კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა მოსკოვში გელა ჩარკვიანი იტალიელი, გვარად „განდონელლი”

„ჩემი ოთახის კარს რომ მივხურავ, მთლიანად ვეფლობი წარსულში: ფილიპე მახარაძე (ცოცხლად არ მახსოვს), სტალინი, კაგანოვიჩები, კალინინები, ბერიები – ვინ არ არის ამ კედელზე: მონარქები, პრეზიდენტები, პრემიერები, ნანა და მე (ახალგაზრდები), შვილიშვილები, მეგობრები... ღმერთმა განსაკუთრებული ცხოვრება მაჩუქა. მადლობის მეტი რა მეთქმის. ახლა კი, დასვენება – გასვენებამდე!” – ეს გელა ჩარკვიანის დღიურის ჩანაწერებია. პირადად მე, ამ თაობის ასეთი საინტერესო ადამიანი სხვა არც ვიცი, ყოველ შემთხვევაში, თითებზე ჩამოსათვლელები დარჩნენ. რამდენი რამ გამოუვლია, რამდენი საინტერესო ამბის მომსწრეა, რამდენ ეპოქალურ ადამიანს შეხვედრია, ბოლოს და ბოლოს, ის ხომ „ცეკას“ პირველი მდივნის, კანდიდ ჩარკვიანის  შვილია.
მისი დღიურიდან პირადი ცხოვრების ეპიზოდები ამოვიღეთ, რომლებიც ამ უნიჭიერეს ადამიანს უფრო ახლოდან გაგაცნობთ.              
„თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ნანა დავკარგე. ტკივილი არ ცხრება. მტანჯავს მხუთავი დანაშაულის შეგრძნება... ერთი რამ კი უდავოა – ბევრი ბოდიში მაქვს მოსახდელი მასთან. არ გეგონოთ, სხვა ქალებთან ეპიზოდური ურთიერთობების გამო – ეს ყველაზე მცირე ცოდვაა, რადგან, ტესტოსტერონის მოძალების მიზეზით ჩადენილი გადაცდომები ზიანს ვერ მიაყენებდა ჩემს მარადიულ ლტოლვას მისადმი; ბოდიში უნდა მოვუხადო უპირველესად, ალბათ, იმისთვის, რომ ვერ ვიჩენდი საკმარის გაგებასა და ტაქტს ბოლოდროინდელი მდგომარეობის მიმართ. ნანას კიდურების სისუსტეს ვაჟკაცური შემართებით ვუმკლავდებოდი – ხელჩაკიდებულს ვატარებდი ბუკინგემის სასახლის დაუსრულებელ დერეფნებში. ვიცოდი, როგორ ხიბლავდა ინგლისის მაღალი საზოგადოების ზღაპრისეული გლამური და, როგორ დავზოგავდი თავს მისი იქ ყოფნის სურვილის დასაკმაყოფილებლად, მაგრამ, როცა ნანას მეხსიერებამ უმტყუნა; როცა ის დროის უმეტეს ნაწილს კალენდართან ბრძოლაში ატარებდა; როცა ერთსა და იმავე შეკითხვას დღის განმავლობაში რამდენჯერმე მისვამდა, მოთმინება და შემწყნარებლობის სათანადო უნარი არ აღმომაჩნდა – სულ უფრო ვღიზიანდებოდი და უკმეხად ვპასუხობდი; მერე სხვა ოთახში გავიდოდი, დავფიქრდებოდი ჩემს საქციელზე, საკუთარ თავს გავკიცხავდი და, შეცვლილი, ყოვლისმიმტევებელი ღიმილით დავბრუნდებოდი, თურმე, მხოლოდ იმისათვის, რომ მის უცნაურ შეკითხვაზე კვლავ არცთუ თავაზიანად მეპასუხა... ბოდიში მაქვს მოსახდელი იმაზე, რომ ნანასთან ურთიერთობისას სიტყვით არასდროს გამოვხატავდი იმ ყოვლისმომცველ გრძნობას, რომელიც მასთან მაკავშირებდა; იმ სითბოს, მთელს სხეულში რომ დამივლიდა მისი სახელის ხსენებისას ან მისი სახის გონებაში წარმოსახვისას სადმე, შორეული ქვეყნის სასტუმროს ნომერში. ვიცი, ნანამ იცოდა, რომ ძალიან მიყვარდა, მაგრამ, ბოლო წლებში, როცა არაერთმა სენმა შემოუტია და დაუხმარებლად მარტივი, ყოველდღიური ყოფითი ამოცანების გადაჭრასაც ძნელად ახერხებდა, ეჭვები გაუჩნდა. ერთხელ მწარედაც იხუმრა: მე რომ მოვკვდები, შენ ახალ ცოლს მოიყვანო. ყოველღამე, როცა, ჩემგან განსხვავებით, ნანას მშვიდად ეძინა, ჩემს თავთან ფიცს ვდებდი, რომ ხვალ, ჩვენი უკვე ტრადიციად ქცეული ლანჩის შემდეგ, რომლისთვისაც კერძს მე ვამზადებდი და სუფრასაც მე ვაწყობდი, დავსავმდი ნანას მის ძველებურ სავარძელში და, იმ იდიოტური მამაკაცური შეცბუნების გარეშე, გულწრფელად აღვუწერდი ჩემს ჭეშმარიტ გრძნობას. ძველებურად მოვეფერებოდი და გავუფანტავდი ყველა ეჭვს, მაგრამ, ეს „ხვალ” არასდროს დადგა... და მაინც, ყველაზე დიდი ბოდიში ნანას იმისთვის უნდა მოვუხადო, რომ მოვესწარი მის სიკვდილს და დღესაც განვაგრძობ ცხოვრებას: იმავე დროს ვდგები, ვსაუზმობ, ვსადილობ; იმავე დროს ვიძინებ; ვალიუმის აბს აღარ ვუყოფ – მთლიანად მე ვიღებ. მართალია, სიტყვებით ჩვენ არასდროს შევპირებივართ ერთმანეთს, არ აგვიღია ვალდებულება მოგვეკლა თავი მეორის სიკვდილის გამო, მაგრამ, ჩვენი გრძნობის სიმძაფრე, ვფიქრობ, ამას თავისთავად გულისხმობდა... მომაკვდინებელი ორმოცი აბის ნაცვლად, ერთს ვიღებ იმისთვის, რომ ჩამეძინოს და სადღაც, გარიჟრაჟზე, ნანა დამესიზმროს... არასდროს მეგონა, რომ გავუგებდი ხუან პერონს. ახლა მესმის, რატომ დაატარებდა თან ევიტას გვამს შუშის კუბოთი – არ შეეძლო მასთან – სხეულთან განშორება... მზარავს სიტყვა – „არასდროს”... ის, რომ მას ვეღარასოდეს ვნახავ, ვეღარ შევეხები, ვერ გავიგონებ მის ხმას... მე მას ვერ ვნახავ მხოლოდ იმ რამდენიმე წლის განმავლობაში, სანამ დროის სისტემაში ვარსებობ. მერე მოვკვდები და ჩემი არსებობა თუ არარსებობა გადაინაცვლებს უდროობის მდგომარეობაში... როდის გაითიშება ჩემი წამზომი? როდის გადავალ უდროობის მდგომარეობაში?.. ნუთუ ეს ჩვენი არსებობა, მთელი თავისი ტრაგიკული და კომიკური ეპიზოდებით, არსად არ აისახება?.. დადგა დრო რეტროსპექციისა და ინტროსპექციის. ვიწყებ საკუთარი არქივის შესწავლას, უფრო რთული იქნება სულის არქივში ჩახედვა...  
...დედაჩემი დიდად მოსიყვარულე ქალი არ იყო. საკუთარი ოჯახის წევრების გარდა მაინცდამაინც არავის სწყალობდა. თავდაპირველად არც ჩემი არჩევნით იყო აღფრთოვანებული და ახალდაქორწინებულებს სათბურის პირობებს არ გვიქმნიდა, მაგრამ, როცა მოხუცდა, მახსოვს, სძლია თავს და გაიმეტა ქათინაური ნანას მისამართით – ასე მითხრა, ეგ შენი ცოლი კარგი ადამიანია, უეშმაკო და უბოროტოო. მეტი არაფერი უთქვამს,  მაგრამ, ობლობაში გაზრდილი დედაჩემისგან, რომელიც მთელ კაცობრიობას ეჭვის თვალით უყურებდა, ეს წარმოუდგენლად მაღალი შეფასება იყო...
... ანდროპოვს დღემდე რომ ეცოცხლა, ვერც დამოუკიდებელი საქართველოს ელჩი გავხდებოდი, ვერც წიგნს გამოვუშვებდი, ვერც ნოტებს და ვერც დისკებს. საბჭოთა კომუნიზმი უნიჭო და უინიციატივო ხალხის სამოთხე იყო. მათი უნიჭობის კომპენსაციას სახელმწიფო ნიჭიერთა შეზღუდვით ახორციელებდა; ამიტომაც მისტირიან მას უნიჭოები, უუნაროები და „ჟულიკები...”
დღეს სასაცილო აზრმა გამიელვა თავში: ჩემი მუსიკალური განათლების წყალობით, ზუსტად იმდენი იტალიური ვიცი, რაც საკმარისი იქნებოდა იტალიურენოვან ბორდელში ვიზიტისას...
...სიზმარმა ცნობიერების ზედაპირზე კვლავ ერთი ძველისძველი ამბავი ამოატივტივა – ჩემი პირველი სიყვარულის ფერმკრთალი სახე ნისლში გახვეული მომელანდა. გამეღვიძა და შევეცადე, აღმედგინა ამ პლატონური გრძნობის თანმხლები გარემოებები: 14 წლის ვიქნებოდი. ყოველ საღამოს, სამიოდ მეგობართან ერთად, მოსკოვურ მოჟაიკას, დღევანდელ კუტუზოვის პროსპექტს ავუყვებოდით და ჩამოვუყვებოდით. თავგადასავალს ვეძებდით, თანაც, თვალი სულ უფრო ზრდასრული ქალებისკენ გაგვირბოდა – სწორედ რომელიმე მათგანი უნდა გამხდარიყო ის იდუმალი პირველი, რომლის გამოჩენას თრთოლვით ელის ყველა ბიჭი. რამდენ სისულელეს ჩავდიოდით იმისათვის, რომ გადაკვრით მაინც გვეუწყებინა საწინააღმდეგო სქესისთვის, რომ გვწადია და მზად ვართ. ერთ საღამოს გადავწყვიტეთ, ამ მიზნით უშუალო სიმბოლოები გამოგვეყენებინა: მოდი, იქ, სადაც პიჯაკზე ყვავილს ამაგრებენ, პრეზერვატივი ჩამოვიკიდოთ და ასე გავიაროთ მოჟაიკაზე – შევთავაზე იდეა მეგობრებს. სიხარულით დამთანმხდნენ, მაგრამ უმალ წარმოიშვა ორი პრობლემა – როგორ შეგვეძინა პრეზერვატივები და სად გვეშოვა საჭირო თანხა. დაფინანსების საკითხი სწრაფად მოგვარდა: ეზოში შესვლისთანავე შემოგვხვდა კრასაკინი, პატარა ტანის თანაკლასელი, რომელსაც მუდამ ედო ფული ჯიბეში. ხელები გადავუგრიხეთ და ერთი დაჭმუჭნული მანეთიანი ძალით წავართვით. ვიცოდით, რომ პაკეტი – ორი პრეზერვატივი – 43 კაპიკი ღირდა, ასე რომ, კრასაკინის მანეთი სრულად დაფარავდა „პროექტის” ხარჯებს... „დვა პოკეტიკა,” – ჩურჩულით ვუთხარი აფთიაქის მოლარეს და მანეთიანი გავუწოდე. ამხანაგმა დროზდოვამ (გვარი ფირფიტაზე ამოვიკითხე) გამიღიმა და ჩეკი მომცა. საოცარი აღმაფრენა ვიგრძენი, მეგონა, მსოფლიო დავიპყარი. რა გასაკვირია, რომ მოლარე დროზდოვა შემიყვარდა და, მას შემდეგ, როგორც კი 43 კაპიკს მოვაგროვებდი, იმწამსვე აფთიაქს ვაკითხავდი. ისიც უთუოდ ხვდებოდა, რომ „პაკეტიკებს” მხოლოდ მის გამო ვყიდულობდი... გმირობის ამბავი სკოლაში მალე გავრცელდა და ჩემს მეტსახელს – „ჩირკასს,” ფსევდონიმი მიემატა _ „განდონელლი,” ორი ლ-თი ვწერდი – ასე უფრო  იტალიურად ჟღერდა...       
...მობილურ ტელეფონსა და კომპიუტერს აქვს რაღაც ზემატერიალური, ეშმაკისეული. ალბათ, ამიტომაც, სულ ველოდები, რომ ვიღაც საიქიოდან ან დამირეკავს ან იმეილს მომწერს. ერთხელ, პრეზიდენტ კუჩმას მიერ მოწყობილ სადილზე ტრადიციულ უკრაინულ ბორშჩსა და გალუშკებს ზომაზე მეტი „პერცოვკა” დავაყოლე და სასტუმროში დაბრუნებულმა დავიწყე ჩემს „სამსუნგზე” არარსებული ნომრების ქაოტურად აკრეფა, იმ იმედით, რომ რომელიმე წასულ საყვარელ ადამიანს დაველაპარაკებოდი... 
...მახსოვს, ბავშვობაში, როცა ნიკოლაი ანდრეევიჩ ყიფშიძემ დამისვა დიაგნოზი – შუა ყურის ანთება, ოთახში მარტო დარჩენილმა უმალ დავიწყე ორ სარკეში ცქერა, საკუთარი კისერი რომ დამენახა – ჩემი გაგებით, „შუა ყური” სწორედ იქ უნდა ყოფილიყო. სხვებზე შემჩნეული არ მქონდა, მაგრამ, მე ხომ ყველაფრით განსხვავებული ვიყავი!.. კ სტატი, ნიკოლაი ანდრეევიჩი თავის დროზე სტალინის დედას, კეკე გელაძესაც მკურნალობდა“.

скачать dle 11.3