კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როცა ქალს უყვარს

კოტემ ფრთხილად შეაღო ოფისის კარი და იქაურობა ისე მოათვალიერა, თითქოს ეშინოდა, ვინმე არ ყოფილიყო ჩასაფრებული. თამრიკო მდივანმა თავი ასწია და გაოცებული მზერა მიაპყრო:
– ხომ მშვიდობაა, ბატონო კოტე?
– მეც იმავეს თქმას ვაპირებდი, – კოტე დარწმუნდა, რომ მარტონი იყვნენ და შვებით ამოისუნთქა, – ანუ, ზიხარ და მუშაობ, ხომ?
– დიახ, – თამრიკოს კიდევ უფრო გაუკვირდა უფროსის უჩვეულო საქციელი, – თქვენ რომ დამავალეთ, იმ ხელშეკრულებებს ვაკეთებდი. კარგად ხართ, ბატონო კოტე?
– მე? რა თქმა უნდა. რა იყო, ჯანმრთელად არ გამოვიყურები? – კოტემ კარადის ვიტრინაში ჩაიხედა, – მართალი ხარ, ცოტათი არეული სახე მაქვს. გუშინ ზედმეტი მომივიდა დალევა...
– დიახ, ვნახე ცარიელი ბოთლი, – გაუღიმა მდივანმა, – კიდევ სტუმარი გყავდათ?
სტუმრის ხსენებაზე კოტე შეკრთა და გაფითრდა:
– ვინ სტუმარი? არ მესმის, რაზე ლაპარაკობ... მე დავლიე ის ვისკი. ის კი არა, კიდევ მინდოდა და მეორე ბოთლი ვერ ვიპოვე. შენ გადამალავდი სადმე.
გოგოს განცვიფრებისგან თვალები გაუფართოვდა:
– ბატონო კოტე, თქვენ თვითონ არ შემანახვინეთ? განსაკუთრებული შემთხვევებისთვის...
– ჰოდა, გუშინ იყო ის განსაკუთრებული შემთხვევა. თუმცა, რაღა აზრი აქვს ამაზე ლაპარაკს. მაგარი ყავა შემომიტანე და არავინ შემოუშვა ჩემთან. არც ზარები გადმორთო. დასასვენებლად მოვედი, არავის დანახვა არ მინდა და, ფიქრს ვაპირებ კიდევ. შეეცადე, ხელის შემშლელი ფაქტორები ამარიდო.
თამრიკოს გაღებული უჯრიდან ამოღებული კონვერტი ხელში შერჩა. აღარ იცოდა, მიეწოდებინა თუ უკანვე ჩაედო.
– რა არის ეგ?
– არ ვიცი, ბატონო კოტე, დილით რომ მივედი, კართან დამხვდა. აწერია, პირადად კოტე კიტიასო. არ ნახავთ?
კოტეს ისევ წაუხდა განწყობა, კონვერტს ისე მიაშტერდა, როგორც საათის მექანიზმზე დამაგრებულ ასაფეთქებელ მოწყობილობას.
– ბატონო კოტე, გადავაგდო თუ შევინახო?
– გადააგდო? არა, მომეცი... – კიტია ფეხათრევით შევიდა კაბინეტში და კარი მიიკეტა. მდივანმა მხრები აიჩეჩა, ჩანთიდან სიგარეტი და სანთებელა ამოიღო და ფოიეში მოსაწევად გავიდა. მაგრამ, ვინ აცალა, რამდენიმე წუთში მობილურზე ისტერიული რეკვა ატყდა – კოტე ეძახდა თავისთან. გოგო დაფეთებული შევარდა მასთან, ანთებული სიგარეტით ხელში... კიტია სავარძლის საზურგეზე გადასვენებული იჯდა და სათაგურში გამომწყვდეული თაგვივით ატრიალებდა თვალებს. მაგიდაზე გახსნილი კონვერტი და ბარათი ეყარა.
თამრიკო ზღურბლზე გაშეშდა.
– ვისკი მომიტანე და ძალიან ცივი წყალი, ყინულით... – ამოიხრიალა კოტემ.
– სასწრაფოს ხომ არ გამოვუძახო?
– რასაც გეუბნები, ის გააკეთე, საექიმო არაფერი მჭირს... რომ გახვალ, კარიც გაიხურე! – უბრძანა მდივანს. ხოლო, როცა მარტო დარჩა, აკანკალებული ხელით აიღო ბარათი და ხელმეორედ წაიკითხა: „დამალვას აზრი არ აქვს, კოტე! კარგად იცი, თუ შენი მოძებნა დამჭირდება, გიპოვი! სიტუაციას ნუ გაამწვავებ! შენი გონივრულობის იმედი მაქვს. ჩემი ნომერი გაქვს, დამირეკე, დიმიტრი“...
თამრიკომ ვისკი და მოზრდილი ჭიქა შეუტანა, წყლით და ყინულებით სავსე.
– თქვენი ცოლი რეკავს, ბატონო კოტე...
– უთხარი, რომ საერთოდ არ მოვსულვარ დღეს. არ გინახავვარ, გესმის?
– მესმის... – მდივანმა ბოთლი და ჭიქა მაგიდაზე დააწყო  და იქვე გაჩერდა. კოტემ ბრაზით შეხედა.
– რას დამადექი თავზე ჭირისუფალივით? წადი და დაიხსომე, არავითარი ზარები!..
***
პლედში შეფუთნულმა ანამ ჩაი მოსვა და მიდამოს ბედნიერებისგან გასხივოსნებული მზერა მოავლო.
– რა კარგია აქ! ძალიან მომწონს. ისეთი სიმშვიდეა...
ქმარმა ხელზე მოჰკიდა ხელი და ალერსით მოუჭირა:
– საყვარელო... სიმშვიდე ნამდვილად არის... ჩვენც ხომ არ გვეყიდა ერთი ციხე-კოშკი სადმე შოტლანდიაში?
– ხუმრობ?
– არა, სერიოზულად გეუბნები...
ანამ უნდობლად შეხედა ქმარს!
– გეყოფა, დევიდ... შოტლანდიაში ციხე-კოშკის ყიდვა ლონდონის გარეუბანში სახლის ყიდვას არ ნიშანვს, თანაც, მე ვერ გამოვდგები  ციხე-კოშკის დიასახლისად. არც წვეულებების მოწყობა მეხერხება, არც სტუმრების მიღება...
– მშვენივრად მოახერხებ ერთსაც და მეორესაც – ვილიმ ვისკით სავსე ჭიქაში მუჭით ჩაყარა ყინული და მეგობარს მხარზე დაჰკრა ხელი.
– გაგიმართლა. ფანტასტიკური ცოლ-შვილი გყავს... დეა შეუდარებელია – სერიოზული და გაწონასწორებული. ლინას არ ჰგავს, სულ რომ ქარიშხალი უქრის თავში. ნახეთ, რა ქნა ნადირობისას? გადარეულია...
– მამა, შენ სულ უკმაყოფილო ხარ ჩემით – ტუჩი აიბზუა ლინამ, – რა გინდოდა, მომეკლა ის ლამაზი იხვი?! შემეცოდა!
– შენ რომ არ მოკალი ერთია და ჩვენც რომ არ მოგვეცი ამის საშუალება – მეორე. შემარცხვინე სტუმრებთან... ნადირობა ჩაგვიშალე.
– უჰ, დიდი საქმე... სულაც არ მიყვარს ნანადირევის ჭამა. ისეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე, თითქოს კაციჭამია ვარ... – აკისკისდა ლინა, – ჩვენი მზარეული ჩვეულებრივი ხორცისგანაც არაჩვეულებრივ კერძებს ამზადებს.
– აჰა, ელაპარაკე ახლა ამას... – ხელები გაშალა ვილიმ და მხრებში რომ ბოლომდე გაიშალა, მართლაც გოლიათივით აღიმართა ვერანდაზე. ანამ აღფრთოვანებით შეხედა. დევიდმა შენიშნა ცოლის მზერა და შემწყნარებლურად გაუღიმა.
– ლინა, რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ ნადირობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა, ტრადიცია, რომელიც სხვებისგან განგვასხვავებს...
– არ მინდა, სხვებისგან განსხვავებული ვიყო! – წამოხტა ლინა, – ჩვეულებრივი გოგო ვარ და ჩვეულებრივად მინდა ცხოვრება... ახლა კი ჩვეულებრივად უნდა ვიცურაო აუზში... წამოდი, დეა, აი, აუზი კი მართლაც ძალიან კარგი გვაქვს.
– წვეულებაზე რომ უნდა გველაპარაკა?! – სიტყვა დაადევნა ვილიმ. პასუხად ლინამ რაღაც დაუყვირა, დეას ხელი ჩასჭიდა და ორივემ სირბილით ჩაიარა კიბე...
– ვილი, ხომ ხედავ, რომ ლინას არ უნდა, წვეულება გამართო. იქნებ, ხელი აგეღო შენს განზრახვაზე? – მარიამ მაგიდაზე ბლითებით სავსე ლანგარი დადგა და ყველას ჩაი დაუსხა.
– რას ნიშნავს, არ უნდა? რატომ არ უნდა? – აღშფოთდა გოლიათი.
– იმიტომ, რომ აღარ მოსწონს სამშვენისის როლში ყოფნა, ხელოვნური ღიმილი და ცეკვა ორმოცდაათი-სამოცი წლის კაცებთან, მათი კომპლიმენტების მოსმენა და თავის მექანიკური კანტური.
– მარია! – წყრომით წამოიძახა ვილიმ.
– ეს სიმართლეა, საყვარელო, უბრალოდ, არ გინდა, აღიარო, – მიეფერა ცოლი, – დაანებე თავი, გაერთოს, როგორც უნდა. ნუ ცდილობ, შენი მოსაზრებების და შეხედულებების მიხედვით აცხოვრო, თორემ ეგეც გაგექცევა, ბრაიანივით...
ვილიმ ბრაიანის ხსენებაზე წარბი შეიკრა:
– მოღალატე... ბრაიანმა გული მომიკლა და, კარგად იცი, ამას ვერასოდეს ვაპატიებ. ჩემი იმედი ახლა ლინაა და, თუ ირლანდიელზე არ გათხოვდება, ვიფიქრებ, რომ შვილი საერთოდ აღარ მყავს, – ვილიმ ვისკით სავსე ჭიქა ბოლომდე გამოცალა და თავისთვის ჩაილაპარაკა: – წავალ, მზარეულს დავხედავ...  იმას უთხარი, ცურვით ძალიან არ გაერთოს, ზუსტად რვაზე იქნება სადილი.
მარიამ შემრიგებლურად გაუღიმა მიმავალს და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა.
– სინამდვილეში, ბრაიანი უზომოდ უყვარს და ამაყობს კიდეც მისი წარმატებით, მაგრამ, აშკარად ამას არ აჩვენებს. ასეთი ხასიათი აქვს, – უთხრა მარიამ ანას და დევიდს, – მეცოდება, ასე რომ წვალობს, მაგრამ საშინლად ჯიუტია.
– არა. მათ თავისი ცხოვრება აქვთ, ჩვენ კი ვერ ვეგუებით იმას, რომ გაიზარდნენ, – გაიღიმა დევიდმა.
ცოლმა უკმაყოფილოდ შეხედა:
– შენი ბრალიც არის, დეა რომ ასეთია, – უთხრა წყრომით.
– ანუშკი, ჩემო საყვარელო... ტყუილუბრალოდ ნერვიულობ. მთავარია, ადამიანები იყვნენ, ამ მხრივ კი მე მშვიდად ვარ. ისე, არც მე ვიტყოდი აუზზე უარს. ხომ არ გაგვეცურა? ქალბატონებო, ხომ არ შევუერთდეთ გოგონებს?
– შენ წადი, მე და მარია ცოტას წავიჭორავებთ.
– მე საყიდლებზე ვაპირებ წასვლას... – თქვა მარიამ.
– ძალიან კარგი. სიამოვნებით წამოვალ შენთან ერთად, თუ საწინააღმდეგო არაფერი გექნება, – შესთავაზა ანამ და წამოდგა.
– რა უნდა მქონდეს საწინააღმდეგო, პირიქით, – გაუხარდა მარიას.
– ჩანთას ავიღებ და წავიდეთ. დევიდ, იცოდე, უჩემოდ არაფერი მოიმოქმედო, – გააფრთხილა ქმარი და თითი მრავალმნიშვნელოვნად დაუქნია.
– არა, საყვარელო, შენ რასაც ფიქრობ, იმას არ ვიზამ... – გაუღიმა კაცმა...
***
ლინამ სიცილით გათიშა მობილური და შეზლონგზე ნებივრად წამოწვა.
– რაო, ტომასი იყო? – ჰკითხა დეამ.
– გამოიცანი! – თვალი ჩაუკრა ლინამ, – ალექსანდრე არ გირეკავს?
– მესიჯებს მიგზავნის. მხოლოდ ერთ სიტყვას მწერს – „მომენატრე“!
– გეუბნები, უკვე უყვარხარ მაგ ბიჭს, – აკისკისდა ლინა, – ცოდოა...
– მე არაფერ შუაში ვარ, – წარბი შეიკრა დეამ.
– ჰო, რა თქმა უნდა,  შენ არაფერ შუაში ხარ, საერთოდ არაფერში... – ეშმაკურად ჩაიცინა ლინამ, – მართლა არ ფიქრობ მასზე?
– ვინ გითხრა, რომ არ ვფიქრობ? ოღონდ, ჩემი ფიქრი რეალურია და რაციონალური.
– ვაიმე, ძალიან ფილოსოფიურად უდგები ყველაფერს. მე გამიხარდებოდა, ბიჭს ასე რომ ვუყვარდე. მაგარი ხარ, ძალიან მალე შეაბი ეჟვანი.
– „შეაბი ეჟვანი“... – გაიმეორა დეამ უკმაყოფილოდ, – მე ასე არ მგონია. არც არაფერი გამიკეთებია საამისოდ. უბრალოდ, შევუყვარდი და ეს მხოლოდ მასზე იყო დამოკიდებული და არა ჩემზე.
– მე კი მაინც მგონია, რომ შენ გინდოდა, მაგ ბიჭს შეჰყვარებოდი, – თვალები მოჭუტა ლინამ.
დეა შეკრთა. უნდოდა, მაშინვე ეპასუხა მეგობრისთვის, მაგრამ დევიდი გამოჩნდა და გაჩუმება ამჯობინა.
– გოგონებო, გავეჯიბროთ ცურვაში? – ღიმილით შესთავაზა კაცმა.
– დევიდ, შენ მაინც ორივეს გვაჯობებ, მერე კი დაგვცინებ! – გააპროტესტა დეამ, თან ლანას სიტყვებზე ფიქრობდა.
– ესე იგი, უარს მეუბნებით?
– არა, მე თანახმა ვარ, – წამოხტა ლინა და აუზისკენ გაიქცა, – წაგებული ვილის გამოიწვევს ცურვაში!..
***
ლენუკა ქმარს ვერაფრით რომ ვერ დაუკავშირდა, გამოეწყო, გაბრაზებულმა თიკოს გაუარა სახლში და ზღურბლიდანვე გამოუცხადა:
– პირდაპირ წამოვედი, აღარ დაგირეკე... ისეთი გაბრაზებული ვარ, რამე რომ არ გავაკეთო, გავგიჟდები. მირჩიე, სად წავიდეთ, მასაჟზე თუ სალონში?
– ჯერ შემოდი, ყავა დავლიოთ და ერთად გადავწყვიტოთ, – შესთავაზა თიკომ და ეჭვით შეათვალიერა: – იჩხუბეთ?
– ჰმ, რას იჩხუბებ. დილით კვდებოდა, საცოდავად იჭყანებოდა და კვნესოდა. არაფრით არ მითხრა, რატომ დალია. წარმოგიდგენია? სადღაც ბინძურ სასადილოში გამომთვრალა არყით... სულ გაგიჟდა და, რა ვუშველო, არ ვიცი.
– ახლა სად არის? – ფრთხილად ჰკითხა თიკომ – ხომ ვერ ეტყოდა, ვურეკავ და არ მპასუხობსო.
– ვიცი? ისე ჩუმად გაიპარა სახლიდან, ვერც დავინახე, როდის ადგა და როდის ჩაიცვა. ვურეკავ – არ იღებს. სამსახურში არ მისულა. მოდი და, ნუ იფიქრებ, რომ ვიღაც ჰყავს.
– ნუ იგრუზები, საქმეზე იქნება...
– იმ სიფათით? უნდა გენახა, რას ჰგავდა დასიებული სიფათით და ამღვრეული თვალებით... მოეშვი მაგ ყავას, კაფეში დავლიოთ სადმე... გეუბნები, რაღაც ხდება ჩემი ქმრის თავს და უნდა გავარკვიო. შენ ვერ დამეხმარები?
– მე?! – გაფითრდა თიკო, – რანაირად?
– ჯერ არ ვიცი, – თავი გადააქნია ლენუკამ, – მის მდივანს რომ დაუმეგობდრე?
– ვის? იმ უცხვირპირო თამრიკოს? – წამოსცდა თიკოს და მაშინვე ინანა, თავი რომ გაყიდა.
ლენუკამ გაკვირვებით შეხედა:
– იცნობ? საიდან?
– საიდან უნდა ვიცნობდე. შენ მითხარი ერთხელ, მაგარი უცხვირპირო მდივანი ჰყავს კოტეს, საერთო ენა ვერ გამოვნახე მასთანო, – სიტუაციიდან გამოძვრა თიკო.
– ჰო, თან ისეთი უშნოა, ვერც კი იეჭვიანებ მაგაზე. მე რომ მივიდე და რაღაცეების გარკვევა დავიწყო, არ გამოვა. თან, მგონი, დიდად გულზეც არ უნდა ვეხატებოდე. შენ მიდი, რა,
– კი მაგრამ, როგორ მივიდე, რა ვუთხრა? ციდან ჩამოვარდნილივით ხომ ვერ მივადგები და ვეტყვი, გამარჯობა, შენთან დამეგობრება მინდა-მეთქი?
– მაგაზე ნუ დარდობ, მე უკვე მოვიფიქრე, ოღონდ, უარი არ მითხრა, – ლენუკას თვალები აუციმციმდა, –  იმ შენობაში, სადაც კოტეს აქვს ოფისი, ერთ ჩემს ძველ მეგობარს აქვს ფირმა, ზუსტად იმავე სართულზე. ვთხოვ და სამსახურში აგიყვანს. ადრე ვუყვარდი და უარს არ მეტყვის.
– გაგიჟდი? რაზე უნდა ვიმუშაო იმ ფირმაში, დამლაგებლად?
– არა, გოგო, ეგ არც მიფიქრია, რამე უფრო შესაფერისს შეგირჩევ, ცოტა ხანს წაიმუშავე, რა, ჩემი ხათრით...
– არა მგონია, ეგ კარგი იდეა იყოს. რომც დაგეთანხმო, მერე რა მოხდება?
– თამრიკო გარეთ გამოდის ხოლმე სიგარეტის მოსაწევად. შენც ხომ ეწევი... გაიცნობ და დაუმეგობრდები, არ გაგიჭირდება. უარი არ მითხრა, იცოდე!
თიკო შეყოყმანდა, ცდუნება დიდი იყო. თვითონაც აინტერესებდა კოტეს შესახებ რაღაც-რაღაცეები, მაგრამ, შეთქმულებაში მონაწილეობა მაინც აფრთხობდა. კიტიას რომ გაეგო ამ ყველაფრის შესახებ, ოცნებას მანქანაზე ხომ დაემშვიდობებოდა, შეიძლება, საერთოდაც მიეტოვებინა.
– ჰა, რას ფიქრობ ამდენს? – ვეღარ მოითმინა ლენუკამ.
– რატომ ხარ დარწმუნებული, რომ ის კაცი თავის ფირმაში ამიყვანს?
– იმიტომ, რომ, მგონი, ახლაც ძალიან მოვწონვარ, – კეკლუცად გაიღიმა ლენუკამ, – მოკლედ, მაგაზე მე ვიზრუნებ. შენ ის მითხარი, თანახმა ხარ?
თიკომ თავი დაუქნია.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3