუთიანსაც ვიღებდი. დედა, გელოვანის ქალი, გენიალურად მღეროდა,  ლექსებსაც  წერდა, მაგრამ ჩუმად, თავისთვის.  ჩარკვიანებშიც და გელოვანებშიც იყო რაღაც, პოეტური.  სისხლი სხვაა, მშობლებიდან ბევრი რამ მოდის. მე მათგან ვისწავლე სტუმარმასპინძლობა. მთელი ცხოვრება უნდა მცოდნოდა, რა ფასად მოდიოდა სტუმარი, რა სიყვარული ჰქონდა მას. მამაჩემი სოფლის მეურნეობის სპეციალისტი იყო, სულ თანამდებობებზე მუშაობდა და არ გვიჭირდა.  სოფლიდანაც ბევრ პროდუქტს უგზავნიდნენ, ღვინოს, შაშხს. გვიყვარდა სტუმარი, მასპინძლობა.  ეს ტრადიცია ჩემს ოჯახშიც გაგრძელდა.  წარმოიდგინეთ, როგორ უნდა გაგზარდონ ოჯახში, როგორ უნდა გასწავლონ სიყვარული შენი ქვეყნისა, რომ 12 წლის ბიჭი ორ მეგობართან ერთად სამამულო ომში გავიპარე. ვიღაც ლეიტენანტს შევეკარით, ჩაგვსხა მატარებელში და გაგვაქანა. ერთმა მეგობარმა „გაგვყიდა”, იმან გადაგვარჩინა. მატარებელს მცხეთაში დაეწივნენ,  ჩამოგვყარეს, წაგვიყვანეს სახლში, თან ლობიოს გვაჭმევდნენ, თან ყურებს გვახევდნენ.  ჩემი ცხოვრების ბიოგრაფიაში ემოციურად ეს სასწაული ამბავი იყო.  მეც თამამი ვიყავი. ჩვენს წინ, მოსკოვის ქუჩაზე,  ახლა სადაც კინოს სახლია,  ნავთი იყიდებოდა. დედაჩემი, სანამ მამას სამსახურში გაუშვებდა, მე ნავთის რიგში გამგზავნიდა ხოლმე. დილის ექვს საათზე ვდგებოდი რიგში ათი წლის ბიჭი. ერთხელ, უკვე დიდი ვიყავი და დედასთან თავი მოვიწონე, ვკითხე: ხომ ვაჟკაცი ვიყავი, ასე პატარა  6 საათზე ნავთის რიგში რომ ვდგებოდი-მეთქი, – თითს ვინ დაგაკარებდაო? მიპასუხა.  აი, ეს იყო უბანი და ქალაქი, დილის ექვს საათზე დედა რომ 10 წლის  ბიჭს ქუჩაში მიშვებდა.  

 ბობოქარი წლები...

 უუფ, ბობოქარი ახალგაზრდა ვიყავი! მყინვარიც მაქვს დაპყრობილი. უკვე დიდი ვიყავი, ლევან გოთუამ რამდენიმე კაცი მყინვარზე წაგვიყვანა. დიდი სპორტული მონაცემების კაცი  არ გახლდით, ძლივს ამიყვანეს მყინვარწვერზე, მაგრამ აი, იქ რომ ავედი, ისეთი განცდა მქონდა, საოცარი. ეს პატარა ამბავი არ არის.  20 წლის ბიჭს უკვე სახელი მქონდა. 16 წლის ვიყავი, როცა გიორგი ლეონიძემ ჩემი პირველი ლექსები წაიკითხა. რა დამავიწყებს მის ნათქვამს: „კარგი ხარ, ჯანსუღ, ჩემი ჯილა ხარ”! ხომ ამდენი ტიტული და ჯილდო მაქვს მიღებული, მაგრამ  რამდენიმე თვის წინ, როცა მე და ჭაბუას სახალხო პოეტისა და მწერლის ტიტული მოგვცეს,  მეუხერხულა, მაგრამ ძალიან გამიხარდა. საქართველოს სახალხო პოეტი ხარ! და პირველი, ვისაც   გალაკტიონისა და გიორგი ლეონიძის შემდეგ, ეს წოდება მოგანიჭეს!  მაგრამ  ამის გამო თავს ზემოთ როგორ ავწევ?  

  ამბობდნენ, გავლენიანი კაცი იყოო. მე  ვფიქრობ, რომ ძალიან ჩვეულებრივად ვიცხოვრე ამ ქვეყანაზე.  ხშირად ამბობენ, ედუარდთან ახლოს იყავიო. მას თვითონ ჰქონდა სურვილი, ჩვენთან ახლოს ყოფილიყო. უყვარდა შემოქმედი ადამიანები,  ჩვენ იქ არ შევმძვრალვართ.  ახლა რომ ამბობენ, ასეთი დრო იყოო, ისეთი დრო იყოო. 40 წლის წინ ვწერდი: „ძლივს  ძლივს ამოდის მთვარე სამოთხის, ტყვია მიზანში მოსახვედრია, თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია!” საიდან დავბეჭდე? არ იცოდნენ რას ვწერდი? რომელი ტყვია იყო მიზანში მოსახვედრი? თუ შენ ვაჟკაცობდი და უკან არ იხევდი, ვერაფერსაც ვერ გეუბნებოდნენ. აი, ასე იყო ეს.  ედუარდიც ცრემლით გავაცილე. რაც იმას საქმე ჰქონდა გაკეთებული, მაგას ვინ მოუგონებს? ქართული ენა წაგართვას დიდმა რუსეთმა და შენ შეუნარჩუნო შენს ქვეყანას, თან ძეგლიც დაუდგა, არ არის ადვილი საქმე! 

ნატო და მხოლოდ ერთი ცოლი... 

რვა წლის ვიყავი, როცა პირველი ლექსი მივუძღვენი ნატოს. მიყვარს ნატო, მაგრამ მარტო – არ მინდოდა, დედასთან ერთად რომ ყოფილიყო. ახალგაზრდა ვიყავი, ტელევიზიის ერთ-ერთმა წამყვანმა მკითხა: მეუღლისთვის თუ გიღალატიათო? რა ვიცი, თუ ეს ღალატად ჩაითვლება-მეთქი და ერთი „ისტორია” მოვუყევი. მოსკოვში ვიყავი, ერთმა რუსის გოგომ სხვანაირად შემომხედა, ავდექი და დავითესე იქიდან. გამომეკიდა ის გოგო,  დამეწია, „პადნოჟკა” დამიდო და დამაგდო ძირს. მერეო? ჩამეკითხა წამყვანი. მერე აღარ მახსოვს, რა მოხდა-მეთქი და გადაირია სულ. ამაზე ჩემმა ცოლმე თქვა: სადაც მიდიხარ იმიტომ მოგყვები, „პადნოჟკას” რომ დაგიდებენ, იქვე შეგეშველოო. აბა, ასე იყო ეს!   ამაზე ლაპარაკი უხერხული კია, მაგრამ არასდროს გამიუპატიურებია ქალი, თუ იმან არ გამაუპატიურა (იცინის). მთელი ცხოვრება ერთ ქალთან გავატარე, ორი წელი დავდიოდით ერთად და მერე ცოლად მოვიყვანე.  ის 19 წლის იყო, მე – 23-ის. მარტო ერთ ცოლთან კი არ ვიცხოვრე, ნაკლებად მოღალატე ვიყავი. 75 წლის- ამ, ჯვარიც კი დავიწერეთ. ნეფის როლშიც  ვიყავი. 

მეგობრები

 ჩემთვის დღემდე მნიშვნელოვანია ვისი მეგობარი ვიყავი და ვარ. ჩემი ახალგაზრდობის მეგობარი იყო ოთარ ჭილაძე. პიონერთა სასახლიდან მოვდიოდით ერთად მე, ოთარი და გივი გეგეჭკორი. ქეთევან ანანიაშვილი იყო ჩვენი მასწავლებელი, ერთად მოგვატარა  ხევსურეთი. 15-16 წლის ასაკში, სამშობლოს ნახვას სხვა ფასი აქვს.  როგორ გვიხაროდა ერთმანეთი, როგორ ვუვლიდით იმ ქალებს, ვინც ჩვენთან ერთად იყვნენ. იმათი „სუნკები” სულ ჩვენ დაგვქონდა (იცინის). მაშინ ვიცოდით მეგობრობის ფასი.  ჭაბუა ჩვენზე დიდი იყო, მაგრამ ჩვენ დროს დაიწყო წერა. პირველი რომანი მე წამაკითხა, ყველაზე დიდხანს ჭაბუა გამომყვა. მე და ნოდარ დუმბაძემ ერთმანეთი რომ ავირჩიეთ და დავმეგობრდით, უკვე  დიდები ვიყავით.  მოგვეწონა და შეგვიყვარდა ერთმანეთი. მესამე ინფარქტი რომ დაემართა, იუგოსლავიაში მივდიოდი. ბილეთი უკვე აღებული მქონდა. მის მკურნალ ექიმთან მივედი, ვიკითხე, ნოდარის ჯანმრთელობის მდგომარეობა. დღეს ვერაფერს გეტყვი, მძიმე მდგომარეობა აქვს, ერთ კვირაში გეტყვი ყველაფერსო.  სად ვიყავი წამსვლელი? უკან დავაბრუნე ბილეთი და დავრჩი. მივადექი ნოდარს. ჯანუკა, ბიჭო, მე წასული მეგონე და აქანე ხარ? – მკითხა ნოდარმა. მეც წასული მეგონე, მაგრამ შენც აქანე ხარ-მეთქი, სიმწრით ვიხუმრე. როცა წავიდა ამქვეყნიდან, ჩემთვის ეს დიდი უბედურება იყო. როცა მომნატრებია ჩემი მეგობრები, ხშირად დამსიზმრებია ისინი, ცრემლიც მომრევია ბევრჯერ.  რაღაცნაირად პატარავდება სამყარო, როცა მეგობრები მიდიან. სულ ვამბობ, სანამდე უნდა ვიარო სხვის პანაშვიდებზე, ერთხელ ჩემთანაც მოვიდნენ-მეთქი. აი ასე, გამომეცალა ქვეყანა, მიიხედავ-მოიხედავ და კაციშვილი აღარაა გვერდით.  ვისთანაც გაატარე ცხოვრება, იმას რომ კარგავ, ეს არის დიდი ტკივილი და საოცრება.  

წლები მოდიოდა და მოდიოდა...

75 წლის შემდეგ მივხვდი, რომ წლები მოდიოდა და მოდიოდა, იქამდე ვერ ვხვდებოდი.  მერე ხან წნევაო, ხან-ისაო, ხან-ესაო.  როცა მე არ ვიცოდი, წნევა რა იყო,  ჩემს  მეუღლეს ვეტყოდი ხოლმე:  ადამ ი წნევა! ახლა ორი წნევა ვართ ერთად.  მე მაინც მადლიერი ვარ ჩემი ცხოვრების. ბევრი სიყვარული მივიღე. იყო ხალხი, ვისაც არ ვუყვარდი, მაგრამ მათზეც  არ ვარ ნაწყენი. განაწყენებული იმ ხალხით შეიძლება ვიყო,  ვისზეც იტყვიან „ვისაც ჩავაცვი, იმან გამხადაო”.  როგორ არ ვიყო ბედნიერი კაცი,  ასეთი ნიჭიერი შვილები მყავს?! მამუკა ხომ იცით და იცით, თაკომ თითქოს არ ამოიღო ხმა, რაღაც-რაღაცეების გამო, თორემ უფ, რამდენს გააკეთებდა. ეს ჩემი შვილიშვილი ირმა გიგანი, კაცო?! უხერხული კია ჩემგან  მისი ქება, მაგრამ მსოფლიოშია უკვე ცნობილი ეს პატარა გოგო. ცხოვრების დღიურები რომ დამეწერა თავის დროზე,  იქ ბევრი ადამიანი, ბევრი ისტორია მოხვდებოდა.  ცხოვრებაში ბევრი რამის ატანა გიწევს კაცს, ხან საქმეს ეხება ეს, ხან – პირად ცხოვრებას. მე  არ ვარ  ჩემი ცხოვრების მომდურავი კაცი. უკან რომ გადავხედავ,  ვფიქრობ, რომ კარგად გავიარე.  აღმოვაჩინე, რომ  მე სამ დროში ვიცხოვრე – წარსულის ფასი ვიცოდი, მქონდა აწმყო და მქონდა მომავალიც. როცა წლები მოდის და მოდის,  ცხოვრება სულ სხვაა,  უფრო მეტად ეკუთვნი საკუთარ თავს.  მანამდე ქვეყნის ხარ, მერე უკვე  ჩამოდიხარ ქვემოთ და საკუთარი თავის ხდები. ცოლი ახლაც კი  ხშირად მეუბნება ხოლმე: ლომი ხარო. ასევე, ჩემებიც, ვისაც უყვარს ჩემი პოეზია.  რაც მთავარია, რადგან ჩემი ცოლი ისევ ლომს მეძახის, ჯერ არ ყოფილა ცუდად ჩემი საქმე (იცინის).     

скачать dle 11.3