კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

რის გამო ითმენენ ქალები მამაკაცისგან სიყვარულის დეფიციტს

თუ ქალს უყვარს მამაკაცი, ის თმობს... ბევრს თმობს და, საბოლოოდ, წაგებული, იმედგაცრუებული, დათრგუნული და გულნატკენი რჩება. ბევრი ქალბატონი ფიქრობს, რომ სიყვარული სულაც არ არის ბედნიერებისთვის მთავარი; რომ სიყვარული ვერასდროს იქნება გარანტი მამაკაცის გვერდით მშვიდად და შეხმატკბილებული ცხოვრებისა. უკვე ფართო აღიარება პოვა იმ მოსაზრებამაც, რომ, რაც მეტად გიყვარს მამაკაცი, მით მეტ იმედგაცრუებას იღებ მისგან. თუმცა, ბევრისთვის უსიყვარულოდ ოჯახის შექმნა წარმოუდგენელია და მიუღებელი... მართლაც, რა ჯობია გიყვარდეს საკუთარ თავზე მეტად, თუ მხოლოდ შენთვის მისაღებ ვარიანტებს დასჯერდე და ურთიერთობაც გათვლებით ააგო? იდეალური ვარიანტი გრძნობისა და გონების თანხვედრაა, თუმცა, ასე საკმაოდ იშვიათად ხდება.

ლიზა (34 წლის): არც ისე დიდი ხანია გასული მას შემდეგ, რაც, სერიოზულად ვფიქრობდი, რომ ბედნიერებისთვის მხოლოდ ფულია აუცილებელი, სიყვარული კი მხოლოდ ბრჭყვიალა სათამაშოა, რომელიც სულელების გასართობად მოიგონეს-მეთქი. რომანტიკული ურთიერთობა, გრძნობა, ემოციები – ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ, ოჯახს აშკარად სხვა რამე სჭირდება, მით უმეტეს – მამაკაცთან ხანგრძლივ, სერიოზულ ურთიერთობას, რაც ერთ ჭერქვეშ ცხოვრებაში გამოიხატება. რომელ რომანტიკაზეა საუბარი, როცა მოწმენდილ იატაკზე ტალახიანი ფეხსაცმელებით გაივლის და შემოსასვლელში ბინძურ წინდებს დაგიყრის... აღარ გავაგრძელებ იმაზე საუბარს, როგორ იქცევა ჩვეულებრივი მამაკაცი ოჯახში. ხომ დამეთანხმებით, რომ კეთილშობილი უფლისწულიც კი, სახლში, ცოლთან, ჩვეულებრივი კაცივით იქცევა, გამონაკლისები თითქმის არ არსებობენ.

– ამით რისი თქმა გინდათ, რომ ყველა კაცი ერთნაირია?

– დიახ. ეს აქსიომაა. როგორი შეყვარებულიც არ უნდა იყოს, მაინც ხდება ჩვეულებრივი, ანუ, ისეთი, როგორიც სინამდვილეში არის. ამით ვინმეს კი არ ვლანძღავ, ფაქტის კონსტატაციას ვახდენ და რეალობას განახვებთ. რატომ უნდა მოვიტყუოთ თავი, რომ, თუ კაცს ვუყვარვართ, ცხოვრება მასთან ჯადოსნურ ზღაპარს დაემსგავსება? რატომ უნდა დავიჯეროთ ეს აბსურდი? სულელია ქალი, რომელსაც ამის არა მხოლოდ სჯერა, არამედ, დარწმუნებულიც კი არის. ბევრი კაცი ვიცი, ცოლი ქორწინებამდე ჭკუის დაკარგვამდე რომ უყვარდა, მერე კი მუშტებს არ აკლებდა, მეტისმეტი „სიყვარულით“; ან კიდევ, გათხოვდებიან „სიყვარულით“, მერე კი არ იციან, რა აჭამონ შვილებს და როგორ ააგლიჯონ სავარძელს „მიწებებული“ უსაქმური ქმარი. ამიტომ და, კიდევ რაღაც მოსაზრებების გამო, უარი ვთქვი სიყვარულით გათხოვებაზე.

– საკუთარ თავს უბრძანეთ,  არ უნდა შეგიყვარდესო? 

– არა. ვუბრძანე – ვინც გიყვარს, იმას ცოლად არ გაჰყვე-მეთქი. მყავდა შეყვარებული, სხვა პლანეტიდან კი არ ჩამოვფრენილვარ. სამი წელი რომანტიკაც მქონდა, სიყვარულიც და მშვენიერი, ლამაზი დღეებიც, მაგრამ, არც მიფიქრია, რომ ამ ადამიანს გავყვებოდი ცოლად.

– თვითონ უნდოდა თქვენი ცოლად შერთვა? 

– კი, ვატყობდი ამას, მაგრამ, ერთხელაც არ მივეცი თქმის საშუალება. შეიძლება, ცუდად მოვიქეცი, მაგრამ მე სხვა გეგმები მქონდა. ოჯახის შექმნას სხვანაირად ვუყურებდი და სხვანაირად წარმომედგინა ჩემი ქმარი – ის უნდა ყოფილიყო კაცი, რომელიც უზრუნველ ცხოვრებას შემიქმნიდა. თქვენ უნდა განმსაჯოთ? პრინციპში, ამას ველოდი. ყველა ხომ იმას ამბობს ხმამაღლა, რომ აუცილებლად სიყვარულით უნდა გათხოვდეს, მაგრამ, როგორ შეიძლება, ბედი ანდო რაღაც მყიფე, არამყარ გრძნობას?! ამ შემთხვევაში, საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა, კონკრეტულ მამაკაცს ვიგულისხმებ თუ არა. როგორც აღვნიშნე, შეყვარებული მამაკაცებიც ზუსტად ერთნაირები არიან: ჰპირდებიან ოქროს კოშკებს და ყველაფერზე თანახმა არიან, სანამ საყვარელ ქალს ოჯახში დაიგულებენ... ხომ ხვდებით, რომ მე მართალი ვარ?

– ბოლომდე ვერ დაგეთანხმებით.

– ანუ, ნაწილობრივ მეთანხმებით? იცით, რაშია საქმე? მერჩივნა, ჩემი სიყვარული ძალიან ლამაზ, რომანტიკულ ზღაპრად და მოგონებად დარჩენილიყო, ვიდრე მერე გამწარებულს მეთქვა – ეს არარაობა მიყვარდა-მეთქი. ზოგადად ხომ,  უმეტეს შემთხვევაში, სწორედ ასე ხდება – უყვართ, გიჟდებიან... მერე კი ერთმანეთს დანასისხლად გადაეკიდებიან, არ ინდობენ, ლანძღავენ და აგინებენ...

– ანუ, სიყვარული ლამაზ მოგონებად უნდა დავტოვოთ?

– დიახ. იმიტომ, რომ ის, ჩვენგან დამოუკიდებლად მაინც იქცევა მოგონებად და, ხომ ჯობია, კარგ მოგონებად გადაიქცეს, ვიდრე კოშმარად? ამიტომაც გავყევი ცოლად კაცს, რომელმაც სრული პასუხისმგებლობით ითავა ჩემზე ზრუნვა. ბოლოს და ბოლოს, მარტო საკუთარი თავი ხომ არ გაბარია – შვილები გეყოლება და მათზეც უნდა იფიქრო. რას აჭმევ, როცა მოშივდებათ – სიყვარულს? ცხოვრება ერთხელ გეძლევა და ისე უნდა დაგეგმო ყველაფერი, რომ მერე არ ინანო.

– თუმცა, თქვენ არ გამოგივიდათ ყველაფერი ისე, როგორც დაგეგმეთ და იმედი გქონდათ, რომ შედეგსაც სასურველს მიიღებდით.

– შეიძლება, რაღაც ისე ვერ გამომივიდა, მაგრამ ჩემს მოსაზრებაზე უარს მაინც არ ვამბობ.

– მაინც ფიქრობთ, რომ სიყვარული საჭირო არ არის?

– დიახ. ოღონდ, აქ ერთი ნიუანსია – იმას უნდა უყვარდე, შენ კი – არა! ჩემს შემთხვევაში, იმის მხრიდანაც არ იყო დიდი გრძნობა, უბრალოდ, მოვწონდი ჩემი ეფექტური გარეგნობის გამო და აწყობდა ჩემნაირი ცოლი.

– „აწყობდა“ რას ნიშნავს?

– თავის მოსაწონებლად შემირთო, ლამაზი ცოლი და ლამაზი შვილები უნდოდა – არიან ამ ტიპის კაცებიც. შეიძლება, თავისებურად ვუყვარდი კიდეც და ვნებაც ჰქონდა; ახლაც ექნება რაღაც გრძნობის მაგვარი შემორჩენილი ჩემ მიმართ, მაგრამ, ჩემთვის ეს საკმარისი არ არის.

– ანუ, იმას უნდა უყვარდეთ და თქვენ არა? ძალიან კატეგორიული ხართ.

– სულაც არა. მე ქალი ვარ და არა მანქანა. ბედნიერებას ვიმსახურებ და უნდა მივიღო კიდეც – ჩამითვალეთ ეს პრეტენზიად და ჭირვეულობად. ყველა ქალი რომ ჩემსავით იქცეოდეს, კაცები აზრზე მოვიდოდნენ და მეტი პატივისცემით მოგვეპყრობოდნენ. ცხოვრებამ კარგი სკოლა გამატარა. მერე რა, რომ მატერიალურად არ მიჭირს და საჭმელი საშოვნელი არ მაქვს – მარტო ეს არ არის ცხოვრება, თუმცა, ვაღიარებ, რომ მნიშვნელოვანი ფაქტორი ნამდვილად არის. მე ჩემს ქმარს პატივს ვცემდი, სანამ მიმაჩნდა, რომ მისთვის ღირებული ვიყავი. გასაგებია, რომ ის მე მატერიალურად სრულად უზრუნველმყოფდა და იმდენ ფულს მაძლევდა, რამდენიც მომესურვებოდა, მაგრამ, უცებ აღმოვაჩინე, რომ ფულის მოცემით ის მხოლოდ ვალდებულებას იხდიდა, მეტი არაფერი. ჩვენ შორის არაფერი იყო დამაკავშირებელი, არანაირი ძაფები... ხვდებით, ხომ, რასაც ვგულისხმობ?

– დიახ, მაგრამ, ის ძაფები, რაზეც თქვენ საუბრობთ, სიყვარულს ახლავს თან.

– უსიყვარულოდაც ძალიან კარგად გამოდის ეგ ყველაფერი, თუკი ცოლ-ქმარს შორის სურვილი და კეთილი ნება არსებობს. ხომ არიან წყვილები, რომლებსაც ერთმანეთი არ უყვართ, მაგრამ, არაჩვეულებრივად გამოსდით მეგობრობა? სულ ელაპარაკებიან ერთმანეთს, უზიარებენ ფიქრებს, შეხედულებებს... რაღაც ეტაპზე ამისი მოთხოვნილება გამიჩნდა. არ მომეწონა იმის გაცნობიერება, რომ ქმარს არ ვჭირდები; არ ვჭირდები იმ მოსაზრებით, რომ მე მისთვის არ ვარ არც მეგობარი და არც საყვარელი ქალი, ვარ მხოლოდ ცოლი, რომელმაც გაუჩინა ლამაზი, ჯანმრთელი შვილები, ემსახურება ოჯახში და მოუვლის სიბერეში. თავს მშვიდად გრძნობს ჩემ გვერდით – სულ ეს არის.

– ანუ, ბევრი ფული და კეთილდღეობა არ ყოფილა სიყვარულის კომპენსაცია?

– ვერ გამიგეთ – სიყვარულზე არ ვლაპარაკობ. მე სიყვარული კი არა, დასაყრდენი მჭირდება გვერდით – კაცი, რომელსაც ჩემს ფიქრს, წუხილს, სიხარულსა და სურვილებს გავუზიარებ. რა არის ამაში გაუგებარი?

– ვერ „იყიდა” მეუღლემ თქვენი პატივისცემა?

– ცოტა უხეშად ნათქვამია, თუმცა არსი მაინც ეს არის. პატივისცემა პატივისცემაზე იცვლება – ეს აქსიომაა. ის უნდა იყოს ჩემი პატივისმცემელი, რომ მეც გამიჩნდეს იგივე სურვილი. მე ახლა ვცდილობ, მისგან მიღებული ფულით მივიღო რაღაც სიამოვნება და დავივიწყო ის, რომ ქმრისთვის უმნიშვნელო არსება ვარ.

– როცა არ არის პატივისცემა, იქ ღალატიც დასაშვებია.

– გეთანხმებით. თავიანთი ჭკუით, უყვართ და მაინც ღალატობენ. თუ ადამიანს პატივს სცემ, მას ვერ უღალატებ, ვერ დაუშვებ ამას – ამაშია საქმე. ორივე მხრიდან არის იმისი საფრთხე, რომ გამოჩნდება მესამე, შემთხვევაზეც ვართ დამოკიდებულები და, ამიტომ, არაფერს გამოვრიცხავ...

скачать dle 11.3