კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეიცვალა პანჩოს მარტოხელა ცხოვრება და ვინ აანთო ნაპერწკლიდან ალი მის ცხოვრებაში

„დღეს საქართველოს სიყვარული აკლია“ – ეს პანჩოს სიტყვებია, მომღერლის, რომელიც სიყვარულს უმღერის და განიცდის იმას, რომ დღევანდელობაში ურთიერთობები და გრძნობები გაცივდა. ამიტომ, სხვა შემოქმედ ადამიანებთან ერთად, აპირებს „სიყვარულის მატარებლით“  საქართველოს ნაწილის შემოვლას და ამით, საკუთარი პროტესტის გამოთქმას უსიყვარულობისადმი. პირადად მისი ცხოვრება კი მთლიანად სიყვარულით არის სავსე. პანჩომ რამდენიმე თვის წინ ცოლად ანი სხირტლაძე მოიყვანა და მასთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს. როცა ამ წყვილს უყურებ, ხვდები, რომ სიყვარული ნამდვილად არსებობს და ის ბედნიერებისა და სიხარულის მომტანია, უამრავი ყოფითი პრობლემის მიუხედავად.

– ერთმანეთი როგორ გაიცანით?

პანჩო: ბუკიას ბაღზე გადმოვდიოდი და ანი იდგა გაჩერებაზე. ეს ის პერიოდი იყო, როცა გოგონას ვეძებდი კლიპისთვის და ქასთინგები მქონდა. ანი რომ დავინახე, ვიზუალურად მომეწონა და ვუთხარი, იქნებ თქვენც მოხვიდეთ-მეთქი – გავისროლე (იცინის). გადაღებები რამდენიმე დღე მიმდინარეობდა და ერთმანეთი გავიცანით. მერე ყავაზე დავპატიჟე და ასე გავიდა 3-4 წელი. შვიდი თვეა, რაც მოვიყვანე.

– პანჩო თავისი სიმღერებით ქალბატონების გულებს ინადირებს. ანი, თქვენი ემოცია როგორი იყო, როცა შეიტყვეთ, რომ თქვენ მიმართ სიმპათიები ჰქონდა?

ანი: ჰო. ისეთ სიმღერებს მღერის, რომ ქალების გულებს ინადირებს ხოლმე. ბავშვობაში პანჩო ჩემი ერთ-ერთი საყვარელი შემსრულებელი იყო.

პანჩო: რომ დამინახა, დაეცა, მივვარდი და ავაყენე ფეხზე (იცინის).

ანი: ასე თუ დასრულდებოდა ჩვენი გაცნობა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ეს ორმაგი ემოციაა. ერთი, არ ელი, რომ შენი ბავშვობის საყვარელ შემსრულებელს გაიცნობ და ასეთი ურთიერთობა გექნება მასთან და მეორეა ის, რომ პანჩო ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა. მიხარია, რომ ასეთი პიროვნება გავიცანი. ჩემთვის ეს ცოტათი წარმოუდგენელი იყო. ამის გამო ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ. როგორც პიროვნება და როგორც ადამიანი, ძალიან შემიყვარდა და ახლოს მივიღე. პანჩო ჩემთვის მეგობარიც არის და მეუღლეც.

– პანჩო, თქვენ დაქორწინებას აღარ აპირებდით. ანიმ რა გააკეთა ისეთი, რომ ეს აზრი შეგაცვლევინათ?

პანჩო: ანიმ გააკეთა ის, რომ დავიწყე მეორე ცხოვრება. დავიწყე ყველაფერი ნულიდან და გამიჩნდა ინტერესი იმის, რომ რაღაც ვაკეთო და ვიღაცისთვის ვიცხოვრო. მანამდე ეს მომენტი არ მქონდა. ვცხოვრობდი ჩემთვის, როგორც ეს მარტოხელა კაცებმა იციან, ისე. მან გააჩინა ნაპერწკალი, საიდანაც, როგორც ლენინი ამბობდა – ალი ინთება და აინთო ალი. ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ მას შევხვდი. ბედნიერი ვარ, რომ ასე კარგად ვარ და ყველაფერი მიხარია. მიხარია ყოველდღე დილით რომ ვიღვიძებ და გვერდით მყავს ადამიანი, რომელიც მიყვარს.

– კონკრეტულად, ერთმანეთის რა თვისებებით მოიხიბლეთ?

– წარმოიდგინე, სამი წელიწადი დავდიოდით ერთად. ოცი წლის რომ ვყოფილიყავი, ვივლიდი ერთი კვირა და მოვიყვანდი. მაგრამ, ახლა დიდი ვარ და რთული იყო ამ ნაბიჯის გადადგმა. ამ ადამიანს უამრავი დადებითი თვისება აქვს და არ შეიძლება, რომ არ შეგიყვარდეს.

ანი: მე მომხიბლა...

პანჩო: მელოტი თავი მოეწონა (იცინის).

ანი: უპირველესად, მოვიხიბლე მისი ადამიანობით. ბევრჯერ მითქვამს, პანჩოს არ აქვს ისეთი გარეგნობა, უცხომ ერთი შეხედვით იფიქროს, რომ ის ძალიან კეთილი, თბილი და გულჩვილიაო. ცოტა მატყუარა გარეგნობა აქვს. უფრო მკაცრს ჰგავს, მაგრამ, რომ გაიცნობ, მიხვდები, რომ ძალიან თბილი და კეთილია. უბოროტოა, რაც ახლა ძალიან იშვიათია. ამ თვისებებით ძალიან მოვიხიბლე.

– სიმღერებით და ლექსებით თუ ცდილობდა თქვენ მოხიბვლას?

– ლექსებს ყოველდღე მიძღვნის. ვერ ვიმახსოვრებ და სულ მეუბნება, ჩაიწერეო. ექსპრომტად მწერს ხოლმე. ერთი სიმღერაც დამიწერა, როგორც ამბობს, ჩემ გამო მოუვიდა მუზა და დაწერა.

პანჩო: იცი რა, არ მქონია ეგ თვითმიზანი, რომ მომეხიბლა. იცოდა, რომ ვმღეროდი, იცოდა, ვინც ვიყავი. საერთოდ, ადამიანს, როცა ვხედავთ ჟურნალში ან ტელევიზორში, სხვა ემოციას იწვევს. როცა გაიცნობ და ნახავ, როგორია რეალურად – სულ სხვა ემოციაა. მგონი, ამან მოხიბლა ანი. უფრო სხვას ელოდა და რომ გამიცნო, მოიხიბლა ჩემით. რითი მოიხიბლე? ჰო, „გულის სიდიადით“.

– ასაკობრივ სხვაობაზეც გკითხავთ. საკმაოდ დიდი სხვაობაა თქვენ შორის, ეს არ ყოფილა დაბრკოლება?

– იცი, რა არის? ისეთი პატარაც არ არის – 16 და 18 წლის. 29 წლისაა და გავლილი აქვს რაღაც პერიოდები. ჩამოყალიბებული ქალია და იმხელა ბარიერი აღარ არის ჩვენ შორის. რაღაც საკითხებში, რასაკვირველია, მე მეტი გამოცდილება მაქვს და რაღაც რჩევებს ვეუბნები ხოლმე. ზოგჯერ იღებს, ზოგჯერ – არა. ცხოვრებაა და ეგრეც უნდა იყოს.

ანი: პანჩო თვითონ სულით და გულით ბავშვობიდან არ გამოსულა. ისევ ახალგაზრდაა. ასე რომ, ჩვენ შორის დიდი განსხვავება არ იგრძნობა (იცინის).

– სამი წელი რატომ მალავდით ამ ურთიერთობას?

პანჩო: არ ვმალავდით.

ანი: სამი წელი ვმეგობრობდით, აქედან ერთი წელი ჩავარდნა გვქონდა.

პანჩო: ჩემი აზრით, გზა მწვერვალისკენ უფრო ლამაზი და კარგია, ვიდრე თვით მწვერვალი. რომ მიისწრაფი მისკენ, ეს ყველაზე კარგია. არ მესმის, ადამიანს რომ გაიცნობ, ერთ თვეში ცოლად მოგყავს, მერე კი ეყრები. ჯერ კარგად უნდა გაიცნო.

– მე სხვა რამეს ვგულისხმობ. მაშინ, როცა თქვენ უკვე ერთად ყოფილხართ, ინტერვიუებში ამბობდით, რომ ახალ სიყვარულს არ გამორიცხავდით, მაგრამ არ გითქვამთ, რომ ეს სიყვარული თქვენს ცხოვრებაში უკვე იყო.

– აა... რომ მეთქვა, მერე იტყოდით – რატომ არ მოგყავს ცოლადო? (იცინის) მერჩივნა, დამემალა. თანაც, ანის ოჯახთანაც ისეთი დამოკიდებულება მქონდა... ახლა 18 წლით უფროსი ვარ და რაღაც უხერხული მომენტი მქონდა თვითონ. ადრე თუ გვიან, მაინც სათქმელი იყო, მაგრამ სულ ვცდილობდი, ეს მომენტი გადამეწია. ბოლოს ვუთხარი და ყველაფერი კარგად დამთავრდა.

– ერთი წელი, რომელიც საპატიმროში გაატარეთ, თქვენს ურთიერთობას დაემთხვა. ეს პერიოდი როგორ გამოიარეთ?

– ეს ანიმ უნდა გითხრათ.

ანი: ეს ყველაზე ცუდი და საშინელი პერიოდი იყო ჩვენი ნაცნობობის განმავლობაში. ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, მაგრამ მაშინვე მახსენდებოდა, რომ ჩემზე ცუდად პანჩო იყო და ჩემს წუხილსა და განსაცდელს ვერც შევადარებდი მის მდგომარეობას.

პანჩო: მერე, როგორც გავიგე, თითქმის ყოველდღე მოდიოდა აქ და ჩემს ბავშვებთან ერთად იყო.

– ამ ერთი წლის განმავლობაში ერთმანეთს ვერ ნახულობდით?

– ვერა.

– დიდი შვილები გყავთ, ისინი როგორ შეხვდნენ თქვენს ქორწინებას?

– ერთი 24 წლისაა, მეორე – 18-ის. ჩვენი ამბავი ძალიან გაუხარდათ.

ანი: ორივესთან ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს.

პანჩო: შეხედე, ცრემლები მოადგა თვალებზე, ჩემი პატიმრობა რომ ვახსენეთ. აი, ამას რომ ვხედავ, მზად ვარ, მეორეჯერ ჩავჯდე (იცინის).

ანი: უფროსი შვილი თითქმის ჩემი ასაკისაა. 

პანჩო: უმცროსია შენზე თითქმის 5 წლით.

ანი: ჰოდა, ამიტომ ურთიერთობები არ გვიჭირს ნამდვილად. მიმაჩნია, რომ კარგად მიმიღეს, როგორც ცოტათი უფროსი მეგობარი. როცა პანჩო ციხეში იყო, მის შვილებთან ურთიერთობით ვინაზღაურებდი მის დანაკლისს. მაშინ პანჩოს დედაც ცოცხალი იყო. ასე, რომ კარგი ურთიერთობა გვაქვს და ეს ძალიან მიხარია.

პანჩო: ამ დროს მე, ნარებზე წამოგორებული, გლდანის ციხის კამერაში ვწერდი სიმღერებს (იცინის). წარმოიდგინე, ერთი წელიწადი არ მყავდა ნანახი და ძალიან მენატრებოდნენ. არ ვიცოდი, რა ხდებოდა და როგორ იყვნენ. იქ, ისეთ პატარა ოთახში რომ ზიხარ და თან ამდენ ხანს, უამრავი დრო გაქვს იმისთვის, შენს განვლილ ცხოვრებაზე იფიქრო. მოკლედ, ტვინი მეტკინა, იმდენი ვიფიქრე.

– რა შეცვალა ამ ერთმა წელიწადმა თქვენში?

– ძალიან ბევრი რამ შეცვალა – ჩემი ცხოვრების წესი. ადრე სხვანაირად ვცხოვრობდი და რომ გამოვედი, სულ სხვა ცხოვრება დავიწყე. იცი, რა მომენტია? მე ჩემს პირადზე ვამბობ. რა თქმა უნდა, მომიხდა ის, რომ დამიჭირეს. შეიძლება, ამდენი არ უნდა მოეცათ, მაგრამ მაინც მგონია, რომ საჭირო იყო ჩემთვის. საპატიმროში იმდენი დრო გაქვს ფიქრისთვის, ცხოვრების გააზრებისთვის, რა დაგაკლდა, რისთვის დაგაკლდა, რომ ადამიანი იცვლება. ციხეში შეიძლება, იმაზე მეტი ისწავლო ერთ წელიწადში, ვიდრე ჩვეულებრივ, ათ წელიწადში.

– როცა შემოქმედება დაიწყეთ, მაშინ განსხვავებული დრო და მოთხოვნილებები იყო. დღეს რა ხდება თქვენს შემოქმედებაში?

– მაშინ ადამიანებს შორის იყო სხვა ურთიერთობა, სხვა დამოკიდებულებები, სხვა ფასეულობები გვქონდა. ახლა ეგოიზმის ერა მოდის. „მე, მე“... ეგრე იქნება მალე. ეს რომ არ იყოს, ამიტომ, ვინც ვართ, ჩემი მეგობრები, ჩემი თაობა, რომლებიც ვგრძნობთ, რომ სიყვარული გადაგვარჩენს, ვაკეთებთ პროექტს, რომელსაც ჰქვია „სიყვარულის მატარებელი“.  დავჯდებით ამ მატარებელზე მსახიობები, მომღერლები, მხატვრები... და სამას კაცამდე ვიქნებით. ჯერ გორში გავაკეთებთ კონცერტს, მერე სამტრედიაში და ბოლოს ბათუმში. მართლა შეიცვალა ყველაფერი. სიყვარული აკლდება ხალხს ურთიერთობაში. არც ტელეფონი იყო, არც ინტერნეტი, მაგრამ ხალხი ერთმანეთს ვნახულობდით. ახლა შეიძლება, ერთი წელიწადი ვერ ნახო ადამიანი და მიწერო: როგორ ხარ? – კარგად... ეს ურთიერთობა არ არის. მე მიმაჩნია, რომ უთრიერთობა და სიყვარული გადაარჩენს სიცოცხლეს დედამიწაზე.

– სხვა გეგმები თუ გაქვთ სამომავლოდ?

– დიდი ხანია, ალბომი მაქვს ჩაწერილი და ვერ გამოვუშვი, მისი გამოშვება მინდა და კიდევ ახალი სიმღერები მაქვს, მათი ჩაწერაც მინდა. ალბომის გამოშვება კი მინდა, მაგრამ მსმენელი ინტერნეტიდან გადმოიწერს ამ სიმღერებს და მოუსმენს. ამიტომ, ალბომის სიტუაცია თბილისში ნაკლებად არის, ვინმესთვის საჩუქრად თუ არ გინდა. ამიტომ, მისთვის ხარჯების გაწევას აზრი არ აქვს. არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო. მე მგონია, რაც უნდა გამეკეთებინა, უკვე გავაკეთე. ახლა, წესით, უნდა მქონდეს ცხოვრებით დატკბობის საშუალება, უკვე იმ წლოვანების ვარ.  მაგრამ, ასე არ არის და ახლა მიწევს „ჩალიჩი“ ამისთვის. ერთ ინტერვიუში მითხრეს ერთი შვიდი წლის წინ, თქვენ ისეთი პოპულარული იყავით ოცი წლის წინ, ახლაც ასეთი პოპულარული ხართო. გსიამოვნებთ ესო? მე ვუთხარი: რომ არ ვიყო ქართველი, ვიყო ჩუქჩა, ვცხოვრობდე იურტაში ჩუქჩებთან ერთად და იქ ვიყო ისეთივე პოპულარული, როგორიც ახლა საქართველოში ვარ, მაღაზიაში სიგარეტის ვალი მექნებოდა-მეთქი? – არაო. მე ვუთხარი, რომ მე მაქვს. ვარ პოპულარული, მაგრამ ვერ ვცხოვრობ პოპულარობის შესაბამისად. არ არსებობს ქვეყანა, სადაც ასე ხდება, საქართველოს გარდა. დღეს საქართველოს სიყვარული აკლია. იმის მიუხედავად, რომ პოპულარობით ფული ვერ ვიშოვე, ბედნიერი ვარ! ბედნიერებაა, როცა ტაქსისტი გცნობს და ფულს არ გართმევს. ბედნიერებაა, როცა გვერდით ამდენი კარგი ადამიანი გყავს, რომლებიც ძალიან მიყვარს და ყველაზე მთავარი, ბედნიერებაა, როცა გვერდით საყვარელი ადამიანი გყავს: ესაა ცხოვრებაში მთავარი და მე ბედნიერი ვარ!

скачать dle 11.3