კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა განძი ერგო თამრიკო ჭოხონელიძეს მემკვიდრეობით და რა ანდო მას ბიძინა ივანიშვილმა 17 წლის წინ

თამრიკო ჭოხონელიძე იმ იღბლიან ადამიანთა შორისაა, ვისაც როგორც თავად ამბობს, ცნობილი ბაბუისგან მემკვიდრეობით დიდი მადლი ერგო.  წრე, რომელშიც ის გაიზარდა, მუსიკალური სამყაროს და ექიმთა ცნობილი წარმომადგენლებისგან შედგებოდა. თუმცა, იმასაც გვიმხელს, რომ ყველაზე ახლო ნათესავებს შორის, რომელთაც ჩვენ არ ვირჩევთ, ცხოვრებამ ბევრი ისეთი ადამიანი არგუნა, ვისთან სიახლოვეც მისთვის ცხოვრებისეული დიდი საჩუქარი იყო. 

თამრიკო ჭოხონელიძე:
ადამიანების ცხოვრებაში ყველაზე დიდ როლს უახლოესი გარემოცვა:  ოჯახის წევრები, მშობლები, ბებია-ბაბუები ასრულებენ. კარგი წინაპარი ყველაზე დიდი განძია, რომლისგანაც შეუდარებელი მადლი მოგყვება მთელი ცხოვრება.  მე  ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მყავდა ისეთი წინაპარი, როგორიც იყო ჩემი დიდი ბაბუა – ევსევი ჭოხონელიძე, რომელიც რიაზანის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.  მე მაქვს მისი ფოტო, გადაღებული 1901 წელს, ქუთაისის გიმნაზიაში გრიგოლ რობაქიძესთან ერთად, რომელიც მისი მეგობარი იყო. ბაბუაჩემი მღვდელი იყო, ალბათ, ეს გახლდათ, ყველაზე დიდი საჩუქარი ჩვენთვის, მისი შთამომავლებისთვის. ბაბუა იყო პირველი, რომელმაც  ქუთაისში სანთლის წარმოება დაიწყო, როდესაც  ურწმუნო ხალხი ბაგრატის ტაძრის გალავანს  ძარცვავდა. ბაბუა ერთ-ერთი პირველი  იყო, ვინც განგაშის ზარი შემოჰკრა და აიძულა, გავლენიანი ადამიანები ახალი გალავანი შემოერტყათ ტაძრისთვის. ის  ბაგრატის ტაძრის ეზოშია დაკრძალული, რაც ძალიან მეამაყება.  ვფიქრობ, მისგან გვერგო მემკვიდრეობით  მადლი,  ერთმანეთის გატანის უნარი  და ადამიანების  სიყვარულის ნიჭი, რაც მეც და ჩემს დებსაც მთელი ცხოვრება მოგვყვება. ძალიან ღირსეული წინაპარი მყავდა ბაბუაჩემის, დავით ჭოხონელიძის სახით  და რა თქმა უნდა, მამაჩემი, რომელზე საუბარიც ყოველთვის მიჭირს.  მასზე ვერასდროს ვლაპარაკობ იმას, რაც მინდა, რომ ვთქვა. მასზე დღემდე ამბობენ, რომ როდესაც წავიდა ამქვეყნიდან, ის  მარტო ოჯახს კი არა, ერს დააკლდა.  მახსოვს, როდესაც შემომთავაზეს მამა კონსერვატორიის მცირე დარბაზიდან გაესვენებინათ,  მე ვთქვი, რომ მამა ამას არ მაპატიებდა, რადგან ძალიან თავმდაბალი იყო. მე ყველანაირად შევეცადე, ეს ასე არ ყოფილიყო, მაგრამ დამიკავშირდნენ საპატრიარქოდან: უწმიდესს უნდა შენი ნახვაო. უწმიდესმა ცრემლებით მომისამძიმრა. მახსოვს მითხრა: ის უნდა გასვენდეს იქიდან, საიდანაც გააცილა  ქართველმა ხალხმა ერისკაცები და ეს ადგილი არის სიონის ტაძარიო. მისი უწმიდესობის ამ სიტყვების შემდეგ, მე სათქმელი აღარაფერი მქონდა. მამა იყო ჩემი ცხოვრების რეალური საჩუქარი, რომელსაც ფიზიკურად ვეხებოდი, ვეფერებოდი. რა დროსაც არ უნდა წასულიყო ის ამქვეყნიდან, ჩემთვის ყოველთვის უდროო იქნებოდა მისი წასვლა.  მამასთან ერთად გატარებული თითოეული დღე იყო საოცრება,  დიდი განძი. მისი სიტყვა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდა.  ვაჟი არ ჰყავდა და  ხუმრობდა ხოლმე: ყველაზე ვაჟკაცებს გოგოები ჰყავთო. თუმცა, მე და თინიკოს ისე გვზრდიდა, გვერდიდან არ გვიშორებდა.  თინიკო დაჰყავდა ფეხბურთზე,  სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაზე. არ ვიცი, როდის და როგორ აღმოაჩინა, რომ მე კარგად ვისროდი ტირში.  პლეხანოვზე გააკეთა კედელი, სადაც მე და მამა ტირში ვვარჯიშობდით. ისე გამომაწრთო, რომ სკოლაში ყველაზე კარგად ვისროდი. ჩემმა სამხედროს მასწავლებელმა კონსერვატორიაში საოცარი  რეკომენდაცია-დახასიათება გამოაგზავნა. პირველკურსელი ვიყავი, წარმოიდგინეთ 16-17 წლის გოგო გაპრანჭვის პერიოდში და ერთ დღეს ფიზკულტურის კათედრის ხელმძღვანელმა გამომიცხადა, სპორტულ გუნდში იქნები, შენი სამხედროს მასწავლებელმა თქვა, „ტყვიას ტყვიაში აჯენსო”. 
– ახლაც ასე მარჯვე ხართ სპორტის ამ სახეობაში?
– კი, ნებისმიერი მამაკაცი შემიძლია, გამოვიწვიო ტირში.  საკუთარ თავს გამოვიჭერ ხოლმე, როცა შვილიშვილები მიმყავს მუშტაიდის ბაღში, თვალი სულ ტირისკენ გამირბის. როცა ჩემი შვილები პატარები იყვნენ, მთაწმინდის პარკში წასვლა მათზე მეტად მე მიხაროდა. ტირს რომ დავინახავდი,  ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. ცხოვრებაში მაინცდამაინც ვერ აღმოვჩნდი  ასე მარჯვე მსროლელი – ათიანში, „ტყვიას ტყვიაში ვერ ვაჯენ” (იცინის). ეს მართლა მამისგან გამომყვა, რომლის მადლიერიც ვარ თუნდაც იმისთვის, რომ მასწავლა სიყვარული, მაგრძნობინა ქართული მიწის მადლი. ჩვენ ყველა ერთად  მასთან დავდიოდით ექსპედიციებში საქართველოს მთასა და ბარში. მე რომ ეს ფესვები არ მქონოდა, ალბათ, ასე ვერ ვიმღერებდი, ამდენს ვერ გავაკეთებდი. მამა იყო მაგალითი ჩემთვის, თუ როგორ უნდა გიყვარდეს ქალი. მისი და დედაჩემის სიყვარულზე ლეგენდები დადიოდა სამეგობრო წრეში. მათ სიყვარულის   საოცარი ისტორია ჰქონდათ.    
– ამ მხრივ თქვენი პირადი  ცხოვრება უფრო  რთული აღმოჩნდა.  თუმცა, ბოლო დროს,  ამბობენ, რომ თქვენი ურთიერთობები ყოფილ მეუღლესთან, გია როინიშვილთან უკეთესობისკენ შეიცვალა.     
– არა, ასე არაა. რატომღაც გია  კვლავ არ მელაპარაკება, რითაც უკვე გაოცებული ვარ და არა – გაბრაზებული. ადრე ძალიან მტკიოდა ეს ყველაფერი, ახლა – უკვე  აღარ.  უფრო და უფრო ვხვდები, რატომ აღმოვჩნდით აბსოლუტურად სხვადასხვა პოლუსზე.  ამაში  ბოლოს  უკვე ჩვენმა პოლიტიკურმა სიმპათიებმაც დიდი როლი შეასრულა. გიამ ვერ მაპატია, რომ მე სხვა პოლიტიკური მოსაზრებები მქონდა, სხვა გუნდის მხარდამჭერი ვიყავი.  გარკვეულწილად, ხელის შემშლელადაც კი ჩამთვალა. იფიქრა, რომ ჩემთან არ უნდა ჰქონოდა არანაირი კავშირი. გადის დრო და ხვდები, რომ ცხოვრებაში ორი ახლობელი  ადამიანის სხვადასხვა პოლუსზე მოხვედრა, არც ისეთი დიდი ტრაგედიაა. ცხოვრება გრძელდება. ჩვენ ორი შვილი გვაკავშირებს და მე ვერ მივცემ თავს უფლებას, გიას მიმართ აბსოლუტურად გულგრილი ვიყო. პირიქით, სულ ვფიქრობ, რომ ის უნდა იყოს კარგად.  ხშირად, თვითონ რომ არც კი იცის, კოკოს ისე „ვამოწმებინებ” სახლში მივიდა თუ არა, კარგად არის თუ არა.
– თქვენი ბედი გაიზიარა თქვენმა შვილმა  მარიამმაც. როგორ შეხვდით მის გადაწყვეტილებას? 
– მარიამის თემა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. მე ეს ყველაფერი ხომ საკუთარ თავზე გავიარე, თუმცა მარიამი  ჩემზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა. მე ძალიან რთულად გადავიტანე ჩემი ცხოვრების ის ეტაპი, როცა მე და გია დავცილდით. მარიამისთვის ამ გადაწყვეტილების  მიღება არ იყო ასე  მძიმე,  მან ძალიან გააზრებულად დაუსვა წერტილი იმას, რაც დასამთავარებელი იყო. თუმცა, მე მის გადაწყვეტილებაში საერთოდ არ ჩავრეულვარ.  როცა ადამიანი ხვდები,  რომ ურთიერთობა ის აღარაა, რაც იყო და ფუჭდება, უნდა დაასრულო. დღეს მარიამს ძალიან საინტერესო ცხოვრება აქვს.  ცოტა ხნის წინ ჩააბარა რომის სანტა ჩეჩილიას ნაციონალურ  აკადემიაში, საუკეთესო ქულები აიღო.  მეც ვისურვებდი, რომ  ჯერ პროფესიულ კარიერას მიხედოს, ის ძალიან ახალგაზრდაა და მოვა დრო, როცა  მის  ცხოვრებაში სიყვარულიც მოვა და ახალი ურთიერთობებიც.  არ მინდა,  ცხოვრება ისე გააგრძელოს, როგორც მე გავაგრძელე. ვფიქრობ, რომ  ქალი მარტო არ უნდა იყოს.  
– ნათლულებზე მინდა გკითხოთ, ნათელ-მირონი ქართველებში განსაკუთრებული თემაა.
–  მე ისე გავიზარდე, რომ მირონს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მე იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, ნათლიებს ფინანსური და სოციალური სტატუსით რომ ირჩევენ. ჩემი სამივე ნათლია იყო ერთმანეთზე საუკეთესო. შესაბამისად, ეს ფენომენი ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია.  მე 16 ნათლული მყავს. ჩემი ნათლულები არიან  ნინი ბადურაშვილი, დათუნა სირბილაძე და კიდევ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა. არ ვიცი, რამდენად კარგი ნათლია ვარ, თუმცა სულ ვცდილობ, წავიკითხო ლოცვა ნათლულთათვის, მოვიკითხო ისინი, ვიყო ყურადღებიანი ნათლია.  ვნახულობ თუ არა მათ,  ისინი მაინც  სულ ჩემთან ერთად არიან. 
– თქვენს ნათლულთა შორისაა ბერა ივანიშვილიც, როგორ მონათლეთ ის? რა გაკავშირებდათ მის ოჯახთან?
– ბერას ბებია და ბაბუა, ეკას მშობლები – დეიდა ლუდა  და ბიძია ფედია, ძალიან ახლოს იყვნენ ჩემს მშობლებთან.  ჩემი და, სოფიკო და ეკას უფროსი და, ირმა  ერთად მივიდნენ სკოლაში – ნული კლასიდან ერთად ისწავლეს სკოლის დამთავრებამდე, რამაც უფრო შეაკავშირა ჩვენი ოჯახები. მაშინ ეკა პატარა გოგო იყო, ჩვენ ერთმანეთთან ახლოს ვცხოვრობდით. შესაბამისად ახლო, მეგობრულ-ნათესაური კავშირი გვქონდა. ქალბატონი ლუდა არ იყო ქართველი. უკრაინული წარმოშობის ქალს საოცრად  უყვარდა საქართველო, რომ  გენახათ, როგორ საუბრობდა ქართულად, როგორი სიყვარული, მოფერება, მასპინძლობა იცოდა, ცრემლი მოგადგებოდათ. დეიდა ლუდას არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა თავის სიძესთან, პატივს სცემდა და აფასებდა. ჩემთვის მამაკაცის შეფასებისას მისი მთავარი განმსაზღვრელია მისი დამოკიდებულება ოჯახთან, ქალთან. იმ პერიოდიდან, როცა მე ახლოს გავიცანი ივანიშვილების ოჯახი და თავად ბიძინა ივანიშვილი, მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება ოჯახის მიმართ, ჩემს დიდ პატივისცემას იმსახურებდა და ასეა დღემდე.
– სად მონათლეთ ბერა?
– თბილისში,  ტრადიციული ნათლობა იყო, ქართული სუფრით, სტუმრებით.  ჩემმა დამ, სოფიკომ მითხრა, ეკას და ბიძინას ძალიან უნდათ, რომ ბერა მონათლოო. მე, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ეს იყო დაახლოებით 17 წლის წინ, ბერა ძალიან პატარა იყო.   მე ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა ეს კარგი, თბილი  ოჯახი, სადაც ძალიან უყვარდათ სტუმარი. მეც და ჩემი ოჯახიც ჭორვილაში ივანიშვილების სასურველი სტუმრები ვიყავით.  არ დამავიწყდება, ბიძინას არაჩვეულებრივი დედის, ქალბატონი ციცინოს მასპინძლობა  ჭორვილაში. ეს გახლავთ კარგი ქართული ოჯახი, სადაც დიდი სიყვარული სუფევდა.   იმის მიუხედავად, რომ იქ იყო უამრავი ხალხი, ვისაც შეეძლო მასპინძლის როლის აღება საკუთარ თავზე, ქალბატონ ციცინოს  უყვარდა, როცა თავად უმასპინძლდებოდა სტუმრებს. სულ უნდოდა, თვითონ ეფუსფუსა, თავისი ხელით დამზადებულ გემრიელობებს გვთავაზობდა სტუმრებს.  
– სად ცხოვრობდნენ მაშინ ივანიშვილები?
–  ბიძინა და ეკა ბავშვებთან ერთად ხან პარიზში ცხოვრობდნენ, ხან – თბილისში, ხან – მოსკოვში. ბიძინას უკვე დაწყებული ჰქონდა კომერციული საქმიანობა, ბევრი ადამიანისთვისაც უკვე  გამართული ჰქონდა ხელი.  იქიდან გამომდინარე, რომ ივანიშვილებს ხშირად უწევდათ ცხოვრება სხვადასხვა ქვეყანაში, ჩვენ ხშირად ვერ ვახერხებდით  ურთიერთობას. მაგრამ, მახსოვს, ჭორვილაში ჩასულს როგორი კონცერტი მომიწყვეს ბერამ და უტამ პატარა ვიოლინოებით. საგანგებოდ იყვენენ გამოწყობილები და მომზადებულები იმისთვის, რომ პატარა კონცერტი გაემართათ ჩვენთვის, სტუმრებისთვის.
– მუსიკით გატაცება, როგორც ჩანს, თქვენ დაანათლეთ.
– არ ვიცი, შეიძლება, თუმცა ბერას დედას,  ეკასაც ძალიან კარგი მუსიკალური სმენა აქვს. როდესაც ბერა წამოიზარდა, მე ხშირად ვერ ვხედავდი მას. თუმცა, ყოველ მის დაბადების დღეს, ვრეკავდი და ვუბარებდი, რომ ჩემი მილოცვა გადაეცათ. თვითონაც ძალიან ყურადღებიანები იყვნენ ნათლიის მიმართ. ამ ოჯახისგან მახსოვს ბევრი სიკეთე,  ყურადღება, ფინანსური მხარდაჭერა.  ეკა ხშირად მიგზავნიდა პარიზიდან სასცენო კაბებს, რომლებიც დღემდე მაქვს შენახული.
– დღეს როგორი ურთიერთობები გაქვთ ივანიშვილებთან? ცოტა ხნის წინ დაიწერა, რომ მათთან კომუნიკაციას მისი ახლო გარემოცვა გიზღუდავთ.
– მე ვერ ვიტყვი, რომ პოლიტიკამ რამე შეცვალა ჩვენს ურთიერთობაში. მესმის,  როგორი დაკავებულია ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახის სხვა წევრებიც და ალბათ, ესეც  არის ნაკლები კომუნიკაციის მიზეზი. თუმცა, ერთიც კია,   მე  ვიცი, რამდენი ადამიანი ეხვია გარს ბიძინა ივანიშვილს, რამდენი იყო დადარაჯებული, თუნდაც ჭორვილაში, რომ მის სიახლოვეს მომხვდარიყო. უფრო მეტს გეტყვით, უამრავი ადამიანი პირადად მე  მიკავშირდებოდა  და მთხოვდა, მასთან დაკავშირებას. მას შემდეგ, რაც ის  ქართულ პოლიტიკაში გამოჩნდა, სრულ ტერორში აღმოვჩნდი – დღეში მინიმუმ, რვა-ათი  ადამიანი მოდის ჩემთან და  ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის ორგანიზებას მთხოვენ. არავის სჯერა, რომ მე ამ ოჯახთან ურთიერთობა არ მაქვს.  მაშინ, აქციები რომ დაიწყო, მე, როგორც რიგითი მოქალაქე, ამ აქციებს ვესწრებოდი.  ბიძინა, ან ბერა თუნდაც ერთი წამით თუ ახლოს მოვიდოდნენ ჩემთან, მაშინვე უამრავი ადამიანის გარემოცვაში ვხვდებოდით. არ დაგიმალავთ, უამრავ შიშნარევ  თვალს ვხედავდი, რომ კიდევ უფრო არ დავახლოებოდით ერთმანეთს (იცინის). ეჭვი არ მეპარება, რომ ბევრი ცდილობდა, ახლოს არ მივსულიყავი მასთან. ასეთები ადამიანებს ბევრ ნამდვილ მეგობარს აკარგვინებენ და ოსტატურადაც გამოსდით ეს. ისე „საყვარლად” დაგახასიათებენ, ისე ჩააგდებენ მარცვალს, რომელიც ურთიერთობას აფუჭებებს... მე ვიცი, რომ ჩემზეც „იმუშავეს” ამ მხრივ. თავად მე არ გამომიხატავს ინიციატივები ურთიერთობებში.  ვფიქრობ, თუ თვითონ ჩათვლიან, რომ მე ვარ ადამიანი, ვინც შეუფარავად მათი მეგობარი და გულშემატკივარია, თვითონ  „მომძებნიან”. იმ ხალხის გასაგებად კი, ვინც საშინელი უგუნურობით შეეცდება იმის ტირაჟირებას, თითქოს მე განაწყენებული ვარ,  დაწერეს, რომ მე მილიარდერი „დავკარგე.” ვიტყვი, რომ ეს ასე არაა. მადლიერების მეტი არაფერი მეთქმის ბიძინას და მისი ოჯახის მიმართ. ასე რომ, ვიღაც-ვიღაცეები თავის დაგეგმილ, იაფფასიან ტრიუკებში  ვერ ჩამითრევენ.  საკუთარი რეპუტაცია ყველაფერს მირჩევნია. ბევრი მცდელობის მიუხედავად, ეს ბოლო წლებში ვერავინ შეძლო. მე  რეპუტაციის მოპოვება პიარით  არ მჭირდება. ასე ვაპირებ ცხოვრების გაგრძელებას მომავალშიც. ასე  რომ, ის ვინც სკანდალებში ჩემს გახვევას ცდილობს, სულ ტყუილად ირჯება.

скачать dle 11.3