კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ბიზნესიდან რჩებოდა თვეში ოცდაათი ათასი დოლარი ვახტანგ რჩეულიშვილს და თავისი ცხოვრების რა ეტაპი „ჩახურა” მან 24 წლის ასაკში

ვინც ვახტანგ რჩეულიშვილს იცნობს, იცის, რომ თბილისში ერთ დროს „პოპულარულ და ეგრეთ წოდებულ „კაი ბიჭების” რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომელიც სულ რაღაც ხიფათებში ეხვეოდა, ამ სიტუაციებიდან გამოძრომის კარგი საშუალება კი ისევ ოჯახი იყო. ბატონი შალვა რჩეულიშვილი, ბუნებრივია, შვილის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებდა, რადგან, ერთი დიდი უპერატესობა ჰქონდა – ის თბილისში ძალიან ცნობილი და გავლენიანი ადვოკატი იყო. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ჩვენი ახალი რუბრიკის სტუმარია ვახტანგ რჩეულიშვილი თავის სიანტერესო ამბებით. 

 

– ბატონო ვახტანგ, თბილისში საკმაოდ პოპულარული ბიჭი იყავით, ცნობილი ოჯახიდან და, გარკვეულწილად, ახლაც იმ დროის შთაბეჭდილებებით ახსოვხართ საზოგადოებას; მერე გამოჩნდა მაია და თქვენი ერთობლივი ბიზნესი; სულ ბოლოს, პროექტ „ორ ვარსკვლავშიც” აღმოჩნდით... მოკლედ, თქვენი წარსულიც და  აწმყოც ყველას აინტერესებს, განსაკუთრებით ყველა ის განსაცდელი, რომელიც გამოიარეთ. დაიწყეთ, გისმენთ.    

– განსაცდელი აბსოლუტურად ნორმალური პროცესია და, საერთოდ,  სიცოცხლის განვითარების მთავარი მექანიზმი. ამის ნათელი მაგალითია ყველა ერი, განსაკუთრებით – ებრაელები, ისინი სწორედ განსაცდელმა აქცია უნიკალურ ხალხად და განსაცდელმა გადაარჩინა ქართველებიც. დღესაც მახსოვს, ბავშვობაში სათამაშო რომ წამართვა მეზობლის ბიჭმა, როგორ განვიცადე. ესეც თავისებურად აყალიბებს ხასიათს, თუმცა, პირველი სერიოზული განსაცდელი იყო ქუჩის ჩხუბი, რომლის დროსაც ტყვია მომხვდა თავში, მაგრამ, გადავრჩი და ციხესაც გადავურჩი. 

– თავში ტყვიის მოხვედრის ამბავი ნამდვილად არ ვიცოდი, მაგრამ, ვიცი, რომ იყო პერიოდი, როცა თქვენ ნარკოტიკზე იყავით დამოკიდებული და ამას არც მალავთ; ასეთი პერიოდი თქვენი შვილის, გუკას ცხოვრებაშიც იყო. როგორ დააღწიეთ თავი ამ პრობლემას?     

–  კი ბატონო, იყო; „ქუჩის რომანტიკას” მოჰყვა ნარკოტიკებით გატაცება, მაგრამ, ჩემი ცხოვრების ეს ეტაპი 24 წლისამ ჩავხურე, როგორც კი მაიაზე დაქორწინება გადავწყვიტე. 

– მოიცათ ბატონო ვახტანგ, მაიამდე რომ ცოლი გყავდათ, ამაზეც გვიამბეთ.

– დაახლოებით სამი წელი მყავდა მეგობარი ქალი, მაგრამ ამაზე საუბარი საჭირო არ არის; მეორე ხანმოკლე ეტაპი იყო მეცნიერება, რომელიც სულ რამდენიმე წელი გაგრძელდა, როდესაც ქართველმა ხელოვნებათმცოდნეებმა (პაპაჩემის, ლეო რჩეულიშვილის ინიციატივით) დახურეს რუსეთის სარესტავრაციო ლაბორატორიასთან ყველა საერთო თემა, მათ შორის ჩემიც – „ათენის სიონის კედლის მხატვრობის კვლევის ფიზიკური მეთოდები”,  გული ვეღარ დავუდე და შევეშვი. მერე პოლიტიკურ კარიერას მივყევი. ვინაიდან საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ვიყავი, დამნიშნეს კომკავშირის „ცეკას“ ლექტორთა ჯგუფის თავმჯდომარედ. მალე დავინიშნე პარტიის „ცეკას“ უცხოეთის განყოფილების ინსტრუქტორად, რაც კომუნისტურ იერარქიაში ახალგაზრდა კაცისთვის საკმაოდ მაღალი თანამდებობა იყო (მინისტრის მოადგილის დონის). ეს პერიოდიც სულ სამი წელი გაგრძელდა, ახალ განსაცდელამდე.

– ახალ განსაცდელამდე? 

– 1985 წელს დააპატიმრეს ცნობილი ადვოკატი შალვა რჩეულიშვილი. მაშინ ახალი დაწყებული მქონდა პოლიტიკური კარიერა. პროკურორმა, რომელიც კლიენტის ინტერესების დაცვისას შალვამ სიყალბეში ამხილა, პროვოკაცია მოუწყო და დაიჭირა შეთითხნილი ბრალდებით. არავის სჯეროდა შალვასი, ჩემი და მაიას გარდა,  რომ სრულ გამართლებას მიაღწევდა. მე დავტოვე „ცეკაში“ სამსახური და გადავედი პოლიტოლოგიის ინტიტუტში, პროფესორ ნოდარ კიკვაძესთან. წელიწად-ნახევარი ვიბრძოლეთ, შალვამ შიგნიდან, ჩვენ – გარედან. 1987 წელს ის გაათავისუფლეს ციხიდან და სრულ რეაბილიტაციას მიაღწია. მე გავაგრძელე მუშაობა ეგრეთ წოდებულ მშვიდობის  დაცვის კომიტეტში და ერთ-ერთი ყველაზე კარგი, ორწლიანი პერიოდი დაიწყო ჩვენს ცხოვრებაში: პრაქტიკულად, კომპარტია დაიშალა; სიტყვის თავისუფლება შეუზღუდავი იყო,  ხელფასები და სოციალური გარანტიებიც ხალხს დარჩა. მაშინ მოვიარე მთელი მსოფლიო: დაახლოებით ათჯერ ვიყავი ამერიკაში, სადაც 32 შტატი შემოვიარე და ვცხოვრობდი ამერიკელების ოჯახებში. საქართველოს ტელევიზიაში მიმყავდა საერთაშორისო გადაცემა. 

– ამბობენ, სწორედ მაიას დამსახურებაა, რომ თქვენ, თითქოსდა, გამოსწორების გზას დაადექით. 

– ჩემი ცხოვრების ყველაზე ერთგული მეგობარი მაიაა. საერთოდ, რომ არ ყოფილიყვნენ ის და მამაჩემი, შეიძლება, ცხოვრება მართლა ძალიან ცუდადაც დამემთავრებინა. 

– რას ნიშნავს – „ცუდად დაგემთავრებინათ”?  

– იმას, რომ, როგორც უკვე ვთქვი, მე და ჩემი მეგობრები ერთმანეთის გამო  ბევრ გაუგებარ და რთულ სიტუაციაში ვეხვეოდით და ყოველთვის მამაჩემი გვეხმარებოდა. პირადად მე ბევრჯერ გადავურჩი ციხეს, მაგრამ, ჩემს ერთ მეგობარს, გიგა ხუთიძეს კი, რომელიც მამაჩემთან ძმაკაცობდა, ხშირად იჭერდნენ და სულ შალვა ეხმარებოდა. ერთ დღესაც, გიგას საკანში გვერდით შალვა რომ მიუსვეს, გადაირია, თვალებს არ უჯერებდა თურმე. ვისაც ძველბიჭობა კარგი ჰგონია, ძალიან მაგრად ცდება. თუ რამეს დავაშავებდი, ვიცოდი, რომ მამაჩემი და დედაჩემი ციხეში არ გამიშვებდნენ. თუ პატრონი არ გყავს, არც უნდა იბლატავო; ტვინი უნდა გაანძრიო, რომ მთელი ცხოვრება თავზე არ დაგემხოს. 

– თქვენ და მამა მეგობრობდით, ხომ? მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ანერვიულებდით... 

– ჰო, აუცილებლად მინდა აღვნიშნო ისიც, რომ მამაჩემმა თავისი წელიწადნახევრიანი უკანონო პატიმრობის დროს, არა მხოლოდ თავი იმართლა, არამედ, 26 სხვა პატიმარი გაათავისუფლა ციხიდან – იქიდან ადვოკატობდა. მე და მამა ვმეგობრობდით, ისევე, როგორც  დღეს  მე და გუკა. ეს ერთადერთი გზაა ნდობის ჩამოსაყალიბებლად თაობებს შორის. თან, სულ ვიცოდი, რომ სალი კლდესავით გვედგა არა მარტო მე და მაიას, მთელს ჩვენს ოჯახს და მეგობრებსაც. მისთვის ადამიანის დახმარება ისეთივე მოთხოვნილება იყო, როგორც ექიმისთვის. თუ მისი დაცვის ქვეშ მყოფ ადამიანს სჭირდებდა, დღისა და ღამის ნებისმიერ დროს შეეძლო, მიემართა დახმარებისთვის. დღეს უნივერსიტეტში მისი სახელობის ბიბლიოთეკაა გახსნილი იურიდიულ ფაკულტეტზე. იმდენად ჰგავს თავის დიდ პაპას, ივანე ჯავახიშვილს, რომ, სტუდენტებს, ვინც წარწერას არ კითხულობს, ჰგონიათ, რომ ივანე ჯავახიშვილის სურათია.

– მაინც უნდა გკითხოთ იმ ჩხუბის შესახებ, თავში ტყვია რომ მოგხვდათ, ისე ვერ მოვისვენებ. შეგიძლიათ, ის დღე გაიხსენოთ, რა და როგორ მოხდა? 

– განზრახ მკვლელობა იშვიათი იყო, დაჭრა – საკმოდ ხშირი, მათ შორის, იარაღითაც. სხვადასხვა „საძმაკაცოების” დაპირისპირება ზოგჯერ წლობით გრძელდებოდა. ერთ-ერთი ასეთი ჩხუბის დროს, აღმოჩნდა, რომ ყველას იარაღი ედო ჯიბეში და ერთ გასროლას ნამდვილი  ომი მოჰყვა – სამი თუ ოთხი ბიჭი დაიჭრა, მათ შორის მეც. სასწაულად გადავრჩი – ტყვიამ ნახევარი წარბი წამათალა, კანქვეშ გაიარა და ყურში გამოვიდა, ისევ კანქვეშ; ვიღაც სამუდამოდ დაკოჭლდა, მაგრამ, არავინ მომკვდარა. ამის შემდეგ შევრიგდით, ვინაიდან, დაპირისპირების შემდგომი გაგრძელება აუცილებლად მსხვერპლით დამთავრდებოდა, თან, საქმე გახმაურებული იყო და აუცილებლად დაგვიჭერდნენ. ჩვენ დროს ასეთ შემთხვევაზე მთელი თბილისი წლობით ლაპარაკობდა, იმდენად იშვიათად ხდებოდა. მაგრამ, იმას, რაც უკვე „მხედრიონის” დროს წამოვიდა – „დატრუპვა”, „კონტროლკა” და ასე შემდეგ. მაშინ კინოში თუ ნახავდი. ვისთანაც ეს შეჯახება მოგვივიდა, მათთან ჩვენი გზები მალე საერთოდ გაიყარა – ზოგი „კანონიერი ქურდი” გახდა, ზოგი „ძველი ბიჭი” დარჩა და დღესაც ავტორიტეტით სარგებლობს ქუჩაში; ზოგმა ბიზნესს მიაშურა, ჩემი ამბავი ხომ, მოგეხსენებათ... რამდენიმე მათგანი ცოცხალი აღარ არის. ცხადია, გასვენებაში ვიყავი და, უკვირდათ, პარლამენტის ვიცე-სპიკერი „კანონიერი ქურდის” გასვენებაში რომ მნახეს. მაგრამ, არც ქურდად იბადება არავინ და არც პოლიტიკოსად. ერთი თბილისური უბნის – პლეხანოვის შვილები ვიყავით ყველა. აი, ეს იყო ჩემი ქუჩის ეტაპი, რომელიც მაიაზე დაქორწინების შემდეგ ისტორიას ჩაბარდა, თუმცა, ცხადია, რომ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო და, რაც ასაკში შევდივარ, ნოსტალგია მიპყრობს, მაგრამ, არა ჩხუბებისა და ნარკოტიკის, არამედ, ჩემი ახალგაზრდობის. ბედნიერი ვარ, რომ იმ მრავალრიცხოვან ადამიანებს მივეკუთვნები, ვინც ერთხელ და სამუდამოდ გადააგდო ნარკოტიკი ახალგაზრდობაშივე. 

– როგორ დაიწყეთ ბიზნესი? როგორც ვიცი, მამათქვენის წყალობით. რომ არა მისი დანატოვარი უძრავი ქონება და  გავლენა, ალბათ, გაგიჭირდებოდათ იდეის განხორციელება, თუმცა, სწორედ ამ რთულ და საჭირო დროს აღმოჩნდა თქვენ გვერდით ისევ მაია, რომელმაც, როგორც აღვნიშნე, რადიკალურად შეცვალა თქვენი ცხოვრება. 

– 1989 წლის 9 აპრილი. ზვიად გამსახურდიას მოსვლა ხელისუფლებაში  ბევრი ოჯახისთვის განსაცდელად იქცა, მათ შორის – ჩვენი ოჯახისთვისაც. სამსახურიდან გაათავისუფლეს მაიას დის, რუსუდან კერვალიშვილის მეუღლე ზაზა დარასელი, „მეორე არხის” დამფუძნებელი. ამ განსაცდელზე პასუხი გამოვნახე ბიზნესში წასვლით და ამისთვის მთელი ჩემი საგარეო კავშირები გამოვიყენე. მალე ჩემმა შემოსავალმა თვეში 30 000$ დოლარს გადააჭარბა. საქართველოდნ გამქონდა საქონლის ტყავი და თურქეთიდან შემომქონდა პროდუქტები. ცეზარ შევარდნძეთან ერთად დავიწყე თბილისში „მარიოტის” ქსელის შემოყვანა და „რამდა ინტერნეიშნალთან” ერთად დავგეგმეთ სასტუმროს მშენებლობის პროექტი იმ ადგილას, სადაც დღეს ბიძინა ივანიშვილის სახლია. ცხადია, სამოქალქო ომმა ყველა ინვესტიცია შეაჩერა. ჩემი შემდეგი რთული პერიოდები დაკავშირებულია უკვე ედუარდ შევარდნაძესთან და ჩემს პოლიტიკურ საქმიანობასთან, რის შესახებაც საზოგადოება კარგადაა ინფორმირებული  – ტერაქტი, ვარდების რევოლუცია და ასე შემდეგ. საბოლოოდ, ყველაზე დიდი განსაცდელი აღმოჩნდა „ცენტრ პოინტის” ქონების მითვისების მცდელობა „ნაციონალების” ხელისუფლების ერთი ჯგუფის მიერ, რაც „დექსუსის” მეშვეობით თითქმის გააკეთეს კიდეც, მაგრამ, სულზე მოგვისწო ხელისუფლების შეცვლამ – ამან გაგვაძლიერა, თუმცა, ამავდროულად, დიდი ტრავმაც მოგვაყენა. 

– ალბათ, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ იმ დაჭერებს გულისხმობთ, რომელთა ტალღაში თქვენც მოჰყევით, იმ სასამართლო პროცესებს, რომლის მერეც მაია და რუსუდანი 300 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.   

–  მაგრამ, ფაქტია, რომ, სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, მაიას სწორი სტრატეგიული ხედვების წყალობით გადავრჩით. თქვენ, ალბათ, არ იცით, „ნაციონალების” პერიოდში  რვა მსხვილი სამშენებლო კომპანიის დამფუძნებელმა  მოიკლა თავი იმის გამო, რომ მთელი ქონება წაართვეს და ვალებში ჩააგდეს ისე, რომ უამრავი ადამიანი დარჩა ბინით დასაკმაყოფილებელი. 100 მილიონი დოლარის ზარალს საქართველოში, ბუნებრივია, ვერავინ გადაიტანდა „ცენტრ პოინტის“ გარდა. კარგი იქნება თუ ამას დღევანდელი ხელისუფლება შეაფასებს და ის მაინც დაგვიჯერებს მშენებლობის დარგის აღორძინების საკითხებში. ერთი სიტყვით, განსაცდელის გარეშე ცხოვრება არ არსებობს! 

– ცეზარ შევარდნაძე... უთხარით საზოგადოებას, ვინც არ იცის, ვინ არის იგი? 

– ცეზარ შევარდნაძე ედუარდის ძმისშვილია. იმ პერიოდში მშვიდობის დაცვის კომიტეტის საგარეო ეკონომიკურ ასოციაციაში მუშაობდა. ზვიადის პერიოდში მას საქართველოში ხელისუფლება არ სწყალობდა, მაგრამ, საერთაშორისო პარტნიორობისთვის, საბჭოთა კავშირის იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის ძმიშვილის სახელი კონტაქების დამყარებაში გვეხმარებოდა. „ფიატის” კონცერნის სამშენებლო კომპანიის მოწვევით (ჩვენს პარტნიორობაზე დათანხმდნენ საქართველოში სასტუმროების ქსელის მშენებლობაში) იტალიაში რომ ჩავედით, გაზეთებში პირდაპირ ასე იხსენიებდნენ: Shevardnadze’s nephews. თითქმის ორი წელი ვმუშაობდით ერთად.

 

скачать dle 11.3