კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როცა ქალს უყვარს

მატარებელი ნელა გაჩერდა... დიანა ისევ ფანჯარაში იყურებოდა, როცა ლინა აყვირდა: 

– მამა! მამა! ვილიამ! აქ ვართ, აქეთ წამოდით... – მერე დეას მიუბრუნდა: – ნახე, როგორ აცვია?! ეს შენს პატივსაცემად. ხომ გეუბნებოდი, უცნაური კაცია-მეთქი.

დეამ ღიმილით გაუწოდა ხელი და მისი ნაზი თითები მთლიანად ჩაიმალა ვილიამის უზარმაზარ ხელისგულში.

– კარგად იმგზავრეთ? გზაში ხომ არავინ შეგაწუხათ?

– მამა, ვის უნდა შევეწუხებინეთ, რანაირი ლაპარაკი იცი! ძალიან კარგად ვიმგზავრეთ... დედა, სად არის?

– არ წამოვიყვანე, სახლში გელოდება. სტუმრები გვყავს და ისინი არ დატოვა..

– სტუმრები? – ლინამ თვალები მოჭუტა, – გამოტყდი, ჩემი საძინებელიც ხომ არ არის დაკავებული? შეყარე, ხომ, მთელი კილკენის საგრაფო, ჩემი  ერთადერთი ქალიშვილი ჩამოდისო?! რანაირი ხარ, ხომ დამპირდი, რომ მხოლოდ მე და დიანა ვიქნებოდით და მშვიდად გავატარებდით რამდენიმე დღეს, რატომ მომატყუე?

– განსაკუთრებული სტუმრები გვყავს ლინა, საყვარელო. ძალიან მოგეწონებათ, განსაკუთრებით – დიანას. წვეულება კი დაგეგმილი მაქვს,  მაგრამ, გპირდები, შენთან შეუთანხმებლად არავის დავპატიჟებ. აბა, სად არის შენი ბარგი, ჩემო პრინცესა?! დიანა, მხოლოდ ეს ერთი ჩანთა გაქვს?

– დიახ, – გაეღიმა დეას.

– არა უშავს, შენ ხომ არ იცოდი, სად მოდიოდი. ყველაფერს, რაც დაგჭირდება, აქ გიყიდით.

– ჰა, ჰა, ჰა, – აკისკისდა ლინა და უცებ მოიღუშა, – მამა, მანქანა სად არის? არ მითხრა, რომ ცხენებით მოხვედი, თორემ, გავგიჟდები!

– არა, არა... ბარგი გქონდათ, თორემ... თან, დიანასაც მოვერიდე – დაღლილი იქნება. მანქანა მოშორებით გავაჩერე. წავიდეთ...

ვილიმ მსუბუქად აიტაცა ხელში ლინას სამი ჩემოდანი და დიანას ჩანთა... დეამ აღტაცება ვერ დამალა:

– ნამდვილი გოლიათია მამაშენი, ლინა...

– ირლანდიურ დათვს ეძახის დედაჩემი და მგონი, მართალიც არის, – ამოიოხრა ლინამ...

***

კოტემ დიდხანს იწვალა, სანამ გასაღებს საკეტს მოარგებდა და, რომ ვერ მოახერხა, კარს გამეტებით დაუშინა წიხლები.

– რა მოხდა, გაგიჟდი? კარს რატომ ანგრევ? – აღშფოთებული ლენუკა ქმარს განცვიფრებული მიაშტერდა – შენ რა, მთვრალი ხარ? დალიე?

– ჰო, დავლიე და მთვრალი ვარ... მეტსაც გეტყვი – გათხლეშილი მთვრალი. რამე პრეტენზია გაქვს? – კოტემ ხელის კვრით, უხეშად გასწია გვერდით და ოთახში შეაბიჯა...

– რას აკეთებ! – აკივლდა ლენუკა, – ტალახიანი ფეხსაცმელები! იატაკზე ლაქებად დაეტყობა, კოტე!

– ერთი ამ იატაკის დედაც... და შენიც... – გამოსცრა კაცმა და წონასწორობადაკარგული კედელს მიენარცხა. მერე სასტუმრო ოთახის თაღთან მიდგმულ ვეება, იაპონურ ლარნაკს წამოედო, წააქცია და ნამსხვრევებად აქცია. ლენუკა ბოლო ხმაზე აკივლდა.

– კოტე! ნუ დალეწე ყველაფერი! რა გჭირს, ასე როგორ გაილეშე?

– დიახ, გავილეშე და კიდევ გავილეშები... აბა, მოდი აქ და ფეხსაცმელები გამხადე! რას მიყურებ, გაკეთე, რასაც ქმარი გიბრძანებს, ჩქარა! – დაუღრიალა კაცმა. 

ლენუკა ჯერ გაშტერდა, მერე მონუსხულივით დაემორჩილა – ფეხსაცმელები გახადა და ტახტზე წამოაწვინა. კოტემ ერთი-ორჯერ კიდევ შეიგინა უშვერად და ხვრინვა ამოუშვა. ისე ხროტინებდა, შეშინებულმა ლენუკამ რამდენჯერმე დახედა, ხომ ცოცხალიაო და საყვარელი ლარნაკის ნამსხვრევებს სინანულით გახედა.

– დეგენერატი... რა ჯანდაბა დაემართა, რამ გადარია?.. ნეტავი, კიდევ სანდრომ ხომ არ დაურეკა და ფული ხომ არ სთხოვა? მაგრამ, ასეთი რამ არასოდეს უქნია... ერთი გაიღვიძოს და გამოფხიზლდეს, ვაჩვენებ სეირს: თან, რომ მაგინებდა...

ლენუკა სამზარეულოში გავიდა, ყავა მოადუღა და ტელეფონი მოიმარჯვა.  ჯერ თიკოს დაურეკა:

– გოგო, მარტო ხარ? შეგიძლია ლაპარაკი? ჰო, რა ვიცი, იქნებ იმ შენ რაინდთან ხარ... კარგი, ნუ ბრაზობ, ისე გითხარი, ვიფიქრე, ხელს ხომ არ ვუშლი-მეთქი. ვაიმე, შენ რაღა გჭირს, თიკო? ისედაც გაცეცხლებული ვარ და შენც ნუ დამიმატებ, ძალიან გთხოვ... რა გამაცეცხლებდა? რა თქმა უნდა, კოტე! სულ გაგიჟდა... მოვიდა მთვრალი, მაგინა და სახლში ყველაფერი დალეწა... არა, რა დავლიე... არ გესმის, ის მოვიდა მთვრალი; მთვრალი კი არა, გალეშილი. ასეთი არასოდეს მინახავს, მართლა... რა ვიცი, აბა, რა დაეტაკა, მეც სწორედ ეგ მაინტერესებს. ვფიქრობ და ვერაფერი მოვიფიქრე. დავიჯერო, სანდრომ დაურეკა ისევ და ფული სთხოვა?! განა რამდენი სთხოვა, რომ ასე გაგიჟდა? ერთი სიტყვით, შოკში ჩამაგდო. ნეტავი, რას ჩამოვედი... მარიკაც ადრე გავუშვი, პარასკევია დღეს და ახლა ჩემი დასასუფთავებელია აქაურობა... ნეტავი განახა, ან თვითონ რას ჰგავს, ან სახლი რას დაამსგავსა... დიდი, იაპონური ლარნაკი გამიტეხა ამ ველურმა. რა წვალებით ჩამოვიტანე, ხომ გახსოვს. დეგენერატი!.. გაიღვიძოს, ვანახვებ ამას სეირს... საზიზღარი... დღითი დღე  აუტანელი ხდება ამასთან ცხოვრება... უჰ, არ მითხრა... სხვა რამე რომ მკითხო, არ გინდა? ახლა სანდროს დავურეკავ და ვკითხავ, რით გადარია მამამისი ასე. კარგი, კარგი, მოგვიანებით დაგირეკავ. არა, რა უნდა მოხვიდე! ისე ხვრინავს, ფანჯრებს ზანზარი გაუდის...

ლენუკამ ტელეფონი გათიშა და ახლა სანდროს ნომერი აკრიფა:

– დედიკო, მე ვარ. როგორ ხარ, საყვარელო? ჰო, მომენატრე, ამას კითხვა უნდა? მაგრამ, ამაზე არ გირეკავ ახლა. მამაშენი გაგიჟდა... ნუ, გაგიჟება ჰქვია ამას – საშინლად მთვრალი მოვიდა და ისეთი აგრესიული იყო, გადამიყვანა ჭკუიდან. შენ ხომ არ დაურეკე და არ იჩხუბეთ?.. რაზე უნდა გეჩხუბათ და ფულზე. გუშინ მეუბნებოდა, სანდრო ნერვებს მიშლის, ინგლისში უნდა სასწავლებლად გადასვლა და ფულს მთხოვსო... არა, დედიკო, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, შენს მხარეზე ვარ და ყველაფერში გეთანხმები... აბა, რა დაეტაკა ამ კაცს? ესე იგი, დღეს მასთან არ გილაპარაკია... ნუ ნერვიულობ, სანდრიკ, საყვარელო, ხომ გითხარი, შენს მხარეზე ვარ-მეთქი და ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა...

ლენუკამ მობილური დადო და სიგარეტს მოუკიდა. „მაშ, რა ჯანდაბა ეტაკა?! ძვირად დავუსვამ დღევანდელ საქციელს“...

***

... თიკო ცოტათი ააფორიაქა ლენუკას ზარმა. ერთბაშად წარმოიდგინა, რომ კოტე მისმა კატეგორიულმა მოთხოვნამ გააღიზიანა, ახალი მანქანის ყიდვაზე. „აუ... ლენუკასთვის უგინებია და ლარნაკიც გაუტეხავს. წარმომიდგენია, ხვალ რა დღეს დააყრის... რომ გადაიფიქროს მანქანის ყიდვა ჩემთვის, გავგიჟდები... ისე, რა სასაცილო იქნებოდა, კოტე რომ იგინებოდა და თანაც ლენუკას აგინებდა...“ – თიკომ ეს სცენა თითქოს დაინახა კიდეც და სიცილი აუტყდა...

***

...დიანა აღფრთოვანებული შესცქეროდა  მწვანე მდელოზე აღმართულ ციხე-კოშკს.

– რა ლამაზია! თავი ზღაპარში მგონია... და, ეს ყველაფერი შენია? – მიუბრუნდა ლინას.

– რა გითხრა, იცი? სანამ პატარა ვიყავი და თავი პრინცესა მეგონა, მომწონდა... მერე მივხვდი, რომ ტვირთია. ამხელა პასუხისმგებლობისთვის მეტისმეტად სუსტი და მეტისმეტად თანამედროვე ვარ.

ვილიმ გაიგონა შვილის ნათქვამი და გოგოს ზემოდან გადმოხედა:

– რამდენიც არ უნდა იწუწუნო და თავი შემაცოდო, ამ კოშკის დიასახლისი მაინც შენ იქნები... ბრაიანის იმედი არ მაქვს, მაგრამ, ვიცი, რომ შენ იმედს არ გამიცრუებ.

ლინამ ამოიოხრა და საცოდავი თვალებით შეხედა დიანას – ხომ ხედავ, რა დღეში ვარო. 

ყველანი წითელი ქვით მოკირწყლულ ბილიკს გაუყვნენ. შორიდან ძნელად გაარჩევდი, ვინ იჯდა ვერანდაზე. დიანა იღიმებოდა. ძალიან კმაყოფილი იყო, აქ რომ ჩამოვიდნენ და ამას არც მალავდა. მაგრამ უცებ ნაბიჯს უკლო, გაჩერდა და შემცბარმა მოჰკიდა ხელი ვილის მკვლავზე: 

– იქ, ვერანდაზე ჩემს მშობლებს ვხედავ თუ მეჩვენება?

ვილიამმა ხმამაღლა გაიცინა:

– ჩემს ციხე-კოშკზე კი ამბობენ, მოჩვენებები ბინადრობენ მის ძველ დარბაზებსა და დერეფნებშიო, მაგრამ ამჯერად არაფერი გეჩვენება – დევიდი და ანა მოულოდნელად ჩამოვიდნენ, სიურპრიზი მოგვიწყვეს მეც და თქვენც. სწორედ შენი მშობლები არიან ის სტუმრები, რომლებზეც გეუბნებოდით სადგურში... ახლა გოგოებს დაგაბინავებთ. ერთად  ვისადილებთ და იხვებზე სანადიროდ წავალთ...

დიანა ვილის აღარ უსმენდა. ბრაზმა და უკმაყოფილებამ ერთდროულად დარია ხელი და ნერვიულობისგან ტუჩების კვნეტას მოჰყვა. ლინამ შენიშნა მასში მომხდარი ცვლილება და შეუმჩნევლად წასჩურჩულა:

– დარწმუნებული ვარ, მამაჩემი იზამდა ამას. ხომ იცოდა, რომ ჩამოვდიოდით. დაურეკა შენებს და დაარწმუნა, ჩამოსულიყვნენ. გეუბნები, ამისი ხელი ურევია ამ სიურპრიზში.

დიანა ნაკლებად უსმენდა ლინას. ახლა არავის მოსმენა არ შეეძლო, არც ის აინტერესებდა, ვისი მოწყობილი იყო სიურპრიზი, რომელმაც შოკის ეფექტი მოახდინა. თუმცა, რაც არ უნდა ეთქვა ლინას, დეამ ზუსტად იცოდა, რომ დედამისს ვერავინ დაიყოლიებდა რამის გაკეთებაზე, თუ ეს პირადად მისი სურვილი არ იქნებოდა. ანუ, ვილი ვერაფრით მოაწყობდა ამ სიურპრიზს ანას ინიციატივის გარეშე. „არ მენდო... არ მენდო და გადაამოწმა. რა ვუთხრა, რომ ცუდად მოიქცა?! რომ ძალიან ვბრაზობ მასზე და ეს არ უნდა ექნა? იქნებ, რამეს ეჭვობს? ჰო, მაგრამ, რას? ეს ხომ მხოლოდ მისი, მისი და სხვისი არავის საიდუმლო იყო...“

ბოლოს არჩია, არაფერი შეემჩნია და, როცა ვერანდამდე მიაღწია, უკვე ფლობდა საკუთარ თავს და გაღიმებაც კი მოახერხა. პირველად დევიდმა ჩაიკრა გულში, მაგრად ჩაიხუტა, თან მოასწრო და ყურში სწრაფად ჩაულაპარაკა რამდენიმე სიტყვა: „შენ ხომ იცი, რომ მე ამის წინააღმდეგი ვიქნებოდი...”

– კარგია, აქ რომ ხართ, გამიხარდა, – თქვა დიანამ და მოშორებით მდგარ ანას ღიმილით დაუქნია ხელი.

– ანუ, არ გვიბრაზდები? – გამომცდელად ჩააშტერდა დევიდი.

– არა, რა თქმა უნდა.

– რომ იცოდე, როგორ გამახარე! რა მექნა, ანა ძალიან ნერვიულობდა... სულ  მარეკვინებდა შენთან, მერე ვილისთან და, უცებ, გავიგეთ, რომ აქ ჩამოდიოდით. ვილიმ და მარიამაც ძალიან გვთხოვეს... მომენტით ვისარგებლეთ და, აი, აქ ვართ.

– რას მიხსნი, ხომ გითხარი, ძალიან მიხარია-მეთქი. აქაურობაც ძალიან მომწონს.

– უჰ, მომეშვა... – გაიბადრა დევიდი, – ხომ კარგად ხარ? კარგი ქენი, რომ ირლანდიაში ჩამოხვედი? ხომ არ იყო ცუდი რჩევა?

– არა, ნამდვილად კარგი რჩევა იყო და მადლობელი ვარ შენი, სწორედ ლინასთან რომ გამომიშვი. ისეთი მძიმე პერიოდი მქონდა, რომ ჩემთვის სადმე წასვლა, უბრალოდ, სასიცოცხლოდ იყო აუცილებელი. ლინასთან თავს კარგად ვგრძნობ.

– ეს დედაშენსაც უთხარი, გთხოვ. ძალიან ნერვიულობდა.

– მესმის. ისე ნერვიულობდა, რომ, როგორც კი გაიგო, აქ ჩამოვდიოდით, შანსი ხელიდან აღარ გაუშვა. არა უშავს, არ ვბრაზობ.

– რას ლაპარაკობთ ამდენს? გავიგე, რომ ერთმანეთი მოგენატრათ, მაგრამ, საუბარი სუფრასთანაც შეიძლება. გოგონებს მარიამ ყავა მოუმზადა. ჩაიც გვაქვს... ყველა ვერანდაზე! ჩქარა! – ვილიამმა თავისი ბოხი ხმით ააჩქარა სტუმრები...

ანამ თვალებში შეხედა შვილს... იმდენი რამ უნდოდა ეკითხა, მაგრამ, მარტონი არ იყვნენ. ქალიშვილმა სწორად ამოიცნო მისი ფიქრები.

– დედა, როგორ მიხარია, რომ აქ ხართ. ძალიან მენატრებოდით.

ქალმა უნდობლად გაიღიმა.

– ვიცი, რასაც ფიქრობ და მინდა, დაგამშვიდო – თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ... მართლა... ბედნიერი ვარ, რომ დევიდის რჩევა მივიღე და აქეთ წამოვედი. ეს მოგზაურობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.

– მე კი ისე ვნერვიულობდი, – წამოსცდა ქალს.

– სულ ტყუილად. შენ და დევიდი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ. ყოველთვის გახსოვდეს – ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს სულ ასე იქნება...

***

ტომასმა თვალებანთებულ სანდროს კითხვით სავსე მზერა მიაპყრო:

– ჰა, არ იტყვი, რა მოხდა?

– დედაჩემი მირეკავდა... – ამოიოხრა სანდრომ, – მოკლედ, არ ვიცი, რა... მამაჩემს უჩხუბია... გაგიჟებულია ლენუკა: დათვრა და სკანდალი მოაწყო, შენ ხომ არ დაურეკე და ნერვები ხომ არ მოუშალეო... მაგათი ჩხუბი და ისტერიკებიღა მაკლდა...

– ფული რომ დაგჭირდება ლონდონში გადასასვლელად, ეტყობა, ეგ არ მოეწონა... – ჩაეცინა ტომასს.

– შეიძლება. თუმცა, არც ეგეთი ძუნწია. ფულიც საკმარისზე მეტი აქვს. ეტყობა, რაიმე დიდი გარიგება ჩაუვარდა და ამაზეა გაცოფებული. თუმცა, მაინც მიკვირს... ისეთი ტიპია, გაბრაზებულიც, მეტ-ნაკლებად, ახერხებს საკუთარი თავის მართვას. ყოველ შემთხვევაში, მე არც გამომთვრალი მამაჩემი მინახავს და არც დიდ სკანდალს შევსწრებივარ  ჩემს ოჯახში. დედაჩემი და ეგ სულ კინკლაობენ, მაგრამ აქამდე ყოველთვის კოტე თმობდა დედაჩემის სასარგებლოდ... უჰ, თუ მართლა ისე მოიქცა, როგორც ლენუკამ მითხრა, მაშინ ამჯერად მაგრად იჩხუბებენ და, შეიძლება, ჩემი ლონდონის ოცნებაც ოცნებად დარჩეს. რასაც  ვერაფრით ვერ გადავიტან. დიანას გარეშე ვეღარ გავძლებ – აი, წავიდა და სული მეხუთება, მისი ნახვის საშუალება რომ არ მაქვს. ლინას არ უთქვამს, როდის ჩამოვლენ?

– ორ-სამ დღეშიო... მეც მომწონს ლინა, მაგრამ, ეგრე არ ვგიჟდები... შენც გეყოფა თვითგვემა. ლამაზი გოგოების მეტი რა არის? თავიდანვე ასეთი სერიოზულობით არ უნდა მისდგომოდი ამ ამბავს. აქამდე გოგოები გიჟდებოდნენ შენზე და ახლა ერთი დიანას გამო ასე ცხვირპირჩამომტირალმა ხომ არ უნდა იარო? საღამოს კლუბში წავიდეთ და კარგად გავერთოთ, ეგრევე აზრზე მოხვალ, – ჭკუა დაარიგა ტომასმა. 

სანდრომ ორივე ხელი აიქნია უარის ნიშნად:

– ვერაფერი გაიგე... დიანა უბრალოდ ლამაზი გოგო კი არ არის ჩემთვის, რაღაც გაცილებით მეტია და ამას უკვე ვეღარ შევცვლი. ერთხელ მაინც უნდა ჩახედო თვალებში და მიხვდები მის განსაკუთრებულ მაგიურ ხიბლს... ერთხელ მაინც...

– ღმერთმა დამიფაროს! შენ რომ გაგაგიჟა, ეგეც საკმარისია. განსაკუთრებულ გოგოებს განსაკუთრებული პრობლემებიც მოაქვთ ხოლმე ჩემნაირი ჩვეულებრივი ბიჭებისთვის, – დაასკვნა ტომასმა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3