კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ უცხოელებს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის შესაძენად და ვის მიენიჭება უპირატესობა მიწის შეძენისას

რაკი 2014 წელი იწურება და სწორედ ამ დრომდე იყო გამოცხადებული მორატორიუმი უცხოელებისთვის მიწის მიყიდვაზე, რაც, მართალია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა –  საქართველომ“ დემოკრატიის დროშის ქვეშ გაასაჩივრა (თითქოს რამდენიმე თვე რამეს წყვეტდა), მთავრობამ უკვე მოამზადა შესაბამისი ცვლილებები, რომლებმაც საქართველოში უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის პროცესი უნდა დაარეგულიროს. ჯერჯერობით გადაწყდა, რომ უცხოელებს საქართველოში ეზღუდებათ მიწაზე საკუთრების უფლება 5-კილომეტრიან სასაზღვრო ზონაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზიდან 12-კილომეტრიან მონაკვეთზე. დგინდება მათ მიერ შეძენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობის მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი: 5-დან 200 ჰექტრამდე. 200 ჰექტარზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთის გასხვისება მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით იქნება შესაძლებელი. აგრეთვე, დგინდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უპირატესი შესყიდვის უფლება შემდეგი რიგითობით: 1. სახელმწიფო; 2. კოოპერატივი; 3. ადგილობრივ ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ან ადგილობრივი კომლი; 4. საქართველოს მოქალაქე, კომლი, საქართველოს მოქალაქეების მიერ დარეგისტრირებული იურიდიული პირი, ერთობლივი საწარმო, უცხოელი, საქართველოში უცხოელთა მიერ რეგისტრირებული იურიდიული პირი ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირი და სხვა. როგორ აფასებენ წარმოდგენილ პროექტს პროფესიონალები, რომლებიც წლებია, ამ საკითხზე მუშაობენ. არის თუ არა გათვალისწინებული მათი რეკომენდაციები და იცავს თუ არა აღნიშნული პროექტი მიწის რესურსს განიავებისგან, – თემას ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორ პაატა კოღუაშვილთან ერთად განვიხილავთ.

– მართალია, საპარლამენტო განხილვებისას პროექტში ცვლილებები შევა, მაგრამ, რადგან ზოგადი კონცეფცია ცნობილია, რას ეთანხმებით და რას არ ეთანხმებით მთავრობის მიერ შემუშავებულ ცვლილებებში?

– ის დოკუმენტი, რომელიც მე მქონდა, შეიმუშავა საქართველოს მთავრობამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა იუსტიციის მინისტრი. ამ დოკუმენტის მომზადებაში აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და იუსტიციის სამინისტროები, საქართველოს პარლამენტის როგორც იურიდიული, ისე აგრარული კომიტეტები და სხვა დაინტერესებული უწყებები. გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ დოკუმენტი თითქმის მისულია იმ კონდიციამდე, რაც აქვთ თანამედროვე მაღალგანვითარებულ ქვეყნებს, ამასთანავე, გათვალისწინებულია ის ძირითადი რეკომენდაციები, რაც კომისიას მიაწოდეს ცნობილმა ქართველმა მეცნიერებმა. რა არ იქნა გათვალისწინებული ჩვენი რეკომენდაციებიდან: ჩვენ მოვითხოვდით, რომ პროექტში ჩადებულიყო სასოფლო-სამეურნეო მიწების აბსოლუტური გამოყენების უფლება.

– რას ნიშნავს სასოფლო-სამეურნეო მიწების აბსოლუტური გამოყენება?

– მოვითხოვდით, გაკეთებულიყო ჩანაწერი, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწისთვის კატეგორიის შეცვლა განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, დაუშვებელია და ის გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ დანიშნულებისამებრ. სამწუხაროდ, ეს ჩანაწერი არ არის, მაგრამ მსგავსი ჩანაწერი აუცილებლად უნდა იყოს. იმიტომ რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს მიწაზე აბსოლუტური უფლება. უცხოელს არ უნდა ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო მიწისთვის კატეგორიის შეცვლის საშუალება. ეს დაუშვებელია. ერთი რამ უნდა დაიმახსოვროს საქართველოს მთავრობამ:  კაცობრიობა შევიდა კრიზისულ ფაზაში, როდესაც ინტენსიური სავარგულები ამოწურვის პირასაა, ანუ ახალი მიწების ათვისება, ფაქტობრივად,  შეუძლებელია, თუ არ განხორციელდა ისეთი ფანტასტიკური პროექტები, როგორიცაა უდაბნოების ათვისება და ტყეების გაჩეხვა. მეორე კატეგორიულადაა დაუშვებელი, პირველი კი იმდენ თანხას მოითხოვს, რომ ვერავინ შეძლებს არსებული დაძაბულობიდან გამომდინარე. პლუს ამას, უნდა გვახსოვდეს, რომ მსოფლიოში დასრულდა იაფი საკვების წარმოების ეპოქა. ფასები იზრდება და კიდევ უფრო გაიზრდება, კრიზისი კი კიდევ უფრო მწვავედ იფეთქებს 2050 წლისთვის. ამიტომ მიწა სასიცოცხლო ბაზაა ნებისმიერი ერისთვის და ამის განიავება დაუშვებელია. გერმანიაში ორჯერ განიხილეს ეს საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში და ორჯერვე ითქვა, რომ მიწა არ არის ჩვეულებრივი საქონელი და ამ საკითხის მინდობა არასამთავრობოებისთვის თუ სხვა ორგანიზაციებისთვის დაუშვებელია. შვეიცარიამ საოცარი რამ ჩაწერა –  არ დავუშვებთ შვეიცარიის მიწის გაუცხოებას, ავსტრიამაც იგივე ჩაწერა. ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებსაც, უნგრეთი, რუმინეთი, ბალტიისპირეთი, არაჩვეულებრივი ჩანაწერები აქვთ და ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეების გარდა, არავის აქვს უფლება, იქ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და ტყე შეისყიდოს. ამიტომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ რომის პაპზე კათოლიკენი და უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც იქცევა თანამდეროვე განვითარებული სახელმწიფოები.

– კიდევ რას ითხოვდით და რა არ გაითვალისწინა სამთავრობო კომისიამ?

– მოვითხოვდით, რომ მინიმალურ და მაქსიმალურ შეზღუდვასთან ერთად შემოგვეტანა ზოგადი შეზღუდვის მექანიზმიც. მაგალითად, თუ პროექტით დადგენილია, რომ მინიმალური ოდენობაა 5 ჰექტარი და მაქსიმალური –  200, შეიძლება, დავამატოთ, როგორც ეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია, რომ უცხოელებმა და მოქალაქეობის არმქონე პირებმა შეიძლება, შეიყიდონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის 5 პროცენტი. ეს არ არის პატარა ციფრი  – 150 000 ჰექტარზე მეტია. ამდენად, როგორც კი უცხოელები და მოქალაქეობის არმქონე პირები ერთობლივად შეისყიდიან 150 000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, უცხოელს აღარ ექნება მიწის შესყიდვის უფლება. მსგავსი შეზღუდვა ბევრ ქვეყანას აქვს. იმავე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში არის ჩანაწერი, რომ მყიდველმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს მიწაზე სამოქმედო გეგმა, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება გერმანიის პოლიტიკურ-სოციალურ და ეკონომიკურ ინტერესებთან. კანონში რომ ჩავხედოთ, იმდენი ნებართვაა საჭირო, ვერც წარმოიდგენთ. ჩვენ კი მსგავსს არაფერს მოვითხოვდით. სხვათა შორის, ამ თემაზე პირველად მუშაობა გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში დავიწყე და ბოლო 2 წლის განმავლობაში პირადად მე, ათი წერილი დავწერე ამ თემაზე და კიდევ ამდენივე საგაზეთო წერილი, ჩემმა მეგობრებმაც. ჩვენ გავუგზავნეთ ეს მასალა, მაგრამ ჩვენი რჩევები გაზიარებული არ არის.

– მინიმალური ოდენობა –  5 ჰექტარი, მისაღებია თქვენთვის?

– არასწორად მიმაჩნია მინიმალურ ზღვრად 5 ჰექტარი და რატომ: საქართველოს სოფლის მეურნეობასა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდს აქვს ერთი უდიდესი პრობლემა –  დანაწევრება და ჩვენი მთავარი ამოცანაა, როგორმე დავძლიოთ ეს დანაწევრება. ამიტომ ჩვენ უკვე ვამუშავებთ კანონს საქართველოში მიწის კონსოლიდაციის შესახებ. ვინ მოდის ჩვენთან, ძირითადად, მიწის შესაძენად? ღატაკი ინდოელები, რომლებიც კმაყოფილები იქნებიან, თუკი იყიდიან 5 ჰექტარს და თავის მრავალშვილიან ოჯახს გამოკვებავენ. ჩვენ ამას არ უნდა დავთანხმდეთ და მინიმუმად უნდა დავაწესოთ 10-15 ჰექტარი, რაც, გარკვეულწილად, რეგულაციაცაა, რადგან საქართველოს რიგ მხარეებში, სპეციფიკური თავისებურებიდან გამომდინარე, ეს ძალიან რთული გასაკეთებელი იქნება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ არაფერი გვჭირს სამათხოვრო და ხელის გასაწვდენი, რომ ვიღაც უცხოელის გამოცდილების სამადლოდ ვიყოთ. ან ვისი გამოცდილება უნდა გავიზიარო? მავანი გერმანელი არქიტექტორის, რომელმაც არქიტექტურას თავი დაანება, 8 ჰექტარი სათბური აქვს გარდაბანში და მისგან ვისწავლო რამე?! საერთოდ, გადამთიელების იმედზე ყოფნა და არსებობა შეურაცხმყოფელია ისეთი ერისთვის, როგორიც ჩვენ ვართ. სახელმწიფო ვალდებულია, დაეხმაროს გლეხობას და წელში გამართული გლეხობა არათუ თავის ერს გამოკვებავს, არამედ ამ ქვეყნის ბიოპოტენციალი 8-10 მილიონი ადამიანის გამოკვებაა და არ გვაქვს ჩვენ ეს პრობლემა.

–  ერთია, რომ ამის პრობლემა არ გვაქვს და, მეორე, რომ ის ღარიბ-ღატაკი ინდოელიც კი ჩამოდის და ამუშავებს მიწას, ისიც და ჩვენი გლეხიც ხომ თანაბარ პირობებში არიან? არადა ის ახერხებს თავისი ოჯახის ამ მიწით გამოკვებას, ჩვენი გლეხობა ვერ ახერხებს. რატომ?

–  ბოლო 25 წელი უმძიმესი წლებია ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ, სოციალური ფორმაცია შეიცვალა. მიწის რეფორმა არ ჩატარებულა, მიწის საკუთრებისადმი დამოკიდებულება შევცვალეთ, ამას სახელმწიფომ მხარი ვერ დაუჭირა, გლეხი იყო სხვის იმედად, ახლა გაღატაკდა...

– ვთქვათ გულწრფელად, ამდენი მიწა მოცდენილია და ინდოელს ვეუბნებით, რატომ ამუშავებო.

– რა თქმა უნდა, მიწა მაშინვე მონახავს თავის დამმუშავებელს, მაგრამ ჯერ, მოდი, ქართველ გლეხკაცს მივცეთ შანსი. მისცა ეს შანსი მას ვინმემ?!

– არა, მაგრამ ინდოელსაც არ აქვს ეს შანსი და მაინც ამუშავებს. გული მწყდება უბრალოდ.

– ინდოელი ზუსტად იმ მდგომარეობაშია, როგორშიც აქედან გაქცეული ქალები და კაცები.  ქვეყანაში გატარებული რეფორმის ადეკვატური სოფლის მეურნეობის გაძღოლის სისტემა უნდა ჩამოგვეყალიბებინა. დღემდე არ შექმნილა ეს სისტემა და ჩემი ბოლო 15-წლიანი წერა-კითხვა მხოლოდ და მხოლოდ იმას ეძღვნება, რომ ეს სისტემა ჩამოვაყალიბოთ. ჩადით ქართლში: იმ შხამ-ქიმიკატებმა, რომლებსაც გლეხობა იყენებს, მთელი მოსავალი გაანადგურა. აბა, გაბედოს ვინმემ განვითარებულ სამყაროში და თავისი გემოვნებით შეასხას პესტიციდები, ასეთი რამ არსად ხდება ჩვენ გარდა. იმის გამო, რომ გაუბედურებულია გლეხობა, ამას თავისით აკეთებს, რის გამოც ქართლში   მთელი მოსავალი ჩამოცვივდა და ძირს ყრია. ამიტომ სისტემაა შესაქმნელი და ეს სახელმწიფოს ფუნქციაა. 

–  როგორ აფასებთ ჩანაწერს, რომ სასაზღვრო 5-კილომეტრიან ზონაში უცხოელებს ეკრძალებათ მიწის შეძენა?

– მანამდე გეტყვით, რომ ძალიან კარგია, რაკი უცხოეთში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს არ აქვთ საქართველოში მიწის შეძენის უფლება. სხვათა შორის, უნდა ვთქვა, საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელსაც ჩვენ ასე ვაკრიტიკებთ, თავის გადაწყვეტილებაში თითქოს დასცინა მთავრობას და პარლამენტს –  რა პრეტენზიებს მიცხადებთ, როდესაც უცხოურ იურიდიულ პირებს მიწას მიჰყიდითო. არსად არ არსებობს მსოფლიოში ასეთი უფლება. ამდენად, სწორი ჩანაწერია, რომ მხოლოდ საქართველოში დარეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელშიც ქართველის წილი 50 პროცენტზე მეტია, შეუძლია მიწის შეძენა. მეტიც, ჩვენ აუცილებლად უნდა შემოვიტანოთ ისეთი ფორმა, როგორიცაა მიწის გრძელვადიანი გასხვისება-იჯარა, იმიტომ რომ, უცხოელს არ უნდა ყიდვა, აიღებს მიწას 49-წლიანი იჯარით. შეიძლება, 20 წლის შემდეგ შეწყვიტოს იჯარის ხელშეკრულება და ის უფლება გაასხვისოს. როგორც იქნა, 5-კილომეტრიან სასაზღვრო ზოლში გასხვისებაც იკრძალება, თუმცა მე იქვე დავაყენე საკითხი, რომ ზოგიერთ ადგილას, მიწის სტრატეგიული დანიშნულების გათვალისწინებით, შესაძლოა, ეს მანძილი გაიზარდოს. ოღონდ არის ერთი მუხლი, რომლის დარბილებაც შესაძლებელია. კერძოდ, ჩანაწერია, რომ, თუკი საქართველოს მოქალაქესთან ქორწინებაში მყოფი უცხოელი განქორწინდება, უცხოელმა ეს მიწა, უპირატესი შესყიდვის უფლებიდან გამომდინარე, უნდა მიჰყიდოს ყოფილ მეუღლეს. ჩემი აზრით, თუ ეს უცხოელი საქართველოს მობინადრეა, ეწევა ამ საქმიანობას, უნდა ჰქონდეს საქმიანობის გაგრძელების უფლება და ამიტომ უნდა იყოს ასეთი ჩანაწერი: თუ გადაწყვეტს მიწის გასხვისებას, მაშინ უნდა ჰქონდეს მის ყოფილ მეუღლეს უპირატესი შესყიდვის უფლება. ერთი სიტყვით, მთლიანობაში ეს დოკუმენტი მისაღებია და დიდ მადლობას ვეუბნები სახელმწიფო უწყებებს, თუმცა ჩვენ არ ვიცით, რას მოიმოქმედებს პარლამენტი, იმიტომ რომ, ძალიან მეპარება ეჭვი რამდენიმე ადამიანის ქცევაში. მაგრამ, თუ მთავრობის პოზიცია იქნება მყარი, მაშინ ის ხალხი, რომლებიც ჩემს ეჭვს იწვევს, ბევრ რამეს ვერ გაბედავს. ამის სრულყოფა შემდგომ ყოველთვის შეიძლება. ჯერჯერობით ჩვენი მიზანია, გლეხკაცი დავაყენოთ ფეხზე და არავის სამადლო არაფერი დაგვჭირდება.

скачать dle 11.3