კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის „დაუტოვა“ ნორა კვიციანმა ციხეში მისთვის დამატებული რკინის კარი და სად დაჰყავდათ ის „კანონიერ ქურდებთან“ ერთად

15 აგვისტოს,  ზუგდიდში, კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებულის,  ემზარ კვიციანის სასამართლო პროცესი დაიწყო. მას შემდეგ, რაც გამოძიებამ  ვერ მოიპოვა მტკიცებულებები იმ რეკორდული მაჩვენებლების ბრალდებებზე,  რაც კოდორის ყველაზე ცნობილ დამცველს ჰქონდა წაყენებული, მას თერთმეტი ბრალდებიდან ცხრა ბრალდება მოეხსნა. ამის მიუხედავად, ემზარ კვიციანი პატიმრობაში რჩება, რაზეც მისი და, ნორა კვიციანი სინანულით საუბრობს.    

 

ნორა კვიციანი: ემზარის სასამართლო  ძალიან უცნაურად, შემიძლია ვთქვა, უსამართლოდაც   მიმდინარეობს.  იმის მიუხედავად, რომ მისი პიროვნების და ამ პროცესის მიმართ საზოგადოების ინტერესი საკმაოდ დიდია, ის, რაც  პროცესებზე ხდება, მასმედიასა და ტელევიზიაში  არ შუქდება. ემზარის მეგობრები, ძველი მებრძოლები, ვინც ამ ქვეყანას იცავდნენ,  ხშირად ჩამოდიან ზუგდიდში პროცესებზე.  მასმედიაში რომ არ შუქდება,  ეს, შესაძლოა, იმის ბრალიცაა, რომ  პროცესი  ზუგდიდში მიმდინარეობს, რაც ბევრ ტექნიკურ პრობლემასთან არის დაკავშირებული.   გამოძიება მიმდინარეობდა  მთავარ პროკურატურაში – არ მესმის, რატომ უნდა გამართულიყო  სასამართლო პროცესები ასე შორს; ფაქტია, რომ ეს ვიღაც-ვიღაცეების ინტერესში შედის.  

– ემზარ კვიციანს თერთმეტი ბრალდებიდან ცხრა მოუხსნეს, დარჩენილ ორ ბრალდებაზე რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას და როგორ მიდის სასამართლო პროცესი?

– ემზარს თერთმეტი ბრალდება ჰქონდა, ცხრა მოუხსნა პროკურატურამ.  არც გამიგია, რომ ამდენი ბრალდება ვინმესთვის  წაეყენებინოთ.  ყველაზე მეტად თაღლითობის მუხლი ამწარებდა და აგიჟებდა – ემზარი და თაღლითი?! ვაჟკაცისთვის ეს ყველაზე მძიმე რამაა.  თანხების  მითვისებასაც რომ აბრალებდნენ,  ამაზეც გიჟდებოდა. რას გვაძლევდნენ, რის მითვისებაზე  ლაპარაკობდნენ? ემზარს ორი ბრალდება აქვს დარჩენილი – ამბოხი და შეიარაღებული ფორმირების შექმნა. ორივე მძიმე მუხლია, დიდ სასჯელებთან დაკავშირებული.  ჩემი ძმა ყველა პროცესზე ამბობს, რომ მან გამოაცხადა დაუმორჩილებლობა იმიტომ, რომ ხეობის დამთმობი არ იყო; იმიტომ, რომ ფიცი ჰქონდა დადებული,  და იცოდა, რომ ხეობის ჩაბარება იყო გადაწყვეტილი.  იმ წინააღმდეგობით  ამ გადაწყვეტილების შეჩერება უნდოდა. დაუმორჩილებლობა სულ სხვაა, ამბოხი კი – სულ სხვა.  შეიარაღებულ ფორმირებაზე რომ ლაპარაკობენ, ვინ იყო  ფორმირება – მისი და და დისშვილი?! მე ვიყავი ეს ფორმირება? ეს მუხლი მე ცალკე მქონდა წაყენებული. გამოძიებამაც აჩვენა, რომ ფორმირებაში არავინ არ ყოფილა, „მონადირე” იურიდიულად გაფორმებული ბატალიონი იყო; როცა ბატალიონი გააუქმეს, ემზარი უკვე აღარ იყო რწმუნებული.  ჩემი შვილი, ბაჩო არღვლიანია ფორმირების წევრი?! ბაჩო  რომ არ ყოფილიყო, კოდორში კიდევ უფრო მეტი სისხლი დაიღვრებოდა.  სასამართლო პროცესზე  დაიკითხნენ მოწმეები, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი  ადამიანები,  რომლებიც კოდორში დაიჭრნენ  იმ ცნობილი ამბების დროს და ისინი პროკურატურამ დაზარალებულებად ცნო. სასამართლო პროცესზე  მათ მისცეს ჩვენებები ადვოკატებისა და პროკურატურის მხრიდან მიერ დასმულ შეკითხვებზე – აქვთ თუ არა მათ პრეტენზიები ემზარ კვიციანთან; ისინი პასუხობდნენ, რომ ჩემს ძმასთან პრეტენზიები არ აქვთ. ექვსივემ განაცხადა, რომ ისინი ემზარისგან არ არიან დაზარალებულები – ამისი არანაირი მტკიცებულება არ აქვს გამოძიებას.  ემზარის საქმეში პროკურორი არ შეცვლილა, თენგიზ ხარებავა  წინა ხელისუფლებიდან მოჰყვება ამ საქმეს.  დაიშოკა, დაზარალებულებმა ასე რომ ილაპარაკეს; ბრალდებას ვერ უმტკიცებენ და, ამბობს, ემზარს სასჯელს მაინც მიუსჯიანო. იმედი მაქვს, რომ მოსამართლე სამართლიანად წარმართავს ამ საქმეს და სამართლიანობა გაიმარჯვებს – ეყოფა ემზარს, რაც იწვალა და იტანჯა. სამართალი გვიან, მაგრამ, აუცილებლად აღსრულდება.  

– თავად ბრალდებული  რას აცხადებს  სასამართლო პროცესებზე? 

–  ძალიან იმედიანადაა. ამდენი ხალხია დაკითხული, ერთს არ მიუცია მისი საწინააღმდეგო ჩვენება და სწორედ ამ ჩვენებებიდან გამომდინარე მოეხსნა ეს მუხლები. თვითონ რა უნდა თქვას? ყველამ კარგად იცის, 14 წელი რის ფასად იცავდა  კოდორს – არც გზა იყო, არც არაფერი და, ასეთ მძიმე პირობებშიც კი დაცული იყო ხეობა. კბილებით იცავდა ემზარი თითოეულ გოჯ მიწას. მოსამართლესაც უთხრა და დაზარალებულებსაც – მე რომ სროლა მდომოდა, ისე ვისროდი, დღეს არც ერთი აღარ იქნებოდით ცოცხალი, არც ერთ კოდორელს არ უსვრია თქვენთვისო. ემზარს დაფიცებული ჰქონდა, რომ ხეობას არ დათმობდა. მტერი – მტერია, რა მნიშვნელობა ჰქონდა, საიდან მოადგებოდა ის კოდორს?! ემზარმაც ის წინააღმდეგობა გაუწია, რაც შეეძლო, თუმცა, მიხვდა, რომ  ხეობა ჩაბარებული იყო.  

– როცა ემზარ კვიციანი ჩამოვიდა საქართველოში  და ჩაბარდა სამართალდამცველებს, ბევრს საუბრობდნენ  გარიგებაზე  ახალ ხელისუფლებასთან. რა მოლოდინი გქონდათ თქვენ? 

– ემზარი  28 თებერვალს ჩამოვიდა და იმ დღიდან ამბობდნენ, რომ ახალ ხელისუფლებასთან გარიგება მოხდა.  გარიგება რომ ყოფილიყო, ახლა ციხეში იქნებოდა?! დეპუტატები, გენერლები დაუდგნენ თავდებში და ესეც არ გაითვალისწინეს.  ყველაზე დიდი „გარიგება” და გარანტია არის სიმართლე, რაც ჩემი ძმის მხარეზე იყო.  თუ იმ ადამიანებისთვის შეიძლება თავისუფლებაზე ყოფნა, რომლებმაც ამდენი უბედურება ჩაიდინეს ხალხის წინაშე, ემზარი რისთვის ისჯება? მისი გარეთ ყოფნა არის  საფრთხე? თავისი ფეხით ჩამოვიდა, ჩაბარდა, ვითანამშრომლებ გამოძიებასთანო – განაცხადა და, ესაა მისი სასჯელი?! იცოდა, რომ დააკავებდნენ, მაგრამ, ახალი ხელისუფლების იმედი ჰქონდა, რომელიც ბევრს საუბრობდა სამართლიანობის აღდგენაზე. ემზარი გარედანაც შეძლებდა თავისი სიმართლის დადგენას; თავისი ფეხით ჩამოსული კაცი სადმე  გაიქცეოდა?! ეს არის პოლიტიკური დაკავება – ამაზე ხომ ორი აზრი არ არსებობს. თუკი ოქრუაშვილს შეუძლია, იყოს თავისუფალი და დღემდე არ არის დასმული შეკითხვები მისი მისამართით, რატომ არ შეიძლება, თავისუფალი იყოს ემზარი და ისე წარიმართოს გამოძიება? აგერ, ბატონო, დაიკითხნენ ის მფრინავები,  მათ მისცეს ისეთი ჩვენებები, რომლის მიხედვითაც ოქრუაშვილის მისამართით შეკითხვები უნდა იყოს დასმული, ასეთი ბრძანებებია გაცემული, – ასე შეიძლება ამ ჩვენებების დატოვება?! თუ ემზარის საქმე ასე გაგრძელდა, მერე  ის უკვე ამ ხელისუფლების პატიმარიც  გამოვა და ეს ძალიან ცუდი იქნება. 

– კოდორში ცხოვრობენ თქვენი შვილი და თქვენი ბევრი ახლობელი. რა ინფორმაცია გაქვთ მათგან, რა ხდება კოდორში  აფხაზეთში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ? 

–  ჯერჯერობით კოდორში არაფერი შეცვლილა, მშვიდობაა; ვნახოთ, რა იქნება მომავალში. პოლიტიკა ისეთი უბედური რამეა, წინასწარ რას გაიგებ.  ჩემი რძალი და ბავშვი ახლა კოდორში არიან – ბაჩოსთან წავიდნენ.   ერთი თვით,  სტუმრად, ყველას ოჯახის წევრს შეუძლია ჩასვლა სპეციალური საშვით. შარშან მეც ვიყავი ჩასული, მაგრამ, მე უფრო დიდხანს დავრჩი – ისე მენატრებოდა იქაურობა, კანონი „შემომერღვა” (იცინის). ახლა  ემზარის სასამართლოს გამო ვერ წავედი. ასე ვერ დავტოვებ ჩემს ძმას, ასეთ დროს ვერ მივატოვებ. 

– გაქვთ პატიმარ ძმასთან საუბრის საშუალება?

– არა, აბა, საიდან. სასამართლო სხდომებზე რომ ვხედავ, სულ ეგაა. პატარა გოგოს ნახვა უნდოდა, მაგრამ, არ გამოვიდა. გაბრიელა ყველაზე მეტად ენატრება, ერთხელ ნახა პროცესზე, იცი, როგორ უჭირს პატიმარს, პროცესზე ოჯახის წევრებს რომ ხედავს და მერე საკანში უნდა დაბრუნდეს? მაგრამ, იმდენ უბედურებას გადავურჩით, ამასაც გავუძლებთ.  თვითონ ემზარი მხნედ არის როგორც ფიზიკურად, ისე სულიერადაც. სულ ვარჯიშობს. მე კარგად ვიცი, რას ნიშნავს კაცი საპატიმროში – ეს ჩემს თავზე მაქვს გავლილი. ახლა ისე გამოიყურება, ყმაწვილ ბიჭს ჰგავს – წლებსა  და კილოგრამებს ტოვებს საკანში. ვეხუმრები, ასაკოვანი შეხვედი ციხეში და მაქედან 25 წლის ბიჭივით გამოხვალ-მეთქი. აღარც წვერი აქვს, გამხდარია, ბევრს ვარჯიშობს.  ეტყობა, რომ სულიერად კარგადაა. მე, ქალმა არ შევიმჩნიე ციხის სირთულე და, ემზარი შეიმჩნევს?! მაგაში გამოტყდება?! ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ჩემები არ მიხვედრილიყვნენ, რა დღეებს გავდიოდი. მეუფე ნახულობს ხოლმე ხშირად. ამას წინათაც მითხრა, რაც ციხეში მოხვდა, უფრო მიხვდა, შენ რა გზა გაიარეო; ადვოკატიც იმას მეუბნება,  შენზე ბევრს  დარდობს, შენ ეცოდებიო. მის მიმართ მეც განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. რვა დედმამიშვილში ემზარი ნაბოლარა იყო და ძალიან ლაღად გავზარდეთ. მამაჩემმა სიკვდილის წინ ანდერძად დაგვიბარა –  ემზარს მოუარეთო. ისეთი ცოცხალი და აქტიური იყო, ხიფათიანი; იმდენი რამ აიღო თავის თავზე; დენთის კასრზე გაგვატარებინა ცხოვრება, მაგრამ, არაფერს ვნანობ. მე  ყველაზე მეტად შეკლული ვყავდი ხელში,  მისმა დევნილობამ ხომ ცხოვრება ჯოჯოხეთად გვიქცია.  პატიმარი რომ ვიყავი, სულ მეშინოდა, არ ჩამოსულიყო,  არ ჩაბარებოდა  ჩემ გამო – მე რომ იქ არ ვყოფილიყავი.   შემოვუთვალე: კაცო, რას მერჩის ეს ჩემი ძმა, რამდენი განცხადებას გააკეთებს, აქ რკინის კარს ამატებენ და დაცვას აძლიერებენ-მეთქი. „კანონიერ ქურდებთან” ერთად  დავყავდი სასამართლოზე (იცინის). ის ჩემთვის  დამატებული კარები ჩემ შემდეგ ვანო მერაბიშვილს გამოადგა – ასეა ეს ცხოვრება.     

 

скачать dle 11.3