კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა არ მოსწონს ლაშა ჯოხაძეს ქართველი მოდელების და რატომ დათანხმდა ის „ცეკვავენ ვარსკვლავების“ კონტრაქტს

ლაშა ჯოხაძე თბილისში დაიბადა და გაიზარდა, იგი 28 წლისაა. მისი კარიერული წინსვლა, ჯერ კიდევ, სამხატვრო აკადემიაში სწავლისას დაიწყო. დაბრკოლებების მიუხედავად, ბავშვობაში დასახულ მიზანზე ხელი არასოდეს აუღია. როგორც თავად ამბობს,  პატარაობიდანვე იცოდა, რისი გაკეთებაც უნდოდა. ხატავდა ძალიან ბევრს და ხშირად მისივე დახატულ სამყაროში ცხოვრობდა. ლაშას დაუღალავმა შრომამ, შედეგი გამოიღო, ის დღეს ერთ-ერთი წარმატებული დიზაინერია. ლაშა ყოველთვის ცდილობს, ინდივიდუალური და ექსკლუზიური სამოსი შექმნას.

ლაშა ჯოხაძე: ბავშვობიდანვე ვიცოდი, რა მინდოდა, რა უნდა გამეკეთებინა ცხოვრებაში. არ ვგავარ მათ, ვინც ერთ რაღაცას დაიწყებენ და შემდეგ სხვაგან ეძებენ ბედს. ზუსტად ვიცოდი, რომ მინდოდა ის, რასაც  ვაკეთებ. არ მიფიქრია, თუ რა პროფესიის უნდა ვყოფილიყავი. არც ოჯახის წევრების რჩევით გავმხდარვარ დიზაინერი. ბევრი დაბრკოლებაც იყო,  ვიწვალე კიდეც, მარტივად აქამდე არ მოვსულვარ, მაგრამ შევძელი. მქონდა მომენტი, როცა ოჯახის წევრების წინააღმდეგობაც ყოფილა. მეუბნებოდნენ, ეს მარტივი სფერო არ არის და შესაბამისად, თავის დამკვიდრებაც გაგიჭირდებაო. მაგრამ არ მეშინოდა, გულით თუ რამეს ისურვებ, ის აუცილებლად გამოგივა. დაბრკოლებას ყოველთვის შეხვდები, ზოგს ყურადღება არ უნდა მიაქციო, ზოგზე კი აუცილებელია რეაგირების მოხდენა. დავამთავრე თუ არა სკოლა ჩავაბარე კულტურისა და ხელოვნების კოლეჯში, შემდეგ – სამხატვრო აკადემიაში.  ვიყავი ძალიან წყნარი და მშვიდი ბავშვი. მიყვარდა ფანჯარასთან ხატვა. აკადემიიდან წავედი იტალიაში. იქ გავიარე მოკლე კურსი და ჩამოვედი საქართველოში.
– როდის გამოჩნდით პირველად მოდის სფეროში?
– ვერ ვიტყვი, გამოვჩნდი–მეთქი. დღესაც არ ვჩანვარ. არ ვარ ეპატაჟური. არ მიყვარს, როცა ძალით იქმნიან იმიჯს  და საზოგადოების განცვიფრებას ცდილობენ, ყურადღების მიქცევის მიზნით. შესაძლებელია, ძალიან ჩვეულებრივი გზით მიაღწიო წარმატებას.
– თქვენც ჩვეულებრივი გზით მოხვედით დღემდე?
– კი ნამდვილად. იმ დროისთვის სერიოზული ჩვენებები არ მქონია, მაგრამ ამ ელემენტარულმაც ბევრი რამ მომცა. თუნდაც კონტაქტები, გავიცანი ადამიანები. ოჯახის  წევრები მეუბნებოდნენ:  რატომ წვალობ და ათენებ ღამეებს, რას მოგიტანს ეს ყოველივეო. განსაკუთრებით ხშირად,  დედა მეუბნებოდა  მსგავს რაღაცეებს (იცინის). ეს ის პერიოდი იყო, ტაქსის ფული რომ არ მქონდა, მაგრამ ფეხითაც ძალიან კარგად დავდიოდი, მხარზე კოსტიუმების ჩანთა მქონდა გადაკიდებული და მაინც არ ვნდებდებოდი.
– პირველად ვინ შეგამჩნიათ?
– ასე, კონკრეტულად, არავის შევუმჩნევივარ. აკადემიიდან დაიწყო ჩემი წარმატებები და მერე იყო სხვადასხვა პროექტი: ფილმები, სერიალები, რეკლამები. ვმუშაობდი ფილმ „მანდარინებისთვის“, სერიალ „დეტექტივებისთვის“. ცნობილი რეჟისორის, მიშელ ჰაზანავიჩუსის ფილმ „ძიების“  მასობრივი სცენების კოსტიუმების მხატვარი ვიყავი.  არ ვიცვლი სტილს, სულ კოსტიუმებზე ვმუშაობ. არავინ დამხმარებია დღემდე, აქამდე ჩემით მოვედი. ამ ეტაპზე მაქვს ხელშეწყობა.
–  რა დახმარებასა და ხელშეწყობას გულისხმობთ?
– ფინანსურ დახმარებას. მაღაზია ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.   მადონა ჯიქიას დამსახურებაა, რომ დღეს ამ ეტაპზე ვარ. სამი თვეა, რაც საკუთარი მაღაზია გავხსენი.
– ბევრი კონტრაქტი გქონიათ, ახლახან „ცეკვავენ ვარსკვლავებთან“ გააფორმეთ ხელშეკრულება. ეს ყველაზე სერიოზული შემოთავაზება იყო თქვენთვის?
– ვიდრე კონტრაქტს გავაფორმებდი, მანამდე, „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ უბრალოდ დავეხმარე რამდენიმე კოსტიუმის შექმნაში. მეოთხე სეზონზე პრომოზე გადავინაცვლე და ახლა უკვე, მეხუთე სეზონზე – უფრო გავიმყარე ადგილი. ძალიან რთულია, ენდო ადამიანს. ამიტომ, ყოველთვის ინტერესდებიან გამოცდილებით, რა გაქვს გაკეთებული, რას შეძლებ. არ არის ეს მარტივი პროექტი, რომ გითხრან, მოდი, იმუშავეო. რატომაც არა, – ვიტყვი, ეს ხომ ერთ-ერთი, სერიოზული და საუკეთესო შემოთავაზებაა. ჩემთვის საინტერესოა, ყოველი შემთხვევისთვის. როგორც კი შემომთავაზეს, უარი არ მითქვამს, მაშინვე დავთანხმდი.
– დიზაინერის თვალი მაინც სხვაა და როგორ მოგწონთ ქართველების ჩაცმის სტილი?
– გემოვნებით იცვამენ, მაგრამ ერთი ძალიან ცუდი თვისება აქვთ – რასაც ერთი ჩაიცვამს, შემდეგ მთელი თბილისი ისე დადის. ეს არ მომწონს და ჩემთვის ცოტა გამაღიზიანებელია. ინდივიდუალურობას კარგავენ. შეიძლება, საერთოდ არ უხდებოდეს, მაგრამ სხვაზე, რომ მოსწონს თავადაც იგივეს იცვამს, ეს მიბაძვა ძალიან ცუდია.
– რომელიმე კონკრეტულ ფერს თუ ანიჭებთ უპირატესობას?
– ყველა ფერი საინტერესოა. ძალიან მიყვარს შაბიამნისფერი. მწვანეს და წითელს ხშირად არ ვიყნებ.
– რა დონეზეა დღეს ქართული მოდის სამყარო?
– ჩემი აზრი თუ გაინტერესებს, საერთოდ არ არსებობს. მოდა სულ სხვა რაღაცაა. პატარა ქვეყანაა საქართველო, ამიტომ ბაზარი არ გვაქვს. სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ ვერც განვითარდება ისეთ დონეზე, როგორცაა  მაგალითად: მილანში, პარიზში, ლონდონში და ასე შემდეგ. უბრალოდ, არიან დიზაინერები და აკეთებენ იმას, რაც მოსწონთ. იმ ქვეყნებში კი, რომლებიც დავასახელე, სულ სხვაგვარად მიდის, თუნდაც, მუშაობის პროცესი. ძალიან ადრე კეთდება კოლექციები თავისი კონცეფციებით, ქსოვილის დამუშავებით და ასე შემდეგ
– თქვენი კოლექცია მასაზეა გათვლილი თუ კონკრეტული ჯგუფისთვის ქმნით სამოსს?
– ჩემი მუშაობის პრინციპია, გავაკეთო ინდივიდუალური და ექსკლუზიური. ორ ერთნაირს, არასოდეს ვქმნი. ეს ჩემთვის უფრო საინტერესოა. მირჩევნია. ერთი ზომა იყოს და ვისაც მოერგება, მან ჩაიცვას. ექსკულუზიურად, ვინმესთვის არ ვმუშაობ. არიან ადამიანები, რომლებიც მიცნობენ, მოდიან და იკერავენ ჩემთან. ბევრი კომპლიმენტი მომისმენია, რაც მახარებს. ერთი თუ გაღიარებს და იტყვის, რომ კარგი ხარ,  ესე იგი, მართლა ასეა. საქართველოში სხვის აზრს ანიჭებენ უპირატესობას.  საზოგადოება ქმნის შენზე წარმოდგენას.
– უცხოელი მოდელების შემდეგ,  ქართველ გოგონებთან მუშაობა რთულია?
– ქართველ მოდელებათან მუშაობის მთელი უბედურება იცი რაშია? მათ უნდათ ეცვათ ის, რაც უხდებათ. როცა დიზაინერი გაცმევს, ის უნდა მიიღო ისეთი, როგორიცაა. შენ გევალება სამოსის ჩვენება და არა იმაზე ზრუნვა, გიხდება თუ არა რომელიმე კაბა, ბლუზა და ასე შემდეგ. უპირველეს ყოვლისა, დიზაინერის ინტერესია, რომ მოდელს მოუხდეს ესა თუ ის სამოსი. ქართველ გოგონებს ყოველთვის აქვთ ეს მომენტი. მოდელის მოვალეობაში შედის ჩაცმა, გავლა და გამოვლა, დანარჩენზე ვზრუნავთ ჩვენ, დიზაინერები. უპირველეს ყოვლისა, მოდელმა უნდა წარმოაჩინოს კოსტიუმი. არც მოდელის პროფესიაა მარტივი, უბრალოდ, არ იციან, რა უნდა გააკეთონ.
– რას ელოდებით ამ სფეროსგან?
– მომწონს ახლა რასაც ვაკეთებ. აუცილებელია, პროფესიული გაზრდა და განვითარება.  შეიძლება ითქვას, რომ დასაწყისში ვარ. თუმცა, მაინც წარმატებულ ადამიანად მიმაჩნია თავი. ჩემს კარიერულ წინსვლაში უფლის ხელიც ურევია. ვერ აგიხსნით, რისი თქმაც მინდა, მაგრამ ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ უფლის მხარდაჭერას. ერთი ისტორია მაქვს, რის შემდეგაც დავრწმუნდი, რომ სწორ გზას მივყვები და უფალმა მომცა ეს მიმართულება. აბიტურიენტობის დროს, როდესაც აკადემიაში ვაბარებდი, რეპეტიტორთან არ მივლია, შესაბამისად, სერიოზულად არ ვიყავი მომზადებული გამოცდებისთვის.  გამოცდაზე დასახატი მქონდა ვენერას ფიგურა, თან წინიდან უნდა დამეხატა, რაც ყველაზე რთულია. 8 საათში უნდა დამესრულებინა ნახატი.  ოთხი, ხუთი საათი ისე გავიდა, რომ ფურცელზე მონახაზიც არ მქონდა გაკეთებული, ვერ ვხატავდი.  გამოცდის დასრულებამდე დარჩენილი იყო 2 საათი. ამ დროს რა მოხდა, არ ვიცი, გავითიშე, ნახატსაც არ ვაყოლებდი თვალს, მხოლოდ ერთ წერტილს ვუყურებდი. მდგომარეობიდან რომ გამოვედი ვენერა  დახატული მქონდა.  ვიდრე გამოცდაზე შევიდოდი, დედამ ჯიბეში  ლოცვანი ჩამიდო და მითხრა, თუ გაგიჭირდეს 50-ე და 90-ე ფსალმუნი წაიკითხეო. მეც, რომ ვერ ვხატავდი, კორიდორში გავედი და კუთხეში ჩემთვის წავიკითხე ორივე ფსალმუნი. ამ ყოველივეს ღმერთის დახმარების გარდა, ვერაფერს დავარქმევ. ნაშრომში მივიღე უმაღლესი შეფასება და უფასოზე მოვხვდი.
– გქონიათ ფილმებიდან შემოთავაზება, ამ კუთხით გიმუშავიათ ფრანგებთან. იყო სიყვარული, ფრანგი გოგონა. პირად ურთიერთობაზე რას გვეტყვით?
– წარსულში იყო რაღაც, მაგრამ  დამთავრდა. ძალიან შემიყვარდა ერთი პიროვნება, რომელიც  დიდ სითბოს იჩენდა ჩემ მიმართ, მაგრამ, როგორც ადამიანი ისე. კარგი გოგონა იყო, მეტი არაფერი ყოფილა. დღეს მხოლოდ „ფეისბუქზე” გვაქვს მიწერ-მოწერა. ძირითადად, ვარ ჩემი საქმით დაკავებული
– ოჯხის შექმნაზე არ ფიქრობთ? თქვენი რჩეული მოდელი უნდა იყოს?
– ყველაფერს თავის დრო აქვს, არ ვჩქარობ, არ ვეძებ. დადგება დრო და მოვა თავისით. რაც შეეხება ჩემი რჩეული უნდა იყოს თუ არა მოდელი, საერთოდ არ ვფიქრობ ამაზე. მოდელები უფრო ფეხბურთელებისკენ მიდიან. პროფესიაში თანხვედრები არ მომწონს. ძალიან უბრალო უნდა იყოს. მიყვარს უბრალო ადამიანები.
–  უცხოეთში აპირებთ კოლექციის გატანას?
– კი, ძალიან მინდა. ადამიანს გეგმაში სულ აქვს რაღაცეები, მაგრამ მზად უნდა იყო ამისთვის.
– მზადყოფნაში რას გულისხმობთ?
– ბევრ რაღაცას, სერიოზული მუშაობაა საჭირო.  სწორად უნდა გათვალო ყველაფერი, რას აკეთებ, რისთვის აკეთებ და ასე შემდეგ.
– ქართულ ელემენტებს თუ იყენებთ მოდელის შექმნისას?
– არა, ქართულ თემას რომ შეეხო, ბევრი უნდა იცოდე. ასე მარტივად ადგე და რაღაც გამოიყენო, ვფიქრობ, არ შეიძლება.  მიმაჩნია, რომ ქართული უნდა დატოვო ისეთი, როგორიც არის და არ უნდა გაათანამედროვო. არ სჭირდება მას გადაკეთება და რაღაც ელემენტების შეტანა. უნდა იყოს ისეთი, როგორც თავიდან შეიქმნა.

скачать dle 11.3