კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ განსხვავდებიან ქალები და მამაკაცები სულიერი დაავადებების სახეობების მიხედვითაც და რის ხარჯზე ატარებენ ქალები კაცებს თავიანთ ჭკუაზე, მათი ნების საწინააღმდეგოდ

მიუხედავად მძლავრი ფემინისტური მოძრაობისა და ქალთა ემანსიპაციის არანაკლებ ძლიერი ტალღისა, უნდა ვაღიაროთ, რომ გენიოსთა შორის, რომლებსაც იცნობს კაცობრიობა, ქალების აშკარა ნაკლებობა. პირადად მე ამ თემის ჩემეული ახსნა მაქვს, რომელსაც არც თქვენ დაგიმალავთ: თუ გავითვალისწინებთ, რომ საუკუნეების განმავლობაში ქალს არათუ განათლების მიღება არ შეეძლო, ის, საერთოდაც ნივთად განიხილებოდა და მხოლოდ იმ შემთხთევაში დაიშვებოდა წიგნებთან, თუკი ამ ცოდნით მამაკაცისთვის სიამოვნების მინიჭება შეეძლო. ამიტომაც სავსებით ბუნებრივია, რომ ინტელექტუალურ შეჯიბრში მამაკაცებს სწორედ ობიექტური მიზეზების  გამო ვერ გაუტოლდებოდა. თემას –  ქალისა და მამაკაცის შესაძლებლობების შესახებ, იმ ფონზე, რომ ქალები, სულ რაღაც, 100 წელია, აღიარა კაცობრიობამ მამაკაცის თანაბარუფლებიან სუბიექტად (ისიცაა, რომ სრულიად სამყაროს მაინც არ უღიარებია!) –  ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ერთად განვიხილავთ.

– ბატონო რამაზ, ეთანხმებით ჩემს მოსაზრებას თუ რით ხსნით გამორჩეული ქალების ნაკლებობას თითქმის ყველა სფეროში?
– ალბათ, ეს მისაღები ვერსიაა, თან, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ერთ და ორ წელს კი არ გრძელდებოდა, არამედ საუკუნეების განმავლობაში. მეორე მხრივ, დღეს რომც შეუქმნა კიდეც პირობები, უკვე გენეტიკურად მოდის ის მიდგომა, რაც თაობების განმავლობაში ჩამოყალიბდა. ამდენად, ლაპარაკი იმაზე, თუ რა პოტენციალი ჰქონდა ქალს ევას დონეზე, ძნელია; იმ დონეზეც, რაც ჩვენს თვალსაწიერში ხვდება, ქალისა და კაცის უკანაც კაცობის და ქალობის განმსაზღვრელი გარკვეული გენეტიკური პროგრამები დევს. ეს საკითხი საკმაოდ არის მკვლევარების ინტერესის საგანი. მაგრამ ვიმსჯელოთ იმ ცოდნის დონეზე, რომელიც ყველას გვაქვს. თუ ამ ცოდნის დონეზე შევხედავთ, შევამჩნევთ, რომ მაგალითად, სადილი შეიძლება, ერთხელ კაცმაც გააკეთოს სტუმრებისთვის და უყვარს ეს საქმე, მაგრამ ყოველდღიური სადილი უკვე ქალის საქმეა. კაცს რომ მოსთხოვო, სადილი ყოველდღე გააკეთეო, ვერ შეძლებს. ასე რომ, სადილის კეთება არა მარტო ტვირთია, არამედ ქალის ნიჭიცაა. იმავე ტიპის ნიჭია დალაგება, გარეცხვა, ზოგადად, მოწესრიგება. კაცის გარემო უმეტესწილად მოუწესრიგებელია, ქალს მოუწესრიგებელ გარემოში ყოფნა უჭირს. ეს მოწესრიგებულობაც ნიჭია. ეს ნიჭი შემდეგ თავს იჩენს იმაში, რომ გარკვეული ტიპის სამუშაოებს, რომლებიც ამ ნიჭს ითხოვს, ქალი უკეთ ასრულებს. ამიტომ გარკვეული ტიპის ექიმები ქალები უკეთესები არიან, მაგალითად, თერაპევტები. მასწავლებელიც ქალი უკეთესია. იქ, სადაც დაგროვება და ამ დაგროვილის გამოყენებაა საჭირო, ქალი უკეთესია. კაცს არ შეუძლია ასეთი დაგროვება. კაცს რაღაც იდეა გაუჩნდება და იმ იდეისკენ გადაუხვევს. სხვანაირად ამბობენ ხოლმე, რომ ქალი არის შემგროვებელი, ამიტომაც არის ქალი მიწის სიმბოლო მითებში, კაცი კი არის სიახლის, რისკის მაძიებელი, აგრესიული. თამაშებსაც დავაკვირდეთ.
– გოგონები თამაშობენ სახლობანას, ბიჭები –  ომობანას.
– კომპიუტერულ თამაშებშიც იგივე პრინციპია. ფილმების მხრივაც: ბიჭებს სხვა ტიპის ფილმები იზიდავს, ქალს –  უფრო რომანტიკული. სექსუალურ ცხოვრებაშიც სპეციფიკაა – კაცს შეუძლია, ყველასთან ჰქონდეს სექსი და არანაირი ემოცია, გარდა ბიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებისა, არ გააჩნდეს. ქალს უჩნდება სურვილი, რომ სქესობრივ აქტს დაემატოს სიყვარული.
– არა მხოლოდ ამის, სხვა მიზეზების გამოც, მგონია, რომ  ქალი უფრო მაღალგანვითარებული მატერიაა, ვიდრე კაცი.
– არის რაღაცები, რაშიც ქალი მართლაც უფრო მაღალგანვითარებულია. ქალს ემოციური მხარე აქვს განვითარებული, რის წყალობითაც არა მარტო თავისი, სხვისი ემოციების წაკითხვაც შეუძლია. ინტუიცია ქალს გაცილებით უკეთესი აქვს, ესეც საუკუნეების შედეგია: ქალს რომ ფიზიკური ძალა არ ჰქონდა, ინტუიცია განივითარა და ქალმა ისე შეიძლება, კაცი ატაროს თავის ჭკუაზე, რომ კაცი ამას ვერც მიხვდეს. ძალიან იშვიათია, კაცმა ისე ატაროს ქალი თავის ჭკუაზე, რომ ქალი ვერ მიხვდეს.
– უბრალოდ ქალი თანხმდება, რომ იაროს კაცის ჭკუაზე.
–  ამიტომ ქალი ეშმაკეულადაა მიჩნეული, მას ტყუილი შეუძლია, ეშმაკობა შეუძლია, კაცს არ შეუძლია. კაცს, რაც თავში მოუვა, იმას აკეთებს; რაზეც ღონე ეყოფა, იმას აკეთებს. ხერხი სჯობია ღონესაო, უფრო ქალის ფორმულაა, ვიდრე კაცის. ქართული ფრაზა კი იმიტომ არის, რომ მცირე ქვეყანა ვიყავით და დიდებთან ურთიერთობისთვის ხერხი გვჭირდებოდა.
– ქალის როლის აღება.
– დიახ. ქალსაც ფიზიკურად თავისზე ძლიერებთან უწევს ურთიერთობა, ამიტომ ხერხია მისი იარაღი. ამდენად, თქმა იმისა, რომ ქალი დაჩაგრა ბუნებამ, ძნელია, რაღაც გამორჩეული ნიჭები მისცა, თუმცა მისცა მამაკაცებსაც. იგივე აზარტი და აგრესიულობა კარგია პროფესიულ საქმიანობაში.
– ჩემეული ახსნაც მაქვს, კაცი ბიზნესმენი იმიტომაა მეტი, რომ კაცი უფრო იოლად რისკავს, ქალი –  ნაკლებად, ჩემი აზრით, იმიტომ, რომ მეტი აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა.
– ის რისკავს, ეს არ რისკავს, პასუხისმგებლობის ბრალია ეს თუ სხვა რამის, ძნელი სათქმელია, მაგრამ რისკი ნიშნავს გაურკვეველ მდგომარეობაში ყოფნას. მე ზემოთ ვახსენე მოწესრიგებულობა, ქალს არ უყვარს გაურკვევლობა. მან შეიძლება, შემდეგ ამას პასუხისმგებლობა დაარქვას,  მაგრამ გაურკვეველ მდგომარეობაში ქალს სტრესი ეწყება, კაცს –  ნაკლებად. კაცი უფრო ადაპტირებულია გაურკვეველ მდგომარეობასთან. იმიტომ რომ ის მუდმივად იბრძოდა, მებრძოლმა კი არასდროს იცის, რით დამთავრდება ბრძოლა. მაშინ, როდესაც ქალი არ შევა ბრძოლაში, თუ არ იცის, რით დამთავრდება.  ერთი სიტყვით, ბუნებამ რაღაც ნიჭი ქალს მისცა, რაღაც –  კაცს. მაგრამ ვიცით ცნობილი ადამიანების ცხოვრებიდან, რა გავლენას ახდენდნენ მათზე ქალები.
– ყველა ცნობილი კაცის უკან დგას ქალიო.
– ქალის ტვინი მართლაც ძალიან დიდ როლს ასრულებს. საერთოდ, ქალის ტვინი ძალიან სპეციფიკურია. მან შეიძლება, ომი ვერ დაგეგმოს, რასაც მხედარმთავარი აკეთებს, მაგრამ ინტრიგა დაგეგმოს. იქ, სადაც ადამიანთა ურთიერთობებია წამყვანი. როგორ შეიძლება, ამხელა სპექტრის შემქმნელ არსებას დასწამო სულიერი სიღარიბე?!
– მე არ ვწამებ, უბრალოდ ისინი არ ჩანან.
– იმიტომ რომ ამაში ნობელის პრემიას არ იძლევიან. იმას, რაშიც ქალი გენიოსია, საზოგადოებრივი ღირებულება არ აქვს, ინდივიდუალური ღირებულება აქვს. დახატა ვან გოგმა გენიალური ნახატი, იპოვა ფერი, ის მოეწონათ სხვებს, ანუ მისი პროდუქტი ხდება საზოგადოებრივი საკუთრება, ქალის პროდუქტი კი –  მისია. ბევრი ისეთი ნაცნობი მყოლია, რომლებიც შესანიშნავად ყვებიან ამბავს, ართობენ საზოგადოებას, მაგრამ სოციალურ ორბიტაზე კარგავენ ამ ფერებსა და სიმდიდრეს, რითაც საინტერესონი არიან შვიდკაციან გარემოში. ყველა ნიჭს თავისი გავრცელების რაღაც არეალი აქვს. ქალის ნიჭი არ არის იმ ბაზრის, რომლის გამოც გენიოსობის იარლიყს იძლევიან.
– ანუ იმას ამბობთ, რომ ქალს არ აქვს საზოგადოებრივად სასარგებლო ნიჭი?
– ერთი ნიუანსი: 7 წელიწადს ხატავდა ლეონარდო ჯოკონდას, გააკეთებდა ქალი ამას?! ვახსენეთ ბავშვები და თამაშები: თავსატეხებით ვინ უფრო თამაშობს ხოლმე –  ბიჭები თუ გოგონები? თომას კუნმა, მეცნიერებათმცოდნემ, მეცნიერებას თავსატეხი დაარქვა, მეცნიერებაში ძირითადი მოტივია თავსატეხის ამოხსნა და ამის შემდეგ გამოჩნდება, რომ ის გენიოსია. ლეონარდოს 7 წელი იმიტომ ვახსენე, რომ რა უნდოდა ერთი პორტრეტის დახატვას, მაგრამ იმ პორტრეტში მან თავსატეხი ჩადო: თავსატეხად ეგულებოდა ჯოკონდას ღიმილი და ამას დაახარჯა 7 წელი. აი, ეს თავსატეხებისადმი მიდრეკილება ნაკლებად აქვთ ქალებს. ქალს ურჩევნია, დაალაგოს და არა –  ამოხსნას. ტეტჩერს რატომ უწოდებდნენ „რკინის ლედის“? იმიტომ რომ გადაწყვეტილებას იღებდა კაცივით, ანუ ადვილად. კაცმა შეიძლება, სულელური გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ ადვილად იღებს. ქალს –  უჭირს, იმიტომ რომ ეშინია, შეცდომა არ დაუშვას. ესეც ისტორიიდან მოდის: ქალი უფრო მძიმედ იხდიდა საზღაურს თავისი შეცდომის გამო. აი, ამ შეცდომის შიში აქვს, უფრო მეტად, ვიდრე კაცს. არადა, ორ მილიონ წელზე მეტია, არსებობს ადამიანი.
– და ჩვენ აქედან ფორმალურად მხოლოდ 100 წელია, რაც ადამიანებად გვაღიარეს.
– ამხელა გენეტიკური  ინერციაა ამ ორ ტიპში –  კაცსა და ქალში და ამ ინერციას მხოლოდ აღიარებით ვერ შეცვლი. როგორც აღმოჩნდა, ქალი ბევრ რამეშია გენიოსი და ეს არ არის, მაინცდმაინც, ის ნიჭები, რაც სამზარეულოშია ჩაკეტილი. ქალს შეუძლია, იყოს ემოციური და თან, საოცრად ცინიკოსი რაციონალისტი.
– დაუნდობელიც.
– ამიტომ ქალები უკეთესი „ქილერები“ არიან. ამდენად, ძალიან საინტერესო ფენომენია ქალი, რომელმაც ხშირად არ იცის, რომ საინტერესოა. ძალიან ხშირად ქალმა არ იცის თავისი ფასი. რატომ არ უნდა ეძახო ბატარა ბავშვს, რომ იდიოტია? როგორც გაირკვა, თუ თავისი თავი იდიოტად მიიჩნია, ის მოიქცევა, როგორც იდიოტი. ამ თვალსაზრისით, ქალს თუ ვუძახეთ, რომ სამზარეულოა მისი ადგილი, ის ისე მოიქცევა, რომ მისი ადგილი მხოლოდ სამზარეულოში იყოს. თუმცა ქალურობის ის ასპექტი, რომელიც ერთ კულტურაში ძალიან ჭარბად გვხვდება, გაიხედავ და მეორე კულტურაში აღარ არის. მაგალითად, ევროპულ ქვეყნებში ჭარმაგი ასაკის ქალიც ქალია, აზიურ ქვეყნებში რაღაც ასაკის შემდეგ ქალი აღარ ქალურობს. გარკვეული ასაკის შემდეგ ქალი თავის თავს ქალად კი არა, გულისხმობს დამლაგებლად, მომვლელად. მაშინ, როდესაც საფრანგეთში ქალობა ნებისმიერ ასაკში გულისხმობს, რომ კაცთან კეკლუცობა შეშვენის და მართლაც შეშვენის. ასე რომ, ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა შინაარსს ჩადებენ ქალები თავიანთ თავში. ეს არის მათი გენიოსობის არენა.
– გამომდინარე იქიდან რაც თქვით, ესე იგი, ქალი თავის გენიალობას ვერაფრით გახდის საზოგადოებრივ საკუთრებად?
– მანდაც, მგონი, ისევ ღმერთი ეთამაშება ქალებს. საერთოდ, ეს თემა, არიქა, კაცის სიმაღლის ვარ თუ არა, ქალის შემოტანილი თემაა. თავის თავში დარწმუნებული ადამიანი ასეთ საკითხს არ აყენებს: მე უფრო მაგარი ვარ თუ ის. რატომ მოგახსენეთ, რომ ღმერთი დასცინის ქალებს: იმიტომ რომ ქალი ძალიან კარგი ფიგურაა პოლიტიკაშიც, ოღონდ გააჩნია, როგორი ქვეყნის პოლიტიკაა. ქვეყანაში, რომელიც აწყობილია და მხოლოდ მოწესრიგება სჭირდება, რომ არ ამოვარდეს კალაპოტიდან, ამას ქალი აკეთებს ბრწყინვალედ, მაგრამ, თუ მონასტერი აირევა, იქ კაცია საჭირო. თუმცა ისიც ვიცით, რომ ტეტჩერმა ომი ორ დღეში მოამთავრა. ამიტომ აქ რაღაც ასპროცენტიანი ფორმულები არ არსებობს, მაგრამ ის ქალები, რომლებიც დღეს ევროპაში ჭარბად არიან პოლიტიკაში, მოწესრიგებულ ქვეყნებს ვლიან მეტწილად. არ ვამბობ, რომ ეს წესია, თუ, მეორე მხრივ, გადმოიხედავ აზიისკენ. განდი და ფხუტო ეყოფიან მთელ ევროპელ ქალებს. ბრწყინვალე ფენომენები იყვნენ ქალურობისაც და პოლიტიკოსობისაც. ძალიან საინტერესო მოვლენაა ევროპელი და აზიელი ქალები. წესით, თითქოს აზიელები უფრო დაჩაგრულები უნდა იყვნენ, ის წნეხი, რაზეც ვისაუბრეთ, ყველაზე მეტად აზიელებზე მოდიოდა, მაგრამ ამავე დროს სწორედ აზიელებს შორისაა უფრო მეტი თვალსაჩინო ქალი. მათ ტიპაჟში ქალურობა დაკარგული ნამდვილად არ არის, მაგრამ ამავე დროს რკინის ხასიათს ამჟღავნებენ. ასე რომ, აქ ბევრი საინტერესო კვანძი იკრიბება. კერძოდ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, როგორია კაცი იმ კულტურაში. იქ, სადაც კაცის კაცურობა უფრო შენარჩუნებულია, აღმოჩნდება, რომ შანსი იმისა, რომ მამაკაცური ძარღვი იყოს ქალში, უფრო მეტია. თითქოს მისგან სწავლობს ქალი.
– თუ თანამედროვეები ვერ ქაჩავენ, კულტურის გავლენით მაინც იცის, რას ნიშნავს ნამდვილი კაცი. რომ არ იცოდეს, აბა, როგორ შეიძენს კაცისთვის დამახასიათებელ თვისებებს.
– გავიხსენოთ, რა პერიოდში აქვთ ქალებს გადადგმული მსოფლიო მნიშვნელობის ნაბიჯები? როდესაც კაცები მაგრები იყვნენ. გაიხსენეთ, რა კაცები ჰყავდა გარშემო ჟორჟ სანდს.
– ელენე ახვლედიანს?
– დიახ. ელენე იყო და გვერდით ჰყავდა გუდიაშვილი, კაკაბაძე, მთელი პლეადა. ისინი ერთმანეთს გადასდებდნენ უამრავ რამეს, იზოლირებულები ხომ არ იყვნენ?! ამასობაში ჩნდება თავსატეხების გამოყვანის აზარტი, რაზეც ვლაპარაკობდით. სხვათა შორის, სულით დაავადებების მიხედვითაც განსხვავდებიან ქალები და კაცები, ზოგი დაავადება ხშირია ქალებში, ზოგი  – კაცებში. მაგალითად, ისტერიულობა უფრო ქალისთვისაა დამახასიათებელი. მანიაკალურობა –  მამაკაცებისთვის. აქედანაც შეიძლება, საინტერესოდ დაინახო ეს ორი ტიპი. ქალი რომ მაგარი ტიპია იქიდანაც ჩანს, რომ, თუ გადაავლებთ თვალს გარეგნულად საინტერესო ქალებისა და კაცების გალერეას, რომელია უფრო მრავალფეროვანი?
–  ქალების, რა თქმა უნდა.
– იმიტომ რომ სუსტი ქალიც ძალიან მომხიბვლელია და ძლიერიც. ქალს არ აქვს რაკურსი, როდესაც არ შეუძლია, იყოს მომხიბვლელი. მაშინ, როდესაც კაცს, ამ მხრივ, ძალიან მცირე ასპარეზი აქვს. თითოეული რაკურსი მომხიბვლელად ხომ ქალმა გადააქცია?! ამავე დროს არსებობენ ფიზიკურად ძალიან ლამაზი ქალები, რომლებიც არ არიან საინტერესონი. გარეგნობის სილამაზედ ქცევაც ქალის უზარმაზარი შინაგანი უნარის პროდუქტია, რაც კაცს არ შეუძლია.

скачать dle 11.3